თბილ შენობაში შესვლა მესიამოვნა. გარეთ ისეთი ქარბუქი იყო, ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა, მთელი გზა თითქმის თვალდახუჭული მოვდიოდი, მტვერი რომ არ შემყროდა თვალებში. როგორ არ მიყვარს ქარი, საშინლად მეჯავრება, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მთელი ჩემი იღბლიანობა ქართან არის დაკავშირებული. როცა რამე მნიშვნელოვანი ხდება ჩემს ცხოვრებაში, რამე სასიამოვნო, ყოველთვის - ქარიან ამინდში. ახლაც, დარწმუნებული ვარ, რა საქმეზეც მივდივარ, აუცილებლად გამომივა, იმიტომ, რომ გარეთ ქვეყანა იქცევა, ისეთი ქარიშხალია.
- უკაცრავად, ქალბატონო, მთავარი ექიმის კაბინეტი სად არის? - ვკითხე თეთრხალათიან ჩია ქალს, რომელსაც ცალ ხელში ვედრო ეჭირა, მეორეში - ცოცხი, ალბათ სანიტარი იყო.
მან ალმაცერად შემომხედა, ჩემს ჩაცმულობას თვალი ააყოლა და მკვახედ მომახალა:
- დღეს მიღება არა აქვს.
- იცით, მე დაბარებული ვარ, - მორიდებით დავუწყე ახსნა.
- რა საქმეზე? - ისევ შემათვალიერა სანიტარმა.
- მუშაობის დაწყება მინდა თქვენთან… ექიმად, - დავაყოლე და გავიღიმე.
ქალს უცაბედად სახე შეეცვალა, ვედრო ძირს დადგა, ცოცხი შიგ ჩადო, ხელები ხალათზე შეიწმინდა, გაიბადრა და დატკბა.
- უი, რას ამბობ, შვილო, ეგ რა კარგი ამბავი მითხარი. წამო, გენაცვალე, წამო! აგერ, იმ კარს ხომ ხედავ, მარცხნივ, აწერია კიდეც ზედ. მიბრძანდი, შვილო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
- გმადლობთ, ქალბატონო, უღრმესი მადლობა, - კვლავ გავიღიმე და გზა გავაგრძელე.
დერეფანში საღებავის სუნი ტრიალებდა. ჩანდა, აქ რემონტი ახალი დამთავრებული იყო, ქათქათებდა იქაურობა. ყოველ ორ მეტრში ლამაზ ქოთნებში ჩარგული ოთახის ყვავილები იწონებდნენ თავს. აი, რითია კერძო კლინიკა უკეთესი. როცა რაღაც შენი საკუთრებაა, სათუთად უვლი.
ოქროსფერ კარზე თეთრი აბრა იყო გაკრული, რომელზეც შავი ასოებით ეწერა: პროფესორი მიხეილ ვირსალაძე. ის იყო, დაკაკუნება გადავწყვიტე, რომ კარი მოულოდნელად გაიღო და ზღურბლზე ვიღაც კინაღამ დამეჯახა.
- მაპატიეთ, - თქვა მამაკაცმა და განზე გადგა, გზა დამითმო.
შევხედე და… ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ვიღაცამ გულში მესროლა. მაღალი იყო, შავგვრემანი, დიდი შავი თვალებით, თეთრი ხალათი ეცვა… არ ვიცი, იმ მომენტში გავფითრდი თუ გავმწვანდი, მაგრამ ვიგრძენი, რომ სახეზე ფერი მეცვალა. ის იყო… სანდრო… არა, ნამდვილად არ ვცდებოდი, მართლა სანდრიკა იყო, ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული… ღმერთო, რა დაგიშავე, რატომ, რატომ, რატომ… რაღა მაინცდამაინც აქ, ამ საავადმყოფოში, სადაც დღე-დღეზე მუშაობა უნდა დავიწყო.
მასაც დაეტყო სახეზე გაკვირვება, მაგრამ არ შეიმჩნია, მზერა ამარიდა და ოთახში შევედი თუ არა, გარეთ გავიდა.
