- მოხვედი? სად იყავი აქამდე? - მეგობარს საქმე არ შეუწყვეტია, სარკიდან შეხედა მხოლოდ.
- მიდიხარ სადმე?
- არა, რატომ მეკითხები?
- რა ვიცი, მეგონა, ემზადებოდი.
- უბრალოდ, თმას ვისწორებ. არ იტყვი, რატომ დაგაგვიანდა? აქამდე სად იყავი?
- ჩემს ბოსთან, სახლში.
- სააად?! - მთელი ტანით შემოტრიალდა მეკო და გაოცებული მზერა მიაპყრო.
- ხომ გითხარი, - მხრები უდარდელად აიჩეჩა ნანათემ და დივანზე დაეშვა, - დავიღალე!
- იქ რა გინდოდა? რა ხდება? - ცნობისმოყვარეობა კლავდა დაქალს.
- გოგო გაუხდა ავად და იმას ვუვლიდი. ოჯახური დავიჭირე, - სევდიანად გაიცინა, წინ გადმოიხარა და თავი ხელებში ჩარგო.
- ვერა ხარ კარგად! სულ გაგიჟდი?
- მგონი.
- ესე იგი, მართალი აღმოვჩნდი, არა?
ნანათემ თავი ასწია, დამნაშავის მზერით გახედა მეგობარს და ტუჩები მოკუმა.
- მიპასუხე! - მეკომ თმის უთო განზე გადადო, ხელები ერთმანეთში ჩახლართა და კალთაში ჩაიწყო.
- უბრალოდ, დავეხმარე… მთხოვა, - თავი იმართლა.
- და თვითონ რას მიკეთებდა? - აღშფოთდა.
- შეხვედრაზე აგვიანდებოდა.
- შეხვედრაზე აგვიანდებოდა! - გამოაჯავრა მეკომ, - შენ რა, მისი მოსამსახურე ხარ? სხვა ვერავინ ნახა? თავისი მდივანი გაეშვა!
- ის არ იყო დღეს სამსახურში.
- ოჰ! დიდი შეღავათია! - ტუჩები აიმრიზა გოგონამ, - ცეცხლს ეთამაშები და წააგებ, იცოდე!
- კარგი რა, მხოლოდ დავეხმარე, მეტი არაფერი.
- ეგ მალე გამოჩნდება და მერე არ ინანო, გეუბნები! შენთვის ვამბობ, ხომ იცი?
- ვიცი, ვიცი… - ნაძალადევი ღიმილით დაეთანხმა ნანათე და სამზარეულოში გავიდა ჩაის მოსადუღებლად…
8 8 8
მომდევნო დღეებში ნანათე გამუდმებით დაძაბული დადიოდა. ნაკლებს ლაპარაკობდა, სევდა ჩაუდგა თვალებში. როცა ილია რამეს ავალებდა, ცდილობდა, «ჰო» და «არათი» შემოფარგლულიყო და თვალებში არ შეეხედა უფროსისთვის. ილიას არ გამოhპარვია ახალბედა მენეჯერის უეცარი ცვლილება, თუმცა არაფერი უთქვამს. თავისთვის, შეუმჩნევლად ჩაიღიმებდა ხოლმე, როცა კოპებშეკრული ქალი უსიტყვოდ ინიშნავდა ახალ დავალებას.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნანათეს «ტაქტიკამ» დიდხანს ვერ გასტანა.
პარასკევი საღამო იყო. სამუშაო საათები კარგა ხნის წინ დამთავრდა, მაგრამ ნანათე გვიანობამდე შემორჩა. როცა თავისი ოთახი დაკეტა და სამდივნოში გამოვიდა, შეამჩნია, რომ ილიას კაბინეტის კარი ოდნავ გამოღებული იყო. გაუკვირდა. უფროსი წასვლის წინ კარს ყოველთვის კეტავდა. იფიქრა, დამლაგებელი იქნებაო და, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც შეიხედა. მოულოდნელობისგან შეკრთა. გოკიელს ამ დროს ოფისში არ ელოდა.
- უი, თქვენ ხართ? - უხერხულად გაიღიმა.
- შემოდი, - შინაურულად მიმართა უფროსმა.
- ვიფიქრე, დამლაგებელს ხომ არ დარჩა კარი ღია-მეთქი…
- არა, მე დავტოვე. ვიფიქრე, იქნებ ნანათეს დამლაგებელი ეგონოს და შემოიხედოს-მეთქი, - გაიღიმა ილიამ.
ნანათე ყურებამდე გაწითლდა. ჯერ ერთი, მისი ასეთი გაშინაურება ძაბავდა და მეორეც, ბოსმა პირველად მიმართა სახელით.
- მე მოვრჩი ყველაფერს.
- კარგია… მე ცოტა დამრჩა და თუ დამელოდები, გაგიყვან. კარგი?
- კარგი, - მხრები აიწურა ქალმა და კართან აიტუზა.
- რა მერვეკლასელივით კუთხეში დადექი. ახლოს მოდი, დაჯექი, - ხელი დაუქნია ილიამ.
ნანათემ რამდენიმე გაუბედავი ნაბიჯი გადადგა და მაგიდას მიუჯდა.
- ბევრს მუშაობთ, - დაარღვია ქალმა სიჩუმე.
- ჰო… მარტო უფრო კარგად გამომდის, - კვლავ გაიღიმა მამაკაცმა.
- მოგწონთ მარტოობა?
- არ ვიცი… უბრალოდ, მივეჩვიე, - თქვა ილიამ და კლავიატურაზე თითები აათამაშა.
- რა კარგად ბეჭდავთ.
- ამასაც მივეჩვიე.
- გენატრებათ ალბათ, არა? - სულაც არ უნდოდა ნანათეს, ამ თემაზე ჩამოეგდო საუბარი, მაგრამ ენა გაექცა.
- ჩემი ცოლი? - გოკიელმა ღრმად ამოიხვნეშა და ნიკაპი ხელის გულს ჩამოაყრდნო, - თავიდან გამიჭირდა ძალიან. ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა ჩემს თავს, მაგრამ მერე… დრო ყველაფრის მკურნალია, ხომ იცი… ხანდახან მგონია, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია და აი, მაშინ მერხევა ყველაზე მეტად. სულიერი ტკივილი აუტანელი ხდება.
- ვწუხვარ, - ჩურჩულით წარმოთქვა ქალმა და თვალები აუწყლიანდა, ცოტაც და იტირებდა.
- იცი, ეს როგორ მოხდა?
- ჰო… დაახლოებით, რომელიღაც თანამშრომელმა მითხრა ისე, გაკვრით… - მაინც არ გაყიდა თამრიკო.
- ორი დღე კომაში იყო. ვერაფერი შევძელი, არაფრის გაკეთება არ შემეძლო. რა საშინელება ყოფილა, როცა გრძნობ, რომ უძლური ხარ. ერთადერთი, ვიჯექი მის სასთუმალთან, მისი ხელი ხელში მეჭირა და ერთსა და იმავეს ვუმეორებდი - არ დამტოვო! ექიმები კი მეუბნებოდნენ, რომ მას ჩემი არ ესმოდა.
ნანათემ ნერწყვი გადააგორა. ასეთი გულახდილი ილია ვერ წარმოედგინა. გული აუჩუყდა.
- შეიძლება გრძნობდა, მაგრამ ვერ გამოხატავდა… - ხმადაბლა თქვა.
- რა ვიცი… მერე უფრო გამიჭირდა…. კარგა ხანს ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. თან პატარა ბავშვით… აზრზე არ ვიყავი, როგორ უნდა გამეზარდა. ერთხანს ცოლისდა მეხმარებოდა. კი მითხრა, მე წავიყვან ლიკატოს და გავზრდიო, მაგრამ არ დავანებე. მისთვის იგი სრულიად უცხო ადამიანი იქნებოდა, ვერ გავწირავდი.
- ვისთვის, ლიკატოსთვის?
- არა, ჩემი ცოლისდისთვის. ლიკატო ხომ ჩემს მეუღლეს არ გაუჩენია, - დამნაშავის ღიმილით გამოხედა ილიამ.
- ჰო, ეგ მართალია… სამაგიეროდ, ლიკატო ძალიან ბედნიერი ჩანს. საერთოდ არ ეტყობა, რომ უდედოდაა გაზრდილი.
- როგორ არ ეტყობა… უბრალოდ, სხვებთან არ იმჩნევს. რამდენჯერ დამიჭერია მისი ნაღვლიანი მზერა…
- იცის? - ძალიან, ძალიან ჩუმად იკითხა ნანათემ.
- რა? - უცებ ვერ მიუხვდა მამაკაცი, - ა! მშობლების ამბავი? არა, არ იცის და ღმერთმა ნუ ქნას, გაიგოს. არ მინდა. რა საჭიროა? გული ეტკინება. ამან შეიძლება დაღი დაამჩნიოს მის სულს. რისი გულისთვის? მაინც ვერ იპოვის თავის მშობლებს.
- თქვენ არ გიცდიათ?
- არა. აზრი არ ჰქონდა. სოხუმში ჩვენ არ ჩაგვესვლება და აბა, როგორ? არავინ იცის, სად შეიძლება იყვნენ. თანაც, იმ ბიჭის გვარი არ ვიცი, - თქვა გოკიელმა, თუმცა ნანათე მიხვდა, რომ უფროსი იტყუებოდა.
- იქნებ ასე ჯობია… - მაინც თქვა მის გასამხნევებლად.
- წუთი-წუთზე მოვა ერთი წერილი, წავიკითხავ და გავიდეთ, კარგი? - ბანზე აუგდო სიტყვა გოკიელმა.
- დიახ… რა თქმა უნდა. მე არ მეჩქარება.
- ხედავ, რა ხდება? - უეცრად ეშმაკურად გამოხედა ილიამ, - მე და შენ, სრულიად უნებურად, პირდაპირ მეორე საფეხურზე გადავედით.
- რის მეორე საფეხურზე? - დაიბნა ნანათე.
- ჭორების გავრცელების, - ნიშნის მოგებით ჩაიღიმა გოკიელმა.
- რატომ? - გულუბრყვილოდ გაიოცა ქალმა.
- რატომ და დღეს, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, როცა ოფისში არავინაა, მარტო გვიწევს აქედან გასვლა და მერე მე შენი შინ წაყვანა.
ქალს სახე აეწვა. ნაზად გაიღიმა და მზერა აარიდა. ილია მიხვდა, მენეჯერმა უხერხულობა რომ იგრძნო და აღარ გააგრძელა ამ თემაზე საუბარი.
- აი, წერილიც მოვიდა, - თქვა რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ, - სულ ერთი წუთი და გამოვრთავ.
- არა უშავს… მე გავალ და ქვემოთ დაგელოდებით. მგონი, ჯობია, - შეფარვით შეხედა ქალმა.
- კარგი, ხუთ წუთში ჩამოვალ.
ნანათემ უსიტყვოდ დაუქნია თავი და კაბინეტიდან არეული ნაბიჯებით გავიდა.
არა, რა დროს ეგ არის! ვერ ხედავს, ცოლზე როგორი სიყვარულით ლაპარაკობს? ვინ იცის, როგორ ენატრება. ამას კიდევ მოუნდა აქ მისი სიყვარულის მოპოვება! ან კი რა სიყვარული აუტყდა? ახლახან არ დაშორდა ბესოს? ნანათე არ იყო, ცრემლებით რომ ილბობდა თავს და დეპრესიაში ვარდებოდა? ასე უცებ როგორ შეიძლება, ვინმე შეუყვარდეს? უბრალოდ, ეცოდება და ეს ჰგონია სიყვარული… ან იქნებ თავშესაფარს ეძებს? იქნებ სურს, რომ ვინმე დაეხმაროს ბესოს დავიწყებაში? არც ეგ იცის… ისიც კი არ იცის დანამდვილებით, ბესო უყვარდა თუ არა. თუ უყვარდა, ასე მალე სად გაქრა ის სიყვარული? სულ რაღაც, ორი თვე გავიდა მას შემდეგ… არც კი!
გზაში ნანათემ ვერ მოითმინა და კვლავ «აქტუალურ» თემას დაუბრუნდა.
- მეორედ დაოჯახება არ გიცდიათ? - და ისე დაიძაბა, რომ ლაბადის ჯიბეებში ჩაწყობილი ხელები მომუშტა.
- აქამდე არ მიცდია. არც მეცალა მაგისთვის. ახლა კი… რა ვიცი, შეიძლება ვიფიქრო კიდეც.
- ჰო, აბა რა. ლიკატო უკვე დიდი გოგოა, საცაა, გათხოვდება. და რომც არ გათხოვდეს ჯერ, ოჯახში ქალი მაინც საჭიროა.
- როცა აუცილებელი იყო, მაშინ არ მომიყვანია, ახლა კი ნამდვილად არ ღირს ჯერ. ამ ასაკში მისთვის მტკივნეული იქნება დედინაცვალი. თუმცა, გააჩნია ქალს, - მრავლისმეტყველად შენიშნა და ალმაცერად გამოხედა მენეჯერს.
- ამიტომაც მოხვედით კახასთან და ცისიასთან? თქვენთვის შესაფერის ქალს ეძებდით?
- დაახლოებით… ვიფიქრე, ურიგო არ იქნება, თუკი მართლა კარგ ადამიანს გამაცნობენ-მეთქი. არ ვარ იმ ასაკში, ვინმეს კუდში დევნა დავუწყო და პაემანზე ვდიო… წავიდა ის დრო, თან გადავეჩვიე… გამიჭირდება ამის გაკეთება. ჰოდა, ვიფიქრე, ბარემ ისიც საქმის კურსში იქნება და ზედმეტ რიტუალებს თავიდან ავიცილებ-მეთქი, - გაიცინა ილიამ.
- და იქ კი მე დაგხვდით, - ნანათესაც აუტყდა სიცილი.
- ჰო, - ცოტა ხნის პაუზის შემდეგ უპასუხა გოკიელმა, - შეგხვდი შენ.
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა, სალონში მხოლოდ ძრავის ხმაური ისმოდა.
- შენ დიდი ხანია, მაგათ იცნობ?
- ცისია ჩემი საუკეთესო მეგობარია.
- იცოდი, მე რომ იქ ვიქნებოდი?
- ვიცოდი, რომ ვიღაც სტუმარი დამხვდებოდა, მაგრამ თქვენ თუ აღმოჩნდებოდით, რას წარმოვიდგენდი. მითხრეს, ერთი სიმპათიური ტიპი უნდა გაგაცნოთო.
ილიამ ცნობისმოყვარე მზერა ესროლა.
- რა უცნაურია, - თქვა, - შენ ლამაზი ქალი ხარ და ალბათ იცი ეს. ამასთან, აქტიური ჩანხარ, ენერგიული, ჭკვიანი. იმედია, ბევრი მეგობარი გყავს. კაცები რიგში უნდა იდგნენ, შენისთანა მანდილოსნის გულის მოსაგებად. რაში გჭირდება გარიგებით ვინმეს გაცნობა?
- არც ისე ადვილია, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა 30-ს ასცდები. ყველა კარგი მამაკაცი უკვე ცოლიანია და, სხვათა შორის, ისევ და ისევ საკუთარ დაქალებზე, - გაიხუმრა.
- კახაზე ამბობ?
- ზოგადად ვამბობ. ცხოვრებაში ხომ ასე ხდება. ქალს აუცილებლად დაქალის ქმარი მოსწონს და ის მიაჩნია ნამდვილ მამაკაცად. ფიქრობს, რომ მის მეგობარს გაუმართლა, ასეთი ქმარი რომ შეხვდა… ეს ერთგვარი კანონზომიერებაა თითქოს.
- ალბათ… - ყრუდ ჩაილაპარაკა ილიამ, - ანუ არავითარი საქმრო არ არსებობს?
- არა, - მორცხვად ჩაიღიმა ნანათემ, რა გზა აქვს, უნდა აღიაროს, - უფრო სწორად, არსებობს, მაგრამ არა ჩემი, ჩემ მეგობრის, მეკოსი. მე, უბრალოდ, დროებით «ვითხოვე» იგი, რომ თქვენზე შთაბეჭდილება მომეხდინა, მაგრამ არ გამომივიდა, - კეკლუცად გაიცინა.
- რატომაც არა, გამოგივიდა. ამ წუთამდე ასე მეგონა… დროებით მაინც ხომ მოახერხე ჩემი დარწმუნება.
ნანათემ პასუხად მხოლოდ გაუღიმა, თან ოდნავ დაბლა ჩაცურდა და უფრო მოხერხებულად მოკალათდა სავარძელში.
ილიას ნელა მიჰყავდა მანქანა. აშკარა იყო, ნანათესთან საუბარი სიამოვნებდა, არსად მიეჩქარებოდა.
- მაშ კარგი. შენი მეგობრის საქმრო არა, მაგრამ ვიღაც სხვა ხომ იყო? ადრე მაინც?
