ხელი ჩემს მხარზე ჰქონდა გადახვეული. ერთ მომენტში საჩვენებელი თითი, ვითომ შემთხვევით, ლოყაზე შემახო. სასიამოვნო ტალღამ სხეული გამითბო. არა, უნდა ვაღიარო, რომ მომწონს ეს ბიჭი, სიამოვნებით გავაგრძელებდი მასთან ურთიერთობას, რომ არა სანდრო. ის მიყვარს, ეს მომწონს. რა მემართება? იქნებ ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებ, რომ სანდრო ვაეჭვიანო? სოფი, სოფი, გამოუტყდი შენს თავს, რომ ასეა. ჰო, ასეა, მაგრამ ისედაც მომწონს, ამ მიზეზის გარეშეც, ამას ვერ დავმალავ, მაგრამ არჩევანზე რომ მიდგეს საქმე, არც დავფიქრდები, ისე ავირჩევ სანდროს. - რატომ, იმიტომ, რომ გიყვარს? - ჩამძახოდა შინაგანი ხმა. - ჰო, იმიტომ, რომ მიყვარს. - მაგრამ ის ხომ სხვისი ქმარია? - მერე რა? - ჯიბრში ვედექი მეორე «მეს». - მერე ის, რომ მას სხვა ჰყავს, იგი დიდი ხანია, შენ არ გეკუთვნის. - დავიბრუნებ! - არ ვიხევდი უკან, - ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის! - ბექასაც გამოიყენებ? - უხილავ ხმასთან პაექრობა არ ცხრებოდა. - თუ საჭირო გახდა, აუცილებლად. - უკვე იყენებ, - ბოროტად ჩაიცინა ხმამ, - და ეს ცუდად დამთავრდება!
უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა.
ამასობაში რესტორანში ამოვყავი თავი. რომ გამოვერკვიე, უკვე მაგიდასთან ვისხედით და ბექა ოფიციანტს მენიუს უკვეთავდა.
მიმოვიხედე. მცირე დარბაზი იყო, ცენტრში მუსიკოსები ისხდნენ, იქვე მევიოლინე იდგა და რომელიღაც ძალიან ნაცნობ მელოდიას აკვნესებდა მთრთოლვარე თითებით.
- რას მიირთმევთ, ლედი? - ოფიციალური ტონით მომმართა ჩემმა კავალერმა.
- რა ვიცი, დიდად არ მშია, - ავიჩეჩე მხრები.
- არც მე მშია, მაგრამ ვცადოთ.
- კარგი, მაშინ პიცას შევჭამ, სოკოთი.
- ეგრე იყოს… დასალევი? შამპანური, ღვინო…
- მარტინი, მარტინი მირჩევნია.
ოფიციანტმა შეკვეთა ჩაიწერა და წავიდა. ბექა ნიკაპით ხელებს დაეყრდნო და მეოცნებე თვალებით მომაჩერდა. ვეცადე, რაღაც სასიამოვნო მეთქვა.
- იცი? შენთან კარგად ვგრძნობ თავს.
- რა ბანალურია-ა-ა! - პატარა ბავშვივით წამოიძახა.
- მერე რა? - გავწითლდი, - შენ არ მითხარი, ერთხელ შენც სცადე, ბანალური იყოო?
- მართალი ხარ, გითხარი და რომ იცოდე, ძალიან გიხდება.
- ნუ მაშაყირებ. მე გულწრფელად გითხარი, რასაც ვფიქრობდი.
- თუ ეს მართალია, სოფი, გეტყვი, რომ ამწუთას ყველაზე ბედნიერი მოკვდავი ვარ მთელ მსოფლიოში, - ბექამ ხელები გამოსწია და ჩემი თითები ჩაბღუჯა.
თვალები დავხარე.
- ის მაინც მითხარი, მცირედი შანსი თუ მაქვს? - უცნაურად დამაშტერდა პასუხის მოლოდინში.
- რატომაც არა, - ისევ გავწითლდი.
- «ის» რითი მჯობს, შეგიძლია ამიხსნა? - მისთვის უცნობ მეტოქეს გადასწვდა მოულოდნელად.
სუნთქვა შემეკრა. ავილეწე.
- ძალიან გთხოვ, ამ თემაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. არ მიყვარს შედარებები, - ხელები გამოვწიე.
- მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა.
- შენ კარგი ხარ, ბექა, ძალიან კარგი, მაგრამ ამას დრო სჭირდება, უნდა გამიგო, - მუდარით სავსე ტონით წარმოვთქვი.
