ნანკას გიზელა მოჰყვებოდა ფეხდაფეხ, თან რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ მისი სიტყვები არ მესმოდა.
ჩემს კაბინეტში შევედი. ამასობაში ნათიამაც შემოაღო კარი.
- გამაგებინეთ, რა ხდება?
- წარმოდგენა არა მაქვს, ბექამ ნანკა დაიბარა, მაგრამ არ ვიცი, რატომ.
- ის ხომ არ იცი, ჩემზე რა უთხრა მთავარ ექიმს?
- შენ საიდან გაიგე? - ნათია შეცბა.
- თვითონ მითხრა.
- მიხამ?
- ჰო, რა იყო? მითხარი, რა აქვს ნათქვამი. გეფიცები, ხმას არ ამოვიღებ.
- სოფიო, გთხოვ, არ თქვა, მე რომ გითხარი, მაგ ქალის გადაკიდება არ მინდა, გესმის? შეიძლება სამსახური დამატოვებინოს.
- ხომ შეგპირდი, ნათი.
- რაო და… სპეციალურად შეუყვანა გიგუშას ზედმეტი დოზა, რომ სანდროზე ეყარა ჯავრიო.
ამის გაგონებაზე თვალთ დამიბნელდა, ფეხებში ძალა წამერთვა, კინაღამ ჩავიკეცე. ნათიამ ხელი შემაშველა.
- სოფიო, რა მოგდის? ცუდად ხარ? - ფრთხილად მომკიდა ხელი და სავარძელში ჩამსვა.
- მაინც რატომო, რა დაუშავა სანდრომ ამისთანაო? - ძლივს ამოვთქვი.
- არ ვიცი, ოპერაციის მსვლელობისას სანდრომ რაღაცაზე შენიშვნა მისცა, ცოტა უყვირა და სოფიო ამაზე გაბრაზდაო.
კიდევ კარგი, სხვა მიზეზი არ დაასახელა. ამან ცოტათი დამამშვიდა. მე იმის მეშინოდა, სანდრო ჩვენ შესახებ რამეს ხომ არ მოუყვა-მეთქი.
- რა საშინელი ქალი ყოფილა, ეს რამ აფიქრებინა, - გავმწარდი.
- სოფიო, გთხოვ, არაფერი უთხრა, ასე აჯობებს. გაატარე საერთოდ, თითქოს არც გაგიგია.
- რატომ, ნათი, რატომ უნდა ეგონოს მთავარ ექიმს, რომ ასეთი ბოღმა ვარ?
- მიხა ის კაცი არ არის, ასეთი რამეები ადვილად დაიჯეროს… იცის, როგორი ბოროტიცაა ნანკა… ხომ არ ეტყვი, მე რომ გითხარი? - საწყალობლად შემომხედა ნათიამ.
- არა გრცხვენია, ნათი? ასე მიცნობ? ჩათვალე, რომ ჩვენ ამ საკითხზე არასდროს გვილაპარაკია.
- გაიხარე, დიდი მადლობა. ყავა ხომ არ გინდა?
- არა, დილით დავლიე, ახლა არაფერი მინდა.
- წამო მაშინ, შემოვლა იწყება.
- გამოვალ ცოტა ხანში.
ნათია გავიდა. შევეცადე, თავი ხელში ამეყვანა და ნერვიულობა არ შემტყობოდა. რამდენიმე წუთი დამჭირდა დასამშვიდებლად. მერე ავდექი, თეთრი ხალათი გადავიცვი და კაბინეტიდან გავედი…
8 8 8
შემოვლა ისე დამთავრდა, ვინ რას ამბობდა, ერთი სიტყვაც არ გამიგია. რამდენჯერმე ბექას მზერას შევეფეთე, მაგრამ თვალი ავარიდე, მასთან გამოლაპარაკების სურვილიც აღარ შემრჩა. ერთადერთი რამ მინდოდა მხოლოდ - დღის განმავლობაში სანდრო დამემარტოხელებინა. მისთვის მქონდა სათქმელი. მოვახერხე კიდეც, რეანიმაციის კართან შევეფეთე.
- ძალიან უნიჭოდ გამოგივიდა, - მივახალე ზიზღით.
- რას გულისხმობ? - ხელები ხალათის ჯიბეებში ჩაიწყო და არანაკლები ზიზღით ამხედ-დამხედა.
- ყვავილებს.
- რა ყვავილებს?
- ჩემთვის რომ გამოიმეტე, იმას. მინდა გითხრა, რომ ტყუილად იზარალე. ხუთი ლარი სხვა, უფრო სასარგებლო რამეში შეგეძლო გამოგეყენებინა, - მივაფრქვიე ბოროტი ფრაზები.
- პირველად მესმის, არ ვიცი, რომელ ყვავილებზე მელაპარაკები, იქნებ შენმა «პაკლონიკებმა» მოგართვეს? - გაოცება და ირონია ერთდროულად აღებეჭდა სახეზე.
იმდენად გულწრფელი მეჩვენა, ვამჯობინე, მეტი არაფერი მეთქვა, უპასუხოდ დავტოვე მისი შეკითხვა და ზურგი ვაქციე.
მაშ, ვინ დამიტოვა ის ტიტები? თავს ვიმტვრევდი ფიქრით, მაგრამ ვერ ვხვდებოდი. სამუშაო საათები დამთავრდა. დღეს ნანკა იყო მორიგე. ერთით გამიხარდა, რადგან ნათიას დაბადების დღეზე არ იქნებოდა. მე ჯერ საჩუქარი უნდა მეყიდა, მერე შინ უნდა შემევლო, მინდოდა, კარგ ფორმაში ვყოფილიყავი, ამიტომ ტანსაცმლის გამოცვლა გადავწყვიტე. ნამდვილად არ მეხალისებოდა ახლა დაბადების დღეზე წასვლა, მაგრამ ნათიას ვერ ვაწყენინებდი, ამასთან - ბექაც იქ იქნებოდა და სანდროც, ყველაზე მეტად ეს მიხაროდა. ბექა გამოსასვლელთან დამეწია, სად მიდიხარო. ავუხსენი, რასაც ვაპირებდი.
- არ მომატყუო, იცოდე, - თითი დამიქნია.
- არა, ტყუილი ხომ ღალატის ტოლფასია, - შევცინე.
- ყოჩაღ, გესმის საგანი, - ტუჩებით კოცნა გამოხატა და გამიღიმა…
8 8 8
…თავის მოწესრიგებას ორმოცი წუთი მოვუნდი. როცა გაპრანჭვას მოვრჩი, სარკეში ჩავიხედე, კარგ ფორმაში ვიყავი, ფურორი არ ამცდებოდა. საკუთარ ორეულს კმაყოფილმა გავუღიმე და ის იყო, წამოსვლა დავაპირე, რომ ზარი დაირეკა. კარს მივვარდი, დარწმუნებული ვიყავი, ბექა იქნებოდა…
ღიმილი პირზე შემაშრა, რადგან ზღურბლთან ვიღაც მსუქანი, უგემოვნოდ ჩაცმული, მაგრამ ლამაზი პირისახის ახალგაზრდა ქალი იდგა. თითქოს მეცნო კიდეც.
- გამარჯობა, სოფიო, ვერ მიცანი? - უცნობმა გამჭოლი მზერა მესროლა.
ტანში გამცრა… ხმა რომ ამოიღო, მხოლოდ მაშინ ვიცანი… ჩემ წინ ნიტა იდგა…
* * *
ადგილზე გავქვავდი. იმდენად მოულოდნელი იყო ნიტას გამოჩენა, ხმა ვერ ამოვიღე, თითქოს მიველურსმნე ერთ ადგილს.
- შეიძლება შემოვიდე? - ნაღვლიანი ღიმილი არ შორდებოდა ნიტას სახიდან.
- მაპატიე, დავიბენი… ისე შეცვლილხარ, ქუჩაში რომ შემხვედროდი, ვერ გიცნობდი, - ვიმართლე თავი და შემოვიპატიჟე.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ორივე გაუნძრევლად ვიდექით ერთმანეთის პირისპირ და ხმას არ ვიღებდით, მხოლოდ თვალებით ვზვერავდით ერთმანეთს. მას აინტერესებდა, ხდებოდა თუ არა ჩემსა და სანდროს შორის რამე, მე - რა იცოდა ჩემი და სანდროს ურთიერთობის შესახებ.
- ხედავ, ცხოვრება რა საოცარია? ბედმა ისევ ერთად შეგვახვედრა, - თქვა და ამოიოხრა, - მეგონა, გაგიხარდებოდა ჩემი ნახვა.
- რატომ გგონია, რომ მეწყინა? უბრალოდ, ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. სულ ეს არის. დაჯდომაც კი ვერ შემოგთავაზე, ისე გამიკვირდა.
- მე კი მეგონა, დამირეკავდი, მომიკითხავდი, უკეთეს შემთხვევაში, ჩვენ სანახავად მოხვიდოდი.
შუბლი შევიჭმუხნე.
- მოვიდოდი? შენ ფიქრობ, რომ ეს მე უნდა გამეკეთებინა? ჩემი აზრით, პირიქით უნდა მომხდარიყო. სწორედ იმავეს ველოდი შენგან წლების წინ, შენ კი…
- რაც მოხდა, ჩემი ბრალი არ იყო, სოფიო, გეფიცები. კინაღამ თავი მოვიკალი, როცა მამაჩემმა გამომიცხადა, სანდროს ცოლი გახდებიო. სასტიკ უარზე დავდექი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მას ამის გაგონებაც არ სურდა, ცოფებს ყრიდა, სახლიდან გაგდებით მემუქრებოდა. ბოლოს სანდროს დედამაც მთხოვა, შვილს ნუ დამიღუპავო…
- მერე? ხომ შეგეძლო, მოსულიყავი და მაშინვე გეთქვა ეგ ყველაფერი. რატომ არ მოხვედი? დაგერეკა მაინც… მაგრამ არ ისურვე. გინდა, გითხრა, რატომ? იმიტომ, რომ სანდრო შენც გიყვარდა და არც შენ გინდოდა მისი დაკარგვა. ტუზი დაგეცა და ხელსაყრელი მომენტი არ გაუშვი ხელიდან, - გავცხარდი.
