"ალბათ, მე უფრო ქრისტიანული ნაბიჯი გადავდგი, ვიდრე მათ. მე როგორ უნდა დამსაჯონ, რომ გალობა ამიკრძალონ... სახლში ვგალობ. არც ამპარტავნება მალაპარაკებს და არც ხიბლში ვარ. უბრალოდ, ადამიანის ჩაგვრას რომ ვერ დავუჭირე მხარი, ეს გახდა საბაბი, თურმე, თამრიკო პროპაგანდას ეწევა. ლაპარაკია იმ პერიოდზე, როდესაც 17 მაისის ღონისძიების დროს დაინიშნა ოჯახის სიწმინდის დღე. მე ვთქვი, რომ ეს დაპირისპირებას გამოიწვევდა. ლგბტ ხალხი თუ არ მოგწონს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა დაჩაგრო.
ნებისმიერი ადამიანის გვერდით დავდგები, ვისაც დაჩაგრავენ. საშინელებებს მწერდნენ. რაც გადავიტანე, ვერ აგიხსნით. რთულია, რომ არ მიაქციო ყურადღება. არასოდეს არაფრის პროპაგანდას არ ვეწევი, უბრალოდ, ადამიანის ჩაგვრას ვერ დავუჭერ მხარს და ამის გამო თამრიკო ვითომ დასაჯეს.
ერთი უგუნური ფრაზა გაჟღერდა, თამრიკო ხომ მგალობელი არ არისო. უკაცრავად, ვინც გალობს, რეპერია? - რას ნიშნავს მგალობელი, ვინც გალობს, იმ წუთში ყველა მგალობელია. არ მეგონა, რომ მთლად ასე სწორხაზოვნად აზროვნებდნენ. ცუდია, რომ ასე მოხდა, ვერ დასაჯეს თამრიკო და ვერც ვერასოდეს დასჯიან. მე სწორი პოზიცია დავიჭირე.
მგონი, ხუთი წელია უკვე ამის მერე გასული და ყოველ შობას ბევრი ეპისკოპოსი და მამაო მირეკავს და მეუბნებიან, ჩვენ შენთან ვართ და ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართო. ამ წლების განმავლობაში ვიხვეწები, რომ პატრიარქს შემახვედრონ. ადრე თავად ითხოვდა ხოლმე ჩემთან შეხვედრას. არ მახვედრებენ. თან ვითხოვდი, რომ მარტო არ მინდა, თქვენი თანდასწრებით დავჯდები და მე ამ ყველაფერს ვიტყვი, რის გამოც დამიპირისპირდით-მეთქი. არ ვიცი, რამდენად სწორი ინფორმაცია აქვს ჩემზე პატრიარქს, მე არასდროს მისთვის არ მიღალატია. თავად დგას იმ აზრზე, რომ ადამიანი არ უნდა დაჩაგრო...", - თქვა თამრიკო ჭოხონელიძემ "TV პირველთან" საუბრისას.
თამრიკო ჭოხონელიძე ქართველი მომღერალი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი, პიანისტია. დაიბადა მუსიკოსების — ეთნომუსიკოლოგის, პროფესორ ევსევი (კუკური) ჭოხონელიძისა და ელისაბედ (ლიზიკო) კალანდაძის ოჯახში.
1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში „იავნანა“. მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის (1996) და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებელის წოდებები (1995). კონცერტებზე ასრულებს ხალხურ და საესტრადო სიმღერებს.
1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აგრეთვე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით და დები იშხნელების სახელობის პრემიით დებთან, სოფიკო და თინიკო ჭოხონელიძეებთან ერთად. 2016 წლის 15 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი. ჩატარებული აქვს სამი სოლო-კონცერტი - 1999, 2010 და 2016 წლებში.
თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი — მარიამ როინიშვილი, არის მომღერალი (კლასიკური ვოკალი), სოპრანო. ვაჟი — კოკო როინიშვილი, არის მსახიობი, რეჟისორი და „ქალაქის თეატრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
2019 წლის 14 მაისის ეთერის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მომღერალ თამარ ჭოხონელიძეს მიმართა და მის მიმართ წამოსულ აგრესიასა და კიბერბულინგზე ისაუბრა. მან ჭოხონელიძის მიმართ პატივისცემა გამოხატა ასე: „ძალიან სწორი და ჯანსაღი სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის, ურთიერთპატივისცემის და შემწყნარებლობის დასაცავად".