ცოტა ხნის წინ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ საკუთარ სახლში დიდი საახალწლო წვეულება მოაწყო, სადაც თავი ცნობილმა სახეებმაც მოიყარეს. საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა და სტუმრებმა იას შესახებ არაერთი საინტერესო ამბავიც გაიხსენეს. მათ შორის, იას ახალგაზრდობის წლებზე მსახიობმა და მომღერალმა, ია ფარულავას ჯგუფელმა, ეკა კახიანმაც ისაუბრა:
"ია იყო ულამაზესი, სასწაული გოგო. საოცარი ენერგეტიკა ჰქონდა და რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩვენ ვიმეგობრებდით. ამერიკაში რომ წავიდა, ძალიან დამაკლდა", - თქვა ეკა კახიანმა.
როგორც აღმოჩნდა, სტუდენტობის მეგობართან განშორება იასთვისაც რთული აღმოჩნდა:
„ეკამ რომ დაწერა „კარალეთის დღეები“, პირველად ჩემთან დაუკრა ფორტეპიანოზე. ჩავწერე, სულ ვუსმენდი ამერიკაში ყოფნისას და ვტიროდი. ახლაც მაქვს ის ჩანაწერი" - გაიხსენა ია ფარულავამ.
ია ფარულავა დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორის და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში.
იას სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც მან რეჟისორ თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981) ობოლი გოგონას — თიკოს როლი ითამაშა. ამის შემდეგ მსახიობმა მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა. ესენია: „ფესვები“, „სპირალი“ და სხვა.
1984 წელს ია ფარულავამ სწავლა დაიწყო თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, გამოჩენილი პედაგოგის და რეჟისორის, მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმ წლებში მისაღებ და სადიპლომო გამოცდებზე მხოლოდ ერთი ხუთიანი დაიწერა, მიშა თუმანიშვილის მიერ უმაღლესი შეფასება მხოლოდ ია ფარულავამ მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ თუმანიშვილმა ახალგაზრდა მსახიობი სამუშაოდ მიიწვია კინომსახიობთა თეატრში.
1987 წელს ია ესწრება მოსკოვის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალს, სადაც ჟიურის თავმჯდომარედ მიწვეული იყო რობერტ დე ნირო. ნომინაციაში „ფესტივალის ყველაზე ლამაზი ქალი“ დე ნირომ ია ფარულავა დაასახელა.
1990 წელს ითამაშა რეჟისორ გრეგ პალმელის ქართულ-ამერიკულ სატელევიზიო ფილმში The Falcon ("შევარდენი"). ფილმი ქართულ ხალხურ ზღაპრებზე იყო დაფუძნებული.
90-იანი წლების დასაწყისში ია ფარულავა აშშ-ში გადადის საცხოვრებლად, თუმცა სამსახიობო კარიერის აწყობა ვერ მოახერხა, მხოლოდ რამდენიმე სარეკლამო რგოლში, მუსიკალურ კლიპსა და მცირებიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.
ლოს-ანჯელესში ია რუსული წარმომავლობის მქონე ცნობილ თეატრალურ მოღვაწესთან, გეორგ ჟდანოვთან გადიოდა სამსახიობო მასტერკლასებს. იასთან ერთად 90 წელს მიტანებულმა ჟდანოვმა მისი ოდინდელი მეგობრის, უკვე გარდაცვლილი მიხაილ ჩეხოვის სამსახიობო ტექნიკის პრიციპების დახვეწასა და განახლებაზე დაიწყო მუშაობა. 1993 წელს ია ფარულავამ დიდი წვლილი შეიტანა ჟდანოვის რუსეთში დაბრუნებაში და მისი დამსახურებით მოსკოვის სამსახიობო წრეების ელიტას საშუალება მიეცა ჟდანოვის მასტერკლასებზე დასწრებისა. ჟდანოვის ინტელექტუალური მემკვიდრეობით რუსეთის ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო ცენტრალური არქივის გამდიდრებისთვის ია დაჯილდოებულია სპეციალური პრიზით „ფონდების მცველი“. 2002 წელს ია ფარულავას დახმარებით ახალგაზრდა რეჟისორმა ფრედერიკ კივმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „რუსეთიდან ჰოლივუდში“, რომელიც მიხაილ ჩეხოვისა და გიორგი ჟდანოვის თანამშრომლობასა და ჰოლივუდზე მათი გავლენების შესახებ მოგვითხრობს.
2000-იანი წლების დასაწყისში ია საქართველოში ბრუნდება. მალევე ითამაშა გიორგი შენგელაიას პირველ ქართულ ეროტიკულ ფილმში „სიყვარული ვენახში“ (ლია). მსახიობობის პარალელურად, დაიწყო მუშაობა ტელევიზიაში. თუმცა 1986 წელს იას "პირველ არხზე" მიჰყავდა ყოველკვირეული მუსიკალური გადაცემა „პუნქტუმ, კონტრა პუნქტუმ“, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ და დასავლეთზე ორიენტირებულ გადაცემად ითვლებოდა. "პირველ არხზე" გააკეთა საავტორო გადაცემა „ჩემი მშვენიერი ლედი“, რისთვისაც მიენიჭა უმაღლესი ჯილდო ოდესის მეშვიდე საერთაშორისო ტელეფესტივალზე „ხავერდის სეზონი“. შემდეგ "ტელეიმედში" „დღის შოუ“ და „ყოფილი ცოლების კლუბი“ მიჰყავდა. ასევე იყო ტელეპროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი. ტელევიზიის პარალელურად, იას პირველ რადიოში კი გადაცემა „რადიო შოუ“ მიჰყავდა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სატელევიზიო შოუ „ნიჭიერში“ იყო ჟიურის წევრი. 2018 წლიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავდა გადაცემა "ფარული კონვერტი".
ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა. მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა და ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. სამშობლოში ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან, ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ. 2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ტარიელ სუარი. ტელეშოუ „ნიჭიერის“ მიმდინარეობისას სუარმა პირდაპირ ეთერში სთხოვა იას ცოლობა და მალევე, 2013 წლის სექტემბერში ჯვარი დაიწერეს. მიუხედავად იმისა, რომ ია და ტარიელი ერთმანეთს რამდენიმეჯერ დაშორდნენ, ისინი ყოველთვის რიგდებოდნენ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მათ კვლავ დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს.