"...ძალიან დიდი სიფრთხილით გასავლელი გზაა და, ალბათ, ჩემი სულის სისუფთავე, რწმენა და სურვილი იმისა, რომ სულ მომართული ვიყო, შემქმნელთან ურთიერთობა მქონდეს, ეს ძალა მიცავს არასწორი ნაბიჯებისგან" - ამბობს ნუცა შანშიაშვილი. ის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის ეხმაურება და ამჯერადაც ისრაელის მხარდაჭერას გამოხატავს. ნუცა შანშიაშვილი დღევანდელობასა და განვლილ ნაყოფიერ წელზე ნიუ-იორკიდან გვესაუბრა:
- ყველას გვახსოვს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების გამო განცდა როგორც ხელოვანმა ძალიან მძაფრად გამოხატეთ, სრულიად შიშველს ფოტოსესია გქონდათ. თქვენ ისრაელში არაერთხელ ყოფილხართ, ამ ქვეყანასთან ბევრი რამ გაკავშირებთ და როგორია თქვენი განცდები, რაც დღეს იქ ხდება?
- კაბალის მეცნიერებას ვსწავლობ, ჩემი პედაგოგია მიხაელ ლაიტმანი და კაბალისტური ენით ისრაელი არის ტერიტორია, რომელიც ყველას გულში არსებობს. ქვეყანა, სადაც შემქმნელის ყველაზე დიდი სიყვარული და ძალაა. ებრაელ ერს ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან უნიკალური ერია. ებრაელებმა შემოგვიტანეს ცივილიზაცია, შემოგვინახეს და დღეს რაც გვაქვს, ყველა რელიგია, ებრაელების დამსახურებაა. ადამიანებს გვჩვევია აუტანლობა და მტრობა განათლების, სინათლის... არ მიკვირს, ისრაელს რომ ემტერებიან... იმედი მაქვს, რომ დადგა დრო ჩვენს არსებობასა და ყოფაში სინათლემ გაიმარჯვოს! განათებულ გზაზე ვდგავართ, ოღონდ ეს გზა ძალიან რთულია...
პანდემიამდე ისრაელში ძალიან ხშირად ჩავდიოდი. თელ-ავივის ულამაზეს თეატრ "ნოგაში" სპექტაკლებს, კონცერტებს ვმართავდით. ძალიან ვუყვარვარ ისრაელის მაყურებელს და მეც ძალიან მიყვარს. იერუსალიმშიც მქონდა რამდენიმე კონცერტი. იქ ცხოვრობს ჩემი მეგობარი, უნიჭიერესი მსახიობი ნანა ბერაძე. როცა იერუსალიმში ჩავდივარ, მე და ნანა სულ ფეხით დავდივართ. ის მიამბობს ისტორიულ მონაკვეთებს ისრაელის ცხოვრებიდან, ებრაელი ერის არსებობიდან, გულზე თაფლივით მედება მისი ნაამბობი... იერუსალიმში სულ სხვა ენერგეტიკაა. ეს არის ცენტრი სილამაზის, სულიერების...
- ამერიკაში ისრაელის მხარდასაჭერ კონცერტშიც მიიღებთ მონაწილეობას?
- 14 დეკემბერს ებრაულ ცენტრში დიდი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. მეც ვარ მიწვეული, როგორც მომღერალი, რომელიც ისრაელს, ისრაელის ჯარს მხარს უჭერს. შემოსავალი მთლიანად ჯარისკაცებს გაეგზავნებათ. მოგეხსენებათ ისრაელის ჯარის მობილიზების, პატრიოტიზმის, სიძლიერის შესახებ. ეს ის ხალხია, რომლისგანაც ჩვენ ბევრ რამეს უნდა ვსწავლობდეთ, უპირველესად ერთიანობას...
- როგორ შეაჯამებთ განვლილ წელს, ვიცი, უმნიშვნელოვანესი შემოქმედებითი სიახლეები გქონდათ...
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დატვირთული წელი იყო... ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ალბომი "მე და როიალი" გამოვუშვი, რომელშიც შესულია მსოფლიო ჰიტები, ქართული კომპოზიციები, ასევე ჩემი სიმღერები... ამ ყველაფერში მეხმარება ჩემი უძვირფასესი ადამიანი, ძალიან მაგარი მეგობარი და პატარა პროდიუსერი, უნიჭიერესი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი. ასევე ქალბატონი დიანა ბაგრატიონი, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი აქვს და საქართველოს ძალიან დიდ საქმეებს უკეთებს. დიანას კონცერტი ჰქონდა მიძღვნილი ამერიკელი და ქართველი ხალხის ურთიერთობისადმი, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი. მე და დიანა ვგეგმავთ, 10 მარტს სოლო კონცერტი გავმართოთ უდიდესი მოცეკვავის, ბარიშნიკოვის ცენტრში, მანჰეტენზე... ძალიან საინტერესო ივენთი იქნება, შამპანურით, შავი ხიზილალით, დრესკოდით, ლიმიტირებული ადგილებით... მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ გაჩერება არ მჩვევია. არ შემიძლია და ვერ წარმომიდგენია, ხელოვანმა როგორ არ უნდა შექმნა რაღაც...
- თქვენი ენერგიით ყველას აოცებთ...
- ამის საიდუმლო, ალბათ, უდიდესი რწმენაა, იმ ენერგიის, რომელიც გვამოძრავებს. კონტაქტი ამ ენერგიასთან, ლოცვები. ალბათ, ეს უზენაესი, ღვთაებრივი ენერგია აღვიძებს ჩემში მოძრაობის სურვილს.