აბსოლუტური წარმატება, ყურადღება და სიყვარული - ასე დაიწყო ჰეზერ ლოკლირის ისტორია და შემდეგ სულ სხვაგვარად განვითარდა. დღეს ჰეზერს ბევრი პრობლემა აქვს – კანონთან, საყვარელ ადამიანებთან და საკუთარ თავთან.
ჰეზერი საზღვაო ძალების ოფიცრის ოჯახში დაიბადა. მშობლები საკმაოდ მკაცრად ზრდიდნენ. ბავშვობაში მსახიობობაზე არც კი უოცნებია და უნდოდა პილოტი გამხდარიყო.
პოპულარობა
წარმატება მაშინ მოვიდა, როდესაც რეჟისორმა აარონ სპელინგმა მიიწვია სერიალ „დინასტიის“ გადასაღებად - 1981 წელს მილიონობით მაყურებელი მთელ მსოფლიოში სუნთქვაშეკრული უყურებდა ქერინგტონის ოჯახში განვითარებულ მოვლენებს. სერიალში ჰეზერი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის დისშვილის, ფულისა და ფუფუნების მოყვარული სემი ჯოს როლს ასრულებდა.
პირადი
თუმცა, კარიერაზე მეტად, საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის მისი პირადი ცხოვრება იმსახურებდა. ტომ კრუზთან რომანი ტომ ბაიომ შეცვალა, ბოლოს კი მის ცხოვრებაში მარკ ჰარმონი გამოჩნდა - მარკის მამა კატეგორიული წინააღმდეგი იყო მათი ურთიერთობის და თვლიდა, რომ ქორწინება შვილის კარიერას გაანადგურებდა. ამიტომ წყვილი დაშორდა.
ამის შემდეგ ტომი ლის შეხვდა - ქორწინების 7 წლის განმავლობაში ჰეზერი გახდა ალკოჰოლზე დამოკიდებული და გაიგო, როგორი იყო საყვარელი ადამიანის ღალატი. ასეთი ურთიერთობა მარცხისთვის იყო განწირული.
ჰეზერის ახალი საქმრო რიჩი სამბორი, ჯგუფ Bon Jovi-ს გიტარისტი გახდა. სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა - ყურადღებიანი, მგრძნობიარე. მაგრამ თავად ჰეზერი ისეთი აღარ იყო... წინა ურთიერთობამ მუდმივ წვეულებებთან, ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან ძალიან დიდი კვალი დატოვა მასზე. რიჩი ამის ატანას არ აპირებდა და განქორწინება მოითხოვა.
მსახიობის ცხოვრება უარესობისკენ წავიდა - პოლიციის განყოფილებაში უფრო ხშირად ნახავდით, ვიდრე წითელ ხალიჩაზე. ფსიქიატრიულ კლინიკაშიც აღმოჩნდა, თუმცა ბოლოს მაინც ძველ ჩვევებს დაუბრუნდა.
დღეს მსახიობი თითქმის აღარ ჩნდება საზოგადოებაში, არ თანხმდება ინტერვიუებს და როგორც ჩანს, რეჟისორები მასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ.