ხალხური მედიცინა უამრავ მარტივ რეცეპტს ინახავს, რომლებიც ხშირად ქიმიურ პრეპარატებზე გაცილებით ეფექტურია. ამჯერად გაგაცნობთ ხახვის სასიკეთო თვისებებს.
ხახვი არაჩვეულებრივი პროფილაქტიკური საშუალებაა გაციების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომაა, რომ გრიპის ეპიდემიის დროს უმი ხახვის მირთმევას გვირჩევენ. ის გრიპის გამომწვევი ვირუსების უმრავლესობას კლავს.
გაციება
გაციების პროფილაქტიკისათვის ერთი რეცეპტი არსებობს, რომელსაც ხახვის ჩაი ეწოდება: 1 თავი ხახვი გარეცხეთ, დაჭერით და მდუღარე დაასხით. დააყოვნეთ 3 წუთი, შემდეგ წვენი გადმოწურეთ. მიღებული ნაყენი გაკეთებისთანავე უნდა დალიოთ, რადგან მასში შემავალი ვიტამინები ცხელ წყალში იშლება. გემოს გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ცოტა თაფლი დაუმატოთ.
ბრონქიტი
ხშირად გაციება ბრონქიტში გადაიზრდება ხოლმე. ხახვი ამ შემთხვევაშიც უებარი დამხმარეა. 1 თავი ხახვი გარეცხეთ, დააყარეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტა წყალში მოხარშეთ. მიღებული მასა 1 სადილის კოვზით ორ საათში ერთხელ დალიეთ. კურსი - 7 დღე.
არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს რძეში მოხარშულ ხახვს. გაფცქვნილი ხახვი 1 ჭიქა რძეში ჩააგდეთ და ჭურჭელი ცეცხლზე შემოდგით. ხარშეთ მანამ, სანამ ხახვი არ დარბილდება. შემდეგ ამოიღეთ, გააცივეთ, დაჭერით და მიირთვით.
ფურუნკულები
1 თავი ხახვი სახეხზე გახეხეთ და 1/2 ჩაის კოვზი ქრისტესისხლა შეურიეთ. მიღებული ფაფისებური მასა ფურუნკულზე დაიდეთ და შეიხვიეთ.
ფურუნკული სწრაფად გამოირწყვება, თუ ასე იმკურნალებთ: 1 თავი ხახვი გახეხეთ, 20 გრ მჟაუნა ძალიან წვრილად დაჭერით და ხახვს შეურიეთ. ნარევი ფურუნკულზე დაიდეთ და 3-4 საათში ერთხელ გამოცვალეთ.
ჩირქოვანი იარები
ერთი თავი ხახვი ტაფაზე მოწვით. შემდეგ 1 სადილის კოვზ თაფლსა და 1 სადილის კოვზ ფქვილს შეურიეთ. მიღებული მალამო ჩირქოვან იარებზე დაიდეთ.
კბილებისა და ღრძილების სამკურნალოდ
ხახვი კარგად მოქმედებს კბილებსა და ღრძილებზე. ექიმები გვირჩევენ, იმისათვის, რომ ჯანმრთელი და მაგარი კბილები გვქონდეს, დიდი რაოდენობით უმი ხახვი მივირთვათ. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე.
თუ პაროდონტოზი გაწუხებთ, შემდეგ რეცეპტს გირჩევთ:
ალოეს ერთი ფურცელი გარეცხეთ და კანი მოაცალეთ. 1/4 თავი ხახვი და ალოე პირში ჩაიდეთ და რამდენიმე წუთს ღეჭეთ. ეფექტი ფანტასტიკურია - რამდენიმე პროცედურის შემდეგ ღრძილებიდან სისხლდენა შეგიწყდებათ.
ჟურნალი ”რეიტინგი”
(გამოდის ორშაბათობით)