მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ამას ნატრობდა, ამწუთას პროტესტის გრძნობა გაუჩნდა. დაქალი ყველანაირად ცდილობდა იმის ხაზგასმას, რომ ნანათეს ქმარი სჭირდებოდა. დამცირებულად იგრძნო თავი. სულაც არ უნდოდა ილიას ეფიქრა, რომ ნანათეს სასწრაფოდ უნდოდა გათხოვება. არა, გათხოვება როგორ არ უნდა, მაგრამ არც ისე ძალიან, რომ ილიასნაირზე გააკეთოს გათვლები.
_ რა, არ გიზიდავთ სოფლის ცხოვრება? _ გამოხედა ილიამ.
_ როგორც ასეთი, უარს არ ვიტყოდი… თუმცა, გააჩნია, რა შემთხვევაში, _ ახლა უკვე მშვიდად წარმოთქვა.
_ შენი ქალიშვილი რას შვრება, მუშაობს სადმე, თუ სწავლობს? _ მიხვდა, რომ გადაამლაშა და სასწრაფოდ სხვა თემაზე გადაიტანა ცისიამ საუბარი.
ამასობაში ნანათემ დრო იხელთა და კიდევ ერთი ჭიქა დალია. როგორ უნდოდა დამთვრალიყო. ასე ძალიან არასდროს გასჩენია დათრობის სურვილი.
_ სწავლობს, მეორე კურსზეა, ჟურნალისტიკაზე.
_ მეორეზე? მოიცა, რამდენი წლისაა?
_ 19-ის.
_ 19-ის? უი! მე მეტის მეგონა!
_ არა, მეტის არაა, თუმცა, უკვე შეყვარებულია და მაინცდამაინც არ მომწონს ეს.
_ რატომ, ილია, ახალგაზრდა გოგოა, კი უნდა ჰყავდეს შეყვარებული. უშლი შეხვედრას? _ არ ცხრებოდა ცისია.
კახა უკმაყოფილო სახით შეჰყურებდა ცოლს. შენიშვნის მიცემა არ უნდოდა, რომ მეგობრის თვალში არ დაემცირებინა, არადა, ვერ გააჩერა.
_ არ ვუშლი, მაგრამ არც ვუწონებ. ჯერ ბავშვია. ვიცი ეგ ასაკი. ცოტა ხანი გაივლის და მერე უცებ გათხოვება მოუნდება. მეც ეგრე დამემართა, ადრე დავქორწინდი.
_ მერე რა არის ამაში ცუდი? ნაადრევი ყველაფერი კარგია, სიკვდილის გარდა.
_ გეთანხმები… სწორედ რომ სიკვდილის გარდა, _ ისე სევდიანად წარმოთქვა ილიამ, ნანათეს გული მოუკვდა.
ცისია მიხვდა, რომ ცუდად გამოუვიდა და მისმა ნათქვამმა ქმრის მეგობარს გარდაცვლილი მეუღლე მოაგონა, ამიტომ კახას მიუბრუნდა, სადღეგრძელო შეგვაწიე, ყელი გაგვიშრაო…
ამის შემდეგ საუბარი ვერა და ვერ აეწყო. ილია თითქოს კვლავ თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა. ქალებისკენ აღარც გამოუხედავს. კახას სადღეგრძელოს გაიმეორებდა, ბოკალს მიუჭახუნებდა და სვამდა.
ნანათემ და ცისიამ მალე ზედმეტად იგრძნეს თავი მამაკაცების კამპანიაში, ამიტომ სამზარეულოში გავიდნენ, ყავა მოიდუღეს და თავიანთთვის მოკალათდნენ.
_ იმიტომ ჩქარობს ცოლის მოყვანას, რომ შვილი უკვე დიდი გოგოა, გათხოვდება და თვითონ სულ მარტო დარჩება. ვიღა მოუვლის? ძალიან მეცოდება, პატარა ხომ აღარ არის. კარგი ვარიანტია, ნან, არც დაფიქრდე, იცოდე!
_ გამაგიჟებ მე შენ! ისე მეუბნები, თითქოს ამაღამვე თავის სახლში მივყავდე!
ამ დროს ილიამ დააკაკუნა და კარი შემოაღო.
