დემნა გვასალიას დედა: "სიამაყისა და სიხარულის გრძნობა მაქვს... დემნა ყოველთვის გამორჩეული იყო, ჩვენ დიდი და ხმაურიანი ქართული ოჯახი გვაქვს" - ელა გვასალიას პირველი ინტერვიუ ოჯახზე, შვილსა და მის ცხოვრებაზე - Marao

დემნა გვასალიას დედა: "სიამაყისა და სიხარულის გრძნობა მაქვს... დემნა ყოველთვის გამორჩეული იყო, ჩვენ დიდი და ხმაურიანი ქართული ოჯახი გვაქვს" - ელა გვასალიას პირველი ინტერვიუ ოჯახზე, შვილსა და მის ცხოვრებაზე

2024-02-27 21:05:00+04:00
  • „ჩვენ დიდი ქართული ოჯახი გვაქვს. ქართული ოჯახი განსაკუთრებული სამყაროა, სადაც ხალხი ემოციური და ხმაურიანია. ჩვენს სახლში და მაგიდასთან, სადაც ვიკრიბებოდით, ყოველთვის ხმაური იყო. ამის ფონზე, დემნა გამოირჩეოდა შინაგანი ინტელექტითა და მორიდებულობით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა თამაშსა და აქტივობაში დემნა ყოველთვის ლიდერი იყო. დემნას შინაგანი ძალა აქვს. შეიძლება მკაცრი იყოს და შეუპოვარი, რაც მე მომწონს. მეც ასეთი ვარ, მაგრამ ის გულწრფელია. როდესაც დემნას სამოსს ხალხზე ვხედავ, ეს ჩემში, რა თქმა უნდა, სასიამოვნო განცდებს ბადებს - სიამაყისა და სიხარულის" - ამბობს დემნა გვასალიას დედა Harper's Bazaar-თან ინტერვიუში. 

ვინ არის დემნა გვასალია? 

ქართველი მოდის დიზაინერი დემნა გვასალია ბოლო წლების მანძილზე განსაკუთრებით პოპულარული გახდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. მისი არაორდინარული სტილი ბევრს მოსწონს, ბევრი იწუნებს, თუმცა ფაქტი ერთია - ახალგაზრდა, ნიჭიერი დიზაინერი სამეგრელოდან, ქმნის მსოფლიო მოდის ამინდს. 

შოუ დემნას დედამ გახსნა, მეუღლემ კი - დახურა - Balenciaga-ს ხმაურიანი შოუ, გურამ გვასალიას სკანდალური განცხადება ძმაზე და სტუმრად ლელა წურწუმია 

დემნა სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ანტვერპენის სამეფო აკადემიაში, ხელოვნების ფაკულტეტზე. ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად არის ფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

დემნა გვასალია დაიბადა 1981 წლის 25 მარტს, ქალაქ სოხუმში, საქართველოში. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიანტი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა, ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაბარება.

გვასალია გაემგზავრა ანტვერპენში, რათა ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე ჩარიცხულიყო. 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, რომელმაც სამეფო აკადემიაში სწავლა დაიწყო. პირველი კურსის ბოლოს იგი 70 სტუდენტიდან 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. გვასალია ბელგიაში, ბეირენდოკთან წელიწად-ნახევარი მუშაობდა, ამის შემდეგ კი საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა. ამგვარად, იგი პარიზში მიიწვიეს, სადაც Maison Margiela-ში დაიმკვიდრა ადგილი. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში მარჯიელაში დაიწყო.

"დემნას ეპოქა ნელ-ნელა ფინიშისკენ მიდის, ახლა ჩემი დროა“ - ვინ არის დემნა გვასალიას ძმა, გურამ გვასალია და როგორია მისი ცხოვრება 

დემნა გვასალიამ პარიზში მარჯიელას ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. ხელმძღვანელობდა H&M & Margiela-ს კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა და კარგი პირობებისა, გვასალიას "ლუი ვიტონში" მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“).

2015 წლის ოქტომბერში დემნა Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა.

დემნამ არაერთხელ შეძლო ქართველი ხალხის ალაპარაკება, განსაკუთრებული მღელვარება კი მისი პირადი ცხოვრების დეტალებმა გამოიწვია, როცა დემნამ პარტნიორის, ლოიკ გომესის შესახებ საჯაროდ ისაუბრა. ქართველებს გაუჭირდათ ამ ფაქტის მიღება და მისი განსჯა არა პროფესიული ნიჭისა და წარმატების, არამედ მისი ორიენტაციის გამო გადაწყვიტეს. თავად დემნა კი ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ საქართველოში ჩამოსვლა სწორედ ამ მიზეზის გამო მისთვის საფრთხის შემცველია, რადგან აქ ჯერ კიდევ უჭირთ რაიმე ნიშნით განსხვავებული ინდივიდის მიღება. მიუხედავად ამისა, დემნა საქართველოსთან და ქართველებთან კავშირს არასდროს კარგავს. ამას მოწმობს ისიც, რომ სოციალურ ქსელში პოპულარული გვერდის, Demnagram-ის შემქნელი ქართველი ახალგაზრდა, საბა ბახია, "ბალენსიაგას" გუნდის წევრი გახდა და ეს დემნას დამსახურებაა. სულ ცოტა ხნის წინ კი დემნა გვასალიამ, საბა ბახიასთან ერთად, საკუთარ შოუზე ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია მიიწვია, მას "ბალენსიაგას" სამოსი აჩუქა და აღნიშნა, რომ ლელას სიმღერებს ხშირად უსმენს. 

დემნა გვასალიას პირადი ცხოვრება

დემნა გვასალია მომღერალ ლოიკ გომესზე 2016 წელს დაინიშნა. ისინი ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. წყვილი ამჟამად შვეიცარიაში, ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობს. ლოიკი გვასალიაზე 12 წლით უმცროსია. ქორწინების შესახებ ინფორმაცია წლების წინ დემნამ თავად გაავრცელა, როდესაც "ინსტაგრამზე" დადო ფოტო წარწერით: „და მე ვთქვი კი“.

"საქართველოში ვერ დავბრუნდები, რადგან იქ მოკვლით მემუქრებიან... ერთ-ერთი, ჩემი ღვიძლი ბიძაა" - დემნა გვასალიას აღიარება 

  • ლოიკ გომესის შესახებ დემნა გვასალიამ ფრანგულ Vogue-თან ინტერვიუში ისაუბრა:

- სად და როგორ გაიცანი ლოიკი?

- Facebook-ზე [იცინის]. ინტერნეტს ვსქროლავდი, როდესაც უცხო ბენდის მუსიკამ ჩემი ყურადღება მიიქცია. დავსერჩე და Facebook-ზე მისი ფოტო ვნახე, ამ ბენდში უკრავდა. გადავწყვიტე, რომ მიმეწერა. მაშინ პარიზში ვცხოვრობდი, ის ლონდონში იყო. რამდენიმე თვე ონლაინ ვლაპარაკობდით. მე ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს, ჩემს ინტუიციას ცხოვრებაში ყოველთვის კარგ ადგილებამდე მივუყვანივარ. ინტუიცია მეუბნებოდა, რომ უნდა მენახა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ პარიზიდან ლონდონში ჩავსულიყავი და პირადად გამეცნო. ლონდონში 3 დღით ჩავედი. შემდეგ ის ჩამოვიდა ჩემთან პარიზში და უკან აღარც წავიდა - აღნიშნა დემნა გვასალიამ.