- ეს შენი ოთახი იქნება, - ლიკატომ ცისფრად შეღებილი კარი შეაღო, - როცა გაგიხარდება, შემოხვალ, გინდა გამოიცვლი, გინდა წაუძინებ, რაც გაგიხარდება, ის აკეთე.
- არა, რას ამბობ, ლიკა! ოთახი რაში მჭირდება? - შორს დაიჭირა ნანათემ.
- მამამ თქვა, ასეა საჭიროო. აქ იმდენი ოთახია, შენ კი არა, ათ კაცს ეყოფა. ამის გვერდით მამაჩემის საძინებელია. გინდა, გაჩვენო?
ნანათე წამოჭარხლდა.
- რა ვიცი…
- წამო!
ოთახი სადად იყო გაწყობილი. ფანჯრებზე მუქი ფერის ფარდები ჩამოეფარებინათ. იქვე, კედელზე, ქალის გადიდებული ფოტოსურათი ეკიდა ჩარჩოში ჩასმული. ნანათემ მაშინვე იცნო იგი.
- ეს დედაჩემია. რა ლამაზია, არა?
- სასწაულად ლამაზი ქალი ყოფილა. რა სამწუხაროა, რომ აღარ არის ცოცხალი, - გულახდილად შენიშნა ნანათემ.
- იცი? მამა დღემდე ინახავს დედაჩემის ნივთებს. რაღაც-რაღაცებს, რასთანაც განსაკუთრებული მოგონება აკავშირებს. აი, შეხედე! ესენი უჯრაში უწყვია, თავთან ახლოს.
ნანათემ უჯრაში ჩაიხედა და ნივთები შეათვალიერა. ტუჩის საცხი. ნახევრად დაცლილი სუნამოს ფლაკონი. აბრეშუმის უთხელესი შარფი. შავყდიანი პატარა ბლოკნოტი. მარგალიტის საყურე…
ნანათემ ძლივს გადააგორა ნერწყვი ყელში, როცა წარმოიდგინა, რა სათუთად ეფერებოდა ხოლმე ილია ამ ნივთებს. გული შეეკუმშა. ყოველივე ამის შემდეგ კიდევ აქვს იმედი, რომ მას შეიყვარებს? არც იოცნებოს!
- აი, ეს კი მაგათი ნიშნობის ბეჭედია! - წამოიძახა ლიკამ და უჯრის სიღრმიდან წითელი კოლოფი გამოაძვრინა, - თუ მამამ ოდესმე სხვა შეირთო, იმედია, ამით დანიშნავს, - და მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით გამოხედა.
ნანათე გაწითლდა.
- თუ შეირთო, კი, - უიმედოდ წარმოთქვა და ოთახიდან ისე სწრაფად გავიდა, არც უფიქრია, ბეჭდისთვის თვალი შეევლო.
მოულოდნელად ილიას შეეჩეხა და ისე დაიბნა, შიშისგან შეჰკივლა.
- რამ შეგაშინა? - ხელები შეაშველა მამაკაცმა, - რას აკეთებთ ქალები ჩემს ოთახში? - გაიხუმრა.
- თქვენი ნიშნობის ბეჭედს ვათვალიერებდით.
- ვხედავ, - ყრუდ ჩაილაპარაკა გოკიელმა და გაიღიმა, თუმცა ნანათეს ეს ღიმილი ძალზე დაძაბული მოეჩვენა.
საშინლად იგრძნო თავი. თითქოს ისეთ დროს მიუსწრეს, როცა ყველასგან მალულად სხვის ნივთებში იქექებოდა. ლიკას მაგივრად შეეცადა მობოდიშებას, მაგრამ ილიამ არ აცალა.
- პირიქით, მიხარია, რომ მას ამის სურვილი გაუჩნდა. არა მგონია, სხვა ვინმესთვის ოდესმე ეჩვენებინა დედამისის ნივთები, მით უმეტეს, ნიშნობის ბეჭედი. ის არასდროს ლაპარაკობს დედაზე. ეს თემა მისთვის ყველასთან დახურულია. მადლობელი ვარ ამისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ თითქმის ჩვენი ოჯახის წევრი ხარ, - ილიამ მკლავზე ალერსიანად მოუჭირა თითები.
ნანათეს გააჟრჟოლა. თან ესიამოვნა, თან გული შეეკუმშა. «თითქმის» რას ნიშნავს? ანუ, რამის იმედი უნდა ჰქონდეს მომავალში, თუ სწორედ რომ არ უნდა ჰქონდეს და მის ხაზგასასმელად გამოიყენა ეს სიტყვა?
ჩუმი კვნესა აღმოხდა.
- მამი, იცი, რა ვიფიქრე? - ოთახის კარი გამოხურა ლიკატომ და მამას მიაჩერდა, - დეიდაჩემი რომ ჩამოვა, ნანათეს აუცილებლად თითებზე დაუწყებს ყურებას. ხომ არ გვეთხოვებინა დედიკოს ბეჭედი ცოტა ხანს? მეტი დამაჯერებლობისთვის.
- არა, არა, რას ამბობ, ლიკა! - შეიცხადა ნანათემ, - მე ჩემი ბეჭედი მიკეთია, რა საჭიროა!
- არა მგონია, მედიკოს ეს ესიამოვნოს. თუმცა, მე უკეთესი იდეა მაქვს, - შენიშნა გოკიელმა, - მაჩვენე შენი ბეჭედი, ნანა! - და ქალს არათითზე წაეპოტინა.
- რად გინდა? - შეშინებული მიაჩერდა ნანათე.
- ზომა გავიგო. ახალს ვიყიდი და აი, ამ თითზე «ჩამოგასკუპებ». ნამდვილი საცოლე მაშინ იქნები, - სიცილით დაამატა და ქალის საფირონისთვლიანი ბეჭდის ნეკა თითზე გაკეთებას შეეცადა, - ასეთი პატარა თითები გაქვს? ნეკზეც კი არ მეტევა, - უფრო ხმამაღლა გაიცინა, - აჰა, აღარ მჭირდება, უკვე ვიცი ზომა.
ნანათეს კვლავ აუფორაჯდა ღაწვები. რა დღეში აგდებს ეს მამა-შვილი, რა დაუშავა ან ერთს, ან მეორეს? კიდევ ეს უნდოდა? ისედაც ემოციების ზღვაში ბანაობს, მეორე დღეა!
- რა საჭიროა… ხომ მიკეთია? რა აუცილებელია, მაინცდამაინც რგოლი იყოს? - უხერხულად იკითხა.
- შენ არ იცნობ მედეას. თუ აუცილებლად ბაჯაღლოს რგოლს არ დაინახავს შენს თითზე, არაფრით დაიჯერებს, რომ მართლა ხარ ჩემი საცოლე, - მრავალმნიშვნელოვანად გაუღიმა გოკიელმა.
ნანათეს მუხლები მოეკვეთა.
- ახლა კი მაჭამეთ რამე, მგელივით მშია, - ხელები კმაყოფილებით მოიფშვნიტა ილიამ და ქალებს წინ გაუსწრო.
8 8 8
ერთმა კვირამ ისე სწრაფად გაირბინა, ნანათემ ვერც შეამჩნია. რაც ილიასთან ურთიერთობა ააწყო, თითქოს დროის შეგრძნება დაკარგა. სიხარულისგან გაბრუებული აღარაფერზე ფიქრობდა. მისი ერთადერთი საზრუნავი ახლა მხოლოდ ილია და მისი ქალიშვილი იყვნენ.
დილით ფეთიანივით გავარდებოდა მათთან სახლში. ლიკატოს რომ გაიგულებდნენ ლექციებზე, საყვარლები ცოტა ხნით განმარტოვდებოდნენ და ერთმანეთის ალერსით იჯერებდნენ გულს. მერე ორივე ერთად მიდიოდა ოფისში და ნანათე ერთი-ორი საათით ელისოს ეხმარებოდა საქმეების გარკვევაში. როცა მორჩებოდა, კვლავ გოკიელის სახლში ბრუნდებოდა და ღიღინით შეუდგებოდა ხოლმე საქმეების კეთებას.
ილია უფრო და უფრო თბილი ხდებოდა. ის კი არა, ნანათეს ეჩვენებოდა, რომ მამაკაცი სულმოუთქმელად ელოდა ხოლმე, როდის გავიდოდა მისი ქალიშვილი სახლიდან, რომ ნანათესთან ვნებათაღელვას მისცემოდა.
მართალია, სასიყვარულო სიტყვებს არ ეჩურჩულებოდა და არც კომპლიმენტებით ავსებდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ მისთვის ეს ყველა პროცესზე სასიამოვნო პროცესი იყო. ამის გაფიქრებაზე ნანათეს ყოველთვის კმაყოფილების ღიმილი გადაურბენდა ტუჩებზე.
ამ მხრივ თვითონ კი გრძნობდა თავს კარგად, მაგრამ სამაგიეროდ, მეკოს საქმე ვერ აეწყო რიგიანად. მისი შეყვარებული ცხრა მთას იქით გადაიკარგა. ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ, მეკომ ვერაფერი დაადგინა. ტელეფონი გამუდმებით გამორთული ჰქონდა, ხოლო როცა სამსახურში ურეკავდა, ეუბნებოდნენ, მივლინებაში გაემგზავრაო. არც იმას ამბობდნენ, სად და არც იმას, როდის ჩამოვიდოდა - სამსახურებრივი საიდუმლოა.
- ასეთი რა სამსახურებრივი საიდუმლო უნდა ჰქონდეს? - აღშფოთებას ვერ მალავდა მეკო. ბარემ მითხრას, რომ დამადო და დამთავრდება ამით!
- დამშვიდდი, იქნებ მართლა მივლინებაშია? დაელოდე ცოტა ხანს, - მის დაწყნარებას ცდილობდა ნანათე.
- დამშვიდდი ადვილი სათქმელია. შენ რა გენაღვლება, თავი ქუდში გაქვს! უნდიხარ მაინც იმ კაცს და ყოველდღე გვერდით გყავს. მე? აღარა შემიძლია ასე! მორჩა! საერთოდ აღარ შევეხმიანები არასდროს და სამუდამოდ დავივიწყებ! - იტყოდა ერთ წამს, მაგრამ მეორე წამს კვლავ ტელეფონი ეჭირა ხელში და გამწარებული რეკავდა…
ამასობაში მედეას ჩამოსვლის დღეც დადგა. ნანათე, ცოტა არ იყოს, ანერვიულდა. არც ილია იყო უკეთეს დღეში.
- დღეს დიდი დღეა! - წამოიძახა გოკიელმა იუმორად ქცეული ცნობილი სერიალის ფრაზა, - მაგრად უნდა დავდგეთ, ხომ იცი! - გაამხნევა ქალი, - და თუ ამ გამოცდას ჩავაბარებთ, შენთვის სიურპრიზი მაქვს.
- რა სიურპრიზი? - ცნობისმოყვარე მზერა შეავლო ნანათემ.
- სამსახურში უნდა დაგაბრუნო.
- რას ამბობ! შენთან?
- აბა, ვისთან? სხვისთვის უკვე აღარ მემეტები! ბოლოს და ბოლოს, ჩემი საცოლე გქვია!
- და ელისო?
- ელისო უნდა დავითხოვო. ძალიან «მგრუზავს» უკვე.
- რატომ? - თვალები გაუფართოვდა ქალს.
- გუშინ ლამის სიყვარული ამიხსნა.
- რას ამბობ!
- ნუ… მთლად არ აუხსნია, მაგრამ ძაღლივით ერთგული თვალებით რომ მიყურებს და ყურმოჭრილ მონასავით ყველაფრისთვის რომ მზადაა, ვეღარ ვიტან. მაღიზიანებს. რა ვქნა, კი მეცოდება, მაგრამ მაგის გამოსავალიც ვიპოვე.
