- იცინე, იცინე, დაცინვას კაცი არ მოუკლავს. აბა, წავედი. იმედია, ლოთივით მაგიდაზე არ ჩამოგეძინება და ყავაში არ ჩაყოფ თავს. შიგადაშიგ დაგიმესიჯებ და გამოგაფხიზლებ.
- მოუთმენლად ველი შენს მფრინავ ფრაზებს, ბატონო მთავარი ექიმის მოადგილევ, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატო და ასე შემდეგ.
- მარიაჟი დაგავიწყდა.
- მაგას სხვა დროს გეტყვი, მარაგში დავიტოვებ.
- ო-ჰო-ჰო-ჰო! ისე იკბინები, როგორც კარგი სტაჟიანი შინაბერა.
- ვარ კიდეც, ეჭვი არ შეგეპაროს. წამო, გაგაცილებ.
- სახლამდე? - გაიხუმრა და თვალები ჭინკებით აევსო.
- კიდევ რა გინდა? მაგას ვერ ეღირსები. კარამდე მიგაცილებ მხოლოდ, ესეც გეყოფა.
სანამ გავიდოდა, თავი მოაბრუნა და შემომხედა. თვალებში სევდა ჩასდგომოდა.
- მსიამოვნებს, შენი ტკბილი სუნთქვის სურნელი რომ მცემს სახეში. ესეც ბანალურია? - მკითხა და ისე გამიღიმა, შემეცოდა.
- არც ისე, გამოგივიდა, რა, - მხარზე შევახე ხელი.
- არა, შევცდი. ყავის სურნელი ყოფილა თურმე, - თავისი ეშმაკობით კმაყოფილს ისევ გაუნათდა თვალები.
- საძაგელო, ბოროტი ხარ! - მწარედ დავუტყაპუნე ხელი მკლავზე.
- არა, ისეთივე ცუდი ბიჭი ვარ, როგორი ცუდი გოგოც შენ, - თქვა და გავიდა.
8 8 8
ღამის ოთხ საათზე კიდევ ერთხელ დავიარე რეანიმაცია. ახალნაოპერაციები ბიჭი ბორგავდა, კვნესოდა. ტკივილები აწუხებდა. ვერ გავბედე დანიშნულების გარეშე კიდევ მორფინის გაკეთება, დიმედროლი-ანალგინით დავკმაყოფილდი. წნევა ნორმალური ჰქონდა, მაგრამ სიცხემ აუწია, 38 და ორი ხაზი მიჩვენა თერმომეტრმა. სხვები მშვიდად იყვნენ, ის სომეხი წუხდა მხოლოდ, საწყალი მთლად გაყვითლებულიყო სახეზე. ხელით მანიშნა, ახლოს მოდიო. მისკენ დავიხარე.
- წყა-ლი, - ამოიხავლა საცოდავად.
- წყალი არ შეიძლება, ბაბუ, როგორმე დილამდე უნდა მოითმინოთ, - თბილად ვუთხარი, ბამბა დავასველე და ტუჩებზე მოვუსვი.
- ჩემი ბიჭი ჩამოვა? - ჩურჩულით, ძლივს ლაპარაკობდა.
- აუცილებლად ჩამოვა, ნუ ნერვიულობთ. მითხრეს, ხვალ დილით აქ იქნებაო. ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება, - ხელზე ხელი შევახე.
ფაფუკი ხელისგული ჰქონდა, რბილი. მძიმედ სუნთქავდა. არა, ეს დილამდე ვერ გაატანს, უეჭველი, გავიფიქრე და ზინას დავუძახე, ერთი ყლუპი წყალი დაალევინე-მეთქი. ძალიან შემებრალა. ჯანდაბას, დალიოს წყალი, მაინც არ უწერია დიდი ხნის სიცოცხლე.
შემოვლა დავამთავრე და კაბინეტში შევბრუნდი. უძილობისგან თვალები მებლიტებოდა. დაღლილობისგან ფეხები მეკეცებოდა. დივანზე წამოვწექი და თვალები მივლულე. ფიქრებით სანდროს გადავწვდი. ვინ იცის, ალბათ წევს ახლა თბილ ლოგინში და ნიტასთან ჩახუტებულს გემრიელად სძინავს. უსიამოვნოდ გამცრა ტანში. ამ დროს ზინამ შემოაღო კარი.