- ღმერთო ჩემო, ეს ბანალური კი არა, უბანალურესია, - წამოიძახა მხიარულად, რომ სევდიანი განწყობა გაექრო.
- რა, არ მოგწონს? - მეც ავყევი.
- მომწონს რომელია, «აღშფრთოვანებული» ვარ, - საყვარლად გამიღიმა და თავი გვერდზე გადახარა, მერე უცებ სერიოზული გამომეტყველება მიიღო და გააგრძელა, - უბრალოდ, არ მინდა, რომ მომატყუო. ტყუილი ღალატის ტოლფასია, თუ მატყუებ, ესე იგი, მღალატობ.
- ჯერ ერთი, არ გატყუებ, მეორეც - ტყუილი სხვაა და ღალატი - სხვა. არსებობს კეთილი და ბოროტი ტყუილი, ღალატი კი არ შეიძლება კეთილი იყოს.
- მეფილოსოფოსები? მოგიგებ, იცოდე. გინდა, დაგიმტკიცო, რომ ღალატიც შეიძლება კეთილი იყოს?
- დამიმტკიცე, - მკლავები ერთმანეთში გადავხლართე, მაგიდას დავეყრდენი და წინ გადავიხარე.
- მაგალითად, შეიძლება უარი თქვა საკუთარ სიყვარულზე მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სიყვარულით სხვას ცხოვრება არ გაუფუჭო.
- ეგ როგორ? - გავფითრდი.
- როგორ და… აი, დავუშვათ, მე და შენ გვიყვარს ერთმანეთი. ამ დროს მე ავად ვარ, მალე მოვკვდები. ან ნარკომანი ვარ, გამოუსწორებელი. ვიცი, რომ ჩემს ხელში ბედნიერი ვერასდროს იქნები. ასეთ შემთხვევაში მე შემიძლია გითხრა, რომ არ მიყვარხარ, ზურგი გაქციო და თავისუფლება მოგანიჭო, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ სხვა, უკეთესი ადამიანი იპოვო ცხოვრებაში. გასაგებია? ეს არ არის კეთილი ღალატი?
სახე მომებრიცა ამის გაგონებაზე, თითქოს ჩემი და სანდროს ურთიერთობის ამბავს მიყვებოდა, თითქოს ყველაფერი იცოდა ჩვენ შესახებ. მიტკლისფერი გავხდი.
- სოფი, რა მოგივიდა, რა ვთქვი ასეთი? - შეწუხდა ბექა და აწრიალდა.
- არაფერი, არაფერი, - სკამზე გავსწორდი და დარბაზის შუაგულისკენ უაზროდ გავიხედე.
არა, მან ჩემი წარსულის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ მაინც მიზანში მოარტყა…
ამ თემაზე საუბარი აღარ გაგვიგრძელებია. ოფიციანტმა შეკვეთა მოიტანა. ჭამის მადა დამეკარგა, ზრდილობის გულისთვის ერთი-ორი ლუკმა გავსინჯე მხოლოდ. ბექა გამომცდელად შემომხედავდა ხანდახან, მისი მხიარული განწყობაც გამქრალიყო სადღაც.
სასმელი ჩამოასხა, ბოკალი აიღო და მომიჭახუნა.
- სოფი, შენ გაგიმარჯოს, იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი ხარ, იმიტომ, რომ ძალიან საყვარელი ხარ და კიდევ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად უყვარხარ ამქვეყნად ყველაზე ბანალურ მამაკაცს…
- მთავარი ექიმის მოადგილეს, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატს და ასე შემდეგ, არა? - სიტუაციის განმუხტვა ვცადე, მაგრამ… არ გამომივიდა.
- ჰო, - მოღუშულმა თქვა და დალია.
- ნუ ხარ ეგრე, გთხოვ, - ხელზე ხელი დავადე.
- თუ სხვა გიყვარს, მითხარი და დღესვე დაგანებებ თავს, - თქვა უცებ.
დავიბენი. რომ ვუთხრა, ასეა-მეთქი, სამუდამოდ დავკარგავ. რომ მოვატყუო, არ მინდა. რა ვქნა? როგორმე ოქროს შუალედი უნდა ვიპოვო. პასუხი დავაყოვნე.
- მიყვარდა… ძალიან დიდხანს მიყვარდა… თანაც უიმედოდ… ახლა დავიწყებას ვცდილობ, - ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით ვამბობდი თითოეულ სიტყვას.
