ლოდინით გული გადამეწურა. ავწრიალდი, ლამის იყო, კივილი დავიწყე. მე ვიცი, რასაც ვიზამ, საუკეთესო ახალ წელს მოვიწყობ ჩემთვის, - მტკიცედ გადავწყვიტე და ლოგინიდან გამოვძვერი…
ერთ საათში ისეთ ფორმაში ვიყავი, ჰოლივუდის კინოვარსკვლავებსაც კი შეშურდებოდათ. საცხობში ჩავედი, ნამცხვრები ვიყიდე, ხილი და სასმელიც გამოვაყოლე, ლამაზი სუფრა გავშალე, სანთლები ავანთე და მაგნიტოფონი ბოლო ხმაზე ჩავრთე. თუ ქეიფია, ქეიფი იყოს, ამას მარტოც მოვახერხებ, მათ გარეშე-მეთქი, ჩემთვის ვლაპარაკობდი. ცალ ხელში შამპანურით სავსე ფუჟერი მეჭირა, მეორეში - ნამცხვრის ნაჭერი. შამპანურს ვწრუპავდი, ნამცხვარს ვაყოლებდი, თან ვცეკვავდი, თან ვმღეროდი… ერთი სიტყვით, მოლხენის ხასიათზე დავდექი. სასმელმა თავისი ქნა. ორი ჭიქის შემდეგ ისე გავხურდი, ყველანაირმა წყენამ გადამიარა, გავხალისდი. თითქოს ახლა აღმოვაჩინე, რა მშვენიერია ცხოვრება, რა სიამოვნებაა, როცა ვიღაც გიყვარს, როცა გენატრება, ელოდები, როდის გაიღებს მოწყალებას «მისი ბრწყინვალება» და გამოჩნდება, დაგაფასებს თავისი ვიზიტით თუ სატელეფონო ზარით…
სარკეში ჩავიხედე. ლამაზი ვიყავი, ძალიან ლამაზი. მივხვდი, რომ საკუთარი თავი არა მარტო მიყვარდა, მომწონდა კიდეც. ეს მკვრივი მკერდი, მრგვალი თეძოები, მაღალი წელი და სანთელივით ჩამოსხმული ფეხები ჩემია, მე მეკუთვნის. თვალები? კიდევ ვის აქვს ასეთი უძირო, იდუმალი, მომნუსხველად ნაცრისფერი თვალები? ეს ჩემი მთავარი იარაღია, რომლითაც ნებისმიერი მამაკაცის გული შემიძლია დავიპყრო, ერთი გასროლილი მზერით, ერთი გამოუცნობი შეხედვით… სანდროთი კი არ მთავრდება საკაცეთი…
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ კარზე ძლიერი ბრახუნის ხმა გაისმა…
* * *
მუსიკა გამოვრთე. ბრახუნი კვლავ განმეორდა. გულმა რეჩხი მიყო, ნიტას «ხელწერას» არ ჰგავდა. სანამ კარს გავაღებდი, სარკეში ჩავიხედე, მშვენივრად გამოვიყურებოდი. შემოსასვლელისკენ, რატომღაც, ფეხის წვერებზე გავემართე და სათვალთვალოში გავიხედე, რომლისთვისაც ვიღაცას ხელი აეფარებინა.
- ვინ არის? - დავიძახე და პასუხის მოლოდინში ჭერს ავხედე დოინჯშემოყრილმა.
- სტუმრები ვართ, - ნიტას ხმა ვიცანი.
ხელები ამიკანკალდა, მკლავებზე ხორკლებმა დამაყარა ნერვიულობისგან - იქნებ ისიც მოვიდა?
კარი გავაღე… ზღურბლთან თვალებგაბრწყინებული ნიტა იდგა უზარმაზარი თაიგულით ხელში.
- არ მელოდი, არა? - მხიარულად შესძახა და ოთახში შემოიჭრა.
ის იყო, შემობრუნებას ვაპირებდი, რომ სიბნელიდან ჯერ ჯიმი გამოჩნდა შამპანურის სამი ბოთლით ხელში, მერე კი სანდრო - მუყაოს დიდი ყუთით, ალბათ, ნამცხვრები თუ მოჰქონდა. სიტყვით ვერ გადმოვცემ, რა დამემართა. გავშეშდი, ადგილიდან ვერ ვიძროდი.
- გილოცავ ახალ წელს, ჩემო კარგო, - თქვა ჯიმიმ და ლოყაზე მაკოცა.
- მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი, - ძლივს ამოვილუღლუღე.
- ბედნიერებას გისურვებ, - მითხრა სანდრომ და თვალი თვალში გამიყარა.
კინაღამ წამომცდა, შენთან ერთად-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე.
- მეც, - მოკლედ მოვჭერი.
სანდრო ჩემკენ გადმოიხარა საკოცნელად. ჩემდა უნებურად, ლოყის ნაცვლად ტუჩები მივუშვირე. ოდნავ შემეხო. ცივი ტუჩები ჰქონდა, მაგრამ მისი კოცნის გემო მაინც ვიგრძენი. ნეტარებისგან წამით თვალები დავხუჭე. ღმერთო, როგორ მინდოდა ეს წამები გაგრძელებულიყო. სასიამოვნო ჟრუანტელმა მთელ სხეულში გავარვარებულ ლავასავით დამიარა.
- ხომ არ შეგაწუხეთ, სოფიო, ასე რომ შემოგეჭერით? - ღიმილით მომიბრუნდა ჯიმი.
- არა, რას ამბობთ, ძალიან გამახარეთ, - ისეთი ბედნიერი ვიყავი, მეგონა, დავფრინავდი.
- მუსიკის ხმა რომ გამოდიოდა, ვიფიქრე, სტუმრები ჰყავს და უჩემოდ ქეიფობს-მეთქი და საყვედურის თქმას ვაპირებდი, - ნიტამ თვალი ჩამიკრა.
- არა, მარტო ვარ, - მორცხვად ვთქვი.
- და შენთვის უბერავ, არა? - გადაიკისკისა ნიტამ.
- აბა რა ვქნა, გამოვყრუვდი სახლში, - ვიმართლე თავი.
- მერე ვისი ბრალია? წამოსულიყავი ჩვენთან და მაგარ დროს გაატარებდი. დილიდან ვგიჟობთ. ეს ყვავილები ჯიმიმ გიყიდა, სად წავიღო?
- ლარნაკი საძინებელშია, ისე მეკითხები, თითქოს არ იცოდე.
- რა მახსოვს, სოფიო, ამ ბოლო ხანებში ყველაფერი მავიწყდება. გუშინ მთელი დილა სათვალეს ვეძებდი და თურმე თავზე არ მქონია დაკოსებული? - ისევ გადაიკისკისა ნიტამ და ლარნაკის მოსაძებნად გავიდა.
- ეს იმიტომ, რომ ზამთარში არაა სათვალე საჭირო, ასე არ არის, სოფიო? - დაასკვნა ჯიმიმ და თანამოაზრესავით შემომხედა, დამიდასტურეო.
- მაგაში გეთანხმებით, მაგრამ ნიტა ზამთარ-ზაფხულ არ იშორებს სათვალეს, სულ უკეთია, - გავამართლე მეგობარი.
სანდრო ხმას არ იღებდა, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დადიოდა წინ და უკან და ბინას ათვალიერებდა.
- ლამაზი სახლია… შენსავით, - გამომხედა და ორაზროვნად გამიღიმა.
- ჰო, არა უშავს, - ვუპასუხე და მისი მზერით მონუსხულმა თავი დავხარე, სახეზე ალმური წამეკიდა.
- სუფრაც გაშლილია, ქეიფის გაგრძელების მეტი არაფერი დაგვრჩენია, - ნიტა ოთახში ლარნაკით ხელში შემობრუნდა, - ამ ყვავილებს კარადაზე შემოვდგამ, მაგიდაზე ხელს შეგვიშლის.
- სადაც გაგიხარდება, იქ დადე, რა მნიშვნელობა აქვს, - მხრები ავიჩეჩე და მაგიდის განახლებას შევუდექი.
სტუმრების მოტანილი ყუთი გავხსენი, ნამცხვრები ამოვალაგე და ორ თეფშზე გადავანაწილე.
- აბა, დავსხდეთ. ჯიმი, ჩამოასხი, რა! - ნიტა აქტიურობდა, - სანდრო, შენ აგერ დაჯექი, მაგიდის თავში, მე სოფიოს მივუჯდები გვერდით.
- არ მინდა მაგიდის თავში, მე თქვენ წინ მოვკალათდები და გიყურებთ, როგორ დათვრებით ლამაზი ქალები, - გაიხუმრა სანდრომ.
- მე აუცილებლად შენ გვერდით უნდა მოვხვდე, ჩემო აღმაფრენავ! - გამოაცხადა ჯიმიმ და დაელოდა, ნიტა სად დაჯდებოდა.
- როგორმე აქაც არ მომასვენო. გირჩევნია, შენს ცოლ-შვილს მიხედო, პატივცემულო! - გაიპრანჭა ნიტა, გრძელი ქვედაბოლო ერთმანეთზე გადაიდო და დაჯდა.
მე მარჯვნივ მივუჯექი, ჯიმი - მარცხნივ. სანდრო ზუსტად ჩემ წინ აღმოჩნდა. ისევ გამიყარა თვალი თვალში, ისევ დამიარა ცხელმა ტალღამ. ამ თვალების შემოხედვას ვერ ვუძლებდი, რაღაც საშინელება მემართებოდა.
- აბა, ბუჩქი, ბუჩქი, - კეკლუცობდა ნიტა.
ერთმანეთს ახალი წელი მივულოცეთ და ყველამ დავლიეთ.
- ერთი ამათ უყურე, სანდრიკ, რა მსმელი ქალები არიან, ხედავ შე-ენ? - ხელი ხელს შემოჰკრა ჯიმიმ.
- არამარტო მსმელი, დამრტყმელიც, - შენიშნა ნიტამ და ნიშნისმოგებით დაუქნია თავი ჯიმის.
- რას მელაპარაკები, ქალბატონო, ეგეთებიც შეგიძლია?
- სცადე და ნახავ, თუ არ გჯერა, - ვალში არ დარჩა იგი მამაკაცს.
- მე მშია, იცით? - თქვა უცებ სანდრომ.
ელდა მეცა, სახლში ერთი ნამცეცი არაფერი მქონდა, პურიც კი არ მიყიდია მეორე დღეა.
- ვაიმე, მაცივარი გამოცარიელებული მაქვს, ჩავალ, რამეს ამოვიტან, - შეწუხებული ფეხზე წამოვხტი.
- არ გინდა, სად უნდა წახვიდე, რა სისულელეა. შენ რაღა მოგივიდა, სანდრიკ, რა დროს ჭამაა, რესტორნიდან არ მოდიხარ, ადამიანო?
- არც იქ მიჭამია არაფერი.
- ეგრეა, ეგრე, რაღაც ამ ბოლო ხანებში ცოტას ჭამ, რაშია საქმე? - მრავალმნიშვნელოვნად იკითხა ჯიმიმ.
- სხვა დროს ხომ ერთი ხარი არ მყოფნიდა, აი, - სანდრომ თავი გადააქნია.
- იცით… კარტოფილი მაქვს, ახლა გამახსენდა, უცებ გავთლი და შევწვავ, - წამოვიძახე გახარებულმა.
- აჰა, კარტოფილი კარგია. ნიტა, მე და შენ ჩავიდეთ და პური ამოვიტანოთ. ტყემალი გაქვს? - მკითხა ჯიმიმ.