- არ ხარ მართალი, არა! - ნიტამ ხმას აუწია და თვალები ცრემლით აევსო, - შენ არ იცი, რა დღე გამოვიარე. მთელ ღამეებს ტირილში ვათენებდი, როცა შენს მდგომარეობას წარმოვიდგენდი. გგონია, არ მაწუხებდა ეს?
- რაც იყო, იყო, არ მინდა წარსულის გახსენება. იმედია, თოთხმეტი წლის შემდეგ ამის სათქმელად არ მოსულხარ, - შევარბილე ტონი.
- ჰო, ამის სათქმელად არ მოვსულვარ, თუმცა ამის უთქმელადაც არ წავალ აქედან და უნდა მომისმინო.
- არ გინდა, ნიტა, აღსარების მოსმენა არ მსურს.
- აღსარებისთვის არ მოვსულვარ. მხოლოდ ერთი რამ მინდა გთხოვო - სანდროს ნუ წამართმევ.
- საიდან მოიტანე ეგ სისულელე, რადგან ერთად ვმუშაობთ, გგონია, შენს ქმარს უკან დავდევ? - ძალაუნებურად მუხლები მომეკვეთა და დავჯექი, ნიტაც დაჯდა.
- შენი არ ვიცი, მაგრამ ვხედავ, სანდრო როგორ შეიცვალა ბოლო ხანებში. ღამეები არ ძინავს, ოხრავს, შინ მოსვლა აღარ უნდა, ხანდახან შუაღამისას გავარდება სახლიდან, კლინიკაში უნდა წავიდეო. ადრე არ გაუკეთებია ასეთი რამეები.
- იქ მაშინ მიდის, როცა მძიმე ავადმყოფი ჰყავს დატოვებული, ახალნაოპერაციები.
- ვიცი, მაგრამ, რატომღაც, ეს ყველაფერი მაინცდამაინც მაშინ ხდება, როცა შენ ხარ მორიგე.
- ჯერ ერთი, მხოლოდ ერთხელ მოვიდა ჩემი მორიგეობის დროს, მეორეც - შენ რა იცი, მე როდის ვარ მორიგე?
- ამის გაგება ძნელი არ არის.
- კლინიკაში რეკავ და იძიებ, ვინ არის ამაღამ მორიგეო? - თვალები გამიფართოვდა.
- თუნდაც. ხედავ, რა ადვილია?
- პირდაპირ მითხარი, რა გინდა ჩემგან, ნიტა?
- დამითმე ჩემი ქმარი, მე უფრო მჭირდება დღეს ის, ვიდრე შენ, უფრო სწორად, მის შვილებს სჭირდებათ. ვიცი, არ ვუყვარვარ, არც არასდროს ვყვარებივარ. რომ დავქორწინდით, მთელი ორი თვე ახლოს არ გამკარებია, არც კი მელაპარაკებოდა წესიერად. ნერვიულობისაგან გავხდი, თვალები ამომიღამდა, ტირილიც კი ვერ მგვრიდა შვებას. როგორც ჩანს, მერე და მერე შევეცოდე და, როგორც იქნა, დამდო პატივი, ადამიანურად მომპყრობოდა. არ დამავიწყდება ჩვენი პირველი ღამე… შუა ალერსში შენი სახელით რომ მომმართა. საშინელება იყო ამის მოსმენა, თითქოს გამთელეს, დამამცირეს, შეურცხმყვეს. არ შევიმჩნიე, აზრი არ ჰქონდა, თუმცა ვიგრძენი, რომ რაღაც გაცივდა ჩემში, ძველებურად აღარ მიყვარდა. არც ისეთი «იდეალური» აღმოჩნდა, როგორიც მეგონა. ბოლოს აიჩემა, რუსეთში უნდა წავიდეთ, აქ ცხოვრება არ მინდაო. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, რასაც მოისურვებდა, ოღონდ არ მივეტოვებინე. წავედით. თითქოს იქ უფრო დათბა ურთიერთობა, ალბათ სიშორემ თავისი გაიტანა. ერთი პერიოდი ვირწმუნე კიდეც, შევუყვარდი-მეთქი, ისე თბილად მექცეოდა, თუმცა გულის სიღრმეში სულ მეშინოდა, ყოველ წამს ველოდი, როდის წავიდოდა ჩემგან. არ მიმატოვა. ალბათ იმიტომ, რომ კარგი ცოლი ვიყავი. მისი გულისთვის შეუძლებელს ვაკეთებდი. პირველი შვილი რომ გაგვიჩნდა, გამომიცხადა, ნარკოტიკებს უნდა შევეშვა და დამეხმარეო. დავეხმარე. გამოგვივიდა. ამან უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს. მერე ბიჭი გაჩნდა, კიდევ უფრო ბედნიერი ჩანდა, თუმცა ჩემ მიმართ გაცივდა. დიდად არ მინერვიულია, არც მე ამომდიოდა მაინცდამაინც მზე და მთვარე. ოთხი წლის წინ თბილისში დავბრუნდით, მაინც აქეთ მოუწევდა გული, შეიძ…
- ნიტა, რატომ მიყვები ამას, მაპატიე, მაგრამ არ მაინტერესებს, - გავაწყვეტინე.
- იმიტომ, რომ… არ ვიცი, რატომ…
გული შემეკუმშა. ძალიან შემეცოდა. მისმა ნათქვამმა ისე იმოქმედა ჩემზე, ცხოვრებაში პირველად, თავი ვალდებულადაც კი ვიგრძენი, სანდროზე უარი მეთქვა.
- ჩვენ შორის არაფერი ხდება, დამიჯერე და არც არასდროს მოხდება, ამის პირობას გაძლევ, - მტკიცედ ვთქვი.
- ჩუმად ვამოწმებ მის მობილურს, შენი ზარი ხომ არ არის შემოსული, ან მესიჯებს ხომ არ უგზავნით ერთმანეთს. ერთი ფაქტიც ვერ დავაფიქსირე. ამან უარესად გამხადა. ვიფიქრე, ისე ფრთხილობენ, ყველანაირ კვალს შლიან-მეთქი, - ისე ლაპარაკობდა, თითქოს ხმამაღლა ფიქრობდა.
- ღმერთო, რაები გიფიქრია, ცხოვრებაში არ გამიგზავნია მისთვის მესიჯი, დარეკვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, სამსახურშიც კი იშვიათად ვკონტაქტობთ. მას შენ უყვარხარ, ნიტა, უდიდეს პატივს გცემს და გაფასებს, ეგ ნამდვილად ვიცი. მითხრა კიდეც, ასეთი რომ ვარ, ჩემი ცოლის დამსახურებააო.
მწარედ ჩაიცინა.
- კარგია, სხვასთან მაინც თუ ამბობს ასე. ყველაფერს ვერ მოგიყვები, სოფიო, ან კი რა საჭიროა. მე არაფერს ვითხოვ მისგან, ოღონდ შვილებს ნუ შეაქცევს ზურგს და რაც უნდა, ის ქნას, როგორც უნდა, ისე მოიქცეს.
- შენ თვითონ არ გჯერა, რასაც ამბობ. რომ გაიგო, ჩემთან რომანი აქვს, ჩუმჩუმად ვხვდებით ერთმანეთს, აპატიებ? ამას აიტან? ვერ აიტან, ამიტომ ნუ ამბობ ასე, ნუ იტანჯავ თავს. დამიჯერე, ტყუილად ნერვიულობ, მე სხვა მიყვარს, წარსული უკვე გამოვიტირე და დავივიწყე კიდეც. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, მე სხვას ვხვდები კარგა ხანია, სანდრო არაფერში მჭირდება, - მინდოდა, ნიტას ჩემს ნათქვამში ეჭვი არ შეჰპარვოდა, მით უმეტეს, იმწუთას რასაც ვამბობდი, სულაც არ იყო ტყუილი, ამასთან, რაც მეტს მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე ძველი მეგობარი, მით უფრო ვშორდებოდი სანდროს.
ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა. ორივე შევკრთით.
- მგონი, ის არის, - გაღიმება ვცადე.
- სანდრო? - იკითხა შეშინებულმა.
- არა, ეს ის არის, ვისაც ვხვდები, - ვუპასუხე და კარისკენ გავემართე.
გავაღე. ბექა იყო.
- რას შვრები, არ მოდიხარ? - ქოშინებდა.
- სტუმარი მყავს, ცოტა ხანში გამოვალ, - ყრუდ ჩავილაპარაკე.
- ვა, ნიტა?! შენ აქ საიდან გაჩნდი? თქვენ რა, იცნობთ ერთმანეთს? - გაოგნებული ხან მე შემომხედავდა, ხან მას.
- ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ, - გაიღიმა ნიტამ, წამოიწია და გადაკოცნა.
- ბავშვობი-ი-ის? საინტე-რე-სო-ა! - საეჭვო ტონით წამოიძახა, - ძალიან კარგი, ეს სიურპრიზი იყო ჩემთვის. ჰე, ადექით ახლა, რას უცდით, არ წავიდეთ? შენც ხომ მოდიხარ, ნიტუშ?
- არა, ბექა, მე ვერ წამოვალ, სოფოს უნდა გავუარო ინგლისურზე, იქიდან გვიან გამოდის და უნდა დავხვდე, - ნიტა წამოდგა.
