„ჩემთვის დედა მთელ დედამიწაზე და სამყაროში ყველაზე საყვარელი ადამიანია, ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეში შემიწყო ხელი, დამეხმარა.
ბავშვობაში ძალიან მომთხოვნი იყო არა მხოლოდ ჩემ მიმართ, არამედ ჩემი დების მიმართაც. ბავშვობაში ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მქონდა, აქტიური მომღერალი ვიყავი და თითქმის სულ კონცერტები მქონდა, არ მქონდა ამოსუნთქვის უფლება. თუ კონცერტები არ მქონდა, მასწავლებლიდან მასწავლებელთან დავდიოდი.
თუ ბავშვობაში ბევრ რამეს ვუმალავდი და ჩემთვის დედა მკაცრი და მიუწვდომელი იყო, დღეს პირიქით, ყველაზე ახლოა და ყველაფერს ვუყვები.
დედა რომ ჩემთვის ბევრს აკეთებს, ამას ძალიან პატარაობიდან ვხვდები. სულ ვხვდებოდი, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩემ მიმართ, თითქოს თავისი ცხოვრება გადადო და მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ მე ვყოფილიყავი კარგი და წარმატებული. ამას ძალიან ვუფასებ და მადლიერი ვარ“, – ამბობს თიკა ჯამბურია "დილა მშვიდობისა საქართველოსთან" ინტერვიუში.
მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
თიკა ხშირად წერს, რომ შვილთან, ნინა ხოფერიასთან, ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. როგორც ჩანს, დედა-შვილი ერთად დროს მართლაც სასიამოვნოდ და მხიარულად ატარებს. კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან კი გამომწერებსაც ხშირად უზიარებენ.
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები".
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.
წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბექამ კიდევ რამდენჯერმე იქორწინა. თიკასთვის ეს განშორება რთული აღმოჩნდა, თუმცა დღეს ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრება აქვს და ყოფილი მეუღლის ოჯახთან, მათ შორის, ყოფილ დედამთილთან, ხათუნა ხოფერიასთანაც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს.