- ახლა მე მკითხე, მე მინდა მასთან? ასი წელი… შემეშვით, თავი დამანებეთ ყველამ, მომეცით საშუალება, ჩემს გემოზე ვიცხოვრო. ისე, რომ იცოდე, შენი სანდრო არარაობაა, ასეთი ქმარი გინდ გყოლია, გინდა არა, მნიშვნელობა არა აქვს. მე შენს ადგილას, გამიხარდებოდა კიდეც, თუ მიმატოვებდა. შეხედე საკუთარ თავს, ასე როგორ უნდა გაგიმეტოს შენი შვილების მამამ? ასე მხოლოდ პირუტყვები იქცევიან.
- გგონია, მიყვარს და იმიტომ ვითხოვ მის დაბრუნებას? მძულს, მეზიზღება, მაგრამ ბავშვებს რა ვუყო, მათ სჭირდებათ მამა. დღეში ასჯერ მეკითხებიან, როდის მოვაო. ჩაცმა უნდათ, დახურვა, ჭამა, სმა… მე რა ვქნა? რით ვარჩინო უმუშევარმა? ყველაფერს ვაკეთებ, რომ კმაყოფილი იყოს, ნასიამოვნები დარჩეს, მაგრამ რა? რა შედეგი გამოიღო იმან, რომ მისი გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ?
- ხედავ? თან იმას ამტკიცებ, არ მიყვარსო, თან მეუბნები, მისი გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარო. ასეთები ვართ ქალები. ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია მათთვის, მათ კი, ამ ყველაფრის გარდა, სხვა დანარჩენის. გამოდის, რომ არაფრის მაქნისები არიან. უნებისყოფო და სუსტ კაცზე უარესი არაფერია ამქვეყნად. სწორედ ასეთ მამაკაცებს ძალუძთ ღალატი და ოჯახის დანგრევა. შენ რა გგონია, ვიდრე მე გამოვჩნდებოდი, შენს თავზე მოწმენდილი ცა იყო? გგონია, რომ შენ გარდა სხვა ქალთან არ გაუვლია? ღრმად ხარ ამაში დარწმუნებული?
- ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მიტოვება არ უფიქრია აქამდე.
- არც ახლა მიგატოვებთ, ტყუილად გეშინია, ნიტა.
- კარგი რა, კარგი რა-ა! ვერ გაიგონე, რა გითხარი? სოფიოსთან გადავდივარ საცხოვრებლადო, გამომიცხადა, ქართული არ გესმის?
- ჰმ… შენზე თქვა, კარგი ცოლიაო, ჩემი გულისთვის ბევრი გააკეთა, მეც ბევრი რამ მასწავლაო. როგორც ჩანს, ერთი რამ არ გისწავლებია, ჩემო ნიტა - დუმილის ფასი. ენისთვის კბილის დაჭერა რომ სცოდნოდა, ამას არ წამოაყრანტალებდა. გეფიცები, ჩემთან არ არის, არც არასდროს იქნება. მე სხვა მიყვარს და მის მიტოვებას არ ვაპირებ. რა ვქნა, როგორ დაგაჯერო? გინდა, ერთი საიდუმლო გაგანდო? გინდა გითხრა, ვის ვხვდები?
- ვის? - ისეთი ტონით მკითხა და ისეთი სახით შემომხედა, აშკარად შეეტყო, რაც უნდა მეთქვა, არ დამიჯერებდა.
- ბექას. შენ თვითონ არ ნახე, როგორ მოვიდა იმ დღეს ჩემთან?
- ვიცი ეგ ამბები. ისიც ვიცი, სანდროს გასაღიზიანებლად რომ ხვდები ბექას, ყველაფერი ვიცი, არ მჭირდება ეს ზღაპრები.
- ნანკა მაგრად მუშაობს, როგორც ვატყობ. ეს კარგია, მშვენიერი სადაზვერვო სამსახურია, ვერაფერს იტყვი. მეტი საქმე არაფერი გაქვს? ან შენ რატომ უყვები ჩემ შესახებ ან მას რას ალაპარაკებ ჩემზე ამდენს? არ გრცხვენია? ჩვენ ხომ ყველაზე ლამაზი წლები გვაკავშირებს ერთმანეთთან, მე ხომ არასდროს გამივლია გულში შენი ღალატი, რამ გაგაბოროტა ასე, რატომ მხდი ჩემი დაუძინებელი მტრის სალაპარაკოდ? ან მას რა დავუშავე ასეთი, ძირს რომ მითხრის? ვერ გამიგია, რა გინდათ ჩემგან, ხალხი არა ხართ? ცხოვრებაში მსგავსი ინტრიგები არ მქონია, თქვენ ვინ ყოფილხართ, ვისთან მაქვს საქმე, ეს სად მოვხვდი! - განრისხებულმა ხმას ავუწიე.
- შენ თვითონ უქმნი სხვებს პრობლემებს, ჩემო კარგო, შენ თვითონ. მე სანდროს მართმევ, ნანკას - ბექას, საკუთარი თავი კი მამა აბრამის ბატკნად გამოგყავს. იმ გოგოს ჩემი სიკეთე უნდა, იმიტომაც მიყვება ყველაფერს.
- მართლა? - ახლა კი ვერ მოვითმინე და ვიფეთქე, - ყველაფერს გიყვება? შენი ქმარი რომ ჟიმავდა, ის თუ გითხრა? სანდროს საყვარელი რომ იყო წლების განმავლობაში, ეს თუ იცი, ჩემთან რომ მოდიხარ დიდი გონორით? ამაზე დასცდენია სიტყვა? თუ თანამედროვე ცოლი ხარ და ქმრის საყვარლებთან დაქალობ? - ერთიანად გაფითრებული ფეხზე წამოვიჭერი.
- ეს ტყუილია, - ნიტას ტუჩები აუთრთოლდა, ხმას დაუწია და თითქმის ჩურჩულზე გადავიდა.
- ჩემი თუ არ გჯერა, თანამშრომლებს ჰკითხე. მიდი მთავარ ექიმთან და ის უკეთესად მოგიყვება, რა როგორ არის, იმანაც კი იცის, რაც ხდებოდა კლინიკაში, - გავწირე ბატონი მიხეილიც და იმწამსვე ვინანე, მაგრამ უკვე გვიან იყო.
- არ მჯერა, სოფიო, ამას ჩემ გასამწარებლად იძახი.
- სიმართლე ბომბივითაა, ჩემო ნიტა. ის ერთდროულად რამდენიმე ადამიანს კლავს: მას, ვისაც ესვრიან და მასაც, ვინც ისვრის. ვიცი, შეიძლება ამ საიდუმლოს გამხელისთვის მწარედ ვზღო, მაგრამ შენ სიმართლე უნდა იცოდე და იგი უნდა ეძებო იქ, სადაც არის და არა ჩემთან.
- რა ვქნა?… რა წყალში გადავვარდე? ერთ მომენტში მეც კი შემეპარა ეჭვი, მაგრამ ნანკამ ისე გამიბათილა ეჭვები, რომ თავის სიმართლეში დამაჯერა.
- ეგ როდის იყო?
- შარშან ზაფხულში… სანდრო ბათუმში წავიდა, მივლინება მაქვსო, ოპერაციის გასაკეთებლად გამომიძახესო. ჩვენ ფასანაურში გაგვიშვა დასასვენებლად. ორი კვირა არ ჩამოვიდა, ბარემ აქ ვარ და დავისვენებო. რამდენიმე თვის შემდეგ ნანკას წამოსცდა, ბათუმში რომ ვიყავით მე და სანდროო. გამიკვირდა, შენ რატომ იყავი მასთან ერთად წასული-მეთქი. ჩემს ახლობელს ჩემი თხოვნით გაუკეთა ოპერაციაო. დავიჯერე და აღარ გამოვეკიდე. ნუთუ… ნუთუ ასეთი შტერი ვარ? ვეღარ გავიგე, ვინ მატყუებს, ვინ სიმართლეს ამბობს…
- ჩემთან გასარკვევი არაფერი გაქვს, მინდა ამაში დარწმუნებული იყო. პირობას გაძლევ, რომ არასდროს, არასდროს, ახლოსაც არ გავეკარები სანდროს. მეტი რა ვქნა? როგორ მოვიქცე? ტყუილად მერჩი, ნიტა.
- ახლაც ხვდებიან ერთმანეთს? - ნიტა ჯერ კიდევ იქ იყო, ნანკას და სანდროს ურთიერთობას დასტრიალებდა.
- არა მგონია, ახლა… - კინაღამ წამომცდა, ბექასთან ერთობა-მეთქი, მაგრამ დროზე გავჩერდი, - ახლა არა მგონია, არ ვიცი.
- კარგი, მაპატიე, რომ შემოგეჭერი. ისე… თუ გამოჩნდეს…
- ეგრევე დაგირეკავ.
- არა, არა, გაგიჟდება, რომ დამირეკო. რა ვიცი, შენ უკეთ იცი, რაც უნდა ქნა.
- გქონდეს ჩემი იმედი. ყველაზე მეტად ახლა მე მინდა, რომ შემეშვას, თავი დამანებოს, გეფიცები.
- იცი? რამდენიმე დღის წინ მითხრა, ღამე სოფიოსთან გავათიეო… მართალია? - იდუმალი ხმით წარმოთქვა.
ცივმა ოფლმა დამასხა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- ნიტა, ოდნავ მაინც თუ გჯერა ჩემი, გულწრფელად გეუბნები, რომ სანდროს არც ერთი ღამე არ გაუთენებია ამ სახლში. გესმის?
- მესმის… მჯერა… ასეთებს იმიტომ მიყვება, რომ მე თვითონ ვთქვა მასზე უარი. ყველაფერი გასაგებია. უნდა, რომ გავუადვილო ჩვენი მიტოვება, უნდა, რომ მეც შევუწყო ხელი ოჯახის დანგრევაში.
- ჰოდა, მაგდენს თუ ხვდები, დალოცვილო, მე რაღას მერჩი? - შვება ვიგრძენი, როცა მივხვდი, რომ ნიტასთვის ყველაფერი გასაგები გახდა, - ნანკას კი… მე შენს ადგილას, დავიკიდებდი, არ გავამახვილებდი ამაზე ყურადღებას. შეიძლება ამ ამბის გაქექვამ უარესი შედეგი გამოიღოს.
- არც ვაპირებ. მოვა დრო და თავისით გაირკვევა, მათ შორის რაც ხდებოდა. რა წამხდარი ქალია, როგორ გველურად დამიახლოვდა, როგორ მათქმევინა ყველაფერი. ღმერთო, რა გულუბრყვილო ვარ, როდის გამოვსწორდები, როდის ვისწავლი ჭკუას… - ნიტას თვალები ცრემლით აევსო.
- არა უშავს, ყველა ვუშვებთ ჩვენს წილ შეცდომას. შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. მთავარია, რომ ახლა სიმართლე იცი, მომავალში უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენ.
- ჰო, რა თქმა უნდა… მაპატიე, სოფიო, არ მინდოდა…
- არ გრცხვენია? შენ შენს სიყვარულს იცავდი მხოლოდ. მესმის შენი.
- სიყვარულს არა… სადღაა სიყვარული. ქორწინებიდან სულ რამდენიმე თვეში გაქრა. არა, გატყუებ, ცოტა უფრო გვიან, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ.
- ალბათ იმიტომ, რომ ის არც ყოფილა სიყვარული.
- გეთანხმები. უბრალოდ, ცოტათი მშურდა შენი და ალბათ ამან მაფიქრებინა, რომ მიყვარდა. თურმე ქარს დავდევდი მინდორში. მაპატიე… ვიცი, შენ ეს შეგიძლია.
- მე შენ მაშინვე გაპატიე, იმიტომ, რომ ვიცოდი, შენი ბრალი არ იყო, რაც მოხდა. ჰო, მართლა, ის სად არის? - უცებ ვერ გავიხსენე სახელი.
- ვინ, ჯიმი? ციხეში ზის, კაიფში მყოფი ყავარჯნიან ქალს დაეჯახა და გაიტანა.
- რას მელაპარაკები! მოკვდა?
- აბა, რა მოუვიდოდა, მთელი სისწრაფით გამოქანებული მანქანა რომ შეეჯახებოდა? ადგილზე გარდაიცვალა.
- საწყალი… დიდი ხნის ამბავია?
