გამომცემლობა „პალიტრა L” ლიტერატურულ კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ უკვე მეშვიდედ ატარებს. კონკურსის მეორე ტური ახლა მიმდინარეობს. ამჯერად გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი მონაწილის - რომა შალამბერიძის რომანიდან „უსახელო X “, რომელიც კონკურსის მეორე ტურში მკითხველის მხარდაჭერით გადავიდა.
„უსახელო X“ ეს არის ამბავი სკოლის მოსწავლე ბიჭზე, რომელსაც მშობლებმა სახელად „იქსი“ დაარქვეს, თუმცა სახელის მიუხედავად, მან იცოდა, რომ შინაგანად უსახელო გახლდათ, რომელსაც აუცილებლად სჭირდებოდა საკუთარი როლის და მოწოდების პოვნა ამ სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ იქსი სკოლაში დიდი გავლენით სარგებლობდა, მას მაინც მოსვენებას უკარგავდა ფიქრი იმაზე, თუ რა მოხდებოდა მაშინ, როდესაც სიცოცხლეს დაასრულებდა.დასრულდებოდა, როგორც ყველა ადამიანის; თუ ის შეძლებდა რაღაც ისეთის დატოვებას, რაც სხვა ადამიანებსაც მისცემდა იმედს. ყოველ საღამოს ფიქრებში ატარებდა, თუმცა უკანასკნელი საღამო გამორჩეული იმით იყო, რომ მან ოთახში რაღაც სილუეტი შეამჩნია. თავდაპირველად ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა შემდეგ აღმოაჩინა, რომ სილუეტი მისი წარსულია და ცდილობს მტკივნეული მოგონებებით მასთან კავშირის დამყარებას. წარსული ცდილობს, რომ მის წიგნში ჩაწეროს იქსის ყველა მტკივნეული მოგონება, რათა ყოველთვის ახსოვდეს შეცდომები, რომელიც მას დაუშვია. ეს იქსისთვის იმდენად მტკივნეული აღმოჩნდება, რომ ერთ მომენტში გონებასაც კი დაკარგავს. დაბნეული იქსი ცდილობს წარსულისგან თავის დახსნას, რაშიც მისი ახლად შეძენილი მეგობარი ეხმარება, რომელიც პარკში გაიცნო. თავგადასავალი განსაკუთრებული იმით არის, რომ ყოველ მკითხველს შეუძლია იქსთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ამ თავგადასავალში და საკუთარი თავი წარმოიდგინოს მის ადგილას. გათავისუფლდება თუ არა იქსი წარსულისგან, ან იპოვის თუ არა იმას, რასაც ეძებს? იქნებ კარგიც იყო მისი ცხოვრების მსხვრევა იმისათვის, რომ ეს თავგადასავალი და მისი ცხოვრების ახლიდან შენება დაწყებულიყო...
***
კიდევ ერთი ბრძოლა
სახლისაკენ წავედი, ოღონდ უბრალოდ კი არ წავედი, არამედ ისე, ჯერ რომ არ წავსულვარ. მთელი გაბედულებითა და თავაწეული ნაბიჯებით მივემართებოდი. თითქოს ვიცოდი, რომ სამყარო ელოდა ჩემს გამარჯვებას და მეც არ უნდა დამეყოვნებინა. სახლში მისვლისას მშობლებთან საუბარში მცირე ხანი დავყავი, შემდეგ კი ოთახისკენ გავეშურე. გადავწყვიტე, მეფიქრა დღევანდელ დღესა და ცვლილებებზე, როგორც მასწავლებელმა მთხოვა, თან იმ წიგნის წაკითხვაც მინდოდა, რომელიც დედამ მომცა, თუმცა ჩემი გეგმები არია. გამოიცანით, რა მოხდა? დიახ, დიახ. წარსული იქ მელოდა და როგორც კი ოთახში შევედი, ირონიული ტონით მომმართა: - მოხვედი? რა ხანია, არ გვინახავს ერთმანეთი. შეეხე ჩემს მოსასხამს, რომ გაიხსენო ყველა შენი მოგონება და შევძლო ჩემს წიგნში მათი აღწერა, რათა წარუშლელ მოგონებად დარჩეს ისინი შენში. ეს უკვე ნაცნობი სიტყვები იყო, რომლებიც თავიდან დავიჯერე, ახლა კი აღარ ვაპირებდი ამის დაჯერებას. თითქოს მასწავლებლის მიერ ნათქვამი სიტყვებიც შემზადება იყო ამ ბრძოლისათვის და მან იცოდა, რომ დღეს მომიწევდა კიდევ ერთი გაბრძოლება. ამჯერად თავს ისე სუსტად აღარ ვგრძნობდი, ამიტომ ერთიანად გავიხსენე დედაჩემისა და მასწავლებლის დარიგება, არც დავაყოვნე, ისე ვუპასუხე ბრაზნარევი ხმით:„წარსულო, მე ვკეტავ კარს და არავითარი წილი აღარ მაქვს შენთან. ახლავე აიბარგე აქედან და წადი ჩემი ცხოვრებიდან“ - „ახლავე აიბარგე და წადი ჩემი ცხოვრებიდან“, რა ნაცნობი სიტყვებია... კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდი? - უფრო დამცინავად მიპასუხა მან. თავზარი დამეცა! ნუთუ ის სიტყვები არ მოქმედებდა, რაც მასწავლეს? ან იქნებ რაიმე სხვაში იყო საქმე და სიტყვები არასწორი წყობით ვთქვი?პირველი შეტევა კი მომიგერია, მაგრამ ბრძოლა ბრძოლაა!კიდევ ერთხელ მთელი ძალ-ღონე მოვიკრიბე და ვუთხარი, რომ არ ვიცოდი, თუ როგორ უნდა მომეცილებინა ის საბოლოოდ ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ძალიან მალე აუცილებლად შევძლებდი ამას. საინტერესო და გასაოცარი ის იყო, რომ ამ სიტყვების შემდეგ გაუჩინარდა და ოთახში ისევ მარტო დავრჩი. გეგმები კვლავაც არეული მქონდა და უბრალოდ ფიქრი დავიწყე. გამახსენდა მეეზოვის კითხვა, თუ რამდენად ხშირად ვფიქრობდი ცვლილებებზე. ამიტომაც გადავწყვიტე, ცვლილებებზე ფიქრი დამეწყო... რა მაქვს შესაცვლელი? ან რატომ არ იმუშავა ჩემმა გაბედულმა სიტყვებმა ცვლილებისათვის? იქნებ საქმე არ არის გარეგნულ გამოხატვაში, არამედ შინაგან განწყობაშია? ამ აზრთა ჭიდილში მივხვდი, რომ მე გარეგნულად ვცდილობდი რაღაცების მიღწევას, თუმცა შიგნიდან ისევ ისეთი გახლდით, როგორც აქამდე - შეუცვლელი და უძლური. ეს საკითხები ჩემს წიგნაკში მოვინიშნე იმისათვის, რომ მასწავლებელთან მესაუბრა და ვცადე წიგნი წამეკითხა, რომელიც დედამ მომცა. არ ვიცი, რატომ მამხელდა ამ წიგნის წაუკითხაობის გამო სინდისი და რატომ ვდებდი მსჯავრს საკუთარ თავს, მაგრამ შინაგანად ვიცოდი, რომ ამ წიგნთან ურთიერთობა რეალურ ძალას მომცემდა ცხოვრებაში და დამეხმარებოდა. იმასაც ვიაზრებდი, რომ ამ შანსის დაკარგვა დიდ დანაკლისად მექცეოდა. აქამდე მრავალჯერ უარმიყვია სინდისის ხმა და სქროლვა გამიგრძელებია, თუმცა ამჯერად ვერ გავუძელი ქენჯნას და წიგნი გადავშალე. ჰოი, საოცრებავ, ჩემს ფიქრებში გართულს ცვლილებებზე, საკუთარი ცხოვრების გადასაფასებლად იდეალური ისტორია შემხვდა წასაკითხად. ისტორია შეცდომილ შვილზე იყო, რომელმაც მამას ქონების წილი მოსთხოვა და სახლიდან შორს წავიდა, თუმცა ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ ღორების მომვლელი გახდა და საჭმელიც კი სანატრელი გაუხდა. ალბათ ისიც თავის სახელს ეძებდა და ცდილობდა თავის დამკვიდრებას, თუმცა მასაც ჩემსავით შემოეფლანგა ყველა ის რესურსი, რაც გააჩნდა, ან ეგონა, რომ გააჩნდა. ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა ღორების მოვლით იყო დასაქმებული, დაფიქრდა და თავისთვის თქვა, რომ თუ წავიდოდა მამამისის სახლში, მოსამსახურედ მაინც იმუშავებდა და საჭმელიც ექნებოდა. იცით, რა მოხდა? ადგა და მამისაკენ გაეშურა და თურმე მამაც გზად ელოდა იმის იმედით, რომ მისი შვილი ოდესმე აუცილებლად დაბრუნდებოდა. მამამ შვილი მიიღო პატივითა და სიყვარულით. დაიბრუნა, როგორც ძე და არა როგორც მოსამსახურე. გაუმართა დიდი ზეიმი და ამბობდა: ჩემი ძე დაკარგული იყო და გამოჩნდაო. როგორი გულისამაჩუყებელია, არა? ვისურვებდი, რომ ჩემი თვალით მენახა ეს კადრი და გამეზიარებინა მათი ოჯახის სიხარული. რატომღაც ეს ილუსტრაცია ჩემს ცხოვრებას დავუკავშირე იმით, რომ ის შეცდომილი ძეც და მეც, დამოუკიდებლად ვცდილობდით საკუთარი თავის დამკვიდრებასა და იმ აღმატებული მდგომარეობის პოვნას, რომელიც თურმე მას მამის სახლში ისედაც ჰქონდა. შესადარებლად მარტივი ჩანს, რომ მას ჰქონდა რაღაც, შემდეგ კი დაკარგა და თავისი მწარე გამოცდილებით მოუწია გაკვეთილის სწავლა, მაგრამ ეს მაინც განსხვავდებოდა ჩემი მდგომარეობიდან, რადგან მე ჯერ არც არაფერი მქონდა, რომ დამეთმო და შემდეგ ისევ მენანა მისი დაკარგვა. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ნებისმიერ გამოცდილებაზე თანახმა ვიყავი, ოღონდ ის მიმეღო, რასაც ვეძებდი: სახელი, ვინაობა, მოწოდება, როლი ან თუნდაც შინაგანი დაჯერება, რომ რასაც გავაკეთებდი, ნამდვილად ჩემი გასაკეთებელი იქნებოდა. წიგნი ხელში მეჭირა და თან ვიხსენებდი მეეზოვის მიერ ნათქვამ სიტყვებს: „შესაძლებელია რაღაც ახლის შექმნა ან არსებულის განვითარება ისე, რომ სახელიც კი შეეცვალოს მას.“ ყველა მის მიერ ნაამბობი ისტორია მახსენდებოდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა იმასაც ვიაზრებდი, რომ შესაძლებელი იყო მისი ეს ნაამბობი სიტყვებად დარჩენილიყო და ვერაფერში გამომეყენებინა, როგორც ამ საღამოს, წარსულთან შეხვედრისას... თვალი ორი წამით მოვადუნე, გონებაც თითქოს გამოვარიდე მასშივე არსებულ ალიაქოთს და როგორც ბნელ ოთახში აინთება ნათურა, ისე გამინათდა თავში ეს ფიქრები: იქნებ რაიმეს სხვაგვარად ვცდილობდი? იქნებ ჩემს ვინაობას იქ ვეძებდი, სადაც არ იყო? იქნებ არასწორი ნაბიჯებით დავდიოდი და ამიტომაც ვერ მივდიოდი დასკვნამდე? არ ვიცი, არ ვიცი... თუ დედაჩემი მართალს ამბობს და ეს წიგნიც დამეხმარება სვლის გაგრძელებაში, მაშინ ამას ვცდი: „მომიხმე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდსა და მიუწვდომელს, რაც არ იცი შენ“. ეს ზუსტად ის სიტყვებია, რომლებიც პირველად მაშინ წავიკითხე ამ წიგნში, როდესაც დედამ დიდი რუდუნებით გადმომცა ის. რა უნდა გამეკეთებინა, არც ვიცოდი, მაგრამ მთელი შინაგანი ამას მეძახდა: თქვი, თქვი, თქვი. მთელი ძალ-ღონე მოვიკრიბე და შევეცადე მელოცა, თან ისე ვცახცახებდი, თითქოს მიკრო-ელექტროძაბვაზე ვიყავი შეერთებული... როგორღაც გონებაში გაფანტულ სიტყვებს თავი მოვუყარე და ლოცვა დავიწყე: „ღმერთო, მე ბოლომდე ვერ ვაკავშირებ ჩემსა და იმ შეცდომილი ძის ცხოვრებას, მაგრამ ერთი კი ვიცი, მე დაკარგული ვარ.ჯერ, არც მიპოვნია ჩემი თავი, მაგრამ უკვე ვხვდები, რომ დაკარგული ვარ. თუკი ჩემი ხმა გესმის, მაჩვენე სწორი გზა და დამეხმარე, რომ დავუკავშირდე იმ ადამიანებს, რომლებიც დამეხმარებიან ამ გზის გავლაში. მე ძალიან ხშირად ვარ გადატვირთული გარემოებებით, რომლებიც ჩემი კონტროლის მიღმაა. ძალიან ხშირად ადვილად ვნერვიულობ იმაზე, რასაც თითქოს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე ვიცი, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად მეტი სიმკვეთრე მჭირდება, რათა გავიაზრო გზა, რომელიც ჩემ წინაა და აღმოვაჩინო ჩემი ცხოვრება, რომელსაც ასე ვეძებ. გთხოვ დამეხმარო და მაჩვენო გზა, რომელიც აღმომაჩენინებს ჩემს ნამდვილ ვინაობას.ამინ.“ გულში საოცარმა სიმშვიდემ დაისადგურა და ეს სიმშვიდე ბრძოლით მოპოვებული იყო. მართალია, ჯერ ომი არ მქონდა დასრულებული, მაგრამ დღევანდელი გამარჯვება ძალიან დიდ სიხარულს და სიმშვიდეს მანიჭებდა. ჩემს შეყვარებულსაც მივწერე, რომ ვიძინებდი, დავემშვიდობე და მალევე ჩამეძინა...
წაიკითხეთ პირველი და მეორე ნაწილი
R