მუხლები ამიკანკალდა, ნაბიჯის გადადგმას ვერ ვახერხებდი, ისე დავიბენი, დამავიწყდა, სად ვიყავი და რისთვის მოვედი.
შავ სავარძელში სათვალიანი ჭაღარა კაცი იჯდა. ჩემ დანახვაზე წამოდგა, ხელები გაშალა და გაღიმებული დაიძრა ჩემკენ.
- ჩვენი მშვენიერი ლედი, გიცანით, სოფიო, როგორც კი შემოგხედეთ, მაშინვე მივხვდი. სხვანაირი ვერც წარმომედგინეთ, გოგონი! - თქვა მან და ხელი მძლავრად ჩამომართვა.
- გამარჯობა, ბატონო მიხეილ, მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, - კეკლუცად გავუღიმე.
- დაბრძანდით, ჩემო კარგო, მოისვენეთ. ყავას ხომ არ ინებებთ?
- არა, არა, ნუ შეწუხდებით.
- აბა, როგორ მიდის საქმეები? როგორ მყავს ბიძინა?
- გმადლობთ, არა უშავს. მოკითხვა დამაბარა თქვენთან.
- რას შვრება, სულ რომ დაიკარგა, ძველი მეგობრები აღარ უნდა, კაცო? - ხელები მოიფშვნიტა მთავარმა ექიმმა და თავის სავარძელს დაუბრუნდა.
- იცით? თითქმის არ გამოდის სახლიდან. ჯერ მაინც უჭირს სიარული. ავარიის შემდეგ ცოტათი დაუძლურდა. თუმცა სულიერად არ გატეხილა, ზის შინ და მუშაობს, წერს, კითხულობს, შეძლებისდაგვარად თავის ბაღს უვლის და რა ვიცი.
- ძალიან კარგი, ძალიან კარგი. აბა, ახლა თქვენ შესახებ მიამბეთ რამე. მგონი, სადღაც მუშაობდით, არა?
- დიახ, ყუფუნიასთან ვმუშაობდი ორი წელი. მერე წამოვედი, ვერ გავძელი. იქ ცუდი სიტუაცია იყო… ვერ შევეგუე, ძალიან უხეში კაცია… როგორ გითხრათ.
- ვიცი, ვიცი, მსმენია. არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. მე ისეთმა კაცმა გამომიგზავნა თქვენი თავი, დარწმუნებული ვარ, არ შეცდებოდა. ვიცი, ბიძინა უნიჭო ადამიანებს არ გაუწევს პროტექციას. სწორედ რომ კარგ დროს დაემთხვა მისი ზარი, ახლა მართლაც მჭირდება ანესთეზიოლოგი. ჩემი ქალიშვილი დეკრეტში გავიდა და ალბათ ორი წელი მაინც ვერ შეძლებს სამსახურში დაბრუნებას. მის ადგილს კი დროებით თქვენ დაიკავებთ. მერე ვნახოთ, იქამდე იმედია, უფრო გავფართოვდებით და ერთი-ორი კარგი ანესთეზიოლოგი კიდევ დაგვჭირდება, მარკშეიდერის არ იყოს, - ბოხი ხმით გაიცინა მიხეილმა, სათვალე მოიხსნა და დაჟინებით შემომაცქერდა.
- კარგი სპეციალისტი, თანაც ასეთი ლამაზი და მშვენიერი - ეს ჩვენს დროში იშვიათობაა, დამეთანხმეთ. მიხარია, ძალიან მიხარია, რომ ასეთი ხართ. კარგი, სოფიო, ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, ორშაბათიდან შეგიძლიათ შეუდგეთ მუშაობას.
- როგორ, ასე ადვილად? - გაოცება ვერ დავმალე.
- აბა, რას ელოდით? გაგიჭიანურებდით აუდიენციას? დაგიბარებდით ხვალაც, ზეგაც, თავს დავიფასებდით? ჩემო კარგო სოფიო, აქ ჩვენ ასე არ გვჩვევია. გათხოვილი ხართ?
- არა, - ვთქვი და გავწითლდი.
