ასეთი თავდაჯერებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. გამიკვირდა, არ მეგონა, ამდენი თუ შემეძლო. ქუჩაში გამოსულმა ერთი ღრმად ამოვისუნთქე, საკუთარი თავი შევაქე და მანქანაში კმაყოფილი ჩავჯექი.
8 8 8
ბინის კარამდე მისვლა ვერ მოვასწარი, რომ ტირილი ამიტყდა. გასაღები ძლივს მოვარგე საკეტს, ცრემლებმა თვალები ამიჭრელა. ოთახში შესვლისთანავე ბოლომდე მოვეშვი, იატაკზე ჩავიკეცე და ღრიალი მოვრთე. რატომ, რატომ, რატომ! რატომ მომიბრუნდა ყველაფერი ასე? რას მერჩიან, რა უნდა ჩემგან, ვისთვის რა დამიშავებია? ვერც ერთ კითხვაზე პასუხს ვერ ვცემდი. რაში დასჭირდა ნანკას ამისთანა რაღაც? ნუთუ შურს ჩემი? რა სჭირს სამაგისო? რითია ჩემზე ნაკლები? არც ტანი აკლია, არც ფეხი და არც პროფესია აქვს ჩემზე უარესი. რატომ უნდა შურდეს? ან საიდან გაიგო ჩვენი ამბავი? ვინ უთხრა? მე ხომ არავისთვის მომიყოლია? ბექასგან? არც ბექამ იცის თავიდან ბოლომდე ყველაფერი, ვის შეეძლო ეთქვა? იქნებ ნიტამ გადაუშალა გული? ნიტა! - ამის გაფიქრებაზე უცებ შევწყვიტე ტირილი. ჰო, რა თქმა უნდა, ეგ როგორ არ მომაფიქრდა. ალბათ ნიტასგან გაიგო, ალბათ მეგობრობს მასთან. რატომ მაშინვე არ ვიფიქრე? ხომ არ დავურეკო სანდროს? არა, სოფი, არავითარ შემთხვევაში. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა აზრი შეექმნება შენზე სანდროს? არავითარი. ამიტომ არ ღირს თავის მართლება. მოვა დრო და თავისით გაირკვევა ყველაფერი. ნანკას შურიც სადღაც გაქრება ერთ მშვენიერ დღეს, ისიც ინანებს ალბათ. ეჰ… მოვა დრო და მოშურნეები გაქრებიან, მაგრამ შური? ის ხომ ყოველთვის იარსებებს. რას ვიზამ, ყოველთვის ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება. ეს ცხოვრების კანონია. მაგრამ ასეთ მდგომარეობაში როგორ უნდა ვიარო სამსახურში? როგორ უნდა ვიმუშაო მათ გვერდით? როცა ერთ თანამშრომელს არ ეპიტნავები, ის არის ძნელი ასატანი, მაგრამ როცა ასეთი ორი და სამია, რამ უნდა გაგაძლებინოს კოლექტივში? ის დროა, დავახვიო და წამოვიდე კლინიკიდან, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი.
ვერ გეტყვით, რამდენი ხანი გავიდა. ტირილისგან დავოსდი, თვალები შემიშუპდა. ცივ წყალს შევუშვირე სახე. რას ვგავარ, ცირკის მასხარას დავემსგავსე, გაწითლებული ცხვირითა და დასიებული ტუჩებით. რა გაათენებს კიდევ ერთ ღამეს, რა მეშველება! - ვოხრავდი ჩემთვის. თუმცა არაფერს ვნანობდი იმის გარდა, რომ ბექას ვკარგავდი. ჩემთვის ყველაზე ღირებული ამწუთას ის იყო, მისი სიყვარული. არც კი ისურვა, ჩემი უარის მიზეზი გაერკვია. რატომ, რატომ? ხომ შეიძლებოდა, ერთი სიტყვით მაინც ეკითხა, რატომ ვუთხარი უარი პაემანზე? ჰო მაგრამ, რომ ეკითხა, რა პასუხი უნდა გამეცა? რა უნდა მეთქვა? სანდრომ ჩემზე ძალა იხმარა და ის სოფი აღარ ვარ-მეთქი? დალურჯებული სხეული მეჩვენებინა? განა ასე არ ჯობია? არ ვიცი, არ ვიცი, თავადაც არ ვიცი, რა ჯობია…
შუაღამე გადასული იყო, ტელეფონმა რომ დარეკა. შიშისგან შევხტი, ახლა ზარს ნამდვილად არ ველოდი. რატომღაც, ვიფიქრე, ბექა იქნებოდა და სუნთქვაშეკრული ვეცი აპარატს.
- გისმენთ, - სულმოუთქმელად ჩავძახე ყურმილში.
