საუბარი კულმინაციას მიუახლოვდა. ახლა ან უნდა მეთქვა ყველაფერი, ან უნდა დავშორებოდი და ალბათ, სამუდამოდ. არადა… რომ ვერ გამიგოს ან არ დამიჯეროს? მისთვის რომ მიუღებელი აღმოჩნდეს იმ ამბის პატიება? ხომ მაინც მოგვიწევს დაშორება? ჰოდა, რა მნიშვნელობა აქვს, რა მიზეზით დავშორდებით, თუკი ერთად ყოფნა არ გვიწერია? სინდისი მაინც მექნება სუფთა, საიდუმლოს გულში ტარება მაინც არ მომიწევს, არც მთელი ცხოვრება დავიტანჯები უთქმელობით. რომ არაფერი ვუთხრა, გამოდის, უნდა მოვატყუო. სანამ უნდა ვიცხოვრო ამ ტყუილით? ისედაც ბევრი ტკივილი გადავიტანე ცხოვრებაში. რაც იქნება, იქნება, ყველაფერს მოვუყვები.
- კარგი გეტყვი, - მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე, მისი ხელი ფრთხილად მოვიშორე და თვალებში მივაჩერდი, - მე შენ მიყვარხარ, ბექა, დიდი ხანია, მიყვარხარ. ერთი წამიც არ მიცხოვრია შენზე ფიქრის გარეშე მას შემდეგ, რაც…
- ეგ გასაგებია, მერე? - ბექამ კონიაკი ჩამოისხა და ლოთი კაცივით დალია, სადღეგრძელოს გარეშე.
- გარემოებამ მაიძულა, შენთან ურთიერთობაზე უარი მეთქვა.
მოულოდნელად კარზე ზარის ხმა გაისმა. ისე შევხტი, გული საგულიდან ამომივარდა. დაახლოებით თორმეტი საათი იქნებოდა, ვინ უნდა ყოფილიყო ამ დროს?
* * *
ზარი განმეორდა. დაზაფრული ადგილიდან არ ვიძროდი. ფეხს ვითრევდი, იქნებ არამკითხე სტუმარი გაბრუნებულიყო და თავის გზას გასდგომოდა. ტყუილად მქონდა ამის იმედი, ზარი არ წყდებოდა. ბექამ ეჭვის თვალით შემომხედა. როცა ნახა, რა დღეშიც ვიყავი, წამოდგა და თავად გაემართა კარის გასაღებად. თვალები დავხუჭე. დარწმუნებული ვიყავი, რომ სანდრო იქნებოდა. ჩემმა გუმანმა გაამართლა.
- ოჰო, შენც აქ ყოფილხარ… ასეც ვიცოდი, - ჩემს სმენას მისი ხმა მოსწვდა.
სკამს მიველურსმნე. სახეზე ხელები ავიფარე და მწარედ ამოვიგმინე.
- მიმიღებთ? - ცინიკურად იკითხა მოსულმა, - თუ ხელს შეგიშლით?
- შემოდი და გავარკვიოთ, - მშვიდად უპასუხა ბექამ.
ესეც ასე! ესეც შენი გადამწყვეტი მომენტი. იქნებ ასე უკეთესია? ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მოეღოს ამ ტანჯვას ბოლო? უმჯობესია, ბექამ თავისი ყურით მოისმინოს ყველაფერი, მაინც ვერ ვბედავდი თქმას. სანდრო კი გამიადვილებს ამას, თავად უფრო სიამოვნებით ისაუბრებს იმღამინდელ ამბავზე, არ მომაკლებს ამ სიამოვნებას.
ნაბიჯების ხმა უფრო და უფრო მიახლოვდებოდა. შევეცადე, მშვიდი სახე მიმეღო.
- გამარჯობა, სო-ფი! - სანდრომ ბოლო სიტყვა საშინელი სარკაზმით წარმოთქვა.
მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა.
ისეთი განმგმირავი მზერა ვესროლე, ვაგრძნობინე, მისი ნომერ პირველი მტერი რომ ვიყავი.
ირონიულად ჩაიცინა და ირიბად გაიხედა გვერდზე, ბექას ადგილმდებარეობას ზვერავდა. ეს უკანასკნელი მის უკან იდგა ხელებგადაჯვარედინებული, კედელს მიყრდნობოდა.
- რაო, სიყვარულს გიხსნის? - ჩემკენ გადმოიტანა მზერა სანდრომ.
მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე.
- თუ შენ უხსნი? - არ მეშვებოდა.
