94 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატი ვიქტორია სირაძე.
სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მეექვსე მოწვევის დეპუტატი, დაჯილდოებულია ოთხი ორდენით, სამი მედლითა და სხვადასხვა საპატიო სიგელით... 1994 წელს ვიქტორია სირაძის შვილი - რუსუდან რიგვავა გარდაიცვალა, ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ იგი საჯარო გამოჩენას, პრესასთან ურთიერთობას კატეგორიულად ერიდებოდა...ქვეყნის ყოფილ პირველ პირს - ჯუმბერ პატიაშვილს, ვიქტორია სირაძეზე წარსულში საუბარი უჭირს, რადგან მასთან ხუთ ათეულზე მეტი წლის მეზობლობა აკავშირებდა...
- მე და ვიქტორია სირაძე 54 წლის მანძილზე მეზობლები ვიყავით. მანამდეც ვიცნობდი, რადგან კომკავშირში ვმუშაობდი... უაღრესად დიდ პატივს ვცემდი მას, მის მეუღლეს, ბატონ სერგოს, შესანიშნავ შვილებს... სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია მოხდა, ვიქტორია სირაძის არაჩვეულებრივი ქალიშვილი ნაადრევად გარდაიცვალა და ეს მხოლოდ ოჯახის ტრაგედია არ იყო, უდიდესი დანაკლისი იყო...
- წარსულს ჩაბარდა მშფოთვარე, სასტიკი და დიადი მეოცე საუკუნე... ადამიანური, სამოქალაქო და საზოგადოებრივი მეხსიერება არ ივიწყებს გასული საუკუნის მოღვაწეთა კეთილ საქმეებს და დიდებულ სახელებს. ამიტომაც სხვა ეპოქაში, სხვა ქვეყანაში არ აკლდებათ მათ ჩვენი მადლიანი ხსოვნა, აღიარება, პატივისცემა. მათ არასდროს უღალატიათ ღირსებისა და მოვალეობის პრინციპებისთვის. მოქმედების გაბედულობასთან, ნოვატორულ სულისკვეთებასთან, ადამიანთა სიყვარულთან ერთად რთულ და კეთილ საქმეთა გამკვლევნი იყვნენ.
ჩემი 45 წლის შრომითი საქმიანობა მათთან ყოველდღიურ ურთიერთობასთან იყო დაკავშირებული. თავბრუდამხვევი ჩემი თანამდებობრივი წინსვლაც მე-13 თანამდებობით დასრულდა. 32 წლის განმავლობაში ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მუშაობისას დღენიადაგ დაკავებული ვიყავი, მაგრამ ოჯახი და შვილები სანიმუშოდ მყავდა მოვლილი, მათი აღზრდა-განათლებისთვის არაფერი დამიკლია. საბედნიეროდ, საიმედო დამხმარეც მყავდა. გადასახლებიდან დაბრუნებული გერმანელი ემა გუსტაევის ასული დეკერი ( ყოფილი მეზობელი) შევიფარე...
"ბედნიერება არის შრომა და შრომით მოპოვებული სულიერი სიმშვიდე" - წერდა გალაკტიონი თავის დღიურში. ვერ ვიტყვი, რომ მე ამ მხრივ ბედნიერი ვარ... საუკუნის მანძილზე ბევრი შეცდომაც დავუშვი - უნებლიეც და შეგნებულიც... ამის გამო დღესაც უამრავი პრობლემა მაქვს, ძველი და ახალი.. ვერ ვერევი... ახალ საქართველოს წაბილწულ ხელისუფლებაში მოკალათებული თაღლითების თარეშის გამო. საკუთარ კეთილდღეობაზე არ მიზრუნია, წარსულის ნაკვალევს კი ყოველთვის პატივს ვცემდი, ღირსეულ ადამიანთა ღვაწლის დაფასების უნარი არასოდეს დამიკარგავს. ამას ეპოქის ღირშესანიშნავ პიროვნებათა შემოთავაზებული გახსენება მოწმობს".
- 1929 წელს დავიბადე... ოჯახში ოთხი შვილი ვიზრდებოდით. მამა მუშაობდა. ისე ვცხოვრობდით, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი ოჯახი... კარგად მახსოვს, ბავშვები დასასვენებლად ფაეტონით მივყავდით წყნეთში. ბინას ვქირაობდით წყნეთში. როცა მამას ჩვენთან ამოსვლა უწევდა, ფეხით ამოდიოდა. მამა სამეურნეო მუშაკი იყო, ფეხსაცმელების ფაბრიკაში მუშაობდა, მანამდე გომის სპირტის ქარხნისა და გომის შაქრის კომბინატის დირექტორი იყო... ძველი ბოლშევიკი იყო, 1917 წლიდან პარტიის წევრი.
მაშინ თბილისურ ეზოში ორი პატარა ოთახი გვქონდა. ბავშვები ვიზრდებოდით, ვსწავლობდით... ძველ თბილისში, ენგელსის ქუჩის დასაწყისში ვცხოვრობდით, ახლა ასათიანის ქუჩა ეწოდება. ჩვენი სახლი ადრე სომეხ საქმოსანს, დანდუროვს ეკუთვნოდა. რატომღაც იტალიურ ეზოს რომ ეძახიან, ის თბილისური ეზოა. ძველ თბილისში მხოლოდ ასეთი ეზოები იყო, სადაც ყველა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, ვმეგობრობდით, ვთამაშობდით, ვიზრდებოდით. ბავშვობაში სომხურიც, აზერბაიჯანულიც, რუსულიც შესანიშნავად ვიცოდი... მაშინ თბილისი მწვანე, თბილი იყო, ნამდვილად შესანიშნავი.