- მე ვარ, - გაისმა სანდროს დახშული ხმა. მივხვდი, რომ მთვრალი იყო.
თითქოს რაღაც ჩამარტყეს თავში, თვალთ დამიბნელდა.
- ხომ არ გაგაღვიძე? - რატომღაც, დამთბარი მელაპარაკებოდა.
- არა, - ცივად ვუპასუხე.
- მინდა დღევანდელისთვის ბოდიში მოგიხადო, შენი ბრალი არ ყოფილა…
- ვიცი…
- რა იცი?
- ის, რომ მე არაფერი მილაპარაკია, დანარჩენი კი უბრალოდ, არ მაინტერესებს.
- ნიტას ბრალია ყველაფერი, ადვილად რომ ენდობა ადამიანებს, იმის ბრალია. ნანკამ მისგან გაიგო ჩვენი ამბავი.
- ძალიან გთხოვ, მეორედ არ გაიმეორო ეგ ფრაზა.
- რომელი ფრაზა?
- «ჩვენი ამბავი».
- რატომ?
- იცი, რატომაც.
- მე ახლა შენთან მოვალ.
- არა! - განწირული ხმით ვიკივლე, - არ გაბედო, თორემ პატრულს გამოვუძახებ.
- ვახ! პატრული რა შუაშია, არ მეტყვი?
- არ დაგინახო აქ მოსული.
- უნდა გელაპარაკო.
- არა-მეთქი, მორჩა და დამთავრდა! დაივიწყე ჩემი არსებობა, შენს ოჯახს მიხედე!
- არ შემიძლია, ახლა უკვე არ შემიძლია.
- მომისმინე, სანდრო… ძალიან გთხოვ, ადამიანურად, მეგობრულად, რა ვიცი, ყველანაირად, დამანებე თავი, შემეშვი. რა გინდა ჩემგან, რატომ არ მანებებ თავს?
- მინდა, რომ ისევ გიყვარდე, სხვა არაფერი.
- ეს გამორიცხულია, ჩემგან სიყვარულს ვერ ეღირსები. მორჩა, ყველაფერი დამთავრდა, საბოლოოდ მოკვდა, დასამარდა.
- პირიქით, სოფიო, ყველაფერი ახლა იწყება. მე დავტოვებ ცოლ-შვილს, ფეხებზე მკიდია ყველა ჩემ გარშემო, შენ მეტი. ნანკას დედასაც… ის ახვარი ქალია, ბოღმა, ბოროტი, შურიანი. მიხვდა, რომ ვგიჟდებოდი შენზე, ამიტომაც მოინდომა ჩვენი წაჩხუბება, მაგრამ არ გამოუვიდა. პირობას გაძლევ, არც გამოუვა. არც მას და არც სხვას, არავის გამოუვა. ნიტასაც მოხვდა თავისი მიამიტობის გულისთვის. წეღან ისე დავალილავე, კარგა ხანს ვერ დაემსგავსება ადამიანს. მივაფურთხე ყველაფერს და წამოვედი. ახლა შენთან მოვალ და ერთად გავარჩიოთ, რა იქნება ხვალ.
- არა, არა! არავითარ შემთხვევაში! მეზიზღები, მძულხარ, დასანახავად ვერ გიტან, მინდა იცოდე, მინდა შეიგნო ეს, ერთხელ და სამუდამოდ!
- დიდი სიძულვილი დიდმა სიყვარულმა იცის, ჩემო სოფიო. ასე შორიდან ლაპარაკით არაფერი გამოვა. მოდი მოვალ და იქ ვილაპარაკოთ, შენთან.
- არ დაგინახო ჩემ სიახლოვეს, ერთ მეტრზეც არ გამეკარო, იცოდე!
- მარტო ხარ?
- ეგ შენი საქმე არ არის.
- ისიც შენთან ხომ არ არის?
- შენ არავინ გეკითხება.
- თუმცა, რას გეკითხები, წეღან არ დავურეკე? ვიცი, რომ სახლშია. საინტერესოა, რატომ ერთად არა ხართ? ვერ გაბედე, არა? კარგადაც მოიქეცი. აბა, ხომ არ ეტყოდი, როგორი სექსუალური ღამე გქონდა ჩემთან, ამას არ გაპატიებდა.
- პირუტყვი ხარ, მხეცი, ნადირი… როგორ მძულხარ, რომ იცოდე.
- მართლა მეუბნები მაგას? მართლა მეუბნები?
- მართლა, მართლა! ასე არასდროს არავინ შემზიზღებია. პირველად ახლა მივხვდი, რაც ყოფილა სიძულვილი.
