ესეც ასე. საბუთები გააფორმეს და ნახევარ საათში კლინიკის სრულუფლებიანი წევრი გავხდი - ექიმი-ანესთეზიოლოგი. პირადობის მოწმობა ჩანთაში ჩავიდე და გარეთ გამოვედი. უროლოგიური მესამე სართულზეა. არა, ლიფტით არ ავალ, ჯობია, ფეხით ავიდე, ცოტა გამინელდება ეიფორია. კიბეს ავუყევი. ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან…
საორდინატოროში შევიხედე. წამით სული შემიგუბდა - ოთახში სანდრო და ნანკა ისხდნენ და რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ. დავიძაბე. ჩემ დანახვაზე პირველს მოექუფრა სახე, მეორეს - გაებადრა.
- დილა მშვიდობისა, - დაბნეულად მივესალმე ორივეს და მექანიკურად შევაბიჯე ოთახში.
- გაგიმარჯოს, სოფიო, მობრძანდით. ჩვენთან იწყებთ დღეიდან მუშაობას, არა? - ნანკამ სკამზე მიმითითა.
- ჰო, ვიწყებ. არა, არა, დასაჯდომად არ შემოვსულვარ. უბრალოდ, მაინტერესებს, ქალაქზე როგორ უნდა დამირეკონ, რა ნომერია? - სპონტანურად რაც მომაფიქრდა, ის ვიკითხე.
- 29-29. ხედავ, რა «ბლატნოი» ნომერი გვაქვს? შენთანაც არის პარალელური ხაზი, აპარატი, მგონი, დგას შენს კაბინეტში, არა, სანდრო? - ნანკამ ფეხზე გადადებულ ფეხს თითები ააყოლა, სანდრომ - მზერა, - შიდა კი 322-ია ჩვენი, შენი - 326.
- დიდი მადლობა, ეგ მაინტერესებდა, ყოველი შემთხვევისთვის, ჩავიწერ, რომ არ დამავიწყდეს. ბოლო ხანებში რაღაც გულმავიწყობა დამჩემდა, - ნანკას ფეხებს მეც ავაყოლე მზერა, თან ჩანთიდან ბლოკნოტი და კალამი დავაძრე, რომ ნომრები ჩამეწერა.
- სხვათა შორის, მეც. ნეტავ, რისი ბრალია? - ამყვა ნანკა, - შენ, სანდრო?
- რა მე-ე? & როგორც ჩანს, ის ჩვენს საუბარს არ უსმენდა.
- შენც გავიწყდება რაღაც-რაღაცები?
- რაღაცები კი არა, «ყველაცები» დავივიწყე, განსაკუთრებით ის, რისი გახსენებაც არ მსიამოვნებს, - ადვილი მისახვედრი იყო, რომ ეს ჩემ გასაგონად ითქვა.
- დაივიწყე კი არა, შენც გავიწყდება-თქო, გკითხე, გამოშტერებულო, - თავში მსუბუქად წამოარტყა ხელი «კლინიკის დედოფალმა» კლინიკის «მაესტროს».
- აუ, თავი დამანებე, არ მაინტერესებს, რა მკითხე, - უხეშად გამოუვიდა სანდროს, წამოდგა, ცივად ჩამიარა გვერდით და ოთახიდან გავიდა.
- რა ეტაკა ნეტავი, ვერ არის, ხომ იცი. აი, ამიტომ ვერ ვიტან, ჩემო სოფიო, ცოლშვილიან კაცებს. შენ გათხოვილი ხარ? - ძალიან შინაურულად მკითხა უცებ.
- არა, - ვუპასუხე და გავწითლდი.
- არც მე. ან კი რა ყრია ამ გათხოვებაში, შენი ჭირიმე, ქალებს ჭკუა არა გვაქვს. არ ვარ მართალი? - მხიარულად შესძახა და ხელი ხელს შემოჰკრა.
