სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ქეთი ხატიაშვილმა და თათია თექთურმანიძემ ერთად გადაღებული ულამაზესი კადრები გამოაქვეყნეს. გოგოებმა მონაწილეობა ერთ-ერთი ბრენდის გადაღებაში მიიღეს და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურეს.
ქეთი და თათია საზოგადოებამ განსხვავებულ დროს, განსხვავებული სატელევიზიო შოუებიდან გაიცნო.
"დედა უკრაინელი მყავს და ზაფხულში ოდესაში ზღვის სეზონი რომ იწყებოდა, ამ პერიოდზე ვგიჟდებოდი. ბავშვობის მოგონებები სულ ზღვასთან ასოცირდება... მახსოვს იქაური სანაპირო, ქვიშა, ოქროსფერი მზე, როგორ ვსწავლობდით ცურვას მე და ჩემი და... ექვს წლამდე უკრაინაში ვცხოვრობდით, საქართველოში შემდეგ გადმოვედით საცხოვრებლად, როცა მშობლები შერიგდნენ... აქ ზაფხულში ქობულეთში, ბათუმში დავდიოდით... ოჯახი არდადეგებს შეძლებისდაგვარად ზღვაზე და სოფელში ვატარებდით. მამის მხრიდან კახეთიდან გახლავართ, მაგრამ დღეს იქ აღარაფერი გვაქვს და ლაგოდეხში ნათესავთან ჩავდიოდით. მახსოვს, როგორ დავდიოდით ტყეში, მდინარეზე... ძალიან ლამაზი იყო იქ გატარებული პერიოდი" - იხსენებდა ქეთი ხატიაშვილი.
ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა. ამ გამარჯვების შემდეგ კი მისი ცხოვრებაც შეიცვალა. ის უფრო ხშირად ჩანს ეკრანებზე, აქტიურია სოციალურ ქსელში, აქვს საკუთარი ტანვარჯიშის აკადემია და, ამის პარალელურად, ზრდის ქალიშვილის, 12 წლის ანასტასია ვადაჩკორიას, რომელიც მას პირველ ქორწინებაში შეეძინა. ქეთი მეორე შვილის მოლოდინშია. ის და ყოფილი მორაგბე, დავით კაჭარავა პირველ საერთო შვილს ელოდებიან. წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ არის, თუმცა მათი სიყვარულის შესახებ ცნობილი წლების წინ გახდა. ქეთი ხშირად აქვეყნებს რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს და დიდ სიყვარულსაც იმსახურებს.
"პირველ ქორწინებისას ინერციას მივყევი. სტერეოტიპულად: გავთხოვდი და, რა თქმა უნდა, შვილი გავაჩინე. ახლა სულ სხვანაირადაა. ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია.
დიდხანს ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. ანასტასიამ რთულად გადაიტანა ჩემი და მამის დაშორება და ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი ხელმეორედ ამ ნაბიჯის გადადგმას. შვილი კიდევ მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი. მერე ვიმკურნალე, საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი და აი, ახლა ასეთ სასიამოვნო მდგომარეობაში ვარ. მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი, სტრესი მომეხსნა და ცოტა ხნით დამევიწყებინა ეს პრობლემა. ასეც მოვიქეცი, გადავყარე წამლები, ტესტები და ახალი შეგრძნებებიც მალევე გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვარ" - ამბობდა ქეთი ჟურნალ OK!-თან ინტერვიუში.
თათია თექთურმანიძე მოდელი და ინფლუენსერი, "მასტერშეფის" და რამდენიმე სხვა შოუს მონაწილეა. ის პირველ შვილს ელოდება. ამის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია მან სულ ცოტა ხნის წინ გაამხილა. თათია საქართველოში ოჯახთან ერთად რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა.
"საქართველოში დავიბადე, მაგრამ რუსეთში გავიზარდე. დაახლოებით 4-5 წლის ვიქნებოდი, როდესაც აქედან წავედით. წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდი საქართველოში, მაგრამ ქართული წერა-კითხვა, საუბარი ძალიან კარგად ვიცი, რაც დედაჩემის დამსახურებაა. მას უნდოდა, ქართული კარგად მცოდნოდა. 3 წლის წინ, მიუხედავად მამაჩემის წინააღმდეგობისა, როგორც კი როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, საქართველოში დავბრუნდი. მამას უნდოდა, სამსახური იქ დამეწყო, რადგან იქ უფრო მეტი პერსპექტივა იყო განვითარებისთვის, მაგრამ ძალიან მიყვარდა ჩემი ქვეყანა, ყოველთვის მქონდა ნოსტალგია და ამიტომაც, ჩამოსვლა გადავწყვიტე.
14 წლის ვიყავი, დედამ სამოდელო სკოლაში რომ მიმიყვანა. იქ გვასწავლიდნენ მაკიაჟის გაკეთებას, სამსახიობო ხელოვნებას, იყო აერობიკა, ფიტნესი. სილამაზის კონკურსებზე გავდიოდი და ნელ-ნელა ვიხვეწებოდი. სლავური წარმოშობის გოგონები ძალიან ლამაზები არიან და ადრე, როცა ამ სფეროში გამოუცდელი და დამწყები ვიყავი, არასდროს მქონდა გამარჯვების იმედი. მე, ქართველს, ვინ გამამარჯვებინებს-მეთქი? - ვფიქრობდი. კონკურსში - "ფოტომოდელი 2012" რუსეთის არაერთი ქალაქიდან მონაწილეობდნენ გოგონები და ისე მოხდა, რომ მე გავიმარჯვე. ეს ჩემთვის შოკი იყო, 19-20 წლის ვიყავი მაშინ. ამ გამარჯვებამ მართლაც დიდი სტიმული მომცა.
"ფეთქებადი" და ჯიუტი ვარ... ამას მსაყვედურობენ მეგობრებიც და მშობლებიც, განსაკუთრებით დედა, რომელიც ჩემთვის ნომერი პირველი კრიტიკოსია. სხვას არც ვაძლევ გაკრიტიკების უფლებას. ცოტა დამშვიდდიო, - მეუბნებიან ხოლმე მეგობრები მაშინ, როდესაც ძალიან გაბრაზებული ვარ, განსაკუთრებით გაცნობის პროცესი მიშლის ნერვებს. არ მომწონს, როდესაც კაცი, უზარმაზარი საქორწილო რგოლით ხელზე, მოდის და გვეუბნება, - გოგოებო, ცოტა ხანს თქვენთან ჩამოვჯდები და გაგიცნობთო. აი, აქ უკვე ბინდი მეკვრება თვალებზე და ვჩხუბობ. კაცების მიმართ საერთოდ ძალიან კრიტიკული ვარ" - ამბობდა თათია ერთ-ერთ ინტერვიუში.