- სხვა მეტი არაფერი გინდა მითხრა? - ჩამეძია.
- სხვა? სხვა… შენ გაგიმარჯოს, იმიტომ, რომ უსაშველოდ კარგი ხარ, - ბოკალი ავწიე, გავუღიმე და მოვსვი. მესიამოვნა ტკბილ-მწარე სითხე.
- ხვალ მოდიხარ ნათიასთან? - ბექამ მოულოდნელად შეცვალა საუბრის თემა.
- ნათიასთან? რა ხდება?
- დაბადების დღე აქვს.
- არ ვიცი, ჩემთვის არაფერი უთქვამს.
- გეტყვის ალბათ. მას ძალიან მოსწონხარ.
- მეც მომწონს, კარგი გოგოა… კიდევ დაასხი, რაღაც დალევა მომინდა, - ბოკალიანი ხელი მისკენ გავიშვირე და გამომწვევი მზერა ვესროლე.
- ჯერ მითხარი, როგორი სიმთვრალე გაქვს, - ეშმაკურად გამიღიმა ბექამ, გამოუკეთდა ხასიათი.
- გადასარევი, სულ ვიცინი, - მეც გავმხიარულდი.
- მაშინ დავლიოთ, სადღეგრძელო შენზე იყოს.
- იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც არ ბერდება, - რაღაც სისულელე ვთქვი.
- თუ იმ სიყვარულს, რომელიც არ კვდება? - მრავლისმეტყველი მზერა მესროლა.
- სულერთია, მთავარია, რომ ორივე ბანალურია, - გადავიკისკისე და მივუჭახუნე.
მევიოლინე მოგვიახლოვდა, ჩვენს მაგიდასთან შეჩერდა, წელში ოდნავ მოიხარა და მთელი გრძნობით ააკვნესა ინსტრუმენტი. ბექას გავხედე. საოცარი სევდა ჩადგომოდა ლამაზ თვალებში. წამიერად სურვილი გამიჩნდა, მოვფერებოდი… მუსიკოსი გაგვეცალა.
- ვიცეკვოთ? - ახალი სურვილი გამიჩნდა.
- რატომაც არა, ცეკვა სასარგებლოა.
- რისთვის?
- დაახლოებისთვის, - მაცდურად გამომხედა.
ღიმილი ვერ შევიკავე. მაჯაში ხელი ჩამავლო და საცეკვაო მოედანზე პატარა ბავშვივით გამიყვანა. ხელები მხრებზე ჩამოვაწყვე, მან წელზე მომხვია და მიმიზიდა. მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი. სასმელმა ცოტათი გამაბრუა. ლოყა ლოყაზე მივადე და გავინაბე. მისი ხელები თავიდან ოდნავ გაუბედავად, მერე კი მეტი სითამამით ამოძრავდა ჩემს ზურგზე.
- რომ შემეძლოს, შეგისრუტავდი, - ყურთან მომიტანა ტუჩები და ნაზად შემეხო.
ცხელი, ცხელი ტუჩები ჰქონდა. წარმოვიდგინე, როგორ მაკოცებდა, როგორი განცდა იქნებოდა მისი მოფერება. თვალები დავხუჭე. ისევ შემეხო ყურზე, ახლა უკვე მაკოცა. სხეული ჩემდა უნებურად მიიწევდა მისკენ. არ მიცდია წინააღმდეგობის გაწევა. უფრო მჭიდროდ მოვხვიე მკლავები კისერზე და თავი მკერდზე მივადე. ამით ისარგებლა და ყელზე დამეკონა. მაშინ კი ავწიე თავი, დარბაზს მოვავლე მზერა, ხომ არ გვიყურებენ-მეთქი. რამდენიმე წყვილი თვალი მოგვჩერებოდა, შემრცხვა.
- წასვლა ხომ არ გინდა? - მკითხა.
- ჰო.
მაგიდას დავუბრუნდით, თითო ბოკალიც დავლიეთ, ბექამ დანახარჯი გადაიხადა და წამოვედით. კარგა მანძილი გავიარეთ უხმოდ, თითქოს ერთმანეთს ფიქრში არ ვუშლიდით ხელს. მერე ტაქსი გააჩერა. ასევე უხმოდ მიმაცილა სახლამდე. მანქანა გაუშვა და სადარბაზომდე მომყვა.
- შინ ვერ გეპატიჟები, - დუმილი მე დავარღვიე.
- ვიცი. არ არის პრობლემა, ალბათ შენები გელოდებიან.