- სოფო ვინ არის? - რაღაც მენიშნა.
- ჩემი ქალიშვილია, შენი სახელი დავარქვი, - დარცხვენით თქვა ნიტამ და თითქოს დანანებით დააქნია თავი, - ყოველთვის მინდოდა, ჩემი პირველი შვილის ნათლია შენ ყოფილიყავი, მაგრამ… აბა, კარგად იყავით, ჩვენც გვსტუმრეთ ხოლმე, არ ვართ, ბატონო, ცუდი მასპინძლები. მაინცდამაინც დაბადების დღე უნდა გვქონდეს, რომ შემოგვიაროთ? - სცადა, მხიარულად გამოსვლოდა.
- მოიცა, ერთად გავიდეთ, მანქანით ვარ, გაგიყვან, - ბექას ხმა შეცვლოდა.
- მეც მანქანით ვარ, დიდი მადლობა, - გაუღიმა ნიტამ, კიდევ ერთხელ დაგვემშვიდობა და გავიდა.
ბექამ გამომცდელი მზერა მესროლა. თვალი ავარიდე, ახსნა-განმარტების არც თავი მქონდა და არც სურვილი. ჩანთას დავუწყე ძებნა.
- ჩვენც წავიდეთ, არა? - ვეცადე, რაც შეიძლებოდა, ბუნებრივად მეთქვა, მაგრამ არ გამომივიდა.
- წავიდეთ, - არც ბექას გამოუვიდა ბუნებრივად.
მთელი გზა ისე გავიარეთ, კრინტი არ დაგვიძრავს. არაფერი უკითხავს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ კითხვები დაუგროვდა. ჩემი და სანდროს ურთიერთობაში ნამდვილად არ იგრძნობოდა, რომ მისი ცოლის ბავშვობის მეგობარი ვიყავი. ეს კი ეჭვს თავისთავად ბადებდა. არა უშავს, გაუვლის, ვფიქრობდი ჩემთვის, თუ მკითხავს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვუყვები ყველაფერს, თუ არადა, სულაც არ არის საჭირო. ეს ჩემი ცხოვრებაა და მხოლოდ მე მეხება…
8 8 8
ნათიასთან ჩვენმა ერთად გამოჩენამ აჟიოტაჟი გამოიწვია.
- სად დადიხართ, თქვენ, სად? - წამოიძახა ვაჟამ, - გაშრა ყელი, ასე უნდა? დავწყდით ლოდინით.
იუბილარი გადავკოცნე, მივულოცე და საჩუქრად სუნამო გადავეცი. ბექამ ვარდების თაიგული და კიდევ რაღაც მიართვა პარკით.
- აჰა, როგორც იქნა, ყველანი «შავიყარენით», დაგვდეთ ახლა პატივი და გვითამადეთ, ბატონო მთავარი ექიმის მოადგილევ, - ვაჟა კარგ ხასიათზე იყო.
ბექა უარზე დადგა, საჭესთან ვარ და ბევრს ვერ დავლევო. სხვა რა გზა იყო, თამადობა ისევ ვაჟას უნდა ეკისრა. მგონი, გაუხარდა კიდეც.
მაგიდასთან მსხდომთ თვალი მოვავლე. გელა იყო, ვაჟა, სანდრო, გიზელა და ორიც უცნობი გოგონა, ალბათ ახლო მეგობრები. მერე გაგვაცნო ნათიამ, ჩემი კლასელები არიანო. მე და ბექა სანდროს პირდაპირ აღმოვჩნდით სუფრასთან, გიზელა ჩემ გვერდით იჯდა.
- ძალიან უხდებით ერთმანეთს, - გადმომიჩურჩულა გიზელამ, - ლამაზი წყვილი ხართ და გულით მიხარია.
პასუხად მხოლოდ გავუღიმე. ამ დროს სანდროს გამომცდელი მზერა დავიჭირე, თვალებით მბურღავდა. მასაც იგივე ღიმილი «გავუმეორე».
- მიხეილი არ მოვა? - გიზელას გადავულაპარაკე.
- ა-რა, მიხა ასეთ საღამოებზე არ დადის, ცოლი უშლის დალევას, დიაბეტი აწუხებს, - გიზელამ სიგარეტს მოუკიდა.
- რა გადმოგიღო? - მკითხა ბექამ.
- სიმართლე გითხრა, ჯერ არაფერი მინდა, არ მშია. ლიმონათი დამისხი, მეტი არაფერი.
- არის ლიმონათი სრული სვლით, - გაიხუმრა, მაგრამ მაინც მოწყენილი მეჩვენა.
არ შევიმჩნიე.
ვაჟამ რამდენიმე სადღეგრძელო შესვენების გარეშე მიაყოლა.
