„ბედმა გამიღიმა, რომ მიხო კვირიკაძე მყავს ოპერატორი. იმიტომ კი არ ვაქებ, რომ ჩემი შვილია, ჩვენ, უკვე რამდენიმე წელია, ერთად ვმუშაობთ. მან მოასწრო აგნეშკა ჰოლანდთან და ვიმ ვენდერსთან ორ ფილმზე მუშაობა. მიხო არის მამამისის, ირაკლი კვირიკაძის, ,,კოპიო” (ირაკლი კვირიკაძე – ცნობილი სცენარისტი და კინორეჟისორი – რედ.შენ.).
მე და ირაკლიმ ერთობლივი და ძალიან საინტერესო ცხოვრება განვვლეთ. ბევრმა და ირაკლიმაც არ იცოდა, რომ მიუხედავად იმისა, ბევრს მუშაობდა და თავს კარგად გრძნობდა, გული სავალალო მდგომარეობაში ჰქონდა. ბედმა გაგვიღიმა, რომ ამერიკაში პრემიერის წინა ღამეს ჯაზკლუბში წავედით. ირაკლიმ შემოგვჩივლა, ცოტა მხარი მქაჩავს და მეძინებაო. დასაძინებლად რომ წავსულიყავით, ალბათ ვეღარ გაიღვიძებდა. ჩვენმა მასპინძელმა აიძულა, საავადმყოფოში წასულიყო (დაზღვევა ჰოლივუდისგან ჰქონდა) და იმავე ღამეს გაუკეთეს ოპერაცია. ახლაც ელექტროსტიმულატორი აქვს ჩადგმული და ასე მუშაობს მეორე წიგნზე.
მე და ირაკლის ერთობლივად არაერთ ფილმზე გვაქვს ნამუშევარი. მე ვუყვებოდი იდეას, ამბავს ის ხელით წერდა, მერე მე ვბეჭდავდი და მისი სცენარის პირველი მკითხველი ვიყავი. ეს იყო ერთობლივი და საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება და ურთიერთობა.
40 წელი გაგრძელდა ჩვენი ცოლქმრობა კი არა, შეყვარებულობა. ყველაფერს დასაწყისი აქვს და ბოლო. მის მომავალ მეუღლეზე მე პირველმა ვუთხარი, რა ბედნიერებაა, შეყვარებული რომ ხარ-მეთქი. არ შეიძლება, გულწრფელ სიყვარულს პატივი არ სცე. ეს ისეთი გრძნობაა, ნებისმიერ ასაკში რომ შეიძლება დაგეუფლოს. მეგობრები ვართ და დღემდე ისევ პირველს მე მაკითხებს ყველაფერს.
ჩემი უფროსი ვაჟი, ბუბა, მსახიობია. ჩემს ფილმში პიანისტის როლს ასრულებს. მის შვილს კინო ნაკლებად აინტერესებს და მათემატიკითაა გატაცებული. უმცროსს, მიხოს, სამი შვილი ჰყავს და მეორე ცოლი. არაჩვეულებრივი რძლები მყავს, ერთი ოჯახი ვართ და ერთი სამყარო გვაქვს. ბუბას გოგონამ წარმატებით დაამთავრა ამერიკის უნივერსიტეტი, სადაც ობამა (აშშ-ის პრეზიდენტი – რედ. შენ.) სწავლობდა. ახლაც პარალელურად მეღვინეობას და კულინარიას სწავლობს. ისიც გადავიღე ჩემი ბოლო ფილმის ეპიზოდში“, - ამბობს ნანა ჯორჯაძე "სარკესთან" საუბრისას.
პირველი ფემინისტური ფილმის ავტორი საბჭოთა კავშირში - ძლიერი ქალები ლანა ღოღობერიძის ფილმებიდან
როგორც თავად მომხიბვლელი კინემატოგრაფი, რეჟისორი და სცენარისტი ნანა ჯორჯაძე, მისი ფილმებიც მუდამ უცნაურად მსუბუქი, მომნუსხველი და მრავალფეროვანი კადრებითაა აკინძული.
რეჟისორობამდე მუსიკალური სკოლა დაამთავრა, შემდეგ იყო არქიტექტურის ფაკულტეტი. პირველად კინოში 1977 წელს გამოჩნდა და მისი, როგორც მსახიობის კარიერაც სწორედ ამ დროს დაიწყო ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე". მუდამ ამბობს, რომ კინო მისი ცხოვრების წესია და არამხოლოდ პროფესია.
პირველი წარმატება 1987 წელს გადაღებულ ფილმს "რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა" უკავშირდება. სწორედ ამ ფილმით მოიპოვა კანის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო - "კამერა დო".
საფრანგეთში ცხოვრების დროს, სწორედ მაშინ, როდესაც ფილმებს შორის ათწლიანი პაუზა ჰქონდა, შექმნა ისეთი გამორჩეული ნამუშევარი, როგორიცაა "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი". პასკალი, ფრანგი მოგზაური და შეფია, რომელსაც ქართველი გოგონა უყვარდება. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული შეფი თბილისში დარჩენას და თავისი ოცნების რესტორნის გახსნას გადაწყვეტს. ქართული კულინარია, პიერ რიშარის შესრულება და პოლიტიკური დაძაბულობა ფილმში ამბის წამყვანი დეტალებია. ეს სწორედ ის ფილმია, რომელიც 1996 წელს "ოსკარზე" საუკეთესო სურათის ნომინაციაში მოხვდა.