- მაშინ, იცი, რას ვიზამ? იმას მოვუყვები ყველაფერს, თანაც ისე კი არა, როგორც იყო, ისე, როგორც უნდა ყოფილიყო სინამდვილეში, ისე. თუ ჩემი არ გახდები, ვერც მისი იქნები. ახლა ავდგები და ბექას მივადგები სახლში, ყველაფერს «გავუიასნებ». მე ცუდი კაცი ვარ, დაიმახსოვრე.
- ფეხებზე მკიდია, რას გააკეთებ. ჩემთვის არც ერთი აღარ არსებობთ, ჯანდაბამდის გზა გქონიათ ორივეს! - მთელი ხმით ვიყვირე და ყურმილი ბერკეტზე დავახეთქე…
8 8 8
სამსახურში ვერავინ მცნობდა. არც მაკიაჟი გამიკეთებია, არც თვალები დამიხატავს, საშინლად გამოვიყურებოდი.
- სოფიო, რა გჭირს? - ვაჟა შემოიჭრა ოთახში, - ხომ მშვიდობაა შენს თავს?
- ჰო, რა… - ნაღვლიანად გავუღიმე.
- მე შენ ასეთი არ მომწონხარ, ასეთ სოფიოს არ ვიცნობ. მეორედ არ გნახო ამ ფორმაში, გასაგებია? - ხუმრობით თითი დამიქნია.
- რა ხდება საოპერაციოში, ემზადებიან?
- ჰო, გელა ძალიან ნერვიულობს.
- რა აქვს სანერვიულო, არც ისე რთული ოპერაცია უნდა იყოს, როგორც მე ვიცი.
- არა, კაცო, სხვა რამეზე ნერვიულობს. შენ რა, არ იცი? - ეშმაკურად მოჭუტა თვალები.
- რა უნდა ვიცოდე?
- გელა ცოლს ირ-თაა-ვსოოო! - ხელით თეატრალური ჟესტი მოხაზა ვაჟამ ჰაერში.
- მართლა? - გამიხარდა.
- და იცი, ვინ უნდა «გააბედნიეროს»?
- არ ვიცი, ვინ?
- ვინ და ჩვენი ნათი-ნათი ნათიააა… - წაიმღერა ვაჟამ.
- კარგია, ერთი ლამაზი ამბავი მაინც რომ ხდება ირგვლივ, - ისეთ ცუდ ხასიათზე ვიყავი, სიხარულის გამოხატვაც არ შემეძლო.
- ჰოდა, გამოცოცხლდი ცოტა, ასე არ შეიძლება, - ვაჟამ თვალი ჩამიკრა და გავიდა.
ოპერაცია დიდხანს არ გაგრძელებულა, თან იმდენად მსუბუქი შემთხვევა იყო, პაციენტი პირდაპირ პალატაში გადაიყვანეს.
ბექა იმ დღეს სამსახურში არ მოსულა. ვერც ვერავის ვეკითხებოდი, რა სჭირდა, არც არავინ არაფერს ამბობდა. დავიტანჯე ცნობისმოყვარეობით. შუადღე ისე გადავიდა, ვერაფერი გავიგე. იქნებ მართლა ნახა წუხელ სანდრომ და ყველაფერი ჩაუკაკლა? იქნებ განიცდის და იმიტომაც არ მოვიდა? წარმომიდგენია, რამხელა დარტყმა იქნებოდა მისთვის. თუმცა არც ნანკასთვის მომიკრავს თვალი, დავიჯერო, ერთად არიან? სამაგიეროდ, სანდრო მიტრიალებდა გარშემო. აშკარად ეტყობოდა, რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ გაებედა. ზედაც არ შევხედე, ისე ვიქცეოდი, თითქოს ვერ ვამჩნევდი მის არსებობას. საღამოს, როგორც ჩანს, ვერ მოითმინა და კაბინეტის კარი მორიდებით შემოაღო.
- შეიძლება?
პასუხი არ გავეცი.
- მინდა ბოდიში მოგიხადო, ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცი.
არც ახლა ვუპასუხე.
- არ მინდა ცუდი წარმოდგენის იყო ჩემზე, დაივიწყე, გუშინ რაც გითხარი. ეგეთი ბოღმაც არა ვარ, - ისეთი მოთვინიერებული ჩანდა, გამიკვირდა, ასე რამ გარდაქმნა ერთ ღამეში-მეთქი.
- არ მაინტერესებს, რას იზამ და არც შენი ბოდიში მჭირდება ყოველდღე..
- იცი, რა? ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ასეთი ურთიერთობა ხომ არ გვექნება. გარდა ამისა, ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან წლების მანძილზე.
- არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, დამანებე თავი, - ტონს არ ვიცვლიდი.
- კარგი, როგორც ჩანს, აჯობებს, სხვა დროისთვის გადავდოთ ჩვენი საუბარი, - ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და გავიდა.