- მე ვუხსნი, - თქვა მოულოდნელად ბექამ და ჩემკენ წამოვიდა, გვერდით დამიჯდა და მხარზე ხელი გადამხვია, - რამე პრეტენზია გაქვს, ძმაო? - აგდებით ჰკითხა.
- მაქვს, - თავი დააქნია სანდრომ, - და თუ დაჯდომის ნებას მომცემთ, მოგახსენებთ.
- დაბრძანდი, - ხელით მიუთითა ბექამ სკამზე.
- და დალევის ნებასაც ვითხოვ.
- დალიე.
- მომიჭახუნებ? დალევ ჩემთან ერთად? - სანდრომ ჭიქა შეავსო და ასწია.
- შენთან ერთად არ დავლევ, - პროტესტი გამოთქვა ბექამ.
- რატომ, ცუდი ბიჭი ვარ?
- იმიტომ, რომ მე ვარ ცუდი ბიჭი.
- მერე? ამან იცის ეს ამბავი? - თვალებით ჩემზე ანიშნა სანდრომ.
- გაცნობის დღიდან.
- და მაინც თანახმაა?
- თანახმაა, კი.
- კარგი, მაშინ მე დავლევ. შენ გაგიმარჯოს, სოფიო, - ჭიქიანი ხელით წრე მოხაზა სანდრომ და ბოლომდე დაცალა.
- აბა, დაიწყე, - ბექას ტონი არ შეუცვლია.
- რა დავიწყო? - წარბები შეკრა სანდრომ, - სიმღერა?
- ის, რისთვისაც ჩემთან მოხვედი.
- შენთან არ მოვსულვარ, ამასთან მოვედი და რას წარმოვიდგენდი, სხვასთან ერთად თუ დამხვდებოდა.
- მე ვარ სხვა?
- ჩემთვის კი.
- გასაგებია, მაშინ ამას უთხარი, რისთვისაც მოხვედი.
- შენ რომ წახვალ, მერე ვეტყვი.
- მერედა, ვინ გითხრა, რომ წასვლას ვაპირებ? მე აქ ვრჩები.
- ვა, მართლა? ღამისთევით ხარ?
- ჰო, ღამისთევით ვარ.
- რატომ, სახლში მარტოს გეშინია?
- კი, მეშინია.
- კარგი, რახან შენსას არ იშლი, ვიტყვი. ეს ქალი მე მეკუთვნის, თანაც დიდი ხანია და მის დათმობას არ ვაპირებ, ძმა-ო!
- ამ ქალს არ ეკითხები? იქნებ არ უნდა, რომ შენი საკუთრება იყოს?
- მე ვიცი, რომ უნდა.
- სცადე მაინც… ჰკითხე.
- ვკითხავ… სოფიო…
- წადი აქედან, სანდრო. აქ შენი ადგილი არ არის, შენს ცოლ-შვილს დაუბრუნდი, - გაბზარული ხმით წარმოვთქვი.
- წავიდე? მაგდებ?
- გაგდებ და ეს შენ არ უნდა გიკვირდეს.
- სხვათა შორის, ძალიან მიკვირს. იქნებ ამიხსნა, რატომ?
მივხვდი, სანდროს უნდოდა, მე მელაპარაკა იმ საშინელი ღამის შესახებ, ამიტომაც მისვამდა ასეთ «მიამიტურ» კითხვებს. ჩემთვის უკვე სულერთი იყო, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, ამიტომ არაფრის დამალვას არ ვაპირებდი.
- იცი შენ, რატომაც. გეყოფა, რაც ჩაიდინე. ამის პატიებას არ ვაპირებ.
- რა ჩავიდინე? - ისე გულუბრყვილოდ იკითხა, თითქოს არაფერში ყოფილიყო დამნაშავე.
- იმ ღამეს ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, - ყრუდ ვთქვი და ამაკანკალა.
ბექას ხელი ნელ-ნელა მოსცილდა ჩემს მხარს. სიცივე ვიგრძენი ბეჭზე.
- რომელ ღამეს? - აგრძელებდა სანდრო თამაშს, - რაღაც არ მახსენდება არც ერთი ღამე, ჩვენ ერთად ვყოფილიყავით.
- წადი აქედან, მეზიზღები, მძულხარ, ატანა არა მაქვს შენი, - მთელი ხმით ვიყვირე და ფეხზე წამოვიჭერი.
- ოპ, ოპ, ოპ, ნუ ნერვიულობ, რა გჭირს? - ხელები ისე ასწია სანდრომ, თითქოს მასზე თავდასხმას ვაპირებდი და ჩემს შეჩერებას ცდილობდა, - რატომ ხარ ასე აგრესიული?