- ტომატის საწებელა მაქვს, არ წავა?
- მაგას რა ჯობია, კიდევ უკეთესი. წამო, ნიტა, ჩავიდეთ რა, მარტო მეზარება.
- წავიდეთ, რა გაეწყობა, - ნიტას მაინცდამაინც არ ეხამუშა შემოთავაზება, მაგრამ უარიც ვერ თქვა.
სამზარეულოში თითქმის ბარბაცით გავედი, ჯამში წყალი ჩავასხი, კალათიდან კარტოფილი ამოვყარე და გათლას შევუდექი.
- მოგეხმარო? - სანდრო მომიახლოვდა და ჩემ უკან დადგა.
- არა, გმადლობთ, - ცეცხლი წამეკიდა სხეულზე.
- რაღაც უხასიათოდ მეჩვენები, ასეა? - თქვა, თმა გადამიწია და კისერზე გაშლილი ხელი დამადო.
ლამის იყო, კვნესა აღმომხდა.
- ცუდად ვარ, - კი არ ვთქვი, დავიკნავლე.
- რა დაგემართა?
- მოვიწამლე, - ხამამაღლა წარმოვთქვი და მოვტრიალდი. ჩემი მკერდი მისას შეეხო.
- მოიწამლე? რითი? - სანდრო ტუჩებზე მიყურებდა.
- შენი სიყვარულით. ჩემი სისხლი შენი სიყვარულითაა მოწამლული. ამის განკურნება შეუძლებელია, სანდრო, აღარაფერი ეშველება.
- ვითომ? - თავი გვერდზე გადახარა და ზემოდან დამხედა, - რა მაგის პასუხია, მაგრამ არაჩვეულებრივად ლამაზი მხრები გაქვს და საოცრად მაღალი ყელი.
- მართლა?
- მართლა.
- შენი იყოს, თუ გინდა.
- თუ მინდა?.. მინდა რომელია, მაგრამ არ შემიძლია, სოფი.
- რატომ?
- ასეთ ძვირადღირებულ საჩუქარს ვერ მივიღებ, უფლება არ მაქვს.
- რატომ გგონია, რომ უფლება არ გაქვს?
- იმიტომ, რომ ვერ გავუფრთხილდები, არ მინდა დავაზიანო, არ მინდა გამიტყდეს…
- არა უშავს, მე მემეტება. მე გჩუქნი, რაც მთავარია. რა მოუვა, არ მაინტერესებს.
- დავიჯერო, ასეთი უგულო ხარ? - თვალებმოჭუტულმა გამიღიმა და მზერა ახლა ჩემს მკერდზე გადაიტანა. მისი სიახლოვე თავბრუს მახვევდა.
- ამ ბოლო ხანებში კი, ნამდვილად უგულო გავხდი.
- რატომ, რა მოხდა?
- ერთი გული მქონდა და ისიც დავკარგე.
- დაკარგე? სად?
- ვიღაცამ მომპარა, - ჩვენ ბანალურად ვფლირტაობით, მაგრამ ეს ფლირტი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა.
- მითხარი, ვინ გაბედა ეს და სასტიკად დავსჯი, - სანდრომ შუბლი შუბლზე მომადო, მისი ცხელი სუნთქვა სახეში მცემდა.
_ მე თვითონ დავსჯი, შენ დახმარება არ მჭირდება.
_ და როგორ დასჯი?
_ აი, ასე, _ ვთქვი გაბედულად, თავი ავწიე, თმა უკან გადავიყარე და ყელზე დავადე სურვილისგან გამშრალი ტუჩები.
