ჩემი ერთადერთი შვილის იტალიაში წასვლის შემდეგ ძალიან გამიჭირდა. თავიდან სამუშაოზე აღებული ფულით ვალები გაისტუმრა, შემდეგ კი გათხოვდა და სულ დამივიწყა. ათასში ერთხელ ორმოცდაათ დოლარს თუ გამომიგზავნის ხოლმე.
ორი წლის წინ გადავწყვიტე, რომ ჩემს ოროთახიან ბინაში მდგმური შემომეყვანა. ვიფიქრე, ვინმე პატიოსან სტუდენტ გოგონას ვიპოვი და ქირის ფული გადასახადების გადახდაში მაინც წამეხმარება-მეთქი. სალომე მეზობელმა მომიყვანა. თავიდან კარგი და მოკრძალებული გოგო იყო. ყველაფერი რამდენიმე თვეში აირია. ერთ დღეს გამომიცხადა, დუდანა დეიდა, შეყვარებული ვარ და ხომ შეიძლება, სახლში რეზიკო დავპატიჟოო.
ვიფიქრე, ვინ არ ყოფილა ამ ასაკში, პარკებსა და სკვერებში წანწალს არ ჯობია, რომ შეყვარებული სახლში მოიყვანოს-მეთქი და მაშინვე დავთანხმდი. იმ დღის შემდეგ რეზიკო ჩვენი ოჯახის ყოველდღიური სტუმარი გახდა. ხანდახან ღამის თორმეტ საათამდეც რჩებოდა. ერთ ღამეს რაღაც ხმაურმა გამაღვიძა და სამზარეულოში რომ გავედი, ვხედავ, ვიღაც მამაკაცი ტელეფონზე ლაპარაკობს.
ქურდი მეგონა და კივილი დავიწყე, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ჩემი მდგმურის შეყვარებული ღამე ჩვენთან დარჩენილიყო. იმ ღამეს არაფერი მითქვამს, მაგრამ მეორე დღეს სალომეს ვუთხარი, რომ მსგავსი რამ ჩემს სახლში აღარ განმეორებულიყო.
მას შემდეგ ორი თვე გავიდა, მაგრამ ჩემი ულტიმატუმი სასაცილოდ არ ეყო. რეზიკო ყოველღამე ჩვენთან რჩება, ხანდახან ძმაკაცები მოჰყავს და შუაღამემდე ქეიფობენ. დავრჩი ასე უპატრონოდ ეს ქვრივი ქალი მდგმურის და მისი საყვარლის მასხრად ასაგდებად.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)