გამგზავრების წინა საღამოს მედეამ ერთობ საჭირბოროტო საკითხი წამოჭრა. ილია ნახევარი საათის მოსული იყო, ჯერაც არ ევახშმა, რომ სავარძელში მისვენებულს ცოლისდა თავს წამოადგა.
- როდის აპირებთ დაქორწინებას?
ამის გაგონებაზე ნანათეს ელდა ეცა. ილიამ გაოგნებით ახედა მედიკოს.
- რა მითხარი?
- ჯვარისწერას როდის აპირებთ-მეთქი შენ და ეს გოგო! - საჩვენებელი თითი ნანათესკენ გაიშვირა.
- ჯერ არ ვიცით. არ გადაგვიწყვეტია. რა იყო?
- არაფერი. კარგი იქნებოდა, ჩემს აქ ყოფნაში მოგეგვარებინათ ეს ამბავი. მეც დავესწრებოდი, მაგრამ თავი არ შეიწუხეთ რაღაც…
- ჩვენ ჯერ არსად გვეჩქარება, - უკმაყოფილო ტონით ჩაილაპარაკა გოკიელმა.
- მერამდენე წელია, მაგას გაიძახი? - დოინჯი შემოიყარა ცოლისდამ, - და კიდევ რამდენი წელი უნდა იძახო?
- მედიკო, შენ ჭირიმე! ძალიან გთხოვ, ნუ ერევი ასე აქტიურად ჩემს პირად ცხოვრებაში! - მოთმინების ფიალა აევსო ილიას, - მე და ნანათე ასეც ბედნიერები ვართ!
- ადამიანო! თუ შენს თავზე არ ფიქრობ, შვილზე მაინც იფიქრე. ვერ გაიგე, რომ დედობრივი მზრუნველობა აკლია? ისეთი ქალი სჭირდება გვერდით, ვინც დაელაპარაკება, ვისაც თავის პატარ-პატარა საიდუმლოებებს გაუზიარებს…
- ლიკასაც მოსწონს ჩვენი ასეთი ურთიერთობა, - უკმეხად მიუგო ილიამ და ლიკატოს გახედა, - ასე არ არის, ლიიკ?
გოგონას ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
- კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მართლა უკეთესი იქნებოდა, ოფიციალური სახე მიგეცათ ამ ურთიერთობისთვის, - დეიდას აუბა მხარი, - აი, მაშინ ზუსტად მეცოდინება, რომ ნანათე სულ აქ დარჩება და ორივეს მოგვხედავს.
მედიკომ გამარჯვებულის მზერა ესროლა სიძეს.
- ესეც მე ვარ? შენი შვილი უფრო პრაგმატულად აზროვნებს, ვიდრე შენ! ასე თუ გააგრძელებ, შეიძლება დაკარგო კიდეც ეს ანგელოზივით ქალი. შენ ხომ არ გინდა ეს?
- არა, - ყრუდ დაეთანხმა სიძე, - მე ეს არ მინდა.
ნანათეს გააჟრჟოლა. ნეტავ გულით ამბობდეს ამ სიტყვებს… რა სასიამოვნო მოსასმენი ყოფილა თურმე!..
- შენ რა აზრის ხარ, ნანათე? - მედეა მისკენ შებრუნდა.
- მე არსადაც არ ვაპირებ წასვლას. ძალიანაც მომწონს აქაურობა, ეს ორი ადამიანი კი განსაკუთრებით, - ღიმილით უპასუხა აჭარხლებულმა.
მისდა გასაკვირად, ლიკატო სკამიდან წამოხტა, ქალს მიეჭრა, წინ დაუდგა და გახარებული ხმით შეეკითხა:
- მპირდები?
- გპირდები, - მიუგო დაბნეულმა და ძალაუნებურად ილიას გადახედა.
გოკიელი გახევებული მისჩერებოდა ორივეს…
ნანათეს არ მოეწონა მისი გამოხედვა…
ღამით, როცა განმარტოვდნენ, ილიამ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და ნანათეს მიაჩერდა.
- რა იყო?
- რა და… მგონი, შეცდომა დავუშვით. არ უნდა წამოგვეწყო ეს სპექტაკლი. ჩემი ბრალია, ხომ ვიცოდი მედეას ხასიათი. ახლა არ მოისვენებს, სანამ არ ვეტყვი, რომ მალე დავქორწინდებით.
- მართლა? - სევდიანად გამოუვიდა შეკითხვა.
მათი მზერა სარკეში შეხვდა ერთმანეთს.
- არა, ვიხუმრე… ულაზათოდ, - თქვა მამაკაცმა და სარკეში მის თვალებს დაჟინებით მიაშტერდა.
