დილით სამსახურში მისულ ნანათეს იმდენი საქმე დაახვედრა ილიამ, მთელი დღე თავი ვერ ასწია. თან თამრიკოც არ მოვიდა და უფროსის ყავის მოდუღებაც მის მოვალეობაში შევიდა.
როგორ დაიღალა… ბოლოს იმასღა ნატრობდა, ჩქარა გასულიყო დრო, რომ შინ გაქცეულიყო. «ეჰ… რამეს კი შეჭამდა ახლა კაცი!» - ამის გაფიქრება და გოკიელმა კარი შემოაღო.
- ისადილეთ? - ალმაცერად გახედა მამაკაცმა.
- არა, - მორიდებით გააქნია თავი.
- რატომ?
- ვერ მოვასწარი.
- ეგრეც ვიფიქრე. ეს თქვენ, - თქვა და ყავისფერი ქაღალდის პაკეტი მის მაგიდაზე შემოდო.
ქალმა გაკვირვებული მზერა შეავლო ჯერ უფროსს, მერე - ძღვენს.
- გახსენით და ისადილეთ… თუ ისამხრეთ, რა ვიცი, როგორ ჰქვია! - უხერხულად ჩაახველა ილიამ.
ნანათემ პაკეტში ჩაიხედა. ორი ცალი ჰამბურგერი იდო შიგნით.
- დიდი მადლობა…
- არ მინდა, შიმშილისგან გული წაგივიდეთ, თან გუშინდელი ნაბახუსევი იქნებით და დღესაც გამოგყვებოდათ, - გაიხუმრასავით უფროსმა.
მაინც უფიქრია მასზე… ნანათეს ჟრუანტელმა დაუარა. ამ კაცის გამო შეკანკალება ცუდია, ძალიან ცუდი! და სწორედ ამ დროს გაახსენდა მეკოს ნათქვამი: «ნუ იზამ ამას, ნანათე!»
შეცბუნებულმა ტუჩები ერთმანეთს გაუსვა და თაბახების დასტა გადასცა ილიას.
- თქვენი დავალება შესრულებულია. ყველა ფირმის ფინანსური აღრიცხვა აქ არის, ბოლომდეა შემოწმებული.
- და ხვალინდელი დღის განრიგი?
- ისიც მზად არის, ამათში დევს. ორი ხელშეკრულება დამრჩა და იმასაც მალე მოვრჩები.
- კარგად გიმუშავიათ, ყოჩაღ! - მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად შეაქო გოკიელმა მენეჯერი.
ნანათეს სული დაუთბო უფროსის შექებამ. ო, ღმერთო! ფრთხილად, ნანათე, ცეცხლს ეთამაშები! - შეუძახა თავის თავს და გაწითლებულმა თავი ჩაღუნა.
ილია გავიდა თუ არა, თვალები დახუჭა, აბაგუნებული გული დაიწყნარა, ერთი ცალი ჰამბურგერი შეჭამა და მუშაობა გააგრძელა.
როცა წერას მორჩა, უკვე 5 საათი იყო დაწყებული.
უფროსის კაბინეტის კარზე დააკაკუნა და მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, როცა ნებართვა მიიღო.
- აი, ესეც დავამთავრე და მოვიტანე! - თქვა და ხელშეკრულებები მაგიდაზე დაუდო.
- კარგი გოგო ხართ! - კიდევ ერთხელ შეაქო ილიამ.
რა გულუხვია დღეს! - გულში გაიღიმა მენეჯერმა, ხმამაღლა კი მხოლოდ მადლობა გადაუხადა კმაყოფილ ბოსს.
- რაო ჩემმა ქალიშვილმა, თავი ხომ არ მოგაბეზრათ გუშინ? - ვითომ სხვათა შორის იკითხა ილიამ.
- არაჩვეულებრივად აღზრდილი გოგონა გყავთ, მოვიხიბლე! - ყურებამდე გაიღიმა ნანათემ, - შეგიძლიათ იამაყოთ.
- ვერ ვიტყვი, რომ ამწუთას რასაც განვიცდი, იმას მაინცდამაინც სიამაყე ჰქვია, - ცოტა არ იყოს, გაღიზიანებულმა უპასუხა, - მაგრამ უკმაყოფილოც არ ვარ. ბოლო ხანებში ძველებურად ვეღარ ვრიგდებით. ჯიუტად ცდილობს, თავისი გაიტანოს.
- ასაკის ბრალია, გაუვლის. ბრწყინვალე ბავშვია, შეგნებული, გონიერი. მიხარია, რომ გავიცანი.