მამაკაცმა ერთი ამოიგმინა, ცალი ხელი წელზე მომხვია, მეორე თმაში შემიცურა და მძლავრად მიმიკრა გულზე. მერე…
მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია. სანდროს ტუჩებმა ადვილად იპოვეს ჩემი ტუჩები.. მის მკერდზე მიხუტებულს მესმოდა, როგორ უცემდა გული, როგორ გაუხშირდა სუნთქვა, ტუჩებიც გახურებოდა. აღარაფერი მახსოვდა, თავდავიწყებას მივეცი. მკერდი ვნებიანად მიღელავდა, ძუძუსთავები ჩემდა უნებურად მიიწევდნენ მამაკაცისკენ, მთელი ძალით ეგლისებოდნენ მის ფართო გულმკერდს. არ ვიცი, სანამ გაგრძელდებოდა ეს ღვთაებრივი ნეტარება, ნიტას ხმა რომ არ გამეგონა. მეხნაკრავივით მოვწყდი მამაკაცს, თმა გავისწორე, შევტრიალდი, დანას დავტაცე ხელი და კარტოფილის გათლა გავაგრძელე ვნებისგან აძიგძიგებულმა. სანდროც მსწრაფლ გამერიდა და ონკანის წინ დადგა, წყალი მოუშვა, ჭიქა შეუშვირა, აავსო და მოიყუდა.
ნიტა და ჯიმი სიცილით შემოვიდნენ სამზარეულოში.
_ რა ჰქენით, გათალეთ? _ ნიტამ პურები მაგიდაზე დააწყო, ძეხვი და კვერცხიც ამოალაგა პარკიდან.
_ ასე უცებ კიო კი არ ვიყავი, ვთლი, _ ვთქვი აჭარხლებულმა.
_ მე კი ძლივს გავგრილდი, _ გაიღიმა სანდრომ და ჭიქა ონკანის კიდეზე შემოდგა, თან მრავლისმეტყველი მზერა მესროლა.
_ გინდა მოგეხმარო? _ ნიტა მომიახლოვდა.
_ არ მინდა, ცოტაა, უცებ მოვრჩები, _ ვიუარე.
_ ტაფას დავადგამ, იქამდე გაცხელდება, _ საქმიანი კილოთი წარმოთქვა და დატრიალდა.
_ შეხედე, რა დიასახლისები იზრდებიან ჩვენ თვალწინ, ნეტა იმათ, ვის ოჯახშიც ესენი შევლენ, _ გაიხუმრა ჯიმიმ.
_ კაცები თუ იქით გახვალთ და ხელს არ შეგვიშლით, კარგს იზამთ, _ ხმა გაიმკაცრა ჩემმა დაქალმა და დემონსტრაციულად გახედა მამაკაცებს.
ბიჭები გავიდნენ. მე და ნიტა მარტონი დავრჩით.
_ რაო, რა გითხრა? _ საიდუმლოდ მიჩურჩულა ნიტამ.
_ არაფერი, რა უნდა ეთქვა, _ არ შემიხედავს, ისე ვუპასუხე სევდიანი ხმით.
_ აბა რისთვის დაგტოვეთ მარტო, ვერაფერი ათქმევინე, გოგო? ჰმ! _ წაიბუზღუნა ნიტამ და კარადიდან ზეთის ბოთლი გამოიღო.
_ ძალით ხომ არ ავალაპარაკებ, რა ვქნა.
_ ისე, იცი, რა მაგარი ტიპია? მაგიჟებს. ასე მამაკაცი ჯერ არ მომწონებია. სოფიო, რა ბედნიერი ხარ, შენ რომ მოსწონხარ. ნეტავ მე მიყურებდეს ასე.
_ არ გინდა, რა, მე დიდად არ მაღელვებს მისი ყურება.
_ ჰოდა, მაშინ მე დამითმე. გინდა, ჩემს ყველა თაყვანისმცემელს შენ გადმოგილოცავ, შენ კი სანდრო დამითმე, მოსულა?
სიცილი ამიტყდა.
_ მოსულა, შენი იყოს.