ნანათეს მოეჩვენა, რომ დრო გაჩერდა. ილია მიუახლოვდა, ზურგიდან ჩაეხუტა და მის თმაში თავჩარგულმა ოდნავ გასაგონი ხმით გააგრძელა, - არ ვიცი, რა გვეშველებოდა უშენოდ. როცა მედეა ჩამოდიოდა, ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა გვქონდა ხოლმე. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ეს შენი დამსახურებაა. აშკარად ძალიან მოეწონე. შესანიშნავი ადამიანიაო, შენზე თქვა. იშვიათად, უცხოზე ასე ილაპარაკოს. იცი? ალბათ უსინდისო კაცი ვარ… შენთვის ერთხელაც არ გადამიხდია მადლობა იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებ. მხედველობაში არ მაქვს ის როლი, რომელიც მოირგე. საერთოდ ვამბობ… სახლში თითქოს დათბა, შენ არაჩვეულებრივი დიასახლისი ხარ, გემრიელ კერძებს ამზადებ… და კიდევ… ლიკატო… ასეთი ბედნიერი ჯერ არ მინახავს.
- და შენ? - თითქოს გაიფიქრა ნანათემ, მაგრამ ნაფიქრი მაინც ხმამაღლა წამოსცდა.
მამაკაცმა ნელა შემოატრიალა თავისკენ და ახლა უკვე ახლოდან ჩააჩერდა თვალებში.
- და მეც, - რბილად წარმოთქვა ილიამ და ტუჩებზე დაეკონა…
ნანათემ თვალები დახუჭა და სიამოვნების ბურანში გაეხვია. ეს არ იყო ხანგრძლივი კოცნა, მაგრამ ისეთი ნაზი იყო, ისეთი, ისეთი… ეს კოცნა თითქოს დასტური იყო წეღან წარმოთქმული სიტყვების…
როცა გოკიელმა ხელი შეუშვა, ნანათეს თავბრუ დაეხვა და შეტორტმანდა. მოეჩვენა, რომ ამ წუთიდან იგი სხვა ქალი გახდა, ქალი, რომელიც ნატვრის ახდენასთან ძალიან ახლოს იყო…
8 8 8
გულის ამაჩუყებელი აღმოჩნდა მედიკოსთან დამშვიდობების სცენა. ქალებმა წაიტირეს კიდევაც. ნანათე აეროპორტში არ წავიდა, სტუმარი ილიამ და ლიკატომ გააცილეს ბესოსთან ერთად. სწორედ ბესოს გამო დარჩა ნანათე შინ. ყოფილი შეყვარებულის გამომცდელი გამოხედვა ნერვებს უშლიდა. ვერ ხვდებოდა, რა ჰქონდა ბესოს ჩაფიქრებული ან რას აპირებდა მომავალში, თუმცა ფაქტი ერთი იყო - მის ცხოვრებას კარგს არაფერს უქადდა მისი ხელმეორედ გამოჩენა.
როცა მარტო დარჩა, მეკოსთან დარეკა. მეგობარმა საყვედურებით აავსო, იმ კაცის გადამკიდე ჩვენ სულ დაგვივიწყეო.
- მორჩა, წავიდა ის ქალი, ამაღამ გამოვალ. კომედია დამთავრებულია, - შესჩივლა ნანათემ.
- ყველაფერი გასაგებიააა, - მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა მეკომ.
- რა არის გასაგები?
- რა და… ისეთი ხმა გაქვს, ასიანი შეყვარებული ხარ იმ კაცზე. მართალი ვარ?
- ნუ მელაპარაკები ასე! იგონებ რაღაცას!
- რას ვიგონებ, ფაქტი სახეზეა! მის გარდა აღარავინ გახსოვს უკვე.
- მაპატიე… ხომ აგიხსენი, რაც ხდებოდა. სიყვარული არაფერ შუაშია.
- მაგრამ ის მაინც ერთადერთი ადამიანია, ვისი ყურებაც გსიამოვნებს, არა?
- ჰო, კარგი, გნებდები. ცოტათი ვარ შეყვარებული, მაგრამ ძალიან არა.
- ცოტათი შეყვარება მე არ გამიგია. იცი მაინც, რით დამთავრდება ეგ შენი სიყვარული?
- ვიცი და ძალიან გთხოვ, მეტი არაფერი მითხრა. ვიცი, რომ სხვის ომში ბრძენი ხარ, - მისდა უნებურად წამოცდა საყვედური.
- აჰა… გასაგებია… კარგი, ბატონო, მეტჯერ აღარ გეტყვი, - გაღიზიანებულმა მეკომ ყურმილი დაუკიდა.
ნანათეს გუნება გაუფუჭდა. როგორ არ უნდოდა მისი განაწყენება და მაინც ვერ ასცდა. რა შემოირიგებს ახლა მეკოს! თავისი დარდი არ ეყოფა? ახლა ესეც მოემატა.
ამოიკვნესა. ახლა მეკო ცისიას დაურეკავს. მერე ის დაიწყებს შეგონებების სერიას, მერე ამ ყველაფერს კახა გაიგებს და… ოოოჰ! რა გაუძლებს ამდენ შემოტევას!
თავის თავზე საერთოდ არაფერი ილაპარაკა მეკომ. ნეტავ თუ გამოჩნდა მისი კაცი? რომ არც ჰკითხა? ესეც სალაპარაკო გახდება! ჩემით ერთხელ არ დაინტერესდიო. რა სულელია, ეკითხა მაინც… მაგრამ რომ ვერ მოასწრო? ეგრევე დაუხეთქა ყურმილი. ალბათ არ გამოჩნდა, თორემ ხომ ეტყოდა? კარგ ხასიათზე რომ ყოფილიყო, ასე არ დაელაპარაკებოდა. არა უშავს, საღამოს ნახავს, შემოირიგებს და გულს მოიოხებენ ჭორაობით.
…გვიან დაბრუნდნენ მამა და შვილი. არადა, ნანათეს შინ მიეჩქარებოდა. ახლა უკვე ტაქსის თუ გააჩერებდა, თორემ ტრანსპორტის ჭაჭანება აღარ იქნებოდა ქუჩაში.
ოთახში შემოსულმა ილიამ გაკვირვებით შეხედა გამოპრანჭულ საყვარელს.
- საით გაგიწევია?
- სახლში, - მიუგო ნანათემ და მზერა აარიდა, - მეკო მელოდება.
- გაგიჟდი? რა დროს წასვლაა, შუაღამეა უკვე.
- მერე რა? ტაქსები ხომ მოძრაობს! გამოვიძახებ!
- სწორედ მაგ ჭკუაზე ვარ, ასეთ დროს ვიღაც ტაქსისტს ვანდო შენი თავი! ამაღამ აქ რჩები. ხვალ კი, თუ ასე გინდა, შეგიძლია წახვიდე, სადაც გაგიხარდება! - გაღიზიანებული მოეჩვენა მამაკაცის ტონი ნანათეს.
გული ჩასწყდა. ასეთ პასუხს არ ელოდა. ეგონა, მოეფერებოდა ილია და ისე სთხოვდა დარჩენას. ამან კი…
კიდევ ერთხელ გაუცრუვდა იმედი.
- ლიკატო სად არის? - სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
- მანქანაში სხედან. არ ვიცი, რა აქვთ ამდენი სალაპარაკო.
- ექნებათ… შეყვარებული არ ყოფილხარ? - შენიშნა ქალმა და მაშინვე ენაზე იკბინა. მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა.
- არა, არ ვყოფილვარ, - უხეშად მიუგო მამაკაცმა, - მაჭამე რამე, მშია!
- ახლავე, - ხმადაბლა ამოთქვა ნანათემ და სამზარეულოს მიაშურა…
ის ღამე ნამდვილი წამება გამოდგა. ერთ ლოგინში იწვნენ და მამაკაცი ერთხელაც არ მიჰკარებია. არც უკოცნია, არც ხელი მოუხვევია… ძილი ნებისაო, გადაუგდო ორი სიტყვა, გვერდზე გადაბრუნდა, ზურგი შეაქცია და ცოტა ხანში ჩაეძინა.
ცრემლი მოადგა. რატომ გაებუტა? წასვლა რომ დააპირა, იმიტომ? აბა, მართლა აქ ხომ არ დასახლდებოდა? რა იყო საწყენი? ალბათ მაშინვე არ უნდა გადაეწყვიტა წასვლა. ის ერთი ღამე უნდა დაეცადა, როგორც ჩანს. სწორედ ამან გამოიწვია ილიას გაღიზიანება. ვინ იცის, იქნებ იფიქრა, რომ განგებ გააკეთა ეს, რომ მამაკაცს ხვეწნა დაეწყო? როგორც ჩანს, ასეა…
იმ ღამით თვალი ვერ მოხუჭა. დილით, როგორც კი ილიამ გაიღვიძა, თავი მოიმძინარა, რათა გოკიელს ზედმეტი შეკითხვები არ დაესვა…
პირველ სართულზე კარგა ხანს ისმოდა ხმები. მამაკაცი ლიკატოს ელაპარაკებოდა. შემდეგ ყველაფერი მიწყნარდა და ირგვლივ სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა.