- დიდი მადლობა, - ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა მამაკაცმა, - მაშ ასე, გავაგრძელოთ საქმე. ვინმეს ხომ არ დაურეკავს?
- ფირანიშვილის მდივანმა დარეკა. როცა დაბრუნდება, შემეხმიანოსო.
ილიამ კითხვით სავსე მზერით ახედა.
- ვუთხარი, შეხვედრაზეა და ჯერ არ დაბრუნებულა-მეთქი, - მორცხვად აიწურა მხრები.
- ეშმაკობა თამრიკომ გასწავლათ?
- არა, ჩემით ვისწავლე, - ღიმილი ვერ შეიკავა ნანათემ.
- რა უნდა ფირანიშვილს, ნეტავ? - თავის თავს უფრო ჰკითხა გოკიელმა, ვიდრე მენეჯერს.
- უნდა, რომ საღამოს შეხვდეთ. სანამ კონტრაქტს გავაფორმებთ, რამდენიმე პუნქტს გადავხედოთო.
- ესე იგი, მომიწევს შეხვედრა. ამ კონტრაქტის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, მაგრამ ლიკატოს რა ვუყო?
- ლიკატოს რა მოუვიდა?
- როგორც ჩანს, გაცივდა. სიცხე აქვს. წეღან ველაპარაკე, ისევ ამიწიაო.
- რას ამბობთ! ჩემთან ხომ არ გაცივდა?
- თქვენთან რატომ, გათბობა არ გაქვთ?
- როგორ არა, გაზის გამათბობელი გვაქვს ჩართული.
- ჰოდა, თქვენ არაფერ შუაში ხართ. წუხელ ძაღლი გაასეირნა და იმდენი ურბენიათ, რომ გაოფლიანდა. თან თავზე არ ეხურა. სულ ამაზე გვაქვს ჩხუბი. ქუდები არ უყვარს.
- ახალგაზრდა გოგონებს არ უყვართ ქუდები, ვიცი.
- თქვენ საიდან იცით?
- რა ვიცი… ვიცი, რომ არ უყვართ, - ისევ გაეღიმა.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ილია ისე სწრაფად დასწვდა ყურმილს, თითქოს ამ ზარს სულმოუთქმელად ელოდაო.
- როგორ ხარ, მამა? - მზრუნველად მოიკითხა ქალიშვილი, - აბა, რა გიყო? იქნებ იყოს სადმე, წამლების ყუთში ნახე… რა დროს ძაღლია, მოიცა, რა!
ნანათემ შეწუხებული სახე მიიღო.
- ვერა, ვერ გამოვალ. შეხვედრა მაქვს… მოვიფიქრებ რამეს, კარგი, - თქვა და გათიშა.
- ისევ მაღალი სიცხე აქვს? - დაინტერესდა მენეჯერი.
- 39-მდე მაქვსო. წამალი გაუთავდა და… ძაღლსაც გასეირნება უნდაო… დამღალა თავისი ძაღლით!
- მე რომ გავუტანო? - თქვა და ენაზე იკბინა, მეტიჩრობაში არ ჩამეთვალოსო.
- თქვენ? - თვალები გაუფართოვდა ილიას, - თქვენ როგორ შეგაწუხოთ…
- რა შეწუხებაა, რას ამბობთ! თანაც, გუშინ თვითონ დამეხმარა, დღეს მე დავეხმარები. ძაღლსაც გავიყვან ცოტა ხნით, არ მეზარება.
- მართალს ამბობთ?
- რა თქმა უნდა, - ნანათეს ხმაში აშკარად იგრძნობოდა გულწრფელობა.
- მაშინ… ახლავე წადით, ამას მე მოვუვლი. აფთიაქში გაიარეთ და წამლები მიუტანეთ. აი, ფული.
- მაქვს ფუ…
- არ დამიწყოთ ახლა ასეთი რამეები. ტაქსით წადით, რომ დროზე მიხვიდეთ. ცოტა არ იყოს, ვნერვიულობ. ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, მისამართი აქ წერია.
- კარგი, - მორჩილად დაეთანხმა გოგონა, ბარათი გამოართვა, მაგიდიდან ოცლარიანიც აიღო და კაბინეტიდან გამოვიდა.
თან უხაროდა, ლიკატოსთან კიდევ ერთხელ რომ მოუწევდა შეხვედრა, თან შიშმაც შეიპყრო. მიხვდა, უფროსის ოჯახთან ასე დაახლოება კარგს არაფერს უქადდა. იქნებ გადაიფიქროს?
უეცრად რაღაც მოაფიქრდა და კვლავ შეაღო ბოსის კაბინეტის კარი.