- ო-ო-ო! როგორ გაახარებთ ჩვენს ბიჭებს. იცით, როგორი ტალიკ-ტალიკა ვაჟკაცები გვყავს? თანაც სულ უცოლოები, კაცო! ახლანდელ ბიჭებს საერთოდ არ უნდათ ცოლის მოყვანა, არ ვიცი, რას ფიქრობენ. მხოლოდ საკუთარი თავი ანაღვლებთ, არავითარი სამშობლო, ქვეყნის კეთილდღეობა მათთვის არ არსებობს. თქვენხელებს სამ-სამი შვილი მაინც უნდა ჰყავდეთ უკვე, აბა რა! - მამაკაცი წამოდგა და ამით მიმანიშნა, ვიზიტი დამთავრებულიაო.
- მე ახლა საორდინატოროში შეგიყვანთ, თანამშრომლებთან წარგადგენთ და დანარჩენი თქვენ იცით. ორშაბათს მობრძანდებით, ჩვენი კადრების უფროსიც ადგილზე იქნება, გაგაფორმებთ და დავიწყოთ.
მეც ავდექი, რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ბოლო წუთში თავი შევიკავე.
- ვიცი, ვიცი, რისი თქმაც გინდათ, სოფიო, მიგიხვდით. ხელფასზე არ გაწყენინებთ, ჩვენთან მაღალი ანაზღაურებაა. ასე რომ, უკმაყოფილო არ დარჩებით. მერე ვილაპარაკოთ ამ საკითხზე, - მხარზე მომითათუნა ხელი და კარისკენ გამიძღვა.
საორდინატორო მთავარი ექიმის კაბინეტიდან ორიოდე მეტრში იყო. ოთახში ხუთი თეთრხალათიანი დამხვდა - ორი ქალი და სამი მამაკაცი, მათ შორის - სანდრო. სახეზე ალმურმა გადამიარა.
- ხალხო, გაიცანით ჩვენი ახალი თანამშრომელი, ქალბატონი სოფიო თავაძე, ანესთეზიოლოგი, ნინოს მაგივრად იმუშავებს, - წარუდგინა მათ ჩემი თავი, - იმედია, გაუგებთ ერთმანეთს. ვაჟა, შენ გაძლევ ახლა ერთ დავალებას. მოკიდე ამ მშვენიერ გოგონას ხელი და თავისი კაბინეტი ანახვე, პალატებიც დაათვალიერებინე, ცოტა მოშინაურდეს. ხომ იცი, ახალი თანამშრომელი ყოველთვის მორიდებულია, შევუწყოთ ხელი, რაც შეიძლება მალე გახდეს ჩვენიანი.
ვაჟა საშუალო სიმაღლის ქერა, ოდნავ პუტკუნა მამაკაცი იყო, საკმაოდ სიმპათიური, საოცრად ლამაზი წითელი ტუჩებით.
- რასაკვირველია, შალვოვიჩ, არ არის პრობლემა, - ვაჟა დანარჩენებს გამოეყო და ჩემკენ წამოვიდა.
- აბა, თქვენ იცით, გაიცანით ერთმანეთი, მე დროებით დაგტოვებთ. შეხვედრამდე, სოფიო, - დამემშვიდობა მთავარი ექიმი და გავიდა.
ადგილიდან ვერ ვიძროდი, ხელები სად წამეღო, არ ვიცოდი. სანდროსკენ გავაპარე მზერა. იგი ზედაც არ მიყურებდა. რატომ იქცევა ასე? თითქოს მე ვიყო რამეში დამნაშავე. იქნებ ვერ მცნობს? თოთხმეტი წელია, არ მინახავს, არც არაფერი მსმენია მასზე. ახლა კი… ბედის ირონია ამას ჰქვია. შევხვდი იქ, სადაც არ ველოდი და იმ დროს, როცა ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი მისი ნახვა. ნუთუ დღევანდელი ქარი აქ რამე შუაშია? აზრები გავფანტე და ჩემ გვერდით მდგარ ვაჟას გავუღიმე.
- ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში, - ხავერდოვანი ხმით წარმოთქვა ვაჟამ, ოდნავ გაპრანჭული ტონით. ასე მაშინ იქცევიან მამაკაცები, როცა ქალზე შთაბეჭდილების მოხდენა უნდათ.
