- ლიკა! - გამაფრთხილებელი ტონი გაისმა ილიას ხმაში, ქალიშვილს თვალები დაუბრიალა, მერე კი შერბილებული ტონით ნანათეს მიუბრუნდა, - ჩვეულებრივი ადამიანია, მხოლოდ ესაა, რომ ადამიანების თავის ჭკუაზე ტარება უყვარს და რჩევა-დარიგებები.
- უნდა, ყველამ, რაც მას სურს, ის აკეთოს! - ჩაერთო ლიკატო.
- ლიკა-მეთქი! - უფრო აუწია ხმას გოკიელმა.
- ჰო, კარგი, საერთოდ არ ვიტყვი არაფერს! ნეტავ არ მოვსულიყავი! - ჩაიბურტყუნა გაბრაზებულმა გოგონამ და ტუჩაბზეული სწრაფი ნაბიჯებით გავიდა კაბინეტიდან.
- ყელში ამომიყვანა უკვე! ბიჭოს! - შუბლშეკრულმა ილიამ კეფაზე მოისვა ხელი, თავი უკან გადასწია და კისერზე თითები წაიჭირა, - არადა, კეთილი ადამიანია. თან ვალში ვარ მასთან. ჩემი მეუღლე რომ დაიღუპა, გვერდიდან არ მომცილებია, ყველანაირად მეხმარებოდა. თავის დროზე უნდა მეფიქრა ცოლის შერთვაზე, სანამ ეს მამაძაღლი პატარა იყო. ახლა გვიანაა. ის ვერავის აიტანს. ხომ ხედავ, როგორი ჭირვეული და თავნებაა.
- არა უშავს, ჯერ კიდევ ბავშვია, დაღვინდება.
- მეტი არაა ჩემი მტერი, თან რაც იმ კაცს გადაეკიდა… - შეფიქრიანებულმა წარმოთქვა.
- ვინ კაცს? - სახეზე ალმურმა აჰკრა ნანათეს ბესოს ხსენებაზე.
- კაცია, აბა, რა! ლამის ჩემი ტოლია! თავისი ასაკის მაინც ენახა ვინმე! შეიძლება კარგი ადამიანია, მაგრამ ლიკასთვის შეუფერებლად მიმაჩნია და რა ვქნა!
- სიყვარულმა ასაკი არ იცის, - მისდა უნებურად, ყოფილი შეყვარებულის დაცვას შეეცადა.
- ეჰ… რა ვიცი. მე, სიმართლე გითხრა, საერთოდ დამავიწყდა, რას ნიშნავს სიყვარული. ვეღარ ვახერხებ ქალებთან ურთიერთობას. ეს, ისე, ჩვენ შორის დარჩეს, როგორც პატარა საიდუმლო.
- რა თქმა უნდა, - გაეღიმა ნანათეს.
- იცი, რა იდეა დამედაბა? - ილია მოულოდნელად მთელი ტანით ნანათესკენ გადმოიხარა, მაგიდას ხელებით დაეყრდნო და დაჟინებით მიაჩერდა ქალს თვალებში, თითქოს აჰიპნოზებსო და შეცვლილი ხმით წარმოთქვა, - მე და შენ ახლა ჩემთან წავალთ და ჩაის დავლევთ… ან ყავას… ჰა, რას იტყვი?
დაბნეულმა მენეჯერმა თვალები ააფახულა.
- ვერც ვერაფერს, იმიტომ, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია, - თავადვე უპასუხა თავისსავე შეკითხვას გოკიელმა და კმაყოფილმა გააგრძელა, - წავედით, ის გადარეულიც სახლში დაგვხვდება და შემოვირიგებ, რახან შენც ჩვენთან იქნები. სხვანაირად, შეიძლება სამი დღე ხმა არ გამცეს.
- ეგეთი ბუტიაა?
- საშინელი. თუ დაიბოღმა, მტრისას! აი, მაგაში კი ჰგავს დეიდამისს!.. მივდივართ?
- წავიდეთ… რა ვიცი, - მორიდებით დაეთანხმა ნანათე და როცა სკამიდან წამოდგა, იგრძნო, როგორ უთრთოდა მუხლები.
8 8 8
- სხვა სხვის ომში ბრძენიაო, - თქვა ნანათემ, როცა ეზოში გამოვიდნენ, - როცა ერთ ვიღაცას ვხვდებოდი, მეკო და ცისია თავს იკლავდნენ, საშენო კაცი არ არის, საერთოდ არ შეგეფერებაო. ყოველდღე ამას ჩამჩიჩინებდნენ. ვიცოდი, რომ მართალს მეუბნებოდნენ, თუმცა ამის გამო მასთან ურთიერთობის გაწყვეტა არც მიფიქრია. არასდროს გავბრაზებულვარ მათზე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემთვის სიკეთე უნდოდათ და იმიტომ ჩამაგონებდნენ, მაგრამ ხანდახან ისე მინდოდა, გაჩუმებულიყვნენ და ჩემს ცხოვრებაში ცხვირი არ ჩაეყოთ… იმდენად დამძაბეს, რომ, როცა საქმე განშორებაზე მიდგა, არც კი მიცდია ახსნა-განმარტება მომეთხოვა მისთვის, რატომ გაცივდა ასე. ისინი რომ არა, შეიძლება სხვანაირად მოვქცეულიყავი და დღეს მარტოც არ ვიქნებოდი, - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ნანათემ და ლაბადის საყელო აიწია, რომ ყურები ქარისგან დაეცვა, ხელები კი ჯიბეებში ჩაიწყო, - რა საშინელი გაზაფხულია!