ნანათემ ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. სამზარეულოს კარი შეაღო თუ არა, შეშინებულმა შეჰკივლა. გაზქურასთან ილია ტრიალებდა.
- დილა მშვიდობისა, - რბილად მიესალმა მამაკაცი, - შეგაშინე?
- ამ დროს არ გელოდი სახლში… არ წახვედი სამსახურში?
- ჯერ არა.
- რატომ?
- რატომ და… მინდოდა, წასვლის წინ მენახე.
ნანათე გაწითლდა.
- მე საღამომდე არ ვაპირებდი წასვლას, - მორიდებით ჩაილაპარაკა და თვალები დახარა.
- მართლა? - ილია მოტრიალდა, ხელში ტომატიანი სუფრის კოვზი ეჭირა, - აფსუს! ეს რომ მცოდნოდა, წავიდოდი. რა ტყუილად გავაცდინე სამსახური? - გაიხუმრა და კვლავ საქმეს მიუბრუნდა.
- რას აკეთებ?
- ტაფამწვარს.
- კარგი სურნელი ტრიალებს, - ნანათე ცდილობდა, გაოცება დაეფარა.
საინტერესოა, რატომ მოუნდა მაინცდამაინც ამ დილით კერძის მომზადება? ვითომ მიხვდა, რომ წუხელ ცუდად გამოუვიდა და შერიგებას ცდილობს?
- გშია? - უკან არ მოუხედავს, ისე ჰკითხა ილიამ.
- არა. დილით ჭამა არ მიყვარს, ხომ იცი.
- ვიცი, მაგრამ ახლა შეგიყვარდება. ისეთი რაღაც მოვამზადე, რომ… თან ისეთი ლამაზი სახელი ჰქვია…
- ტაფამწვარი ლამაზი სახელია? - გაეღიმა ნანათეს.
- ეს მისი ნაირსახეობაა და «გულდამწვარი» ჰქვია. ცუდი სახელია? ამის გაუსინჯაობა როგორ იქნება!
ნანათემ არ უპასუხა. უხმოდ შეუდგა სუფრის გაშლას.
- მართლა არ აპირებ ჩვენთან დარჩენას?
ქალმა გაკვირვებული მზერა მიაპყრო.
- ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ…
- მოვილაპარაკეთ, მაგრამ მას მერე რაღაცები შეიცვალა, - უკმეხად მოუჭრა ილიამ, - ასე არ არის? მაშინ სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა, ახლა სხვანაირი გვაქვს…
- ახლა რანაირი გვაქვს? - ნანათე დაიძაბა.
- რანაირი და… - გოკიელი შეყოყმანდა, - რა ვიცი… სხვანაირი. მეგონა, უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. დავიჯერო, არ გიხარია ჩემთან რომ ხარ?
- მიხარია, - ძლივს გასაგონი ხმით მიუგო.
- მაშინ რატომ მიდიხარ?
- რა ვიცი, მეგონა, უნდა წავსულიყავი, - დაბნეული ნანათე სკამის კიდეზე ჩამოჯდა.
- მე არ ვიცი, შენ რა გეგონა, მაგრამ მირჩევნია, აქ იყო, ჩემ გვერდით, ახლოს. ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. გასაგებია?
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. მის ყოველ სიტყვაზე ჟრუანტელი უვლიდა. როგორ სიამოვნებდა ამ ყველაფრის მოსმენა. ვითომ ამას სიყვარულის ახსნა ჰქვია?
- ანუ, აღარ წახვალ?
- ცოტა ხნით შევივლი, მეკოს ვნახავ. გუშინ საყვედურებით ამავსო, სულ დამივიწყეო…
- ქალური შური, - დაასკვნა გოკიელმა.
- არა, უბრალოდ, მარტო მოიწყინა. ასე უცებ ვერ მიეჩვია უჩემობას.
- ჰო… მესმის მისი. ძნელია უშენობას შეეჩვიოს ადამიანი.
ნანათემ გამომცდელად შეხედა. უნდოდა გამოეცნო, ხუმრობით ეუბნებოდა მამაკაცი თუ სერიოზულად…
ხუმრობის ვერაფერი შეატყო. სამაგიეროდ, თვითონ შეეტყო, როგორ ესიამოვნა მისი სიტყვები. სასწრაფოდ გაერიდა. ღმერთმა ნუ ქნას, მიუხვდეს, ყურებამდე რომ არის შეყვარებული. ამან შეიძლება შეაშინოს მამაკაცი და უფრო დააჩქაროს მათი დაშორება.