ტაფაზე ზეთი აშიშინდა. მერე ნიტაც მომეხმარა, კარტოფილი წვრილად დავჭერით და ცხელ ტაფაზე დავყარეთ. რამდენიმე წუთში კერძი მზად იყო. შემდეგ კვერცხიც შევწვით ძეხვთან ერთად და სუფრაზე მივიტანეთ.
_ ჰო, ჰო, ჰო, რა საამო სურნელი დატრიალდა სახლში! _ ბუბუნებდა ჯიმი და კმაყოფილებისგან ხელებს ერთმანეთს უსვამდა, _ სანდრიკ, შენი არ იყოს, მეც მომშივდა.
ჭამის თავი ნამდვილად არ მქონდა, ჯერ კიდევ მიხურდა სანდროს ნაკოცნი ტუჩები, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ზრდილობის გულისთვის რამდენიმე ლუკმა გადავყლაპე.
სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოჰყვა. ნელ-ნელა შევთვერით. ნიტას მგონი, ბევრიც მოუვიდა, რომ მოვიდა, ისედაც ნასვამი იყო.
_ მეტი არ დალიო, გეყოფა, _ მის ჭიქას ხელი დავაფარე.
_ რატომ, არ ვარ მთვრალი, დედის სულს გეფიცები, _ არეული თვალებით შემომხედა.
_ ყველაფერს აჯობებს, წამოხვიდე და დაწვე, ფეხზე ძლივს დგახარ უკვე.
_ არ მინდა, სოფიო, ნუ მაძალებ, რა.
_ გინდა, დამიჯერე. მამაშენს მე დავურეკავ და ვეტყვი, რომ ამაღამ ჩემთან რჩები.
რის ვაივაგლახით წამოვაყენე და საძინებელში ბანცალ-ბანცალით გავიყვანე. გაუხდელად მივაწვინე ლოგინზე და საბანი გადავაფარე.
_ ისინი წავიდნენ? _ ძლივს ლუღლუღებდა მთვრალი.
_ არა, მაგრამ მალე წავლენ, დაიძინე, _ შუქი ჩავაქრე და ოთახიდან გამოვედი.
ჯიმი სიგარეტს ეწეოდა, სანდროს ჩანგალი დაეკავებინა ხელში და ჭიქას უწკარუნებდა.
_ ჩვენ წავალთ, გვიანაა უკვე, _ ჩემს დანახვაზე სანდრო ფეხზე წამოდგა.
_ არა, რატომ, იყავით, _ მასპინძლისეული დავიჭირე და სანდროს მუდარით სავსე მზერა ვესროლე.
_ ერთიც დავლიოთ და წავიდეთ, _ თქვა ჯიმიმ და ჭიქები შეავსო.
_ სიყვარულს გაუმარჯოს, ჩემო სოფიო, ნამდვილ, ჭეშმარიტ სიყვარულს, ღამე რომ არ გაძინებს და დღე რომ არ გასვენებს, იმ სიყვარულს. ალავერდი შენთანა ვარ, იცოდე, _ მომიჭახუნა მამაკაცმა და შეუსვენებლივ დალია.
_ შენს სიყვარულს გაუმარჯოს, ჯიმი, _ ხაზგასმით წარმოვთქვი და ოდნავ მოვსვი.
სანდრო არ განძრეულა, თავდახრილი იდგა და მაგიდას დასჩერებოდა.
_ შენ არ სვამ, სანდრიკ? არ გინდა სიყვარულის სადღეგრძელო დალიო? _ ჯიმიმ ბოკალი დადგა და ტუჩები ხელით მოიწმინდა.
_ შენს სიყვარულს ვადღეგრძელებ, ჯიმი, მაგრამ დალევით ვერ დავლევ, ხომ იცი, დილიდან ვსვამ.
_ კი არ სვამ, დილიდან… _ აღარ გააგრძელა ჯიმიმ და ირონიულად გახედა ძმაკაცს.
გაგრძელება იქნება