- მაგას რატომ მიყვები? - შეჩერდა ილია.
- უბრალოდ, პარალელი გავავლე. იქნებ არ ღირდეს, ლიკატოს წარამარა უხსენო, რომ ის ბიჭი მისი შესაფერისი არ არის.
- ის ბიჭი კი არა, ის კაცი. ვერასდროს ვერ შევეგუები მას, როგორც სიძეს. რატომღაც ასე მგონია.
- ძალიან გულახდილი ხარ, - შენიშნა ნანათემ და წარბები ეშმაკურად აწკიპა.
- აბა საცოლესთან თუ არ ვიქენი გულახდილი, ვიღასთან უნდა ვიყო? - გაიხუმრა გოკიელმა და ხელკავი გაუყარა, - ხომ შეიძლება?
- რა თქმა უნდა, - უპასუხა ნანათემ და როგორც კი მამაკაცმა ხელი მკლავში გაუყარა, ეგრევე წაფორხილდა.
- ფრთხილად! რატომ «შეფორხილდი»? - თითები იდაყვზე მოუჭირა ილიამ დაბნეულს.
- ფეხი დამისხლტა… სად არის შენი მანქანა?
- საქმე ისაა, რომ დღეს უმანქანოდ ვარ. ცოტა ხომ არ გაგვევლო ფეხით? ტაქსი როგორც კი გამოჩნდება, გავაჩერებ.
- გამოგვეძახებინა…
- ვიფიქრე, მაგრამ ისე გამიხარდა, რომ დამთანხმდი, ამომივარდა თავიდან. გცივა? - მზრუნველი ტონით შეეკითხა.
- არა, არ მცივა.
ჯერ ჩქარი ნაბიჯით გაუყვნენ ტროტუარს, მერე და მერე კი, თვითონაც ვერ მიხვდნენ, როგორ შეანელეს ნაბიჯი და ბოლოს სეირნობის ტემპზე გადაერთვნენ.
ამასობაში ციდან ღრუბლები გადაიყარა და მზემ გამოაჭყიტა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით. მერე კვლავ ღრუბლებს შეეფარა და ცივმა ნიავმა ძვალსა და რბილში გაუარა ნანათეს.
ილიამ იგრძნო, მისი თანამგზავრი სიცივემ რომ აიტანა და მსწრაფლ ტაქსი გააჩერა. სანამ გოკიელის სახლამდე მიაღწევდნენ, ერთმანეთს არ დალაპარაკებიან.
ნანათეს უცნაური გრძნობა დაუფლებოდა. ვერ ხვდებოდა, რა ემართებოდა. კარგად გრძნობდა თავს თუ ცუდად, ვერ მიმხვდარიყო. კარგადაც იყო და, ამავდროულად, ცუდადაც. რაღაც ამჩატებდა და რაღაც ამძიმებდა კიდეც.
- რა დავლიოთ, ჩაი, თუ ყავა? - ჰკითხა ილიამ, ქალს ლაბადა რომ ჩამოართვა.
- ჩაი, თუ შეიძლება. ლიკატო სახლშია ვითომ?
- აბა, სად იქნება! თუ არადა, მოვა, სად წავა.
ნანათეს დანახვაზე ლოჯიიდან გამოვარდნილმა ძაღლმა ყეფა ატეხა.
- გადი იქით! - დაუცაცხანა ილიამ, მერე საყელურში ჩაავლო ხელი და სააბაზანოში შეკეტა, - უცხოს დანახვაზე ასე იცის. შეგეჩვევა, ნუ გეშინია. იმედია, ცხოველების მიმართ ალერგია არ გაქვს.
- არა, არ მაქვს. მიყვარს ისინი. - ძაღლები?
- ძაღლებიც, კატებიც… რა ვიცი… საერთოდ მიყვარს ფლორა და ფაუნა.
- ჰმ, - ჩაიცინა გოკიელმა და სასტუმრო ოთახში შეუძღვა, - ძალიან ზოოლოგიური ნათქვამია.
ნანათემ სიცილი ვერ შეიკავა.
- შენ აქ დამელოდე, მე საქმეს მივხედავ.
- მოგეხმარები, - ქალმა ხელები დაიკაპიწა და უკან მიჰყვა სამზარეულოსკენ მიმავალ ოჯახის უფროსს.
- რას ჰგავს აქაურობა! - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი სამზარეულოში შესულმა მამაკაცმა, - სულ დაკარგა ამ გოგომ თავმოყვარეობა!
- მოხვედი, მამა? - ზურგიდან ლიკატოს ხმა მოესმა ნანათეს.
- ჰო, - გასძახა ილიამ, მერე კი ნანათეს გადაულაპარაკა, _ როგორც ჩანს, ძალიან არ გაბრაზებულა, რახან დამელაპარაკა.