- მორჩი ამ კომედიას, - ბექაც წამოდგა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, - თუ რამე გაქვს სათქმელი, თქვი და დაამთავრე!
ჩემდა გასაოცრად, სანდრო დადუმდა, თავი ჩაქინდრა და იატაკს დააშტერდა.
სიჩუმე ჩამოვარდა. არც ერთი ხმას არ ვიღებდით. პაუზა გაიწელა. რამდენიმე წუთის შემდეგ სანდრომ თავი ასწია, ჯერ მე შემომხედა, მერე - ბექას, ღვარძლიანად გაიღიმა და თქვა:
- მე მასთან სექსი მქონდა.
- მართლა? - ხმა შეეცვალა ბექას.
- მართლა, - სანდრო უხერხულად შეიშმუშნა და თმაზე გადაისვა ხელი.
ერთხანს ისევ ჩამოვარდა სიჩუმე, რომელიც ბექამ დაარღვია. მომეჩვენა, რომ სანდროს ნათქვამი დიდად არ გაჰკვირვებია, სრულიად აუღელვებელი ჩანდა.
- რამდენჯერ?
- ერთხელ, - საჩვენებელი თითი გაფშიკა სანდრომ და ბოროტი ღიმილით თვალი ჩამიკრა.
- მერე რა. მე, სამაგიეროდ, აწი მექნება, თანაც ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ, - ნიშნის მოგებით უპასუხა ბექამ და კვლავ გადამხვია მხარზე ხელი.
სუნთქვა გამიჩერდა. სანდროს ნათქვამმა ბოლო მომიღო, ბექას სიტყვებმა კი საგონებელში ჩამაგდო. ჩემ დასაცავად ამბობს ამას? თუ გულწრფელია და მართლა ასე ფიქრობს?
- ჰო-ო? - სანდროს გაკვირვება გამოეხატა სახეზე, ალბათ არ ელოდა ამ სიტყვებს, - შენთვის ეს არაფერს ნიშნავს?
- რას უნდა ნიშნავდეს? მე, რატომღაც, მეგონა, რომ თქვენ წარსულში სიყვარულთან ერთად სექსიც გაკავშირებდათ ერთმანეთთან. თურმე ვცდებოდი. მით უკეთესი, თუ მხოლოდ ერთხელ იწექი მასთან. ეს ბევრ რამეს მეუბნება. ახლა ხომ გასაგებია ყველაფერი. შეგიძლია წახვიდე, ხელს მიშლი. ძალიან ცუდ დროს მოხვედი. ის იყო, სიყვარულის ახსნა დავიწყე, - ბექა შესაშურად მშვიდი იყო.
- მართალი ხარ. ჩემი წასვლის დროა, მე აქ არაფერი მესაქმება, როგორც ვატყობ, - ღრმად ამოიხვნეშა სანდრომ, კონიაკის ბოთლს ხელი დაავლო, მოიყუდა და ლამის ბოლომდე დალია.
- უკაცრავად, ხელი რომ შეგიშალეთ. არ უნდა მოვსულიყავი, ნანკამ შემაცდინა… წავედი… ისე… იმას სექსი არ ერქვა, თუ სიმართლე გინდა… ჩემი მხრიდან, სამაგიეროს გადახდას უფრო ჰგავდა…, - ხელი აიქნია, თითქოს აბეზარ ფიქრებს იშორებსო თავიდან და ბარბაცით გაემართა ჰოლისკენ.
- სანდრო! - გასძახა ბექამ კართან მისულს.
მან თავი მოაბრუნა და ამღვრეული თვალებით მოხედა.
- რატომ, რატომ გააკეთე ეს? შენ ხომ იცოდი, რომ ის მე მიყვარდა.
სანდრომ თავი ჩაღუნა, ჩაიცინა, მერე შეხედა ბექას და უთხრა:
- მეც მიყვარდა. თოთხმეტი წელი მიყვარდა… შორიდან ვეფერებოდი, რადგან ვიცოდი, უუფლებო ვიყავი… მაგრამ შენ გაიმარჯვე. დავმარცხდი… ცხოვრებაში მეორედ დავმარცხდი… - მწარედ გაიღიმა, ხელი ჩაიქნია და კარი გაიხურა.
ყველაზე მტანჯველი წუთები ახლა დაიწყო. ბექას თვალს ვერ ვუსწორებდი. რას იზამს, მომთხოვს ასხნა-განმარტებას თუ არაფერს მკითხავს? იქნებ დავასწრო და თავად მოვუყვე ყველაფერი?
- იცი, ბექა… - ის იყო, საუბარი დავიწყე, რომ ცივად გამაწყვეტინა.