- ერთხელ ყველა უშვებს შეცდომას, - სევდიანად ჩაილაპარაკა ქალმა და ცხვირი ლაბადის საყელოში ჩარგო.
- მართალი ხარ, თუმცა ყოველთვის შეიძლება შეცდომის გამოსწორება.
- ადამიანთა უმრავლესობა საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. მე ვერა. ერთხელ ვიყავი შეყვარებული და ჩემი ლმობიერი ბუნების გამო დავკარგე. დედასავით ზედმეტად ვზრუნავდი მასზე, ყველაფერს ვპატიობდი… ახლა ვხვდები, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა, - თავადაც გულახდილობის ხასიათზე დადგა ნანათე და ილიას რომ გახედა, მისი მზერა დაიჭირა, - ჰო, ასეა… მისი შენარჩუნება მინდოდა და ამიტომაც ყველაფერზე თვალს ვხუჭავდი.
- და რამ აგიხილა თვალები?
- არც არაფერმა, სანამ თვითონ არ მითხრა, დავშორდეთო, - ტკივილიანმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე, - სხვა მიყვარსო…
- მერე? არ იბრძოლე? - ილიას უფრო და უფრო იპყრობდა ცნობისმოყვარეობა.
- არ ღირდა… ამას მაშინვე მივხვდი, თანაც, მე 3 წლით ვიყავი მასზე უფროსი… ესეც დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო ჩემთვის. ამან უფრო გამაჩერა, თანაც… ცნობილი ოჯახის შვილია, მისი მშობლებისთვის არ ვიქნებოდი სასურველი სარძლო.
- მდააა… ამის გამო წამოხვედი ძველი სამსახურიდან?
- ჰო.
- გამოიქეცი, ანუ, - დააზუსტა მამაკაცმა.
- ფაქტობრივად, კი, გამოვიქეცი.
- გიყვარდა? - შეაპარა გოკიელმა.
- მაშინ მეგონა, რომ მიყვარდა. ახლა კი არ ვიცი… მეცინება, რომ მახსენდება. შეიძლება, არც მიყვარდა და უბრალოდ, შეჩვევა იყო. ან მსიამოვნებდა, ყველასგან რომ გამომარჩია… არ ვიცი, მართლა. მეამაყებოდა, თეთრ ანგელოზს რომ მეძახდა.
- თეთრ ანგელოზს? - უცნაურად იკითხა უფროსმა.
- ჰო, - შეცბა ნანათე, რა საჭირო იყო ახლა ამის თქმა, რაში აინტერესებდა მის ბოსს, როგორ მიმართავდა მის მენეჯერს ყოფილი შეყვარებული? თავს აწონებს?
- ოოო! კაცები, როგორც ვატყობ, ყველანი ერთნაირები არიან.
- რას გულისხმობთ?
- არა, არაფერს… რაღაც გამახსენდა… - თითქოს ხასიათი გაუფუჭდა ილიას, გაზს დააწვა და სიჩქარეს უმატა, - რაღაც მინდა გკითხო, ნანათე…
- გისმენთ… - კვლავ დაიძაბა ქალი.
- როგორ გგონია, ლიკატოს ასაკში ნაადრევი არ არის სიყვარულზე ფიქრი?
ნანათემ შვებით ამოისუნთქა. კიდევ კარგი, ლიკაზე გადაიტანა საუბარი. ვეღარ გაუძლებდა მეტს.
- არ მგონია ასე. ის პატარა გოგო აღარ არის. ამ ასაკში ადამიანებს გულწრფელად უყვარდებათ ერთმანეთი, ყოველგვარი ანგარების გარეშე.
- გეთანხმები, მაგრამ მისი მოწონებული, ასე ვთქვათ, ჭაბუკი, სულაც არ არის ლიკატოს ასაკის, ბევრად უფროსია მასზე.
- მერე რა? თუკი პატარა გოგონას მიმართ გაუჩნდა გრძნობა, აუცილებლად წრფელი იქნება, თორემ ქალების მეტი რა არის, თუკი არასერიოზული ურთიერთობის გაბმა სურს?
- არ ვიცი… მაგ საკითხში დიდად ვერ ვერკვევი, - შეფიქრიანებული გაუხდა ილიას ტონი, - უბრალოდ, მინდა ჩემი შვილი ბედნიერი იყოს.
- იქნება, მაგაში ეჭვიც არ მეპარება.
- აი, ჩვენც მოვედით ამასობაში. სასიამოვნო საუბარი კი გამოგვივიდა, რას იტყვი? - ღიმილით მოხედა.
- ჰო, - ნანათემ თავი დააქნია, მაგრამ მისკენ არ გაუხედავს.
- ახლა მაინც მიმაყვანინე თავი კორპუსამდე. რომ დამჭირდეს, არ უნდა ვიცოდე, სად ცხოვრობ?
- დიახ, რა პრობლემაა. აქ ჩაუხვიეთ და მესამე კორპუსთან გააჩერეთ.
- არის, მესამე კორპუსთან, - ილიამ ქუჩაზე ჩაუხვია და ნანათეს კორპუსის სადარბაზოსთან ცხვირით მიაყენა მანქანა, - ისე, რომ იცოდე, ჭორები მეზობლებშიც იმავე პრინციპით ვრცელდება, - გაიხუმრა ილიამ, მანქანიდან გადმოვიდა და ნანათეს ჯენტლმენურად გაუღო კარი, - თუ ჭორაობაა, ჭორაობა იყოს! დაე, მეზობლებმა დაიწყონ, რას იტყვი?