ქალმა ღიმილი ვერ შეიკავა. «რა საყვარლები არიან», - გაიფიქრა გულში და სიამოვნების ტალღამ დაუარა სხეულში, - მე რომ ამათი დიასახლისი ვიყო, დავაწკრიალებდი აქაურობას!»
- ვა! ნან, შენც მოხვედი? ესე იგი, თანახმა ხარ? - გოგონას მის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა.
- მე… მე… - ენა დაება ნანათეს. - ვახშამზე დავპატიჟე და შენ იცი ახლა, როგორ დატრიალდები. ეს მაინც არ არის მედიკოს მოყვანილი მორიგი შინაბერა!
«შინაბერა» უსიამოვნოდ მოხვდა ყურში. შინაბერა როგორ არ არის! არის, მაგრამ არც ძალიან შინაბერაა. ასე ვთქვათ, ცოტათი. ჯერ კიდევ აქვს გათხოვების შანსი.
- ჩაი სად გვაქვს? - გოკიელმა ქალიშვილს გამოხედა.
- უჯრაში ჩავდე. მოიცა, მე მოგემსახურებით, თქვენ იქით გადით, ოთახში.
- კარგი გოგო იქნები, თუ მაგ სიკეთეს იზამ, - ილიამ ნანათეს თვალი ჩაუკრა და წარბებით ანიშნა, ხომ ხედავ, როგორ მოიქაჩლა თავიო.
ნანათეს სიცილი რომ არ წასკდომოდა, სასწრაფოდ გამოვიდა სამზარეულოდან. ილიაც უკან გამოჰყვა.
ამ დროს კარზე ზარი დაირეკა. ილია ჰოლში გავიდა. ნანათე ადგილზე დარჩა. როცა მამაკაცმა კარი გააღო, ქალს ისე შეერხა გული, თითქოს ციცაბო კლდიდან ვარდებაო. ბესო იდგა ზღურბლთან.
- საღამო მშვიდობისა, ბატონო ილია! - მიესალმა სასიმამროს.
- მშვიდობის საღამო პატივცემულ ბანკირს! - ირონიულად გაიჟღერა გოკიელის მისალმებამ.
- შინაა?
- მობრძანდით, კარში რატომ დგახართ! შინაა, აბა, ამ დროს სად იქნება! - უკმეხად უპასუხა ილიამ და ბესოს შიგნით შემოუძღვა.
- მეგობართან ვაპირებ გასვლას და ვიფიქრე, წავიყვან-მეთქი, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, - თქვა და ამ დროს ნანათე შეამჩნია. ისე შეცბა, შეეტყო, მის აქ გამოჩენას რომ არ ელოდა.
ნანათემ სწრაფად მოარიდა მზერა და თვალი ლიკატოს გააყოლა, რომელიც სირბილით მიეჭრა შეყვარებულს და კისერზე ჩამოეკიდა.
- წინააღმდეგი ვიქნები, - დაუდასტურა გოკიელმა, - რადგან ახლა ჩვენ სტუმარი გვყავს და არ იქნება ლამაზი, ლიკა სადმე წავიდეს.
- სად აპირებდი? - ლიკატომ სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა შეყვარებულს.
- გიასთან.
- არ გინდა გიასთან, რა. დარჩი ჩვენთან, ერთად ვივახშმოთ, კარგი?
- რა ვიცი… შეიძლება, - მხრები უხერხულად აიჩეჩა ბესომ და მზერა ილიასკენ გააპარა.
- გონივრული გადაწყვეტილებაა. ეს მომწონს, - თავი დააკანტურა გოკიელმა.
8 8 8
ვახშამმა არც ისე სასიამოვნოდ ჩაიარა. ბესო და ნანათე დაძაბულები ისხდნენ, თან ერთმანეთს არა მხოლოდ თვალს არიდებდნენ, არც კი ელაპარაკებოდნენ. ილიას ისედაც არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი და ისე გამოვიდა, მთელი საათის განმავლობაში მხოლოდ ლიკატო ლაქლაქებდა. იგი ძირითადად თავისი პუდელის ამბებს ჰყვებოდა.
როცა წასვლის დრო დადგა, ნანათე წამოიმართა.
- გვიანაა უკვე, წავალ.
- ტაქსის გამოვიძახებ, - ილიაც წამოდგა.
- მე გავიყვან, ტაქსი რა საჭიროა, - გამოიდო ბესომ თავი.
ნანათეს სუნთქვა შეეკრა. სულაც არ უნდოდა, ახლა მასთან მარტო დარჩენილიყო. რაზე უნდა ელაპარაკათ? ლიკატოზე? მათ დამთავრებულ ურთიერთობაზე? განშორების წუთებზე? სისულელე იყო! მათ სალაპარაკო და საერთო არაფერი დარჩენოდათ! წამიერად თვალწინ გაურბინა მასთან გატარებულმა ყველა დღემ და ზიზღმა შეიპყრო. როგორ შეიძლებოდა, ასეთი კაცი ჰყვარებოდა? უინტერესო, უშინაარსო, კარიერასა და ფუფუნებაზე გაგიჟებული!