_ ცისი, მივდივარ, დასამშვიდობებლად მოვედი.
_ უი, უკვე? სად მიგეჩქარება?
_ გვიანაა უკვე, ხვალ სამსახური მელის.
_ იქნებ ნანათეც გაიყოლო? ბარემ… _ აღარ დაამთავრა სათქმელი.
_ არა, რა საჭიროა, მე ტაქსის გამოვიძახებ! _ შორს დაიჭირა ნანათემ.
_ სიამოვნებით, ჩემთვის შენი დაქალის წაყვანა პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს, _ თქვა ილიამ და შეუმჩნევლად ჩაიღიმა.
«ალბათ სულაც არ დარჩა აღტაცებული, მაგრამ უარის სათქმელად საზრიანი ვერაფერი მოიფიქრა», _ სინანულით გაიფიქრა ნანათემ…
8 8 8
გარეთ თან თოვდა, თან წვიმას აყოლებდა.
_ რა არეული ამინდია, _ ჩაილაპარაკა ილიამ, როცა მანქანაში ჩასხდნენ.
_ ვერ ვიტან თოვლჭყაპს, _ დაიჯღანა ნანათეც და მაშინვე მიხვდა, რომ სიმთვრალისგან ენას ძლივს ატრიალებდა პირში.
როგორც ჩანს, სუფთა ჰაერზე უფრო მოერია სასმელი, რადგან ისე მოვიდა აქამდე, ერთი არ წაუბორძიკებია.
_ უსაფრთხოების ქამარი არ დაგავიწყდეთ!
_ ამ შუაღამისას ეს აუცილებელია? გარედან ვინ დაინახავს! ვერ ვიტან ამ ქამრებს. ასე მგონია, დაბმული ვარ! _ ძლივძლივობით წარმოთქვა.
_ ღამით უკეთ ხედავენ, სხვათა შორის! ამიტომ გააკეთეთ, რაც გითხარით! _ გაღიზიანდა ილია.
_ დიახ, გასაგებია, _ შეცბა ნანათე და ღვედი რის ვაივაგლახით შეიკრა.
_ სად ცხოვრობთ?
ნანათემ მისამართი უკარნახა. მამაკაცმა მანქანა დაძრა და ნელი სვლით გაუყვა ქუჩას. ერთხანს არც ერთს ხმა არ ამოუღია. ნანათე წამწამებს ქვემოდან მალულად გახედავდა ხოლმე თავის უფროსს. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ამოილუღლუღა.
_ რატომ არ უთხარით ცისიას და კახას, ერთმანეთს რომ ვიცნობდით?
მამაკაცმა ირიბად გამოხედა.
_ ალბათ იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც თქვენ არ უთხარით, _ მიუგო, _ ჩემი აზრით, ასე უფრო არ შეიქმნებოდა უხერხული სიტუაცია.
მისი ხმა იმდენად «არამეგობრულად» ჟღერდა, ნანათემ ხმა გაიკმინდა. მიხვდა, რომ მამაკაცი ვერ იყო გუნებაზე.
ერთხანს ჩუმად იყო, მერე მაინც არ მოუთმინა გულმა.
_ ალბათ ძნელია, შვილის მარტო გაზრდა, არა?
_ ჰო… თვეების იყო ლიკატო, ჩემი მეუღლე რომ დაიღუპა. ძიძას ვერ ვანდობდი თოთო ბავშვს. ჩემი და მეხმარებოდა, სანამ წამოიზრდებოდა. მერე კი მარტოც მშვენივრად გავართვი თავი, მივეჩვიე.
ილიას ხმაში არანაირი ემოცია არ იგრძნობოდა. ნანათეს ძალიან შეეცოდა მამაკაცი და ლიკატოც, რომელმაც დედის სითბო არ იცოდა, რა იყო.
რაც ილიასთან დაიწყო მუშაობა, მისი ქალიშვილი ერთხელაც არ გამოჩენილა ოფისში, არც მათ ტელეფონზე საუბარს შესწრებია. ნეტავ, როგორი გოგოა? თუ უფასებს მამამისს ამაგს?
_ აი, აქ გამიჩერეთ, _ საჩვენებელი თითი წინ გაიშვირა ნანათემ, _ ფეხით გავაგრძელებ მერე გზას.