ერთხანს თვალგაშტერებული ვიჯექი, ყველაფერზე ვფიქრობდი ერთდროულად. გონებაში ვაანალიზებდი წინა დღეებში მომხდარ ამბებს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ვცდილობდი.
ამ დროს დერეფანში ხმაური შემომესმა. მივაყურადე, სიცილის ხმები აღწევდა ჩემს ყურამდე. კარი გამოვაღე და გავიხედე… ბექა და ნანკა ხელიხელგადახვეულები მიაბიჯებდნენ დერეფანში და რაღაცაზე გულიანად ხარხარებდნენ…
მოულოდნელი ტკივილი ვიგრძენი გულში, თითქოს კიდევ ერთხელ მატაკეს დანა. მარცხენა მხარე მთლიანად ამეწვა. თითქოს სწორედ ამ სცენის დანახვას ველოდი, უცებ მივიღე გადაწყვეტილება, კარი გამოვხურე და გეზი მთავარი ექიმის კაბინეტისკენ ავიღე. სახეზე ალმური ამდიოდა, თავი მიხურდა. ფრთხილად შევაღე კაბინეტის კარი და თავი შევყავი.
- ბატონო მიხეილ, გცალიათ? - მოკრძალებით ვკითხე.
- მოდი, სოფიო, მოდი, გენაცვალე, - ფეხზე წამომიდგა მთავარი ექიმი, - რამ შეგაწუხა?
- იცით… პრობლემები შემექმნა, ერთ კვირაში უნდა გავემგზავრო ჩემებთან მოსკოვში. სამსახურის მიტოვება მომიწევს, ამის სათქმელად მოვედი…
- რას ამბობ, კაცო, რა დროს წასვლაა, მერე ჩვენ რას გვიპირებ? - თუ თქვენ სხვა კანდიდატურა არა გყავთ, მე ვეცდები, შემცვლელი ვიპოვო, - ვთქვი და ვიგრძენი, ნიკაპი როგორ ამიკანკალდა…
* * *
მთავარმა ექიმმა ეჭვის თვალით შემომხედა, კარგა ხანს მიყურა, მერე სათვალე მოიხსნა და თქვა.
- იქნებ სხვა რამ მიზეზია და არ მეუბნები?
- არა, არა, ბატონო მიხეილ, რას ბრძანებთ… - ყურებამდე გავწითლდი.
- მომისმინე, სოფიო… მე, მართალია, აქ უფროსი ვარ და ყველასთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ რაღაც-რაღაც წვრილმანი ამბები აღწევს ჩემამდე. ვიცი, რაც გაწუხებს, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს დიდი ტრაგედიაა. კაცების ამბავი შენც კარგად მოგეხსენება, ხანდახან იციან ზღვარს გადასვლა, ეს ახალგაზრდობით მოსდით და მეტი არაფერი. ჩვენ ყველას ერთი საერთო ნაკლი გვაქვს - მხოლოდ ის ადამიანები მოგვწონს, ვინც ჩვენით არიან აღფრთოვანებული, არა აქვს მნიშვნელობა, ექიმი იქნებ ის, მეწაღე თუ პურის მცხობელი, მაგრამ საკმარისია, რომელიმეს პატარა რაღაცაც კი შეეშალოს, მაშინვე თავს დავაცხრებით, ახსნა-განმარტებას მოვთხოვთ და მისგან განდგომის სურვილი გვიჩნდება. ასე არ შეიძლება. უშეცდომო ვინ არის ამ ქვეყანაზე? თუ მიჰქარავს, უნდა მიუთითო, რჩევა მისცე, ზურგი კი არ უნდა აქციო და სამუდამოდ კი არ უნდა ამოიგდო გულიდან. იცი? ერთმა ადამიანმა მეორეზე გავლენა რომ მოახდინოს, აუცილებლად უნდა ელაპარაკოს მას იმ სურვილების შესახებ, რომელიც მისი ცხოვრების არსს წარმოადგენს და უნდა აჩვენოს გზები, როგორ შეიძლება ამის მიღწევა ისე, რომ არ შეცდეს. ეს ერთადერთი საშუალებაა, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი ცუდ გზას ავაცდინოთ. ცოტა შენ უნდა დათმო, ცოტა მან და ყველაფერი მოგვარდება. ქალები სულსწრაფები ხართ, უცებ გინდათ ყველაფერი მოხდეს. გამოგდით კიდეც, ჩვენზე ადვილად მოიპოვოთ ბედნიერება, მაგრამ, სამაგიეროდ, ასევე ადვილად კარგავთ მერე. ამიტომ დაფიქრდი. იქნებ აცალო გონს მოსვლა. ასე ხელაღებით გაბუტვა და ჩხუბი არაფერს შეცვლის.
ამის გამგონეს სული შემიგუბდა. საიდან იცის? რა იცის? ვინ უთხრა, რაც ხდება?
მიხეილმა გააგრძელა.
- ბექა ჩემი მოყვანილია აქ, ჭკვიანი ბიჭია, ბრწყინვალე გონების პატრონი, არაჩვეულებრივი მშობლების შვილი, ისე კი არ დავნიშნე მოადგილედ. თუმცა თავისი გარეგნობისა და ახალგაზრდობის «წყალობით», ზედმეტი მოსდის ხანდახან. იცნობ მამამისს?
- არა.
- დედამისს?
- დიახ, ქალბატონი ანიკო ახლახან გავიცანი, ბექამ გამაცნო.
- აი, ხომ ხედავ… თავად გაგაცნო. ეს ცოტას ნიშნავს? რა თქმა უნდა, არა. ხომ დამეთანხმები, რომ ასეთი დედის შვილი არ შეიძლება ცუდი პიროვნება იყოს. მამამისი რომ გაიცნო, კიდევ უფრო დარწმუნდები ამაში. რაც შეეხება ნანკასთან ურთიერთობას, ეგ დროებითი ამბავია. რაც თავი მახსოვს, მსგავსი რამეები ხდებოდა ამ შენობაში. ბექა ის კაცი არ არის, ქარაფშუტა ქალებზე ფიქრით იღრძოს ტვინი. მოვა დრო და გადაუვლის. მე ვიზრუნებ ამაზე, პირადად დაველაპარაკები.
- არა, ბატონო მიხეილ, არავითარ შემთხვევაში! - ისე ვიყვირე, თითქოს რაღაც საშინელებას მთავაზობდა.
- კარგი, კარგი, როგორც გინდა, ოღონდ იმ პირობით, რომ სამსახურიდან წასვლაზე ფიქრს თავიდან ამოიგდებ. თუ მართლა გიწევს რუსეთში გამგზავრება, პრობლემა არ არის, ერთი და ორი კვირა არაფერს წყვეტს, ნინოს დავაბრუნებ ცოტა ხნით, ბავშვს მაინც ძიძა უვლის. იცოდე, მე შენ არსად გაგიშვებ. მერე რა უნდა ქნა? ხომ იცი, რა ძნელია დღეს სამსახურის შოვნა. მართალია, ჩვენთან უზარმაზარი ხელფასები არ არის, მაგრამ სულ არარაობას ხომ ჯობია? ცოტა ხანში კიდევ მოგიმატებთ, არც ამის გაჭირვება გვაქვს. რაც შეეხება ნანკას… მესმის, რომ, როცა ქალებს არ უყვართ ერთმანეთი, ამ არშეყვარების მიზეზი ზოგადად, მამაკაცია… თუმცა, გიმეორებ, ეგ დროებითია. მე ისედაც ვაპირებდი ნანკასთან საუბარს, ბოლო ხანებში ცუდად იქცევა, არ მომწონს მისი საქციელი. ადრე იყო და სანდროს გაუმწარა სიცოცხლე, კინაღამ ოჯახი დაუნგრია. ცოლიან კაცებთან რომ არაფერი გამოუვიდა, მერე უცოლოებზე გადავიდა. ხომ არ შეიძლება, ორ კაცს ერთდროულად მიახტე, უკაცრავად ამ სიტყვაზე? შეიძლება მისი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ეს პრესტიჟული კლინიკაა და არა საროსკიპო, მაპატიე გამოთქმისთვის. პირადი ცხოვრება ამ კედლების გარეთ უნდა მოიწყოს ყველამ.
ცოტათი გულზე მომეშვა, რადგან მან საქმის მთავარი არსი არ იცოდა. როგორც ჩანს, იფიქრა, რომ ნანკასა და ბექას ურთიერთობაზე ვეჭვიანობდი. იქნებ განგებ არ ახსენა სანდრო? არა მგონია, - დავიმშვიდე თავი.
- აბა, რა გადაწყვიტე? - ისევ გაიკეთა სათვალე მიხეილმა.
- რა ვიცი… ერთი კვირით მაინც გავეთავისუფლები, თუ…
- გასაგებია. კარგი, მიხედე შენს საქმეს, ათი დღით თავისუფლებას განიჭებ, მერე კი სამუშაოს დაუბრუნდები, იცოდე.
- დიდი მადლობა, ბატონო მიხეილ, თქვენ ჩემი მხსნელი ხართ, - ფართოდ გავუღიმე უფროსს.
- არაფრის, ჩემო კარგო, რისი მადლობა. ჰო, მართლა, იცი, ჩვენი საერთო ახლობელი რომ ცუდად ყოფილა? - მკითხა უცებ.