- არავინაც არ მელოდება, მარტო ვცხოვრობ.
- მართლა? - სიბნელეში დავინახე, როგორ გაუფართოვდა თვალები, - მშობლები?
- მოსკოვში არიან. მამა და ძმა იქ მუშაობენ, დედა მათთან არის, მხოლოდ ზამთრობით მსტუმრობს ხოლმე, იქაურ სიცივეს ვერ იტანს.
- მერე როგორ გტოვებს ამისთანა მზეთუნახავს მარტო, არ ეშინია?
- მე ჭკვიანი გოგო ვარ, მენდობა, - გავიხუმრე.
- ჰო-ო-ო… მე გამიჭირდებოდა, - ორჭოფულად თქვა.
- რა? ჩემი ნდობა თუ ჩემი დატოვება?
- ერთიც და მეორეც, - თქვა და ცხვირი ცხვირზე მომადო.
- საძაგელი ვინმე ხარ, - დავიჩურჩულე და ცხვირით გავეხახუნე.
- ვიცი და ახლა უფრო დიდ საძაგლობას ჩავიდენ, - მიპასუხა და სანამ გონს მოვეგებოდი, ხელი წამავლო და ტუჩებზე დამაცხრა.
არც ახლა გავუწიე წინააღმდეგობა, ერთი რამის შემეშინდა მხოლოდ - კოცნაზე კოცნით არ მეპასუხა. შემეშინდა, მისი ალერსი იმაზე ვნებიანი არ აღმოჩენილიყო, ვიდრე სანდროსთან განცდილი. არადა, ცდუნებამ მძლია, სასმელმაც თავისი ქნა. წუთიერად დავყევი მამაკაცის ნებას, დავმორჩილდი, საამოდ მივუშვირე ტუჩ-ყელი, მაგრამ საპასუხო კოცნა ვერ გავიმეტე, არ მივეცი თავს ამის უფლება. თუმცა იმწუთას მხოლოდ ერთი რამ მინდოდა - რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს სიამოვნება.
ბექას გახურებულმა ტუჩებმა ყელიდან მკერდზე გადაინაცვლა, ხელები კი პიჯაკქვეშ შემიცურა და კოფთა ამომიჩაჩა. შიშველ სხეულზე ვიგრძენი მისი ძლიერი მკლავ-თითების შეხება. ისინი ნელ-ნელა, წრიული მოძრაობით მოიწევდნენ ჩემი ვნებით ამბოხებული მკერდისკენ. არა, ეს უკვე მეტისმეტია, ახლა უნდა შევაჩერო, ვამბობდი გონებაში, მაგრამ სხეული არ მემორჩილებოდა, იგი ყველაფრის ნებას აძლევდა მამაკაცს. ის ისეთივე მორჩილი იყო, როგორც იმ ღამეს, სანდროს რომ ეკვროდა სიამოვნებისაგან გაბრუებული. ცოტაც და თავს დავკარგავდი…
- ბექა, საკმარისია, გეყოფა, - დავიკრუსუნე.
- ცოტა ხნით ამოვალ შენთან, კარგი? სულ ცოტა ხნით, - ჩურჩულებდა აღგზნებული.
- არა, არა! - მკაცრად ვთქვი და ხელი ვკარი, ტანსაცმელი სასწრაფოდ გავისწორე, სადარბაზოში შევვარდი და კიბეს სირბილით ავუყევი.
ბექა არ გამომკიდებია… თავი მარტო რომ დავიგულე, შევჩერდი, სული მოვითქვი. რას ჰგავს ჩემი საქციელი, როგორ ვიქცევი, ერთი მიყვარს, მეორეს ვეფერები - ეს ნორმალურია?
კართან მისულს უცნაური სიურპრიზი დამხვდა, ვიღაცას ყვითელი ტიტების თაიგული დაეტოვებინა სახელურში გაჩრილი. საყვედურით სავსე მზერით შევხედე ყვავილებს, ვერ მივხვდი, ვისი ბოროტი ხუმრობა უნდა ყოფილიყო. ვერ ვიტან ყვითელ ფერს, იგი ხომ ღალატის, ეჭვის, სიძულვილის, ეპიდემიის, დაუძლურების ფერია. გულმა რეჩხი მიყო. არა, ეს შეუძლებელია! სანდრო ამას არ იზამდა! - ვიმშვიდებდი თავს. მაშინ ვისი ნახელავია? ასეთი სიძულვილით ვის გავახსენდი? ვინ იცის, რომ ყვითელი ფერი არ მიყვარს?
ასეთი არავინ მეგულებოდა. სანდროს მოფიქრებული იქნება, სამაგიეროს მიხდის ალბათ.
კარი გავაღე, შუქი ავანთე და მოწყენილი ყვავილები ლარნაკში ჩავალაგე, ფურცლებზე შემოკრული რეზინები მოვაცალე და წყალიც ჩავუსხი. საწოლზე ჩამოვჯექი და თაიგულს მივაჩერდი. ეს გამოწვევაა? როგორ მითხრა იმ დღეს? შენი ცხოვრება კიდევ უფრო მოსაწყენი გახდება, გპირდებიო, არა?.. ეს მუქარის პირველი ნაბიჯია ალბათ.
ფეხსაცმელი გავიხადე და ლოგინზე გავიშოტე. როგორ დავიღალე. დაძინება არ მაწყენდა. თვალწინ ჯერ ბექა დამიდგა, მერე - სანდრო. ერთდროულად ორივე მამაკაცზე ვფიქრობდი. მეშინია, გაორება არ დამემართოს. არა, ბექა არ არის ხელიდან გასაშვები «კანდიდატურა», მაგრამ სანდროს რა ვუყო? მის მიმართ დაუოკებელი ჟინი უფრო მამოძრავებდა მგონი, ვიდრე სიყვარული. რაღაც ჯიბრის მომენტი მქონდა. მინდოდა საბოლოოდ დამემარცხებინა იგი, შური მეძია იმ წარსულისთვის, რომელიც გამიმწარა. მან ყველაფერი წამართვა - მომპარა სინათლე, ჰაერი და ცა, მიწა და წყალი… თავისუფლად არსებობის უფლება არ მომცა. ამას ვერ ვაპატიებ.
თვალები მებლიტებოდა, ფიქრებით ბექას გადავწვდი, ჯერ კიდევ ვგრძნობდი მისი ტუჩების მხურვალებას სხეულზე. რა კარგი მოფერება სცოდნია. არ მეგონა, ეს საქმე სანდროზე უკეთ თუ შეეძლო ვინმეს. ახლა მხოლოდ მასზე ვიფიქრებ, ერთი ღამით დავივიწყებ «მაესტროს», ეს ღამე ბექას ეკუთვნის, - მტკიცედ გადავწყვიტე, მაგრამ ძილმა მალე წამართვა თავი.
8 8 8
დილით ჩიტების ჭიკჭიკმა გამომაღვიძა. ღია სარკმლიდან ცივი ნიავი უბერავდა…
სამსახურში წასასვლელად გავემზადე, მაგრამ ჯერ ადრე იყო. სავარძელში ჩავჯექი და ჩემი პატარა, ორნამენტებიანი მუთაქა ჩავიხუტე, თან ყვითელ ტიტებს გავყურებდი, რომლებიც უაზროდ გაშლილიყო და ალაგ-ალაგ ფურცლებიც დასცვივნოდა. ცალი ხელით მუთაქას ვეფერებოდი, მეორეთი ყავას ვწრუპავდი. ოდნავ მტკიოდა თავი, ალბათ მარტინის ბრალია. რა ლამაზი ცხოველებია ამოქარგული ამ მუთაქაზე, განსაკუთრებით ეს ლომი მომწონს, შველს რომ მისდევს მტაცებლური მზერით… ეს შველი მე ვარ ალბათ, ლომი კი… რა თქმა უნდა, სანდროა, მაგრამ… მომდევს კი? თუ მე მივდევ?.. გამეცინა…
ათ საათზე კლინიკაში ვიყავი. მანქანა დავაყენე და შენობაში შევედი. საორდინატოროში შევიხედე და უხალისოდ მივესალმე თანამშრომლებს.
- სოფიო, საღამოს ხომ გცალია? - ნათია მომიახლოვდა.
- კი, რატომაც არა, რა ხდება? - ვითომ არ ვიცოდი, ისეთი სახე მივიღე.
- ჩემთან ამოდი, ვიქეიფოთ, - მორიდებით გამიღიმა.
- დაბადების დღე ხომ არ გაქვს შემთხვევით? - ჰო, ხომ მოხვალ?
- აბა, რას ვიზამ.
უცებ ნანკა მომიტრიალდა.
- მთავარი ექიმი გიბარებს, - კუშტად მესროლა.
