საოპერო მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მსახიობის, ხათუნა კოტრიკაძის დედის ძველ ინტერვიუს ეხმაურება:
"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!
ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო), როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი სულიერად ავადმყოფი, შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი, ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი! დიახ, ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!
საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა, რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად გაწირა ქალი მთელი ცხოვრება "იატაქვეშა" ცხოვრებისთვის (ღმერთო მაპატიე, უნებურად, ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული).
ასე რომ, ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო, არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ ყველაფერი სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას. საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, "კვახი"! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!
(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას)" - წერს თამარ ივერი.
ხათუნა კორტიკაძე რამდენიმე დღის წინ გრდაიცვალა. სოციალურ ქსელში კი გავრცელა მისი დედის ინტერვიუ, სადაც ის შვილის ოჯახისა და ეკრანებიდან გაქრობის შესახებ საუბრობდა.
ხათუნას ძალიან უყვარდა ბიოლოგია და ბიოლოგიურზე ჩააბარა. რომ მოენდომებინა, შეიძლებოდა, მსახიობიც ყოფილიყო, მაგრამ ამისთვის თავი არ მოუკლავს. მეორე კურსზე იყო, რომ გათხოვდა. მისი ქმარი, დათო გოგია, „დინამოს“ მეკარე გახლდათ, რომელიც ჩემი მეუღლის, სერგო კოტრიკაძის მოსწავლე იყო და ხშირად მოდიოდა ჩვენთან სახლში. მაშინ ხათუნა ბავშვი იყო. მერე ამ ადამიანმა თავისი გრძნობები გამოააშკარავა, მაგრამ ყველა წინააღმდეგი ვიყავით. ვინმემ ცუდად არ გამიგოს, მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სამტრედიელია, მე კიდევ რაიონი არ მიყვარს. გარშემო ელიტური, ცნობილი, ნასწავლი ნათესავები მყავს. მამამისმაც უთხრა: ეგ კაცი არ გამოგადგებაო. ხათუნაც, რომ ვთქვა, დიდად აქცევდა ყურადღებას-მეთქი, არა. ერთხელ მითხრა: იცი, რა მახსოვს, მე და მამა დიღომში, ბაზაზე ვიყავით, მეკარის დიდი ხელთათმანები მომხვდა თვალში. ვიკითხე, ვისია-მეთქი და დათო გოგიასიო. ამით დაამახსოვრდა. მისი მშობლები რომ მოვიდნენ ხელის სათხოვნელად, ჩემმა მაზლმა მითხრა, დათანხმდიო. მისი ცოლი გადაირია – ნანული, რას შვრები, დაფიქრდი, ვის ატან ამ ანგელოზივით გოგოსო. მაგრამ ამ ბიჭმა ჭკუით გვაჯობა. მეორე დღეს ჩაისვა მანქანაში და წაიყვანა.
– მართალია, რომ გათხოვების შემდეგ წერტილი დაესვა მისი კინოში გადაღების პერსპექტივას და ბევრ ისეთ რაღაცასაც, რაც მის ცხოვრებაში პრიორიტეტული იყო? თუმცა, კინოში ის ერთი გაელვებაც საკმარისი აღმოჩნდა, ისეთი პოპულარობა მოეპოვებინა, სხვებმა მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ ვერ მოახერხეს. როგორ იწყებოდა ყველაფერი?
