ლიკა ჩავლეიშვილი ემიგრაციაში წასვლამდე სხვადასხვა დროს მუშაობდა ბანკსა და პროფესიულ სასწავლებელში, მაგრამ საჭიროებები მას მერე გაიზარდა, რაც ორ შვილთან ერთად მარტო დარჩა. თავიდან ემიგრაციაში მყოფ დას ჩააკითხა საბერძნეთში, რომელიც ავად იყო და ლიკას დახმარება სჭირდებოდა, მერე, რადგან უკვე საბერძნეთამდე ჩავიდა, გადაწყვიტა, დარჩენილიყო, ემუშავა და ბინის ფული დაეგროვებინა, მას და მის შვილებს სახლი არ ჰქონდათ:
„რომ ჩამოვედი, შვილებს დავურეკე და ვუთხარი, თეატრთან მიდით, ერთი ქალი გელოდებათ-მეთქი, არ იცოდნენ, რომ ჩამოვდიოდი. იმ ღამეს ბავშვებს თვალი არ დაუხუჭავთ. გათენებამდე ასე ვიყავით, ერთი მარჯვნივ იჯდა, მეორე – მარცხნივ, ხელებს არ მიშვებდნენ. ანდრეას ვკითხე, დედა, რატომ არ იძინებ-მეთქი. მეშინია თვალების დახუჭვის, რომ გავახელ და არ დამხვდეო?
მივხვდი, რომ შვილების ეს განცდები არაფრად ღირს. ამიტომ დავბრუნდი ემიგრაციიდან, ეს ჩემი ცხოვრების ჯოჯოხეთური 7 თვე იყო.
ბავშვები ბებოსთან მყავდა დატოვებული. 7 თვეს გასტანა ჩემმა ემიგრაციამ. თავიდან ეტლით მოსარგებლე ორ ქალს ვუვლიდი, მხოლოდ სახეს ამოძრავებდნენ, მეტს ვერაფერს გრძნობდნენ. ხელები ვიყავი ამ ქალებისთვის, ღამითაც მათთვის უნდა გამეწია მეთვალყურეობა. ორ დღეში მივხვდი, რომ ვერ გავძლებდი და სხვა სამსახურის ძებნა დავიწყე. მეორე ოჯახში 90 წლის მოხუცი ჰყავდათ. ეტლიდან დღეში 3-4-ჯერ უნდა გადამესვა სკამზე და მერე ისევ გადმომესვა. თუმცა აქ უფრო მარტივი იყო, რუსული ესმოდათ ოჯახში და ვაგებინებდით ერთმანეთს.
შვილები არასდროს დამიტოვებია და გაუსაძლისი აღმოჩნდა ჩემთვის მათი სიშორე. ძალიან ცოტა მქონდა ხელფასი და ბინის ფულს წლები ვერ დავაგროვებდი, ამას მალევე მივხვდი. გამოდიოდა, რომ უნდა ვქცეულიყავი საფულედ, გავგზავნიდი ბავშვებთან ხელფასს, რომელიც თვის ბოლოს აღარ იქნებოდა და ასე დაუსრულებლად. გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი შვილებთან და თუნდაც მხოლოდ ერთი ლუკმა პური გვქონოდა ყოველდღე."
ემიგრაციიდან დაბრუნება რომ გადაწყვიტა, ბევრს ფიქრობდა, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა საქართველოში, რითაც შვილების მოვლა-პატრონობასაც შეძლებდა და სამომავლოდ ბინასაც იყიდდა.
ემიგრანტი დისგან საბერძნეთშივე გაიგო ლიკამ მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციის შესახებ, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში აპირებდა დაბრუნებას. ამის შემდეგ მას თვითმფრინავის ბილეთი უყიდეს და 1000 ევრო გადასცეს.
დაბრუნებამდე 2 დღით ადრე დაურეკეს მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციიდან და უთხრეს, რომ მცირე ბიზნესსაც დაუფინანსებდნენ 4000 ლარით:
„იმედი მომეცა, რომ საქართველოში ჩამოსული ხელცარიელი არ ვიქნებოდი, რამეს დავიწყებდი და ბევრად მეტს გამოვიმუშავებდი, ვიდრე ბანკში მუშაობისას მიხდიდნენ საქართველოში.
გრანტით ტექნიკა ვიყიდე: დიდი მაცივარი, მიქსერი, მიკროტალღური და ელექტროღუმელი. პირველი ეტაპისთვის ჩემთვის ეს სრულიად საკმარისი იყო.
პირველ აგვისტოს დავიწყე მუშაობა, 6 თვე მაინც სჭირდება ბიზნესს, რომ ფეხზე დადგეს. მინდა, ჩემი საკონდიტრო კაფე მქონდეს, განვვითარდე და ფეხზე დავდგე“, - ამბობს ლიკა.
იგი ახლა ოზურგეთში ტორტებსა და ნამცხვრებს აცხობს. შეკვეთა ბლომად აქვს, ყველა ცნობს ოზურგეთში მის ტორტებს. ცხობა დებმა ასწავლეს, წლების წინ სწორედ დებს ეხმარებოდა საკონდიტრო ნაწარმის მომზადებაში და ეს საქმე ასე ისწავლა.