პასუხად მხოლოდ გავუღიმე და გამოვბრუნდი, რომ დროზე შევსულიყავი ჩემს კაბინეტში, უკვე სული მეხუთებოდა…
ოთახში შევედი თუ არა, შვებით ამოვისუნთქე. აქ თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი, დაძაბულობა სადღაც გაქრა. რა საზიზღარი კაცია, როგორ იქცევა. ვიცოდე მაინც, რა დავუშავე, რას მერჩის? თვითონ არის ყველაფერში დამნაშავე და მე რატომ მებუტება, ვერ ვხვდები.
გასაღები მაგიდაზე დავაგდე, ჩანთა სკამზე გადავკიდე და ჩამოვჯექი. ცოტა ხანში მთავარ ექიმთან შევალ, დაველაპარაკები, რა გავაკეთო, როგორ ვიმუშაო, პრეპარატების საქმე როგორ არის, რამდენი ოპერაცია ტარდება კვირაში, ზუსტად რა მევალება და ა.შ. მერე ნელ-ნელა გავერკვევი ყველაფერში და მუშაობას შევუდგები. იმედია, თავს გავართმევ და სირცხვილს არ ვჭამ, სხვების სალაპარაკო არ გავხდები. ეს ვაჟა სადღაა? რაღაც მომეწონა ის ბიჭი, მოვიდეს მაინც, დაველაპარაკო. ამ ნანკასთან ალბათ ვერასდროს გამოვნახავ საერთო ენას, ძალიან გატყლარჭული ვინმეა, არ მიყვარს ასეთი ქალები. ცოტა ვულგარულიცაა, მგონი. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.
- მობრძანდით, - გავძახე და იმ ვიღაცის შესახვედრად მოვემზადე.
სანდრო იყო. შევეცადე, მშვიდი სახე მიმეღო, აღელვება არ შემტყობოდა. მას ნამდვილად არ ველოდი.
- შეიძლება? - მისი ხმა დამთბარი მეჩვენა.
- რა თქმა უნდა, - ვითომც არაფერი, ოდნავ წამოვიწიე და ჩემდა უნებურად, სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, მაგიდიდან გასაღები ავიღე და ჩანთაში ჩავაგდე.
- თუ ნებას დამრთავ, დავჯდები, - თქვა და გაიღიმა.
როგორ შეცვალა ღიმილმა, უხეში ნაკვთები თითქოს დაურბილდა.
წვერი ოდნავ ჰქონდა წამოსული, ალბათ დილით არ გაუპარსავს. ვერ მოასწრო თუ?.. - ამეკვიატა ფიქრი.
- როგორ ხარ? - ხმის ინტონაცია არ შეუცვლია, ისე მკითხა.
მხრები ავიჩეჩე პასუხის ნიშნად და ისევ გავსწორდი ჩემს მბრუნავ შავ სავარძელში.
- კითხვა არ უნდა, ვხედავ, რომ კარგად ხარ, - თვითონაც დაჯდა, თითები ერთმანეთს შეატყუპა, ნიკაპით ჩამოეყრდნო და… გავიგონე ის, რისი გაგონებაც მსურდა, - ათი წლით ახალგაზრდად გამოიყურები… ახლა რამდენი წლის ხარ? - მკითხა და თვალებმოხუჭულმა გამომხედა.
გამეცინა.
- მთავარი ის კი არ არის, რამდენი წლის ვარ, არამედ ის, როგორ ვგრძნობ ამ წლებს. მე ჯერ კიდევ თვრამეტის ვარ, სანდრო, - ვუთხარი და მრავალმნიშვნელოვნად შევხედე.
- სრულიად გეთანხმები. უდარდელი ადამიანები არ ბერდებიან.
- სხვათა შორის, არც შენ ხარ შეცვლილი, როგორიც მახსოვხარ, ისეთივე დარჩი.
- შეიძლება… - წამით სიჩუმე ჩამოვარდა, - აი, ნიტა კი მოტყდა, ვერ იცნობ, ისეთი შეცვლილია.
- ბავშვები? რამდენი გყავს?
- ორი… გოგო და ბიჭი. დიდები არიან უკვე.
- ვიცი.
- იცი? საიდან? - გვერდზე გადაიხარა და იდაყვით სავარძლის სახელურს დაეყრდნო, თან თვალი არ მოუცილებია ჩემთვის.
- მას შემდეგ ხომ თოთხმეტი წელი გავიდა.