ვაჟას და გელას გადავხედე, შემცბარი მიყურებდნენ. მივხვდი, რაც ხდებოდა. უხმოდ გავტრიალდი და დერეფანს დავუყევი. მორიდებით შევაღე ბატონი მიხეილის კაბინეტის კარი. სანდრო უკვე იქ იყო.
- მოდი! - მკაცრად მითხრა მთავარმა ექიმმა, ამჯერად «სოფიო» აღარ დააყოლა.
- ახლა ორივენი აქ ხართ და იქნებ ამიხსნათ, რა მოხდა გუშინ, რატომ მოგივიდათ ნარკოზის ზედმეტი დოზა? - მიხეილი ხან მე შემომხედავდა, ხანაც - სანდროს.
მე გაჩუმება ვამჯობინე, კეთილი ენება და სანდროს პირველს ეთქვა, რისი თქმაც უნდოდა.
- ვერაფერს გეტყვით, სიმართლე გითხრათ, მეც მიკვირს, რატომ გამოვიდა ასე, - ჩაიბურტყუნა მან, თან ცდილობდა, ჩემთვის არ შემოეხედა.
სიბრაზემ ამიტანა, ასეთ ვერაგულ ტყუილს არ მოველოდი.
- სოფიო, თქვენ რას იტყვით, გენაცვალე? - ოფიციალური «გენაცვალე» გამოუვიდა მთავარ ექიმს.
- რაც ქირურგმა მითხრა, ის გავაკეთე, - ნერვიულად წარმოვთქვი.
სიმწრისგან ხელები ამიკანკალდა და ხმაც. გამიჭირდა თავის შეკავება, აღვშფოთდი.
- რა გითხრა, ზედმეტი დოზა მიეციო? - ირონიულად მკითხა მიხეილმა და სათვალე მოიხსნა.
- არა, მითხრა, დოზა დაამატეო. მე წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ვიცოდი, პაციენტი ძალზე დასუსტებული იყო და გაუჭირდებოდა.
- ასე იყო, ბატონო სანდრო?
იგი ხმას არ იღებდა.
- იქნებ ის იყო მართალი, რაც ნანკამ თქვა? - იკითხა მოულოდნელად მიხეილმა.
- ნანკამ რა თქვა? - წარბები შევყარე, ეს რაღაც ახალი იყო ჩემთვის.
- ერთი სიტყვით, ცუდი ამბავი მოხდა. თქვენს ჯიბრს თუ რაღაცას, არც ვიცი, ამას რა დავარქვა, კინაღამ ავადმყოფის სიცოცხლე შეეწირა. გაფრთხილებთ და ეს უკანასკნელი გაფრთხილება იქნება, კიდევ თუ განმეორდება მსგავსი შემთხვევა, ორივე დატოვებთ კლინიკას! - მკაცრად წარმოთქვა მთავარმა ექიმმა და წამოდგა, რითაც მიგვანიშნა, შეხვედრა დამთავრებულიაო.
ლასლასით გამოვედი კაბინეტიდან. სანდროს შეცდომის გამო მეც ვისჯებოდი, ამის მოთმენა ძნელი იყო. გარდა ამისა, ნანკასაც ჰქონდა რაღაც მიქარული, რაც ჯერ არ ვიცოდი.
- ნანკას რა უნდოდა? - გარეთ გამოსულ სანდროს წინ ავესვეტე.
ხმა არ გამცა, ისე გამიარა გვერდით. დავეწიე და მკლავში ვტაცე ხელი.
- არ გესმის, რას გეუბნები? - წინ გადავუდექი.
- ეგ მაგას ჰკითხე, მე კი თავი დამანებე, არაფერ შუაში ვარ.
სკანდალი არ მინდოდა, ამის არც თავი მქონდა და არც სურვილი. ვიცოდი, ნანკასთვის პასუხი რომ მომეთხოვა, ისტერიკას დაიმართებდა და მეც ბაზრის ქალის როლში გამოვიდოდი. გადავწყვიტე, სხვებისგან გამეგო, რა ჰქონდა ნათქვამი და იმის მიხედვით მოვქცეულიყავი. საორდინატოროში შევიხედე, ნათიას თვალი ვანიშნე, გამოდი-მეთქი. უცებ დერეფანში ჩოჩქოლი მომესმა. გავიხედე. ბექას კაბინეტიდან გამოსული ნანკა დავინახე.
- ჩემი საქმისა მე ვიცი და ნურავინ მასწავლის, როგორ მოვიქცე, - წიკვინებდა ქალი.
გაგრძელება იქნება