- ვინ საერთო ახლობელი? - უცებ ვერ მივხვდი.
- ბიძინა, კაცო, თავის ბაღში დაცემულა და ფეხი უღრძია, წევს თურმე. საღამოს ვაპირებ გასვლას, რამდენი ხანია, არ მინახავს, ერთი უნდა ვესტუმრო. მარტო კაცი ხომ იცი, ჭამაშიც კი ცოდოაო, იტყვიან. არავინ ჰყავს მაგ უბედურს.
- რას ამბობთ, არაფერი გამიგია. მეც კარგა ხანია, არ გამივლია. აუცილებლად ვნახავ, უსიკვდილოდ, - შეწუხებულმა ვთქვი და წამოვდექი.
- უნდა ნახო, ის ისეთი ადამიანია, ყველაზე რომ ამაგი აქვს. აბა, შენ იცი, ყურები არ ჩამოყარო, ყველაფერი გამოსწორდება.
- კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა, - თავაზიანად დავემშვიდობე მთავარ ექიმს და კაბინეტიდან ცოტათი შემსუბუქებული გამოვედი, დამამშვიდა მასთან საუბარმა.
ამაღამ მორიგეობა მიწევს, ნათიას ვცვლი. კარგია, იქნებ ცოტათი გადავერთო, ხვალიდან კი მთელი ათი დღე არ გამოვჩნდები სამსახურში. საინტერესოა, რას იზამს ბექა? ნუთუ არ მომიკითხავს? თვალში რომ მოვაკლდები, ხომ უნდა აწრიალდეს? მას ვუყვარვარ, აუცილებლად დაინტერესდება, რატომ არ დავდივარ. შეიძლება დამირეკოს კიდეც. როგორ მაკლია მისი ყურადღება, მისი ღიმილი, იუმორი, ხმა… რატომ უნდა დავკარგო? სანდროს გულისთვის პირად ბედნიერებაზე რატომ უნდა ვთქვა უარი? არა, არ დავთმობ. ცოტა დრო გავიდეს, ოდნავ მაინც გამინელდეს ეს ტკივილი და მერე მე ვიცი, როგორც მოვიქცევი.
8 8 8
შუაღამე გადასული იყო, მორიგი შემოვლა რომ დავამთავრე, ყველა პაციენტი მოვინახულე, დანიშნულების მიხედვით, ზოგს წნევა გავუსინჯე, ზოგს ტემპერატურა, ზოგს წამალი დავალევინე, ზოგსაც ნემსი გავუკეთე და ოთახში შევბრუნდი. თვალები მებლიტებოდა, ისე მინდოდა დაძინება. ის იყო, ტახტზე წამოვწექი და პლედი გადავიფარე, რომ მობილურმა დარეკა. ეკრანს დავხედე, უცხო ნომერი იყო. გისმენთ-მეთქი, ჩავძახე, მაგრამ არავინ მიპასუხა. ვიღაცების ლაპარაკის ხმები კი გარკვევით მესმოდა. არ გავთიშე, ყური მივუგდე.
- არც ერთი ქალი არ იმსახურებს ამქვეყნად მამაკაცის სიყვარულს, ყველანი დაუნდობლები ხართ. ეს შენც გეხება ნაწილობრივ, - ბექას ხმა ვიცანი, სმენა დავძაბე, - მართალია, შენ არ მატყუებ და მეუბნები მაინც, რისთვისაც გჭირდება ჩემთან ურთიერთობა, მაგრამ არც შენი ქმედებაა გამართლებული. გავკარი ამ ცხოვრებას, არასდროს ცოლს არ შევირთავ. ყველა ქალი ერთნაირი ნაგავია, ერთი მაგ…
- მე რაღას მერჩი, საყვარელო, შენთვის ცუდი არასდროს გამიკეთებია. შენ ხომ გსიამოვნებს ჩემთან ყოფნა, ასე რომ არ იყოს, ვინ გაძალებს? ვერ გავიგე, რატომ მრევ ყველა ქალში, მე რომ ბოროტი ვიყო, პასუხს მოგთხოვდი ბევრი რამისთვის, - ეს ნანკას ხმა იყო, ჟრჟოლამ ამიტანა, სამაგიეროს მიხდიდა.
- რისთვის, აბა, ერთი, გამაგებინე? დავაშავე რამე? შენ მაინც რა დაგიშავე?