- უჰ… მალე გამოვა კიდეც. ერთი რვა წლის წინ მოხდა, მგონი.
- იმ ძველი ამბების მერე არ შეგხვედრია?
- არა, არა. არც სანდროსთან ჰქონია კონტაქტი. ეს ამბავიც შემთხვევით გავიგე, მამაჩემმა მითხრა… კარგი, სოფიო, წავედი, ბოდიში, ასე რომ გაგანერვიულე.
- ნახვამდის, ნიტა. თავს მიხედე და შვილებს, ყველაფერს ჯობია…
ნიტამ გასვლის წინ ერთხელ კიდევ შემომხედა. თვალებში ცრემლი უბრწყინავდა. მომეჩვენა, რომ უნდოდა გადამხვეოდა, მაგრამ ვერ გაბედა…
ვერც მე გავბედე…
8 8 8
ნიტას წასვლის შემდეგ საშინელ გუნებაზე დავდექი. სინდისი მქენჯნიდა, ნანკას და სანდროს ამბავი რომ მოვუყევი, თან მთავარი ექიმიც რომ ვახსენე. ვაითუ, მივიდეს მიხეილთან და გამოჰკითხოს ყველაფერი? თან რომ უთხრას, სოფიოსგან ვიცი ეს ამბავიო? იმედია, ამას არ იზამს, მთლად ეგეთი შტერი არ არის.
მოუსვენრობამ შემიპყრო. უშაქრო ყავა მოვიდუღე და დავლიე, თან ნიტაზე ფიქრი გონებიდან არ მშორდებოდა. ისიც ისჯება თავისი ცოდვებისთვის. საინტერესოა, მე როგორ მოვიქცეოდი მის ადგილზე? გავყვებოდი სანდროს? ძნელია ამაზე მსჯელობა სხვისი გადასახედიდან. არავინ იცის, ვინ როგორ მოიქცევა კონკრეტულ შემთხვევაში. მას ძალიან ეშინოდა მამამისის. ალბათ სხვანაირად არ შეეძლო. აბა, ციხეში ხომ არ დასვამდა ორ ადამიანს? ეჰ, რაც იყო, იყო, არ მინდა წარსულის გახსენება. მეყო, რაც გადავიტანე. ახლაც კი ვიმკი იმ ტკივილის «გადმონაშთს». სხვა რამეზე უნდა გადავერთო, დროებით დავივიწყო ეს ამბები. რა ვქნა, სად წავიდე? ვინმე ხომ არ მოვინახულო? მართლა! ბიძინა ხომ არ ვნახო? ცუდად ყოფილა, მე კი ერთხელაც არ მოვიკითხე მამის მეგობარი. კაცმა იზრუნა ჩემზე, სამსახური მიშოვა, ამხელა კლინიკის მთავარი ექიმი შეაწუხა ჩემი გულისთვის, მე კი მადლობაც ვერ ვუთხარი ხეირიანად. მოიცა, დავრეკო!
- ალო, ბიძინა ძია, როგორ ხართ? - დარცხვენილი დავიჯღანე ტელეფონის ყურმილთან.
- რომელი ხარ, ვერ გიცანი, - გაისმა შეწუხებული ხმა.
- სოფიო ვარ, თქვენი ნათლული…
- ჰოოო, სოფიო, სოფიო… ჩემი კალმით ნახატი გოგო. სად დამეკარგე, შვილო, აღარ გამოჩნდი… როგორ ვიქნები, აგერ ვწევარ გასიებული ფეხით, ვერ ვინძრევი. მთლად მოვისპე ამ სიბერეში, ძალა აღარ მაქვს მუხლებში…
- რა დროს სიბერეა, ნათლია, რას ამბობთ. მაპატიეთ, ვერ შეგეხმიანეთ, ვიცი, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი. გამოსვლა მინდა თქვენთან, ამიტომ დაგირეკეთ.
- მოდი, კაცო, მოდი, გამოვყრუვდი მარტოობით, ხმის გამცემი მენატრება. ამწუთას მიხა იყო ჩემთან, გამახარა თავისი სტუმრობით. იმდენი რამე მომიტანა, ხუთ ოჯახს ეყოფა. რად მინდოდა, მაგრამ ხომ იცი, მაინც მესიამოვნა. კარგი გოგო ხარ შენ, ჩემო სოფიო, ძალიან გაქო შენმა უფროსმა. ვამაყობ შენით, რომ იცოდე. მიხარია, ჩემი იმედები რომ გაამართლე. როდის მოხვალ, გენაცვალე?
- ახლავე გამოვალ, ბიძინა ძია, სულ რაღაც ნახევარ საათში თქვენთან ვიქნები. წამოგიღოთ რამე?
- რას ამბობ, კაცო, რა უნდა წამომიღო. ხომ გითხარი, მიხამ აუარება რაღაც მომიტანა-მეთქი. მოტანა კი არა, იქით გაგატან ყველაფერს, მაინც გამიფუჭდება აქ, მარტოხელა კაცს რად მინდა ამდენი პროდუქტი.
- კარგი, ნათლია, დროებით დაგემშვიდობებით მაშინ და წამოვალ.
უკეთეს გუნებაზე დავდექი, მსუბუქი მაკიაჟიც კი გავიკეთე, სარკის წინ სევდიანად დავტრიალდი და მანქანის გასაღებს დავავლე ხელი.
* * *
კარი შეღებული დამიხვდა, დაუკაკუნებლად შევედი. ბიძინა ტახტზე იწვა, ხელები თავქვეშ ამოედო და ჭერს მიშტერებოდა. ჩემს დანახვაზე წამოდგომა დააპირა, მაგრამ არ დავანებე.
- ხედავ, რა დღეში ვარ? პატარა ბავშვივით წარამარა ვეცემი. ეს რა დამემართა, კაცო.
- როგორ მოგივიდათ, ბიძინა ძია, სად დაეცით?
- ბაღში ვიყავი, ყვავილებს ვრწყავდი. რა ვიცი, რა ეშმაკი შემიჩნდა, რანაირად მოვახერხე… ე-ეჰ, მარტოობას მოუკვდა პატრონი, დავბერდი კაცი და მომხედავი არავინ მყავს. ვის რა უნდა ვუთხრა, ჩემი ბრალია ყველაფერი. ერთი წყალი დამალევინე, შენს გაზრდას, ოღონდ მაცივრის არ მინდა, ონკანიდან მოუშვი.