_ რომელია თქვენი კორპუსი?
_ ჩასახვევში, მაგრამ იქ პარკირების ადგილს ვერ იპოვით, სულ ჩახერგილია მეზობლების მანქანებით. ჯობია, აქ ჩამოვიდე.
ილიამ დაამუხრუჭა. ნანათემ კარი გამოაღო.
_ დიდი მადლობა, იმედია, ძალიან არ გაგიმრუდეთ გზა.
გადმოვიდა თუ არა მანქანიდან, წვიმამ ერთიანად დაასველა და ინსტინქტურად წამოიძახა.
_ ღმერთო! რა საშინელი ღამეა!
_ მოიცადეთ, გაგაცილებთ, ქოლგა მიგდია უკან! _ შეაყოვნა ილიამ.
_ არ არის საჭირო, ყველაფერი რიგზეა.
ილიამ უკანა სავარძელზე მოაფათურა ხელი, ქოლგა გადმოიღო, თვითონაც გადავიდა მანქანიდან და ნანათე გაშლილი ქოლგის ქვეშ შეიფარა.
_ რომელია თქვენი კორპუსი?
_ აი, ის, ვარდისფერი, _ თავით ანიშნა ქალმა და შეეცადა, მაღალ ქუსლებზე ფეხის აურევლად გაევლო.
_ რატომ უფრო მოხერხებული ფეხსაცმელი არ ჩაიცვით? _ თითქოს უსაყვედურა უფროსმა.
_ რომ მცოდნოდა, იქ თქვენ დამხვდებოდით, ეგრეც მოვიქცეოდი! _ მიუგო შენიშვნით განაწყენებულმა და ფეხს აუჩქარა.
_ ეგ რომ გცოდნოდათ, ალბათ არც მოხვიდოდით, _ შეუსწორა ილიამ.
_ ეგეც მართალია, _ თვითონაც დაეთანხმა.
როგორც იქნა, მიადგნენ კორპუსს. ნანათემ რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა და სადარბაზოს კართან შედგა.
_ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ მომიყვანეთ, _ ხმა გაინაზა დამშვიდობებისას.
ახლა ილიას ჯერი იყო, მას უნდა ეთქვა, რომ მისთვის ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ერთად მგზავრობა და რომ სულაც არ გამრუდებია გზა და ა.შ.
_ ხვალ შევხვდებით, _ მხოლოდ ეს თქვა გოკიელმა, თანაც საკმაოდ მშრალად.
ჰოდა, ძალიანაც კარგი. არც ნანათე შეიპატიჟებს შინ, ფინჯან ყავაზე!
_ ყველაფერ ამის შემდეგ, მაინც შეგრჩათ სურვილი, თქვენთან ვიმუშაო? _ ჰკითხა და პასუხის მოლოდინში გაქვავდა.
_ ეს მოგვიანებით გავარკვიოთ, _ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა მამაკაცმა.
_ ვიცი, რომ არ მოგწონვართ, როგორც ჩანს, ვერ გავართვი საქმეს თავი.
_ რომ გითხრათ, საოცარი უნარი გაქვთ-მეთქი, ტყუილი გამომივა, მაგრამ ჯერჯერობით უკეთესი კანდიდატურა არ მყავს, სანამ ჩემი ძველი მენეჯერი არ დაბრუნდება სამსახურში. ამ ეტაპზე სხვა არჩევანი არ მაქვს.
_ უღრმესი მადლობა ასეთი გულახდილობისთვის.
_ იცით რა? მე უკვე ბევრი რამ მოვისმინე თქვენი მეგობრებისგან. თურმე არც თქვენ მოგწონვართ, ჯოჯოხეთად მიგაჩნიათ ჩემთან მუშაობა, საშინელ ადამიანად მიგაჩნივართ. ასე რომ, ჩვენ ორივემ ვიცით, რა აზრის ვართ ერთმანეთზე. არც თქვენ გინდათ სამსახურის დაკარგვა, მეც სხვა გამოსავალი არ მაქვს, უნდა დაგტოვოთ თანამდებობაზე. ამიტომ ფაქტი ფაქტად რჩება. დროებით კვლავ ერთად მოგვიწევს მუშაობა.