- ჰმ, როგორ დაგიმახსოვრებია…
- შენგან განსხვავებით, მე ყველაფერი მახსოვს, არაფერი მავიწყდება, ისიც კი, რისი გახსენებაც არ მსიამოვნებს, - მისივე სიტყვები მოვუტრიალე.
- აქ ვინ მოგიყვანა? - სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი, - იცოდი, აქ რომ ვმუშაობდი?
აი, თურმე, რა ადარდებს, რისი გაგება სურს.
- არა, არ ვიცოდი. მერე რა? - გამჭოლი მზერა ვესროლე, თვალი ამარიდა.
- არაფერი.
- შენი აზრით, რომ მცოდნოდა, სამსახურზე უარი უნდა მეთქვა? ეგ გაინტერესებს?
- არა, ეგ არა. უბრალოდ, არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩემს კვალს გამოჰყევი.
- ანუ შენ დაგდევ უკან? რა სისულელეა! შენი არსებობის შესახებ საუკუნეა, არაფერი გამიგია, ან კი რაში მჭირდებოდა! - აღვშფოთდი.
- დაწყნარდი, სოფიო, დამშვიდდი, - ხელზე ხელი შემახო.
თითქოს შხამიანი მწერი შემხებოდეს, ისე გამოვწიე ხელი. «სოფიომ» კი საბოლოოდ გამანადგურა. უცებ სოფიო გავხდი მისთვის. ეს რაღაც ახალია. თუმცა სხვას რას ველოდი მისგან ამდენი წლის მერე? წლებს ხომ თავისი მიაქვს.
- იცი? აქ საქმის გასარჩევად არ მოვსულვარ. უბრალოდ, ერთი რამ მინდა შეგითანხმო. აქ არავინ იცის, ჩვენ რომ ერთმანეთს ვიცნობთ, არც მინდა გაიგონ. მე კარგი რეპუტაციით ვსარგებლობ და…
- ჩემი ნაცნობობა რეპუტაციას შეგილახავს, სანდრიკ? - ისე სარკასტულად გამომივიდა, საკუთარ თავზე გავბრაზდი, თავი როგორ ვერ შევიკავე-მეთქი.
- ეგ არ მიგულისხმია, დამამთავრებინე სათქმელი, გთხოვ. არ დაგიმალავ და გეტყვი, რომ შენმა გამოჩენამ თავზარი დამცა.
- რაღაც ვერაფერი შეგატყვე მაგდაგვარი და თუ ასეა, გეტყვი, რომ კარგი მსახიობი ყოფილხარ. ყოველთვის ასე კარგად თამაშობდი? მაშინაც? - თავს ვერ ვთოკავდი.
მან თითქოს ვერ გაიგონა ჩემი ნათქვამი, მშვიდად გააგრძელა.
- ორი ღამეა, არ მძინებია, ვაანალიზებ ყველაფერს. რადგან ერთად გვიწევს მუშაობა და, შესაბამისად, ყოფნა, ორივე უნდა ვეცადოთ, არავინ არაფერი შეგვატყოს. არ მინდა ჩვენი ძველი სიყვარულის შესახებ ვინმემ რამე გაიგოს.
- სიყვარულის? - ფეხზე წამოვიჭერი განრისხებული, - რომელი სიყვარულის? მე შენ როდის გყვარებივარ? როდის ერთხელ გითქვამს, მიყვარხარო?! შენ მშიშარა იყავი, სანდრო, მხდალი, გაუბედავი… ვერ გარისკე, ვერ გაბედე ჩემი შეყვარება. ეს მხოლოდ ძლიერ მამაკაცებს შეუძლიათ. სიმამაცე ოქროს მონეტასავითაა, რომ იცოდე. ზოგი მას უცებ ხარჯავს, ზოგი კი ინახავს, რომ გამოიზოგოს. შენ კი… უყოყმანოდ, დაუფიქრებლად, უსიყვარულოდ დახარჯე იგი სულ რაღაც ერთ საათში, თანაც არა ჩემთვის, არამედ სულ სხვა ქალისთვის. მისი გულისთვის თამამად გადადგი შენთვის არასასურველი, მაგრამ ორივესთვის საჭირო ნაბიჯი. მას სახელის შენარჩუნება სჭირდებოდა, შენ კი თავი გადაირჩინე მაშინ, როცა შეგეძლო, ჩემი სიყვარული გადაგერჩინა. თუმცა ნაკლებად გაღელვებდა იმ დროს სოფიო, იმიტომ, რომ არ გიყვარდი, იმიტომ, რომ შენთვის არაფერს წარმოვადგენდი და არა იმიტომ, რომ არ გამწირე ცუდი ცხოვრებისთვის.