- რა გამოსავალი?
- სხვაგან ვუშოვე სამსახური, თან 100 ლარით მეტი ექნება ხელფასი. მეტი რა ვქნა?
ნანათეს სიცილი აუტყდა.
- გენიოსი ხარ.
- ვცდილობ, - გაიხუმრა ილიამ და პიჯაკი ჩაიცვა, - მგონი, დროა, მოვემზადო.
- ილია, სანამ გახვალ, რაღაც მინდა გთხოვო, - მორიდებით დაიწყო ნანათემ და თითები ერთმანეთში გადახლართა.
- მთხოვე, რაც გსურს, მთხოვე, რაც გსურს, - ლექსივით ჩაარაკრაკა გოკიელმა და მომლოდინე მზერა მიაპყრო.
- წუხელ მარწყვის მარინადი ინატრა ლიკატომ და… ცოტა ხომ არ ვიყიდო? კი ადრეა ჯერ და ძვირი იქნება, მაგრამ ერთ კილოს ავიღებ და გავუკეთებ, ესიამოვნება.
- რა მაგარი ვიღაცა ხარ! - მოწონების ნიშნად შესძახა ილიამ, - მაგაზე გაწყენინებ? თან კარგ დროს დაამთხვიე, ხომ იცი! სანამ მე მედეას დავხვდები და მოვიყვან, ერთი სამი საათი მაინც გავა. იქამდე შენ ბაზარში მოასწრებ გასვლას, მარწყვის ყიდვას და მურაბის «აშიშხინებას». ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ოჯახური გიჭირავს. გადავრჩებით, მგონია.
პასუხად ნანათემ მხოლოდ მორცხვად გაუღიმა.
- აჰა, შენ 50 ლარი და რამდენიც გაგიხარდეს, იმდენი იყიდე. მთლად ერთი კილო არ წამოიღო, სირცხვილია, თანაც, მეტი დამაჯერებლობისთვის ჯობია, მეტი იყოს.
ილიამ ორმოცდაათლარიანი ხელში ჩაუდო ნანათეს, ვნებიანად აკოცა ტუჩებში და გავიდა. ნანათემაც მაშინვე თადარიგი დაიჭირა. სასწრაფოდ სახლი მიალაგა, დაწყებული სადილის მომზადება დაამთავრა, მერე სამზარეულოს კარადაში პატარა, მინიატურული კალათა მოიძია და ეიფორიისგან გულაძგერებული ბაზარში გავარდა…
8 8 8
ნანათე ჩქარობდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლი უკვე დალაგებული ჰქონდა და მედეას საძინებელიც უზარმაზარი ვარდების თაიგულით მორთო, ასე ეგონა, რაღაც გამორჩა. თუმცა ახლა ფიქრის დრო არ იყო. ბაზრიდან დაბრუნდა თუ არა, მაშინვე მარწყვის გარჩევას და მოდუღებას შეუდგა.
ყველაფერი საუკეთესო დროს დაემთხვა. როცა ილიამ ცოლისდა მოიყვანა, მარინადი უკვე თუხთუხებდა.
- ყველაფერი რიგზეა? - საკონტროლო შეკითხვა საიდუმლო ხმით დასვა სამზარეულოში შემოსულმა მამაკაცმა.
- მე მგონი, კი, - აკანკალებული ხმით უპასუხა, - ეს თითქმის მზადაა, ვარდები საძინებელშია… სხვა - რა ვიცი.
- შამპანური?
ოჰ! შამპანური! აი, რა ავიწყდებოდა!
- ვაიმე! არ შემიდგამს მაცივარში, დამავიწყდა! - ტუჩი ლამის მოიკვნიტა, ისე შეიცხადა.
- არა უშავს, სანამ ის თავს მოიწესრიგებს, მოვასწრებთ. საყინულეში შევდგამ ცოტა ხნით.
სწორედ ამ დროს კარი გაიღო.
- აბა, სად არის? - გაისმა ჩახლეჩილი, მამაკაცური ხმა.
ნანათეს მხრები შეუტოკდა. აი, დადგა გადამწყვეტი მომენტი! სულელი! ისე ნერვიულობს, თითქოს ამ შეხვედრაზე იყოს დამოკიდებული მთელი მისი მომავალი!..
მისდა გასაოცრად, ყველაფერი ძალიან იოლად მოგვარდა… რამდენიმე წამი და ნანათე მედეას მკერდში აღმოჩნდა ჩახუტებული.
- გენაცვალე მე შენ! - როხროხებდა ჭაღარა, მკაცრნაკვთებიანი მსუქანი ქალი, - არ მჯერა, რომ ამან, ბოლოს და ბოლოს, ვიღაც იპოვა! - მერე მხრებში ჩაავლო თითები, ოდნავ უკან გადახარა თავი და «სარძლო» შეათვალიერა, - ამ საზიზღარს კი არ უთქვამს ჩემთვის, ასეთი კარგი თუ იყავი!
ნანათე გაწითლდა. შექება ესიამოვნა. არ მოელოდა, თუ ასე შეხვდებოდა ქალი, რომელზეც მხოლოდ ცუდი მოესმინა.
მაგრამ რატომ თქვა ასე? ნუთუ ილიამ იგი ცუდად დაუხასიათა ცოლისდას? რა უთხრა? არც ისე ლამაზიაო? შენს დას ვერ შეედრებაო? წამში გაუფუჭდა ხასიათი.
- კარგი სულაც არ არის, - თავისთვის ჩაიბურტყუნა შემცბარმა ილიამ და შეუმჩნევლად ჩაიღიმა.
ნანათემ ნაძალადევად გაიღიმა. გული დაწყდა მამაკაცის ნათქვამზე. რატომ იქცევა ასე? როცა მარტო რჩებიან, მაშინ სხვანაირად ჭიკჭიკებს? დამპალი!
ახლა თვითონ შეათვალიერა სტუმარი. ლამაზი ქალი იყო მედეა, ლურჯთვალება. მიუხედავად იმისა, რომ ჭაღარა შერეოდა და გასუქებულიყო, ძველი სილამაზის კვალი ჯერაც ეტყობოდა, თუმცა თავის დას საერთოდ არ ჰგავდა. ის ძალიან ნაზი და სათუთი ჩანდა სურათებში.
ახლა რაღაც უნდა ეთქვა, რომ თავისი როლი გაემართლებინა. თავის კანტურით მიუბრუნდა ილიას და კეკლუცად მიმართა:
- იცი, ვაჟბატონო! ყოველთვის არ არის საჭირო, ასეთი გულახდილი იყო!
- სულაც არ მიმაჩნია, რომ კარგი ხარ, - ცხვირზე ჩამოისვა დაბნეულმა ილიამ საჩვენებელი თითი, მერე მედეაზე გადაიტანა მზერა, - ის მხოლოდ კარგი კი არა, ლამაზიცაა. შენ კი იმიტომ არ გითხარი, რომ ვიფიქრე, თვითონაც მშვენივრად დაინახავს ამას-მეთქი.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ნანათეს ალმურმა აჰკრა სახეზე. «მშვენიერი მსახიობი დადგებოდა მისგან»! - გაიფიქრა კოპებშეკრულმა.
- აი, ხედავ? ყოველთვის ასეთი იყო! - შესძახა მედეამ, - მხოლოდ ამას შეუძლია ასე მოქცევა! ჯერ მოგთხრის, გაგანადგურებს, მერე კი კომპლიმენტებით აგავსებს! რამდენჯერ ავუტირებივარ, არ იცი! - და ხრინწიანად გადაიხარხარა.
ნანათემ სიმწრით გაიღიმა. ნეტავ ეს ყველაფერი თამაში არ იყოს!
- აბა, საით გამამწესებთ ახლა მე? მაჩვენეთ ჩემი ოთახი და ცოტა თავს მივხედავ, თორემ დავობდი იმ თვითმფრინავში.
ილიამ ხელი დაავლო ცოლისდის ჩანთებს და ქალს წინ წაუძღვა. ნანათე კი გაზქურაზე მოთუხთუხე მარწყვს მიუბრუნდა. არც კი დაინტერესებულა ის ქალი, რას აკეთებდა, რა თავი მოიკლა? თითქოს იმედი გაუცრუვდა. მიუხედავად იმისა, რომ მედეას მოეწონა იგი, მაინც უკმაყოფილო იყო… რაღაც დააკლდა, რაღაცამ დაუმძიმა გული… ნუთუ ილიას რეპლიკებმა?
რაც არის, არის. მართლა და მართლა, ეს ყველაფერი ხომ თამაშია და სხვა არაფერი?
ჰო, თამაშია, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ის წააგებს. ცხოვრებაში ხომ ისედაც წაგებულია და თამაშში მაინც გაუმართლოს, არ შეიძლება?
ეჰ… რა სისულელეებზე ფიქრობს! რაში სჭირდებოდა, რატომ წამოიწყო ეს უაზრო კომედია? რას მოუტანს მისი ფინალი? მხოლოდ და მხოლოდ გულისტკენას, სხვას არაფერს!
8 8 8
სადილმა მშვიდად ჩაიარა. მედეა როხროხებდა, ერთი წუთით არ გაუჩერებია ენა. შიგადაშიგ ისე მწარედ გადაჰკრავდა სიძეს, ეს უკანასკნელი უხერხულობისგან იშმუშნებოდა.
- როგორი შეცვლილია, ხედავთ! უფრო თბილი და ყურადღებიანი გამხდარა. სტუმართმოყვარეც! როდის იყო, მე ასე მხვდებოდა? - იცინოდა მედეა, თან გემრიელად ილუკმებოდა, - აი, რა ძალა აქვს სიყვარულს!
ამ დროს ლექციებდან დაბრუნებულმა ლიკატომ შემოაღო სამზარეულოს კარი.
- ვა! ჩამოხვედი?
- გენაცვალოს დეიდა! რამხელა გამხდარა და როგორ გალამაზებულა ეს გოგო! - დისშვილი მკერდზე მიიკრა მედეამ და ჩაკოცნა, - როგორ მიდის სწავლა-განათლების საქმეები?
- მშვენივრად. შენ როგორ ხარ? - ლიკატომ ლოყაზე ჩამოუსვა ხელი დეიდას.
- როგორ ვიქნები… ვბერდები და უფრო ვმშვენდები, - გაიხუმრა ქალმა.
სადილის შემდეგ მედეამ მამა-შვილს დაჟინებით მოსთხოვა, ნანათესთან ერთად უნდა ავალაგო სუფრა და სამზარეულოც მივალაგო, თქვენ კი ხელს გვიშლით და მარტო დაგვტოვეთო. ცხადი იყო, მას სიძის მომავალი ცოლის «შემოწმება» ჰქონდა განზრახული.
- მიხარია, ასეთი შეცვლილი რომ დამხვდა, - წამოიწყო მედიკომ, როცა მარტონი დარჩნენ, - ჩემი დის სიკვდილის შემდეგ არ მეგონა, თუ ოდესმე კიდევ მოუნდებოდა დაქორწინება. ისეთი ჩაკეტილი ადამიანია…
- ჰო… ძალიან უყვარდა მეუღლე… ახლაც ყოველ წუთს ახსენებს, - ჩაურთო ნანათემ.
- ვიცი, მაგრამ მთელი ცხოვრება ასე ხომ არ გაგრძელდებოდა. წლებია, ვუჩიჩინებ, რომ ოჯახში ქალია საჭირო, რომ გოგოს კაცის გარდა, ქალის ხელიც სჭირდება. მერე რა, თუ ნამდვილ დედობას ვერ გაუწევს. რაღაცას მაინც ხომ შეუვსებს? ვერა, ვერ დავაყენე საშველი! რა ვიცი… იქნებ ეგონა, რომ განგებ ველაპარაკებოდი ამ თემაზე და მისი გამოცდა მინდოდა! კაცებისას რას გაიგებ.