- მე ხომ არ შევხვედროდი ფირანიშვილს? - შესთავაზა, როცა ბოსმა მზერა მიაპყრო.
- შეძლებთ მერე?
- არა მგონია, გამიძნელდეს მისი დარწმუნება, თან ვიცი უკვე, რომელ პუნქტებზეც ყოყმანობს.
გოკიელს ყოყმანი შეეტყო.
- თუ გული გეთანაღრებათ, მაშინ თქვენ შეხვდით, - გაუღიმა ნანათემ.
- მგონი, მაინც აჯობებს, მე ვნახო. კარგად ვიცნობ, ვერ დამაბნევს, თქვენ კი შეიძლება ვერ დაარწმუნოთ.
- გასაგებია. მაშინ მე ლიკატოსთან გავიქცევი.
- დიდად დამავალებთ.
8 8 8
რატომ აკეთებს ამას? ხომ მისცა თავის თავს პირობა, მის მიმართ ბოლომდე გულგრილი დავრჩებიო? აკი უწინასწარმეტყველა კიდევაც მეკომ, შეგიყვარდება ეგ კაციო? ვითომ ასეა საქმე? სისულელეა. იგი, უბრალოდ, ეხმარება ადამიანს. ის ხომ ყველას ეხმარება რთულ სიტუაციაში. ნებისმიერის გულისთვის გააკეთებდა ამას.
გარეთ ჟინჟღლავდა. როგორ ეზიზღებოდა ნანათეს ასეთი ამინდი! წვიმასაც კი ეზარებოდა თითქოს, ეწვიმა! ნესტით გაჟღენთილი, მოქუფრული დღე იყო. ტაქსით მიმავალს მინების გამწმენდის მონოტონური ჭრაჭუნი ნერვებს უშლიდა.
ილიას ოფისის ინტერიერი ისე თანამედროვედ ჰქონდა მოწყობილი, ნანათე მოელოდა, რომ სახლიც სწორედ ამ სტილში ექნებოდა გოკიელს გაკეთებული… მწარედ შეცდა. კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი წითელი აგურის სახლი მოდერნისტულ შენობას სულაც არ ჰგავდა. ჩვეულებრივი ქართული ტიპის სახლი იყო, დასავლეთისკენ მიმავალი უხვად რომ წააწყდებით სოფლებსა თუ ქალაქებში. შიდა ინტერიერიც ძველმოდურად გამოიყურებოდა. ავეჯი, რა თქმა უნდა, ახალი იყო, მაგრამ ძველებური სტილის, შეიძლება ანტიკვარულიც. ამაში ნანათე მეტ-ნაკლებად ერკვეოდა.
ლიკატოს ჯერ გაუკვირდა მისი დანახვა, მერე კი სიხარულისგან სახე გაუნათდა.
- ნანათე! შენ გამოგიშვა? - ისე შინაურულად მიმართა გოგონამ, თითქოს გუშინ კი არა, ერთი წლის წინათ გაიცნეს ერთმანეთიო.
- მართლა არ ეცალა, გადაუდებელი შეხვედრა ჰქონდა.
- შენ გარდა, არავინ იყო? ეგ თამრიკო რატომ არ მოვიდა დღეს?
- არ ვიცი, ალბათ საქმე ჰქონდა. ან შეიძლება ავადაც არის, ვერ გეტყვი… წამლები მოგიტანე.
- დავლევ, თორემ შუბლი მიხურს.
- წყალს ავადუღებ, ეგ «ტერაფლუს» ჩაია, ცხლად უნდა დალიო.
- მაჩვენე! ასკილისაა? ჰო, კარგია, იმ მალინას ვერ ვიტან.
- ჟოლოს! - ღიმილით შეუსწორა ნანათემ.
- რა მნიშვნელობა აქვს! - ხელი აიქნია გოგონამ, ჩუსტები გაიძრო და ხალათიანად შეწვა ლოგინში.
ნანათემ წყალი აადუღა, წამალი ჭიქაში ჩაყარა, მოურია და ავადმყოფს გაუტანა, თან გულდასმით ათვალიერებდა იქაურობას.
ამ დროს ყეფის ხმა მოისმა სადღაც ახლოდან.
- ძაღლია?
- ჰო, აბაზანაში შევამწყვდიე, მაგის თავი არ მქონდა. რაც მთავარია, ნაჭამია.
- მე გავიყვან ცოტა ხნით, იქნებ რამე უნდა და ვერ ამბობს, - გაიცინა.