- გვიანაა უკვე, წადი, დაწექი.
ამოვიოხრე და წამოვდექი.
- არ მეძინება, მე შენთვის ბევრი დამიგროვდა სათქმელი.
- სხვა დროისთვის გადავდოთ. წავალ მე, ღამე ნებ…
- არა, არ წახვალ, - მკაცრად ვთქვი და შევხედე.
ერთხანს თვალებით ვზვერავდით ერთმანეთს.
- ერთი მიზეზი მაინც დამისახელე, რატომ უნდა დავრჩე? - სიმწრით გაიღიმა.
- იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ მეშინია, - საცოდავი ხმით წარმოვთქვი, თვალთ დამიბნელდა და ჩავიკეცე, მუხლები მიცახცახებდა.
ბექა მომვარდა და წამომაყენა, მხარში შემიდგა და ლოგინამდე მიმიყვანა.
- რა გჭირს, პატარა ბავშვი ხომ არ ხარ? რა გემართება? წყალი მოგიტანო? ცუდად ხარ? - შეშფოთებულმა დამაყარა შეკითხვები.
- დარჩი, გთხოვ… დივანზე დაწექი.
- კარგი, დავრჩები, ოღონდ არ დამიწყო ახლა, გაგიშლი, თეთრეულს დაგიფენ და ასე შემდეგ. არაფერი მინდა, ასევე მივწვები, მაინც არ მეძინება.
- მეზიზღება, მძულს! - ვიყვირე უცებ და ცრემლები წამსკდა, - რა უბედური ვარ…
- ნუ, ნუ, არ გინდა, ნუ ტირი. ვერ ვიტან ცრემლებს. ტირილი რა საჭიროა?
- ძალიან გთხოვ, მათქმევინე, ასე არ შემიძლია.
- რა უნდა მითხრა, სოფი, ისეთი, რაც არ ვიცი? უკვე მითხრეს, გავიგე ყველაფერი.
- არა, ასე არა. მინდა დაწვრილებით მოგიყვე.
- დაწვრილებით ვიცი. გგონია, შემთხვევით ვარ აქ? ნანკამ ყველაფერი მიამბო, უფრო სწორად, ვაიძულე, ეთქვა. სანდროს დიდი ხანია, ინფორმირებული ჰყავს. ასე რომ… დამშვიდდი და დაიძინე.
- ხომ არ წახვალ? - მაჯაზე წავეპოტინე.
- არა, არ წავალ. მეც დავწვები.
ბექამ თავზე მზრუნველად გადამისვა ხელი, მერე შუქი ჩააქრო და ტახტზე გაუხდელად მიწვა.
თვალზე რული არ მეკარებოდა. ან რა დამაძინებდა, იმდენი რამ მოხდა. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ბექა აქ იყო, სულ ახლოს, ჩემგან ორიოდე მეტრის დაშორებით.
არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. მთელი გულისყური ტახტისკენ მქონდა მიპყრობილი. ბექამ რამდენჯერმე იცვალა გვერდი, მასაც უჭირდა დაძინება. არა, დილამდე ამ ყოფაში ვერ გავძლებდი.
- ბექა, - ხმადაბლა დავუძახე.
- რა იყო, სოფი? - დახშული ხმა ჰქონდა.
- მცივა… ვერაფრით ჩავთბი, მოდი, ჩემთან დაწექი, - ძალიან გამიჭირდა ამის თქმა, მაგრამ მაინც შევძელი.
სიჩუმემ დაისადგურა, ბექა არ შერხეულა. მე სუნთქვაც კი შევწყვიტე, ისე დავიძაბე. მერე ტახტი აჭრიალდა… წამოდგა… სიბნელეში გარკვევით ვხედავდი მის სილუეტს.
- ვერ შეგპირდები, რომ შენ გათბობას შევძლებ, - ჩურჩულით თქვა, საბანი გადაწია და გვერდით მომიწვა, თავქვეშ ამომდო ხელი და ჩამიხუტა.
მის მკერდზე მისვენებული გავინაბე, მამაკაცის გულის ბაგაბუგი მესმოდა.
- ძალიან ხმაურობს ჩემი გული, არა? - მკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
- ჰო, ამ ხმაურში როგორ გინდა დაიძინო, - კმაყოფილმა სიბნელეს გავუღიმე.