მოვუტანე. სავსე ჭიქა სულმოუთქმელად დაცალა.
- სიარული სულ არ შეგიძლიათ? - იქვე, საწოლთან ჩამოვჯექი.
- კი, როგორ არა, მაგრამ არ მინდა ძალა დავატანო, იქნებ ცოტათი ჩამიცხრეს. მომკლა ტკივილებმა, ღამეები არ მძინავს. შენ როგორ ხარ, როგორ შეეწყვე თანამშრომლებს, კმაყოფილი ხარ?
- კი, კმაყოფილი ვარ, კარგი ხალხია.
- მიშაც ძალიან კმაყოფილია, კარგი გოგოაო. მიხარია, ასე რომ გაფასებს. ჩემი სახელიცაა, ხომ იცი.
- ჰო, რა თქმა უნდა. სადილი ხომ არ მოგიმზადოთ? არსად არ მეჩქარება, დრო ბევრი მაქვს.
- არა, შვილო, არა, წეღან ძალით მაჭამა მიხეილმა, არ მომეშვა, სანამ კარგად არ დამანაყრა. ძველი პერიოდი გამახსენდა, რესტორნებში რომ დავგრიალებდით… აფსუს, რა დრო იყო!
- ცოლი არასდროს გყოლიათ, ნათლია? - მორიდებით ვკითხე.
- არ მყოლია, არა… და ისე ვნანობ, მეტი რომ არ შეიძლება. მთელი ჩემი ცხოვრება ერთ ქალს შევალიე. ისე მიყვარდა… როცა მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობა არ გამოვიდოდა, თავს პირობა მივეცი, არასდროს შემერთო სხვა ქალი. ჰოდა, აგერ, შევასრულე ჩემი პირობა და დავრჩი მარტო, დისშვილების ამარა. იმათაც თავიანთი საქმეები აქვთ, ვეღარ იცლიან ჩემთვის. ყველას თავისი გასჭირვებია, ხომ იცი, როგორი დროა. ჩემი დაც ავადმყოფობს, ძველებურად აღარ მოსდევს ჯანი. ასეა, შვილო, ასე. ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას ცხოვრებაში. მთავარია, იმ შეცდომას არ გადააყოლო ყველაფერი.
- ის ქალი გათხოვდა? - დამაინტერესა მისმა წარსულმა.
- უკვე გათხოვილი იყო, რომ გავიცანი. ეგ იყო მთავარი უბედურება, ქმრიანი ქალი შემიყვარდა. რომ დავინახე, მივხვდი, ჩემი ბედისწერა ეგ იქნებოდა. ვერაფრით მოვერიე თავს. მიშამ გამაცნო, მაგის ძმაკაცის ცოლი იყო. ეჰ… რად გინდა, გრძელი ამბავია, არ დაგღლი მაგის მოყოლით.
- არა, რას ამბობთ, პირიქით, თუ თქვენთვის ძნელი არ იქნება, სიამოვნებით მოგისმენთ.
ბიძინა წამით ჩაფიქრდა, ნაღვლიანი მზერა მესროლა, ოდნავ ჩემკენ მოტრიალდა, მოხერხებულად მოეწყო ტახტზე და დაბალი ხმით დაიწყო.
- ულამაზესი სახელი ერქვა - ანა… თვითონაც თავისი სახელივით უმშვენიერესი იყო. ბავშვის დაბადების დღეზე დაპატიჟეს მიხეილი, ჩვენი მიშა. მეც თან გამიყოლა, კარგი ოჯახი უნდა გაგაცნოო. არ მინდოდა წასვლა, ალბათ გული თუ მიგრძნობდა, რაც უნდა მომხდარიყო, მთელი დღე ფეხს ვითრევდი. არ მომეშვა, მაინც დამიყოლია, მარტო რა წამიყვანსო. ვიყიდეთ უზარმაზარი შავი ვარდები, ბავშვისთვის სათამაშოები და წავედით. კარი ანამ გაგვიღო… ვერ წარმოიდგენ, რა დამემართა, როცა შევხედე. ლამის ჩავიკეცე ამხელა კაცი. უკეთესს რას ნახავდი. ნეტავ მაშინვე გამოვტრიალებულიყავი და წამოვსულიყავი უკან… ჩემ გარდა ყველა მხიარულობდა, მღეროდნენ, ხუმრობდნენ… მე კი გაოგნებული ვიჯექი და ანას გარდა ირგვლივ ვერავის ვამჩნევდი. მის ნაბიჯებს ვითვლიდი, რომელი მიმართულებით რამდენს გადადგამდა. ისეთი ჰაეროვანი სიარული ჰქონდა… ძალიან ნაზი სურნელის სუნამო ესხა. მის სიახლოვეს ზურგს უკანაც ვგრძნობდი. თავგზა ამებნა. იმანაც შემატყო, სხვა რაღაც რომ ხდებოდა ჩემს თავს. მგონი, თვითონაც არ დარჩა გულგრილი. თითქოს თვალებით ველაპარაკებოდით ერთმანეთს. რამეს რომ შეჰმატებდა სუფრას, მაინცდამაინც ჩემთან ახლოს მოვიდოდა, მკერდით შემეხებოდა და ისე დგამდა კერძით სავსე თეფშებს მაგიდაზე. რა თქმა უნდა, ამას ჩემ გარდა ვერავინ ხვდებოდა. ავირიე, დავირიე… როგორმე უნდა დამემარტოხელებინა და დავლაპარაკებოდი. სითამამისთვის ბლომად დავლიე. ქეიფი დასასრულს რომ მიუახლოვდა, აივანზე გასვლა მოვიმიზეზე, სიგარეტს მოვუკიდე და ჰაერზე გავედი. მიხვდა ისიც, რისთვისაც გავედი. რამდენიმე წუთში უკან მომყვა, რამე ხომ არ გინდათო, მოკრძალებით მკითხა. შენთან ყოფნა მინდა, სხვა