გიორგი (გიო) ხუციშვილი 1962 წლის 17 ივლისს თბილისში დაიბადა. იყო ქართველი მომღერალი და მსახიობი. იგი ასრულებდა ქართულ სიმღერებს როგორც მარტო, ასევე დუეტში; ერთ-ერთი მისი ცნობილი დუეტი იყო ნატო გელაშვილთან ერთად (ყველაზე ცნობილი სიმღერა — „აყვავდება როცა ნუში“).
მუშაობდა ქართული დოკუმენტური სატელევიზიო პოპულარული ფილმების სტუდია (ქდსპფ) „მემატიანეში“. გადაიღო კინონოველა „სინანული“ (1984), დოკუმენტური ფილმები: „აქ ყველაფერი წარსულს მაგონებს“, „საუკუნეებს გაუძლებს, მაგრამ...“ (1985), „დედმამიშვილობა“ (1986), „იყო ასეთი ჭაბუკი“ (მ. გაგუასთან ერთად, 1988), „არჩევნები“ (1988), „თანამოაზრენი“ (გია ბალიაშვილთან ერთად, 1988) და სხვა. ქართული ღვინის კომპანია „თელიანი ველის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, თბილისის სპორტის სასახლის დირექტორი.
2018 წლის 29 მაისს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. გიო ხუციშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში მძიმე სენით იყო დაავადებული. მომღერალი 2018 წლის 11 ივნისს თბილისში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"თითქოს ყოველი განსაცდელის დადგომისას ვიღაც მკარნახობდა, რომ შევფხიზლებულიყავი. ამბიციურიც არასდროს ვყოფილვარ, მით უმეტეს, როცა ჩემს შვილს შიოდა, უკან არაფერზე ვიხევდი... პირველი ცოლი - ლელა, 19 წლისამ შევირთე და როცა გავცილდი, მხოლოდ მერე მივხვდი, რომ ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა და არამარტო ბავშვის დაბადებისას თოფის გასროლა ან ლიტრიანი ყანწის დალევა. ოჯახის დანგრევამ ძალიან ამრია. ქუჩაც თავის როლს თამაშობდა - იმხანად კაცობას თითქოს ქუჩაში ყოფნით ვამტკიცებდით. მიხარია, გუდაურში თხილამურებით მოსრიალე, ლოყააწითლებულ გოგო-ბიჭებს რომ ვუყურებ - ვხვდები, ნელ-ნელა როგორ ემიჯნება ჯანსაღი ცხოვრების წესი ქუჩურ ცხოვრებას" - ამბობდა გიო ხუციშვილი. გიო ხუციშვილს პირველ ქორწინებაში ორი შვილი, ნოდარიკო და ელენე შეეძინა.
მომღერალ გიო ხუციშვილსა და მუსიკოს მაია ჯორჯაძეს დიდი სიყვარული აკავშირებდათ. ერთმანეთი მუსიკამ აპოვნინათ. მაია ლეგენდარული ანსამბლის, ,,მზიურის” წევრი გახლდათ და ბავშვობიდან სცენაზე იდგა. მერე იყო გოგონათა კვარტეტი. გიო ,,სარკესთან” მათი შეუღლების ამბავს ჩვეული იუმორით იხსნებდა. ბათუმში კვარტეტის გოგონებთან ერთად გავიპარეთ და თბილისში არ იცოდნენ, მათგან რომელი გოგო მოვიყვანე ცოლადო.
გიო ხშირად ჰყვებოდა, რომ მეუღლის მადლიერი იყო, რადგან მისგან მუდმივად გრძნობდა თანადგომას და დიდ ხელშეწყობას. ის რომ არა, ბევრი რამის გადალახვა გამიჭირდებოდაო, ამბობდა გიო. გიოს და მაიას ერთი შვილი, ზუკა ჰყავთ.
ზუკამ ქეთუშა მამის ნებართვის გარეშე დანიშნა, თუმცა გიოს ეს არ სწყენია. ხელი ფუნიკულიორზე სთხოვა, ქორწილი კი მცხეთაში, ვარსკვლავების საყვარელ ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა.
„6 წელს ითვლის ჩვენი ოჯახური ცხოვრება და არაჩვეულებრივად ვართ. გამიმართლა ოჯახის შექმნაში, რადგან ძალიან დიდი სიყვარულია. ცხოვრებაში იდეალური არაფერია, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან კარგი ოჯახი მაქვს. მგონია, კარგად ვიქცევი და ნორმალური ქმარი ვარ. რაც შეეხება ჩემს ცოლს, ის ჩემთვის იდეალურია…“ - ამბობდა ზუკა ხუციშვილი.
გიო ხუციშვილს ყველაზე ახლო ურთიერთობა ქალიშვილთან, ელენესთან ჰქონდა. ამაზე ელენე ინტერვიუშიც საუბრობდა:
"მე და გიოს განსაკუთრებული ურთიერთობა და დიდი მეგობრობა გვქონდა ერთმანეთთან. ეს იყო ჯადოსნური ურთიერთობა. დილით, როგორც კი ვიღვიძებდით, ერთმანეთს ვურეკავდით და დღის დაგეგმვას ვიწყებდით. ერთმანეთს ვუზიარებდით, რომელს რა გეგმა გვქონდა.
დღის განმავლობაში 10-15-ჯერ მაინც მირეკავდა. დარეკავდა და იცინოდა, კი, გელაპარაკე 20 წუთის წინ, მაგრამ მაინც გირეკავო. მეკითხებოდა, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი. ეს ხდებოდა გაუჩერებლად დღის განმავლობაში. სხვებისგან განსხვავებით, ეს არ მაღიზიანებდა, პირიქით, მომწონდა, ხშირად რომ რეკავდა.
დრო თუ გვქონდა, ვსხდებოდით, წავიხემსებდით, გავისეირნებდით... ჩემზე აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა და თვითონაც ისეთ დეტალებს მიყვებოდა, ვეუბნებოდი, მამები შვილებს ასეთ რაღაცებს არ უყვებიან-მეთქი და ამაზე კვდებოდა სიცილით. ბევრს ვკამათობდით კიდეც. გიოს მუდამ უნდოდა, თავისი სიტყვა გაეტანა. ეს კი ჩემთან არ გამოსდიოდა, რაც, როგორც ვატყობდი, მოსწონდა კიდეც" - ამბობდა ელენე ხუციშვილი.
ნოდარიკო, რომელიც საოცრად ჰგავს მამას, სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა ფართო მასების წინაშე. "მხოლოდ ქართულში" მისი გამოსვლა ძალიან გულისამაჩუყებელი იყო, განსაკუთრებით ემოციური კი ის მომენტი გახლდათ, როცა კონკურსის ფინალში ნოდარიკოს სწორედ იმ სიმღერის შესრულება მოუხდა, რითაც გიო ბოლო კონცერტზე თავის მსმენელს და ქართველ მაყურებელს დაემშვიდობა.