- რა მაგარი თამადაა ეს ბიჭი, სადღეგრძელოს სადღეგრძელოში «აჯენს», - ბექა ცდილობდა, გამხიარულებულიყო, - მაგრამ ცოტა რომ შეგვასვენო ხანდახან, არ შეიძლება, კაცო, რა ავტომატის ჯერივით მოგვაყარე, დრო რეგლამენტით გვაქვს, თუ იცი? ნათი, მშვენიერო, ჯერ ხომ არ გვყრი სახლიდან?
ყველას გაეცინა.
- ბატონო ბექა, თუ ჩემი თამადობა არ მოგწონთ, თავად დათანხმებულიყავით მაშინ. არ ვსვამო, ესაო, ისაო, ლამაზი ქალი მაბარია გასაცილებლადო, იმას მთვრალი კაცები არ უყვარსო, - გაეხუმრა ვაჟა, - ერთსაც ვიტყვი და მერე პაუზას გამოვაცხადებ, რაც გაგიხარდებათ, ის გააკეთეთ, - ხელი გაშალა და მორიგი სადღეგრძელო წამოიწყო.
- მაგას რა სჭირს, რაღაც ვერ არის ხასიათზე, - წამჩურჩულა გიზელამ და თვალებით ბექაზე მანიშნა.
- არ ვიცი, არ მიკითხავს, - მხრები ავიჩეჩე.
- ალბათ დღევანდელზეა გაბრაზებული.
- რა დღევანდელზე?
- ნანკას რომ «დაახურა» თავზე.
- ჰო, მართლა, რა უნდოდა ნანკასგან?
- მერე მოგიყვები, გრძელი ამბავია. ისე, შენ გამო ეჩხუბა და ღირსიც იყო, მე თუ მკითხავ. კიდევ კარგი, დღეს მორიგეა და ვერ მოვიდა, დაიწყებდა «როჟების»კერვას.
- შეიძლება არც მოსულიყო.
- გეგონოს! არ იცი, როგორი «სტერვაა», სპეციალურად მოვიდოდა, რომ ყველასთვის ჩაეშხამებინა საღამო. მით უმეტეს, ბექაც აქ ეგულებოდა და სანდროც. ეგ ხომ «ხიშნიცაა», არც ერთ შანსს არ უშვებს ხელიდან, თუ ჩაუვარდა.
- როგორ, ორივეს ეპრანჭება?
- ეპრანჭება? ეს ის სიტყვა არ არის, ეპრანჭება კი არა, ლამისაა, სახლში შეუხტეს ერთსაც და მეორესაც.
«აბა ჩემგან რა უნდა ნიტას, ჩემზე რაღას ეჭვიანობს? ნანკას და მის ქმარს მიხედოს», - გავიფიქრე ჩემთვის და სანდროსკენ გავაპარე მზერა. ჩვენი თვალები კვლავ შეხვდა ერთმანეთს. თითქოს მექადნებოდა, ისე მიყურებდა. ბექას გადავხედე. ის სანდროს მისჩერებოდა. უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. აშკარა იყო, მამაკაცებს შორის ფარული ომი დაიწყო. ამასობაში ნათიამ მაგნიტოფონი ჩართო. ვალსის მელოდია გაისმა.
- არ შევუდგეთ საქმეს? - ჩემკენ გადმოიხარა ბექა.
- რა საქმეს? - ვერ მივუხვდი.
- ის, რაც ასე სასარგებლოა დაახლოებისთვის.
გამეღიმა, ცეკვას გულისხმობდა.
- შევუდგეთ.
ავდექით. ბექამ ხელი ჩამავლო და ცეკვა-ცეკვით გამიყვანა შუა ოთახში. სხვებიც აგვყვნენ. გელამ ნათია გამოიწვია, გიზელამ - სანდრო. ის ორი გოგონა თავისთვის იჯდა განმარტოებით და ჩვენ გვიყურებდა. ბექა და სანდრო დროდადრო ერთმანეთისკენ აპარებდნენ თვალს, ერთმანეთს აკონტროლებდნენ. ნამდვილი მზერათა ომი გაჩაღდა. სიტუაცია იძაბებოდა. მით უმეტეს, რომ სანდრო სვამდა, ბოლომდე ცლიდა ჭიქას ყოველ სადღეგრძელოზე.
- როგორც ჩანს, ბევრი გაქვს ჩემთვის მოსაყოლი, - მითხრა ბექამ და ხელი ძლიერად მომხვია წელზე.
- რაზე მეკითხები? - თვალი თვალში გავუყარე.
- ნიტაზე, სანდროზე და ასე შემდეგ, აღარ დავაკონკრეტებ.
- დიდი არაფერი, ჩვენ ერთად ვსწავლობდით პირველ კურსზე.
- სულ ეს არის? - დაეჭვდა.
- სულ ეს არის, - მხრები ავიჩეჩე.
- ვფიქრობ, შენსა და სანდროს შორის მტრული დამოკიდებულება უფრო იგრძნობა, ვიდრე მეგობრული.
