ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა, სწორედ იმ დროს, როდესაც „დიდოსტატის მარჯვენა“ იწერებოდა. თავისი ვიზუალით, ქარიზმით, სოციალური სტატუსითა და წარმომავლობით ყოველთვის იქცევდა ქალების ყურადღებას. თუმცა მამის, კონსტანტინე გამსახურდიასგან განსხვავებით, მისი პირადი ცხოვრება სკანდალებით არ გამოირჩეოდა.
ზვიად გამსახურდია პირველად 1960 წელს დაქორწინდა - მისი მეუღლე დალი ლოლუა იყო. წყვილმა ერთად 13 წელი იცხოვრა.
"მე და ზვიადმა ერთმანეთი გავიცანით სამუსიკო სკოლაში, ნიჭიერთა ათწლედში. იმ პერიოდში ჩემი უახლოესი სულიერი მეგობარი გახლდათ მერაბ კოსტავა. სწორედ მან ბედისმიერად დაგვაკავშირა ჩვენ. გაცნობიდან ორი წლის შემდეგ მე და ზვიადი შევუღლდით.
ამბობენ, ქორწინება ზეცაში აღესრულებაო და ჯვრისწერის რიტუალიც ზეციურების ანარეკლია. ქორწინების გვირგვინი, ისევე, როგორც სამეფო გვირგვინი, მძიმეც არის და საბედისწეროც. ჩვენს შემთხვევაში განგებამ განსაზღვრა ობიექტური გარდაუვალობა, ჩვენი ნება უძლური აღმოჩნდა და მე-13 წელს შეწყდა.
მკითხველს და პრესასაც, ხშირ შემთხვევაში, ცნობილი ოჯახების ადამიანური ისტორიები აინტერესებს მხოლოდ სენსაციური თვალსაზრისით. ვიტყოდი, რომ განსჯა და ავღიაობა ყველაზე ადვილი საქმეა. კარგის თქმას დიდი ძალისხმევა და ნიჭი სჭირდება. უნდა გვახსოვდეს, რომ სიტყვას უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ქმედებას" - წერდა დალი ლოლუა თავის მემუარებში.
ზვიად გამსახურდიას მეორე მეუღლე მანანა არჩვაძე იყო - წყვილმა ერთმანეთი სრულიად არარომანტიკულ გარემოში გაიცნო. ორივეს დედა მძიმე სენით იყო ავად. ზვიადის ოჯახს ის წამალი ჰქონდა, რაც ონკოლოგიურ პაციენტს მდგომარეობას უმსუბუქებდა, მაგრამ საქართველოში არ იშოვებოდა.
მანანა არჩვაძე გამსახურდიების ოჯახში სწორედ წამლის ანოტაციის გასაგებად მივიდა. ამ პერიოდში ზვიადი ჯერ კიდევ დალი ლოლუაზე იყო დაქორწინებული:
"კარი ზვიადმა გააღო. ლაბადა ჰქონდა მოსხმული და თავზე სვანური ქუდი ეხურა. თვალები ისე მომაჩეჩა, ვერ შევძელი, მზერა გამესწორებინა. ცოტა შიშმა ამიტანა, თვალები დავხარე. მე გაჭირვების გამო მივედი, ის კი არ მომესალმა, არც გამეცნო" - იხსენებდა მანანა არჩვაძე.
დაქორწინებას ოთხი წელი დასჭირდა. ზვიადისა და დალის გაშორება გარდაუვალი იყო. პირველ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ ზვიად გამსახურდიამ მანანა შეირთო ცოლად.
"საქართველოს პრეზიდენტების სიყვარულის ისტორიები, პირველი ქალბატონების ხვედრი, ისევე, როგორც ზოგიერთი გვირგვინოსნის თანამეცხედრის, შესაძლოა, უმძიმესი იყოს. ის ქალები, ისევე, როგორც სხვა, რიგითი მოკვდავები, არჩევანს აკეთებენ და ცოლად მიჰყვებიან მამაკაცებს, რომლებიც შემდგომ არა მხოლოდ ცოლებისა და ოჯახების, არამედ მთელი სახელმწიფოს ბედსაც განსაზღვრავენ. უბრალოდ, ამის შესახებ წინასწარ არცერთმა ქალმა არ იცის. საქართველოს პირველმა ქალბატონებმაც არ იცოდნენ, რას უმზადებდა ბედი. უბრალოდ, მათ არჩევანი იმ მამაკაცზე შეაჩერეს, რომელიც მოგვიანებით ერის რჩეული გახდა", - ამბობდა მანანა არჩვაძე.
1991 წელს საქართველოს პირველ პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია აირჩიეს. ქვეყნის პირველი ლედი მისი მეუღლე - მანანა არჩვაძე გახდა. ზვიადის პრეზიდენტობის პერიოდში აქტიურობით გამოირჩეოდა - ერეოდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და მეუღლეს მნიშვნელოვან შეხვედრებზე დაჰყვებოდა.
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს საქართველოში სიტუაცია აირია - პრეზიდენტს მოუწია თავი სამეგრელოსთვის შეეფარებინა - მანანა და ოჯახიც მას გაჰყვნენ, თუმცა მოგვიანებით ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ქართველები ქვეყანაში არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებას ზვიადზე მეტად მანანას აბრალებდნენ.
მანანა არჩვაძეს აქტიური ცხოვრება არც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მიუტოვებია - ჩამოაყალიბა ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა პარტია და სათავეში ჩაუდგა.