– ხათუნა პირველ სკოლაში სწავლობდა. მათთან „თუში მეცხვარის“ რეჟისორი სოსო ჩხაიძე მივიდა, ბავშვები შეათვალიერა და ხათუნა მოეწონა. გადაიღო ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“. ყველა გადარეული იყო. პირველივე დღიდან, როგორც გამოცდილმა მსახიობმა, ისე ითამაშა. ამის შემდეგ ხან ვინ გვირეკავდა, ხან – ვინ, რომ ფილმში გადაეღოთ. მერე ლეილა გორდელაძემ დაგვირეკა. მითხრა, რომ „მოიტაცეს თამარ ქალს იღებდა“ და მთავარ როლზე ხათუნა სჭირდებოდა. აუტანელი ხასიათის ქალი იყო. ეგ და ხათუნა ვერ რიგდებოდნენ, ურთიერთობა უჭირდათ. დღეს ვფიქრობ, რომ საკმაოდ უნიჭო სურათი გამოვიდა. ამის შემდეგ ლერიკო ხოტივარმა მიიწვია „მხიარულ რომანზე“. ჩემს ქმარს კარგად იცნობდა და სთხოვა – ძალიან მინდა, შენი შვილი ამ ფილმში მოხვდესო. ხათუნა ცხოვრებაშია შებოჭილი, თორემ ეკრანისთვის ძალიან თავისუფალი იყო და ამით მოეწონა ყველას. აბსოლუტურად ყველა გადაღებაზე თვითონ მიმყავდა და მომყავდა. მამამისი მარტო გაუშვებდა? მახსოვს, დათო გიორგობიანთან („მხიარულ რომანში“ შეყვარებულის, დათო მგალობლიშვილის როლის შემსრულებელი – ავტორი). სულ კინკლაობდა. აბრაზებდა – რა უშნო ხარო. დათო ეუბნებოდა: სამაგიეროდ, შენ ხარ ძალიან ლამაზიო. „მოიტაცეს თამარ ქალში“ ბიჭები რომ თამაშობდნენ, ყველა ხათუნაზე უფროსი იყო. გია ფერაძე, როგორც უფროსი ძმა, დარიგებებს აძლევდა: ხათუნა, არასოდეს დაირქვა „სვოი გოგოს“ სახელი. შენ გგონია, ასეთი გოგონები მოსწონთ ბიჭებსო?!
– ჩემი აზრით, ხათუნას ისევ ეკრანზე გამოჩენა ყველასთვის სასიამოვნო იქნებოდა, ამ გზას რომ გაჰყოლოდა და გათხოვება არ ეჩქარა...
– მისი ქმარი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ აღარ გადაეღოთ. მოვკლავო, ამბობდა. ეტყობა, ხათუნასაც არ უნდოდა მაინცდამაინც, თორემ, თუ რამე მოინდომა, გააკეთებს კიდეც. ბევრჯერ იყო ისეთი სიტუაცია, რომ შეიძლებოდა დაშორებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მე არ მივეცი ამის უფლება. არადა, დავიღალეთ ამ კაცის ეჭვიანობით – აქ არ წახვიდე, იქ არ წახვიდე... არც იყო ხათუნა ბუნებით მოსიარულე გოგო, მაგრამ ციხეში ხომ არ იყო?! როგორც კი სახლიდან გავიდოდა, ეჩხუბებოდა. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ხათუნა მართლა გადააჩვია სახლიდან გასვლას. მეკითხებოდნენ – რატომ არ ჩანს ხათუნაო, მაგრამ ყველას ხომ ვერ აუხსნი. ოღონდ სახლში მჯდარიყო და მზად იყო, ნებისმიერი სურვილი აესრულებინა. მის კარადაში ტანსაცმელი დღემდე არ ეტევა. ავეჯი, ფული, რამდენიც გინდათ და არასოდეს არაფერს უთვლიდა. ამაში არ ზღუდავდა. უცხოეთში შეკრებებზე რომ მიდიოდა, თხუთმეტი ათას მანეთს უტოვებდა. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ხათუნა ამით იხიბლებოდა. გამწარებული ამბობდა: არც ასეთი ფული მინდა და არც არაფერიო. თბილისში უცხოური ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა. ჩემმა მეგობარმა ბილეთები მოიტანა, წავიდეთო. პირველ-მეორე დღეს წავედით და მესამე დღეს ხათუნამ წამოსვლაზე უარი განაცხადა. ნუ აქცევ ყურადღებას, ჩემთან და ნინკასთან ერთად მოდიხარ-მეთქი. არა, დედა, იმ განცდებად და ლაპარაკად არ მიღირს ეს ფილმიო. იქამდე მიიყვანა, რომ ყველაფერზე უარი ათქმევინა. მიუხედავად ამისა, მასთან ურთიერთობა არ გამიფუჭებია. ექვსი წელი ჩემთან ცხოვრობდნენ. მერე სოფელ დიღომში გადავიდნენ. პირველ ხანებში ძალიან ვებრძოდი, მაგრამ მერე შევხედე, რომ ამ ბიჭთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. რაც მეტს ვებრძოდი, მით უარესი იყო. იდიოტი ხომ არ ვიყავი? ტაქტიკა შევცვალე. აი, ასეთი ბედი აქვს ხათუნას და არ გაგიკვირდეთ, რომ ვიღაცებს არ ხვდება და ინტერვიუებს არ იძლევა. ახლა, ვფიქრობ, დადგა ის პერიოდი, როცა შეიძლება თავის ცხოვრებას მიხედოს და ერთი წუთითაც არ ვიქნები არაფრის წინააღმდეგი. ბევრი ვითმინე და უშედეგოდ. დღემდე ეჭვიანობს და წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როცა არაფერში ხარ დამნაშავე და თავი უნდა იმართლო. სხვათა შორის, ერთხელ დამიჯდა და მითხრა: რა დეგენერატი ვიყავი, რომ ჩემს ცოლზე, ასეთ სპეტაკ ადამიანზე ვეჭვიანობდიო.