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ თქვენს ურთიერთობაში არ ჩანს, მისი ცოლის მეგობარი თუ ხარ.
- ვიყავი, მაგრამ დიდი ხნის წინ, თანაც სანდროს კარგად არც ვიცნობდი. დაქორწინდნენ თუ არა, მაშინვე მოსკოვში წავიდნენ, დავკარგეთ ერთმანეთი.
- არც ის იცოდი, შვილს შენი სახელი რომ დაარქვა, ეს უცნაურად არ გეჩვენება?
- დაკითხვას მიწყობ? - ცივად ავხედე.
- შენი აზრით, არ უნდა დავინტერესდე?
მისი შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე.
- გიყვარდა? - არ მომეშვა.
უარყოფას აზრი არ ჰქონდა.
- ჰო, ერთ დროს, კმაყოფილი ხარ?
_ ახლა? ახლა რა ხდება?
_ ჩვენს ურთერთობას ეტყობა, რომ რამე ხდება? _ კონტრშეკითხვა დავსვი.
_ შორიდან ძნელი სათქმელია, მაგრამ ეჭვიანი კაცი სხვა დასკვნებს გამოიტანდა, _ გამჭოლი მზერა მესროლა.
_ მაგალითად?
_ მაგალითად, იფიქრებდა, ეს ლამაზი გოგო თავისი ინტრიგისთვის ხომ არ მიყენებსო.
ცივმა ოფლმა დამასხა. ნაწილობრივ ხომ მართლა ასე იყო, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ბექა ნამდვილად მომწონდა, ხოლო ამწუთას სანდროზე მეტადაც კი მიყვარდა. არ ვიცი, შეიძლება მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, შეიძლება მხოლოდ გარემოებამ გამოიწვია, ასე მეფიქრა, მაგრამ ახლა ნამდვილად ასე იყო.
_ მე ორგული არასდროს ვყოფილვარ.
_ ეს იმას ნიშნავს, რომ არ მატყუებ? ხომ იცი, ტყუილი ღალატის ტოლფასია, ასე არ მითხარი?
_ ასეა.
_ ესე იგი, შემიძლია მშვიდად ვიყო?
_ შეგიძლია, _ ვთქვი და შევხედე.
_ მაგრამ მაინც სცადე ჩემი მოტყუება, ასე არ არის?
მუსიკა შეწყდა, ჩვენ-ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით. ხასიათი გამიფუჭდა. მინდოდა, დროზე გავცლოდი აქაურობას. ამ დროს სანდრომ დამიძახა, ერთი წუთით მოდიო და აივანზე გავიდა. მუხლები მომეკვეთა. ლასლასით მივუახლოვდი, შემეშინდა, ეჭვიანობის სცენა არ გაემართა.
_ ის ყვავილები ნიტას «დამსახურება» ყოფილა, ბოდიშს გიხდი. ამისთვის დაისჯება, _ ყრუდ ჩაილაპარაკა და სივრცეს გახედა.
საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. ნუთუ მართლა? თვითონ რატომ არაფერი მითხრა ნიტამ? ორიოდე საათის წინ ჩემთან არ იყო? იქნებ ვერ მოასწრო ან შერცხვა თავისი საქციელის?
_ ეს მეტჯერ არ განმეორდება, დამიჯერე, _ თავი მოაბრუნა სანდრომ, _ ვატყობ, რომ რაღაცები იცვლება. მე ბევრს ვფიქრობ, სათანადო გადაწყვეტილებას ამ დღეებში მივიღებ და მერე შევხვდეთ, დავილაპარაკოთ.
_ არ არის საჭირო, ყველაფერი დამთავრებულია.
_ რა? რა მითხარი? _ თავი დახარა და ქვემოდან ამომხედა.
_ ყველაფერი დამთავრებულია-მეთქი, შენთან შეხვედრის სურვილი უკვე გამიქრა. აღარაფერი მაქვს სალაპარაკო, _ გარკვევით წარმოვთქვი და წამოსვლა დავაპირე, მაგრამ მკლავში ჩამჭიდა ხელი.
_ მომისმინე, სოფი, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი, ამიტომ აუცილებლად მოგვიწევს ცალკე შეხვედრა.
_ მართლა? რაღაც მეეჭვება. შენთვის ხან სოფი ვარ, ხანაც სოფიო, იმის მიხედვით, როდის რომელი სახელი გჭირდება. იცი, რას მაგონებს შენი საქციელი? კატათაგვობანას. მე შენი თაგვი არა ვარ, რომ მეთამაშო _ როცა გინდა, გამიშვა და მერე ისევ თავს დამაცხრე. შენი სიყვარულის მსხვერპლი არ გავხდები, არასდროს, არასდროს, არასდროს! ეს დაიმახსოვრე. თუ ჩემთან ყოფნა გინდოდა, თავის დროზე გეფიქრა ამაზე.
_ მაშინ ჭკუა არ მეყო.
