ნაადრევი ენძელები - თავი 1 - Marao

ნაადრევი ენძელები - თავი 1

2023-12-30 10:45:38+04:00

_ ადე, მივდივართ! _ სახედაჭორფლილი ეკა თავს წამოადგა ქვიშიან ნაპირზე გაწოლილ ნუკის, რომელიც მზეს ნეტარებით თვალდახუჭული ეფიცხებოდა.

გოგონამ თვალები გაახილა და ბიძაშვილს უკმაყოფილოდ ახედა.

_ სად მივდივართ?

_ სად და ზესტაფონში! სად წავალთ… მცხეთაში ვბრუნდებით! _ გაღიზიანებული ჩანდა ეკა.

_ მაგრამ ჯერ სამი დღე დაგვრჩა კიდევ, რატომ არ ვრჩებით? ძლივს გამოვიდა ამინდი…

_ იმიტომ, რომ მაქსი ჩამოდის, ამაღამ აეროპორტში უნდა დავხვდეთ, გასაგებია?

_ ოოო! აკი თვის ბოლოს ჩამოვდივარო? _ ნუკი წამოჯდა, ბარძაყებზე შემშრალი სილა ჩამოიფერთხა და სევდიანად გახედა ზღვის მონანავე ტალღებს.

_ აუ, ნუ შემჭამე, რა! ადე, რომ გეუბნები! დროზე ჩაალაგე შენი ხარახურა და წავედით! მამა გველოდება! _ დოინჯშემოყრილმა გოგონამ თვალები დააკვესა და ჩქარი ნაბიჯებით გაერიდა.

როგორ ესიკვდილება ახლა ნუკის მცხეთაში დაბრუნება. აი, რატომაა ცუდი, სხვასთან რომ ცხოვრობ, სხვაზე რომ ხარ დამოკიდებული, სხვის კმაყოფაზე რომ ხარ. ნუთუ არასდროს ეღირსება თავისი? არა, არასდროს! რითი? ვისით? არ მუშაობს, არც პერსპექტივაში ეჭყანება რამე სასიკეთო. მოუწევს ალბათ მთელი ცხოვრება თამარასა და ეკას მოახლეობა. ბოლო სიტყვის გაფიქრებაზე გაეღიმა. საიდან მოაგონდა «მოახლე?» ვინღა იყენებს ახლა ამ სიტყვას? ეჰ, რა დროს ეგ არის! წავიდეს, დროზე ჩაალაგოს ბარგი, სანამ კიდევ დასცხო პატარა ქალბატონმა. ნეტავ, რა უნდა, რას ერჩის ეს გოგო? რა დაუშავებია მისთვის? კარგის მეტი, ცუდი არასდროს გაუკეთებია ბიძაშვილისთვის, სითბოს მეტი არაფერი დაუნახვებია. ის კი… როგორი უმადურიც იყო, ისეთადვე დარჩა. ხანდახან ეჭვი გაკენწლავს ხოლმე, ჩემი ხომ არ შურსო, თუმცა წამსვე უკუაგდებს ამ ეჭვს. განა რა სჭირს ეკას მისი შესაშური? ნუკიზე ახალგაზრდაა, შეყვარებული ჰყავს (თანაც უცხოელი), სახლი აქვს, კარი, მანქანა და უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობს. რა უნდა შეშურდეს? ის, რომ გარეგნულად ნუკი ჯობია? მერე რა? რა თავში იხლის გარეგნობას, თუკი არაფერში ადგება? ერთი კაცი ვერ გამოინახა მისთვის, ოდნავ მაინც რომ მოწონებოდა და ცოლად გაჰყოლოდა. მშობლებში ხომ არ გაუმართლა და არ გაუმართლა! ახლა რომ მამა ცოცხალი ჰყავდეს… მერედა, დედა? დედა ხომ არის ცოცხალი, ჯანმრთელი და უვნებელი? ჰო, არის, მაგრამ რა ხეირი? არც კი იცნობს, თვალით არ უნახავს არასდროს. ზუსტად ისიც არ იცის, ბათუმში ცხოვრობს თუ ქუთაისში. ან როგორია შესახედავად _ ლამაზი, მახინჯი… როგორ იმოქმედა მასზე წლებმა, ტკბილ-მწარე ცხოვრებამ?.. მეზობლები ამბობენ, ძალიან ლამაზი ქალი იყოო. შექსპირის ჯულიეტასავით ლამაზი იყო ჩვენი ჯულიო, წამოცდა ერთხელ სიმთვრალეში ხუტა ბიძიას. არადა, სხვა დროს ჯულიეტაზე სახლში არასდროს ლაპარაკობენ. გურული ქალის სიფიცხით განსაკუთრებულად ყოფილა «დაჯილდოებული» და სიცოცხლე გაუმწარებია ნუკის მამისთვის, გამუდმებით ეჭვიანობდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა თურმე ქმარს. ერთხელაც, დაჰკრა ფეხი და გაშორდა… რა არ იღონა დათიკომ, მაგრამ ვერაფრით შეირიგა ცოლი. ბოლოს, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჯული ხელმეორედ გათხოვდა, თანაც სულ რამდენიმე თვეში… აი, აქ დაიკარგა მისი კვალი. არავინ იცის, სინამდვილეში რა მოხდა. იქამდე ჰყავდა ჯულის შეგულებული ახალი საქმრო და ხელოვნურად ძაბავდა ოჯახში სიტუაციას, თუ დათიკოს ჯიბრზე სასწრაფოდ იპოვა სხვა და მისთხოვდა. აღარ სურს ნუკის ახლა ამის გახსენება. ისედაც დიდი ტკივილი დაუტოვა წარსულმა… მაგრამ თუ ოდესმე შეხვდება დედას, არასდროს აპატიებს მის მიტოვებას. არამხოლოდ მიტოვებას… მერე რა, ბევრ დედას დაუტოვებია შვილი, მაგრამ არ დაუკარგავს. ხომ შეიძლებოდა, ერთხელ მაინც დაინტერესებულიყო ქალიშვილის ბედით? ერთხელ მაინც მოეკითხა? მთლად პატარა რომ მიაგდო, მთლად ჩვილი და გაუჩინარდა? ორი წლის ყოფილა ნუკი მაშინ… არც კი… ეს კიდევ არაფერი… ერთი წელიც არ იყო გასული დედ-მამის დაშორებიდან, რომ მამა გარდაიცვალა. ცხელ გულზე სმა დაიწყო და ერთხელაც უგონოდ მთვრალი ბოძს შეასკდა თავისი მანქანით… «ფორდი» ისე იყო დაჭეჭყილი, ნაწილ-ნაწილ დაჭრეს და გარდაცვლილი ისე გადმოასვენეს მანქანიდან.