- შენდამი გულგრილი არასდროს ვყოფილვარ, შენ ეს კარგად იცი, - მონოტონურად აგრძელებდა სანდრო, თითქოს ჩემ გაკაპასებას ვერც ამჩნევდა, - ის, რაც იყო, დიდი ხანია, დამთავრდა. არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი. მე ბევრი რამ გადავიტანე, სოფიო, ძალიან ბევრი. საკმარისად ვიმუშავე საკუთარ თავზე. დიდი ბრძოლა დამჭირდა, ნარკოტიკებს შევშვებოდი, ცხოვრების წესი შემეცვალა და ოჯახს ჯანმრთელი და საღი დავბრუნებოდი. ამაში ნიტა ძალიან დამეხმარა, მას ამას ვერ დავუკარგავ. ვალში ვარ მის წინაშე, ვერ დავაღალატებ.
- მერედა, ვინ გთხოვს! თუ გგონია, რომ შენი გულისთვის აღმოვჩნდი ამ კლინიკაში, მწარედ მოტყუებულხარ! შენი არსებობა აღარც მახსოვდა, თუ გინდა სიმართლე იცოდე.
ამის გაგონებაზე წამით გაქვავდა, ნაკვთი არ შერხევია სახეზე, მაგრამ თვალებმა გაყიდა. უაზროდ ახამხამებდა აპრეხილ წამწამებს, თან წამითაც არ მაშორებდა მზერას, თითქოს ამოწმებდა, მართალს ვამბობდი თუ ვატყუებდი. აშკარა იყო, არ უნდოდა დაეჯერებინა ჩემი ნათქვამი, გაფაციცებით მაკვირდებოდა, თითქოს ეშინოდა, ჩემს თვალებში განელებული სიყვარულის კვალი არ დაენახა. დარწმუნებული ვიყავი, რომ დაენახა, აუცილებლად შეეცდებოდა მის წაშლას.
- როგორც ჩანს, შევცდი. იმედია, მაპატიებ, რომ ასე ვიფიქრე. რატომღაც მეგონა, რომ…
- ტყუილად გეგონა! - უკმეხად გავაწყვეტინე, - შეგიძლია მშვიდად იყო, აქ შენ შესაბმელად არ მოვსულვარ, სულ სხვა გეგმები მაქვს, - ბოროტად დავაკვესე თვალები და სავარძელში ძალაგამოცლილი ჩავესვენე.
- მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა, - ამოიხვნეშა და წამოდგა, - აწი მშვიდად ვიქნები. სწორედ ამის გაგონება მინდოდა, სხვა არაფერი, - თქვა და კარისკენ გაემართა, - ჰო, მართლა, ნიტამ მოგიკითხა.
- ჩემგანაც მოიკითხე, - დავადევნე დახშული ხმით.
- უკვე მოვიკითხე, - თავი მოაბრუნა და უცნაურად გამიღიმა.
და მივხვდი, სულაც არ უნდოდა იმის გაგება, რაც ჩემგან მოისმინა, უბრალოდ, თავი დაიმშვიდა, თორემ ისევ ისე ვუყვარდი და შეიძლება უფრო ძლიერადაც, ვიდრე მაშინ…
ჩვენ ორივეს ერთი რამ გვტანჯავდა მხოლოდ - დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება - იმ იდუმალი სიახლოვის დანაკლისი, რომელსაც სექსი ჰქვია და რომელიც ჩვენ არასდროს გვქონია…
სანდრო გავიდა და კარი მოიხურა. თავი ხელებში ჩავრგე. შევეცადე, დავწყნარებულიყავი. მერე თითები მაგიდაზე ავათამაშე, თითქოს ეს მიშველიდა.