- გარდა ამისა, მედეა ახლა კვირაში ცხრაჯერ დაიწყებს დარეკვას. ხომ ნახე, როგორი ტიპია. რომ მითხრას, ნანათე დამალაპარაკეო, რა ვუთხრა?
- ქორწილისთვის ემზადება-თქო, - თვითონაც გაეცინა თავის ხუმრობაზე.
- ჰო, მართლა! რა მაგის პასუხია და… ბეჭედი ვიყიდე…
- რა ბეჭედი?
- მედიკოს დასანახად უნდა დამენიშნე, მაგრამ აბა! დამავიწყდა, - უხერხულად აიჩეჩა მხრები მამაკაცმა.
ნანათეს ალმურმა აჰკრა. რას ნიშნავს, დაავიწყდა?
- არა უშავს, - ნირწამხდარმა მიუგო, - ლიკატოს გამოადგება.
- მართალი ხარ, - დაეთანხმა ილია და ცალი თვალით გამოხედა.
შეცბა ნანათე. ასე სწრაფად თუ დაეთანხმებოდა, არ ეგონა. ნეტავ საერთოდ არ ჩამოეგდო მაგ ბეჭედზე საუბარი. თუ ჩუქებას არ აპირებდა, რაღაზე თქვა საერთოდ? მედეა ხომ წავიდა, ვინ რას მოსთხოვდა?
გუნება მოეშხამა. უხმოდ ისაუზმეს. მერე ილია, ადგა და ერთი სიტყვაც არ უთქვამს, ისე გავიდა სახლიდან.
ნანათემ კარი ჩაკეტა და სამზარეულოში შებრუნდა. თვალცრემლიანი შეუდგა მაგიდის ალაგებას. ბრაზობდა თავის თავზე. რამ დაამუნჯა? ლაპარაკის წამოწყებას რა უნდოდა? მოულოდნელად კარზე დააკაკუნეს. სახე გაუნათდა. ალბათ ვერ მოითმინა და მობრუნდაო, იფიქრა. გაღიმებული გაუღებს ახლა კარს. არ შეიმჩნევს, რომ გულგატეხილია…
მაგრამ ღიმილი პირზე შეაშრა. ზღურბლთან ბესო იდგა.
- გამარჯობა, ნან! - მამაკაცმა ლამის შეჭამა თვალებით.
- გაგიმარჯოს! - ცივად მიესალმა.
- ლიკატო არის?
- არა, ლექციებზეა, - ადგილიდან არ დაძრულა, რითაც აგრძნობინა ყოფილ შეყვარებულს, რომ მის შინ შემოპატიჟებას არ აპირებდა.
- მარტო ხარ?
- ჰო.
- არ შემომიშვებ?
- შენ ვინც გაინტერესებს, ის შინ არ არის. ამიტომ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.
- მე ვინც მაინტერესებს, ის ჩემ წინ დგას, - შეუსწორა მამაკაცმა.
ნანათეს ნერვები მოეშალა.
- არ მეტყვი, რა თამაშს თამაშობ? რა გინდა? ჩემთან ყოფნა რომ გდომებოდა, არ გაიქცეოდი. ახლა რას ითხოვ? - თვალები დააკვესა გაცხარებულმა.
- რატომ ხარ აქ, მაგ ბებერს აძლევ? - კბილებში გამოცრა ბესომ და ნაბიჯი გადმოდგა.
ნანათემ კარის მიხურვა სცადა, მამაკაცმა ფეხი დაუხვედრა.
- ასე ადვილად ვერ მომიშორებ თავიდან.
ქალს ფერი ეცვალა. მიხვდა, გაუჭირდებოდა წინააღმდეგობის გაწევა და შეეცადა, ტონი შეერბილებინა.
- წადი, ბესო, ცოდოა ის გოგო. სჯერა შენი და იმედს ნუ გაუცრუებ.
- ჯერ მითხარი, აქ რატომ ხარ.
- შენ სწორად მიხვდი. ჩვენ ერთად ვართ, - მშვიდად გამოუცხადა.
- და გსიამოვნებს, ამ მდგომარეობაში რომ ხარ?
- რატომაც არა? ის მაინც ვიცი, რომ არ მატყუებენ და ჩემს ზურგს უკან სხვებს არ ხვდებიან, - გესლიანად მიუგო.
- იცი? შეცდომა ყველას მოსდის. მეც ვხვდები, რომ შევცდი, მაგრამ ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი.
- ყველაფრის არა! - იყვირა გამწარებულმა ნანათემ, - მე შენ არ მიყვარხარ და, როგორც ჩანს, არც არასდროს მყვარებიხარ! წადი, შენი გზა ნახე!