არაფერი-მეთქი, პირდაპირ ვაჯახე. გაწითლდა, თვალები დახარა. ტელეფონის ნომერი მომეცი, ხვალ დაგირეკავ-მეთქი. ჩქარ-ჩქარა მიკარნახა, თან დააყოლა, სამიდან ექვსამდე მარტო ვიქნებიო. ეს უკვე თანხმობას ნიშნავდა. არ მეგონა, ასე სწრაფად და ადვილად თუ მოგვარდებოდა ეგ საქმე, ფრთები შემესხა სიხარულისგან. სუფრასთან რომ დავბრუნდი, მეც ჩავერთე მხიარულებაში, სიმღერაც კი შემოვძახე, მახსოვს… მერე, ქეიფი რომ დამთავრდა, დამშვიდობების დრო დადგა, ჯერ ხელი ჩამოვართვი ოჯახის დიასახლისს, ვეამბორე და მერე ლოყაზე ვაკოცე. როგორ უთრთოდა მთელი სხეული, ვერ წარმოიდგენ. მეც ზუსტად მაგ დღეში ვიყავი. სანამ მიშა სახლამდე მომიყვანდა, მანქანაში ხმა არ ამომიღია, ფიქრებით ანას დავტრალებდი თავს. მთელი ღამე თეთრად გავათენე, ვბორგავდი, მის სურნელს ვგრძნობდი, თითქოს გვერდით მეწვა. დილიდან მოუსვენრად ვიყავი, წამებს ვითვლიდი, როდის გახდებოდა სამი საათი. გაიწელა ეს ოხერი დრო, ჩემი დამემართა. ოთხის თხუთმეტ წუთამდე ვიცადე მაინც, რა იცი, რა ხდება-მეთქი და ხელის კანკალით ავკრიფე სანუკვარი ნომერი. აღელვებული ხმა ჰქონდა, ელოდა ჩემს ზარს. რამდენი რამ მინდოდა მეთქვა, სათქმელს თავი ვერ მოვაბი. მივკიბე, მოვკიბე, მოვიკითხე, მშვენიერი სუფრა იყო, უგემრიელესი კერძები-მეთქი… არადა, ერთი ლუკმა არ გამისინჯავს არაფერი. იცოდა იმანაც, მაგრამ მაინც გადამიხადა მადლობა. ჩვენთან როდის შემოივლითო. გავგიჟდი კაცი, იქ მეორედ რა მიმიყვანდა, ქუდი რომ შეეგდოთ, არ მივიდოდი. იქნებ სადმე გარეთ შევხვდეთ ერთმანეთს-მეთქი, გავბედე და ვუთხარი. საღამოს ბავშვი უნდა გავასეირნო შვიდის ნახევარზე, ვაკის პარკში ვიქნებიო, მითხრა. დავთქვით შეხვედრა. ახლა საღამომდე გაიწელა დრო. დავიტანჯე ლოდინით. საათ-ნახევრით ადრე მივედი დათქმულ ადგილას და ბოძივით დავერჭე. კისერი მომეღრიცა ლოდინით. როგორც ჩანს, ისიც ჩემ დღეში იყო, ნახევარი საათით ადრე მოვიდა აფორიაქებული, ლოყები გაწითლებოდა, თვალები ანთებოდა… შემოდგომის მიწურული იდგა, ციოდა ქალაქში. უკვე შეღამებული იყო, პარკში კანტიკუნტად თუ დადიოდა ვინმე, უმეტესად ახალგაზრდა, შეყვარებული წყვილები. გვერდითა შესასვლელთან დავხვდი, ასე მყავდა შეპირებული. შვილი პატარა იყო მაშინ, თვეების. ეტლში ეძინა ბავშვს. ერთი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. როგორც კი მომიახლოვდა, მივაჭერი, ხელი მოვხვიე და გიჟივით დავუწყე კოცნა… ისიც მკოცნიდა. უკვე გვიყვარდა ერთმანეთი. არ ვიცი, რა იყო ეს _ რა ძალა გვეწეოდა ერთმანეთისკენ, მაგრამ ფაქტია, რაღაცამ ნახვისთანავე დაგვაკავშირა ერთმანეთთან. ყველაზე ბნელ ადგილას მდებარე მერხზე დავსხედით, არ გვილაპარაკია, სად გვქონდა ლაპარაკის დრო ან თავი. მთელი ნახევარი საათი ერთმანეთის ფერებაში გავატარეთ. არც სიყვარული ამიხსნია, არც კომპლიმენტი მითქვამს… არაფერი, არაფერი… უთქმელად გვესმოდა იმის, რაც ჩვენს თავს ხდებოდა. ნახევარი საათის შემდეგ აწრიალდა, ქმარი არ იყო მოსული, რომ წამოვედი, მეშინია, ძებნა არ დამიწყოსო. დაგებარებინა მაინც, სად მიდიოდი-მეთქი. იცის, ბავშვს რომ ვასეირნებ საღამოობით, მაგრამ მის მოსვლამდე არასდროს გამოვსულვარ სახლიდან, ამიტომაც ვნერვიულობ და ვჩქარობო. რაღას გავაწყობდი, მივაცილე მეზობელ ქუჩამდე და დავემშვიდობე. დამშვიდობებაც გაგრძელდა ერთი ხუთი წუთი. ვერ ვწყდებოდი მის სხეულს, ერთიანად გახურებული ვიყავი. არ ვიცი, ასე დაწვრილებით რატომ გიყვები, ჩემო სოფიო, მაგრამ ახლა ისე მსიამოვნებს ამის გახსენება, ვერ აგიხსნი. შენც ქალი ხარ, ჩემი ახლობელი და ალბათ თუ ჯერ არ გამოგიცდია, გამოცდი იმას, რასაც სიყვარული ჰქვია. თუმცა ეს უბრალო სიყვარული არ ყოფილა. ეს უგონო სიყვარული იყო, ბოდვა, სიგიჟე… არა მგონია, ოდესმე ვინმეს მსგავსი გამოეცადოს.