მოულოდნელად კარი გაიღო და იმ საოცართვალება მამაკაცმა შემოყო თავი, დერეფანში რომ ჩურჩულებდა ჩემზე.
- თქვენ ახალი ხართ? - მხიარული ხმით მკითხა და ოთახში შემოაბიჯა.
- დიახ, - ძალაუნებურად ფეხზე წამოვდექი.
- გინდათ, გამოვიცნო, რა გქვიათ?
- ძალიან ბანალურია, - გამეღიმა.
- მერე რა? ბანალურად დაწყებული ურთიერთობა უფრო საინტერესოდ და სასიამოვნოდ ვითარდება, ჩემი აზრით, არ მეთანხმებით?
- გააჩნია ურთიერთობას.
იგი უნებართვოდ, არხეინად მოკალათდა იმ სავარძელში, რომელზეც ცოტა ხნის წინ სანდრო იჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო. მისი გამოხედვა უცნაურად მხვდებოდა გულზე, სწორედ ისე, როგორც ცოტა ხნის წინ მის მხარზე შემოსკუპებული პატარა ამურისგან გამოსროლილი ისარი. არა, ეს არ იყო სიყვარული, არც მისი დასაწყისი, თუმცა სიამოვნებით შევიყვარებდი ამ კაცს, ჩემი გული ჩემივე საკუთრება რომ ყოფილიყო.
- ნებისმიერი, განსაკუთრებით - სასიყვარულო.
- ძალიან თავდაჯერებული ხართ.
- არამც და არამც. უბრალოდ, თვითონ სიყვარულიც ხომ ბანალური თემაა - ყველა ერთნაირად იწყება.
- ვითომ?
- ვითომ კი არა, ასეა. მამაკაცს უყვარდება ქალი ან ქალს - მამაკაცი, მერე მესამე ან მეოთხე ჩაერთვება ურთიერთობაში წარსულიდან ან სულაც მომავლიდან და იწყება მთელი ბატალია, ინტრიგები, გაბუტვები, შერიგებები… ბოლოს ამბავი მთავრდება… კარგად, ან ცუდად, - ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა, მაცდუნებელი, არც ერთ ქალს რომ არ დატოვებდა გულგრილს.
- მარტივი წარმოდგენა გქონიათ სიყვარულზე.
- სხვათა შორის, გაფრთხილებთ, ქალები მოსვენებას არ მაძლევენ, წუთითაც კი.
სიცილი ვერ შევიკავე.
- სხვათა შორის, მეც მინდა გაგაფრთხილოთ, რომ არც მე მაძლევენ მამაკაცები მოსვენებას… წამითაც კი.
ახლა მას გაეცინა.
- ამით რა გინდათ მითხრათ, შეგპირდეთ, რომ ჩემგან ამის საშიშროება არ გემუქრებათ?
- არა, პირიქით. მე გაძლევთ პირობას, რომ ჩემგან არ გემუქრებათ ამის საშიშროება, - და ნიშნისმოგებით შევხედე.
- თქვენც საკმაოდ თავდაჯერებული ყოფილხართ.
- უფრო მეტიც, ძალიან ცუდი გოგო ვარ.
- მთლად გოგოს ვერ ვიტყოდი, - ეშმაკურად მოჭუტა თვალები და გამარჯვებული კაცის იერით შემომხედა, სამაგიერო ხომ გადაგიხადეო.
- თქვენ კი ცუდი ბიჭი ყოფილხართ.
- რას ვიზამთ, ცხოვრებაა ასეთი… და რა ჰქვია ამ ცუდ გოგოს?
- სოფიო.
- სოფიო? - წარბები აზიდა, - კი მაგრამ, «კ» სად გაქრა?
- ჩარჩა ბავშვობაში.
& ცუდია, მაშინ «ო»-ც ზედმეტია, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ უკეთესად ჟღერს «სოფი».
წამით სუნთქვა შემეკრა. ჩემი სახელის სანდროსეული წარმოთქმა გამახსენდა, წამოვწითლდი.
- აბა, დაუკვირდით - სოფი… ისეთი გრძნობით ითქმება, ისეთი ვნებით… გულს ამოაყოლებს ადამიანი.
- არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე, - სიწითლე სიმხურვალეში გადაიზარდა.
- კარგი, არ მოგაცდენთ, მგონი, თავი მოგაბეზრეთ უკვე. იმედია, ხშირად ვნახავთ ერთმანეთს, - წამოდგა, თავი დამიკრა და კარისკენ გაემართა. უცებ მოტრიალდა.
- აბა, მითხარით, ქართულში რამდენი ბრუნვა არსებობს? - უცნაური შეკითხვა დამისვა.
შევყოყმანდი.
& როგორც ვიცი, შვიდი. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო, - გაღიმებულმა ვთქვი.
- ცდებით. რვა.
- რვა-ა? & რა თქმა უნდა, მისი ნათქვამი მორიგ ხუმრობად მივიჩნიე.
- ჰო, რვა. სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი, წოდებითი და… მოწონებითი… იცით? მე უკვე შემიყვარდით, ყველა ბრუნვაში მიყვარხართ, ერთის გარდა - ნათესაობითი არ მომწონს მარტო. ხედავთ? ქართულ ენას ამით არაფერი დაჰკლებია, მაინც შვიდივე ბრუნვაში მიყვარხართ, - მომნუსხველად მომანათა თვალები.
- ძალიან ადვილად იყენებთ ამ სიტყვას, ცუდო ბიჭო! - უკმაყოფილოდ გადავაქნიე თავი.
- პირიქით - ცხოვრებაში პირველად ვამბობ ამ სიტყვას, - ისეთი სერიოზული ტონით თქვა, ლამის დავიჯერე, - შეიძლება უნიჭოდ გამომივიდა, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გამიძნელდა, სულაც არ იყო ადვილი. პირველი ხომ ყველაფერი ძნელია, ბანალური, მაგრამ ძნელი, - თქვა და გავიდა, ცოტა ხანში კი კვლავ შემოაღო კარი და შემომძახა.
- სხვათა შორის, ამ ცუდ ბიჭს ბექა ჰქვია, ქირურგია, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მთავარი ექიმის მოადგილე და რამე. გავაგრძელო რეგალიების ჩამოთვლა? - ეშმაკურად იღიმოდა.
- და კიდევ მარიაჟი, - დავამატე მე.
- მერე რა არის ამაში ცუდი? ვიღაცამ ხომ უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია? ჩემზე უკეთ კი ვერავინ იზამს ამას, სო-ფი! - ხაზგასმით მესროლა და ვიგრძენი, ამურის ნასროლი ისარი უფრო ღრმად რომ შემესო გულში.
* * *
ახალ გარემოს მალე შევეჩვიე, ორ კვირაში უკვე ყველას შევაყვარე თავი, გარდა… ნანკასი და სანდროსი. ნანკასთან საერთო ენა ვერა და ვერ გამოვნახე, ხოლო სანდრო ძველებურად გამირბოდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო შორს ეჭირა ჩემგან თავი. დამინახავდა თუ არა, გულგრილობის ნიღაბს აიფარებდა სახეზე და ისე ჩამივლიდა გვერდით, თითქოს ვერც მამჩნევდა, არც ვარსებობდი. სამაგიეროდ, ბექა არ მშორდებოდა. ციბრუტივით გამუდმებით ჩემ გარშემო ტრიალებდა. არც მე ვიყავი გულცივი, მსიამოვნებდა მისი ყურადღება. გარდა ამისა, თუ საჭიროება მოითხოვდა, ადვილად შემეძლო მისი გამოყენება. ერთს გავეკეკლუცებოდი და სანდრო ეჭვიანობით გასკდებოდა.
ბექაზე ნამდვილი ნადირობა იყო გამოცხადებული. ექიმი «დამების რისხვას» ეძახდნენ. ყოველი მეორე თეთრხალათიანი ქალი მასზე იყო შეყვარებული. ის კი ზედაც არავის უყურებდა. ერთადერთი გამონაკლისი, მგონი მე ვიყავი. ეს მიხაროდა, თანაც ძალიან. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, სუფთა, ხალასი, უბოროტო, ამასთან - ბრწყინვალე გარეგნობის. ერთი სიტყვით, სასურველ საქმროდ ითვლებოდა არამარტო კლინიკაში, მთელ თბილისში.