- ჯერჯერობით არავის ვიცნობ, ამიტომ ეგ ამბავი არ მაღელვებს, - მშვიდად მიუგო ქალმა და მრავლისმეტყველი მზერით შეხედა მამაკაცს…
8 8 8
დღეები გადიოდა. ნანათე უფრო და უფრო დაღვრემილი ხდებოდა. სადაც უნდა ყოფილიყო, როგორც უნდა გაეტარებინა დრო - კარგად თუ ცუდად, თვალწინ გამუდმებით ილია და ლიკატო ედგა. აღიზიანებდა, მათზე რომ ფიქრობდა. არა, კი არ ფიქრობდა, დარდობდა. როგორ არიან სახლში უდიასახლისოდ? როგორ შეიძლება, კაცი ამზადებდეს სადილებს? რეცხავდეს და აუთოებდეს? ეეჭვებოდა, რომ ლიკატოს ყოველივე ამის გაკეთება შეეძლო. ახალგაზრდა გოგოს თავისი ინტერესები გააჩნდა, თან შეყვარებული იყო და ნანათემ დანამდვილებით იცოდა, ოჯახური საქმეებისთვის რომ არ მოიცლიდა. ეს სულაც არ იყო მისი პრობლემა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც აწუხებდა. «გონს მოდი, ქალბატონო!» - შეუძახებდა ხოლმე თავის თავს ფიქრებში, - «შენი სადარდებელი არაა არც ქვრივი უფროსი და არც მისი ნებიერა ქალიშვილი, შენს თავს მიხედე, სხვა გეგმები გაქვს!» თუმცა, ამგვარი «შეძახილები» აღარ შველოდა.
სამსახურში თავს გაცილებით უარესად გრძნობდა. როცა ილიასთან კაბინეტში შედიოდა, საშინლად ნერვიულობდა, ხოლო როცა შეფს ერთ მეტრზე მიუახლოვდებოდა, ისეთ უხერხულ მოძრაობებს აკეთებდა, სირცხვილით წითლდებოდა. ხან წაიბორძიკებდა, ხან თაბახები უცვიოდა ხელიდან, ხან რა და ხან რა! ერთხელ ყავაც კი დაექცა და როცა გოკიელმა გაოცებით ამოხედა, ერთი სიკვდილი გაათავა.
კიდევ ერთი თუ ორი კვირა და ელისო შეცვლის. ნეტავ, როდის დადგება ის დღე! ნანათე ვეღარ ხვდებოდა, მოუთმენლად რატომ ელოდა ძველი მენეჯერის დაბრუნებას - უხაროდა, რომ ამ ტანჯვას თავს დააღწევდა, თუ პირიქით, სწორედ ეს აშინებდა. თუ საკუთარ თავს გამოუტყდებოდა, აღიარებდა, რომ ეშინოდა. იცოდა, ელისოს დაბრუნებით ამ ტანჯვით მიღებულ სიამტკბილობას წამში დაკარგავდა. სიამტკბილობას… ჰო, იყო ამ ყველაფერში რაღაც სასიამოვნოც. სხვა თუ არაფერი, ილიას ნახვის შესაძლებლობა ეძლეოდა ყოველდღე. ეს კი მისთვის ცოტას არ ნიშნავდა.
იმ დღესაც… დაიბარა უფროსმა, სარეკლამო კლიპის რამდენიმე ვარიანტის იდეა გამომიგზავნეს და იქნებ ერთად შევარჩიოთო. დაიბნა ნანათე, თვალებში კი უყურებდა ილიას, მაგრამ არაფერი ესმოდა. მხოლოდ მისი ტუჩების მოძრაობას ადევნებდა თვალს, გონებით კი სხვაგან იყო… სხვაგან კი არა, ილიას სახლში, მის სამზარეულოში და იქ ტრიალებდა.
- კარგად ხარ? - ჰკითხა ბოლოს მამაკაცმა, როცა უკვე მეხუთედ თუ მეექვსედ შეახსენა, შენი აზრი მაინტერესებსო.
- ყველაფერი რიგზეა, - ხმადაბლა მიუგო და გაწითლდა.
- დღეს ჩვეულებრივზე მეტად ხარ დაბნეული, რა ხდება?
- ცოტა დავიღალე, - ამოიოხრა, - წუხელ გვიან დავწექი და…
ილიამ პასუხი შეაყოვნა, უაზროდ დაიწყო ქექვა საქაღალდეში, შემდეგ კი შეფიქრიანებულმა ჩაილაპარაკა:
- ადრე უნდა დაწვე ხოლმე…
- ჰო, მაგრამ ყოველთვის არ ხერხდება, - ნაძალადევად გაიღიმა და თვალები დახარა.
- იქეიფე? - საკონტროლო კითხვასავით გაისმა გოკიელის შეკითხვა.
- არა, რას ამბობთ! სარეცხი დავაუთოე და… დიდი დრო წაიღო.
- აჰა… სარეცხი! შენი დაქალი რას მიკეთებს მერე?
- ისიც აკეთებს. ვინაწილებთ საქმეებს. წუხელ ჩემი ჯერი იყო.
- ლიკატოს კი ვუთხარი, ჩემს მენეჯერს შენთვის არ სცალია-მეთქი, მაგრამ დაჟინებით მომთხოვა, მაინც ჰკითხეო, - სულ სხვა რამ თქვა მოულოდნელად ილიამ.
- ჰკითხეო? - წარბები აზიდა გაოცებულმა, - რა?
- რა და… მე ავუხსენი, იმ გოგოს თავისი საქმეც თავზე საყრელად აქვს, შენთვის არ სცალია-მეთქი. მაინც დაიჟინა. იქნებ შაბათს გვესტუმროს და რაღაცები მასწავლოსო.
- ღმერთო ჩემო, მე რა უნდა ვასწავლო ისეთი, რაც მან არ იცის? - ღაწვები კვლავ შეეფაკლა ნანათეს.
- ეგ მაგას ჰკითხე, მე რა ვიცი! ისე… სიმართლე გითხრა, მართლა მინდა, რაღაცები იცოდეს. უცებ რომ გათხოვდეს, რა ეშველება? არ გააგიჟებს დედამთილს, არაფრის გამკეთებელი რძალი შემომივიდაო?
- მერე რა, ნელ-ნელა ისწავლის, - დაიცვა ნანათემ გოგონა, - სამაგიეროდ, სწავლობს. ეს ცოტას ნიშნავს? თანაც, უდედოდაა გაზრდილი, ვის აქვს უფლება, უსაყვედუროს? თუ კარგი დედამთილი შეხვდება, პირიქით, თვითონ უნდა ასწავლოს.
- ეგ წინასწარ არავინ იცის. ერთი სიტყვით, მე გითხარი, რაც დამაბარა, დანარჩენი შენ იცი. თუ შემოივლი, ლიკატოს გაუხარდება.
«შენ? შენ თუ გაგიხარდება?» - როგორ უნდოდა, ეკითხა, მაგრამ მხოლოდ გაიფიქრა.
- არ ვიცი, ვნახოთ… იქნებ ჯობია, თვითონ გამოვიდეს? ჩემთან უფრო თავისუფლად ვიქნებით, - უნებურად წამოსცდა.
- რატომ, ჩემთან ვინმე გავიწროებთ? - გაეცინა ილიას.
- არა, რას ამბობთ! უბრალოდ, მე მერიდება იქ, - აღიარა და კვლავ ალმურმა გადაურა.
- ვისი, ჩემი? - გადაიხარხარა გოკიელმა, - შენ პირველი თანამშრომელი ხარ, რომელსაც ჩემი ერიდება. რა სისულელეა, მე რა, კი არ ვიკბინები.
- ეგ არ მიგულისხმია.
- ვიცი, რომ არ გიგულისხმია… ვიხუმრე.
«ამ ბოლო დროს სიცილი დაიწყო და გახუმრებაც. ნეტავ, რაშია საქმე?» - გაიფიქრა ნანათემ და ჯიქურ გაუსწორა მზერა უფროსს.
- რატომ მიყურებ ასე?
- არაფერი, ისე… - დარცხვენით ამოთქვა და წამოდგა, - მე წავალ, კარგი?
- კარგი, - თავი დაუქნია ილიამ, - ეს ნაწერი გაიყოლე, გულდასმით წაიკითხე და ხვალ შენი აზრი მითხარი. მაინტერესებს, შენი და ჩემი გემოვნება თუ დაემთხვევა ერთმანეთს.
ნანათეს გაწვდილი ხელი აუკანკალდა. რაში დასჭირდა ამის თქმა? რატომ აინტერესებს, მათი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა თუ არა? რა ეშმაკი კაცია! მგონი, ცდილობს, ნანათეს ფიქრებს ჩაწვდეს და იქ ის წაიკითხოს, რაც მას ესიამოვნება.
ოდნავ შესამჩნევად დააქნია თავი, მამაკაცს ფურცლები ჩამოართვა და არეული ნაბიჯებით გავიდა კაბინეტიდან.
ჯერ კიდევ გზაში იყო, მეკომ რომ დაურეკა, მეგობართან ერთად კორპუსის წინ, კაფეში ვზივარ და შემოიარეო. სულაც არ ეხალისებოდა ახლა მეკოს ახალი მეგობრის გაცნობა, მაგრამ ზრდილობას გვერდს ვერ აუვლიდა, თან აინტერესებდა მისი ნახვა.
შუშის კარი შეაღო თუ არა, ყავის მძაფრი სურნელი იგრძნო და გაახსენდა, რომ მთელი დღის განმავლობაში არ დაულევია. აი, ყავას კი მიირთმევდა ახლა სიამოვნებით.
მიმოიხედა. მეკო კუთხეში იჯდა, ფანჯარასთან, ვიღაც ორ სიმპათიურ მამაკაცთან ერთად. «და რომელია აქედან მისი ახალი კაცი?» - გაიფიქრა და ღიმილით მიუახლოვდა მაგიდას.
- აი, ისიც! ჩემი ნანათე! - მეკო წამოდგა და დაქალი გადაკოცნა, - კარგია, რომ მოხვედი. გაიცანი, ეს ავთოა, ჩემი მეგობარი, ეს კი პაატა, ავთოს მეგობარი, - წარდგენის მთელი ცერემონია ჩაატარა მეკომ.
ნანათემ ორივეს ხელი ჩამოართვა, ლაბადა გაიხადა, ლამაზი მკერდი წინ გამოზნიქა და მოხდენილად დაჯდა.
- ამწუთას შენზე ვლაპარაკობდით, - დაიწყო მეკომ, - ავთოს ვუყვებოდი, რა «შტუკა» გაგიკეთა ცისიამ.
ნანათემ კოპები შეიკრა.
- მეკო! - საყვედურით სავსე მზერით შეხედა.
- კარგი, რა იყო, ვხალისობ, რა მოგივიდა? - ნირი წაუხდა მეკოს და სასწრაფოდ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი, - მშიერი იქნები, რა შევუკვეთოთ?
- არ მშია, დიდი მადლობა, - უხალისოდ მიუგო ნანათემ.
- მაშინ ყავა, ან ღვინო, ან ჩაი…
- არა, არ მინდა არაფერი. ერთი წუთით შემოვირბინე, ნაწყენი რომ არ დამრჩენოდი. უნდა გავიქცე, საქმე მაქვს, - მშრალად თქვა, ლაბადას ხელი წამოავლო და ადგა.
- სად მიდიხარ?
- სახლში. თავი მტკივა, დღეს ბევრი ვიმუშავე და უნდა წავუძინო. წუხელ ისე გვიან დავწექი, ვერ გამოვიძინე წესიერად. ბოდიშს გიხდით, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, - მიუბრუნდა მამაკაცებს, ორივეს ღიმილით დაუკრა თავი და სწრაფი ნაბიჯებით გასასვლელისკენ გაეშურა.