- თუ უნდოდა, იქაც კარგად იზამდა. არ მინდა გახვიდე, მომბეზრდა მთელი დღე მარტო ყურყუტი. ცოტა ხანს დარჩი, რა.
- დავრჩები, აბა რა! სანამ მამაშენი მოვა, არსად მეჩქარება, მაგრამ მაგას მაინც გავიყვან ცოტა ხნით. რა ჰქვია?
- პიპკა.
- პიპკა? რა საყვარელი სახელია! რა ჯიშია?
- პუდელია, ყავისფერი.
- რა მაგარია! პუდელები ნამდვილი ოთახის ძაღლებია.
- ჰო, ეგეთები მიყვარს. აბა, იმ დიდ ძაღლებს რას მოვუვლი, კაცებივით არიან, - ძლივძლივობით გაიღიმა ლიკატომ.
ისე უხურდა სახე, ლოყები უღაჟღაჟებდა. თვალებს ძლივს ახელდა სიცხიანი.
- დალიე, სანამ ცხელია.
- დავლევ, ჰო.
- ხომ დამიჯერებს?
- კი, როგორ არა. ყველასთან ჩერდება. ოღონდ კი გარეთ გავიდეს და… პურიც ამოაყოლე, კარგი? ბარემ გადიხარ…
- ამოვაყოლებ, - თავი დაუქნია ნანათემ და აბაზანის კარი გამოაღო.
ძაღლი ორ თათზე შედგა და ზედ მიახტა. ნანათეს ისე შეეშინდა, ერთი შეჰკივლა და უკან გადაქანდა. ძლივს შეიკავა თავი, რომ არ დაცემულიყო.
- ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებს, - დაუძახა ლიკატომ, - ჯაჭვი იქვეა, ხელსაბანზე დევს.
- ვიცი, ვხედავ! - მიუგო ნანათემ, პიპკას ჯაჭვი საყელურზე გამოაბა და ოთახში გამოიყვანა…
8 8 8
- შენ არ იცი კერძების მომზადება? - შეეკითხა ნანათე, როცა პიპკასთან ერთად უკან მობრუნდა.
- ისე რა. მამას უკეთ ეხერხება.
- როგორ ხარ?
- კარგად, ოფლი მოვიდინე. დამივარდა სიცხე.
- ეგ კარგია. ცოტაც დაიცადე და მერე ტანსაცმელი გამოვიცვალოთ.
- თეთრეულიც.
- თეთრეულიც, - დაეთანხმა ნანათე, - არ გშია?
- მაინცდამაინც არა, მაგრამ ყველიან მაკარონს კი შევჭამდი.
- მოვამზადო?
- შენ შეგაწუხო? - მოერიდა გოგონას.
- აბა, რისთვის ვარ აქ? მითხარი, სად რა არის და…
- ყველი მაცივარშია, მაკარონი - კარადაში, წყალი კი - ონკანში.
ორივეს გაეცინა…
ნახევარ საათში კერძი მზად იყო. ნანათემ თავისი ხელით აჭამა ლიკატოს, მერე ტანსაცმლის გამოცვლაშიც მიეხმარა და თეთრეულიც ახალი დაუგო.
- რა კარგია, ვიღაც რომ არის სახლში ქალისმაგვარი, - თითქოს დანანებით წარმოთქვა ლიკატომ.
ამის გაგონებაზე ნანათეს შეაჟრჟოლა.
- მერე მაგაზე ადვილი რა არის? - შეცვლილი ხმით თქვა, - მოაყვანინე მამას ელისო და სანატრელიც არ გექნება ეგ. - შენი ჭირიმე, მაგ ქალის სახელი არ მიხსენო! რომ ვუყურებ, ხანდახან ცოცხზე გადამჯდარი კუდიანი დედაბერი მგონია!
- ეგრე ასაკოვანია?
- არა, სულაც არ არის ასაკოვანი, მაგრამ აზრები აქვს ბებრული. ძალიან «სტარამოდნია», თან დაყენებული მანერები აქვს. ვერ ვიტან ეგეთებს. აი, შენ სულ სხვანაირი ხარ, თბილი, უბრალო და ხალისიანი. ასე მგონია, ერთი ჭკუისანი ვართ.
- ეგრეც არის. რა გგონია, შენზე ჭკვიანი ვარ? მეც კარგი თავქარიანი გახლავართ, ქალბატონო! - მხიარულად შესძახა ნანათემ.
- მიხარია, რომ ასეთი ხარ.
- მამაშენს რომელი კერძი უყვარს განსაკუთრებულად? - შეაპარა აჭარხლებულმა ნანათემ.