_ როგორც ჩანს, ჩიხში ვართ მომწყვდეული, _ შენიშნა ნანათემ.
_ სრულ სიმართლეს ღაღადებთ. ამიტომ ორივე ვეცადოთ, შექმნილი სიტუაციიდან სარგებელი ვნახოთ, _ მამაკაცმა თვალი თვალში გაუყარა, _ გირჩევთ, ბევრი წყალი დალიოთ, სანამ დასაძინებლად დაწვებით, ხვალ უამრავი საქმე გვაქვს. თან, არ დააგვიანოთ!
ნანათემ მწარედ გაიღიმა, თავი დაუქნია უფროსს თანხმობის ნიშნად და სადარბაზოში მიიმალა.
8 8 8
მაღვიძარამ რომ დარეკა, ცალი თვალი გაახილა და საათს გახედა. დაფეთებული მაშინვე წამოხტა, რადგან მიხვდა, რომ დღესაც დააგვიანებდა სამსახურში. ახლაღა შეიგრძნო, რომ საშინლად უსკდებოდა თავი, თითქოს ვიღაცა დანას ურჭობსო საფეთქლებში. მაჯისცემა აჩქარებოდა. გულიც ერეოდა და საშინელ გემოს გრძნობდა პირში. ამწუთას საუკეთესო გამოსავალი სიკვდილი იქნებოდა, სხვა ვერაფერი უშველიდა. უარესი კი სამსახურში ელოდა, თუკი ახლაც გვიან მივიდოდა. აჯობებდა, ტაქსით წასულიყო, იქნებ მიესწრო!
მეკო არსად ჩანდა. წუხელ რომ მოვიდა, ეძინა და არ გააღვიძა. ალბათ მაღაზიაში თუ ჩავიდა პურზე. ფართხაფურთხით ჩაიცვა, თმა გადაივარცხნა და იმაზე დაიწყო ფიქრი, კარი ჩაეკეტა თუ ღიად დაეტოვებინა. ვაითუ, მეკოს გასაღები თან არ ჰქონდეს წაღებული, გარეთ არ დატოვოს გოგო! მობილურს დაუწყო ჩანთაში ძებნა, დაქალის ნომერი აკრიფა და დაელოდა. მეკოს ტელეფონის ზარი საძინებლიდან გაისმა. როგორც ჩანს, თან არ წაუღია. ჯანდაბას! რაც არის, არის, არ დაკეტავს კარს, მიხურულს დატოვებს. ამ დილაუთენია ვინ მოვა ბინის გასაქურდად!
სირბილით დაეშვა კიბეზე. ქუჩაში გამოსულმა პირველივე ცარიელი ტაქსი გააჩერა და მძღოლს სამსახურის მისამართი უკარნახა.
ზუსტად ერთი წუთით ადრე შეაღო ოფისის კარი. ზუსტად ერთი წუთით ადრე გამოცხადდა სამსახურში. თავის ოთახში შევარდა, ლაბადა სკამზე მიაგდო, ჩანთაც და გეზი პირდაპირ ილიას კაბინეტისკენ აიღო.
_ დილა მშვიდობისა, _ დარცხვენილი მიესალმა უფროსს, რომელიც კომპიუტერის ეკრანს მისჩერებოდა.
_ საშინლად გამოიყურებით, _ მისალმების მაგივრად, «შეამკო» უფროსმა.
_ ვიცი… ძალიან ცუდად ვარ, ბატონო ილია, _ ჩახრინწული ხმით მიუგო.
_ იმედია, თანაგრძნობას არ მოელით ჩემგან.
_ არა, ასეთი საოცრების მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს, _ უპასუხა ნანათემ და გაღიმება სცადა, _ მთავარია, რომ არ დავაგვიანე.
_ იქნებ ცოტა აზრზე მოხვიდეთ? დღეს ბევრი საქმე გვაქვს, _ გააფრთხილა გოკიელმა და მრავალმნიშვნელოვანი მზერა ესროლა.
_ აი, ყავას დავლევ და ყველაფერი დალაგდება, ეგრევე გამოვფხიზლდები, _ გამოცოცხლდა ნანათე, რადგან უფროსმა საყვედურებით არ აავსო და ხელი კეფაზე დაიდო, თითქოს ამით თავის ტკივილის შეჩერებას შეძლებდა.
