მიხეილ თუმანიშვილი რეჟისურით ბავშვობიდან დაინტერესდა. სპექტაკლებს ეზოში დგამდა. საბოლოო გადაწყვეტილება, გამხდარიყო რეჟისორი, მას შემდეგ მიიღო, რაც ახმეტელის „ყაჩაღები“ ნახა: „ეს იყო დრამატული თეატრის აღმოჩენა. შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი იყო, რომ სხვა ყველაფერმა მეორე პლანზე გადაიწია. მხოლოდ თეატრი. ჭკვიანი, მამაცი, შთაგონებული ადამიანები, ციხე-კოშკები, გრიგალისგან ამოგლეჯილი ხეები, მოვლენათა სწრაფი დინება და უმთავრესი – ბრძოლა სამართლიანობისთვის, ბრძოლა ჭეშმარიტი გამარჯვებისთვის. რამდენიმე კვირა გონს ვერ მოვდიოდი, ადგილს ვერ ვპოულობდი. მძულდა ფრანც მოორი, რომელსაც ბრწყინვალედ თამაშობდა აკაკი ვასაძე და უსაზღვროდ მიყვარდა კარლი – აკაკი ხორავა, ჭაბუკურად მეოცნებე, ფიცხელი. ახმეტელი კი იყო ჩემი თეატრის აღმომჩენი“. რეჟისორობაზე უარი არც მაშინ უთქვამს, როცა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სპექტაკლებს ჯარშიც დგამდა. მიხეილ თუმანიშვილი მეორე მსოფლიო ომშიც მონაწილეობდა, სადაც რამდენჯერმე დაჭრეს, გერმანელებს ტყვედაც ჩაუვარდა, მაგრამ საკუთარ მოწოდებაზე უარი არ თქვა და სამშობლოში დაბრუნებულმა თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. გიორგი ტოვსტონოგოვის ჯგუფში მოხვდა და აღმავლობის ხანაც დაიწყო. თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე იმ პერიოდში სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა და სულ ამბობდა: „იღბალი უნდა გქონდეს იმისთვის, რომ მიხეილ თუმანიშვილად დაიბადო და რეჟისურის მასწავლებლად ტოვსტონოგოვი მოგევლინოს“. თავდაპირველად რეჟისორი რუსთაველის თეატრში მუშაობდა, სადაც განახორციელა თავისი საეტაპო სპექტაკლები „ჭინჭრაქა“, „ანტიგონე“, „ესპანელი მღვდელი“. თეატრალურ ინსტიტუტში ცნობილი მეთერთმეტე აუდიტორია ჰქონდა, სადაც კინომსახიობთა თეატრი ჩამოაყალიბა. გასული საუკუნის 70-იან წლებში კი მიხეილ თუმანიშვილმა ექსპერიმენტული ჯგუფი შექმნა და რეჟისორები და მსახიობები გააერთიანა. რეჟისორები მსახიობებთან ერთად დგამდნენ სპექტაკლებს და ეს ერთიანობა მათთვისაც საინტერესო იყო და მაყურებლისთვისაც. თავისი სტუდენტების გარდა, მიხეილ თუმანიშვილს ლილი იოსელიანის სტუდენტებიც მოსწონდა.
მიხეილ თუმანიშვილს ცხოვრებაში ორი მთავარი საქმე ჰქონდა – პედაგოგობა და რეჟისორობა. ეს ორი საქმე მიაჩნდა თავის მთავარ მოწოდებად. ამბობდა: მსახიობობის მსურველი თავიდანვე უნდა ეზიაროს ყველაფერს, რომ თეატრში უკვე პროფესიონალი მივიდესო. მსახიობები კი მასზე ამბობდნენ, თეატრში ძალიან მომთხოვნია და ჭირვეული ხასიათი აქვსო, რასაც თავადაც ეთანხმებოდა: დიახ, ნამდვილად ასეა, მძიმე ხასიათი მაქვსო. არ უყვარდა, როცა მსახიობი ოჯახდებოდა, რადგან იცოდა, რომ ან თეატრიდან წავიდოდა, ან, თუ დარჩებოდა, სხვა რამეზე გადაერთვებოდა. მას სურდა, რომ სხვებიც ისე ბოლომდე დახარჯულიყვნენ, როგორც თვითონ. ასეთი ქმედების გამო მას ნათელა ურუშაძე ფანატიკოსს ეძახდა: „თვითონ ფანატიკოსია და სხვებისგანაც იმავეს ითხოვს. ერთი ფანატიკოსი რომ იყოს, არა უშავს, მაგრამ ყველა ფანატიკოსი ხომ არ გახდებაო.”
მიხეილ თუმანიშვილის პირველი მეუღლე ნინელი ჩიქოვანი იყო. ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს. გულის მანკით დაავადებულმა გოგონამ არ დაუჯერა მშობლებს და კატეგორიული უარის მიუხედავად, მაინც ჩააბარა სამსახიობოზე. მისთვის არც გათხოვება შეიძლებოდა და მით უმეტეს, არც ბავშვის გაჩენა, მაგრამ მან ყველაფერზე მაღლა თავისი სიყვარული დააყენა და გოგონა გააჩინა. რაც შეეხება სამსახიობო კარიერას, მან რუსთაველის თეატრში მხოლოდ ერთი წელი იმუშავა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ თუმანიშვილის თხოვნით, მსახიობობას თავი დაანება. სიცოცხლის ბოლომდე ის მეუღლის გვერდით იყო და რეჟისორულ საქმეებში აქტიურად ეხმარებოდა. როდესაც მიხეილ თუმანიშვილი დაქვრივდა, მისი გოგონა 13 წლის იყო. მამა მას ფანტაზიორობას ასწავლიდა, ღრუბლებს აყურებინებდა და თან ეუბნებოდა, ეს ღრუბელი ეტლს ჰგავს, ეს – ცხენსო, იმავე ხერხს მიმართავდა შვილიშვილებთან ურთიერთობისასაც. ხშირად ამბობდა, ადამიანს ნებისმიერ ასაკში ეს აღტაცება უნდა ჰქონდეს და შინაგანად აღარ დაბერდებაო. რამდენიმე წლის შემდეგ რეჟისორი მეორედ დაქორწინდა. ლეილა ღლონტს და მიხეილ თუმანიშვილს ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდათ, ჯერ მეგობრობდნენ, მერე კი ოჯახი შექმნეს. ის დაობლებულ გოგონაზე ზრუნავდა და სითბოსა და სიყვარულს არ აკლებდა. როდესაც მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა, მისმა მეუღლემ ეს ტრაგედია რთულად გადაიტანა, დეპრესიაში ჩავარდა და საკუთარ თავში ჩაიკეტა. მიხეილ თუმანიშვილის წარმატებას ხელი შეუწყო იმან, რომ მუდმივად ძიების პროცესში იყო. საკუთარი სპექტაკლების ყურება არ უნდოდა, „როცა ვუყურებ, მინდა, რომ სცენაზე ავვარდე და გავასწოროო“. სულ ამბობდა, იმას ვერ მივაღწიე, რაც მინდაო. მიღწეულით არასდროს კმაყოფილდებოდა.