ეს ყველაფერი გვიან გაიგო ნუკიმ, ნუშისთვალება ლამაზმა გოგონამ, მაშინ, როცა წამოიზარდა და «გონში ჩავარდა». დაობლებულის მოვლა-პატრონობა კი მამის ძმამ, ხუტამ იკისრა. მაშინ ბიძამისს ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა და ჯერ კიდევ პატარძალმა თამარმა სიხარულით მიიღო «ახალგამომცხვარი» სხვისი შვილი, რადგან იმხანად საკუთარი არ ჰყავდა. სამი წლის შემდეგ ეკა გაჩნდა და ბავშვები ერთად დაიზარდნენ. წესით, გოგონებს დებივით უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი, მაგრამ ეკი ისეთი ჭირვეული და თავნება ბავშვი იზრდებოდა, სისხლს უშრობდა ბიძაშვილს, პირველობას არა და არ უთმობდა, ყველაფერში ჯიბრში უდგებოდა. სამაგიეროდ, ხუტას არ გამოერჩეოდა ნუკი ღვიძლ ქალიშვილში, არაფერს იშურებდა იმისთვის, რომ ძმისშვილს ობლობა არ ეგრძნო, განსაკუთრებით მას შემდეგ, სინდისის ქენჯნამ რომ შეაწუხა. იკითხავთ ალბათ, რა სინდისის ქენჯნამ, რა ჩაიდინა ამისთანაო… რა და… თხუთმეტიოდე წლის წინ ვალები დაედო, რის გამოც ძმის სახლი გაყიდა და ცამეტი წლის ნუკი უსახლკაროდ დატოვა. დღემდე ჰპირდება ბიძა, მალე ისევ დავდგები ფეხზე და მცხეთაში კი არა, თბილისში გიყიდი ბინასო, მაგრამ… ატყობს გოგონა, რომ ბიძის შეპირებას ასრულება არ უწერია. ეხუმრები შენ დღევანდელ დღეს თბილისში ბინის ყიდვას? რომელი მილიონერი ხუტაა? მართალია, არ უჭირს, მშვენივრად მიჰყავს თავისი ბიზნესი, მაგრამ ეკას გადამკიდე რა ფულის დაგროვებას მოახერხებს? არაფერს იკლებს ქვეყნის ზურგზე, თუკი რამე მოესურვება. სხვა რომ არაფერი, წელიწადში ორჯერ საზღვარგარეთ დადის დასასვენებლად. ზაფხულში თურქეთში, ზამთარში ეგვიპტეში _ დედასთან ერთად. ნუკი კი ამ დროს არავის ახსენდება. ის შინ უნდა დარჩეს და ოჯახს მიხედოს.

ამ უკანასკნელის ერთადერთი შვება და სიხარული ზაფხულობით ქობულეთში დასვენებაა, აგვისტოში, როცა თურქეთში «სტარტაღებული» დედა-შვილი «ანტალიურ არდადეგებს» ქობულეთში «აფინალებს».

