პირველი, რაც შინ დაბრუნებულმა გავაკეთე, ბექას სახლში დარეკვა იყო. ქალაქის ტელეფონით ასი წელი ვერ მიხვდებოდა, ვინ რეკავდა.
- გისმენთ, - მისი ხმა გავიგონე თუ არა, გული შემეკუმშა, მაჯისცემა ამიჩქარდა.
- ალო, გისმენთ, ამოიღე ხმა, რომელი ხარ! - გაბრაზებულმა დამიკიდა ყურმილი.
ისევ დავრეკე, რომ ჩემზე არ მიეტანა ეჭვი. ერთხელ მითხრა, ვიღაც ქალები მირეკავენ და ხმას არ იღებენ ტელეფონშიო. ამწუთას მეც იმ ვიღაც ქალების როლი გავითამაშე. რამდენჯერმე გამითიშა, მეც ხელმეორედ დავრეკე. იქამდე არ მოვისვენე, სანამ მკვდარი და ცოცხალი არ შემაგინა. მხოლოდ ამის მერე გავჩერდი. ცოტა ხანში აქეთ დარეკა ვიღაცამ. კარგა ხანს არ ვიღებდი ყურმილს, ბექა არ იყოს-მეთქი. ზარი არ ჩერდებოდა. ბოლოს ვუპასუხე.
- სოფიო, შენ ხარ? - გაისმა ქალის ხმა, ნიტა იყო.
- ჰო, ნიტა, მე ვარ, როგორ ხარ?
- როგორ ვიქნები, ისევ ისე. შენკენ არაფერია ახალი?
- არა, რა უნდა იყოს.
- ხომ არ გამოჩენილა?
- არა, რა სისულელეა, ხომ გითხარი, ჩემთან აღარ მოვა-მეთქი.
- რა საინტერესოა, სად არის, ვისთან ათევს ღამეს. მობილურის ნომერი გამოუცვლია, რომ აღარ დავურეკო. დღეს სამსახურში მივაკითხე და ლამის გამომაგდო იქიდან, აქ მოსული არ დაგინახოო, ახლოსაც არ გამიკარა.
- ჰო. ვერაფერს გეტყვი, მე დღეს შორიდან მოვკარი თვალი მხოლოდ, არ დავლაპარაკებივარ. რა დროს იყავი, მე რატომ ვერ გნახე?
- მაღლა არ ამოვსულვარ, ქვემოთ ჩამოვიყვანე. ამაღამ მორიგეა, ნეტავ თუა სამსახურში?
- არ ვიცი, ვერ გეტყვი.
- ხვალ თუ ნახავ, იქნებ დაელაპარაკო, სოფიო?
- არა მგონია, ნიტა, მე ხვალიდან აღარ ვივლი სამსახურში.
- რატომ? ხომ არ წამოხვედი?
- ჯერ არა, მაგრამ შეიძლება წამოვიდე. დროებით დავეთხოვე მთავარ ექიმს.
- სანდროს გამო?
- მარტო მის გამო არა, სხვა მიზეზიც მქონდა.
- ჩვენ გამო ნუ იზამ მაგას, გთხოვ. მე ყველაფერი მესმის, მთლად შტერიც არა ვარ. ვიცი, რომ შენ არაფერ შუაში ხარ, არ გადანაშაულებ არაფერში. ამიტომ ნუ გაიფუჭებ საქმეს.
- დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ მე სხვა პრობლემებიც მაქვს. შეიძლება სულაც მოსკოვში წავიდე, მამასთან.
- მართლა? ხომ მშვიდობაა, ხომ კარგად არიან?
- კი, კარგად არიან, უბრალოდ, ძალიან მომენატრნენ ყველანი, ახალი წლის მერე არ მინახავს. შეიძლება ცოტა ხნით გავემგზავრო. ნერვებსაც დავიმშვიდებ. იქამდე აქაც მოგვარდება სიტუაცია.
- ვნახოთ, რა იქნება. სიმართლე გითხრა, უკვე აღარაფრის იმედი არ მაქვს და არც მაინტერესებს. რაც უნდა, ის უქნია. ბავშვები მეცოდება, თორემ ჯანდაბამდის გზა ჰქონია, ვისაც უნდა, იმას შეეკედლოს.
- მე, ყოველ შემთხვევაში, არა. მაგას ჩემთან არ მოესვლება და ეს ძალიან კარგად იცის.
- ვიცი, მჯერა შენი. ბექა როგორ არის? როგორ ეგუება შენს გადაწყვეტილებას, ასე ადვილად გიმეტებს სამსახურიდან წამოსასვლელად?
- ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია, ამიტომ მისთვის არც არაფერი მითქვამს. მხოლოდ მიხეილს ველაპარაკე.
- ის «სტერვა» დადის სამსახურში?
- კი, როგორ არა.
- ისე ვარ გაგიჟებული, შეიძლება თმით ვითრიო, სადმე რომ შემხვდეს. ჯერ არ შემომხმიანებია, მაგრამ თუ კიდევ გაბედა და მოვიდა ან დამირეკა, ვიფრენ, ისეთ ხასიათზე ვარ. შეიძლება სულაც მაგასთან დაეთრევა ის დეგენერატი, რა ვიცი.
- არა მგონია. რაც მე გითხარი, დიდი ხნის ამბავია, ასე რომ…
- ჰო მაგრამ, მაგნაირი ქალების ამბავი ხომ იცი. რომ გაიგებს, ცოლს გაეყარა და სახლიდან წამოვიდაო, შეიძლება შეეცადოს ძველი ურთიერთობის აღდგენას.
- მეეჭვება, მგონი, ახლა ვიღაც სხვა ჰყავს, - ყრუდ ვთქვი და ვიგრძენი, როგორ მომეწურა გული.
- ისე, გუშინ საღამოს რუსთაველზე დავლანდე. ავტობუსიდან დავინახე, მგონი, ის უნდა ყოფილიყო.
- მარტო იყო? - სუნთქვა შემეკრა.
- არ იყო მარტო… ვიღაც ახლდა თან, - ისეთი ტონით თქვა, მივხვდი, ვისთანაც იქნებოდა.
- ბექასთან ერთად იყო? - «წავეხმარე» ნიტას.
- …
- რა იყო, რას მიმალავ, ასე იყო? - გავუმეორე შეკითხვა.
- კარგად ვერ დავინახე, მაგრამ მგონი, ბექა უნდა ყოფილიყო.
- ფეხით იყვნენ?
- ალექსანდრეს ბაღიდან გამოდიოდნენ და რა ვიცი, შეიძლება სადმე ეყენათ მანქანა. რა ხდება, სოფიო?
- არ ვიცი, ნიტა, - ამოვიოხრე, - ჯერ თავადაც ვერ გავრკვეულვარ, რა ხდება. აბა, რა გითხრა, - თვალებზე ცრემლი მომადგა.
- მაგარი თახსირი ქალია. დარწმუნებული ვარ, შენს ჯინაზე აკეთებს ყველაფერს. ვერ გამიგია, რატომ ითმენ ამდენს? რატომ არ მოსვამ თავის ადგილზე?