- პრეტენზიული არ არის, ყველაფერს ჭამს. ისე, ვაშლის ნამცხვარზე გიჟდება.
- მართლა? ხომ არ გამოგვეცხო?
- ახლა?
- ჰო, რა ვიცი. უცებ იქნება, რა უნდა მაგის გამოცხობას, ვაშლი და ფქვილი თუ გვაქვს.
«გვაქვს», - გაიმეორა გულში და თვითონვე შეიშმუშნა თავის ნათქვამზე. უკვე შინაურივით იქცეოდა, როგორც ოჯახის წევრი.
ლიკატოს კი საერთოდ არ გაუმახვილებია ამაზე ყურადღება.
- ვაშლიც გვაქვს, ფქვილიც, შაქარიც და კვერცხიც.
- აბა, მოგვწყობია საქმე და ეგ არის!
ქალმა ხელები დაიკაპიწა და ნამცხვრის გამოსაცხობად მოემზადა…
8 8 8
როცა ილია შინ დაბრუნდა, თავისი ქალიშვილი, მენეჯერი და ძაღლი, სამივე სამზარეულოში აღმოაჩინა. თავდაპირველად კოპები შეიკრა, ასეთ სურათს ნამდვილად არ მოელოდა, მაგრამ სანამ რამეს იტყოდა, ლიკატო წამოდგა და მამას ჩაეხუტა.
ნანათეს გული აუჩუყდა, როცა უყურებდა, როგორ ეფერებოდა მამა-შვილი ერთმანეთს. თითქოს თვითონაც მონაწილეობდა ამ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერაც უცხო იყო ამ ოჯახისთვის. თუმცა, იმასაც ხვდებოდა, რომ ამაზე ფიქრი უაზრობა იყო. არა, არა, არც უნდოდა, რომ ისიც მიეღოთ წევრად ამ პატარა ოჯახში. მას თავისი ეული ცხოვრებაც აკმაყოფილებდა ამ ეტაპზე, თუმცა… არც ამათ გვერდით ყოფნა იქნებოდა ურიგო…
თავის ნაფიქრს გულში გაუღიმა და გაზქურისკენ დაიხარა, რომ მისი დაბნეული სახე ილიას არ შეემჩნია…
მამამ ლიკატოს ხელი შეუშვა და კუშტი მზერა მოავლო სამზარეულოს. მაგიდაზე ფქვილი დაუდევრად იყო მიმოპნეული. პიპკა წინ და უკან ყეფით დარბოდა, ნიჟარაში კი უამრავი გასარეცხი ჯამ-ჭურჭელი ეყარა.
- რა ხდება აქ? - რბილად იკითხა, - რატომ არ წევხარ შენ? - ამჯერად ხმა გაიმკაცრა.
- აღარ მაქვს სიცხე და ავდექი, ნანათეს ვეხმარებოდი. ვაშლის ნამცხვარს გიკეთებთ.
- მერედა, ვინ დაგავალათ? ახლავე შეხტი ლოგინში, ისევ არ გაცივდე!
- არა, მამა, თბილად მაცვია. მოვრჩით უკვე, ხუთ წუთში მზად იქნება. მეც ვისწავლე გამოცხობა. აწი მარტოც შევძლებ, - გახარებული ლაპარაკობდა ლიკატო.
- შენ მაგარი ხარ! - ირონიულად შენიშნა ილიამ, პიპკას დაუსტვინა და ეს უკანასკნელი ყეფით მისკენ რომ გამოქანდა, ჩაიმუხლა და ძაღლს თამაში დაუწყო.
ნანათეს ხელ-ფეხი შეებორკა. ისე უხერხულად მოძრაობდა, თითქოს ბორკილები ჰქონოდა დადებული. ასე ეგონა, მის ყოველ გადაადგილებას ილია დაჟინებით აკვირდებოდა.
- ეს მზადაა უკვე, ახლავე გამოვიღებ, - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა და გაზქურის ღუმელი გამოაღო.
სასიამოვნო სურნელმა უფრო მეტად გაჟღინთა ჰაერი. ილია მიხვდა, მისმა რეპლიკებმა უხერხულ მგომარეობაში რომ ჩააგდო მისი მენეჯერი, ამიტომ სიტუაციის განმუხტვას შეეცადა.
- უჰ, რა არომატული ჩანს თქვენი ნამცხვარი! აბა, ვნახოთ, შიგნიდანაც ისეთი კარგია, როგორც გარედან ჩანს? - ღიმილით შენიშნა და თვალი თვალში გაუყარა ნანათეს.
ქალმა მზერა აარიდა და განზე გადგა. ისე დაიბნა, რომ საერთოდ გადაავიწყდა ნამცხვრის ღუმლიდან გამოღება.