ის დღე იყო და ის დღე… ყოველ საღამოს პარკში ვხვდებოდით ერთმანეთს, ყოველი ჩვენი შეხვედრა მოფერებით და ალერსით გამოიხატებოდა მხოლოდ. არავითარი სიტყვა, არავითარი დიალოგი, დამშვიდობების ჟამს თუ ვეტყოდით ერთიმეორეს ორიოდე ფრაზას. სიტყვები მხოლოდ ხელს შეგვიშლიდა ურთიერთობაში, უსიტყვოდ უკეთ ვუგებდით ერთმანეთს. ასე გაგრძელდა დეკემბრის ბოლომდე. მერე ძალიან აცივდა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ერთხელაც, როცა შევხვდი, შევთავაზე, სადმე ბინას ვიქირავებ და იქ შევხვდეთ-მეთქი. სასტიკ უარზე დადგა, ბავშვის გარეშე სახლიდან ვერ გამოვალ, არც დამტოვებელი მყავს და რომც მყავდეს, ქმარი იეჭვიანებსო. ოროთახიანს ვიქირავებ და ბავშვი მეორე ოთახში დავტოვოთ-მეთქი, მოვიფიქრე. კარგა ხანს ორჭოფობდა, მერე დამთანხმდა. სახლში ვერ მივიყვანდი, მშობლებთან ვცხოვრობდი, რა უნდა მეთქვა _ გათხოვილ ქალთან რომანი მაქვს და პაემანს აქ ვუნიშნავ-მეთქი? ჰოდა, რაღა ბევრი გავაგრძელო და… ვიქირავე ოროთახიანი ბინა. შევცვალეთ შეხვედრის დრო, დილის საათებში გადავიტანეთ. არ დამავიწყდება, პირველად რომ მოვიდა იმ ბინაში. რა სახე ჰქონდა… ამ ქვეყანას არ იყო, შეშლილს ჰგავდა. სულ ორი საათი გრძელდებოდა ჩვენი შეხვედრა, მეტხანს ვერ რჩებოდა. თავდაპირველად ყოველდღე ვხვდებოდით, მერე კვირაში სამჯერ, მერე _ ორჯერ. ჩემი ქმარი რაღაცას ეჭვობს და არ მინდა რამეს მიხვდესო. მესმოდა მისი, ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ შემხვედროდა, ოღონდ ჩემთან ურთიერთობაზე უარი არ ეთქვა. გავიდა ნახევარი წელი… ერთი წელი, ბავშვი წამოიზარდა, სიარული დაიწყო… გაძნელდა შეხვედრა. სანამ პატარა იყო და ეტლში იწვა, უფრო გვიადვილდებოდა ურთიერთობა. დააძინებდა ბავშვს მეორე ოთახში და ჩვენ ვეძლეოდით ნეტარებას. ფეხი რომ აიდგა, თან ვეღარ ატარებდა უკვე, აბა, როგორ გავაჩერებდით პატარას, სულ ბაჯბაჯი უნდოდა. ამას მცირე უთანხმოება მოჰყვა. ვუთხარი, ძიძას ვიქირავებ და იმან წაიყვანოს დროებით, დღეში ორი საათი რა გახდა-მეთქი. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მეშინია, ვინმემ არ გაიგოსო. ამასობაში ქმარსაც გაუძლიერდა ეჭვი. როგორც ჩანს, ანა შეიცვალა მასთან მიმართებაში. იძულებული გავხდით, შეგვემცირებინა შეხვედრის სიხშირე. ჯერ კვირაში ერთხელ ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე უკვე _ თვეში ერთხელ. დავიტანჯე კაცი. არადა, სულ მასთან მინდოდა, ვერ ვითმენდი. ხანდახან ისე მომენატრებოდა მისი ხმის გაგონება, სახლში ვურეკავდი. მემუდარებოდა, არ დამღუპო და ნუ დამირეკავო, მაგრამ არ შემეძლო სხვანაირად.
ასე გავიდა ორი წელი. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. ვთხოვდი, ქმარს გაშორდი და ცოლად გამომყევი-მეთქი. არც ამაზე მთანხმდებოდა. ბოლოს დაორსულდა. გვიან მიხვდა, ორსულად რომ იყო, უგუნებობა დასჩემდა. თავიდან შემეშინდა, რამე ავადმყოფობა ხომ არ სჭირს, ცუდად არ იყოს-მეთქი. დავაძალე, ექიმთან გამომყოლოდა. თითქმის ოთხ თვემდე ყოფილა. ეს რომ გავიგე, სიხარულისგან თავბრუ დამეხვა, ადგილს ვერ ვპოულობდი, ისეთი ბედნიერი ვიყავი. კიდევ უფრო დავიშოკე, რომ მითხრა, ბავშვს გავაჩენო. მთელი ორი კვირა ეიფორიაში ვიყავი, თან ვერავის ვუყვებოდი ამ ამბავს, როგორი სათქმელი იყო. ისევ ვეხვეწე, გაშორდი იმ კაცს, დაუტოვე ეს შვილი და ჩემთან წამოდი-მეთქი. მაგას ვერ ვიზამ, ვაჟა მეცოდებაო, გამომიცხადა… კი მაგრამ, ჩემგან რომ შვილს აჩენ, ვის გვარზე უნდა იყოს-მეთქი, დავეკითხე. ჩემი ქმრის გვარზეო, ისე მშვიდად მიპასუხა, თითქოს დიდი არაფერი ხდებოდა. ხომ არ გადაირიე, ჩემი შვილი სხვის ოჯახში იზრდებოდეს, სხვა გვარი ჰქონდეს, რა ნამუსით ვიარო ამ ქვეყანაზე-მეთქი, ახლა მე ვიყვირე.
სახელი ვაჟა რომ ახსენა, გული შემიქანდა, რაღაც მენიშნა თითქოს. ვაჟა ხომ ბექას მამას ჰქვია… იმ ქალს კი ანაო, ასე თქვა ბიძინამ… ნუთუ ქალბატონ ანიკოზე საუბრობს? ნუთუ… ღმერთო, ნამდვილად ასეა, არ ვცდები. იმანაც ხომ მითხრა მაშინ, ახლაც მარტოა, არც ცოლი შეურთავს და არც შვილები ჰყავს, მარტოობაში ამოხდება სულიო… ისიც თქვა, ბავშვის მიტოვება მთხოვა და არ დავთანხმდიო… ჰმ, რა პატარაა ეს ქალაქი, სადაური ამბავი სად დამიხვდა…
- სოფიო, შვილო, ხომ არ დაგღალე? - ბიძინას ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან.
- არა, არა, ნათლია, გააგრძელეთ, გულისყურით გისმენთ, ძალიან დამაინტერესა თქვენმა ისტორიამ, _ შემცბარმა ვუპასუხე.