- ძალიან გთხოვ, არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
- კარგი, კარგი, ნერვებს არ მოგიშლი. მაპატიე, რომ შეგაწუხე. შეიძლება სხვა დროს კიდევ დაგირეკო? შენთან საუბარი მამშვიდებს.
- როცა გინდა, მაშინ დამირეკე, რა პრობლემაა. თუ გინდა, გამოდი, მე სულ სახლში ვარ, ეს ათი დღე მაინც.
- კარგი, ჩემო კარგო, ნახვამდის, შეგეხმიანები ხანდახან.
ყურმილი რომ დავკიდე. უკვე ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები. ვტიროდი საკუთარ თავს, ჩემს დანგრეულ ცხოვრებას, უღიმღამო აწმყოს და გაურკვეველ მომავალს. ჩემმა ერთმა საბედისწერო შეცდომამ ყველაფერი გამინადგურა. ხვალინდელი დღის იმედი აღარ შემრჩა საერთოდ.
8 8 8
მთელ დღეებს შინ ვატარებდი, არსად გავსულვარ. ორი დღე ისე გავიდა, არავინ შემომხმიანებია. მესამე დღეს გიზელამ დამირეკა, ახალი ამბები გავიგე და შენთან გამოსვლა მინდაო. არ მესიამოვნა, ნანკაზე ხომ არ მელაპარაკება-მეთქი, მაგრამ არ ვკითხე. საღამოს გამოდი, შინ ვიქნები-მეთქი, დავპატიჟე. სამსახურის მერე გამოგივლით მე და ნათიაო.
საგანგებოდ მოვემზადე. მარკეტში ჩავედი, ნამცხვრები ვიყიდე, მერე ბაზარში გავვარდი მანქანით, პროდუქტები შევიძინე და სადილიც მოვამზადე, ლამაზად მინდოდა დავხვედროდი თანამშრომლებს. თან ერთი სული მქონდა, როდის მოსაღამოვდებოდა, რომ დროზე მოსულიყვნენ და გამეგო, რა ხდებოდა. ნეტავ ბექამ თუ მიკითხა? ნუთუ არ დაინტერესდა, რატომ არ დავდივარ სამსახურში? მიხეილმა რა თქვა, რატომ წავიდაო? ერთი სული მქონდა, როდის შევიტყობდი ამ ყველაფერს. ამასთან, მოსვენება დავკარგე, ისე მინდოდა ქალბატონი ანიკოს ნახვა. ვერ მოვითმენდი, სანამ მას ბიძინას შესახებ არ მოვუყვებოდი. არ ვიცი, რატომ მინდოდა ასე ძალიან ამის გაკეთება, რა ქვენა გრძნობა მამომძრავებდა. სიბოროტით რომ არ მომდიოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი. შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ ბექასთან შეხვედრის შანსი მომცემოდა? ბიძინა რა შუაში იყო? ან რას მოვიგებდი იმით, თუ ანიკოს მის შესახებ მოვუყვებოდი? არ ვიცი.
შვიდი საათი ხდებოდა, ნათია და გიზელა რომ მოვიდნენ.
* * *
სუფრა ლამაზი გამომივიდა. გოგოებმა მინდვრის ყვავილების ლამაზი თაიგული, ერთი ბოთლი კონიაკი და შოკოლადის ასორტი მომიტანეს. ძალიან გამიხარდა მათი სტუმრობა.
- სოფიო, მართალია, რაც გავიგეთ? - გადამკოცნა გიზელამ და დაკვირვებით შემომხედა.
- რა გაიგე? - დავინტერესდი, ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა.
- სამსახურიდან წავიდაო…
- ვინ გითხრათ? - ცოტა არ იყოს, გამიკვირდა.
- მიხეილმა გამოგვიცხადა თათბირზე, ჩვენი ანესთეზიოლოგი გვტოვებს და მოგვიწევს ალბათ ახლის მიღებაო, - დაამატა ნათიამ.
- ჰო, დაახლოებით ასეა, - გამეღიმა მთავარი ექიმის ეშმაკურ ნათქვამზე, - თუმცა ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია.
- რატომ, კი მაგრამ, რატომ მიდიხარ, სხვაგან გადადიხარ სადმე? ჩვენ არ გვეკითხები? - გიზელამ ხელები დაიბანა და გაშლილ სუფრას მიუჯდა, - რა გემრიელი რამეები მოუმზადებია ამ გოგოს. აფსუს, რა დროს ვარ დიეტაზე? ვაშლის მეტი არაფერი მეჭმევა. ჯანდაბას, რაც იქნება, იქნება, დღეს დავარღვევ და მერე ავანაზღაურებ, რა ვქნა.
- ჩვენ არსადაც არ გაგიშვებთ, გენაცვალე, - ნათიამაც აუბა მხარი, - მოსვლა შენი ნება იყო, წასვლა - ჩვენი. ისე შეგეჩვიეთ სუყველა, უშენოდ გაგვიჭირდება, გაიგე-ე-ე? - კახურად მოუქცია ბოლოში.
- რა ვიცი, რა ვიცი, ვნახოთ, რა იქნება, - გვერდით მივუჯექი ორივეს და ჭიქები სასმლით შევავსე, - აბა, ჩვენ გაგვიმარჯოს.
სასმელმა სხეული გამითბო. მესიამოვნა.
- უნდა გენახა, ბექას რა სახე ჰქონდა, მიშამ რომ ეს თქვა, მოკვდა ბიჭი, - გაიცინა გიზელამ.
- აბა, აბა, თავი ჩაქინდრა და მთელი ნახევარი საათი ზემოთ არ აუხედავს. ნანკამ წაიტრიპაჩა, მე მოვიყვან ახალ ანესთეზიოლოგსო, მაგრამ ისეთი იფრინა მიშამ, თავბედი აწყევლინა.
- რა უთხრა ასეთი? - გული გამალებით მიცემდა.
- კადრების საქმეს ჯერჯერობით მე ვწყვეტ აქ, შენი დახმარება არ მჭირდებაო. იმდენი გაქო, ცამდე აგიყვანა - ასეთი და ასეთი სპეციალისტი, წესიერი, განათლებული, ზრდილობიანი, ლამაზი, კოლეგიალურიო და რა ვიცი… მე იცი, რა ვერ გავიგე? სანდროს მოქცევა გამიკვირდა, ხედავდი, როგორ იცინოდა? - თქვა ნათიამ.
- ჰოდა, რომ იცინოდა, იმიტომაც მიიღო საკადრისი პასუხი, - ნიშნისმოგებით დააყოლა გიზელამ.
- არ მეტყვით, რა მოხდა? - ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო.
- მიხეილი შენ რომ გახასიათებდა, სანდრომ რაღაცნაირად უშნოდ ჩაიღიმა თუ გაიცინა… რა გაცინებსო, მიშა ეკითხება, რამე სასაცილოს ვამბობ თუ ხდება რამე სამხიარულოო. სანდრო შეცბა. არაო, უთხრა, რაღაც გამახსენდა და იმაზე გამეცინაო. თათბირი იმისთვისაა, მე მისმინოთ და არა სხვა რამეზე იფიქროთო, უხეშად მიმართა მიშამ.
- ვა, მაგარი ამბები ყოფილა, - კმაყოფილება დამეუფლა, როცა მათი ნაამბობი მოვისმინე, - როგორც ჩანს, ხალხი შოკში ჩავაგდე.
- ეგრეა, ეგრე. სანდროს ბექას გამო გაეცინა, მიხვდა, რომ ანერვიულდა.
- და ბექასგან რა უნდა? - ნათია გაკვირვებული დარჩა.
- რა უნდა და ის, რომ ბექა ბოლო ხანებში ნანკას არ იშორებს გვერდიდან. ნანკა კი, ხომ იცი, რამდენ ხანს იყო მაგის საყვარელი. შურისძიების მომენტისმაგვარია, რა.
- ჰო-ო, ახლა მივხვდი, - თქვა ნათიამ და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
- და შენც ამის გამო გადაწყვიტე სამსახურის მიტოვება, არა? რა სულელი ხარ. სიყვარული ჩხუბის გარეშე ვის გაუგია. გავა დრო და ბექაც შეგირიგდება, ყველაფერზე კი არ უნდა ავარდე, - გიზელამ შემომიტია, - არ იცი, როგორ უყვარხარ, აბოდებს შენზე.
- არ დაიჯერო, ეგ ტყუილი ზღაპარია, - სიმწრით ჩავიცინე და ისევ ჩამოვასხი კონიაკი, - ქალებს გაგვიმარჯოს, სიხარული არ მოგვშლოდეს, - ვთქვი და ორივეს მივუჭახუნე.
- და სიყვარული, - დააყოლა ნათიამ.
- ბედნიერებაც, - დაამთავრა გიზელამ.
სამივემ ბოლომდე დავცალეთ ჭიქები.
- როგორ გვწყურებია-ა-ა?! - გაიცინა გიზელამ.
- კარგი კონიაკია, სად იშოვე? - ბოთლი ავიღე და სასმელს გავხედე.
- გოგამ მომიტანა კონიაკის ქარხნიდან, ძმაკაცმა უფეშქაშა, ძველი ჩამოსხმაა, დაკუპაჟებული. ოცი წლის ნადგომია.
- მაგარია, - ნათიამ ვაშლი ჩაკბიჩა, - საერთოდ არ მიყვარს დალევა, მაგრამ ეს მესიამოვნა. აქვს შენს ქმარს გემოვნება.
- უკაცრავად! გემოვნება ისეთი აქვს, იცოცხლე! სხვას რომ ყველაფერს თავი დაანებო, ჩემნაირი ცოლი ჰყავს, გენაცვალე, - გაიპრანჭა გიზელა.
- ისე, მართლა, რა საოცარი იყო თქვენი გაცნობა. რომ მახსენდება, სიამოვნება მეუფლება ხოლმე. შენ იცი, სოფიო, როგორ დაქორწინდნენ ესენი? - ნათიამ შემომხედა.
- არა, არ ვიცი. სიმართლე გითხრა, გიზელას ქმარი თუ ჰყავდა, ისიც არ ვიცოდი.
- ბევრი არაფერი დაგკლებია. ის ხომ საზოგადოებაში გამოსაჩენი არ არის, - გადაიკისკისა გიზელამ, - მაგნაირი მახინჯი მამაკაცი მეორე არ დადის დედამიწის ზურგზე.
- სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი ქმარია, ვგიჟდები, ისე მიყვარს, ბრწყინვალე ადამიანია ჩვენი სიძე.
- კი, ასეა, მაგას ვერ დაუკარგავ. ამიტომაც მიყვარს. თხუთმეტი წელია ერთად ვართ და ერთი ზედმეტი სიტყვა არ მახსოვს მისგან.
- მოყევი რა, როგორ გაიცანი, გეხვეწები, - დაიღრიჯა ნათია.
- მოიცა, ერთი, სოფიოს რაში აინტერესებს ჩემი ისტორია.
- როგორ არ მაინტერესებს, მოყევი, სიამოვნებით მოგისმენ, - მეც ვთხოვე.
- ისე, კარგი მაგალითია, რომ იცოდე. ცხოვრება ისეთი მოულოდნელობებით არის სავსე, რომ ვერასდროს განსაზღვრავ წინასწარ, რას გიმზადებს ბედი.
- მიდი, მიდი, სოფიოც გულს გადააყოლებს, თორემ ბექაზე ფიქრმა დატანჯა გოგო, ვერ ხედავ, რას დაემსგავსა?
- კარგი, გეტყვით, - გიზელამ წვენი მოსვა, პომადიანი ტუჩების ირგვლივ თითები ფრთხილად მოისვა და დაიწყო.
- ერთი ნახვით შეყვარების არასდროს მჯეროდა. ძალიან რაციონალური პიროვნება ვარ, შემთხვევითობების არ მწამს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდა, რამაც სრულიად შემიცვალა წარმოდგენა ჩემს შეხედულებებზე. მაშინ ინსტიტუტი კარგა ხნის დამთავრებული მქონდა, მაგრამ არ ვმუშაობდი. ერთი დაქალი მყავდა, ლელა. დამირეკა, ჩემი საქმრო აგარაკზე გვეპატიჟება და წავიდეთო, თან ჩემი შეყვარებულიც დაპატიჟა, კობა. ლელას საქმრო ვიღაც ოლიგარქის შვილი იყო, თავზე გადასდიოდათ ქონება. საღამო ხანს მოსრიალდა ეს ბიჭი «ლექსუსით», ჩაგვსხა მანქანაში და დუშეთისკენ ავიღეთ გეზი. ლელას მისი მშობლები უნდა გაეცნო. სასტიკად არ მომეწონა სასიძო, დათო ერქვა. ისეთი გაბღენძილი ტიპი ჩანდა, მივხვდი, მასთან საერთო ენას ვერასდროს გამოვნახავდი. კატეგორიულად ვერ ვიტან ასეთ ნაგლ სნობებს. მთელი გზა ტრაბახობდა, მამაჩემმა ეს გააკეთა, ის გააკეთა, ამდენი ფული იშოვა, ამასთან მეგობრობს, იმას იცნობსო და ა.შ. ვერ მოვითმინე და ვკითხე, შენ რას აკეთებ, ის მოგვიყევი, მამაშენი რაში გვაინტერესებს-მეთქი. კობამ მუჯლუგუნი გამკრა, ასე უხეშად ნუ ეპყრობი ადამიანსო. თვითონ კი დაუძმაკაცდა უცებ. ეხერხებოდა ეგეთი რამეები, რახან ფულიანი იყო, აწყობდა მასთან მეგობრობა. დათოს არ ესიამოვნა ჩემი შენიშვნა, ერთი მტრულად გამომხედა და პირში წყალი ჩაიგუბა. ლელა გამოპრანჭული იყო. მე ჩვეულებრივად, სპორტულად მეცვა, ჯინსის შარვალი, მაისური და ბოტასი. არც ვიცოდი, რისი ჩაცმა უფრო იყო მიღებული ოლიგარქთან ქალაქგარეთ, აგარაკზე სტუმრობისას, მაგრამ ფეხებზე მეკიდა, რაშიც უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს, ის ჩავიცვი. სულაც არ ვაპირებდი ვიღაცასთან თავის მოწონებას. ბოლოს და ბოლოს, სვეტური საღამო ხომ არ იყო. კიდევ კარგი, ასე ჩავიცვი, არ იცით, როგორ გამომადგა ბოლოს.