- რაღას უცდი? - ხელები გაშალა გოკიელმა, - არ მიიწვას! - ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნანათეს უფროსმა «შენობით» მიმართა.
უარესად დაიბნა ისედაც დაბნეული. ხელები აუკანკალდა. რის ვაივაგლახით გამოიღო ნამცხვარი და სინზე გადაიტანა.
- წავალ, ხელებს გადავიბან, - თქვა ილიამ, რათა ნანათესთვის დამშვიდების საშუალება მიეცა, მაგრამ როცა შემობრუნდა, მენეჯერი სამზარეულოში არ დახვდა.
- სად წავიდა? - ჰკითხა ლიკატოს, რომელიც ნამცხვარს ჭრიდა.
- არ ვიცი, იქით იქნება, ოთახში.
ილია სასტუმრო ოთახში გავიდა. ნანათე ვერც იქ იპოვა. მიხვდა, რაც ხდებოდა და სწრაფი ნაბიჯებით ჰოლს მიაშურა. ნანათეს ლაბადა ჩაეცვა.
- რას აკეთებ? - წარბები შეყარა ბოსმა.
- მივდივარ, - დამნაშავესავით გაიღიმა ქალმა.
- აბა, ახლა ეგეთები არ იყოს! - ხმას აუწია გოკიელმა, - მე შენი უფროსი მარტო სამსახურში კი არ ვარ! აქაც უფროსი ვარ და იქაც! ახლავე გაიხადე და შემოდი!
- არა, არა, ბატონო ილია, გვიანაა უკვე, უნდა წავიდე.
- წახვალ, აბა, აქ არავინ დაგტოვებს, - მრვალმნიშვნელოვნად შენიშნა მამაკაცმა, - მაგრამ იქამდე ნამცხვარი უნდა გასინჯო. პირველი ნაჭერი შენ უნდა გასინჯო, ისე, რომ იცოდე! მე რა ვიცი, რა გამოაცხვე, იქნებ მწამლავ? - გაიხუმრა ოჯახის უფროსმა.
- რატომ უნდა მოგწამლოთ? ჩემთვის არაფერი დაგიშავებიათ, - მისი ხუმრობა ხუმრობად სულაც არ მიიღო ნანათემ.
- ქალებისას რას გაიგებ! - მხრები აიჩეჩა ილიამ, - მიდი, გაიხადე ეგ საწვიმარი და თავის ადგილზე დააბრუნე! - ამ სიტყვებით მიუახლოვდა და ლაბადაზე ხელი წაავლო.
მისმა შეხებამ ელექტროდენივით დაუარა ქალს. ისე შეკრთა, რომ მამაკაცმა უხერხულობა იგრძნო.
- მოგეხმარები… - თავის მართლების ტონით ჩაილაპარაკა.
- ვფიქრობ, არ ღირს…
- ღირს! თანაც, როგორ! ისედაც არ არის ლამაზი, ასე გაგიშვა ჩემი სახლიდან. სტუმრის პატივისცემა არ მეშლება! პირველად ხარ ჩვენთან!
ნანათეს სხვა გზა აღარ დარჩა, მორჩილად გაიხადა ლაბადა და დაკიდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ სამივენი სუფრას უსხდნენ და გემრიელ ვაშლის ნამცხვარს მწვანე ჩაის აყოლებდნენ.
- ნანათემ ყველიანი მაკარონიც გააკეთა, იცი? - თქვა უცებ ლიკატომ.
- არ ვიცი, - გაიღიმა ილიამ, - ესეც ჩემთვის, სპეციალურად?
- არა, ეგ ჩემთვის, მაგრამ თუ გინდა, შენც შეგხვდება.
- არა, ახლა აღარ მინდა. ტკბილის შემდეგ მაკარონს რა მაჭმევს, - მერე მზერა ნანათეზე გადაიტანა, - დიდი მადლობა, ქალბატონო მენეჯერო! ხუთიანი პლუსით!
- რას ამბობთ, რისი მადლობა, - ყურებამდე გაწითლებულმა ქალმა თავი დახარა, - ლიკატომ თქვა, ვაშლის ღვეზელი უყვარსო და…
- მიყვარს, თანაც ძალიან, - დაუმოწმა გოკიელმა.
- ჰოდა, რადგან აქ ვიყავი, რაღაც ხომ უნდა მეკეთებინა? რადგან ლიკატოს სიცხე აღარ ჰქონდა, თქვენი სამზარეულოს ოკუპირება გადავწყვიტე.
