გამომცემლობა „პალიტრა L” ლიტერატურულ კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ უკვე მეშვიდედ ატარებს. კონკურსის მეორე ტური ახლა მიმდინარეობს. გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი მონაწილის, თორნიკე არჯევანიძის მოთხრობათა კრებულიდან, სახელწოდებით „ახალი ამბები იმრონიდან“.
მოთხრობათა კრებული განეკუთვნება ფენტეზის ჟანრს. თითოეულ მათგანში მოქმედება ვითარდება ახალი იმრონის კონტინენტზე და გადმოცემულია სხვადასხვა დროსა და მხარეში მცხოვრები საინტერესო პიროვნებების ცხოვრების მეტად მნიშვნელოვანი მონაკვეთები.
შუა საუკუნეების სტილის პოლიტიკური და რელიგიური ინტრიგები, ჩახლართული დანაშაულები და მათი გამოძიება, მაგია, მითოლოგიური არსებები და უცნაური ცხოვრებისეული სიტუაციები ფრიად საინტერესო სამყაროში ამოგზაურებს მკითხველს.
ფენტეზის სამყაროს საკვირველი ისტორიები თითოეული მკითხველის ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს აირეკლავს...
ამონარიდი:
ბიანკა ამადეოს ოთახში, საწოლზე გაწოლილიყო და ნივნივებიან ჭერზე გამოსახულ მანოლეების უშველებელ საგვარეულო გერბს მისჩერებოდა. ფრთები ისე ფართოდ გაეშალა ჭაღში ჩამაგრებული სანთლების ლიცლიცა შუქით განათებულ ლომს, იფიქრებდი, სადაცაა გაცოცხლდება, ორნამენტებიან ჭერს გამოეყოფა და აივნის კარიდან გაფრინდება გარეთ, ცივ სიბნელეშიო. საოცარი იყო, რომ ოჯახისგან, რომელიც ორას წელზე მეტხანს მართავდა კასტა-მარინოს, აღარაფერი დარჩენილიყო, კატორღაზე გამწესებული მათი უკანასკნელი თექვსმეტი წლის ვაჟის გარდა და ისიც, ამადეოს თქმით, ალბათ, დღე-დღეზე მოკვდებოდა ტიფით.
ამადეო თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა და უკვე მეორე წერილს წერდა. საწერ ბუმბულს თაგვივით აწრიპინებდა ქაღალდზე. გაჩახჩახებული ჩუქურთმებიანი მარმარილოს ბუხარი თავისი დამამშვიდებელი ტკაცატკუცით აძლევდა ბანს კალამს.
„თერთმეტი დღე“, – წმინდა კორნელიას დღემდე დარჩენილი დღეები გადათვალა გონებაში ბიანკამ. როგორც ამადეოს მკვლელობის დამკვეთებმა მოსწერეს, ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა სრულად, თუ წმინდა კორნელიას დღეს არ გადააცილებდა მკვლელობას. არადა, საწამლავი ჯერ არ ჰქონდა ნაშოვნი. გაგონილი ჰქონდა, რომ ერთ-ერთს ისეთი მოქმედება ახასიათებდა, თუ დალევდი, ფაღარათით მოგკლავდა. სწორედ ამ შხამისკენ მიუწევდა გული ბიანკას, – ბელეგას არქიმოციქულს, რომელსაც მთელი ბელეგას თავის ჭკუაზე ტრიალი სურდა, საკუთარი უკანალი დაატრიალებდა თავის ჭკუაზე.
– ჩემო ძვირფასო, – დაიძახა ამადეომ, – მითხარი, აბა, რომელი ფრაზა სჯობს? „დროულად გამოგზავნეთ თქვენი ხალხი კასტა-მარინოში, თუ არადა, შეგიძლიათ სულთა სავანეს სამუდამოდ დაემშვიდობოთ“ თუ „თუ თქვენს ხალხს დროულად არ ვიხილავ კასტა-მარინოში, მომიწევს, სულთა სავანეში შემავალი კარი სამუდამოდ დაგიხშოთ“?
– მეორე, – მაშინვე უპასუხა ბიანკამ, – უფრო ლამაზად ჟღერს.
– ეგრეც ვიფიქრე.
ისევ აწრიპინდა ბუმბული. ბიანკამ კი ფიქრი განაგრძო. კასტა-მარინოში ორ აფთიაქარს იცნობდა, – კარლასა და ემილიოს. კარლასგან, რომელიც „ძმები კორნარეების წამლის სახლის“ აქაური განყოფილების უბრალო მუშაკი იყო, ოთხჯერ იყიდა მუცლის მოსაშლელი ხსნარი, ხოლო ერთხელ მისი ქმარი ზედმეტად მძვინვარე მოვალისგან გადაარჩენინა ამადეოს. „ახალ აფთიაქართა გილდიის“ რიგითი წევრი ემილიო კი... იგი უბრალოდ მისადმი სიყვარულით იწვოდა. ბიანკა ყოველთვის თვლიდა, რომ სჯობს იმ მამაკაცს მიენდო, რომელსაც უყვარხარ, ვიდრე იმ ქალს, რომელიც მეგობრად გთვლის და გემადლიერება.
„ქალებში მეტი შურია... კაცებს მხოლოდ ერთი რამ უნდათ. მისცემ და ცხოვრების ბოლომდე შენი ფინიები იქნებიან.“
შემდეგ იმ დაკონკილ მოსასხამში გახვეული ქალის სახე გაახსენდა, რომელმაც წვრილი გრაგნილი და ავანსად ოთხი ბელეგური ოქროს მონეტა მოართვა პირდაპირ თავის ოთახში. არც ისე ლამაზი, არაფრით გამორჩეული სახე, – სახე, რომელიც ციტადელში ვეღარსად ნახა. ნეტავ, ვინ იყო ან როგორ შემოაღწია ციტადელის კარიბჭეშიო, იფიქრა ბიანკამ, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას? მთავარია, დიდად მოეწონა, ამგვარ ინტრიგაში რომ შეასრულებდა მთავარ როლს, –ინტრიგაში, რომლის მსგავსებიც სამეფოებისა და მასში მცხოვრები მრავალი ადამიანის ბედს წყვეტენ; ინტრიგაში, რომელშიც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშეც დიდი სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას ბიანკა.
– ნახე ერთი, რას იწერება ეს ბოზის გაგდებული! – ფიქრებიდან გამოარკვია ამადეოს ღრენამ, – „ჯერ ლოცვა ისწავლოს არქიმოციქულმა და მერე მოითხოვოს ჩვენგან მისი უკანალის დაცვა. ჩემი რაინდების სისხლს არაფრის დიდებით არ დავღვრი უქორწინებლობის აღთქმის დამრღვევისთვის“.... ნაბიჭვარი! მოღალატე ნაბიჭვარი! ამას ვუჩვენებ სეირს!
– ეგ ვინაა? აბატმა რომ ახსენა დღეს?
– ჰო. წმინდა პაოლას თუ პაოლოს ორდენის ნაბიჭვარი მაგისტრი! მაგის დედაც! მე შენ გაჩვენებ, დამაცადე!
– დავიღალე, ამადეო. წავალ დავწვები, – ფეხზე წამოდგა ბიანკა და ჩუქურთმებიანი კარისკენ წალასლასდა, – თუ მოგენატრები, იცი, სადაც მომაგნო.
მაგრამ არქიმოციქულს არც მიუქცევია მისთვის ყურადღება, ისე იყო კალმის გაცხოველებული წრიპინით გართული.
ბიანკა ფარნებით მკრთალად განათებულ დერეფანში გამოვიდა და მოზაიკის კედლებზე გაწელილ მუქ ჩრდილებს შორის წანარნარდა. თადეოს ოთახის კარი ღია დახვდა, თუმცა თავად არქიმოციქულის უფროსი ვაჟი არსად ჩანდა, – მხოლოდ თავსაფრიანი მსახური გოგონები ფაცაფუცობდნენ შიგნით რაღაცას გრძელ ჯოხებზე დახვეული სველი ნაჭრებით. უცბად, გარეთ ქარმა დაიხუვლა, მისმა შემზარავმა ხმამ თადეოს ოთახის დაგმანულ ფანჯრებშიც კი შემოაღწია და სიკვდილმისჯილი ქალის წამოკივლების ექოსავით მოეფინა ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანს. ბიანკამ ცხვირით ღრმად შეისრუტა ჰაერი, ჩათვალა, ამგვარად გულ-მუცელში ჩაუშვებდა ქარის სიმღერას და მისი სიმსუბუქით აღივსებდა თავის არსებას.
ასეც მოხდა. თვალებდაწვრილებულმა ჩაიცინა და ქვედა სართულზე ჩამავალი გრანიტის კიბისკენ წავიდა.
R