კარგა ხნის მგზავრობის შემდეგ მანქანამ ვიწრო, უასფალტო გზაზე გადაუხვია, ოღრო-ჩოღროებზე გვიწევდა სიარული. მე და კობა ვხტუნავდით უკანა სავარძელზე, თანაც ძალიან ჩქარა მიდიოდა, «პაკაზუხობდა» თავის ჭკუაში. უკვე ღამდებოდა. კიდევ ერთი მოსახვევი და… საშინელი ჭახანის ხმა გაისმა. აშკარა იყო, რაღაცას დაეჯახა. დათომ მკვეთრად დაამუხრუჭა. შიშისგან შევკივლე. გადმოვცვივდით მანქანიდან. საქმრომ ფარები ანთებული დატოვა და მანქანას წინიდან მოუარა.
- რა არის? - ძრწოლვით იკითხა ლელამ, ალბათ შეეშინდა, კაცი ხომ არ გაიტანაო.
ამასობაში მეც მივედი. იმან, რაც იქ ვნახე, შოკში ჩამაგდო. პატარა, თეთრი ციკანი ეგდო მანქანის ბორბლებქვეშ და მძიმედ სუნთქავდა, ქარვასავით ყვითელი თვალებით საცოდავად გვიყურებდა, თითქოს შველას გვთხოვდა.
- ჯობია, ყელი გამოვჭრათ, თორემ მოკვდება, - თქვა დათომ, - მწვადებს მაინც შევწვავთ.
- არა, არა, სისხლს შეამჩნევენ, ემანდ ვინმე არ წამოგვადგეს. ასევე წავიყვანოთ და ადგილზე დავკლათ, - გამოთქვა აზრი კობამ.
ისეთი განმგმირავი მზერა ვესროლე, ადგილზე გავანადგურე.
- გაგიჟდით? რას ჰქვია, ყელი გამოჭრათ. ცოცხალია, ვერ ხედავთ? ასე როგორ შეიძლება? - ვიყვირე სიმწრით.
- სულერთია, ხვალამდე მაინც ვერ გაატანს, ფეხი აქვს მოტეხილი, - დაასკვნა გაბღენძილმა სასიძომ, - ისედაც, ტურები შეჭამენ, აქ რომ დავტოვოთ. სამაგიეროდ, კარგი მწვადი აშიშხინდება.
ნერვულმა კანკალმა ამიტანა. ამისთანა უგულოები როგორ არიან ეს კაცები? ციკანს მივუახლოვდი და თავზე ხელი გადავუსვი. როგორ შემეცოდა, არ იცით. რა უნდოდა საწყალს ამ გზაზე? ალბათ პატრონს გამოექცა და გზა აებნა.
- მე რა ვქნა, ჩემი ბრალია? პირდაპირ ბორბლებქვეშ შემომიხტა, თავის თავს დააბრალოს, - თავი იმართლა დათომ, - გავიყოლოთ, გავიყოლოთ, წითელი ღვინო მოვასხათ და ისე დავბრაწოთ. გიზელა, შენ გაგისინჯავს ასე მომზადებული მწვადი? - როხროხით მომიტრიალდა სასიძო.
ხმა არ გავეცი. ლელას პატივსცემით, თორემ, ვიცოდი, რაც უნდა მეთქვა. ერთს გემრიელად გამოვლანძღავდი, მაგრამ მაქსიმალურად შევიკავე თავი.
- მოდი, დროზე ჩავაგდოთ საბარგულში, სანამ პატრონი თავს დაგვდგომია, - საქმიანი დაიჭირა კობამ, - დათო, ჯერ მანქანა გადავაყენოთ, რომ ხელი არ შეგვიშალოს. ლელა, შენ ჩაჯექი და დაქოქე.
კაცები «ლექსუსს» დაეჯაჯგურნენ, ლელა საჭეს მიუჯდა. ამით დრო ვიხელთე, ციკანი ხელში ავიყვანე, მკერდზე მივიკარი და ნელ-ნელა გავერიდე იქაურობას. როცა თვალთახედვის არეს მოვწყდი, ტყისკენ მივტრიალდი და სირბილით შევერიე სიბნელეს.
კარგა ხანს მესმოდა მათი ძახილი, დაბრუნებას მთხოვდნენ, მე კი გავრბოდი და გავრბოდი. არ ვიცი, რამდენი მეტრი გავირბინე… დავიღალე და შევდექი, რომ შემესვენა, მერე კი ნელი ნაბიჯებით გავაგრძელე გზა. ირგვლივ უკუნი სიბნელე იყო, ჭრიჭინების ხმა არღვევდა მხოლოდ მყუდროებას. ჩემდა გასაკვირად, თავდაპირველად არ შემშინებია, წინ მივიწევდი, მაგრამ თავადაც არ ვიცოდი, სად მივდიოდი ან სად გამიყვანდა ტყე. ჩემთვის ადგილი სრულიად უცნობი იყო. ცოტა ხანში ძახილის ხმები მიწყდა. როგორც ჩანს, კარგა შორს ვიყავი წასული. იმწუთას არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ ციკანი მინდოდა გადამერჩინა, ეს სურვილიღა მამოძრავებდა. რა მომელის? ვაითუ, სისხლის სუნზე მართლა გამოცვივდნენ ტურები და ციკნიანად შემსანსლონ. ხომ ვიქნები ღირსი? შიგადაშიგ სმენას ვამახვილებდი, იქნებ საიდანმე მანქანის ან ადამიანის ხმა გამეგონა, იქნებ ახლომახლო გზა ყოფილიყო. თქვენც არ მომიკვდეთ, ჩამიჩუმი არ ისმოდა. ხელები დამეღალა. წიწვის სუნი მეცა, როგორც ჩანს, ნაძვნარი დაიწყო. ამან უფრო გამიადვილა სიარული, უფრო მეჩხერი ტყე იყო, ბალახიც დაბალი ხარობდა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიარე. მოულოდნელად წინ, შორს, სუსტი სინათლე დავლანდე. სიხარულისგან ცას ვეწიე. როგორც იქნა, რაღაც გამოჩნდა-მეთქი. უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და იქითკენ გავეშურე. რომ მივუახლოვდი, პატარა ქოხი დავინახე, საიდანაც შუქი გამოდიოდა. ნეტავ ვინ ააგო ამ ტყე-ღრეში ქოხი, ვის რაში სჭირდებოდა? ალბათ მონადირეები თუ არიან-მეთქი, გავიფიქრე. მოულოდნელად იქვე, ახლოს, ძაღლი აყეფდა. ყეფის ხმაზე ქოხის კარი გაიღო და პარმაღზე შავი სილუეტი გამოჩნდა ფანრით ხელში. მერე ბუნდოვნად მახსოვს, რა მოხდა. როგორც ჩანს, ადამიანი რომ შევნიშნე, იმედი მომეცა და მოვეშვი, ძალა გამომეცალა. იქვე ჩავიკეცე.
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, - ჩამესმა ყურში მამაკაცის ხმა.
მერე ვიღაცის ძლიერმა ხელმა ამიყვანა და გონიც დავკარგე.