მიუხედავად არაერთი წარმატებისა, საკუთარ ნამუშევრებს მუდამ კრიტიკული თვალით უყურებს, მუდამ აწუხებს განცდა, რომ გაცილებით კარგად ან თუნდაც სულ სხვა ხედით შეეძლო სხვადასხვა კადრის გადაღება. ძირითადად, თავს იკავებს თავისი ნამუშევრების ხილვისგან. მსახიობებთან მუშაობის დროსაც უპირატესობას იმპროვიზაციას ანიჭებს:
"მე, საერთოდ, მსახიობებთან მუშაობა არ მიყვარს, არ ვაკითხებ სცენარებს იმიტომ, რომ კამერის წინ მჭირდება მათი ის წუთიერი ემოცია, თანაც მე სულ ვცვლი სცენებს. გადაღების წინ, როცა ემზადებიან ხოლმე, კოსტიუმს იცვამენ, გრიმს იკეთებენ და სულ დამდევენ, მეუბნებიან: – ნანა, ბოლოს და ბოლოს, არ აგვიხსნი, რას ვთამაშობთ, ვის ვთამაშობთ და ხვალ რა იქნება? მე ვპასუხობ: – სულ არ უნდა გაინტერესებდეს, ხვალ რას თამაშობ. მოიქეცი ისე, ვითომ ეს შენი დღევანდელობაა. ასე იმიტომ ვეუბნები, რომ არ მინდა ისეთი როლი, რომელიც მსახიობმა უნდა გაითავისოს, რადგან მერე მიჭირს მისი გატეხა, გესმით? ანუ მისი კონცეფცია და შექმნილი სახე ჩემი მხრიდან ძნელი დასამტვრევი იქნება. აქედან გამომდინარე, მსახიობს სცენარს პირდაპირ გადასაღებ მოედანზე ვაძლევ, ვუხსნი, რა სცენა უნდა ითამაშოს, ვაჩვენებ, როგორ უნდა იმოძრაოს და, აი, დანარჩენი უკვე იმპროვიზაციაა."
"ჩემი ქალთევზა, ჩემი ლორელეი”
ამჯერად ამბავი 14 წლის ფეოდორისა და მასზე რამდენიმე წლით უფროსი ნიურკას ურთიერთობას აღწერს. სცენარი გვიამბობს ამბავს სიყვარულზე, გრძნობაზე, რომელსაც ასაკი არ აქვს და ყველას ერთიანად იმონებს და იმორჩილებს.
"ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფილმში სევდიანი, დრამატული თუ ტრაგიკული სიტუაცია ღიმილით, ხანდახან კი სიცილით მოვყვე, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მე თვითონ ასე ვცხოვრობ".
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, როგორც პროფესიას, გრძნობებსაც რეჟისორ და სცენარისტ ირაკლი კვირიკაძესთან იზიარებდა. ერთად ქმნიდნენ და მუშაობდნენ შედევრებზე, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს კინოინდუსტრიაში. ინტერვიუებში ხშირად ეკითხებიან ყოფილ მეუღლესთან ერთად მუშაობის პროცესზე, ორი ხელოვანი ერთ სივრცეში, ერთი თემის და საქმის გარშემო ხომ არცთუ ისე მარტივია.
"ის ხომ გასაოცარი ადამიანია. თავით ფეხებამდე ხელოვანია, შემოქმედი, გამაოგნებელი. არასდროს ყოფილა მეუღლე, ტრადიციული გაგებით... ყოველთვის იცოდა, რომ ჩვენ ერთ სამყაროში ვცხოვრობდით, და ეს იყო ყველაზე მთავარი. ყველაფერი, რაც კინოს ეხება, ჩემი და ირაკლის ცხოვრებაა. ეს ყველაფერში მეხმარება. მართალია, სამუშაოს გამო ხშირად გვიწევს სხვადასხვა ადგილას ყოფნა და ზოგჯერ თვეობით ვერ ვნახულობთ ერთმანეთს, მაგრამ ეს განშორება იმდენად მნიშვნელოვანია... რადგან მერე იწყება მოლოდინი, სატელეფონო რომანი, ეპისტოლური რომანი. როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ყველაფერი თავიდან იწყება... ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ირაკლი მაჩუქა... და საერთოდ, მთავარი სიყვარულია! ბევრი სირთულე გვაქვს გამოვლილი, მაგრამ როცა ერთმანეთი გიყვართ, ყველაფერს აიტან, ყველაფერს გაუძლებ" - ამბობდა ნანა ჯორჯაძე.
ექსტრავაგანტური რეჟისორი განსაკუთრებული ხელწერითაა ცნობილი. ფილმში "პეპლების იძულებითი მიგრაცია" – აღბეჭდილია სურათი დაუფასებელ და ნიჭიერ ხელოვან ადამიანებზე და მათ ბრძოლაზე აღიარებისთვის. "ეს არის ჩემი ცხოვრება, ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სცენარი, სიუჟეტი და ყოველი ჩემი ნერვი ამ ფილმით ცოცხლობს", – თქვა ნანა ჯორჯაძემ.