უნდოდა, უარი ეთქვა და აეხირებინა, ტაქსით წავალო, მაგრამ არ გამოვიდა. ლიკამ მოწონების ნიშნად ლოყაზე აკოცა ბესოს, რა ყურადღებიანი მეგობარი მყავხარო.
ილიას აშკარად არ ესიამოვნა შექმნილი სიტუაცია. არაფერი უთქვამს, მაგრამ მიმიკებით გამოხატა.
- ხვალ შევხვდებით, - ცივად დაემშვიდობა რატომღაც ნანათეს.
- დიახ… ხვალამდე, - დაბნეულად უპასუხა ქალმაც.
ბესომ გაასწრო ნანათეს და სანამ იგი გარეთ გავიდოდა, მანქანა დაქოქა.
- არც ისეთი გულღია კაცია, არა? - შენიშნა ბესომ, გზას რომ გაუდგნენ.
- გულჩათხრობილია და თავის თავში ჩაკეტილი, - მიუგო ქალმა და ჩუმად ამოიკვნესა.
თითქოს იმედგაცრუებას გრძნობდა. არა, ამას იმედგაცრუება არ ერქვა. უფრო სხვა რამ ერქვა. ალბათ უფრო… უფრო ალბათ განხიბვლა… ჰო, განიხიბლა. როგორ ცივად დაემშვიდობა. რატომ? რა არ მოეწონა? ის, რომ მისი დაწუნებული სასიძო აცილებდა? და მერე რა? იქნებ…
და უეცრად ელდა ეცა. იქნებ რამეს მიხვდა? ამ ხნის კაცია, გამოცდილება არ აკლია, რას გამოაპარებ? ვაითუ, რამე შეატყო ან ერთს, ან მეორეს.
- მე მგონი, შეცდომა დავუშვი, არა? - წამოიწყო ბესომ, რომელსაც თითქოს კუს ნაბიჯებით მიჰყავდა მანქანა.
- შეცდომა? - ქალმა გაკვირვებით გახედა.
- ჰო… შენ რომ დაგშორდი… არ უნდა მექნა ეს…
- რას მელაპარაკები! - დამცინავად ჩაიცინა ნანათემ, - ახლა გვიანაა ამაზე ლაპარაკი და, მე მგონი, უადგილოც.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ შენ შენი ტოლი და სწორი იპოვე. ისეთი, როგორზეც ოცნებობდი.
- შენ იქ რა გინდოდა? - ბანზე აუგდო სიტყვა.
- მე მასთან ვმუშაობ!
- ეგ ვიცი, მაგრამ მის სახლში რა გინდოდა?
- ჩაიზე დამპატიჟა.
- ვა, უკვე ეგრეა საქმე? - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
- როგორ ეგრე?
- რომ საკუთარ უფროსთან სავახშმოდ დადიხარ?
- უკვე აღარაა ჩემი უფროსი.
- ამ საღამოდან? თუ უფრო ადრე მოხდა ყველაფერი? - იგესლებოდა მამაკაცი.
- დროებით ვმუშაობდი მასთან და ძველი თანამშრომელი დაბრუნდა, ამიტომაც აღარ ვმუშაობ, გასაგებია? - ოდნავ გაღიზიანებულად უპასუხა ქალმა, არ ჰქონდა მასთან უაზრო ჩხუბის თავი და არც თავის გამართლების სურვილი გააჩნდა, რადგან ამის მიზეზს ვერ ხედავდა.
- და მერე, ვინ გითხრა, რომ ასეთზე ვოცნებობდი? - მოულოდნელად ძველ თემას დაუბრუნდა ბესო.
- რა-ა? ააა! მაშინ რიღასთვის ხვდები?
- უბრალოდ, მომწონს. სულ ესაა.
- ის ასე არ ფიქრობს, სხვათა შორის.
- ნაკლებად მაღელვებს, ის რას ფიქრობს. მე მისთვის სიყვარული არ ამიხსნია.
- მართლა? მე კი მგონია, რომ მალე ცოლადაც შეირთავ! - გაღიზიანდა ნანათე.
- ეგ ვიღამ გითხრა?
- თქმა საჭირო არ არის, სახეზე გაწერია.
- გეჩვენება, - მის გაღიზიანებულ ტონს მშვიდი ტონი დაუხვედრა ბესომ, - სიმართლე თუ გინდა, შენნაირად ვერც ერთ გოგოს ვერ შევეგუე.
- მე გოგო არ ვარ! - გაბრაზდა.
- აბა, ვინ ხარ?
- ამწუთას ალქაჯი ვარ და თუ არ გაჩუმდები, დაგიმტკიცებ! - კბილებშუა გამოცრა და ტუჩები ძლიერად მოკუმა.
- კარგი, გავჩუმდები, - კვლავ მშვიდად უპასუხა მამაკაცმა.
- და ცოტა ჩქარა იარე, ნუ მისეირნობ!
ბესომ სიჩქარეს უმატა.