თვალი რომ გავახილე, ქოხში ვიწექი. სანთლის შუქზე იქაურობა მოვათვალიერე. მასპინძელს რომ შევხედე, კინაღამ მეორედ დავკარგე გონი. ასე მეგონა, ყაჩაღების ბუნაგში მოვხვდი, წვერიანი, თმაგაბურძგნილი, ცალთვალახვეული მამაკაცი დამჩერებოდა ღიმილით. ზღვის მეკობრეს ჰგავდა, ქამარში გარჭობილი ხანჯალი აკლდა მხოლოდ. ჩემი პატარა თეთრი ციკანი კუთხეში მიყუჟულიყო.
- მანქანა დაეჯახა, - აკანკალებულმა ძლივს ამოვთქვი.
რამდენიმე წუთის განმავლობაში წვეროსანი ეჭვის თვალით მიყურებდა, მერე ხმაურიანად ამოიხვნეშა და მაგიდისკენ მიტრიალდა. მესმოდა, რაღაც სითხეს როგორ ასხამდა ჭიქაში, ბოლოს ისევ ჩემკენ მოტრიალდა და ყურიანი ფინჯანი მომაწოდა.
- დალიე, წითელი ღვინოა, ცოტას მოგამაგრებს, - თბილი ხმით მითხრა.
წითელი ღვინის ხსენებაზე უარესად ამაკანკალა. წარმოვიდგინე, როგორ ასხამდნენ გატყავებულ ციკანს ღვინოს, შამფურზე აცმის წინ. უსიტყვოდ ჩამოვართვი ფინჯანი უცნობს და დავლიე, თან ისე, წვეთი არ დამიტოვებია. ცოტა ხანში ოთახი ატრიალდა, მახსოვს, რაღაცას ვლაპარაკობდი, ვბოდავდი, ვყვიროდი მგონი… მერე გავითიშე.
გონს რომ მოვედი, უკვე გათენებული იყო, მზე აცხუნებდა.
- გიზელა, გაიღვიძე? - ღიმილით მომიახლოვდა ჩემი მასპინძელი.
გაოცებისგან პირი დავაღე. ჩემი სახელი საიდან იცის? როდის ვუთხარი? ვერაფრით გავიხსენე, რა მოხდა წუხელ, ერთი კადრიც კი ვერ აღვიდგინე მეხსიერებაში. ტანზე დავიხედე, რაღაც ცხოველის ტყავი მეფარა. მონადირე ყოფილა, გავივლე გუნებაში.
- ისევ გტკივა თავი? - კვლავ მკითხა მამაკაცმა.
ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ყველაფერი მტკიოდა, თავის გარდა.
- არა, - ჩავილუღლუღე და წამოდგომა დავაპირე.
- ჩაიდანი უკვე შემოვდგი, წყალი ადუღდება, ვისაუზმოთ და წაგიყვან, - თქვა ცალთვალამ.
- სად? - შიშისგან სისხლი გამეყინა ძარღვებში.
- როგორ თუ სად? შენ რა, არაფერი გახსოვს? - გაუკვირდა მამაკაცს და დაეჭვებით შემომხედა.
- არ მინდა ჭამა, ჯობია, დროზე წავიდეთ, - შეშინებული ხმით ვთქვი.
ახლა არ მომეჩვენა ისეთი საშინელი, როგორც წუხელ. არადა, პირველად რომ დავინახე, ტანში დამბურძგლა. მხრები ავიჩეჩე.
- გასაგებია, - ღიმილით ჩაილაპარაკა უცნობმა და თითი ქოხის სიღრმისკენ გაიშვირა, - ხელსაბანი იქაა, ხოლო საჭიროების სხვა ადგილები, უკაცრავად, მაგრამ გარეთ, ეზოში. მე აქ ველურივით ვცხოვრობ, კომფორტი არა მაქვს. წავალ, ბეკეკოს ბალახს მოვუტან, მოშივდებოდა უკვე, - თქვა და გავიდა.
როგორ მინდოდა სარკეში ჩამეხედა, მაგრამ ამ სიამოვნებას ვინ მაღირსებდა. ჩემი ჩანთა, თავისი კოსმეტიკური აღჭურვილობით და საბუთებით, დათოს მანქანაში დარჩა. მაინტერესებდა, როგორ გამოვიყურებოდი. ალბათ მეც ველურს დავემსგავსე. ლოყაზე წვას ვგრძნობდი, გამახსენდა, გზაში ეკალბარდს რომ გამოვედე, ღაწვიც მაშინ გამეკაწრა. თმაზე გადავისვი ხელი, ვარცხნილობა ხომ არ გამიფუჭდა-მეთქი. გამეცინა, რა დროს ვარცხნილობა იყო, შუაგულ ტყეში ვიმყოფებოდი ვიღაც «მეკობრესთან» ერთად. ქოხს თვალი მოვავლე. უცნაური იყო იქაურობა. ხის მაგიდა და ასეთივე ხისგან გამოჩორკნილი რამდენიმე ტაბურეტი, ფეჩი და ნაჭრის დასაკეცი საწოლი, «ლეჟანკას» რომ ვეძახით. თაროებზე სქელტანიანი წიგნები იყო შემოლაგებული, ერთზე ფრანგული წარწერაც კი დავინახე. ყველაზე საოცარი კი ნოუთბუკი იყო, მაგიდაზე რომ იდო. ეს სად ვარ, ვისთან მოვხვდი? მონადირეა თუ მეცნიერი? ნადირობს თუ კვლევებს აწარმოებს? მთლად დავიბენი. იქნებ მეტყევეა? თუ ასეა, ძალიან უცნაური მეტყევე ჩანს.
უცებ კუთხეში რაღაც შეირხა და ციკანი ბაკუნით გამოვიდა, თან კოჭლობდა. გამიხარდა მისი დანახვა. ჩემ დაძახებაზე ყურადღებაც არ მომაქცია და პირდაპირ კარს მიადგა, გარეთ უნდოდა გასვლა. სწორედ ამ დროს კარიც გაიღო და ცალთვალა გამოჩნდა. კარგად დავაკვირდი. საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო, ოცდაათი-ოცდაცამეტი წლის. ქერა, დაკუნთული.
- ახლავე მოგხედავ, - მონადირემ თუ მეტყევემ, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი, ციკანს გზა დაუთმო და თვითონაც უკან მიჰყვა.
რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანის დაქოქვის ხმა მომესმა. ჩემი მასპინძელი შემოვიდა, ნოუთბუკს ხელი დაავლო და ისევ გარეთ გავიდა. მეც გავედი. ეზოში შავი «ჯიპი» იდგა.
- წავედით, - თქვა უცნობმა და მანქანის კარი გამიღო.
ციკანი და ძაღლი უკანა სავარძელზე მოკალათებულიყვნენ ერთმანეთის გვერდით, კარგი მეგობრებივით.
- თქვენც დაკვლას უპირებთ? - მივუბრუნდი «მეკობრე მეტყევეს».
გაოცებულმა შემომხედა და სიცილი აუტყდა.