- ილიაზე ნაკლები რითი ვარ? ერთხელ ჩემთანაც…
- აი, თურმე რა გინდა! ნაძირალა! გაეთრიე აქედან, სანამ ლამაზი ხარ!
- მემუქრები? - ბოროტად გაიცინა ბესომ და კარს მთელი ძალით დაეჯაჯგურა.
ნანათე უძლური აღმოჩნდა. ამაოდ ებღაუჭებოდა სახელურს. ამ ძიძგილაობაში წონასწორობა დაკარგა და უკან გადაქანდა. ამით იხელთა ბესომ და ჰოლში შემოიჭრა. შეშინებულმა ნანათემ უკუსვლით სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
მოულოდნელად ეზოდან ლიკატოს ხმა მოისმა.
- გადი იქით, ნუ დამსვარე! - გოგონამ ძაღლს დაუცაცხანა.
ბესო ადგილზე გახევდა. ნანათე მსწრაფლ სამზარეულოში შევარდა, რომ მღელვარება როგორმე დაეოკებინა.
- ბესო! - გაიგონა, როგორ გაუხარდა გოგონას შეყვარებულის დანახვა, - აქ საიდან გაჩნდი?
მამაკაცმა რაღაც თქვა, მაგრამ ნანათემ სიტყვები ვერ გაარჩია. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ალბათ ერთმანეთს თუ კოცნიდნენ. ნანათემ მკერდზე დაიდო ხელი, შეეცადა, სული მოეთქვა. თან იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ მოქცეულიყო, როგორ შეხვედროდა ლიკატოს.
საბედნიეროდ, არაფრის ახსნა არ დასჭირვებია. ცოტა ხანში სახლში კვლავ სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. ნანათემ ერთხანს კიდევ მიაყურადა, მერე კი ფეხაკრეფით გამოვიდა სასტუმრო ოთახში. იქ არავინ დახვდა. სმენა დაბაძა, თან მეორე სართულისკენ ამავალ ხვეულ კიბეს ახედა. არც იქიდან ისმოდა ჩამიჩუმი. «იმედია, ლოგინში არ გორაობენ», - უსიამოვნოდ გაიფიქრა და თვალებით ლიკატოს ჩანთას დაუწყო ძებნა. ვერსად დალანდა.
ეზოში გავიდა. არც იქ იყო არავინ. ჭიშკარში გავიდა, ქუჩას გახედა და შვებით ამოისუნთქა… ბესოს მანქანა ნელი სვლით შორდებოდა სახლს. მის გვერდით ლიკატო იჯდა…
8 8 8
მორჩა! უნდა წავიდეს. ნანათემ მტკიცედ გადაწყვიტა, შინ დაბრუნებულიყო. მისი აქ დარჩენა უკვე საშიში ხდებოდა. ბესოს როცა მოეპრიანება, მაშინ შეუძლია თავზე დაადგეს. კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. დღეს შემთხვევით გაუმართლა. ძაღლმა იხსნა, თორემ ლიკა რომ მაგ დროს ოთახში შემოსულიყო, ყველაფერს მიხვდებოდა… თავის მართლებას რა აზრი ექნებოდა? როგორ გაუმართლა! თავის ბინაში სულაც არ ეშინია. რასაც უნდა, იმას გააკეთებს და თავის დაცვასაც შეძლებს, მაგრამ ილიას სახლში ამას ვერ მოახერხებს. თუნდაც იმის შიშით, რომელიმემ არ შემომისწროსო.
არა, ასე არაფერი გამოვა. როგორმე უნდა მოაგვაროს ეს სიტუაცია. მეკოს მოუყვება, რაც მოხდა და გამოსავალს ერთად იპოვიან. ბოლოს და ბოლოს, დაიბარებენ იმ არამზადას და ჩაუტარებენ ლექციას. აქ დარჩენა კი გამორიცხულია!
მთელი დღე უგუნებოდ იყო. ადგილს ვერ პოულობდა. ასჯერ მაინც გაიმეორა გულში წინასწარ მომზადებული «სიტყვა», რომ ილია არ გაებრაზებინა გადაწყვეტილების შეცვლით. ამაშიც მეკო დაეხმარა. დაურეკა და უთხრა, წამოსვლა მინდა და გოკიელი არ მიშვებსო. მოილაპარაკეს, ვითომ მეკო ავად გახდა და არავინ ჰყავდა მიმხედავი. ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. ცოტა გულზე მოეშვა…
არადა, ისეთი გაბრწყინებული სახით დაბრუნდა საღამოს ილია…
- ხვალ მე და შენ საქეიფოდ მივდივართ, - გამოუცხადა და ვნებიანად აკოცა.
- სად?