- მშვენიერი ტაქტიკა შეგირჩევიათ, ოკუპანტო! - ხუმრობით შესძახა ილიამ, რაზეც სამივეს გაეცინა. მათ სიცილს პიპკაც აჰყვა ყეფით.
ამწუთას ბოსი სულაც არ ჩანდა მკაცრი და საშიში, როგორც სხვა დროს. «მაგრამ ეს ხომ ბუნებრივია, - გაიფიქრა ნანათემ, - სახლში უფრო მყუდროდ გრძნობს თავს, ვიდრე სამსახურში»… თუმცა, საშიშროება სწორედ ამაში მდგომარეობდა. არ იცოდა, როგორ მოქცეოდა «ასეთ» ილიას და ამის გამო უფრო და უფრო ნერვიულობდა.
- ჩემი წასვლის დროა, - წამოდგა, - მაგრამ იქამდე მივალაგებ აქაურობას, ამ ჭურჭელს დავრეცხავ.
- არ გინდა, მაგას ჩვენ ვიზამთ, - შეაჩერა ლიკატომ, - ცოტა ხანს კიდევ დარჩი, რა.
- არა, დამაგვიანდება და მეკო ინერვიულებს.
- დავურეკოთ მეკოს.
- არა, არა, ისიც ცოდოა, მარტოა და მე მელოდება, - იუარა ნანათემ და აჩქარდა.
- არა, რააა! - დაიჭყანა გოგონა.
- ლიკატო! - მკაცრად გაისმა ილიას ხმა, - თვითონ იცის, როგორ ჯობია! - მამაკაცი თავადაც წამოდგა და უკან მიჰყვა ჰოლისკენ მიმავალ ქალს.
- ტაქსის გამოვიძახებ.
- არ გინდათ, გავაჩერებ, რომ ჩავალ.
- მაშინ ჩაგაცილებთ.
ქალმა კვლავ გადააქნია თავი.
- მაშინ ჩემი მანქანით გაგიყვანთ, - საუკეთესო ვარიანტი შეარჩია გოკიელმა.
ამჯერად ნანათეს არ გაუპროტესტებია. ლაბადა ჩაიცვა, ლიკატოს დაემშვიდობა და ილიასთან ერთად გარეთ გამოვიდა.
- გცივა შენ, ახლავე ჩავრთავ ფეჩს, - თქვა ილიამ, როგორც კი მანქანა დაძრა.
- არა, არ მცივა.
- როგორ ყველაფერზე არას გაიძახი, ოკუპანტო, ჰა? - გაუღიმა მამაკაცმა, - ახლა რომ გკითხო, უარს ხომ არ იტყვი, ამაღამ ჩემთან დარჩე-მეთქი, მეტყვი, არაო? - გაიხუმრა ბოსმა და ეშმაკურად გამოხედა მენეჯერს.
- არა, - კვლავ წამოცდა ნანათეს და მაშინვე ტუჩი მოიკვნიტა.
ილიას სიცილი აუტყდა…
8 8 8
როგორ ცვლიდა სიცილი ილიას სახის გამომეტყველებას. ნანათეს გონებაში ადრეც წარმოუდგენია, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თავისი გაღიმებულ-გაცინებული ბოსი, მაგრამ როცა პირველად შეამჩნია მისი სიცილი, გაოგნებული დარჩა - პირველად ნახა, სიცილს ასე შეეცვალა ადამიანი. მამაკაცს თითქოს ტუჩები ურბილდებოდა და თვალები უცისკროვნდებოდა.
ნანათე უმწეოდ ებრძოდა თავს. ხვდებოდა, რომ უწევდა იმის აღიარება, რაზეც მეკო აფრთხილებდა. როცა მისი ტრაგიკული ცხოვრების ამბავი გაიგო, შეეცოდა, ახლა კი… მის ყოველ შემოხედვაზე აცივებდა და აცხელებდა.
რა გულუბრყვილოა! ნუთუ არ იცის, რომ ილია მხოლოდ თავისი მეუღლის მოგონებებით ცხოვრობს? შეიყვარო ადამიანი, რომელსაც ყოველდღე ხედავ სამსახურში და რომელიც შენი უშუალო უფროსია, ძალიან ცუდი იდეაა. უფრო მეტიც - დიდი სისულელე! მით უმეტეს, როცა მალე ელისო დაბრუნდება და ნანათე სამსახურს დაკარგავს. რა მოხდება მერე? საშინელება!
არა, არა! როგორმე დროზე უნდა აიყვანოს თავი ხელში. აი, ახლა მივა სახლში, ჩაის დალევს, მეკოს წაეჭორავება და წამითაც არ იფიქრებს ილიასთან დაახლოებაზე. სამსახური სამსახურია!