- სოფიო, სანდრო ექიმი მოვიდა, - გამაფრთხილებელი ტონით მაუწყა.
ელვის სისწრაფით წამოვხტი, დაწოლილს არ შემომისწროს-მეთქი. თმა და ქვედაბოლო გავისწორე და მაგიდას მივუჯექი. განა რა უნდა ეთქვა, მაგრამ მაინც არ მინდოდა უსაქმოდ დავენახე. ესე იგი, შევცდი, ესე იგი, არ სძინავს? მით უმეტეს, ნიტასთან?
დრო თითქოს გაიწელა, არა და არ შემოვიდა. რისთვის მობრუნდა? იქნებ ჩემ სანახავად? თუ ასე იცის ხოლმე რთული ოპერაციის შემდეგ? ფიქრები მაწვალებდა. ამ დროს ქარივით შემოიჭრა ოთახში.
- დანიშნულება სად არის? - არც შემოუხედავს, ისე იკითხა.
- საორდინატოროში. რა ხდება?
- მორფინი გაამზადე და გაუკეთე.
- ვიფიქრე, მაგრამ უშენოდ ვერ გავრისკე.
- რაღაც არ მომწონს მისი მდგომარეობა. სიცხემ დაიწყო კლება, მაგრამ სისხლდენა არ კლებულობს.
- დრენაჟი ხომ…
არ მაცალა წინადადების დამთავრება.
- არა და არ მთავრდება ეს კოლტები. დავიჯერო, ვერ შევინარჩუნებთ თირკმელს? - შეფიქრიანდა.
- დამშვიდდი, ჯერ ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. სულ რამდენიმე საათი გავიდა ოპერაციიდან.
- მიდი, მიდი, ნემსი გაუკეთე, მე კი იქნებ ყავა დამალევინოთ, ზინას სთხოვე, მომიდუღოს.
- ახლავე, - კაბინეტიდან გაბრუებული გამოვედი, თან მსიამოვნებდა, თან ვბრაზობდი, ასე მორჩილად რომ ვასრულებდი მის ყველა ბრძანებას…
ცოტა ხანში ყავით ხელში შემოვბრუნდი. სავარძელში გაწოლილიყო თვალებდახუჭული და თავი სუზურგეზე დაედო. მომეჩვენა, რომ ეძინა.
- როგორ არის? - არ განძრეულა, ისე მკითხა.
- მალე დაწყნარდება, ნემსი გავუკეთე.
- წამალი აღრიცხე?
- აბა, რა ვქენი!
- შენ მოადუღე? - თავი ასწია და გამჭოლი მზერა მესროლა.
- ჰო, - ჩავილუღლუღე და დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გავწითლდი.
- საწამლავიც ხომ არ ჩამიყარე? - უცნაურად გამიღიმა.
- შენი გულისთვის ციხეში ვერ ჩავჯდები, უკაცრავად, - აგდებულად ვთქვი.
- მე შესაყვარებელ საწამლავს ვგულისხმობ…
- მჩხიბაობა ჯერ არ დამიწყია, შენდა საბედნიეროდ. ამასთან, არ მჭირდება ეგეთი მეთოდები, თუ მოვინდომე, ისედაც მივაღწევ ჩემსას.
- მერე?
- რა მერე?
- რატომ არ ინდომებ?
- ხომ გითხარი, სხვა გეგმები მაქვს-მეთქი.
- ვის უმიზნებ?
- ეგ შენი საქმე არ არის.
- შენც იმ ქალების გზას ხომ არ დაადექი…
- ნართაულით ნუ მელაპარაკები, თუ სათქმელი გაქვს, პირდაპირ მითხარი.
- შენც ბექას ხომ არ ეპრანჭები?
- შეცდი. ამ დროს პირიქით ხდება, რომ იცოდე!
- პირიქით რას ნიშნავს?
- ბექა მეპრანჭება, - საზეიმო ტონით წარმოვთქვი და გამარჯვებულის იერით შევხედე, თუმცა იმწამსვე ვინანე, ბექა რომ გავეცი.
- შენთვის გაუსროლია «ავრორას», - ბოროტად ჩაიცინა და ყავა მოხვრიპა.
- რატომაც არა, ერთხელ მეც გამიღიმოს ბედმა, არ შეიძლება? - მის შემოტევას შეტევით ვპასუხობდი.
- როგორ არ შეიძლება. განუმეორებელი წყვილი იქნებით.
- ეჭვი არ შეგეპაროს. მიყვარს ძლიერი მამაკაცები.
- ამით რა გინდა მითხრა, რომ მე ძლიერი არ ვარ?
- შენ მშიშარა ხარ, თანაც ძალიან მშიშარა, უფრო მეტიც, ამ სიტყვის აღმატებითი ხარისხით, ანუ «უმშიშრესი». ახლაც კი გეშინია, ამდენი წლის შემდეგ.
- გეთანხმები. იცი, რისი მეშინია? გაორება არ დამემართოს.
- ვერ გავიგე?
- ჩემი სულის ერთ ნაწილს ნიტა უყვარს, მეორეს შენთან უნდა ყოფნა. აი, ეს არის გაორება. ახლა გაიგე?
ჰმ, გულწრფელობის საათი დაუდგა ალბათ. როგორ გადამიშალა გული?! არადა… ნიტაზე თქვა, მიყვარსო, ჩემზე კი - არა. მხოლოდ იმით დაკმაყოფილდა, რომ ჩემთან ყოფნის სურვილი აქვს. რატომ? რატომ გაურბის ამ სიტყვას, როცა ჩემთან ურთიერთობაზე იწყებს ლაპარაკს?
- შენ უფრო მეტის გეშინია, - ისევ «დავესხი» თავს.
- მართლა? და რისი?
- წარსულში დაბრუნების.
- შენ არ გეშინია ამის?
- მე დღემდე ამ წარსულით ვცხოვრობ, ამიტომაც არაფრის მეშინია.
- რა გინდა, სოფიო, ერთხელ და სამუდამოდ გამაგებინე.
- არაფერი.
- სხვა? კიდევ ხომ არ დაგრჩა რამე სათქმელი? - თქვა და წამოდგა. ნახევრად დალეული ყავის ჭიქა ჩემკენ მოწია.
- აზრი არა აქვს, - ხმადაბლა ვთქვი და გული ამიჩქროლდა, არ წავიდეს-მეთქი.
- რატომ გგონია? - მაგიდას ხელებით დაეყრდნო, ჩემკენ გადმოიხარა და სახე ახლოს მომიტანა.
ოფლმა დამასხა, ხელები გამიცივდა, მისი სუნთქვა ისე ახლოს ვიგრძენი.
ამ დროს ფანჯრები შეზანზარდა. ორივე შევკრთით. უკან მივიხედე. ქარი ამოვარდნილიყო.
- შენნაირი ცვალებადია ეს მარტი, ვერაფერს გაუგებ, - ორაზროვნად თქვა სანდრომ.
მისი სიტყვები თითქოს ბუდოვნად ჩამესმოდა, ფიქრებით ქართან ვიყავი. რატომ მაინცდამაინც ახლა? მშვენიერი ამინდი იყო, საიდან გაჩნდა ეს ქარი? რისი მანიშნებელია? არადა, ქარის დროს სული მიფორიაქდებოდა ყოველთვის, თითქოს უცნაურად აღვიგზნებოდი რაღაცის მოლოდინში. ახლაც იგივე დამემართა. მოლოდინით ავივსე.
- ასე მგონია, შენც ისევე აბობოქრდები, როგორც ეს ქარი. შემთხვევით, შენ ხომ არ შეუკვეთე ასეთი ამინდი? - ხუმრობანარევი ხმით წარმოთქვა და ისევ სავარძელში ჩაესვენა.
- ბუნებასთან ვერ იკამათებ, როცა უნდა წვიმს, როცა უნდა ქარია, - «ვიმართლე» თავი.
- რატომ მითხარი წეღან, აზრი არა აქვსო? აზრი ყველაფერს აქვს, მით უმეტეს, ჩვენ შემთხვევაში, - ძველ თემას დაუბრუნდა და დანისლული თვალებით მომაშტერდა.
მეც შევხედე. კარგა ხანს უსიტყვოდ ვუყურებდით ერთმანეთს. თითქოს მბურღავდა მისი შემოხედვა, რენტგენის სხივებივით სხეულში ატანდა მისი მზერა. თავით ფეხებამდე დამიარა სასიამოვნო ჟრუანტელმა.
მეტი ვეღარ მოვითმინე.
- ღმერთო ჩემო, სანდრო, რა ვქნა, მითხარი, როგორ მოვიქცე? იქნებ მითხრა, რამდენი მილიონი ამოოხვრა იქნება საჭირო, ჩემი სიყვარული რომ დაგიმტკიცო? - თითქოს თავისით წამოვიდა სიტყვები გულიდან, ჩემი ნებართვის გარეშე.
შეცბა. როგორც ჩანს, ასეთ აღსარებას არ ელოდა.
- მომისმინე, სოფიო… არ გიფიქრია იმაზე, რომ შენთან ხელახლა დაწყებულმა ურთიერთობამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს? ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ ნიტას რას ერჩი, რატომ ცდილობ, იმ ქალს ცხოვრება დაუნგრიო?
- მან მე უკვე დამინგრია ცხოვრება. ასე რომ, ბარი-ბარში ვიქნებით.
- ის არაფერ შუაშია. მისი ბრალი არ იყო, რაც მოხდა. გადაწყვეტილება მე მივიღე. ასე ჯობდა საქმისთვის და იმიტომ.
- მერე მე? ჩემზე რატომ არ იფიქრე? იმ დღის მერე ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერმა დაკარგა აზრი, ვერა და ვერ ავაწყვე პირადი ცხოვრება. დღემდე მარტოსული ვარ.
- რატომ, მეგობრები არ გყავს?
- არა და არც მინდა. მათ გარეშე უფრო იოლია ცხოვრება. მას შემდეგ ვერავის ვენდობი, ასე მგონია, ყველას ჩემი სულის რაღაც ნაწილის წართმევა და მითვისება უნდა.
- ასე არ შეიძლება, სოფიო, ცხოვრება გრძელდება… - დაიბნა სანდრო, თანდათან დაურბილდა ხმა.
- შენ ვერ გაიგებ… მარტოობა ადამიანის მდგომარეობაა, ამას ვერავინ შეავსებს, იმის გარდა, რამაც ეს მარტოობა გამოიწვია. არ დაგიმალავ და ყველაფერს გეტყვი, რადგან ჩემთვის უკვე სულერთია, შენ როგორ მიიღებ ამას, რა რეაქცია გექნება. აქამდე მოვედი უშენოდ და ამის შემდეგაც გავაგრძელებ, პრობლემა არ არის. უბრალოდ, მინდა გითხრა, რომ ერთი დღე არ მიცხოვრია შენი სიყვარულის გარეშე. რაც უფრო ვშორდებოდი წარსულს, მით უფრო მძაფრდებოდა ეს სიყვარული და ამას ბოლო არ უჩანს. ახლა თითქოს მოგიახლოვდი, მაგრამ უარესი აღმოჩნდა… მაინც არ ნელდება ძველი გრძნობა.
- კი მაგრამ, რას აპირებ? სანამდე? - სანდრო სავარძელში შეირხა და შუბლი შეჭმუხნა, სინდისის ქენჯნამ შეაწუხა ალბათ.
- როგორ გითხრა… სიყვარული იქამდე იზრდება, ვიდრე მისი შემჩერებელი არ გამოჩნდება, - ვთქვი და ამოვიოხრე.
- იმედია, ამ მისიას მე არ დამაკისრებ.
- არა, ამას - არა.
- მაშინ რა გინდა ჩემგან, რით შემიძლია დაგეხმარო.
- გეტყვი, მაგრამ სულერთია, მაინც ვერ შეძლებ.
- იქნებ შევძლო.
- კარგი, გეტყვი. ვიცი, აზრი არა აქვს, მაგრამ მაინც გეტყვი, - ვთქვი და სუნთქვა შევიკარი, დავიძაბე…
ქარი ღმუოდა, თითქოს თავს ესხმისო, ისე ასკდებოდა ფანჯრის მინებს. წვიმამაც დაუშინა. ქარისგან გამოსროლილი მსხვილი შხეფები სასოწარკვეთილი ეხეთქებოდნენ მინას და წამით ზედვე ეწებებოდნენ.
- ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოსცადე ეს საოცრება - დაწექი მასთან, ვინც გიყვარს, - ვთქვი და შვებით ამოვისუნთქე, თითქოს სული დავცალე ზედმეტი სიმძიმისგან.
- ურთულესი მისია დამაკისრე, სოფი, - წამიერი პაუზის შემდეგ მოულოდნელად იდუმალი გაუხდა ხმა, «სოფიმ» ხომ საერთოდ შემძრა, ისეთი გრძნობით იყო ნათქვამი…
და წამოდგა…
და მომიახლოვდა…
…ის მკოცნიდა… გახელებული… სუნთქვაგახშირებული… თვალებდახუჭული… ისე ძლიერად მიკრავდა გულში, თითქოს ჩემში შემოსვლას ცდილობდა…
…ის მკოცნიდა, ჩემს სხეულს კი უფრო და უფრო ემატებოდა სიმხურვალე, მეტი და მეტი ველური ვნება… ყოველი უჯრედი, ყოველი წერტილი გიჟური თრთოლვით პასუხობდა მამაკაცის ალერსს და მის ყოველ შეხებაზე სხვაგვარი კვნესა აღმომხდებოდა…
ის მკოცნიდა… მისი ტუჩები ხარბად ისრუტავდა ჩემს სურნელს. მკოცნიდა ყველგან, სადაც მოუხვდებოდა - შუბლზე, თვალებზე, წარბებზე, ცხვირზე, ყელზე, მკერდზე, ტუჩებზე… თითქოს ეშინოდა, რომელიმე ნაკვთი არ დარჩენოდა დაუკოცნავი, თითქოს ჩქარობდა, დროში ჩატეულიყო… თითქოს წამზომი იყო სადღაც ჩართული…
აღარაფერი მახსოვდა, გონი დავკარგე ლამის, მთელი არმია რომ შემოსულიყო ამწუთას, აღარ ვინაღვლებდი, ვისაც უნდა დავენახვე, არ მადარდებდა… ჩემთვის ახლა მხოლოდ სანდრო არსებობდა, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით ამ ქვეყანაზე. წამიც და ერთ სხეულად გარდავიქმნებოდით ორივე, რომ…
უცებ მობილურმა დაიწრიპინა. გავხევდი. ვიცოდი, ბექა იქნებოდა. ხომ მითხრა, დაგიმესიჯებო. რა დროს ეგ იყო, ღმერთო, რატომ ღვიძავს ამ დროს, რატომ არ იძინებს, რატომ?
- გიხმობენ, - სანდრომ ხელი ცივად შემიშვა და ოდნავ უკან დაიხია.
შევხედე. სახე არეული ჰქონდა, თვალები - ამღვრეული, ცდილობდა, ხმამაღალი სუნთქვა დაეოკებინა.
იძულებული გავხდი, მესიჯი მენახა. «დილა ნებისა, ლამაზმანო… ხომ არ ჩაგეძინა?» - მწერდა ბექა.
- რაო, რა მინდაო? - ირონია გაისმა სანდროს ხმაში.
- არაფერი, ახლობელია.
- ჰო-ო? არ წამაკითხებ? - ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი.
ჩემდა უნებურად უკან დავიხიე და შეძრწუნებულმა ტელეფონიანი ხელი ზურგს უკან დავმალე. ახლა რომ წაიკითხოს, ყველაფერი დამთავრდება, გამიელვა გონებაში.
- არა! - განწირული ხმით შევძახე.
- მაინტერესებს, უნდა წამაკითხო! - თავისას არ იშლიდა მამაკაცი და ჩემკენ ნელა მოიწევდა.
- არა! - იმავე ხმით გავიმეორე და ფანჯარას მივეყრდენი. უკან გზა აღარ იყო.
მომეახლა… კიდევ… კიდევ… მომეტმასნა, ცალი ხელი წელზე მომხვია და ტუჩებით ყელზე დამაკვდა… თითქოს ოდნავ მოვეშვი… მეორე ხელით მობილური ამართვა… რაც მოსახდენია, მოხდეს, ასეთი ყოფილა ჩემი ბედისწერა…
კვლავ უკან დაიხია და თვალებმოწკურულმა ეკრანს დახედა… წაიკითხა… მომეჩვენა, რომ რომელიღაც ნაკვთი შეერხა სახეზე.
- ვხედავ, დროს ტყუილად არ კარგავ, - შესაშური გულგრილობით წარმოთქვა და ზიზღით გამიღიმა.
- ეს ის არ არის, შენ რაც გგონია, - ხმა შემეცვალა, ნერწყვი ძლივს გადავაგორე, პირი გამიშრა.
- მართლა? შენ რა იცი, რა მგონია? - ტელეფონი მაგიდაზე დადო და ხელები გაშალა, - მხიარულად ცხოვრობ, ლამაზ-მა-ნო! ვერაფერს იტყვი!
- ცდები… ჩემი ცხოვრება საკმაოდ მოსაწყენია! - წამოვიძახე, ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებდა.
- კიდევ უფრო მოსაწყენი გახდება… გპირდები. - თქვა და გატრიალდა.
- ულმობელი ხარ.
გაოცებული შემობრუნდა.
- მე-ე? კიდევ მე ვარ ულმობელი? - გულზე მიიდო ხელი, - შენ? შენ თვითონ ვინ ხარ? საკუთარ თავში ჩაიხედე, კარგად ჩაიხედე. გინდა გითხრა, რა იქნება ხვალ? შენგან ბოზის მეტი არაფერი გამოვა… დაიმახსოვრე!
- მაგ სიტყვებს არ ვიმსახურებ, - გაფითრებულმა წამოვისროლე.
- სრულიად დამსახურებული შეფასებაა.
- ნუ იქნები ასეთი გულცივი, გთხოვ. ეს მესიჯი არაფერს ნიშნავს.
- სამწუხაროდ, ჩემთვის ბევრს ნიშნავს, - თავი გადააქნია და კარს მიუახლოვდა.
- იცი, ახლა ვის მაგონებ? ზუსტად იმ სანდროს, თოთხმეტი წლის წინ «ბავშვთა სამყაროში» რომ შევხვდი, ჩემთან შეხვედრას რომ გაურბოდა და დამალობანას რომ მეთამაშებოდა იმ უზარმაზარ შენობაში. არამარტო მშიშარა, საშიშიც ხარ! შენც დაიმახსოვრე! - მივაძახე გაგულისებულმა.
კარი გამოაღო და ცინიკური მზერით მომიტრიალდა.
- რატომ, მკვლელი ვარ თუ ქურდი?
- არც ერთი და არც მეორე. შენ გულგრილი ადამიანი ხარ. ეს კი, გაინტერესებს, რას ნიშნავს?
- აბა, ერთი განმანათლე?
- ერთიც გჯობია და მეორეც. მკვლელს შეუძლია მოკლას, ქურდს - გაქურდოს. შენ კი… შენ გულგრილი ხარ - ყველაზე უმოქმედო, უნერვო და უემოციო. შენნაირები უფრო საშიშნი არიან, იმიტომ, რომ თავიანთი გულგრილობით მეტი ზიანის მოტანა შეუძლიათ, ვიდრე მკვლელებს ან ქურდებს.
- ძალიან სასტიკი ხართ, სოფიო ექიმო, თუმცა კარგად მესმის თქვენი.
- არ წახვიდე, სანდრო, გთხოვ, ასე ნუ წახვალ, - ჩემი გაგულისება მუდარაში გადაიზარდა.
- ასე ნუ წავალ? აბა, როგორ წავიდე? გაგიღიმო? გაკოცო? იქნებ მოგეფერო?.. ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, სოფიო. თუმცა არც არაფერი ყოფილა არასდროს… კიდევ კარგი, რომ ასეა… - თქვა და კარი გაიჯახუნა.
წამით გავირინდე… საოცარი სიჩუმე შევიგრძენი. ფანჯარას მივუახლოვდი… პირ-ცხვირით მინას მივეჭყლიტე და გარეთ გავიხედე… ქარი ჩამდგარიყო…
საოცრება ამას ჰქვია… ქარიც კი გამეთამაშა…
* * *
იმ ღამეს უკანასკნელი იმედი მოკვდა. რაც დღე გადიოდა, მით უფრო ვშორდებოდი სანდროს. ბექაზე ვბრაზობდი. ეს რა ქნა, რა დროს დამიმესიჯა! როცა ასე ახლოს ვიყავი მიზანთან, როცა ოცნების ახდენამდე ერთი ხელის გაწვდენაღა იყო დარჩენილი… რას ვიფიქრებდი, თუ ასე შეიცვლებოდა სიტუაცია. ღმერთო, როგორ გაცოფდა! გამოდის, რომ ეჭვიანობს. კარგია… თუ ეჭვიანობს, ესე იგი, ვუყვარვარ, ვუღირვარ. იქნებ ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული? იქნებ ღირს ბრძოლის გაგრძელება? მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ წესიერად არც შემოუხედავს ჩემთვის, არ დამლაპარაკებია, არც კი მესალმება, თითქოს ვიღაც უცხო ვიყო, სხვა პლანეტიდან. ოპერაციაზეც კი მებუტება, მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით თუ მესვრის ორიოდე ფრაზას. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? ერთხელაც ხომ უნდა გაუაროს წყენამ? იმედია გაუვლის, მაგრამ იქამდე რა მეშველება? მისი იგნორირებით ლამისაა, მოვკვდე, საკუთარ თავს ვერ ვცნობ, ისე შევიცვალე. ერთი მთლიანი დარდი გავხდი, გაღიმებაც კი მეზარება, ცხოვრების ხალისი კიდევ ერთხელ დავკარგე. ხომ გაგიგიათ გამოთქმა, გული ხელით დამაქვსო. ისეთი შეგრძნება მქონდა, ჩემი გული სანდროს მუჭში ჰქონდა მომწყვდეული, მე კი უკან დავდევდი, რომ ხელიდან არ გავარდნოდა, თითქოს ჩემი სიცოცხლე მხოლოდ ამაზე იყო დამოკიდებული…
ყველაზე საოცარი ის იყო, რომ წინ არ ვიყურებოდი. დავუშვათ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მე მინდა. დავუშვათ, შევრიგდით მე და სანდრო. მერე? ნიტაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ბოლოს და ბოლოს, რა დამიშავა იმ ქალმა? რა მისი ბრალი იყო, თუ ასეთი ხვედრი არგუნა ბედმა? მას ხომ არ უცდია, სანდრო ჩაეგდო ხელში, ეს ხომ შემთხვევითობამ განაპირობა მხოლოდ? რაც მთავარია, ის ახლა ბედნიერია, ქმარს უყვარს, შვილებს ზრდის, მოსიყვარულე ცოლია, ზრუნავს საყვარელ ადამიანებზე… მე კი… ყოვლად უსინდისოდ ვცდილობ, დავუნგრიო წარსულის საუკეთესო მეგობარს ოჯახური იდილია. რატომ? ნუთუ გული გონებაზე ძლიერია? ნუთუ ვერ უნდა შევძლო თავის მართვა? ვიცი, რომ ცხოვრება წინააღმდეგობებით არის სავსე, ისიც ვიცი, რომ ყოველთვის ყველა კითხვაზე მზა პასუხი არ არსებობს, მაგრამ გონება იმისთვის აქვს ადამიანს, რომ იფიქროს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
გაგრძელება იქნება