- კახა და ცისია გვეპატიჟებიან, - მრავალმნიშვნელოვნად აზიდა წარბები.
ნანათეს ნაკვთი არ შერხევია. მამაკაცს ეს არ გამოჰპარვია.
- რა იყო, მოხდა რამე? - შეცვლილი ხმით ჰკითხა.
- ამაღამ შინ მივდივარ, - ჩამქრალი ხმით თქვა.
- რატომ? - ყრუდ იკითხა ილიამ.
- მეკო ავადაა, მიმხედავი არავინ ჰყავს. მთხოვა… უნდა გავიდე.
- აკი ხვალ მეკოც იქნებაო, ცისიამ?
ნანათე დაიბნა. თვალები დახარა.
- ხვალამდე, იმედია, გამოკეთდება… გაცივდა თურმე და მაღალი სიცხე აქვს…
- წადი, - ცივად წარმოთქვა ილიამ, - ნება შენია…
ქალს მუხლები მოეკვეთა… ასე ეგონა, მამაკაცმა ტყუილში გამოიჭირა და არ აპატია…
8 8 8
ამასობაში საგრძნობლად დათბა… თბილისშიც და ნანათეს პირად ცხოვრებაშიც. მიუხედავად იმისა, რომ იმ საღამოს შინ წამოვიდა, მეორე დღიდან მისი და ილიას ურთიერთობა ჩვეულებრივად გაგრძელდა. საღამოს კახას და ცისიას ეწვივნენ. მეკოც იყო. მშვენიერი დრო ატარეს. თითქოს ერთი დღის წინ არც არაფერი მომხდარა «ისეთი»… ილიას ერთხელაც არ უხსენებია, რომ გულნატკენი დარჩა.
ჰოდა… გაგრძელდა რომანი. უფრო მეტიც… «გაიწელა»… საქმე იმანაც გააიოლა, რომ ილიამ ელისო სამსახურიდან დაითხოვა და მის ადგილზე კვლავ ნანათე «მოიწვია». მიზეზი მარტივი იყო - «ყოვლისმცოდნე» მენეჯერი თავის სათაყვანებელ უფროსს სიყვარულში გამოუტყდა და… სათაყვანებელმა უფროსმა იქვე დაუმთავრა ელისოს ყველაფერი.
ნანათეს, რა თქმა უნდა, გაუხარდა, კვლავ რომ დააბრუნეს თავის პოსტზე, მაგრამ ცოტათი მაინც ეთანაღრებოდა გული. როგორც ქალმა ქალს, თანაუგრძნო ელისოს და ცოტათი შეეცოდა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი მის მეტოქედ მოიაზრებოდა.
კარგა ხანს აწუხებდა კოლეგის ბედი. რამდენჯერაც გაახსენდებოდა, იმდენჯერ გულზე უსიამოვნოდ მოუჭერდა, თუმცა დრო, როგორც ყველასთვის, ნანათესთვისაც მკურნალი აღმოჩნდა. თანდათან გადაავიწყდა ელისოც და მისი გასაჭირიც. მით უმეტეს, ილიამ ფარულად სხვა სამსახური უშოვა თურმე. კარგი სპეციალისტია და არ მინდა, უმუშევარი დარჩესო, თავის მართლება დაიწყო ნანათესთან. ამან კიდევ, იწყინა. რას მიხსნის, ნეტავ ვიცოდე, რა ჩემი საქმეა, დაეხმარება თუ არაო. მისთვის მთავარი ის იყო, რომ გოკიელი გვერდით ჰყავდა და მისგან გაქცევას სულაც არ ლამობდა. თითქოს ავსებდნენ ერთმანეთს. ხშირად ღამითაც რჩებოდა მამაკაცის სახლში, თან ისე, რომ არც ერიდებოდა ლიკატოს, რომელიც უკვე ისე უყურებდა, როგორც ოჯახის წევრს. ის კი არა, გამუდმებით ჩასჩიჩინებდა მამას, იქნებ ჯვარი დაგეწერათ და ერთმანეთისთვის უფრო ხეირიანად მიგეხედათო. ილია შვილის ყოველ მორიგ «შენიშვნას» გულგრილად, უსიტყვოდ გაატარებდა ხოლმე, თითქოს ეს ყველაფერი მას სულაც არ ეხებოდა.
