რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის შვილი, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე, მამის გახსენებისას „დღის პოსტში“ ატირდა:
„ჩემთვის დიდი ადამიანი იყო… ადამიანი, რომლისთვისაც რჩევა უნდა მეკითხა. ძალიან ვენდობოდი მის რჩევებს და ვითვალისწინებდი… თვითონაც მტირალა იყო. ძალიან კარგი მამა იყო. უცებ აფეთქდებოდა, იყვირებდა, მაგრამ ეს არ იყო გულიდან. საკმარისი იყო, მოვფერებოდით… როგორც კი გრძნობდა, რომ მისი აზრი მაინტერესებდა, იმ წუთას ლბებოდა… მისი ყოველი გაბრაზება ხუთწუთიანი იყო…“
ნანა ლორთქიფანიძე სამჯერ იყო დაოჯახებული - ორი ქმარი მსახიობი იყო. პირადი ცხოვრების შესახებ ნანა ლორთქიფანიძეს არაერთხელ უსაუბრია:
„ჩემი პირველი მეუღლე ილო წიქვაძე იყო. ჩემს გათხოვებასთან დაკავშირებით ოჯახიდან ცოტა წინააღმდეგობა წამოვიდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავპარულიყავით.
დედას და მამას ძალიან ეწყინათ. დედა ისე გაბრაზდა, რომ მთელი თვე არ შემრიგებია, მამას გულის მოლბობა უფრო ადვილი იყო. ერთად 5 წელი ვიყავით. დაშორება ჩემი ინიციატივით მოხდა.
ალბათ პატარა ვიყავი და პირველივე პრობლემებს და სირთულეებს ვერ გავუმკლავდი. 5-6 წლით დიდი რომ ვყოფილიყავი იმ ასაკთან შედარებით, იქნებ ბრძოლა გამეგრძელებინა. მთელი ცხოვრებაა დაშორებას ვნანობ. ილო გარდაიცვალა და მთელი ცხოვრებაა ეს მაწუხებს – იქნებ ერთად რომ ვყოფილიყავით, სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი.
რუსთაველის თეატრში ახალი მისული რომ ვიყავი, ძლივს ვესალმებოდით ერთმანეთს, ცოტა მეშინოდა კიდეც. ეს ურთიერთობა უცებ განვითარდა. 7 წელი ერთად ვიყავით, 1 წელი გავეყარეთ, შემდეგ ისევ შევრიგდით, მთლიანობაში 9 წელი ვიყავით ერთად. ოჯახის დანგრევის მიზეზი ღალატი იყო. თვითონ გაყიდა საკუთარი თავი. არ შეუძლია ტყუილები. ღამის 2 საათი იყო – აბაზანაში იყო, როცა დაურეკეს, მითხრა, ტელეფონს უპასუხეო. 2-ჯერ დარეკა და გათიშა. როცა ზაზა გამოვიდა, ვკითხე, ვისი ნომერია, მიკიდებს-მეთქი, თავში აზრად არ გამივლია, რომ ქალი იყო. უცებ სახე შეერყა და ფერი ეცვალა. ვახოს ნომერიაო (ჩვენი უახლოესი მეგობრის). ამას ახლა სიცილით ვიხსენებ. გავგიჟდი, გადავირიე, შემდეგ მე დავურეკე, გოგომ აიღო. ისეთი მოულოდნელი იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი, შეიძლება ძალიან გადამეტებული რეაქცია მივეცი ამ ყველაფერს" - ამბობდა ნანა ლორთქიფანიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
მესამე ქმარი მსახიობი მიშა გომიაშვილი იყო:
"ზაფხულში დედა აგარაკზე იყო წასული. მამა რექტორი იყო. მე და მიშა სამეფო თეატრში სპექტაკლს ვთამაშობდით, მთავარ როლებზე ვიყავით. ძალიან სპონტანურად მოხდა ეს ამბავი – ჩვენ წავედით და ხელი მოვაწერეთ. მმაჩის ბიუროდან გამოსვლისთანავე მიშას ვუთხარი, გიგასთან უნდა მივიდეთ, სხვისგან არ გაიგოს-მეთქი. მივედით უნივერსიტეტში, ცოტა მოშორებით დავჯექი – მე და მიშამ ხელი მოვაწერეთ-მეთქი, ვუთხარი. რასო? მკითხა. ფიქრობდა, რომ რაღაც კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი. გაგიჟდა, ანერვიულებულმა აიღო სიგარეტი: მკლავ, მკლავ და ვერ მომკალიო. ვუთხარი, რომ დედას მისგან უნდა გაეგო. გული აუჩუყდა, ცრემლი მოერია. მთელ დუშეთს ეგონა, რომ მოვკვდი. რადგან ისეთი კივილი ისმოდა ნაზი დედაჩემისგან, თან ჩემს სახელს იძახდა. მეზობლები მოცვივდნენ, ეგონათ, რომ გარდავიცვალე. მიშას აქვს ერთი არაჩვეულებრივი თვისება – არავის არასდროს ატყუებს. ერთად 2 წელზე ნაკლები ვიყავით."