- არა მგონია, თვითონ არის ეგეთი… თან შეეჩვია მარტოხელობას.
- ეგეც არის, კი, - ამოიოხრა მედეამ, - ახლა კი როგორი გამოცოცხლებულია. ლიკაც სხვანაირია, მხიარული, სიცოცხლით სავსე. ილიამ მითხრა, რომ მასზე დიდ გავლენას ახდენ. ეს კარგია, მომწონს. შენ შეძელი ამათი გაბედნიერება და ამისთვის ღმერთი გაგახარებს.
ნანათეს გაეღიმა. თვითონაც გრძნობდა, რომ მართლა შეცვალა მარტოხელა მამა-შვილის ცხოვრება და უხაროდა კიდეც, რომ ეს მოახერხა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ილიას არ უყვარდა იგი და ვერც ვერასდროს შეიყვარებდა. დარდობდა ამას, განიცდიდა, რადგან გრძნობდა, რომ თვითონ ყურებამდე იყო შეყვარებული. სწორედ ამის ეშინოდა. როცა, ერთ მშვენიერ დღეს მამაკაცს მობეზრდებოდა მასთან ყოფნა და საბოლოოდ დაემშვიდობებოდა, იცოდა, გაუჭირდებოდა.
- ის ვინ არის, ლიკა ხვდებაო ვიღაცას, ილიამ მითხრა. იცნობ? - ფიქრებიდან მედეას ხმამ გამოარკვია.
- ა! - ნანათეს ცივმა ოფლმა დაასხა ბესოს ხსენებაზე, - ნანახი მყავს ერთი-ორჯერ… რა ვიცი, კარგი ბიჭია…
- ბიჭი?! აკი კაციაო?
ნანათეს ღაწვები შეუხურდა.
- როგორ გითხრათ… ლიკატოზე ბევრად უფროსია, მაგრამ ბებერი ნამდვილად არ არის, - მაინც «დაინდო» ყოფილი შეყვარებული.
- მთავარია, უყვარდეთ ერთმანეთი და ნორმალური ოჯახიდან იყოს, დანარჩენს მოევლება.
- მდიდარი ოჯახის შვილია, თან თვითონაც მუშაობს, პერსპექტიული ადამიანია.
- რა ვიცი, რა ვიცი… თავიდან ყველა კარგი ჩანს და ბოლოს აღმოჩნდება, რომ ან ნარკომანია, ან ლოთი, ან ქალის ქონებაზე უჭირავს თვალი.
- მაგ მხრივ არაფერი გვემუქრება, - გაიღიმა ნანათემ, - შემოწმებულია!
- ღმერთმა ქნას, მეც ეგ მინდა, ჩემო კარგო! - მიუგო მედეამ და ჭურჭლის რეცხვას შეუდგა…
8 8 8
მოსაღამოვდა. მედეა შინ არ იყო. მეგობრების მოსანახულებლად გავიდა შუადღეს და ჯერაც არ დაბრუნებულიყო. ლიკატო კარგა ხანს ელაპარაკებოდა ტელეფონზე ბესოს, თან დივანზე წამოგორებული ფეხებს ჰაერში აქანავებდა. ნანათე სავახშმოდ ამზადებდა სუფრას, ილია კი აბაზანაში ნებივრობდა.
როგორც იქნა, ლიკატო საუბარს მორჩა და დივანზე გულაღმა გაწვა.
- ხომ კარგი ბიჭია ბესო? ხომ მოგწონს, ნან?
მისი შეკითხვა ლურსმანივით შეესო გულზე ნანათეს.
- რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ბიჭია, - დაეთანხმა.
- იცი, როგორ მიყვარს?
- ვიცი, - სიმწრის ღიმილი გამოესახა ტუჩებზე.
- რა გვაქვს ვახშმად?
- უამრავი რამ. მამაშენმა მთელი ბაზარი მოზიდა გუშინ.
- «სალიამი» მოიტანა?
- აბა, რა! «სალიამი» კი არა, მარწყვის მარინადიც გვაქვს, - საზეიმო ტონით გამოუცხადა გოგონას.
- მართლა? საიდან?
- დღეს დილით გავაკეთე. ვნახოთ, თუ მოგეწონება.
- ვაუ! რა მაგარი ვინმე ხააარ! მოდი, უნდა გაკოცო! - გოგონა წამოხტა, ქალს მიეჭრა, ხელები ყელზე შემოხვია და ჩაკოცნა.
სწორედ ამ დროს მედეა შემოვიდა.
- უყურე შენ! ასე ძალიან გიყვარს, გენაცვალე? - ღიმილით შეეკითხა დისშვილს და აქოშინებული სკამზე დაეშვა, - უჰ, როგორ დავიღალე. რა სიცივეა გარეთ, ძვლები გამეყინა! აქაც გვიან მოდის გაზაფხული, როგორც ჩანს.
- რაო, დაქალებმა?
- ვაიმე, იმათ შემოევლოს ჩემი თავი! როგორ მოვნატრებივარ სუყველას! არ მიშვებდნენ, ამაღამ ჩვენთან დარჩიო.
- მერე ვერ დარჩი?
- რას ამბობ, გოგო! სახლში სტუმარი გვყავს და მე სხვაგან დავრჩე?
- სტუმარი? ვინ არის სტუმარი? - გადაიკისკისა ლიკამ, - ნანათე? შენ უფრო ხარ ამ სახლში სტუმარი, ვიდრე ის!
ნანათეს ჟრუანტელმა დაუარა.
- ოხო-ხო-ხოო! რა გატლეკილია ჩემსავით! სიტყვაში ხომ ვერ მოუგებ! მე შენ დაბადებამდე მივლია ამ სახლში, რომ იცოდე!
- მერე რა? სამაგიეროდ, რამდენი წელია, არ ყოფილხარ. ნანათე კი ყოველდღე ჩვენთანაა და ღამეც, სხვათა შორის.