- შენც ნუ დაიძინებ, - თქვა და თავქვეშ ამოდებული ხელი ნიკაპზე ამომდო, ჩემი სახე თავისკენ მისწია და ტუჩებზე დამაკვდა…
ეს იყო ღამე, რომელშიც ნაღველი და სევდა სინაზეში გადაიზარდა, ტკივილი - ვნებათაღელვაში, სიმწარე - ნეტარებაში. ახლა, სწორედ ამ წუთებში უნდა გადამერჩინა ჩემი სიყვარული, სხვანაირად მის შენარჩუნებას ვერ შევძლებდი. თან მეშინოდა, ამით არ დამთავრებულიყო ყველაფერი, ვნების დაცხრომის შემდეგ ბექა არ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან, სინანული არ ეგრძნო ამ ერთად გატარებული ღამის გამო. ვცდილობდი, არ მეფიქრა ამაზე, მთელი არსებით მივცემოდი სიამოვნებას. ისე ხარბად ვკოცნიდი, თითქოს ჩვენი შეხება უკანასკნელი ყოფილიყო, თითქოს მეტჯერ არასდროს განმეორდებოდა ბედნიერების ეს წუთები. ასე მეგონა, სხვა განზომილებაში მოვხვდი, სხვა პლანეტაზე, სადღაც მაღლა ავიწიე, უსასრულო სივრცეში და მასში დავსახლდი… ვცხოვრობდი მასთან ერთად, როგორც შემეძლო, როგორც გამომდიოდა… ვცხოვრობდი ყოველი მისი შეხებით, ყველა მისი ჟესტით, მოძრაობით, მისი სიჩუმითაც კი… ის მიკოცნიდა თითებს, ყელს, მკერდს… ვგრძნობდი, როგორ მითრთოდა სხეული მისი ტუჩების შეხებაზე. ის წარამარა იმეორებდა ჩემს სახელს, მერე კვლავ ისრუტავდა ჩემი შიშველი სხეულის სურნელს, თან ისე ძლიერად მიკრავდა მკერდში, თითქოს სადმე გაქცევა მქონოდა განზრახული… მე ვგრძნობდი ამას, ამიტომაც მთელი არსებით ვეძლეოდი მამაკაცს, ნეტარების მეცხრე ცაზე ასული…
გარეთ კი ქარი ანგრევდა არემარეს, ზრიალი გაჰქონდა ფანჯრებს…
7 7 7
ბექა ფანჯარასთან იდგა და ქუჩას გადაჰყურებდა. მზიანი დილა იყო, ქარი ჩამდგარიყო. ავდექი, სარაფანი გადავიცვი და მას მივუახლოვდი, ზურგიდან ჩავეხუტე და ხელები მოვხვიე. თვალები ცრემლით ამვსებოდა, უხმოდ ვტიროდი, ოდნავ მიცახცაცებდა მხრები.
- რამე მოხდა? - მკითხა მან ისე, რომ არ განძრეულა.
ნაღვლიანად გავიღიმე.
- იცი? საბოლოო ჯამში, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რა იქნება დღეიდან, წახვალ თუ დარჩები. მხოლოდ ერთი რამ მინდა გთხოვო. თუ დარჩენას არ აპირებ, არ დამივიწყო მაინც. ქალი თუ მოგინდეს…. სხვასთან ნუ წახვალ, მე გაგიწევს მის მაგივრობას.
- რომელ ქალზე მელაპარაკები, სოფი? - გაკვირვებული მოტრიალდა და დამაშტერდა.
- აი… ქალი… ხომ დადიხარ ხოლმე ქალებში… როგორც კაცებმა იციან… - თვალი ავარიდე.
- შენ რა… მთავაზობ, რომ… სწორად გავიგე?
უხმოდ დავუქნიე თავი. რამდენიმე წამი ასე მიყურებდა გაშტერებული, მერე კი სიცილი აუტყდა.
- რა სულელი ხარ… რატომ გადაწყვიტე ასე, რა შემატყვე სამაგისო? არ გირჩევნია, სამზარეულოში გაცუნცულდე და ყავა გამიკეთო? საუზმეც არ გვაწყენდა. მე უკვე მოვედი შენთან და უკან გაბრუნებას არ ვაპირებ. გასაგებია? - მკლავებში მომიწყვდია და მაკოცა.
სული შემიგუბდა.
- რა ლამაზი ხარ, რომ იცოდე, რა ტკბილი. ამ სიამოვნებას ნამდვილად ვერ მოვიკლებ. გგონია, ასე ადვილია შენი მიტოვება? არ ვაპირებ… და არც არასდროს მქონია ამის მცდელობა. მიდი, მაჭამე რამე, მგელივით მშია…
ის იყო, საუზმე მოვრჩით და მაგიდის ალაგებას შევუდექი, რომ ბექას მობილურმა დარეკა.