დღეს პირველი რთული ოპერაცია მქონდა. ცოტას ვნერვიულობდი. გამოუცდელი არ ვიყავი, მაგრამ მაინც. შუადღისას ახალგაზრდა ბიჭი მოიყვანეს, რომელიც დეიდაშვილმა დაჭრა. სამი ჭრილობა ჰქონდა ზურგიდან მიყენებული - ფილტვში, თირკმელსა და ფერდში. პირველი და მესამე არ იყო საშიში, მაგრამ რაც შეეხებოდა თირკმელს, ცალი მთლად დაფლეთილი აღმოაჩნდა, მარჯვენა. ამასთან, უგონოდ იყო მთვრალი. ბევრი სისხლი დაუკარგავს, ყოველი წამი ძვირფასი იყო. სანდრომ გაუკეთა ოპერაცია. ექვსი საათი მუშაობდა. სასტიკი უარი განაცხადა თირკმლის ამოჭრაზე, ვეცდები, შევუნარჩუნოო. დაჭრილისთვის ნარკოზის დამატებამ ორჯერ მომიწია, რომ არ გამოფხიზლებულიყო. ვფრთხილობდი, შეცდომა არ დამეშვა. ძალიან სარისკო საქმე იყო. იმდენად სერიოზული ოპერაცია კეთდებოდა, მთელი კლინიკა ფეხზე დადგა. დავიღალე. ცალკე ნერვიულობით, ცალკე - დაძაბულობით. მთელი ექვსი საათი პაციენტის მაჯა მეჭირა ხელში და მის გულისცემას ვამოწმებდი. ხანდახან სანდროსკენ გავაპარებდი მზერას. ოსტატურად მუშაობდა, შესაშური სიმშვიდით აკეთებდა თავის საქმეს. ტყუილად არ შეურქმევიათ მაესტრო. რამდენჯერმე მთხოვა, შუბლიდან ოფლი მომწმინდეო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. თან ოფლს ვწმენდდი, თან გულში ჩემთვის ერთი და იგივეს ვიმეორებდი: «ჩემო სიხარულო, როგორი დაღლილი სახე გაქვს”. ერთხელ შემომხედა მხოლოდ, თითქოს ხვდებოდა, რასაც ვამბობდი…
ოპერაცია საღამოს რვის ნახევარზე დამთავრდა. ძალაგამოცლილი კაბინეტში გავედი და ხანშიშესულ ექთანს, ზინას ვთხოვე, ყავა მოედუღებინა ჩემთვის.
ესეც ასე. პაციენტი გადარჩა. ახლა მთავარია, არაფერი გაურთულდეს. თან ამაღამ მე ვარ მორიგე რეანიმაციაში, სადაც ხუთი ავადმყოფი წევს. ერთი მათგანი თხუთმეტი წლის ბიჭია, შემთხვევით გასროლილი ტყვია მუცელში მოხვდა. გამჭოლი ჭრილობა აქვს. სავარაუდოდ, ხვალ გადაიყვანენ პალატაში. მეორე საშუალო ასაკის მამაკაცია, კენჭი ჰქონდა შარდის ბუშტში. ერთსაც პროსტატის ოპერაცია გაუკეთა ბექამ, მგონი, თავისი მეგობრის მამა უნდა იყოს და ერთიც _ სომეხი კაცია, მოხუცი, თითქმის უპატრონო. შვილი ერევანში ჰყოლია, რომელიც ხვალ დილით ჩამოვა. გაჭრეს, მაგრამ ეგრევე გაკერეს, რადგან სიმსივნე აღმოაჩნდა. შესაძლოა, დილამდე ვერც გაატანოს. მეხუთე ჩვენი ახალი პაციენტი დაემატა, რომელსაც ყველაზე რთული მდგომარეობა აქვს - ერთდროულად სამი ოპერაცია გაუკეთდა.
ზინამ ყავა შემომიტანა. საამო ცხელი სურნელით გაიჟღინთა ჰაერი.