- ლიკა! - გაფრთხილებასავით გაისმა ნანათეს ხმა.
- რა ამბავია აქ? - პირსახოცის ხალათში გახვეული ილია სააბაზანოდან გამოვიდა და ქალებს გადახედა, - ვახშამზე არ ფიქრობთ?
- შენ გელოდებოდით, - მიუგო ნანათემ და დაფაცურდა.
- ნუ შეიკალით ეს ქალი ხელში, რაც ჩამოვედი, წამით არ გაჩერებულა. ადე, შე ზარმაცო და გაშალე სუფრა, სხვას რას მისჩერებიხარ ხელებში! - დაუცაცხანა დისშვილს მედეამ.
- იყოს, თითქმის გაშლილია, კარტოფილს შემოვიტან ცხლად და ეგ არის, - სიტუაციის განმუხტვა სცადა ნანათემ და სამზარეულოს მიაშურა.
მედეა ბუზღუნ-ბუზღუნით უკან მიჰყვა.
- ადე, მამი, მიდექი ცოტა, მოდექი, რატომ ანერვიულებ დეიდაშენს? ცოტა რაღაც შენც ისწავლე, არ გაწყენს, - უსაყვედურა ქალიშვილს ილიამ.
- ოოჰ! მეზარება. ორნი არიან და რა საჭიროა ჩემი ჩარევა? მე სხვა რამე უფრო მაინტერესებს, იცი?
- აბა, რა გაინტერესებს?
- ამაღამ შენ და ნანათე ერთად უნდა დაწვეთ?
ილიამ შუბლი შეიკრა.
- ეგ შენი საქმე არ არის.
- მე მგონი, არის. ამაღამ თქვენ ერთ ოთახში რომ არ დაწვეთ, მედიკოს ეჭვი გაუჩნდება, რაღაცას მატყუებენო. ხომ გესმის?
- როგორმე უშენოდ მოვაგვარებ მაგ საკითხს, - ჩაიბურტყუნა დარცხვენილმა მამაკაცმა და ყურის ბიბილო მოისრისა.
- გიკოცნია მისთვის?
- გეყოფა უაზრო შეკითხვების დასმა! რა აზრები მოგდის? - გაბრაზდა ილია, - მე შენ გეკითხები, ბესოსთან რას აკეთებ, როცა მარტო რჩები?
- მერედა, რატომ არ მეკითხები? მკითხე და გიპასუხებ! - გამაღიზიანებლად მშვიდი ტონით მიუგო ლიკატომ და ეშმაკურად გახედა მამას.
სასტუმრო ოთახში შემობრუნებულმა ნანათემ ყური მოჰკრა მამა-შვილის საუბარს და უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა. არ უნდოდა, ლიკას მათი ახლო ურთიერთობის ამბავი გაეგო. ეშინოდა, გოგონას აგრესია არ გასჩენოდა მის მიმართ. მათ ურთიერთობას ხომ ჯერ სახელი არც ერქვა.
ახსოვს, როგორ აკოცა პირველად… ისე მოუხერხებლად… ცხვირი მოუხვდა მის ცხვირზე. მერე თავიდან სცადა. გაეღიმა ამის გახსენებაზე. ეგონა, ილიას კოცნაც არ ეცოდინებოდა წესიერი. ისიც ისეთივე ცივი და მკაცრი იქნებოდა, როგორც თავად იყო, მაგრამ მოტყუვდა. მამაკაცს საოცრად მგრძნობიარე ტუჩები აღმოაჩნდა. სწორედ იმ კოცნამ დააკარგვინა გონი და დაავიწყა ყველაფერი ამქვეყნად… ეს იმ ღამეს მოხდა, ნანათეს რომ შინ ესტუმრა… რა კარგი ღამე იყო. ნეტავ ამაღამ რა იქნება?
- რა მოგივიდა? - ილიას ნანათეს შეფიქრიანებული გამომეტყველება არ მოეწონა.
- არაფერი.
- ახლა გამოცნობის ხასიათზე არ ვარ, - ცოტა არ იყოს, უკმეხად მიმართა, - ისედაც დაღლილი ვარ. მითხარი, რა გჭირს, მედეამ ხომ არ გაწყენინა?
- არა, რას ამბობ! არაფერი მჭირს, უბრალოდ, ცოტა დაძაბული ვარ.
- ისეთი გასავათებული ვარ, ჩაის დავლევ და დავეგდები, თორემ ხვალ თავს ვერ ავწევ საწოლიდან, - მედეამ ჩაიდანი შემოიტანა და ხის სადგამზე დადო, - აბა, მოდით ახლა ყველანი, ვახშამი მზადაა!
8 8 8
რა კარგად გრძნობდა მასთან თავს… როგორ სიამოვნებდა მის გვერდით წოლა, მისი შეხება, ძლიერი მკლავების მოხვევა… ამ დროს ყველა და ყველაფერი ავიწყდებოდა ამქვეყნად.
- მოგეწონა მედეა? - ჩურჩულით ჰკითხა ილიამ მისკენ ზურგშექცევით მწოლიარე ქალს.
- არაჩვეულებრივი ადამიანია. არ მესმის, თქვენ რატომ აკრიტიკებთ ასე.
- კი არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ, მის თვისებებზე ვამახვილებ ყურადღებას. ვერ ხედავ, როგორ უყვარს მბრძანებლობა?
- მას აქვს ამის უფლება.
- გააჩნია, ვისთან. ლიკატოს უბრძანოს, რამდენიც გაუხარდება, მაგრამ მე - ნურას უკაცრავად.
- თუმცა, აშკარად უთმობ და ყველაფერს აკეთებ, რასაც გეუბნება.
- ვაკეთებ, იმიტომ, რომ არ მინდა ვაწყენინო. მას დიდი ამაგი აქვს ჩვენზე.
- ვიცი.
- შენ როგორ გრძნობ თავს? - ალერსიანად ჰკითხა და ცხვირი მის თმაში ჩარგო.