- გისმენ, ვაჟა, ჰო, - ჩასძახა ბექამ და მოულოდნელად სახე შეეცვალა, - რას ამბობ, როდის!.. ა! არა, მე არა… ვერ მოვალ… «პახმელიაზე» ვარ, არ შემიძლია. გელას დაურეკე ან სხვა ვინმეს… არა-მეთქი, ხომ გითხარი! - წამოიყვირა უცებ და გათიშა, ფერი არ ედო სახეზე.
- რა მოხდა? - ფრთხილად ვკითხე, გული გადამიქანდა.
უაზროდ შემომხედა. თავი გადააქნია და წამით თვალები დახუჭა.
- ბექა, არ იტყვი, რა მოხდა? - მივუახლოვდი.
- სანდრო ავარიაში მოყვა. ცუდად არის, მთლად დალეწილია, სასწრაფო ოპერაცია სჭირდებაო, შეიძლება ვერც გადარჩეს, - ყრუდ ჩაილაპარაკა.
- მერე? - ვერ მივხვდი, მეწყინა თუ გამიხარდა.
- მე არ გავაკეთებ.
- გელა სად არისო? ის რატომ არ აკეთებს? - ხმა გამებზარა.
- თბილისში არ არის… მე არ გავაკეთებ, სოფი, - თვალი თვალში გამიყარა.
წამით ჩავფიქრდი, გადაწყვეტილებას ვიღებდი. მერე რაღაც ღრმა ამოსუნთქვისმაგვარი გავაკეთე, თითები ერთმანეთში გადავხლართე და დავიწყე:
- იცი? შენ ექიმი ხარ…
- გმადლობ, რომ შემახსენე, - ირონიულად შენიშნა.
- არ გაქვს უფლება, ასე მოიქცე. დაფიქრდი, - სიტყვებს დიდი სიფრთხილით ვარჩევდი, რომ არ განმერისხებინა, - მას თავისი გაჭირვება ეყოფა. უნდა აჯობო საკუთარ თავმოყვარეობას…
- რა შუაშია აქ თავმოყვარეობა? - გაბრაზდა ბექა.
- არ ვიცი, მაგრამ… ის კი ვიცი, რომ უნდა გადაარჩინო. ეს შენი მოვალეობაა. დამიჯერე, გთხოვ, მას შვილები ჰყავს…
- ჩემ გარდა იქ არავინ არის? ხომ შეიძლება, სხვამ გაუკეთოს? მე რატომ მომჩერებიან?
- როგორც ჩანს, არავინ არის.
ამ დროს ჩემმა ტელეფონმაც დარეკა. გიზელა იყო, დროზე მოდი, ოპერაციაზე გიბარებენ, ანესთეზიოლოგია საჭიროო. სანდროზე სიტყვა არ დაუძრავს. მივხვდი, შეგნებულად არ მითხრა. ეგონა, რომ მეც უარს ვიტყოდი.
- მე უნდა წავიდე, ბექა.
- ნება რომ არ დაგრთო, მაინც წახვალ?
- შენ ხომ იცი, რომ წავალ. არა იმიტომ, რომ მისი გადარჩენა ჩემთვის ძვირფასია, არამედ იმიტომ, რომ ადამიანის სიცოცხლეა საფრთხეში.
ბექას სახე აელეწა. ვიგრძენი, მასაც უნდოდა წამოსვლა და ვერ გადაეწყვიტა.
- დრო არ იცდის, ბექა, წავედით, ჩვენ ორივეს გველოდებიან.
… და ჩვენ წავედით.
7 7 7
- ღამის ორ საათზე მოიყვანეს. უგონოდ იყო. სისხლდენა ჰქონდა ნაწლავებიდან. ვერ მივხვდით, საიდან ჟონავდა სისხლი. არც რენტგენმა და არც ექოსკოპიამ არაფერი უჩვენა. არადა, ლამისაა, დაიცალოს სისხლისგან, წნევა უფრო და უფრო უვარდება, ჰემოგლობინიც. უნდა გავჭრათ, სხვა გზა არა გვაქვს, ეჭვი მაქვს, რომ თირკმელია, უბრალოდ, არ ჩანს, - მძიმედ ლაპარაკობდა ვაჟა, - უაზრო რაღაცებს გაჰყვირის, ბოდავს თუ რა არის, ვერ გავიგე.
- თავზე თუ გადაუღეთ სურათი? - ვკითხე ვაჟას.
- ჯერ არა, ახლა მუცლის ღრუ უფრო მნიშვნელოვანია, ამას უნდა მივხედოთ.
- კარგი, მოამზადეთ ყველაფერი, ათ წუთში დავიწყებთ, - თქვა ბექამ და კაბინეტში შევიდა.