ნანათეც მიეჩვია მამაკაცის დუმილს… და, საერთოდ, ყველაფერს მიეჩვია. მეკოს საყვედურებსაც, ცისიას შეგონებებსაც, ილიას ბუზღუნსაც, როცა სამსახურში აგვიანებდა… უფრო მეტიც, ისე გათავხედდა, რომ ხანდახან აცდენდა კიდეც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ღამით ილიასთან რჩებოდა და ბობოქარი ღამის შემდეგ გაღვიძება უჭირდა. ვის რა უნდა ეთქვა? ოფისში მათ ურთიერთობაზე არავინ არაფერი იცოდა. თვით თამრიკოც კი ვერ ხვდებოდა, რა ვნებიანი რომანი ჰქონდა გაჩაღებული ახალ მენეჯერს მის ბოსთან. ილია არაფერს იმჩნევდა. ნანათე კი ცდილობდა, არ შეემჩნია. თავს მხოლოდ მაშინ ვერ იკავებდა, როცა მასთან შედიოდა კაბინეტში და მის მსუბუქ საყვედურებს ისმენდა დაგვიანების ან გამოუცხადებლობისთვის.
ლამის ურჩი თანამშრომლის იარლიყი აიკიდა. სხვების აზრი არც აინტერესებდა, გოკიელთან კი თავის მართლება ადვილად შეეძლო. ეტყოდა, სახლი მივალაგეო, სადილი მოვამზადეო, ჭურჭელი დავრეცხეო ან რაღაც ამდაგვარს, ერთს კეკლუცად გაუღიმებდა და მორჩა - ილიას გული მომლბალი იყო.
ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ გაზაფხულის ბოლო თვის ერთ მშვენიერ დღეს…
8 8 8
- ნან, ადექი, თუ ღმერთი გწამს! გეყოფა კოტრიალი, - სააბაზანოდან გამოსული ილია თავს პირსახოცით იმშრალებდა, თან ცალი თვალით თავზე საბაწახურულ ნანათეს გასცქეროდა, - დიდი ხანია, გათენდა!
ოოოჰ! იცის ნანათემ, რომ გათენდა, მაგრამ ადგომა რომ ეზარება? საწოლში ნებივრობა რომ მოსწონს? როგორ მოიქცეს? რა მოხდება, დღეს არ წავიდეს სამსახურში? დარჩება აქ, გამოიძინებს, მერე კი დაუვლის აქაურობას და მიაწკრიალებს, როგორც სჩვევია ხოლმე.
როგორც იქნა, მკლავები გამოყო საბნიდან, ერთი გემრიელად დაამთქნარა, მერე კატასავით გაიზნიქა სხეული და გაიზმორა. ბოლოს ხელები თავქვეშ ამოიდო, რომ უკეთ ეცქირა მამაკაცისთვის, რომელიც ჩაცმას შესდგომოდა.
ნანათეს მოსწონდა მისი დაკუნთული, ოდნავ მზემოკიდებული სხეული. მთლად მითურ ამირანს არ ჰგავდა, მაგრამ არც არაფრით ჩამოუვარდებოდა. სხვა თუ არაფერი, მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი იყო, «ექსტრა კლასის პროფესიონალი», როგორც თამრიკო იტყოდა ხოლმე. და ყველა ამ სიკეთესთან ერთად, ნანათეს «პირადი მამაკაცი». ყველა ქალს კი არ უმართლებს მასავით. თუმცა, ბოლომდე მაინც არ არის კმაყოფილი. მეტი უნდა, როგორც ყველა ქალს. რა ქნას, მადა ჭამაში მოდისო და… მასაც გაეხსნა მადა.
გაეღიმა.
- ნანათე, გაიგე, რა გითხარი? - ამჯერად გაღიზიანებული ტონით მიმართა გოკიელმა.
- მესმის, მესმიიის! თუმცა, დღეს შემიძლია გვიანობამდე ვიძინო. ჩემმა ბოსმა მთელი დილით გამათავისუფლა, რადგან წუხელ მთელი ღამე ვიმუშავე და სამუშაო საათებს კარგა გვარიანად გადავაჭარბე.
ილიას მისი მრავლისმეტყველი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. იგი უკვე გამოვიდა საყვარლის ამპლუიდან და ახლა ერთი სული ჰქონდა, დროზე მისულიყო სამსახურში, რომ საქმეებს შესდგომოდა, თუმცა მაინც ენიშნა ქალის ნათქვამი და გახედა…
თაფლისფერმა თვალებმა ლურჯი თვალების მზერა დაიჭირა. ლურჯმა თვალებმა სიბრაზე გამოხატეს.
- რაღაც არ მახსენდება, რომ გაგათავისუფლე, - ილიამ შარვალი ამოიცვა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და გამალებით შეუდგა წინდების ჩაცმას, - მე უნდა გავიქცე, შენ კი დროზე მოწესრიგდი და წამოდი, სულ ნუ აგვიანებ, სირცხვილია. გასაგებია?
გაგრძელება იქნება