- რაღა ბევრი გავაგრძელო და… დაიძაბა სიტუაცია. კი დავითანხმე, ქმარს გაყროდა, მაგრამ როცა ჩემი ულტიმატუმი წავუყენე, ბავშვის დატოვება როგორ მომთხოვეო, თავი გაიგიჟა. რა ვიცი, მეც რამ გამომათაყვანა, წამოეყვანა ის ბავშვი, რას ვერჩოდი, მაგრამ მაშინ თავმოყვარე ბიჭი ვიყავი და რაღაც-რაღაცებს სხვანაირად ვუყურებდი. ჯერ ერთი, არ მინდოდა ჩემებთან პრობლემები შემქმნოდა _ ბავშვიანი ქალი მომიყვანა რძლადო, დედაჩემის ყბიდან ვერ ამოვიდოდი, ის ამას არ მაპატიებდა. განათხოვარს კიდევ არა უშავდა, როგორმე შეეგუებოდა. მეორეც _ იმ ბავშვს საღ-სალამათი მამა ჰყავდა, ცოცხალი, ჯანმრთელი… რატომ უნდა ვყვარებოდი ღვიძლ მამაზე მეტად? გული ყოველთვის იქითკენ გაუწევდა. გოგონა რომ ყოფილიყო, კიდევ შეიძლებოდა… არ ვიცი, რატომ ვფიქრობდი ასე, მაგრამ… მეგონა, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. იმ დღესვე დაამთავრა ანამ ყველაფერი. წავიდა და უკან აღარ მობრუნებულა. არც ტელეფონთან მოდიოდა და არც მხვდებოდა. როგორ არ ვეცადე, დავლაპარაკებოდი, სადმე შევხვედროდი, მაგრამ ახლოს არ გამიკარა. ჩემი შვილის ბედი უფრო მაწუხებდა. ნამდვილად არ მინდოდა, ის სხვის ოჯახში, სხვა მამის ხელში გაზრდილიყო. სხვა გამოსავალი არ მრჩებოდა. დავიბარე მიშა და ყველაფერი მოვუყევი. გაფითრდა კაცი, ეს რა მიქენი, რა დღეში ჩამაგდეო. არადა, მეც მისი მეგობარი ვიყავი და ვაჟაც. როგორია?! ორ ცეცხს შუა აღმოჩნდა. ვთხოვე, მიშუამდგომლე, მიდი ანასთან და ყველაფერი აუხსენი-მეთქი. უკვე თანახმა ვიყავი, თავის შვილიანად მიმეღო, ისე ვიყავი გადარეული. მიხეილმა არ ქნა, ამას ვერ გავაკეთებ, ოღონდ ეს საქმე არ დამავალო და რასაც გინდა, იმას შეგისრულებო. ბოლო იმედიც მომესპო. შეხვედრა მაინც მომიხერხე-მეთქი, ლამის მუხლებზე დავუჩოქე. ვერც ამაზე დავითანხმე. ასე ადვილად არ ვაპირებდი პოზიციის დათმობას. დღეში ათჯერ ვრეკავდი, ხან მე, ხანაც სხვას ვარეკინებდი. ბოლოს ჩემს დას ვთხოვე, როგორმე შეხვდი და დაელაპარაკე-მეთქი. სახლთან დაუდარაჯდა და შეხვდა. აუხსნა, ვინც იყო და რისთვისაც მივიდა. მწარედ გაიცინა თურმე, მე ბავშვს უკვე აღარ ველოდები, აბორტი გავიკეთეო, გამოუცხადა. ამან მთლად გამაცოფა. არ დავიჯერე, მეგონა, მატყუებდა. ახლა მე დავუხვდი სახლთან. მუცელი აღარ ეტყობოდა. მართალი უთქვამს, ხელოვნური მშობიარობა ჩაუტარეს თურმე, მოუცილებია ჩემი შვილი. ისე გავმწარდი, ხელი გავარტყი, უშვერი სიტყვებით ვაგინე, მთელი სადარბაზო შევყარე… ერთი სიტყვით, ძალიან ცუდი ამბები დავატრიალე. მერე მის ქმარს დავურეკე და ვუთხარი, მე და შენს ცოლს ერთმანეთი გვიყვარს და თუ კაცი ხარ, გაშორდი და დამითმე ის ქალი-მეთქი… ახლაც არ ვიცი, რატომ ჩავიდინე ეს. ხომ ვიცოდი, თუნდაც გამოეგდო ვაჟას, მე უკვე აღარ დამიბრუნდებოდა. ალბათ შურისძიება მამოძრავებდა, სამაგიეროს გადახდის სურვილი… მართლაც მიატოვა ქმარმა. დარჩა მარტო ბავშვთან ერთად… მაინც არ მოვეშვი. ვერა… ვერ მოვაბრუნე ჩემკენ. ერთხელ რომ თქვა უარი, აღარ გადაიფიქრა, არ წაიღო თავისი სიტყვა უკან. ის ერთი წინადადება არ მაპატია. გვიან, ძალიან გვიან მივხვდი, რა შეცდომაც დავუშვი. მისი შვილით ვაჭრობა არ უნდა დამეწყო. უნდა მივმხვდარიყავი, რომ შვილზე წინ არ დამაყენებდა. მაშინ ვერ გავაანალიზე ეს, ჭკუა არ მეყო. ჰოდა, ჩემი უგუნურებით დავკარგე კიდეც სამუდამოდ. იმ დღიდან სასტიკი სასჯელი გამოვუტანე ჩემს თავს. ქალს არ გავკარებივარ სიახლოვეს, არც ერთი - არც ლამაზი და არც მახინჯი - თვალში არ მომდიოდა, მთელი საქალეთი შევიძულე. პირობა დავდე, უცოლოდ მოვკვდები-მეთქი და შევასრულე კიდეც. მას შემდეგ, აგერ, თითქმის ოცდათექვსმეტი წელი გავიდა და ვერ ვივიწყებ. დღესაც ისევე მიყვარს, როგორც მაშინ, ერთი წამითაც არ გამნელებია გრძნობა. დღესაც ისეთივე მოუთმენლობით ველი, როგორც მაშინ, ნაქირავებში რომ ბოლთას ვცემდი მის მოლოდინში. ასე მგონია, აი ახლა გაიღება კარი და შემოვა-მეთქი. დარწმუნებული ვარ, არ დავვიწყებივარ, ახლაც ვუყვარვარ. ვიცი, რომ ასეა, ვიცი… იმიტომ, რომ ორივე ერთნაირად ვიყავით გრძნობებით მთვრალი, ერთნაირად გვიყვარდა, ერთნაირად განვიცდიდით, ერთნაირად გვაწუხებდა ერთმანეთის ტკივილი თუ სიხარული… იმიტომ, რომ ჩვენ ერთნი ვიყავით _ ორი ერთმანეთის შემავსებელი ადამიანი, უფრო ერთნაირი, ვიდრე ტყუპისცალები… ჩვენ გულით ვხედავდით ერთმანეთს და ვხედავდით იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი თვალებით ვერ დაინახავს. ასე იყო ეს. მე ყველაზე კარგი შემთხვევა გავუშვი ხელიდან და მხოლოდ იმიტომ, რომ შიში მქონდა, შიში, მშობლების რისხვა არ დამემსახურებინა, პრესტიჟი არ შემლახოდა სამსახურში, კოლეგებთან, საზოგადოებაში… არადა, ძალიან გვიან მივხვდი, რომ შემთხვევა არასდროს არ უნდა გაუშვა ხელიდან, ის ხომ ყოველდღე არ მოგეცემა. ეს დაიმახსოვრე, შვილო, შენ ახლა იწყებ ცხოვრებას, ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. მაგრად უნდა ჩაეჭიდო იმას, რაც შენია, რაც ცხოვრებამ გაჩუქა, რაც გამოგიგზავნა განგებამ. რის ფასადაც უნდა დაგიჯდეს იგი, უნდა შეინარჩუნო და არ დათმო არასდიდებით. იდეალური სიყვარული შეიძლება მთელი ცხოვრება ეძებო და ვერ იპოვო, რადგან თვითონ სიყვარული არ არის სრულყოფილი. ამიტომ ნუ დაიწყებ იდეალური ურთიერთობის ძებნას, დაკმაყოფილდი იმით, რაც არის, რაც სტიმულს გაძლევს, ძალას გმატებს. ცოტა დათმე, მაგრამ ბევრი მოითხოვე _ ეს საუკეთესო პრინციპია. ასე რომ მოვქცეულიყავი, დღეს ჩვენ ერთად ვიქნებოდით. არ ვიცი, ეს უკეთესი იქნებოდა თუ უარესი, მაგრამ სინანულის გრძნობა მაინც არ შემიპყრობდა. თუმცა ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო. მე ცოტა სხვანაირი კაცი ვარ. არის ისეთი რამ, რასაც ქალს არ ვაპატიებ. ღალატიც კი შეიძლება ვაპატიო, მაგრამ… იცი, რას ვერ ვპატიობ ანას? სიმამაცეს. სწორედ თავისი სიმამაცით მაჯობა. ასაკში რომ შედის ადამიანი, მერე უფრო ხვდება თავის შეცდომებს, რა გზა როგორ გაიარა. სიყვარული კარტის თამაშს ჰგავს. ქალი დამაა, ხოლო მამაკაცი, რომლის გულიც ქალმა უნდა მოიგოს, კაროლი უნდა იყოს და არა ვალეტი. დამა ვალეტს ყოველთვის უგულვებელყოფს. დამის წაყვანა მხოლოდ კაროლს შეუძლია. მე კი აშკარად ვალეტის როლი ვითამაშე, ამიტომაც დავრჩი წაგებული.
- ბიძინა ძია, მას მერე არასდროს შეგხვედრიათ?
- არასდროს… არც უცდია.
- თქვენ? არც თქვენ გიცდიათ?
- სხვათა შორის, არა. გავიდა დრო და მეც ჩავიქნიე ხელი, რადგან ვიცოდი, ვერ დავიბრუნებდი, ვერასდროს - ვერანაირი თხოვნით და ვერანაირი ძალით. ის განსხვავებული ქალია თავისი ყველაფრით. ის არავის ჰგავს.
- არც არაფერი გსმენიათ მასზე? - ისე ვკითხე, ვითომ არ ვიცოდი, ვისზე იყო ლაპარაკი.
- როგორ არა, მსმენია. ქმარს არ შერიგებია, ვიცი, არც გათხოვილა. თავის ვაჟთან ერთად ცხოვრობს და არის…. ისე, შენ უნდა… - დაიწყო და აღარ გააგრძელა ბიძინამ, ალბათ უნდოდა ეთქვა, შენ უნდა იცნობდე მის შვილსო.
მეც აღარ ჩავეძიე. არც მსურდა, დაეკონკრეტებინა. ასე ჯობდა, თუმცა კი თავზარდაცემული ვიყავი გაგონილით.
კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ. მერე ჩემი ამბები გამომკითხა, გათხოვებას არ აპირებო, მკითხა. ჯერ არა-მეთქი, თავი გავაქნიე. ქორწილი არ გამომაპაროო, გამეხუმრა. ჟრუანტელმა დამიარა, ეს რომ მითხრა. როგორია, ბექას რომ გავყვე ცოლად და იქ დედამისს შეხვდეს… საინტერესოა, რა რეაქცია ექნება? როგორც ჩანს, იცის, ბექა რომ მიხეილთან მუშაობს. ეცოდინება, აბა რა. ჩვენი ურთიერთობის შესახებაც ხომ არ იცის შემთხვევით? ხომ არ ეტყოდა მთავარი ექიმი? არა მგონია, მაშინ არ მომიყვებოდა თავის ისტორიას.
შინისკენ მიმავალი მხოლოდ ბიძინაზე ვფიქრობდი. რაღაც მომენტში ისე მომინდა ქალბატონი ანიკოს ნახვა, ისე მომინდა, მისთვის მომეყოლა ეს ყველაფერი, რომ ლამის ბექას სახლისკენ გადავუხვიე, მაგრამ გადავიფიქრე. უკვე გვიან იყო და არ ღირდა მისი შეწუხება. მით უმეტეს მაშინ, როცა ბექა სიახლოვესაც არ მიკარებს. რომ დამინახავს, შეიძლება კარიც კი მომიხუროს. გამორიცხული არაფერია.
გაგრძელება იქნება