- სოფიო, ცოტა მეტი შეუშვი, რომ ვეღარ გავიღვიძო, - ძლივს ამოთქვა სანდრომ, მე რომ დამინახა, - ხედავ, რა ტუზი დაგეცათ შენ და ბექას, კარგი შანსი მოგეცათ შურისძიებისთვის.
- ნუ ლაპარაკობ, ეცადე, დამშვიდდე, ყველაფერი კარგად იქნება, - გავამხნევე გაფითრებული მამაკაცი, მისი სიტყვებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია.
…ოპერაცია სამ საათს გაგრძელდა. ბექას ვაჟა ეხმარებოდა. დროზე მოხდა ქირურგიული ჩარევა, სანდროს მუცლის ღრუ სისხლით ავსებოდა. თირკმელი ჰქონდა გაგლეჯილი, ღვიძლი და ელენთაც დაზიანებული. ელენთა და ცალი თირკმელი ამოაცალეს, მათი შენარჩუნება შეუძლებელი იყო. გაუმართლა, რომ დროზე მივუსწარით. კიდევ რამდენიმე საათი და ცოცხალი აღარ იქნებოდა.
ოპერაცია რომ დამთავრდა, მხოლოდ მერე დავურეკე ნიტას. გულგახეთქილი მოვარდა, გულამოსკვნით ტიროდა.
- გადარჩება, სოფიო? - უკვე მერამდენედ შემეკითხა.
- გადარჩება, ნუ გეშინია. დაწყნარდი, ახლა მისთვის მხოლოდ ყურადღება და სიმშვიდეა საჭირო.
- წუხელ დამირეკა, თუ მიმიღებ, დავბრუნდებიო. საშინლად ვეჩხუბე, რაც კი გულში მქონდა, ყველაფერი ვუთხარი, მთელი ბოღმა გადმოვანთხიე. ასე ნუ მელაპარაკები, თორემ საერთოდ არ მოვალო. ჯანდაბამდის გზა გქონია-მეთქი, ვუყვირე. გამითიშა ტელეფონი. მერე ვერაფრით დავუკავშირდი, საერთოდ გამორთო. რას ვიფიქრებდი…
- მთვრალი ყოფილა, ამბობენ, საშინელი სისწრაფით მიდიოდაო, - თავი გავაქნიე.
- ჩემი ბრალია, მე გავამწარე, ისეთი რამეები ვუთხარი. ღმერთო, გადაარჩინე, მისი სიკვდილი ნამდვილად არ მინდოდა.
- არ მოკვდება, ნუ ნერვიულობ, - გავუღიმე ნიტას და გადავეხვიე, - აწი მაინც ისწავლის ჭკუას.
- ჰემატომა აქვს თავში, - კარი შემოაღო ამ დროს გიზელამ, _- კიდევ ვერთი ოპერაცია სჭირდება.
- რას ამბობ! - შევიცხადე, - ვინ უნდა გაუკეთოს.
- ჭკუასელს გამოუძახეს, უკვე მოდის.
- ახლავე უკეთებენ?
- ამწუთასვე, უფრო და უფრო იზრდება შეშუპება.
ნიტამ შეჰკივლა და ღონემიხდილს გული წაუვიდა. ძლივს მოვასულიერეთ მე და გიზელამ.
- არ გრცხვენია? მე შენ ძლიერი ქალი მგონიხარ, რა მოგდის? - უსაყვედურა გიზელამ გონზე მოსულს, - დიდი არაფერია, ადვილი ოპერაციაა, მალე დამთავრდება.
- კიდევ უნდა გაჭრან?
- არა, არა, ჩვეულებრივი ამოტუმბვა მოხდება და მეტი არაფერი. ოც წუთში მორჩებიან, დაწყნარდი, - ამშვიდებდა გიზელა აკანკალებულ ქალს.
საორდინატოროდან გამოვედი და ბექას კაბინეტს მივაშურე. ის სავარძელში იჯდა დაღლილი, თავი უკან გადაეგდო.
- როგორ ხარ? - თბილად მოვიკითხე.
- უკეთ. იცი, ახლა რა მინდა? - თავი წამოსწია და ეშმაკურად შემომხედა.
- ყავა?
- ჯერ ყავა, მერე ქალი, - მითხრა და გაიცინა.
- ერთი თუ ორი? - გავიხუმრე.
- რა - ყავა თუ ქალი?
- ყავა, რა თქმა უნდა. ორი ქალის უფლებას ვინ გაძლევს, რო?
- ასეც ვიცოდი. მშვიდობით, თავისუფლებავ! - პათეტიკურად წარმოთქვა და ხელები ჩემკენ გამოიშვირა.
