რუსა მორჩილაძე 1970 წლის 30 მაისს დაიბადა. ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა, თუმცა ამ სურვილს მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ. ეუბნებოდნენ, მძიმე ხასიათი გაქვს და რეჟისორებთან მუშაობა გაგიჭირდებაო.
მიუხედავად ამისა, დიდი სცენაზე გამოსვლა 6 წლის ასაკიდან დაიწყო და არაერთი სიმღერა აჩუქა ქართველ მსმენელს. უდიდესი წვლილი კი მუსიკალური კუთხით განვითარებაში რუსას ბიძას, ყველასათვის ცნობილ ლოტბარს, ომარ კელაპტრიშვილს მიუძღვის, სწორედ მისი თხოვნით ჩააბარა მუსიკალურ სასწავლებელში.
საწყისი ნაბიჯები „კელაპტარსა“ და კვარტეტ „თოლიაში“ გადადგა. მალევე მოუწია ისეთ ლეგენდებთან შეხვედრა, როგორებიც გია ყანჩელი, ჯანო კახიძე და რობერტ სტურუა იყვნენ...
მომღერლის თქმით, ძალიან უყვარს საინტერესო და სწორი ენერგეტიკის მუსიკა. სწორედ ასეთ მუსიკას ქმნიდნენ კვარტეტში „თოლია“. ამ პერიოდში გაიცნო ლელა წურწუმია, რასაც მრავალი დუეტი და ახალი სიმღერები მოჰყვა.
"ყველა ადამიანის ცხოვრება ინდივიდუალურია, თუმცა საფუძველი გამოცდილებისა ოჯახიდან მოდის. საკმაოდ ჯანსაღი სიტუაცია იყო ჩვენს ოჯახში. დედაჩემისა და მამაჩემის უსიამოვნება თითქმის არ მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ წყნარი და მშვიდი არც ერთი არ არის. ორივე საკმაოდ ემოციური ადამიანია. მამაჩემი, მურად მორჩილაძე, ძალიან კარგი ინჟინერია. სულ ახალგაზრდაა, გული არ უბერდება. მღერის, ცეკვავს, ქეიფობს, ცოტა იპრანჭება კიდეც. შენიშვნას რომ ვაძლევ, რა იყო, ბებერი ხომ არ გგონივარო, მეუბნება. დედამ ბიოქიმიური დაამთავრა, მაგრამ პროფესიით არასდროს უმუშავია. სულ მუშაობდა, დარბოდა წინ და უკან, გასტროლებსა და რეპეტიციებზე დამატარებდა. ახლა პენსიონერია და მიმძიმს დედაჩემზე ამის თქმა. ძალიან აქტიური ქალი იყო ყოველთვის. შოკოლადის ქარხანაში მუშაობდა.
- არაერთხელ მითქვამს, რომ მამას ბიძაშვილი იყო ომარ კელაპტრიშვილი, გენიოსი მუსიკოსი, ფოლკლორისტი. სალამურზე უკრავდა, ვირტუოზი შემსრულებელი იყო. მისი დაჟინებული თხოვნით მივედი კოტე მშვიდობაძესთან. თვითონ მიმიყვანა და უთხრა, ჩემი ძმისშვილი მოგიყვანე, თეატრალურისკენ გარბის და დაიჭირეო. მართლაც ისე დამიჭირა ბატონმა კოტემ, ჩემს თავს იფიცებდა და მე - მის თავს. აბა, დაიფიცე ჩემი თავი, თუ მართლა ისწავლე გაკვეთილიო, მეუბნებოდა. აი, ასეთი ურთიერთობა გვქონდა. ამ ორი ადამიანის გარდაცვალება ძალიან განვიცადე" - იხსენებდა რუსა მორჩილაძე.
რუსას მეუღლესთან 30-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს.
"ყველაფერი ძალიან რომანტიკული იყო. ჩემი მეუღლე გასტროლებზე მაცილებდა ხოლმე ყვავილებით. მაშინ ძირითადად მატარებლით დავდიოდით გასვლით ტურებში. ყველა ქალაქში, სადაც მატარებელი ჩერდებოდა, ჩემთვის მისი საჩუქრები მოჰქონდათ. ძალიან ბობოქარი, ქარიშხლიანი სიყვარული გვქონდა. ხანდახან მთელი დარბაზის ბილეთებს ყიდულობდა და მხოლოდ მას ვუტარებდით კონცერტებს. ბუნებრივია, ჩვენ შორის ყოფილა კონფლიქტებიც, თუმცა საბოლოოდ ჩემი ხასიათი სწორედ ამ სიყვარულმა ჩამოაყალიბა" - ამბობდა მომღერალი.
2021 წელს, კრიმინალური გარჩევის დროს, ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა რუსა მორჩილაძის შვილი დააკავეს - 23 წლის გეგი ახვლედიანი ცივი იარაღით ჭრილობის განზრახ მიყენებისთვის სასჯელს უკვე ექვსი თვე იხდიდა.