- ვხედავ, რომ მეორე ჭიქა არ უნდა დაგელია, - სიცილი არ შეუწყვეტია უცნობს, - ეს ციკანი ჩემია. ისეთი ოხერია, არ ვიცი, როგორ გამექცა. ხეტიალი უყვარს. იქაც გადამირია მეზობლები, სახლში. ხანდახან მომყავს აქ, ტყეში, როცა მე მოვდივარ. აქ სხვანაირი ბალახია, მადა ემატება. ნუ გეშინია, მის დაკვლას არ ვაპირებ. ერთმა ლოთმა მომყიდა. ალბათ სადმე მოიპარა. იმედია, ის მაინც გახსოვს, რომ გოგა მქვია, თუ ესეც არ გახსოვს?
ბუტია ბავშვივით გავჩუმდი.
- ნუ ხარ ასე მოღუშული. ნუ გეშინია, მართლა არ ვაპირებ მის დაკვლას, არც წითელი ღვინის მოსხმას, გასაგებია? - თავი გადააქნია.
თბილისში ჩამოვედით თუ არა, პირდაპირ ჩემი ბინისკენ აიღო გეზი. გაოცებული ვიყავი. როგორც ჩანს, წუხელ მისამართიც კი ვუთხარი. სადარბაზოსთან შეაჩერა. მივხვდი, უკვე დამშვიდობების დრო იყო. მადლობისმაგვარი რაღაც წავიჩურჩულე და «ჯიპიდან» გადმოვედი.
მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. ასე მეგონა, რაღაც მავიწყდებოდა მანქანაში, იმ უცნობი კაცისკენ მეწეოდა უჩინარი ძალა… ის იყო, კარს გასაღები მოვარგე და გადავატრიალე, რომ მკლავზე ვიღაცის შეხება ვიგრძენი. თავი მოვაბრუნე და გოგა დავინახე. მას სიტყვა არ უთქვამს, ისე შემომყვა სახლში… და არც არაფრის თქმა იყო საჭირო…
ბევრი რაღა გავაგრძელო და, იმ დღიდან ერთად ვცხოვრობთ. გოგა იურისტია, საკმაოდ გავლენიანი და ცნობილი. პარალელურად, თავისი ბიზნესი აქვს, მცირე, მაგრამ შემოსავლიანი. გამიმართლა. მერე რა, რომ ცალთვალაა, სამაგიეროდ უნიკალური ადამიანია, უაღრესად კარგი პიროვნება და არაჩვეულებრივი ქმარი. აი, ასე.
გიზელამ თხრობა დაამთავრა, მე თვალები ცრემლით ამვსებოდა.
- ციკანი? - ხმააკანკალებულმა ვიკითხე.
- ციკანი იმხელა თხა გაიზარდა, შენი მოწონებული, ამაყი და ამპარტავანი. იმდენ ხანს გვყავდა, სანამ არ დაბერდა.
- ხომ ლამაზი ისტორიაა? - მკითხა ნათიამ და თავი მხარზე დამადო.
- ძალიან, - დავეთანხმე, - კობა როგორ შეხვდა თქვენს ამბავს?
- უჰ, კობასთვის ვის ეცალა. არც დავინტერესებულვარ. ჩვენს ურთიერთობას არც ერქვა სიყვარული, სიმართლე გითხრა. გოგა სხვა იყო. არ ვიცი, რა მეტაკა ამისთანა. დილით, როგორც კი შევხედე, მივხვდი, რომ მის გარდა არავინ მინდოდა. მერე დამცინოდა, იმ ღამესვე რომ ჩამიგორდი ლოგინში და მეორე დღეს არაფერი გახსოვდა, როგორ იყოო.
- მართლა? - თვალები გამინათდა.
- არა, რას ამბობ, მსგავსი არაფერი ყოფილა, მაგრამ რადგან არ მახსოვდა, რაღაცებს მიგონებდა ხოლმე წლების განმავლობაში. მოდი, ახლა დავლიოთ, გაშრა ყელი.
ყველას გაგვეცინა. კიდევ დავლიეთ, ახლა უკვე სიყვარულის სადღეგრძელო.
- ასე რომ, ჩემო სოფიო, ყველაფერი შემთხვევაზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, ბექასაც ერთი ნახვით შეუყვარდი. ამიტომაც ასე ადვილად არ დაგთმობს. ალბათ უნდა, რომ ცოტათი გაგანერვიულოს. კაცები ასეთები არიან, დამიჯერე.
ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა. ნამდვილად არავის ველოდი, მაგრამ ვიცოდი, სანდრო რომ იქნებოდა. ასეთ დროს სხვა არავინ მოვიდოდა. უხერხულად გადავხედე გოგოებს და კარის გასაღებად გავედი.
არ შევმცდარვარ, ის იყო, ნასვამი, თვალებჩაწითლებული.
- რა თქმა უნდა, არ გაგიხარდა ჩემი ნახვა, არა? - მითხრა და ჩარჩოს მიეყრდნო.
- დაუპატიჟებელ სტუმრებს არ ვიღებ, - უკმეხად ვუთხარი.
- როგორ ხარ? - ბანზე ამიგდო სიტყვა.
- სტუმრები მყავს და არ ატეხო ახლა ერთი ამბავი, - შემეშინდა, კოცნა არ დამიპიროს-მეთქი.
- სტუმრები? აბა, ვინ არიან, ნახვა შეიძლება?
- ძალიან გთხოვ, წადი, აქ შენი ადგილი არ არის.
- ვნახავ, ვინ გყავს სახლში და წავალ, პირობას გაძლევ, ცუდად არ მოვიქცევი.
სანამ რამე ვეტყოდი, გვერდი ამიარა და სასტუმრო ოთახში შეაბიჯა. ნათიას და გიზელას დანახვაზე თვალები დააჭყიტა.
- კამპანიას გაუმარჯოს, - არ დაიბნა და ორივეს გადაეხვია, - რა ქარმა გადმოგაგდოთ აქეთ?
- ჩვენ კი არა, შენ რა ქარმა გადმოგაგდო, ის გვითხარი. რაშია საქმე, სახლში არ გიშვებენ? - ირონიით მიმართა გიზელამ.
- არ მიშვებენ, ხომ ხედავ… უკვე აღარავის ვჭირდები, - ხელი გაიქნია სანდრომ, - ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ვიფიქრე, ერთი ამ გოგოს გავუვლი და ვკითხავ, რატომ მიატოვა მუშაობა-მეთქი და თქვენც აქ დამხვდით. ალბათ, იგივე უნდა გეკითხათ, არა? რას სვამთ? საჩემო არის რამე?
- კონიაკი გვაქვს, დალევ? დაჯექი, - ნათიამ სკამი გამოსწია.
- დავლევ, აბა, რას ვიზამ.
გიზელას გვერდით დავჯექი და სანდროს მივაშტერდი. ნერვებს მიშლიდა ეს კაცი.
- ნიტას ველაპარაკე ამას წინათ, - დავიწყე, რომ გოგოებს რამის ეჭვი არ გასჩენოდათ.
- რაო, მერე? - სანდრომ დამცინავი იერი მიიღო.
- ძალიან გაფუჭდა ბოლო ხანებში, სმას მოუხშირაო.
- სოფიო, ნიტას საიდან იცნობ? - დაინტერესდა გიზელა.
- ჩემი ბავშვობის მეგობარია, ინსტიტუტშიც ერთად ვსწავლობდით, სანამ გათხოვდებოდა, - ნაძალადევად გავიღიმე.