ყელზე მოვხვიე მკლავები და ჩავეკონე.
- იცი, რომ მასთან ერთად ნანკაც ყოფილა? - თქვა უცებ.
- ნანკა? მერე? - ისე გამიკვირდა, გველნაკბენივით წამოვხტი.
- ისიც დამტვრეულია, ორივე ფეხი ჰქონია მოტეხილი და ხერხემალი სერიოზულად დაზიანებული. ტრავმატოლოგიურში გაუქანებიათ. შეიძლება მთელი ცხოვრება ინვალიდად დარჩეს.
- არც ამას დაადგება კარგი დღე, კარგა ხანს ვერ გასწორდება წელში, - სანდროს მისამართით ვთქვი.
- ჰო, - თქვა ბექამ და ამოიხვნეშა, - მიკეთებ ბოლო-ბოლო ყავას, თუ როგორ არის საქმე?
- ახლავე მოგიტან. ქალი სად მოგართვათ?
- ქალი, რა თქმა უნდა, სახლში, ცხელ წვნიანთან ერთად, - მხიარულად შესძახა, - «პახმელიაზე» უკეთესი საშუალება არ არსებობს.
- მაშინ ყავას შემოგიტან და მე შინ წავალ, მოვემზადები, - მრავალმნიშვნელოვნად ვთქვი.
უსიტყვოდ დამიქნია თავი, სიყვარულით სავსე მზერა მესროლა.
7 7 7
ბექას შეაგვიანდა. შეგნებულად არ ვურეკავდი, ვიცოდი, უმიზეზოდ არ დააგვიანებდა. ცხრა ხდებოდა, რომ მოვიდა. ისეთი დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა, შემეცოდა. სუფრა გაშლილი დავახვედრე.
- რატომ დაგაგვიანდა?
- სახლში შევიარე, წყალი გადავივლე და ტანსაცმელი გამოვიცვალე.
ახლაღა შევამჩნიე, რომ თმა სველი ჰქონდა.
- აქ ვერ დაიბანდი? - ვუსაყვედურე.
- კი, მაგრამ ტანსაცმელს ვერ გამოვიცვლიდი, - გამიღიმა და აბაზანაში შევიდა ხელების დასაბანად. მინდოდა მეკითხა, სანდრო როგორ არის-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე.
- ისევ ამოვარდა ქარი, - თქვა და მაგიდას მიუჯდა, - არა და არ გამოვიდა ამინდი. ვერ გაიგებ, ზაფხულია თუ გაზაფხული.
- მე მიყვარს ქარი, - იდუმალი ხმით წარმოვთქვი.
- ხანდახან მართლა ასწორებს, განსაკუთრებით, სექსის დროს, განსხვავებულ ტალღაზე გაყენებს, მუხტს გმატებს, - ეშმაკურად შემომხედა, - კარგი იქნება, რომ არსებობდეს «ქარი გამოძახებით».
- უკვე არსებობს, - მრავალმნიშვნელოვნად ვთქვი და გვერდით მივუჯექი.
- როგორც კი ორმოცი დამთავრდება, ჩემთან გადმობარგდები, - უცებ დაუსერიოზულდა სახე, - ქორწილამდე ვერ მოვიცდი.
სახეზე წამოვწითლდი.
- რა იყო, არ მოგწონს ჩემი წინადადება? - გემრიელად ილუკმებოდა ბექა, თან თვალს არ მაცილებდა.
- როგორ არა, ამაზე უკეთესს რას შემომთავაზებდი, - ბედნიერებისაგან ფრთაშესხმულმა თავი მხარზე მივადე.
- რა-ას? ვიცი, რასაც. ავდგეთ და ახლავე ლოგინში გადავინაცვლოთ. წუხელ შენი სექსუალური შესაძლებლობები კარგად ვერ შევაფასე. კიდევ ერთხელ უნდა ვნახო, რა შეგიძლია.
სიცილი ამიტყდა. ბექამ ხელში ამიტაცა და საძინებლისკენ გამაქანა.
- ბექა, მართლა არასდროს გიფიქრია ჩემი მიტოვება? - ჩურჩულით ვკითხე, სანამ ტანსაცმელს მხდიდა.
- მიტოვება?.. სულაც არა, - ჩურჩულითვე მიპასუხა, - ასეთი სიტყვა ჩემს ლექსიკონში არ არსებობს…
და ისევ ალერსის ბურანში გამხვია.
ისევ ატრიალდა სამყარო.
ისევ სხვა განზომილებაში აღმოვჩნდით ორივე.
და ისევ ქროდა ქარი…
დასასრული