- არაჩვეულებრივად, - სიბნელეს გაუღიმა ნანათემ და სიამოვნებისაგან თვალები მილულა, მამაკაცის ცხელმა სუნთქვამ კისერი გაუთბო.
- ხომ არ ნანობ, რაც ჩვენ შორის მოხდა?
- არა, არ ვნანობ. დაუფიქრებლად არც ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს.
- არც იმ ღამეს? - ეშმაკური ტონით შეეკითხა.
- ის ღამე არ ითვლება. მაშინ დაფიქრების არც დრო მომეცი და არც საშუალება, - გაეცინა ნანათეს.
- მაპატიე. ვიცი, რომ ლამაზად არ გამომივიდა. ვერ ვხვდები, რა დამემართა. სიმართლე გითხრა, როცა შენთან მოვდიოდი, ასეთი რამ ჩემს გეგმებში არ შედიოდა. მე მხოლოდ ერთი რამ მინდოდა - დავრწმუნებულიყავი, რომ შენ სახლში იყავი, თან მარტო.
- აბა, ვისთან ერთად უნდა ვყოფილიყავი?
- რა ვიცი, მგონი, ვიეჭვიანე.
ნანათეს სუნთქვა შეეკრა.
- ვისზე, საკუთარ სასიძოზე?
- რატომაც არა? ის კაცია. რა არის გასაკვირი? კაცისთვის ძნელია, ცდუნებას გაუძლოს.
- ოჰ! თორემ მეც ისეთი მზეთუნახავი ვარ!
- შენ კარგი ადამიანი ხარ! მთავარი ეს არის. ახლა აღარ ვეჭვიანობ და არც მეშინია… თუმცა, ერთი რამის მაინც მეშინია.
- რისი? - ნანათე მისკენ შემობრუნდა და შეეცადა, სიბნელეში მისი თვალები დაენახა.
- რისი და… რომ დაორსულდე, მაშინ რა ვქნათ?
ამის გაგონებაზე გულზე შემოეყარა. აი, თურმე რაზე ფიქრობს! აი, თურმე რა ადარდებს! მწარედ ჩაეღიმა.
- ნუ გეშინია, ეგ საშიშროება არ მემუქრება.
- რატომ? არ მითხრა, რომ შვილის გაჩენა არ შეგიძლია.
- როგორ არ შემიძლია, მაგრამ ვიცი, რომ არ უნდა გავაჩინო. აბებს ვსვამ. ამიტომ შეგიძლია მშვიდად იყო.
- ჰო… - რამდენიმე წუთით სიჩუმემ დაისადგურა, - იმედია, გესმის ჩემი, ბარგი არ გჭირდება… - გააგრძელა ცოტა ხნის შემდეგ ილიამ.
- მე თუ შენ? - ირონიულად იკითხა ნანათემ.
- მეც, რა თქმა უნდა. ამხელა გოგო მყავს. რა დროს ეგ არის? აწი შვილიშვილს უნდა ველოდო. თანაც, ლიკატოსაც არ მოეწონება ეს…
- ნუ ნერვიულობ. ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ დროებითია. ეს ერთგვარი გარიგებაა და მეტი არაფერი, - თავად აღელვებული, მამაკაცის დამშვიდებას შეეცადა, - მე შენ ზედმეტ პრობლემას არასდროს შეგიქმნი. როცა იტყვი არას, იმ დღეს დამთავრდება ყველაფერი. მე ამისთვის მზად ვარ.
- გნებდები, - მოწონების ნიშნად ჩაილაპარაკა ილიამ და ქალს ყელზე დაეკონა, - ჩვენ ხომ ერთმანეთის შეყვარებას არ ვაპირებთ. ეს ურთიერთობა მხოლოდ მოწონებაზეა დამყარებული.
- ჰო, - ყრუდ ჩაილაპარაკა გულშეღონებულმა და მამაკაცის მკლავებში პატარა ბავშვივით მოიკუნტა.
ნუთუ ნანობს? მაშინ რატომ ეფერება ასე? შეიძლება ნანათე ეცოდება, რადგან ამ ურთიერთობას «დროებითი» დაარქვა? ბავშვი არ გააჩინოო… არ დაორსულდეო… ღმერთო! რომ დაორსულდეს, რა ქნას? აქამდე არც უფიქრია ამაზე. ან კი როდის უნდა ეფიქრა? იმ ღამეს ისე სპონტანურად მოხდა ყველაფერი, აზრადაც არ მოსვლია თავის დაცვა. ახლა კი მოატყუა, აბებს ვყლაპავო. მოკლე ფეხები რომ აღმოაჩნდეს მის ტყუილს?! ამას არასდროს აპატიებს ილია!
8 8 8
მეორე დილით გოკიელს კრინტი არ დასცდენია წუხანდელ ღამეზე. ის ისე იქცეოდა, როგორც სხვა დროს. ისაუზმა, მერე ერთხანს მედეას ელაპარაკა თავის ბიზნესზე, ლიკატოს მომავალზე და სამსახურში წავიდა.
- შენ ლექციებზე არ გაგვიანდება, შვილო? - მედეამ ლიკატოს გახედა, რომელიც სარკის წინ იპრანჭებოდა.
- დღეს არ მაქვს ლექციები, - გოგონამ თითებით წარბები აიჭიმა.
- აბა, რას იგრიხები მაგ სარკესთან?
- ბესო უნდა მოვიდეს და ვლამაზდები.
- სად უნდა მოვიდეს, აქ? - თვალები გაუფართოვდა დეიდას.
- ჰო. უნდა გაგაცნო. ხომ გაინტერესებს?
- ო! ეგ კარგი აზრია. მანახვე ერთი, ვინ არის ის შენი ბესო და ვაი შენი ბრალი, თუ არ მომეწონა!
- მოგეწონება! აი, ნანათეს ჰკითხე თუ გინდა, როგორი ადამიანია.