- ეს ნანკაა, უროლოგი, კლინიკის მარადიული დედოფალი, - ვაჟამ თანამშრომლების დახასიათება და გაცნობა დაიწყო, - ეს კი ნათიაა, ყველაზე გულჩვილი და მტირალა თერაპევტი მთელ საავადმყოფოში, - გაიცინა, - რაც შეეხება კაცებს, სანდრო პროფესიონალი ქირურგია, მაესტროს ვეძახით. ხედავთ, როგორი სიმპატიჩნი ბიჭია? გელაც მაგარი ქირურგია, ამხელა სათვალე რომ არ უშლიდეს ხელს ოპერაციის გაკეთებაში, - ახლა უკვე გულიანად გაიცინა ვაჟამ და სხვებიც აიყოლია, - მე კი… მე ერთი პატარა კაცი ვარ, პატარა უროლოგი, ეგ არის და ეგ.
ყველას ღიმილით ვუქნევდი თავს, თან დაძაბულობა მემატებოდა, რადგან სანდრო განაგრძობდა ჩემს იგნორირებას. იგი ტელეფონის ყურმილს დაწვდა და ნომრის აკრეფა დაიწყო. გულში გამეცინა, რა საჭირო იყო ასე მოქცევა, ვერ ვხვდებოდი.
- წამოდით, თქვენი კაბინეტი განახვოთ, - ვაჟამ კარი გააღო, ხელი წინ გაიშვირა, თავი გვერდზე გადახარა და ამ ჟესტით მანიშნა, წამობრძანდითო.
ერთი ბეწო ოთახი იყო, მაგრამ მყუდრო და ლამაზი. მაგიდა, ორი სავარძელი და დივანი იდგა. მაგიდის პირდაპირ, კედელზე სადგამი იყო ჩამაგრებული, რომელზეც ტელევიზორი შემოედოთ.
- მუშაობს? - თვალით ვანიშნე ტელევიზორზე.
- აპა რა-ა! - მხიარულად შესძახა, - სულ რიხინ-რიხინით. მართალია, პატარაა, მაგრამ მუშა. ესეც თქვენ, თქვენი კაბინეტის გასაღები, - მამაკაცმა მაგიდაზე დადებული ყვითელ პლასტმასზე ჩამოცმული გასაღები აიღო და მომაწოდა, - მეორე დარაჯთან იქნება ისე, ყოველი შემთხვევისათვის, თქვენს არყოფნაში ვინმეს რამე რომ დასჭირდეს.
- გასაგებია, დიდი მადლობა, ვაჟა, იმედია, ვიმეგობრებთ, - თვალები დავუჟუჟუნე სიმპათიურ უროლოგს და გასაღები გამოვართვი.
- აუცილებლად, მაგაში ეჭვი ერთი წუთითაც არ მეპარება, სოფიო. თქვენ ისეთი ლამაზი სახელი გქვიათ და თვითონაც ისეთი ლამაზი ხართ… აპ, აპ, აპ! არაფერი მითხრათ, ძალიან გთხოვთ! ეს კომპლიმენტი არ არის, ეს რეალობაა. მართლა ძალიან ლამაზი ხართ. დიდი ხანია, არ მინახავს ასეთი სილამაზე, _ სიტყვის თქმა არ მაცალა ვაჟამ, მერე მოულოდნელად თავი ჩემკენ გადმოხარა და ლოყაზე მაკოცა.
გაოცებულმა შევხედე.
- ეს ისე, მეგობრობის ნიშნად, ცუდ ჟესტად არ მიიღოთ, არ ვარ ცუდი კაცი, - თქვა და გაწითლდა.
უნებლიეთ გამეღიმა, სულაც არ გავბრაზებულვარ, როგორც მაკოცა, ისე მივიღე.
კვლავ გარეთ გამოვედით. ვაჟამ ამჯერად პალატები შემომატარა და ავადმყოფები გამაცნო. როგორ მიხაროდა ეს ყველაფერი…. მერე ყველას თავაზიანად დავემშვიდობე და სასიამოვნო განცდებით ავსებულმა დავტოვე კლინიკა, ხვალინდელი უკეთესი დღის მოლოდინში…
გაგრძელება იქნება