ბოლო დღეებია, სოციალური ქსელი დაიპყრო უცნობი ულამაზესი ქალ-ვაჟის ძველმა ფოტომ, რომელსაც პოსტიც ახლდა:
"სიყვარული, რომელიც ძველი წიგნის ფურცლებში არ გაჩერდა.
ფოტოისტორია, რომელმაც თვითონ გვიპოვა და გვაიძულა, თქვენთვის გაგვეზიარებინა. სასტუმრო "დადიანი ინნ"-ის მფლობელი გატაცებულია რეტრო ნივთების შეძენით. ამ სუსხიან საღამოს საცავიდან გადმოვალაგეთ ნივთები და ერთ-ერთ გაცრეცილ წიგნში აღმოვაჩინეთ ეს ფოტო, რომელმაც დროში გადაგვისროლა.
შეუძლებელია ამ ფოტოს დახედო და უბრალოდ გადადო. როგორი კოხტა, დახვეწილი და ლამაზი ადამიანები არიან. როგორი მოკრძალება და ურთიერთპატივისცემაა მათ შორის. რაც უფრო დიდხანს უყურებ, მით უფრო გაინტერესებს, ვინ იყვნენ, როგორ უყვარდათ, როგორ სეირნობდნენ ზუგდიდის ქუჩებში, როგორ უღიმოდნენ ერთმანეთს, როგორ განვითარდა მათი სიყვარული".
ცხადია, ეს ულამაზესი ფოტო განხილვის საგნად იქცა. ვინ აღარ აზიარებდა, გამოთქვამდა ვერსიებს, ვაჟი ალენ დელონსაც მიამსგავსეს (მართლაც ჰგავს, ოღონდ ჩემი დაკვირვებით, თვალებითა და გამოხედვით სრულიად განსხვავდებოდა)... ზოგს ფოტოდან ქალი ეცნობოდა, ზოგს - ვაჟი; ზოგიერთს შეყვარებულები ეგონა, თუმცა იმასაც ამბობდნენ, იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, შეიძლება და-ძმა არისო. სხვათა შორის, და-ძმის ვერსიას მეც ვემხრობი, რადგან წყვილი მართლაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
რა თქმა უნდა, მეც გავაზიარე ფოტო და... ჩემმა მობილურმაც მალევე დარეკა. ჩემი ყოფილი რესპონდენტი აღმოჩნდა, შორენა მაისურაძე და დილის მახარობლადაც იქცა - იგი იცნობდა ფოტოზე გამოსახული ქალის შვილს - თამარ ჩაჩავას.
ვიდრე მე ქალბატონი თამარის "ფეისბუქის“ გვერდს "ვსწავლობდი“, შორენამ მისი მობილურის ნომერიც გამომიგზავნა და სასწრაფოდ დავურეკე ფოტოს უცნობი ქალბატონის ქალიშვილს.
ქალბატონი თამარი ჩემი კოლეგა აღმოჩნდა, ჟურნალისტი. ძლიერ გახარებული იყო დედის ამ ფოტოს აღმოჩენით.
თამარ ჩაჩავა:
- დღეს დიდი დღეა - "დავითობა“ და მართლაც საოცარი სიურპრიზი დამხვდა, ჩემი ორი თანაკურსელი მეგობრის - მარო კირკიტაძისა და იზა რამიშვილის მიერ გაზიარებული, ჩემი დედიკოს ახალგაზრდობის ფოტო. ისიც გამიხარდა, რომ რომელი გვერდიდანაც ჰქონდათ გაზიარებული, იქ დედა ლამაზ და მშვენიერ უცნობ ქალად იყო მოხსენიებული. ფოტო უპოვიათ შემთხვევით, ზუგდიდში, ძველ წიგნში ჩადებული.
დედის ფოტო ჩემთვის უკვე დიდი საჩუქარია, ავიღე და ვიჩუქე. სხვა არანაირი საჩუქარი მე არ მინდა. გული მწყდება, რომ დედიკო ცოცხალი აღარ არის.
დედა - ლუარა ალექსანდრეს ასული კობაიძე, პროფესიით იყო მსახიობი და მომღერალი. დამთავრებული ჰქონდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი. მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მომღერლად ( იმ პერიოდში დირიჟორები იყვნენ ავთანდილ ჩხენკელი და ჯანსუღ კახიძე). დედა, ასევე, იყო პედაგოგი, ასწავლიდა სოლფეჯიოსა და ვოკალს მაშინდელ 102-ე საშუალო სკოლასთან არსებულ მუსიკალურ ათწლედში და იყო ლექტორი - სამსახიობო ხელოვნების ლექციებს უკითხავდა სტუდენტებს.
თბილისელებს ეხსომებათ, რუსთაველის გამზირზე იყო ცნობილი ფოტოატელიე, "ჟვანიას ფოტო“, სადაც შუშის ვიტრინაში, სხვა ლამაზი ქართველი მსახიობების ფოტოებთან ერთად, გამოდებული იყო დედაჩემის ფოტო. ძალიან მიყვარდა იქ ჩავლა. მართლაც ძალიან ლამაზი იყო. ხალხი ქუჩაში ჩერდებოდა მის საცქერლად. ხანდახან უცხოებს დედა-შვილი არც ვეგონეთ, მიუხედავად იმისა, რომ დედა ძალიან გვიან გათხოვდა, გვიან დაოჯახდა, გარიგებით - მამაჩემი გაურიგეს და ასე შექმნა ოჯახი.