- რა და, საკმარისია, რომელიმე ქალმა გიღალატოს, მაშინვე ჩემთან გამორბიხარ, იქამდე კი არც გახსენდები. სხვა ჩემს ადგილზე ერთ ადგილას გაგაგზავნიდა. მე კი, რა ვქნა, არ ვარ ასეთი, არ შემიძლია საყვარელი ადამიანის მიტოვება გაჭირვების ჟამს. მოდი ახლა, მორჩი მოთქმას, არ უნდა დაგელია ამდენი, მომეფერე, რა, მაკოცე, დაივიწყე ყველაფერი. მე შენთან ვარ, ხომ ხედავ.
მერე ხმები აირია… ხმამაღალი ლაპარაკი ჩურჩულმა შეცვალა, მერე ქალის კვნესის ხმა გაისმა ყურმილში, მერე… იქ, სადღაც, რომელიღაც ქუჩის რომელიღაც ბინაში, გაქანებული სექსი მიდიოდა ბექასა და ნანკას შორის, ის ვერაგი ქალი კი ამ ყველაფერს მე მასმენინებდა… ლამის ვიყვირე გამწარებულმა. ტელეფონი გამოვრთე და სასოწარკვეთილმა ხელებში ჩავრგე თავი, თუმცა არ მიტირია, ცრემლი გამშრობოდა…
8 8 8
დილით, სარკეში რომ ჩავიხედე, ელდა მეცა. თვალები საშინლად მქონდა შეშუპებული, ოთხმოცი წლის ბებერს ვგავდი. მორჩა, აღარ მინდა ასე გაგრძელება, თავს უნდა მივხედო. დღეიდან გამოვსწორდები, ერთი კვირა კარგად დავისვენებ, არაფერზე ვიფიქრებ და ძველებურ ფორმაში ჩავდგები. ვნახოთ, ვისი აჯობებს. ყველას დავანახვებ, რა შემიძლია. არც ისეთი სუსტი ვარ, ბექას ან ნანკას რომ წარმოუდგენია.
თათბირის დაწყებამდე შევედი მთავარ ექიმთან, ვუთხარი, რომ მივდიოდი, მადლობაც გადავუხადე თანაგრძნობისთვის და წამოვედი. თანამშრომლებს არც დავემშვიდობე, ისე გამოვიპარე კლინიკიდან, ახსნა-განმარტების თავი არ მქონდა. ეზოში რომ ჩამოვედი, ძალაუნებურად გამექცა მზერა საორდინატოროსკენ. ალბათ გულმა თუ მიგრძნო. ფანჯარასთან სანდრო ატუზულიყო და დაჟინებით მომჩერებოდა. თვალი ავარიდე და მანქანაში ჩავჯექი. სწორედ ამ დროს ბექას «მერსედესი» შემოსრიალდა ეზოში. ის ყოველთვის ჩემ გვერდით აყენებდა თავის მანქანას. ახლაც ასე მოიქცა, ჯერჯერობით არ შეუცვლია «დისლოკაციის» ადგილი…
წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. «პახმელიის» კვალი ეტყობოდა სახეზე. რა თქმა უნდა, წუხელ ხომ ბობოქარი ღამე ჰქონდა თავის «ნაშასთან». წარმოვიდგინე, როგორ ეფერებოდა ნანკას, როგორ უწილადებდა ჩემს წილ ალერსს… სიბრაზემ მომიცვა, მზად ვიყავი, გაუგონარი სისულელე ჩამედინა, მაგრამ ნერვები მოვთოკე, აკანკალებული ხელებით ძრავა ავამუშავე და ნელი სვლით გავედი ეზოდან.
ბოღმა მახრჩობდა - ნანკასი, ბექასი, სანდროსი, ჩემი… ყველასი ერთად. მთელი სისწრაფით მიმყავდა ჩემი «პეჟო», წინ მიმავალ მანქანებს სათითაოდ გადავასწარი, წითელ შუქზეც კი არ ვჩერდებოდი. მძღოლებიც და ფეხით მოსიარულენიც გაოცებით მაყოლებდნენ თვალს, გიჟივით მივაქროლებდი.
სადარბაზოსთან მოწყვეტით დავამუხრუჭე და თავი საჭეს მივადე ღონემიხდილმა, ფეხები არ მემორჩილებოდა, ისე ავნერვიულდი. უცებ გვერდითა მინაზე ვიღაცამ დააკაკუნა. მოულოდნელობისგან შევხტი. შევხედე, ნიტა იყო. ესღა მაკლდა, ამას რაღა უნდა ნეტავ? არ მესიამოვნა მისი დანახვა. მარცხენა თვალის უპე ჩალურჯებოდა, კარგად უმუშავია სანდროს, ყოჩაღ! ნამდვილი პირუტყვია.
ზლაზვნით გადმოვედი მანქანიდან.
- დავრეკე და მითხრეს, უკვე წავიდაო, - თითქოს მებოდიშებოდა, სახლთან რომ დამხვდა.
- ჰო… როგორ ხარ? - ზრდილობის გულისთვის მოვიკითხე.
- როგორ ვიქნები… - მხრები აიჩეჩა და ღრმად ამოიოხრა.
- საქმე გქონდა რამე?
- შენთან მინდოდა დალაპარაკება.
- წამო, ავიდეთ.
- ძალიან მეჩქარება…
- აბა, აქ ხომ არ ვიდგებით, უხერხულია, - მოღუშულმა გადავხედე.
- კარგი, ცოტა ხნით ამოვალ, - დამთანხმდა ნიტა და მოკლე ნაბიჯებით უკან გამომყვა.
…შინ შესულმა ფარდები გადავწიე და ფანჯრები გამოვაღე, ოთახში დახუთული ჰაერი იდგა.
- ყავას დალევ? - ისევ ისეთი ტონით მივმართე.
- არა, ამდენ ხანს ვერ მოვიცდი, სულ ორი წუთი მჭირდება, გთხოვ, მომისმინო, - წრიალებდა ნიტა.
- გისმენ, თქვი, - სავარძელში ჩავჯექი, ნიტა ჩემს პირდაპირ დაჯდა.
- ორი ღამეა, შინ არ გაუთევია, კაცმა არ იცის, სად დადის, - დაიწყო თვალცრემლიანმა, - არც ბავშვები მოუკითხავს, არც მე. ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ ბავშვები მეკითხებიან, მამა სად არისო, რა ვუპასუხო? მიგვატოვა და სახლიდან წავიდა-მეთქი?
- მე რა შუაში ვარ, ნიტა, ჩემთან რატომ მოხვედი? - გავაწყვეტინე.
თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, წამით გაქვავდა. მერე უცებ შეეცვალა სახე, მედიდური გაუხდა გამომეტყველება და ხმაც.
- აბა, ვინ არის შუაში, ხომ ვერ მეტყვი? არ იცი, რომ შენ გამო დამენგრა ოჯახი?
- რომელი ოჯახი, ნიტა? - რაც შეიძლებოდა, მშვიდად ვსაუბრობდი, - რომელიც შექმნის დღიდანვე დანგრეული იყო შენთვის?
- ასე ნუ მელაპარაკები, სოფიო. სანამ შენ გამოჩნდებოდი, ყველაფერი გადასარევად იყო, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. მერე კი ყველაფერი აირია, გაგიჟდა, შეიშალა კაცი, ვეღარ ვცნობთ. რა უქენი, ჯადო გაუკეთე თუ რა? გული ერევა ბავშვების დანახვაზე, ჩემზე რომ არაფერი ვთქვა. შენ რა, სულელი გგონივარ? საკუთარმა ქმარმა გამომიცხადა, სოფიოსთან გადავდივარ საცხოვრებლადო და ახლა მეუბნები, ჩემგან რა გინდაო? შენგან არაფერი მინდა, ოღონდ ის დამიბრუნე, რაც ჩვენ გვეკუთვნის.
- და რაც მე არასდროს მეკუთვნოდა, ხომ სწორია?
- დიახაც.
- ჰოდა, რატომ მთხოვ იმას, რაც ჩემი აქამდე არ ყოფილა? ჩემთან ტყუილად ეძებ, ნიტა, ის აქ არ არის და არც არასდროს იქნება.
- მაგრამ მე ხომ ვიცი, შენ როგორ გიყვარს იგი, არ დამიწყო ახლა საპირისპიროს მტკიცება.
- არ ვაპირებ. ნაწილობრივ მართალი ხარ… ქალი ვერასდროს ივიწყებს მამაკაცს, ვისთანაც რომანტიკული ურთიერთობა ჰქონია, არც არასდროს დამავიწყდება, მაგრამ იგი დიდი ხანია, წარსულს ჩაჰბარდა. ახლა მისი ადგილი სხვამ დაიკავა და შენი სანდრო აღარ მაღელვებს, ის არ არსებობს ჩემთვის, უნდა დამიჯერო.
- ის შენი გულისთვის წავიდა სახლიდან, სოფიო, რა დაგიჯერო, რას მეუბნები!
- დაბრუნდება, ამაში ეჭვიც არ მეპარება. მართალია, მას გაუჭირდება ჩემი დავიწყება, რადგან კაცები ვერასდროს ეგუებიან იმ ქალების დაკარგვას, რომელთანაც სექსუალური ურთიერთობა არ გამოუვიდათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. სანდროც მოეგება გონს, ჭკუაში ჩავარდება და მიხვდება, რომ მისთვის ოჯახი უფრო ღირებულია, ვიდრე ჩემი დევნა.
- მან უკვე გააკეთა არჩევანი, მას შენთან უნდა.
გაგრძელება იქნება