- რაზე ფიქრობ? - ჩაესმა მამაკაცის ხმა.
ნანათე შეცბა, ფიქრებიდან გამოერკვა და გოკიელს გახედა.
- არაფერზე…
- როცა ჩუმად არიან, რაღაცაზე ფიქრობენ, სხვანაირად არ ხდება.
- თქვენ რაზე ფიქრობდით?
- მე-ე? - სვლა შეანელა ბოსმა.
- ჰო.
- მგო-ნი, შენ-ზე, - დამარცვლით წარმოთქვა ილიამ.
- ჩემზე? - თვალები დააჭყიტა ქალმა, - ნუ დამცინით.
- ჯერ ერთი, სულაც არ დაგცინი და მეორეც… იქნებ დროა, «შენობით» მომმართო? ნუუუ, რა თქმა უნდა, სამსახურის გარეთ.
ნანათემ ღიმილი ვერ შეიკავა.
- რატომ, სამსახურშიც რომ ასე მოგმართოთ, დამიჭერენ?
- არა.
- აბა?
- გაგჭორავენ.
ქალმა ჩაიცინა.
- რა გაცინებს?
- არ გამჭორავენ, - ჯიუტად გააქნია თავი.
- რატომ გგონია?
- საბაბს არ ვიძლევი, ამიტომაც მგონია.
- ჭორების გავრცელებას თავისი საფეხურები აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი უფროსისა და მისი თანამშრომლის ურთიერთობას ეხება.
- და რა საფეხურებია ეს?
- საფეხური პირველი: მიმართვის შინაურული ფორმა. საფეხური მეორე: გვიანობამდე დარჩენა სამსახურში. საფ…
- გვიანობამდე ისედაც ვრჩები, თუ საჭიროა! ეგ არ ითვლება, - ნანათემ არ «დაუჭირა» მხარი მეორე საფეხურს.
- ჰო, მაგრამ ახლა ამას არ აქცევენ ყურადღებას, რადგან ჯერ პირველი საფეხური არ გაგივლია, - გაიღიმა ილიამ, - მეორეზე ისე ვერ გადახვალ, პირველი თუ «წარმატებით» არ გაიარე.
- აჰა! ყველაფერი გასაგებია. და თუ პრინციპულად არ გადავედი მეორე საფეხურზე და პირველზევე დავრჩი?
- მაშინ პირველ საფეხურზე უფრო აქტიურად და მრავალფეროვნად იჭორავებენ.
- ეგ როგორ? - კოპები შეიკრა მენეჯერმა.
- როგორ და… ვარაუდებს გაამძაფრებენ. იტყვიან, ურთიერთობას მალავენო, - მამაკაცმა მოხედა და ფართოდ გაუღიმა, თითქოს ნიშნს უგებსო, - ამიტომ ჯობია, სამსახურში დაივიწყო პირველი საფეხური.
- მერედა, რა გამოვა? გარეთ შენობით მოგმართოთ, სამსახურში თქვენობით… მოვატყუო თანამშრომლები?
- რატომაც არა, - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.
- მე არავის მოტყუებას არ ვაპირებ. დასამალი არაფერი მაქვს! - პრეტენზიული გაუხდა ტონი ქალს.
- კარგი. როგორც გინდა… მგონი, მოვედით, აქ უნდა ჩავუხვიო, არა? - ილიამ კიდევ უფრო შეანელა სვლა.
- დიახ, აქ… არა, არა, გამიჩერეთ, მარკეტში უნდა შევიარო, რაღაცები მაქვს საყიდელი.
- კი ბატონო, გაგიჩერებ! - მორჩილად დაეთანხმა მამაკაცი და დაამუხრუჭა.
ნანათე მანქანიდან გადავიდა, შემობრუნდა, დაიხარა, სალონში შეიხედა და ცივად დაემშვიდობა უფროსს.
- ღამე მშვიდობისა, ბატონო ილია!
- ღამე მშვიდობისა, ოკუპანტო! - ეშმაკურად გაუღიმა ბოსმა, დაასიგნალა და ნელი სვლით გააგრძელა გზა.
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ნანათე იქამდე გაჰყურებდა მანქანას, სანამ იგი სხვა მანქანების ნაკადს არ შეერია. მერე ღრმად ამოიოხრა, ფილაქანს ჩაუყვა და ორიოდ წუთში სადარბაზოს მიაშურა.
მეკო სარკის წინ იჯდა და თმას იუთოებდა.
გაგრძელება იქნება