_ საუბედუროდ, ჭკუა ყოველთვის იმაზე მეტი გქონდა, ვიდრე გჭირდებოდა. შემეშვი, ასე აჯობებს.
_ საინტერესოა, ვისთვის?
_ ორივესთვის.
_ რაღაც არა მგონია. გგონია, ვერ ვხვდები, მაგასთან რატომ დადიხარ? მე რომ გადამიყვანო ჭკუიდან, იმიტომ. ჩემი დავიწყება რომ არ შეგიძლია, იმიტომ. გინდა მაეჭვიანო, გამამწარო. ვაღიარებ, რომ მიაღწიე მიზანს.
_ არ მაინტერესებს, ჩემთვის შენ უკვე აღარ არსებობ. რაც ბექა გავიცანი, მას შემდეგ ვევედრები ღმერთს, დამეხმაროს შენი სიყვარულისგან გათავისუფლებაში.
_ მერე? დაგეხმარა?
_ ჯერჯერობით შემიძლია გითხრა, რომ ბოლომდე ვერა, მაგრამ ეს უკვე პროგრესია. დანარჩენში ბექა დამეხმარება.
_ ამას არ დავუშვებ, იცოდე! _ კბილებში გამოცრა.
_ ისე კარგად დაუშვებ, როგორც დაგიბარებია! _ ნიშნისმოგებით წარმოვთქვი და გამოვტრიალდი.
ბექა თავის ადგილზე იჯდა თავჩაღუნული და ღვინით სავსე ჭიქას უაზროდ ატრიალებდა ხელში. გიზელამ კითხვით სავსე მზერა მომაპყრო. თვალებით ვანიშნე, ისეთი არაფერია-მეთქი და ბექასკენ დავიხარე.
_ მე მივდივარ, წამიყვან? _ მხარზე შევეხე.
უცნაურად ამომხედა, თითქოს პირველად მხედავსო.
_ სად გეჩქარება, ვიყოთ, ვერ ხედავ, რა მშვენივრად ვატარებთ დროს? _ ირონიულად თქვა.
_ წავედი, _ ჩანთას ხელი დავავლე, ყველას დავემშვიდობე და კარისკენ გავემართე.
ნათია გამომეკიდა, სუფრიდან სხვების შეძახილებიც დამეწია, მაგრამ ყურადღება არავის მივაქციე. ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი აქედან.
_ მაპატიე, ნათი, უნდა გავიქცე, საქმე მაქვს, _ ნათიას ლოყაზე ვაკოცე, მის პასუხს არ დაველოდე და კიბეზე კისრისტეხით დავეშვი.
ცივი ნიავი სახეში მცემდა, თმას მიწეწავდა. ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა ღაწვებზე. მეზიზღებოდა სანდრო, მძულდა, გული მერეოდა მის გახსენებაზე… რამდენიმე მეტრი რომ გავიარე, ნელი სვლით მოახლოებული მანქანის ხმა გავიგონე, მერე ბექას ხმაც.
_ გოგონი, თუ ერთი გზა გვაქვს, გაგიყოლებთ.
გავჩერდი და შევხედე. თბილად მიღიმოდა. დაამუხრუჭა. მანქანას წინიდან მოვუარე და ჩავჯექი.
_ რატომ გამოიქეცი, სოფი, ვის გაურბიხარ? _ ისე მკითხა, თითქოს ვერაფერს ხვდებოდა.
_ საკუთარ თავს.
_ საკუთარ თავს? ასეთი რა დაგიშავა? მშვენიერი თავი გაქვს, მე მომწონს? შენ რას უწუნებ?
_ იმას, რომ შტერია, ჩერჩეტი და სულელი, _ ამოვიოხრე და საზურგეს მოხერხებულად მივეყრდენი, ცრემლებმა დახატული თვალები ამიწვა, შავი ლაქები დამაჩნდა ლოყებზე.
_ საით წავიდეთ? _ ბექამ მანქანა დაძრა.
_ სახლში წამიყვანე.
_ რა უნდოდა?
_ არაფერი.
_ ამდენი ხანი არაფერზე გელაპარაკებოდა?
_ ჰო, _ მოკლედ მოვჭერი.
_ მე უფრო ჭკვიანი მეგონა. ასორმოცდაჩვიდმეტი წამი არაფერზე გელაპარაკა? შენნაირ ქალს? მე ასე ნამდვილად არ მოვიქცეოდი.
_ რატომ ამდენი ცინიზმი? _ ცრემლიანი თვალები მომუშტული ხელებით ამოვიწმინდე.
_ ცინიზმი? შენი აზრით, დაგცინი? ვგავარ იმ კაცს, საყვარელ ადამიანს დასცინოს? თუ გგონია, რომ…
_ შენ ჩემზე ბევრი არაფერი იცი, ბექა.
_ მერე? მომიყევი და მეცოდინება.
_ არ გეშინია, რომ განიხიბლო?
გაგრძელება იქნება