_ ათ წუთს გაძლევთ! _ უპასუხა ილიამ და კომპიუტერს მიუბრუნდა.
ნანათემ ყავა მოიდუღა, ჩქარ-ჩქარა დალია, მაგრამ მიხვდა, რომ ამან არ უშველა. უშველა კი არა, პირიქით, უარესად გახადა. სასოწარკვეთილი მაგიდაზე დაემხო და ხელები თავზე შემოიწყო.
_ წუხელ არ დალიეთ წყალი დაწოლის წინ, არა? _ მოულოდნელად ილიას ხმა გაისმა. მამაკაცი შეუმჩნევლად შემოსულიყო ოთახში.
_ არა, _ ჩაილუღლუღა ნანათემ და წამოდგა.
_ აი, ტკბილი ჩაი დალიეთ და ეს ასპირინი მიაყოლეთ, ცოტას მაინც გიშველით, _ გოკილემა ფინჯანი წინ დაუდგა ქალს და იქვე ჩამოჯდა.
_ გმადლობთ, _ სირცხვილისგან აფორაჯებულმა თვალი აარიდა უფროსს და ასპირინის აბი გამოართვა.
სანამ ნანათე ჩაის სვამდა, ილია რაღაც თაბახებს ჩასცქეროდა მოღუშული სახით. სულ ასეთი კუშტი სახით დადის ეს კაცი, თუ მხოლოდ მასთან იღუშება? _ გაიფიქრა ნანათემ. ისედაც სულ აგვიანებს სამსახურში, ახლა კი ეს «პახმელიაც» დაემატა. ეგღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის.
_ დალიეთ და შემოდით ჩემთან, დროში ვერ ვეტევით, _ ცივად უთხრა უფროსმა და ოთახიდან გავიდა.
ნანათემ საწყლად ამოიკვნესა და საფეთქლები დაიზილა.
8 8 8
ნახევარი საათის შემდეგ ილიას კაბინეტის კარი კვლავ შეაღო.
_ უკეთ ხართ? _ გამომცდელი მზერა შეავლო მამაკაცმა.
_ ცოტა კი.
_ ძალიან კარგი, _ გოკიელმა საქაღალდე აიღო და გადაშალა, _ რატომ სვამთ ამდენს, თუკი იცით, რომ მეორე დღეს ცუდად გახდებით?
_ საერთოდ არ ვსვამ ბევრს. წუხელ არ ვიცი, რამ მომიარა… ვიფიქრე, ცოტას განვიტვირთები-მეთქი. თქვენ არ გაწუხებთ ხოლმე ნაბახუსევი?
_ მე ჩემი ზომა-წონა ვიცი და ზედმეტს არასდროს ვსვამ.
_ ნეტავ საერთოდ არ მოსულიყავით წუხელ, მეც ავცდებოდი დალევას.
_ მე იმიტომ მოვედი, რომ კახამ მთხოვა. მითხრა, ცისიას კარგი დაქალი ჰყავს და დროს სასიამოვნოდ გავატარებთო. მე ერთ მორიდებულ, სანდომიან გოგონას ველოდი და არა მკერდმოღეღილ, სულელურ ქუსლებზე შემდგარ ქალბატონს, რომელსაც დალევისკენ აქვს მიდრეკილება!
აჰა! ესე იგი, მაინც შეამჩნია მისი დეკოლტე! მთლად «დაუნახავი» არ ყოფილა!
_ მეც ეგრე მითხრეს, ძალიან საყვარელ და საინტერესო მამაკაცს გაგაცნობთო… სხვა დროს არ წამოვეგები ასეთ პროვოკაციაზე! _ სამაგიერო გადაუხადა ნანათემ.
ილია უხერხულად შეიშმუშნა.
_ მშვენიერი აზრია, _ წაილუღლუღა თავისთვის.
_ აი, თქვენც მეთანხმებით, ხომ ხედავთ! _ ნიშნის მოგებით მიუგო ქალმა.
_ როგორც ჩანს, მართლა უკეთ ხართ, რაკი ლაპარაკის უნარი დაგიბრუნდათ. შევუდგეთ მუშაობას. ოღონდ იქამდე ერთ რამეზე შევთანხმდეთ. გუშინდელმა საღამომ სარგებლობა არც თქვენ მოგიტანათ და არც მე, ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ის არც ყოფილა. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.