შუშის კართან მეკო დაეწია და მაჯაში სტაცა ხელი.
- ნან, რას აკეთებ?
ნანათე შუბლშეკრული მოტრიალდა.
- მივდივარ!
- უხერხულია, რას იფიქრებენ ბიჭები?
- არ მაინტერესებს. მაპატიე, უნდა წავიდე.
- გეწყინა რამე?
- არა, რა უნდა მწყენოდა, მართლა ცუდად ვარ.
- კარგი, რას მატყუებ! მოხვედი, გაიხადე, დაჯექი და უცებ წამოხტი. რაღაც გეწყინა!
- არაფერი მწყენია, მეკო. მოვედი იმიტომ, რომ შენ არ გწყენოდა, ახლა კი მივდივარ. რომ მოხვალ, მერე დავილაპარაკოთ, კარგი? მიდი, გელოდებიან, - ცივად მოიშორა მეგობრის ხელი და მის პასუხს არ დალოდებია, ისე გასხლტა გამოღებულ კარში.
8 8 8
ერთი საათის შემდეგ ნანათეს ნამდვილი ქარიშხალი დაატყდა თავს. როცა მეკო დაბრუნდა, იგი სამზარეულოში ფუსფუსებდა, ალაგებდა იქაურობას.
- რას ნიშნავდა შენი საქციელი? - საყვედურებით აავსო დაქალმა, - სპეციალურად შენი გულისთვის წამოვიყვანეთ პაატა. ვიფიქრე, ზუსტად ნანათეს ტიპია და მოეწონება-მეთქი. მეგონა, გაერთობოდი, დროს გავატარებდით, შენ კი გოიმივით მოიქეცი.
- არა უშავს, მართლა მომეწონა, - მშვიდად მიუგო, მის სიტყვებს არ გამოჰკიდებია.
მეკომ ეჭვის თვალით შეხედა მეგობარს და დოინჯი შემოიყარა.
- რა გეტაკა? რა დალაგება აგიტყდა?
- დასალაგებელი იყო აქაურობა და ვალაგებ. რა გინდა? - გაღიზიანდა.
- აქაურობა ყოველთვის დასალაგებელია, მაგრამ დიდად არ გიფიქრია ამაზე. რაღაცას მიმალავ… ელოდები ვინმეს?
- არა მგონია, მაგრამ შეიძლება შაბათს ლიკატომ შემოიაროს.
- ლიკატო ვინაა? იმ კაცის შვილი, რომელსაც თავიდან ვერ იტანდი, ახლა კი ყურებამდე შეგიყვარდა? - ღვარძლიანად შენიშნა მეკომ.
- ჰო! - შეჰყვირა მოთმინებადაკარგულმა ნანათემ, საქმეს თავი მიანება და თვითონაც დოინჯი შემოიყარა, - რა გამიწყალე გული, საქმე არაფერი გაქვს? ნუ გადამაყოლე იმ შენს პაატაა თუ ვიღაცას!
- რაო? ანუ მართლა გიყვარს? - გაოგნებული მეკო სკამზე დაეხეთქა.
- მისი შვილი მოდის ჩემთან, ქალო! რით ვერ გაიგე? რა შუაშია აქ სიყვარული?
- ჰო, რა თქმა უნდა, - ირონიულად დაეთანხმა დაქალი.
- შენს ირონიას საზღვარი არა აქვს, - მიუხვდა ნანათე.
- მაშინ მითხარი, პაატამ რომ დამირეკოს და მითხრას, შენს მეგობართან შეხვედრა მინდაო, რა ვუთხრა?
- უთხარი, რომ თანახმა ვარ. - მტკიცედ უპასუხა და ჩაიდანი ონკანს შეუშვირა, - რა პრობლემაა? გავერთობი მაინც.
- ის კაციც უნდა მოვიდეს?
- ვინ კაცი?
- ვინ და მამამისი, ანუ შენი ბოსი!
- გაგიჟდი? იმას აქ რა უნდა! მარტო ლიკატო მოვა. რაღაცები უნდა ვასწავლო.
- ასწავლო? - გაოცება ვერ დამალა მეკომ, - რა უნდა ასწავლო?
- ოჰ… როგორ დამღალე, რომ იცოდე! ნამცხვრის გამოცხობა. კმაყოფილი ხარ?
- უკაცრავად, ქალბატონო, თუკი ზედმეტი ცნობისმოყვარეობა გამოვიჩინე! ბოდიშს გიხდით, მეტად აღარ მოგაბეზრებთ თავს შეკითხვებით! - გაბრაზებული მეკო სამზარეულოდან გავიდა და კარი გაიჯახუნა.
ნანათემ თავი გადააქნია უკმაყოფილების ნიშნად და ხსნადი ყავის მომზადებას შეუდგა…
8 8 8
- არსებობენ საბედისწერო ქალები და არსებობენ ფატალური ქალები… ეს ორი ძალიან განსხვავებული კატეგორიაა… ან პირიქით, არც ისე განსხვავებული კატეგორია… შენ როგორ ფიქრობ, ნანათე? - ამ სიტყვებით დაიწყო შემდეგი დილა ილიამ, როცა ნანათე მის კაბინეტში გამოცხადდა.
ქალი ისე დაიბნა, უხერხულობისგან წონასწორობა დაკარგა და სკამის საზურგეს ორივე ხელით ჩაეჭიდა.
- მე… მე… არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია, - წაილუღლუღა აღელვებულმა.
- შენ რომელ კატეგორიას მიეკუთვნები?
- არც ეგ ვიცი. არა მგონია, მაგ კატეგორიებში ჩემი ადგილი იყოს.