აი, თურმე, რა კარგია, როცა ვინმეზე მბრძანებლობ. როგორ წამში დაემორჩილა, ბრჭყალები რომ დაანახვა. თავის დროზე რომ გაეკეთებინა ეს, ახლაც ერთად იქნებოდნენ…
კიდევ კარგი, არ გააკეთა… კაცი კი არა, არარაობაა, აი, ვინ არის!
როცა კორპუსს მიუახლოვდნენ, ბესომ ძრავა ჩააქრო, მანქანიდან გადმოვიდა და ნანათეს კარი გამოუღო.
ქალმა ძლივს გასაგონად «მადლობა და ნახვამდისო», მიუგდო და ზედაც არ შეხედა, ისე აუარა გვერდი ყოფილ შეყვარებულს.
ბესომ გაოცებული მზერა გააყოლა, მერე მხრები აიჩეჩა, საჭეს მიუჯდა და ადგილიდან ნელა დაიძრა….
შინ შესულ ნანათეს მაგიდაზე წერილი დახვდა. «ამაღამ არ მოვალ, ნუ დამელოდები. წყნეთში ვართ, მის აგარაკზე))))!» ბოლოს მიხატულმა სიცილის ნიშნებმა ნანათეს ღიმილი მოჰგვარა. ვინ იცის, იქნებ დაიტოვოს კიდეც იმ ბიჭმა.
- ეჰ… სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა! - წამოძახა და სევდიანი თვალები ჭერს მიაპყრო.
როგორ გაბრაზდა ბესოზე! როგორი ვიგინდარა ყოფილა! ხელახლა არ მოუნდომა შებმა?! ოდნავ რბილად რომ მოქცეოდა წეღან, დარწმუნებული იყო, ბესო ურთიერთობის აღდგენაზე ჩამოუგდებდა ლაპარაკს.
საწყალი ლიკა! როგორ იტყუებს თავს და ვერ ხვდება. ხომ არ უთხრას? არა, ღმერთმა აშოროს! ხომ შეეკითხება, შენ საიდან იციო, რა უპასუხოს? მერე ეგ რომ ბესოს უთხრას ლიკატომ, ის ეტყვის, უგონოდაა ჩემზე შეყვარებული და უნდა, ერთმანეთს დაგვაშოროსო. ამიტომაც პირში წყალს ჩაიგუბებს. ის კი არა, პირიქით, ყველანაირად შეუწყობს ხელს, თუ ოდესმე რომელიმეს მისი დახმარება დასჭირდა.
ამ ფიქრებში იყო, რომ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. იფიქრა, მეკო დაბრუნდაო და არც უკითხავს, ისე გადაატრიალა გასაღები.
გაოცებისგან პირი დააღო. სადარბაზოში ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ილია იდგა.
- გაგიკვირდა? - ნაკვთი არ შერხევია სახეზე, ისე იკითხა.
- ჰო, - არ დამალა ნანათემ.
- შეგიძლია, ცოტა ხნით გამოხვიდე?
- ხომ მშვიდობაა? - ცახცახი დააწყებინა ქალს, ალბათ ბესოზე უნდა დამელაპარაკოსო, - იქნებ… იქნებ ხვალისთვის გადავდოთ?
- რატომ, მეკოსი გერიდება?
- არა… მე… მე მარტო ვარ.
- მარტო? მერე? არ გინდა, შემომიპატიჟო?
- დიახ… მოდი… ჰო, რა თქმა უნდა… - აკანკალებულმა ნანათემ ილია გამოატარა და ნერწყვგამშრალმა კარი ჩაკეტა.
- ვიჩხუბეთ მე და ლიკატომ, - ახსნა თავისი მოსვლის მიზეზი ილიამ, - და გაბრაზებულმა კარი გამოვიჯახუნე. თან მანქანაც ხომ არ მყავს, ხელოსანთანაა. ტაქსით გამოვედი.
- რატომ ჩემთან? - ვერ მოუთმინა, არ ეკითხა.
- არ ვიცი… რატომღაც შენკენ გამომიწია გულმა, - თბილად წარმოთქვა ილიამ და, როგორც იქნა, გაიღიმა…
8 8 8
ნანათე ფანჯრიდან შემოპარულ მზის სხივს გასცქეროდა და ხმამაღლა ფიქრობდა.
- ვითომ კარგი ვქენი? ისე მოულოდნელად მოხდა ყველაფერი… აწი რა იქნება? დამირეკავს? შემხვდება? იქნებ ეს წამიერი ჟინი იყო მხოლოდ და მეტი არაფერი? ის ხომ გადაჩვეულია ქალთან ურთიერთობას. შეიძლება ინანოს კიდეც, რაც ჩაიდინა… და რატომ? ვისზე ნაკლები ქალი ვარ? მე მას ყველაფერი შემიძლია მივცე და მის ცოლზე ნაკლებად თბილი და მოსიყვარულე არ ვიქნები. «ცოლზე!» ჰმ! ცოლობაც რომ მომინდა?! მადა ჭამაში მოდისო! ერთხელ დაწვა ჩემთან და უკვე ამბიციები გამიჩნდა, - თავი ნელი მოძრაობით შეატრიალ- შემოატრიალა, საბანი ტუჩებამდე წაიფარა და ჩურჩულით გააგრძელა, - უჰ! ნეტავ რას ვდარდობ! რაც იყო, იყო!