აი, წელსაც ჩამოვიდნენ ოთხივენი. როგორ უხაროდა ნუკის, სანამ ზღვის ჰაერს შეისუნთქავდა, სანამ სანაპიროზე გავიდოდა. ზღვის ხმაურმა ერთიანად აღატყინა, ისეთივე სასიამოვნო უჩვეულობით, როგორც პირველ პაემანზე მიმავალი ქალი. როგორც ყოველთვის, კიდევ ერთხელ მარტო აღმოჩნდა ამ უკიდეგანო საოცრებასთან _ ნაკვალევდატოვებულ ქვიშის «ველზე» ამაყად იღერებდა ტალღებს ლურჯი, მოლივლივე ზღვა. სიყვითლეშეპარულ ჰორიზონტზე ნახევრად ჩასვენებულიყო მთვლემარე წითელი მზე, სხივების ლაპლაპა ზოლი ტალღებზე დაესვენებინა და ზანტად ათვალიერებდა დამსვენებლებს.

ეს იმპერია იყო, ლურჯი იმპერია… დაუღალავად შეეძლო ეყურებინა ზღვისთვის. ის უსასრულო იყო, სულშთაბერილი არსება, ბრძენი, მჭევრმეტყველი, გოლიათი და გამოუცნობი. ხან მძინარე ჩვილივით მშვიდი და უშფოთველი, ხანაც დაჭრილი მხეცივით საშიში, მრისხანე და ბობოქარი. განსაკუთრებით საღამოს იყო საამო საცქერი _ დღის განმავლობაში ნაგორავები დაღლილი ტალღები თვლემას რომ იწყებდნენ, ტყლაშუნით, უსუსურად ეხეთქებოდნენ ქვიშიან ნაპირს ქაფმორეულნი, მარილის სურნელით გაჟღენთილნი.

ზღვა მუდამ იპყრობდა ნუკის აზრებსა და გრძნობებს, ბავშვობიდან ზღვის თანამოაზრე გახდა. ყველაფერს აქვს მეცნიერული ახსნა. ზოგი თავშესაფარს პოეზიაში ჰპოვებს, ზოგიც ზღვასთან მეგობრობს, ესმის მისი ენა, ზოგი კი სხვა ქვეყანაში გარბის მყუდრო სავანის საძებნელად… ნუკი კი… ნუკიმ თავისი ცხოვრება წყლის სტიქიას დაუკავშირა. ეს ადგილი თითქოს სამყაროს დასასრულია, რომლის იქით აღარაფერი არსებობს. აქ კარგად გრძნობს თავს. ზღვა ერთადერთია, რომელსაც შეუძლია მესაიდუმლის მაგივრობა გაუწიოს. ამასაც თავისებური ახსნა აქვს _ განა იგი მარადიული ცხოვრების განსახიერება არ არის? მოკვდავნი მიდიან და მოდიან, ზღვა კი რჩება. ვინ იცის, რამდენის ბედნიერება დამარხულა მის ფსკერზე, ან რამდენი უბედური ადამიანის სული მიუბარებია აზვირთებულ ტალღებს ნებით თუ ძალით.

ეჰ… რა ეშველება, როგორი მეოცნებეა… ეს, ალბათ ყველა მარტოსული ადამიანის გამორჩეული თვისებაა… ოცდაცხრა წლის ასაკში ხომ არც ისე ცოტა იცი ცხოვრების შესახებ, თუმცა არც ისე ბევრიც, მაგრამ გამოცდილება გიგროვდება. ნუკის ყველაფრის იმედი აქვს დაკარგული. მისი აზრით, ეს ის ასაკია, როცა უკვე ახალს აღარაფერს მოელი არც მაღალი მიზნებისგან, არც მომავლისგან და სიმშვიდეს მხოლოდ ლამაზ პეიზაჟებში ჰპოვებ. პეიჟაზი არასდროს გიმტყუნებს, არასდროს გაგიცრუებს იმედს… ერთადერთი, დიდ სიყვარულს შეუძლია ეს ყველაფერი შეცვალოს, სხვას არაფერს… მაგრამ სად არის? არც არსად. როცა შინ არის, ყოველთვის მარტო რჩება სიჩუმესთან და სევდა იპყრობს, ავბედითი მარტოობა, რომელიც თითქოს ყელში უჭერს და ახრჩობს, იმის მაგივრად, რომ თავისუფლად სუნთქვის საშუალება მისცეს. აი, ზღვასთან კი არასდროს არის მოწყენილი, ზღვასთან ერთობა, უკიდეგანოდ თავისუფლად გრძნობს თავს. ამ დროს მისი ფიქრიც ზღვასავით არის. ტალღებივით იწყებს აზვირთებას და ხმაურით აწყდება გონების კალაპოტს. ამ დროს ის მარტოა, საკუთარ მთელს გამოყოფილი. ან პირიქით _ მარტო, მაგრამ სხვებში გაფანტული, შერეული, გახსნილი.