- ვნახოთ, ვნახოთ. ჩემი თვალით ნანახი ყველაფერს აჯობებს!
ბესოც მალე გამოჩნდა. საგანგებოდ გამოპრანჭულიყო. ძვირფასი ქსოვილის ყავისფერი პიჯაკი ჩაეცვა და ასეთივე ფერის ჰალსტუხი გაეკეთებინა. ნანათემ ირონიულად გახედა. ამ საქციელზეც კი ეტყობოდა მამაკაცს, როგორი სნობიც იყო. ამ პიჯაკში, ყველაზე ცოტა, 500 დოლარს მაინც გადაიხდიდა. თანაც, ნაძლევს ჩამოვიდოდა, რომ იგი სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ექნებოდა ნაყიდი. კარგად ჰქონდა შესწავლილი მისი ბუნება.
ბესომ შემოსვლისთანავე მოახდინა მედეაზე შთაბეჭდილება. ორქიდეების თაიგული მიართვა შეყვარებულის დეიდას და ხელზე აკოცა.
მედიკო ღიმილად დაიღვარა. «რა ადვილია ქალის გულის მოგება», - გაიფიქრა ნანათემ. «ორი წამი და ყველაფერი მოაგვარა»!
ლიკატო კმაყოფილი ღიმილით მისჩერებოდა ხან დეიდას, ხან შეყვარებულს.
- ნან, ყავას მოგვიდუღებ? - ლიკამ ხელკავი გამოსდო ნანათეს.
- ახლავე, - ჩამქრალი ხმით უპასუხა ნანათემ და სამზარეულოში გალასლასდა.
ბესოს დანახვაზე ყოველთვის ასე ემართებოდა. ვეღარ იტანდა უკვე. გულს ურევდა მისი ქლესური საქციელი. ყოველი მისი ნაბიჯი შთაბეჭდილების მოხდენაზე იყო გათვლილი. თითქოს არაფერი უნდა ყოფილიყო ამაში ცუდი, მაგრამ ნანათე გრძნობდა, რამდენად არაგულწრფელი იყო ყოფილი შეყვარებულის საქციელი.
მედეამ დაწვრილებით გამოჰკითხა სასიძოს ყველაფერი, რაც აინტერესებდა. რა თქმა უნდა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო და ახლა კმაყოფილი აკანტურებდა თავს. აშკარად ჩანდა, მოხიბლული დარჩა.
- დაქორწინებას როდის აპირებთ? - იკითხა ბოლოს.
- ჯერ არ ვჩქარობთ, - დაასწრო ბესოს ლიკატომ, - ჯერ უნდა დავამთავრო და მეც დავიწყო მუშაობა.
- შენ როდის დაამთავრებ, ქალბატონო! - შეუწყრა დეიდა, - ან კი რას გიშლის სწავლა? ხელი შეგეშლება რამეში, თუ? აგერ, ნანათე დაგიდგება გვერდით, მამაშენი, დედამთილ-მამამთილი… გადადებული საქმე ეშმაკისაა, შვილო. მოსახდენი დროზე უნდა მოხდეს. ასეთი საქმის გაწელვა არ ვარგა.
- მოვიფიქრებთ რამეს, - ყრუდ ჩაილაპარაკა ბესომ და მრავლისმეტყველი მზერით ნანათეს გახედა…
8 8 8
დრო ორივესთვის სწრაფად გადიოდა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, თითქოს არაფერი იცვლებოდა უარესობისკენ, მაგრამ ნანათეს სულის სიღრმეში მაინც რაღაც აწუხებდა. ილიას არ უყვარდა, თუმცა მასთან ურთიერთობის შემდეგ რატომღაც, ბედნიერად გამოიყურებოდა. იქნებ არც იყო ასე და ეს ყველაფერი მხოლოდ ეჩვენებოდა? მედეას ჩამოსვლის შემდეგ ისინი იშვიათად რჩებოდნენ მარტონი, გარდა ღამისა, როცა საძინებლის კარს იდუმალი ღიმილით მიიხურავდნენ. ამ დროს კი სალაპარაკოდ არ ეცალათ. სათქმელი, ფაქტობრივად, იმ ღამით ითქვა, როცა ნანათესთვის ნათელი გახდა, რომ მათი სიახლოვე მხოლოდ მოწონებაზე იყო დამყარებული.
ნანათეს არ ავიწყდებოდა, ხშირად შეეხსენებინა თავისი თავისთვის, რომ ილიასთან რომანი მხოლოდ დროებითი ურთიერთობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ტკბილი ღამის მოგონება დაუგროვდა, ვერა და ვერ განიქარვა დარდი, რომელიც ამ სიყვარულმა მოუტანა. არასდროს უფიქრია, ამაზე ილიასთან ელაპარაკა. თითქოს ტაბუ დაედო ამ თემას. იქნებ არც ღირდა? რატომ უნდა ენერვიულა წინასწარ? აი, გაემგზავრება მედიკო და მაშინ გამოჩნდება, როგორ გაგრძელდება მათი ცხოვრება. არადა, რაც დრო გადიოდა, მით უფრო უყვარდებოდა მამაკაცი. როცა არ უნდა შეეხედა მისთვის, მანქანის საჭესთან, პირსაბანთან, თუ სუფრასთან, სუნთქვა ეკვროდა. იმ წუთში უჩნდებოდა სურვილი, მიახლოებოდა, შეხებოდა მის მხარს, გულში ჩახუტებოდა და ეთხოვა, საძინებელში გავიდეთო… ეცინებოდა, როცა ამ სცენას წარმოიდგენდა. თვალწინ მაშინვე ილიას გაოცებული მზერა გაურბენდა.
მართალია, მედეა ძალზე მომთხოვნი სტუმარი აღმოჩნდა, მაგრამ ნანათეს მოეწონა იგი. ხანდახან ძალიან უხეშად კი გამოსდიოდა ილიასთან საუბარი, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ უდიდეს პატივს სცემდა სიძეს.
გაგრძელება იქნება