გიორგი გოგიჩაიშვილი დაიბადა 1968 წლის 28 აპრილს თბილისში, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, იოსებ გოგიჩაიშვილის და რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნანა დათუნაშვილის ოჯახში. საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სივრცეში, უმეტესწილად შემეცნებით-გასართობ პროექტებში მოღვაწეობით. სხვადასხვა დროს იყო "საზოგადოებრივი მაუწყებლის", ტელეკომპანია "იმედის", "რუსთავი 2"-ის და სხვა ტელერადიოკომპანიების თანამშრომელი. სხვადასხვა შოუს პარალელურად, რეგულარულად იყო ჩართული საბავშვო-საყმაწვილო სტუდია "ბასტი-ბუბუს" პროექტებში, როგორც სატელევიზიო სახე, ასევე, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გიორგი დაქორწინებული იყო ჟურნალისტ ნათია ბანძელაძეზე, რომელსაც 2010-2012 წლებში პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. წყვილს ორი შვილი, ნანუკა და ნინი ჰყავს. ორივე მათგანი მოდელი:, ნანუკა "ვიცე მის-საქართველო 2015"-ის, ნინი კი "მის-საქართველო 2018"-ის ტიტულის მფლობელია.
გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ. შვილის გარდაცვალებამ ნანა დათუნაშვილისა და იოსებ გოგიჩაიშვილის ცხოვრება სრულად შეცვალა.
"ჩემი ცხოვრება დიდი ხანია სხვანაირად შეიცვალა და სულ სხვა ემოციები მაქვს. ჩემი ტრაგედია სულ თან დამყვება. ამიტომ ყველაფერს სხვანაირად აღვიქვამ. ჩემი ემოციები არ არის სხვა ადამიანების ემოციების მსგავსი, კარჩაკეტილ ცხოვრებას ვეწევი. ასე მგონია, რომ ეს სამყარო უკვე ჩემი აღარ არის, მე უფრო იქით ვარ ფიქრებით და ემოციებით წასული. ხანდახან, როცა ვინმეს გავახსენდები და მიწვევენ გადაღებებზე, მაშინ ცოტა გამოვცოცხლდები ხოლმე. ამ დროს მაქვს გარესამყაროსთან შეხების წერტილები.
ნათია ძალიან ზრუნავს ჩვენზე. ერთს რომ დავიწუწუნებთ, მაშინვე ხან ექიმთან წაგვიყვანს. თვითონაც ძალიან კარგი ადამიანია და მეც ძალიან ბევრი კარგი გავუკეთე. ოჯახი და ბავშვები საკუთარ თავზე ავიღე და კარიერაში განვითარების საშუალება მივეცი.
ოჯახში ისეთი განცდა გვაქვს, რომ გიორგი სულ სახლშია და ბევრ რამეს გვიმსუბუქებს. თუ ვიხსენებთ ხოლმე გიორგის, მხოლოდ დადებითს, მხიარულ ისტორიებს. წარსულში არც გვიყვარს ლაპარაკი. ასეთი დამოკიდებულებით გადაგვაქვს ყველაფერი. გარეთ გასვლა იმიტომაც არ მიყვარს, რომ გიორგის სულ სახლში ვგრძნობ.
რასაც უნდა ვაკეთებდე, ფიქრებით სულ მასთან ვარ, სულ ისე ვიქცევი, როგორც მას უნდოდა. როცა ვიღაცებზე გავბრაზდებოდი ან ცუდს ვიტყოდი, გიორგიმ იცოდა ერთი სიტყვის თქმა: ,,დედა”. ახლაც სულ ასე ვიქცევი, როგორც გიორგის მოეწონებოდა", - ამბობდა ნანა დათუნაშვილი.
ნანა დათუნაშვილისა და იოსებ გოგიჩაიშვილის ოჯახი 63 წელს ითვლის.
"63 წელია უკვე. როცა დიდი სიყვარულია, იქ დათმობაც ბევრია. თუ გინდა, რომ მყარი ოჯახი გქონდეს, პატარა რაღაცებზე ჩხუბი არ უნდა ატეხო. შემდეგ შვილები არ გვაძლევდნენ იმის უფლებას, რომ ერთმანეთისთვის ხმამაღლა გვეთქვა რამე", - იხსენებდა ქალბატონი ნანა.
ამჯერად ნანა და იოსები შვილიშვილს, ნინი გოგიჩაიშვილს დუბაიში სტუმრობენ. ნინი უკვე რამდენიმე წელია, რაც იქ ცხოვრობს და საქმიანობს. გარდა სამოდელო სფეროსი, ის ჟურნალისტის ამპლუაშიც ხშირად ჩნდება. დუბაიში გიდობას ბებია-ბაბუას სწორედ ის უწევს და მათ ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს.
"ამ ორმა ადამიანმა ჩვენ გასაზრდელად ბევრი რამ დათმო. სანამ დედა და მამა ბავშვობიდან შრომაში იყვნენ, არაფერი რომ არ მოგვკლებოდა, ბებომ ბევრ როლზე და, რაც მთავარია, თეატრსა და საყვარელ პროფესიაზე თქვა უარი და სამი შვილიშვილი გაგვზარდა" - წერს ნინის და, ნანუკა გოგიჩაიშვილი.
"სულ მომწონდა, ევროპაში თავისი შრომით გამომუშავებული პენსიით მოხუცები მსოფლიოში რომ მოგზაურობენ. აეროპორტში რამდენჯერ მინახავს, 80 წლის ან უფრო დიდი ასაკის ცოლ-ქმარი ან მეგობრები სამოგზაუროდ რომ მიდიან. მთელი გულით მინდა, ვინც შრომობს, დაუფასდეს და უდარდელი სიბერე ჰქონდეს" - წერს ის.