- მართლა? არ ვიცოდი. რა კარგი გოგოა, მერე, გადასარევი… შე ოხერო, ამისთანა ცოლის პატრონი ასე გარე-გარე უნდა დარბოდე? - უსაყვედურა გიზელამ, - რას დასდევ სხვის ცოლებს, საკუთარს მიხედე.
- არავის ცოლებს არ დავდევ მე, - იწყინა სანდრომ.
- ცოლებს არა, მაგრამ სხვა ქალებს ხომ დასდევ, - არ დაუთმო კოლეგამ.
- დლია რაზნააბრაზია რა უჭირს, ხანდახან ესეც საჭიროა, - გაიცინა სანდრომ და ჭიქა ასწია, - თქვენ გაგიმარჯოთ, ქალებო, უთქვენოდ ჩვენ ვერ ვიარსებებდით. ჩვენი შთაგონების წყარო თქვენ ხართ.
- აბა რა, მამაკაცებს სხვა ალტერნატივა არა გაქვთ, - გაიცინა ნათიამ.
- აი, გიყურებთ ახლა და მსიამოვნებს, რა ლამაზები ხართ ყველანი. იცოცხლეთ, - თქვა სანდრომ და გადაჰკრა.
- ასეა, ასე, ქალი რომ ოცდაათს გადასცდება, საუკეთესო ფორმაში მაშინ დგება, სამაგიეროდ, კაცებს გაქვთ დარხეული. ოცდაათ წელს რომ გადაცდებით, უკვე ძალიან ბებრები ხართ, ამას რომ მიხვდეთ.
- რას, ქალის ასაკობრივ სიდიადეს? - დამცინავად იკითხა მამაკაცმა.
- ჰო, ჰო, ასაკობრივ სიდიადეს. ამის ნიჭი თქვენ არ გაგაჩნიათ, - არც გიზელა დარჩა ვალში მამაკაცს.
- მაგით რა გინდა თქვა, რომ ქალები უფრო ნიჭიერები ხართ?
- ეჭვი არ შეგეპაროს. ოდესმე გინახავს ქალი, რომელმაც შეიძლება ჭკუა დაკარგოს კაცის გამო იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს ლამაზი და გრძელი ფეხები აქვს? კაცებს კი შეგიძლიათ, იმიტომ, რომ უტვინოები ხართ.
- სამაგიეროდ, ქალები ხართ საშინლად ცნობისმოყვარეები, - არ თმობდა სანდრო.
- თითქმის როგორც მამაკაცები, - გადაიკისკისა გიზელამ და თვალი ჩამიკრა.
- აუჰ, თქვენს ხელში ჩემი მტერი ჩავარდა, წავედი მე, წავედი, თორემ მალე გადამდგამთ, ისეთ დღეში ჩამაგდებთ, - სანდრო წამოდგა, ერთი ჭიქა უკითხავად ჩამოისხა, ოჯახის დიასახლისის სადღეგრძელო უნდა დავლიოო, დამლოცა და ისევ გადაჰკრა.
კარამდე მივაცილე. მოტრიალდა და თვალებში ჩამხედა.
- არ წახვიდე სამსახურიდან, გთხოვ. მე მხოლოდ ამის სათქმელად მოვედი. თუ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა, თავს არ შეგაწყენ, გეფიცები, ოღონდ დარჩი. სიახლოვეს არ გაგეკარები, ხმასაც არ გაგცემ, თუ დისკომფორტს გიქმნი. დავიცადოთ ცოტა, თუ მოგიბრუნდა გული, ხომ კარგი, თუ არადა, შენ შენი გზით წახვალ, მე კი…
- შენ ოჯახს დაუბრუნდები, - დავამთავრე მისი აზრი.
- ამას მომავალი გვიჩვენებს. მაპატიე, თუ რამე გაწყენინე, არ მინდოდა, შვილებს გეფიცები.
პასუხი არ გამიცია. იმას, რაც ჩვენ შორის იმ ღამეს მოხდა, ვერასდროს ვაპატიებდი, მაგრამ ახლა ამის თქმის არც დრო იყო და არც სიტუაცია, ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდა.
ოთახში რომ შემოვბრუნდი, გიზელა ვიღაცას ელაპარაკებოდა მობილურზე.
- მეც ძალიან მომენატრეთ, ანიკო დეიდა, აუცილებლად გინახულებთ ამ დღეებში, აუცილებლად, - თან ხელის და ტუჩების მოძრაობით მანიშნა, ბექას დედააო.
ადგილზე გავქვავდი. მუხლები მომეკვეთა ნერვიულობისგან.
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ჯერ ახალგაზრდაა, ხომ იცით, გაუვლის… გამოუცდელობით მოსდის, აბა რა…. ჰოდა, სწორედ მაგაშია საქმე, აქამდე რომ არავინ ჰყვარებია, ჰგონია, რომ ყველაფერი ეპატიება… ახლავე მოგცემთ, ახლავე, სახლის ნომერსაც და მობილურსაც, - თქვა გიზელამ და ჩემი ტელეფონის ნომრების კარნახი დაიწყო.
თვალები გამიფართოვდა.
- ნახვამდის, ქალბატონო ანიკო, კარგად ბრძანდებოდეთ… მეც, მეც, ძალიან მიყვარხართ და უდიდეს პატივს გცემთ, კარგად, - ღიმილით დააყოლა და გათიშა.
- რა ხდება? - თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ მე და ნათიამ.
- სოფიოს ნახვა მინდა და ტელეფონის ნომერი მომეციო. მეც მივეცი, რა მექნა, - ეშმაკურად გამიღიმა გიზელამ, - დაგირეკავს ახლა, აი ნახავ.
ამის თქმა და ქალაქის ტელეფონი აწკრიალდა.
* * *
სუნთქვაშეკრულმა ავიღე ყურმილი.
- გისმენთ.
- სოფი, შენ ხარ, გენაცვალე? - ანიკოს შეწუხებული ხმა ჰქონდა.
- დიახ, მე ვარ, ქალბატონო ანიკო. როგორ ბრძანდებით?
- ეჰ, ბრძანებამდე ბევრი მიკლია, საყვარელო. შენ როგორ ხარ?
- რა ვიცი, გმადლობთ…
- ნახვა მინდოდა შენი, სალაპარაკო მაქვს.
- …
- როდის გეცლება?
- როცა მეტყვით, ქალბატონო ანიკო.
- როგორც გავიგე, არ მუშაობ, იქნებ ხვალ გამომიარო?
რაღაც მენიშნა.
- ვინ გითხრათ, რომ არ ვმუშაობ?
- ვინ მეტყოდა, ვაჟბატონმა გამომიცხადა გუშინ. ნასვამი იყო და წამოსცდა, თორემ სხვა დროს კრინტს არ დაძრავდა.
- ნასვამი?
- ნასვამი, ნასვამი და ეგ არის ყველაზე დიდი უბედურება. ამ ბოლო ხანებში სმას მოუხშირა, მთლად გადარია იმ გოგომ.
გულის არეში ჩხვლეტა ვიგრძენი, თითქოს თვალთ დამიბნელდა.
- რა მოხდა ამისთანა, რატომ იჩხუბეთ, გენაცვალე, რა ვერ გაიყავით შენ და ბექამ?
- არ გვიჩხუბია, ქალბატონო ანიკო, უბრალოდ… - შევყოყმანდი, არ ვიცოდი, რა მეთქვა.
- იმანაც ეს მითხრა და არ დავიჯერე. აბა, რა დაგემართათ? ტელეფონით რა გელაპარაკო… მოკლედ, ხვალ გელოდები, თორმეტისთვის მოახერხებ მოსვლას?
- რა თქმა უნდა, აუცილებლად მოვალ.
- კარგად იყავი, შვილო, კარგად, - ამოიოხრა ანიკომ და ტელეფონი გათიშა.
- რაო, რა მინდაო? - ცნობისმოყვარე თვალებით ამომხედა გიზელამ.
- ბექაზე უნდა გელაპარაკოო, - მხრები ავიჩეჩე.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი. ბიჭი მთლად ამოვარდა კალაპოტიდან. ასე არ შეიძლება. ახლა მას შენ გარდა ვერავინ უშველის, სოფიო, როგორმე უნდა მოაბრუნო აქეთკენ.
- მე უძლური ვარ, გოგოებო, არაფრის შეცვლა არ შემიძლია, - თვალები ცრემლით ამევსო.
- მოიცა, რა, სისულელეებს ნუ იძახი. შენ მოინდომე და რა შეგიძლია, მაგას ვნახავთ, - წამოიძახა ნათიამ, - შენნაირი ქალისთვის დაბრკოლებები არ არსებობს. ვერ ხედავ, როგორ ფეხქვეშ გეგებიან მამაკაცები?
- რაღაც ვერ ვხედავ, ვისზე გაქვს ეჭვი? - აცრემლებულს გამეღიმა.
- ყველაზე. გელაა და სულ შენზე ლაპარაკობს, ვაჟამ ხომ ყურები გამომიჭედა შენი ქებით, აღფრთოვანებულია, მაგრამ მე არ ვეჭვიანობ, ნუ გეშინია. სანდროს რაც ემართება, ჩემზე უკეთ ხედავ და ბექაზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი. მეტი რა გინდა? ეს ზღვაში წვეთია, მხოლოდ ისინი, ვისთანაც მე მიწევს შეხება და წარმომიდგენია, გარეთ რა ხდება… - თითების მოკაკვით ჩამოთვალა ნათიამ «სავარაუდო კანდიდატები».
- ასე რომ, თავი მაღლა ასწიე და მიხედე საქმეს, - გიზელა წამოდგა, - წავალთ ახლა ჩვენ, დაგასვენებთ. ხვალ მძიმე რაუნდი გელის.
ღიმილი ვერ შევიკავე. მადლობა გადავუხადე გოგოებს სტუმრობისთვის და მანქანამდე მივაცილე.
8 8 8
დილით საგანგებოდ გამოპრანჭული მივადექი ბექას დედას. შაბათი კი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ბექა შინ არ დამიხვდებოდა, თორემ ანიკო ამ დროს არ დამიბარებდა. მართალი გამოვდექი, მორიგე ყოფილა.
ანიკო თბილად გადამეხვია, მზრუნველად გადამისვა თმაზე ხელი. ლამაზი თვალები სევდით ავსებოდა, სახეც მობერებოდა თითქოს.
- რა კარგი ხარ, შენ შემოგევლე, რა საყვარელი, - თითქოს სინანული იგრძნობოდა ქალის ხმაში.
- რაღაც ვერ გამოიყურებით ძველებურად, ხომ ჯანმრთელად ხართ? - მოკრძალებით ვკითხე.
- ე-ეჰ, ჩემი შვილის ხელში კიდევ კარგად ვარ. ისე მამწარებს ბოლო ხანებში, არ ვიცი, რა წყალში გადავვარდე, - ამოიოხრა ანიკომ და შალმოხვეული დივანზე დაჯდა, ჩემ გვერდით.
მე ხმას არ ვიღებდი, უხერხულობისგან ხელები სად წამეღო, არ ვიცოდი. ვაჭიანურებდი ლაპარაკის დაწყებას, ან რაზე უნდა მელაპარაკა? შეფიქრიანებულმა კარგა ხანს მიყურა და მერე თვითონ წამოიწყო საუბარი.
- მაინტერესებს, რა ხდება. რა ბზიკმა გიკბინათ ან ერთს, ან მეორეს? რატომ გადაეკიდა ჩემი ბიჭი მაგ ტვინნაღრძობ ქალს, ამის მიზეზი ვერ გამიგია. იქნებ ამიხსნა, სოფი?
დავიძაბე. როგორ ვუთხრა, რაც მოხდა, ამას ხომ ვერასდროს ვერავის ვეტყვი, რა მოვიგონო?
- ისეთი არაფერი, ქალბატონო ანიკო, ალბათ არ ვიყავი ბოლომდე ჩემს თავში დარწმუნებული, ამიტომაც დროებით უარი ვუთხარი შეხვედრებზე.
- დარწმუნებული არ იყავი? მე რომ საწინააღმდეგოს მიმტკიცებდი? - ეჭვის თვალით შემომხედა ქალმა, - იმის მერე განა რამე შეიცვალა? როგორც ჩანს, რაღაც სერიოზული მოხდა, სოფი, თორემ…
- არა, არა, მსგავსი არაფერი ყოფილა, დამიჯერეთ, უბრალოდ, ცოტა დრო მჭირდება, რომ… - თავის დაძვრენა ვცადე.
- ბექას უყვარხარ, შვილო. ეს ისე ვიცი, როგორც ორი და ორი ოთხია. გულის გადასაყოლებლად დადის იმ ქალთან, უნდა, რომ ამით რაღაც დაგიმტკიცოს, მაგრამ თვითონაც ვერ ხვდება, რა შეცდომას უშვებს. მთლად აირია ბიჭი. არ იცი, რა დღეშია. ნანკას საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მაგრამ ვხედავ, რომ იმ ქალს არ უყვარს, მის თვალებში მხოლოდ ანგარებას ვხედავ და სხვას არაფერს. ეს არ მინდა, გესმის? დარდისგან აღარ ვარ. ისედაც მოწამლული მაქვს ცხოვრება, ვერ გავიხარე, შვილის გარდა არაფერში გამიმართლა. ახალგაზრდობა ხომ გამიმწარდა, უსიყვარულოდ გავთხოვდი, სიყვარული მეწვია და ვერ შევიშნოე, შიშმა მძლია, ოჯახის დანგრევის შიშმა და მაინც ვერ შევინარჩუნე ქმარი. ამ სიბერეში თითქოს ცოტა უკეთესი სიტუაცია შეიქმნა, ვიფიქრე, ბიჭი შეყვარებულია, კარგი გოგოა, ცხოვრებას აიწყობს და სიბერე მაინც მექნება ტკბილი-მეთქი, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მეყოფა, რაც სიმწარე ვნახე, აღარ მინდა კიდევ ერთი ტკივილის გადატანა. დაგვღუპავს ის გოგო. რა ვქნათ, რით ვუშველოთ ამ საქმეს?
თავი ავწიე და ანიკოს თვალებში შევხედე.
გაგრძელება იქნება