- ჰო-ო? კარგი, ვეცდები, უფრო მარტივად აგიხსნა. საბედისწერო ქალები დაბადებულნი არიან მხოლოდ ერთი რამისთვის - დაღუპონ მამაკაცები. ის ანგელოზივით მშვენიერია, მაგრამ შინაგანად - ვერაგი და დაუნდობელი. თუმცა, მე უფრო მგონია, რომ ამ ტიპის ქალები უბრალოდ, თავად მამაკაცის გამოგონებაა. კაცებს უყვართ გამოცანები, საიდუმლოებები, თავსატეხები… და თუ შეძლებენ ქალის ჩანაფიქრის ამოცნობას, ჰგონიათ, რომ თამაში მოიგეს. ამით საკუთარ თავს უმტკიცებენ, რომ ქალებზე ძლიერები არიან.
- შეიძლება ასეცაა, ვერ შეგედავებით, - მორჩილად დაეთანხმა.
- აი, ფატალური ქალები კი, მითი ნამდვილად არ არის. ისინი რეალურად არსებობენ, თანაც - უმრავლესობაში მოიაზრებიან. მათთან ურთიერთობა ვერ ანადგურებს კაცის ცხოვრებას, მაგრამ მკვეთრად კი ცვლის… ხანდახან საოცრად დადებითადაც. ეს იღბალზეა დამოკიდებული.
- მე ჯერ არც ერთი მამაკაცის ცხოვრება არ შემიცვლია, - თავი დაიცვა მენეჯერმა.
- ვითომ? ეს შენ გგონია ასე. აბა, გაიხსენე, რამდენი თაყვანისმცემელი გააწბილე შენი უარით? ერთი? ორი? ათი?
- არ დამითვლია.
- მაგრამ გააწბილე.
- თუკი იგი მიუღებელი იყო ჩემთვის, აბა, რა უნდა მექნა? - აი, ხომ ხედავ! დაჯექი, რას დგახარ! - ახლაღა შეამჩნია ილიამ, რომ ქალი ფეხზე იდგა, - აქედან გამომდინარე, ვინ იცის, როგორ შეიცვალა იმ ადამიანების ცხოვრება, ვისაც სიყვარულზე უარი უთხარი. რა გამოდის? ის, რომ ფატალური ქალები არსებობენ.
- და მათ გარდა სხვა კატეგორია არ არსებობს? მხოლოდ საბედისწერო და ფატალურებითაა სამყარო სავსე?
- მე რომ მკითხო, მხოლოდ ორი კატეგორია არსებობს - ფატალურები და სხვა დანარჩენი. აი, საბედისწეროს არ ვცნობ. მე ასეთი არ შემხვედრია!
- იღბლიანი ყოფილხართ, - შენიშნა ნანათემ, სკამი გამოსწია და დაჯდა თუ არა, გამომწვევად გადაიდო ფეხი ფეხზე და გოკიელს მიაჩერდა.
მამაკაცმა მზერა მის მრგვალ მუხლისთავებზე კარგა ხანს შეაჩერა, მერე ჰაერი შეისრუტა და ფილოსოფოსობა განაგრძო.
- იღბალი თანდაყოლილია. იბადება ადამიანი და ჩნდება მისი ბიოგრაფიაც. ბიოგრაფია რელსებია. რელსები - ორ მთავარ თარიღს შორის. რელსებზე მოძრაობს შემადგენლობა, მის შიგნით კი - ყველა და ყველაფერი, ანუ ჩვენ და სამყარო.
- ეს ბედისწერის საკითხია, ჩემი აზრით.
- ბედისწერა… ბედისწერა არის გზა. გზა, რომლის გავლისას შეიძლება გაიყინო, გათბე, სიხარულით აივსო, ან დაიკარგო, ან ძალა გამოგეცალოს.
- ამიტომაცაა გზა? - გაეღიმა ნანათეს.
- რა თქმა უნდა. მაგალითად, თუკი სამეფო ოჯახში დაიბადები და ტახტის მემკვიდრედ მოიაზრები, ეს უკვე ბიოგრაფიაა, მაგრამ თუ ჩვეულებრივი მოკვდავი ხარ და წილად გხვდა, ტახტის მემკვიდრის საცოლე გახდე, ეს უკვე ბედისწერა. ეს ნიშნავს, რომ იღბლიანი ხარ, ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩნდი.
- თქვენ როგორი ქალები მოგწონთ, ილია? - თამამად ჰკითხა.
- როგორი? რა ვიცი… ქალი უნდა იყოს უზომოდ ქალური, მომხიბლავი და არა მძიმე. ქალი აუცილებლად უნდა აფასებდეს მამაკაცთან ურთიერთობას. მაპატიეთ ქალებმა, მაგრამ თქვენ გაცილებით ადვილად იხიბლებით უბრალო მანიფესტაციებით, მოგწონთ ეფექტური ჟესტი, თვალში ნაცრის შეყრა… თუ ასე არაა, მაშინ რატომ უმშვენებთ გვერდს უშნო, თუმცა შეძლებულ მამაკაცებს?.. ამას რა დავარქვათ, თავშეუკავებლობა თუ კულტურის დეფიციტი? რეალურ ცხოვრებაში ქალები კარგ ტიპებს, კეთილშობილებასა და თავმდაბლობას არ აფასებენ. გასაგებია, რომ გაცილებით მატერიალისტები არიან, მაგრამ დოზას გააჩნია.
- ამაში კი ვერ დაგეთანხმებით! - როგორც იქნა, გააპროტესტა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ ყველა ქალი ერთნაირი არ არის, - დაბნეულმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა, ამ სახის დისკუსიისთვის მზად არ აღმოჩნდა.
- ეგ არასრული პასუხია, განზოგადებული. კონკრეტულად რა შეგიძლია მითხრა?
გაგრძელება იქნება