– როგორც ვიცი, ხათუნა სოფლის საქმეებში აქტიურად ჩაება. ძროხებს, ქათმებს უვლიდა, ბაღში ბოსტნეული, ხილი მოჰყავდა. როგორ ახერხებდა ამ ყველაფერს?
– მე სულ ხათუნას გვერდით ვიყავი. დავტოვე ჩემი ოჯახი, ბიჭი, რძალი, შვილიშვილები და მასთან გადავედი. ჩემი რძალი დღემდე მსაყვედურობს ამას. წავედი, მაგრამ ძროხების დანახვაზე შორს გავრბოდი. მგონი, ხათუნამაც არ იცოდა, როგორი იყო ძროხა და რატომ მოუნდა მათი მოვლა, დღემდე არ ვიცი. მახსოვს, საშინელი სახლი იყო – ოთხი კედელი, გაულესავი, გაუმართავი. ვინც იცოდა, რომ ფუფუნებაში გაზრდილი გოგო იყო, გაგიჟდა. თავისი ცხვირსახოციც არ გაურეცხავს, შუადღის სამ საათამდე ეძინა და უცებ ამხელა ოჯახის საქმეები წამოიკიდა.
იქვე რუსი სამხედროები ცხოვრობდნენ ოჯახებით. რვა ძროხა ჰყავდათ და ჩემს სიძეს იაფად შესთავაზეს. ეს რომ გაიგო ხათუნამ, ატყდა – ეს ძროხები მინდაო. გოგო, შენ გიჟი ხომ არ ხარ, რა ძროხები გინდა-მეთქი. სხვათა შორის, კარგი ჯიშის, ჰოლანდიური ძროხები იყო. ქმარმაც მოუყვანა. ყველა განზე გადგა. ჩემმა ქმარმა თქვა: რაც გინდა, ის ქენითო. არც ჩემი ბიჭი, არც ჩემი სიძე არ გვეხმარებოდნენ. ქმარმა უთხრა: იმიტომ მოვიყვანე, მეგონა, გავყიდდი და შენ იტოვებო? ერთადერთი, იმაში შემოგვეშველა, რომ ძროხებისთვის თივა მოჰქონდა. მოწველა ხომ უნდოდა. მე ძროხასთან მიმსვლელი ვიყავი? ადგა ხათუნა და მოწველა. როგორ მოწველე-მეთქი. რეზინის ხელთათმანები ვიყიდე და იმაზე ვივარჯიშეო. მერე ქალი ავიყვანეთ, ქმარმა თურქეთიდან მოსაწველი აპარატი ჩამოუტანა და იმით წველიდა. იმას ავიტანდი, ჩემს შვილს ძროხები ეწველა? ხათუნას ბიჭს ხორცი ძალიან უყვარს და იცით, როგორ ეფერებოდა? ჩემო კატლეტო, ჩემო ხაშლამა... ხათუნას კიდევ ძალიან უყვარდა ძროხები და დასაკლავად ენანებოდა. ქათმებიც გვყავდა. ჩემი ქმარი დაგვცინოდა, თქვენ რისი მომვლელები ხართო. რომ ჩამოვიდა და შეხედა, ძროხები ჩაკრიალებული გვყავს, ფუნას ვუწმენდთ და მთელ ამბებში ვართ, კინაღამ გადაირია. ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა. ახლა, მობეზრდა იქით ცხოვრება და წამოვიდა.