- უღრმესი მადლობა, ქალბატონო ზინა, - გავუღიმე ქალს და მაგიდიდან ქაღალდები ავიღე, რომ ადგილი გამეთავისუფლებინა.
- ქალბატონოს ნუ მეძახი, სოფიო, გენაცვალე, სახელით მომმართე, - თბილად მითხრა ჭაღარა ქალმა და ფინჯანი ფრთხილად დადგა, - მიირთვი, ტკბილად შეგერგოს, ნამდვილად იმსახურებ, შემოგევლე, ოქროს ხელები გქონია. არ მოგერიდოს, როცა მოგინდეს, დამიძახე და მაშინვე მოგიდუღებ, არ მეზარება, იცოდე.
- დიდი მადლობა, ზინა, გაიხარე.
ექთანი გასული არ იყო, რომ სანდრომ შემოაღო კარი.
- დღეს შენი მორიგეობაა, არა? - ცივად მკითხა და გულგრილად შემათვალიერა.
- ჰო, - რატომღაც, ფეხზე წამოვდექი.
- აგერ არის დანიშნულების ფურცელი. ამეებს გაუკეთებ ამაღამ. ყოველ ერთ საათში კი წნევას და ტემპერატურას გაუსინჯავ.
- გასაგებია.
- წავალ, ცოტას წავუძინებ, თორემ სიქა გამძვრა, ფეხზე ვერ ვდგავარ, - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და გავიდა.
გული დამიმძიმდა. რა იქნებოდა, ერთი თბილი სიტყვა მაინც ეთქვა? მადლობაც კი არ გაიმეტა, იმდენ ხანს მის გვერდით ვიყავი.
მოულოდნელად თავი შემოყო კაბინეტში.
- კარგად იმუშავე, ამისთვის დიდი მადლობა, _ შემომძახა და პასუხს არ დალოდებია, ისე მიიხურა კარი.
სიმწრისგან თავი მაგიდაზე ჩამოვდე. რა საშინელი კაცია, როგორ მექცევა!..
ცოტა ხანში კარზე ისევ გაისმა კაკუნი. მობრძანდით-მეთქი, - დაღლილი ხმით გავძახე.
ბექა შემოვიდა, შუა ოთახში გაჩერდა და ხელები ხალათის ჯიბეებში ჩაიწყო.
- გინდა მორიგეობა გაგიცვალო?
- არა, რატომ, - მხრები ავიჩეჩე.
- გადაღლილი ხარ და იმიტომ. შეგცვლი, ჩემთვის პრობლემა არ არის. რაც მთავარია, ცოლი არ მელოდება სახლში, - ეშმაკურად გამომხედა.
- არც მე, - კეკლუცად ავზიდე წარბები.
- ნუთუ? მე კი მეგონა, ორი წყვილი ცოლ-შვილი თუ წვრილშვილი გელოდებოდა პირდაფჩენილი, - ვალში არ დამრჩა ბექა, - რა გაცინებს? მე სამსახური შემოგთავაზე, შენ კი მაფრქვევ აქ შენს ატომურ ღიმილს და თან მაშაყირებ. ეგ ბოროტებაა.
- ხომ გითხარი, ცუდი გოგო ვარ-მეთქი.
- კარგი, კიდევ ერთხელ გავიგე, რომ ასეა. რადგან ამ ცუდ გოგოს არ უნდა ჩემი დახმარება, წავალ მაშინ, სხვა რა დამრჩენია.
- გმადლობ, ბექა, მაგრამ მართლა არ ვარ დაღლილი, მირჩევნია, დავრჩე.
- ო კეი, «ძილი მშვიდობისა», ლამაზმანო.
გამეცინა. რა უკუღმართი ლაპარაკი იცის, საოცარი ვინმეა.
- ტყუილად იცინი. შენს დანახვაზე მოკლე ჩართვა მემართება, ამიტომაც ვურევ სიტყვებს. ასე რომ, ნუ დამცინი, - საყვარლად გამიღიმა და თითი დამიქნია.
- არა გრცხვენია? სულაც არ დაგცინი. უბრალოდ, მეცინება შენს ლექსიკონზე.
გაგრძელება იქნება