როგორ გონს მოსვლა ვერ მოასწრო. სიტყვაც არ უთქვამს ილიას. შემოვიდა თუ არა, ზურგიდან «თავს დაესხა» და… მუხლები მოეკვეთა. სადღა ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის თავი! უნდოდა კი? არა, არ უნდოდა. უნდა აღიაროს, რომ ოცნებობდა კიდეც ამაზე!
ახლა? ახლა არ იცის, როგორ არის… თითქოს კარგად არის, თითქოს ცუდადაც… უხარია, რომ სურვილი აუსრულდა, მაგრამ გულზე მაინც ლოდივით აწევს რაღაც. სწორედ ეს რაღაც არ ასვენებს… სწორედ ეს რაღაც აწუხებს. თუმცა, იცის, რაც არის ეს «რაღაც». ილიას მეტად რომ არ მოუნდეს მასთან შეხვედრა, მოკვდება! როგორი დამცირებული აღმოჩნდება. ვიღაცას ვნება დაუკმაყოფილა და მორჩა! არ უნდა, რომ ასე იყოს. უნდა, რომ გაგრძელდეს მათი ურთიერთობა. ამის იმედი კი არ აქვს… სულ მცირედიც კი… ისე წავიდა, მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა: «დაგირეკავ!» და დამთავრდა!
დაურეკავს რო? ან კი, ან არა! მეტი საქმე არა აქვს! კაცი ბიზნესშია ჩაფლული, თავზე აყრია ყველაფერი, ნანათეს მოსაფერებლად სცალია? მაგრამ ერთხელ თუ გაუჩნდა ქალთან ყოფნის სურვილი, ხომ შეიძლება მეორეჯერაც გაუჩნდეს? ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს «მეორეჯერ» შეიძლება ერთი თვის შემდეგ დადგეს ან ორი თვის… საუკეთესო ვარიანტში, ორი კვირის შემდეგ.
ეგეც საქმეა! არა უშავს, დაელოდება. და რომ არ გამოჩნდეს? საერთოდ რომ დაიკარგოს? რატომ უნდა დაიკარგოს, მან ხომ უნდა იმუშაოს მასთან.
არა, ასე არ გამოვა. დღეს ის ილიასთან არ მივა სახლში. არ უნდა იფიქროს, რომ სპეციალურად მოიქცა ასე, რომ თავი შეახსენოს. თუ სჭირდება, ჯობია, თვითონ სთხოვოს, გამოდიო. ჰო, ეს კარგი გადაწყვეტილებაა, ასეც მოიქცევა.
მეკოს რა უთხრას? გაანდოს, რაც მოხდა წუხელ თუ არა? აიკლებს, ის ისეთი «ისტერიჩკაა», ისევ ჭკუის სწავლებას მოჰყვება! არა, არ ეტყვის. არავის არ ეტყვის. ამ ერთ საიდუმლოს გულში ჩაიმარხავს, სანამ საჭირო იქნება.
მოულოდნელად კარი გაიღო და მეკომ შემოიხედა.
- ძაღლი ახსენე და ჯოხი მოიმარჯვეო, შენზეა ნათქვამი! ამწუთას შენზე ვფიქრობდი! როდის მოხვედი? არც გამიგია.
- ეს წუთია… სახლში რატომ ხარ? როგორ ჩაიარა შეხვედრამ? რაო, ვაჟბატონმა? - მეკო უხასიათოდ ჩანდა.
ნანათეს ალმურმა გადაუარა. მზერა მოარიდა დაქალს, დაბნეულობა არ შემატყოსო.
- ისეთი არაფერი… არ ღირს მოსაყოლად. შენ რა გჭირს?
- ჭირი და ჯანდაბა!
- რა იყო, იჩხუბეთ? - საწოლზე წამოჯდა ნანათე და საბანი მკერდზე შემოიხვია.
- ნეტავ გვეჩხუბა!
- აბა, რა?
- რა და ის! რა იქნება, ვერ ხვდები? ერთად ვიწექით.
მოულოდნელად ნანათეს ნერვიული სიცილი აუტყდა. ნამდვილი ისტერიკა დაემართა, ვერ ჩერდებოდა.
- რა გაცინებს, გოგო! ლამისაა, თავი კედელს ვახალო და შენ იცინი?
- მაპ… მაპატიე, მე… მაგრამ თავი ვერ შევიკავე… რა მაგარიაააა!
- ნუ გადამრიე! რა არის მაგარი, გულზე ვსკდები! შევთვერი და აღარ მახსოვს, რას ვაკეთებდი, - იღრინებოდა მეკო და თეძოებზე დოინჯშემოყრილი აქეთ-იქით მიმოდიოდა.
ნანათემ სერიოზული სახე მიიღო. აცრემლებული თვალები მოიწმინდა და ჩაფიქრებული სახით გახედა მეგობარს.
- შენი აზრით, იჩქარე?
- შენი აზრით, არა? ჯერ არც ვიცნობ წესიერად!
- იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც გგონია? ხომ გითხრა, დაგირეკავო? დაგირეკავს.