ნანათემ თავი ჩაკიდა. სხვა გამოსავალი არა აქვს, თორემ ამ კაცთან ერთი დღე არ იმუშავებდა! როგორ დელიკატურად აყენებს შეურაცხყოფას!
_ ელისო ორ-სამ კვირაში დაბრუნდება სამსახურში ალბათ. იქამდე როგორმე უნდა გავუძლოთ მე და თქვენ ერთმანეთს, _ ყოველი შემთხვევისთვის აღნიშნა ილიამ.
_ გამოდის, დიდხანს არ მოგიწევთ ჩემით ტანჯვა, არა? _ მიუხედავად იმისა, რომ ამ კაცს ვერ იტანდა, მაინც სინანული გაისმა მის ხმაში.
_ მე ეგ არ მითქვამს…
_ მაგრამ იგულისხმეთ. ერთი სული გაქვთ, როდის გათავისუფლდებით ჩემგან.
_ მე მგონი, ეს სურვილი ორმხრივია. ასე არ არის? თუ მეჩვენება?
_ არა, ასეა.
_ იქნებ ახლავე გინდათ სამსახურიდან გათავისუფლება? არ მოგერიდოთ! _ ირონიულად შეეკითხა უფროსი.
_ არა, _ თავი გადააქნია შეშინებულმა, მიხვდა, რომ მისმა შეკითხვამ კედელთან მიაყენა, _ სამწუხაროდ, ამწუთას სხვა არჩევანი არ მაქვს.
_ ესე იგი, ორივე ერთ ტაფაში ვიწვით, _ დაასკვნა ილიამ, _ და აღარ გვინდა ამ საუბრის გაგრძელება. მოდი, ამ ხელშეკრულებას გადავხედოთ და მოვიფიქროთ, რა შევცვალოთ კონტრაქტში. ხვალ უკვე ვადა გაუდის და ახალი გვექნება გასაფორმებელი…
მთელი სამი საათი თავაუღებლად იმუშავეს. როცა საქმეს მორჩნენ, ნანათეს სხეული აღარ ემორჩილებოდა.
_ ცოტა დაისვენეთ და ეს საბუთები წესრიგში მოიყვანეთ, _ თქვა ბოლოს ილიამ და წამოდგა, _ მე შეხვედრაზე მივდივარ. იმედია, საღამომდე გამზადებულს დამახვედრებთ!
კარისკენ მიმავალ უფროსს ნანათე დაეჭყანა. რას იცინებს, ახლა რომ შემობრუნდეს გოკიელი და მისი დაჭყანული სიფათი დაინახოს. კარგი დღე კი დაადგება!
რამდენიმე წუთის შემდეგ თვითონაც გამოვიდა უფროსის კაბინეტიდან, თავის ოთახში გადაბარგდა, საქაღალდე გამოიყოლა, მაგიდაზე დადო და ყავის მოდუღებას შეუდგა. კიდევ ერთი ფინჯანი თუ არ დალია, ვეღარ იაზროვნებს! შემდეგ ჩაფიქრებული მაგიდას მიუჯდა და თითები თმაში შეიცურა.
ამ დროს კარი გაიღო და თამრიკო შემოვიდა, ილიას მდივანი, რომელიც რამდენიმე დღეა, არ გამოჩენილა.
_ ნანათე, როგორ ხარ?
_ უი, თამრი! სად ხარ დაკარგული? რატომ არ ჩანდი?
_ სიცხე მქონდა. ისეთი ვირუსი შემეყარა, მთელი კვირა ლოგინად ჩამაგდო. ხვალიდან შევუდგები მუშაობას, დღეს ისე გამოგიარეთ. რას შვრები, როგორაა საქმეები? გამოგაშტერა?
_ გამომაშტერა ძალიან რბილი ნათქვამია. ბოლო მომიღო, რომ იტყვიან! მაგის მოსაწონი ვერაფერი გავაკეთე.
_ ეგ ელისოს იქით ვერავის ხედავს. ასე ჰგონია, მის გარდა, ვერავინ გაუკეთებს საქმეს ისე, როგორც თვითონ მოსწონს.
