საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შესანიშნავი კულინარია. ნახევარ საათში შეუძლია რამდენიმე კერძი გააკეთოს და სტუმრებისთვის სუფრაც გაშალოს. 20 წლის იყო, როცა ქართული კერძების კეთება ისწავლა ამერიკაში მცხოვრები ქართველისგან, ბონდო კეკელიასგან. მას შემდეგ მის სუფრას ფრანგულთან ერთად ყოველთვის ქართული კერძები ამშვენებს. ქალბატონი სალომეს მეუღლე, მეცნიერი ჯანრი კაშია, ,,სარკესთან” აღნიშნავდა, რომ მის ცოლს კულინარიულ ექსპერიმენტებში ბადალი არ ჰყავდა.
სალომე ზურაბიშვილის ორი ქორწინება, შვილები და ოჯახი - საქართველოს პრეზიდენტი ბებიის ამპლუაში
– ქალბატონო სალომე, ფრანგულ ეროვნულ კერძად რა ითვლება?
– არის ასეთი კერძი – პოტოფ, რომელიც ხორცით და სხვადასხვა ბოსტნეულით მზადდება. ხორცი და ყველანაირი ბოსტნეული, რაც კი მისი მომზადების დროს გაქვს, უნდა ჩაყარო ქოთანში და მოხარშო.
იხვი ფორთოხლის წვენით და ხახვით ფრანგულია, თუმცა მისი ზუსტი რეცეპტი არ ვიცი. საერთოდ, კერძის მომზადების დროს ჩემებურ იმპროვიზაციებს ვიყენებ. მეზარება და არც მაინტერესებს დაწერილი რეცეპტის მიხედვით მომზადება.
იხვს ჩემი ვარიაციით ასე ვამზადებ: იხვის ფილე უნდა შეწვათ. ქონს გამოჰყოფს და უნდა გადაუწუროთ. დაბალ ცეცხლზე უნდა დადგათ ტაფა და შემწვარ ფილეს დაასხათ თაფლი. შემდეგ ლიმონის ან ფორთოხლის წვენი, რომ თაფლი არ დაიწვას. უხდება ბალზამის ძმარი. ასე შეკმაზული დაბალ ცეცხლზე უნდა დატოვოთ ცოტა ხანს. ძმარი, თაფლი, ციტრუსის წვენი სიმჟავეს და სიტკბოს აძლევს. გემრიელია, თან მარტივი გასაკეთებელი. ცხელი უნდა შეიჭამოს.
– ფრინველის ხორცი გიყვართ?
– ძალიან. ქათმის ერთ რეცეპტსაც გეტყვით: ქათამი უნდა დაჭრათ ძალიან პატარა ნაჭრებად. მერე ბევრ ხახვთან, ნიორთან, მარილთან და წიწაკასთან ერთად კარაქში უნდა მოხრაკოთ, დააყაროთ ინდური სანელებელი – კარი და ეს ყველაფერი არაჟანში აურიოთ. ძალიან გემრიელია და ათ წუთში ვამზადებ. მთავარია, ქათამი დაჭრილი იყოს, რომ სწრაფად მოიხრაკოს. წყალი არ სჭირდება. მოხარშულ ბრინჯთან ერთად უნდა მიირთვათ. გემრიელია.
კრევეტებით ვამზადებ სალათას. დავჭრი ფორთოხალს, ლიმონს, ნიორს, ქინძს და კრევეტებთან ერთად ავურევ.
"ლამაზი და შთამაგონებელი ქალი" - საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფოტოები
– ყველაზე სასარგებლო პროდუქტად რას თვლით?
– ანანასს. ამბობენ, ქონს წვავსო. ხანდახან სადილის მაგივრად ერთი ანანასი უნდა შეჭამოთ. ზაფხულში ვჭამ ხოლმე. ბროწეულის წვენიც სასარგებლოა.
– დედა მხოლოდ ქართულ კერძებს ამზადებდა თუ ფრანგულსაც?
– ორივეს. ქართულს მაშინ აკეთებდა, თუ ვინმე სტუმარი უნდა მოსულიყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, სტუმარი ქართველი იქნებოდა თუ არაქართველი. ყველას მოსწონდა ქართული სამზარეულო. ყოველდღიურად კი მაკარონს და ასეთ მარტივ რაღაცებს ამზადებდა.
ჩემს ფრანგ მეგობრებს ძალიან უყვართ ქართული კერძები. ერთი მეგობარი ქალი მყავს, რომელიც გიჟდება ისპანახის ფხალზე. როგორც კი პარიზში ჩავალ, მირეკავს და მეუბნება, ხომ გამიკეთებო. საფრანგეთშიც არის ისპანახი, მაგრამ ფხალს მომზადება უნდა. ყველას მოსწონს ჩემი გაკეთებული. ხაჭაპურზე გიჟდებიან.
ქართული სამზარეულოს პლუსი ის არის, რომ შეგიძლია მოამზადო, მოიტანო სუფრაზე, დაჯდე და ყოველ წუთს აღარ ირბინო სამზარეულოში. ფრანგული კერძები ისეთია, რომ პირდაპირ მაგიდაზე ვერ დადებ. რიგრიგობით უნდა შემოიტანო – პირველი, მეორე, მესამე… პრინციპში, ბევრი კერძია, რომლებიც მაგიდაზე მიტანის წინ უნდა გაათბო ან რაღაც მოუხრაკო თუ დაუმატო. სულ სამზარეულოში უნდა იყო და ისე მოემსახურო სტუმრებს. ეს ბურჟუაზიული სამზარეულოა, იმ დროს მოგონილი და დახვეწილი, როცა ჰყავდათ მოსამსახურე და მზარეული. როცა დამხმარე პერსონალი არ გყავს, ცოტა ძნელია მიტან-მოტანა.
მაგალითად, პარიზში სახლი, სადაც ახლა ჩემი შვილები ცხოვრობენ, ძველია და სამზარეულო სასტუმრო ოთახიდან ძალიან შორს არის. გრძელი დერეფანია და მერე – სამზარეულო. პარიზში რომ ვცხოვრობდი, ძალიან მიყვარდა ხალხის დაპატიჟება. ხან ფრანგულ კერძებს ვამზადებდი და ხან – ქართულს.
– საქართველოშიც ამზადებთ ფრანგულ კერძებს?
– ფრანგული კერძების საქართველოში მომზადება ცოტა რთულია. მაგალითად, ფრანგულ ხორციან კერძს სხვანაირად დაჭრილი ხორცი უნდა. აქ ისე დაჭრა არ იციან. რთულია ბაზარში აუხსნა, როგორ უნდა დაგიჭრან. თუ ზუსტად ისე არ დაჭრი, კარგი არ გამოვა.
ძალიან მიყვარს ყველაფერი, რაც სოკოთი კეთდება. ბევრ ფრანგულ კერძში არის ხორცი და სოკო სხვადასხვა ვარიაციით მომზადებული. ყველაზე მეტად ფრანგულ კერძებში, იცით, რა მიყვარს? ყველი, რომელსაც მომზადება არ უნდა. არაჩვეულებრივია!
რაც შეეხება თევზს, უნდა შეწვა, დააყარო ბევრი მწვანილი, ბევრი ხახვი, ბევრი ნიორი, პომიდორი და კიდევ ათასი რაღაც, რაც ხელთ გაქვს.