- შენ რა იცი, რომ მითხრა? - გაოცებული მეკო ადგილზე შედგა და პირდაღებული მიაჩერდა.
- რა ვიცი, ასე ამბობენ ხოლმე კაცები ამ დროს… - ნანათემ უხერხულად აიჩეჩა მხრები.
- კაცები, თორემ შენც ასი გყავს ნანახი!
- რა შუაშია ასი! - იწყინა დაქალმა, - ზოგადად ასეა და…
- ზოგადად არ ვიცი მე! დღეს თუ არ დამირეკავს, ხვალ მე თვითონ დავურეკავ. მაგას არ ეგონოს, რომ ასე მივუშვებ, თავის გემოზე! ჯერ არ იცის, ვისთან დაიჭირა საქმე!
- აქამდე არც ისე ძალიან მოგწონდა?
- არც ახლა ვგიჟდები მაინცდამაინც, მაგრამ ჩემ გათელვას შევარჩენ, როგორ გგონია?
- რატომ გათელვას? ძალა დაგატანა? გაგაუპატიურა?
- არა, მაგრამ… რა ვიცი, აღარ ვიცი, რა ვთქვა, - სასოწარკვეთილი მეკო საწოლზე ჩამოუჯდა ნანათეს და სახეზე ხელები აიფარა, - ვიტირებ ახლა!
- კარგი, არ გინდა, - ნანათე მიეფერა, შეეცოდა მეგობარი, - ნუ იტირებ, ტირილი რას შველის საქმეს? ან ჯერ რა გაქვს სატირალი, ხომ არ დაკარგულა? იქნებ ერთ საათში ისევ გირეკავს? რა იმედი გადაგიწურავს!
- კრეტინი ვარ რა! ასეთი შეცდომა როგორ მომივიდა! არადა, რომ მივდიოდი, მტკიცედ შევპირდი ჩემს თავს, რომ წვეთს არ დავლევდი! შემომიჩნდნენ მაგის მეგობრები, გინდა თუ არა, ყველა ვსვამთ და შენც დალიეო. თან წყვილებად იყვნენ ისინიც. ჯერ ცოტა დავლიე, მერე მეც გამეხსნა მადა და… მერე ბუნდოვნად მახსოვს. რომ გამეღვიძა, გვერდით მეწვა. და აი, ახლა აქ ვარ. მომიყვანა, სახლთან დამსვა და წავიდა.
- თან დაგირეკავო, არა? - ისევ გაეცინა ნანათეს.
- ჰო. შენ რას აგიჩემებია ეს სიტყვა?
- მეც იგივე მითხრეს და იმიტომაც ამიჩემებია, - საიდუმლოს შენახვა გადაიფიქრა ნანათემ.
- ვინ გითხრა? როდის?
- გგონია, შენზე უკეთეს დღეში ვარ? იმიტომაც ვიცინი ასე დებილივით ისტერიკულად! ჩვენც «ვიმეცადინეთ» წუხელ, - სევდიანი ღიმილით თქვა ნანათემ და წვრილად გადმოულაგა მეგობარს, რაც მოხდა.
ამჯერად მეკოს საყვედური არ უთქვამს. უფრო მეტიც - ხმაც კი არ ამოუღია. არაფრის მთქმელი სახით მიშტერებოდა ნანათეს და დუმდა.
- ჰა, რას იტყვი, ორი სულელი ერთად შევიყარენით? - გაღიმება სცადა ნანათემ.
- ორი სულელი კი არა, ორი უტვინო ბატი! ვისხდეთ ახლა და ველოდოთ, რომელს უფრო ადრე დაურეკავენ, ან დაურეკავენ თუ არა საერთოდ. და შევეჯიბროთ ერთმანეთს სირბილში, რომელი უფრო ადრე მიასწრებს ტელეფონის ზარს!
- ეგ საშიშროება არ გვემუქრება, მობილურზე დაგვირეკავენ, თუ რამეს გადაწყვეტენ, - «ანუგეშა» დაქალი.
სწორედ ამ დროს ნანათეს მობილური აწკრიალდა.
- ე! აბა, მე რას გეუბნებოდი! - გახარებული საწოლიდან წამოხტა და ჩანთას ეცა.
- დილა მშვიდობისა! როგორ ხარ? - ილიას ხავერდოვანმა ხმამ სხეული გაუთბო.
- დილა მშვიდობისა. არა მიშავს, თავად როგორ გიკითხო?
- არაჩვეულებრივად. ასე კარგად, წლებია, არ ვყოფილვარ და უნდა გითხრა, რომ ეს შენი დამსახურებაა.
ნანათეს სასიამოვნო ჟრუანტელმა დაურბინა. ერთხანს ორივენი დუმდნენ.
- რატომ არ მოხვედი?
- რა ვიცი… ვიფიქრე…
- არ ვიცი, რა იფიქრე, მაგრამ ახლავე უნდა წამოხვიდე!
- ახლავე?
_- ჰო, აბა! ჯერ ერთი, რომ ვეღარ ვითმენ უკვე და მეორეც… დღეს შენი პირველი სამუშაო დღეა ჩვენს ოჯახში.
«ჩვენს ოჯახში» რა საამოდ მოსასმენი ფრაზა გამოდგა. ქალი ერთიანად დადნა.
- კარგი, მოვდივარ, - აკანკალებული ხმით წამოიძახა და თვალებგაბრწყინებულმა მეკოს გადახედა.
- რაო? - მეკო ცნობისმოყვარედ მიაჩერდა.
- ახლავე წამოდი, ვეღარ ვითმენო, - აღტყინებული ნანათე კარადას ეცა და ტანსაცმელს დაუწყო არჩევა.
- ბედნიერი ქალი ხარ… მე როდისღა დამირეკავენ?
- შენც დაგირეკავენ, აი, ნახავ!
- და როდიიიის? - აკვნესდა მეკო.
- გოგო! აცალე იმ კაცს ლოგინის გაცივება! წეღან არ გამოძვერით საწოლიდან? - გაეხუმრა მეგობარს და ამორჩეული ტანსაცმლით ოთახიდან გავარდა.
- სად გარბიხარ?
- საბანაოდ. შენ ყავა მოადუღე, მალე გამოვალ, - გამოსძახა და კუნტრუშ-კუნტრუშით მიაშურა სააბაზანოს.
8 8 8
- ლიკატო რა აზრისაა, მე რომ თქვენთან გადმოვდივარ? - ნანათემ მამაკაცის მკლავზე მოხერხებულად დადო თავი და პირით მისკენ გადაბრუნდა.
- რა აზრის უნდა იყოს? ძალიან კმაყოფილია, იდეა ხომ მას ეკუთვნის. ძალიან მოსწონხარ.
- მეც მომწონს…. მომწონს კი არა, ძალიან მიყვარს, კარგი ბავშვია.
- ჰო, არა უშავს.
ერთხან ორივენი გაჩუმდნენ. ილია შიშველ მკლავზე ეფერებოდა.
- რაზე ფიქრობ? - ჩურჩულით შეეკითხა ნანათე.
- არც არაფერზე. ასეთ დროს შეიძლება რამეზე იფიქროს ადამიანმა? - ღიმილით გამოხედა გოკიელმა და შუბლი შუბლზე მიადო, - კარგად ვარ, ფიქრი არ მჭირდება.
- მეც კარგად ვარ, - ჩაიჩურჩულა გაწითლებულმა.
- მიხარია.
«ნეტავ არასდროს დამთავრდებოდეს ეს დღე», - ინატრა ქალმა და სიამოვნებამორეული მჭიდროდ მიეხუტა მამაკაცს.
- როგორი გოგოაო, შენზე მკითხა, - წამოიწყო მოულოდნელად ილიამ.
- ჩემზე? ვინ გკითხა?
- მედეამ. მოკვდა ინტერესით.
- და რა უთხარი?
- ვუთხარი, რომ კეთილი და მხიარული ხარ, რომ ლიკატოს ძალიან უყვარხარ… ეს ყველაფერი კი მართალია, - თბილად ამოთქვა მამაკაცმა.
«რა არის მართალი? ის, რომ ლიკატოს უყვარს იგი, თუ რომ კეთილი და მხიარულია?»
კეთილი. მხიარული. ცუდი არაფერია იმაში, ასეთი იყო, მაგრამ ეს ხომ არ არის ქალის გამორჩეული თვისებები? მეტი ვერაფერი უთხრა? და რა უნდოდა, რომ ეთქვა? რა და, მაგალითად, რომ ძალიან ლამაზია, მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე! სასურველი, განუმეორებელი, თვალწარმტაცი… ნუთუ არც ერთი მსგავსი სიტყვა არ მოუვიდა თავში, როცა თავის ცოლისდას ელაპარაკებოდა? თუ «ტეხავდა», ასე დაეხასიათებინა? შეეშინდა, გარდაცვლილი მეუღლისთვის ჩრდილი არ მიეყენებინა? თუ სულაც არ მიიჩნევს ასეთად? ბოლო ვარიანტი ალბათ უფრო მისაღებია…
რაღაც ჩაწყდა გულში…
ილიას, უბრალოდ, არ უყვარს იგი. სიმართლე ეს არის. ამიტომაც ზედმეტად არ შეაქო. აბა, ჰყვარებოდა? რას არ იტყოდა! იმაზე ათჯერ მეტს, ვიდრე თვითონ ჩამოთვალა წეღან გულში.
რას იზამს, უნდა შეეგუოს იმას, რაც არის. სიყვარულის იმედი არც აქამდე ჰქონია. ახლა, მით უმეტეს. ილიამ უკვე მიიღო თავისი და ნანათეს მეტის პრეტენზია აღარ უნდა ჰქონდეს, მით უფრო - სიყვარულის.
- ავდგეთ ახლა, საცაა, ლიკა მოვა. არა მგონია, კარგი აზრი იყოს, ასეთ მდგომარეობაში მოგვისწროს.
ნანათეს გული გადაუქანდა.
- მართალი ხარ, ავდგეთ, - დაეთანხმა მამაკაცს და სწრაფად გადაწვდა ტანსაცმელს.
გაგრძელება იქნება