_ და ვინ არის ეს ელისო ამისთანა?
_ არის რა, დიდი არაფერი, მაგრამ საქმე მართლა იცის.
_ უყვარს?
_ ვის, ილიას? არა, რას ამბობ! სად შეუძლია მაგას სიყვარული. იმ ელისოს კი მოსწონს, მგონი, რაღაც ისე ეპრანჭება…
_ იქნებ ამასაც მოსწონს, შენ რა იცი.
_ არა, გოგო… ამას ისეთი სიმწარე აქვს ნანახი, რა ესიყვარულება… ვერ ხედავ, უცოლოდ დაბერდა, ამდენი წელია, ქალისკენ არ გაუხედავს.
_ მაგის ცოლი როგორ დაიღუპა, იცი?
_ ვინ არ იცის! იცი, რა საცოდავი კაცია?
_ მომიყევი, რა?! მანამდე მე ყავას მოგიდუღებ.
_ მოგიყვები, რა პრობლემაა. ოღონდ ყავა არ მინდა, ჩაი თუ გაქვს, ჩაის დავლევ.
_ მაქვს. ახლავე გაგიმზადებ!
_ ილია აფხაზეთის ომში იბრძოდა. ცოლი რამდენიმე წლის მოყვანილი ჰყავდა მაშინ, მაგრამ შვილი არ ეყოლათ. უფრო სწორად, მაიკოს არ უნდოდა ბავშვი, ჯერ ინსტიტუტს დავამთავრებო. 4 წლით უმცროსი იყო ილიაზე, თან დედისერთა. ის დედაც მხარს უბამდა, სად გეჩქარება, ჯერ დაამთავრე, ბავშვის გაჩენას ყოველთვის მოასწრებო. არადა, ეს გიჟდებოდა, ისე უნდოდა შვილი. ამაზე ხშირად კამათობდნენ. ილია თვითონაც დედისერთაა და ამიტომ ჰქონდა ბავშვებზე გართულება, უნდოდა, ბევრი შვილი ჰყოლოდა. ჰოდა, მოუწია ბოლოს ომში წასვლამ. ეს გოგო, ახლა რომ ჰყავს, გგონია, მაგის შვილია?
_ როგორ? აბა ვისი შვილია? _ გაუკვირდა ნანათეს.
_ დამაცადე, მოგიყვე! _ თამრიკომ ჩაი მოხვრიპა და გააგრძელა, _ იქ ვიღაცას დაუძმაკაცდა, სოხუმელ მებრძოლს. იმ ბიჭს რუსი გოგო ჰყვარებია, ნადია, რომელიც სოხუმში ხშირად ჩამოდიოდა და თვეობით რჩებოდა ხოლმე. ეს გოგო თურმე ორსულად ყოფილა, როცა ომი დაიწყო, დღე-დღეზე ელოდებოდა ბავშვს და უკან გაბრუნება ვერ მოუსწრია. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაუჭრიათ ეს ბიჭი, თან სასიკვდილოდ და ილიასთვის უთხოვია, ყურადღება მიაქციე ნადიას, მალე იმშობიარებს და არ მიატოვო, სხვა მეტი აქ არავინ ჰყავს ახლობელიო. თავისი მშობლები უკვე გახიზნული ჰყოლია. ამასაც მიუცია პირობა, გვერდიდან არ მოვშორდებიო და მართლაც, მალევე უმშობიარია ნადიას. ისე ინერვიულა თურმე, შეყვარებული რომ მოუკლეს, უფრო ადრე დაწყებია სამშობიარო ტკივილები. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და გოგო დაბადებულა. ნადიას უთქვამს, მე ბავშვს თან ვერ წავიყვან, ჩემები სახლში არ შემიშვებენ, ეს რომ გაიგონო და შვილზე უარი უთქვამს. არადა, ცხარე ცრემლებით ტიროდა თურმე. კოცნიდა ამ თავის შვილს, გულში იხუტებდა, როცა ემშვიდობებოდა.
_ და სად წავიდა?
_ რა ვიცი, ალბათ რუსებს შეეკედლა. მაგას ვინ რას ეტყოდა, რუსეთის მოქალაქე იყო და ხელს არავინ დააკარებდა.
_ მერე, მერე?
გაგრძელება იქნება