"თეატრი უფრო საყვარელია, თუმცა მსახიობისთვის პოპულარობა მაინც კინოს მოაქვს. სცენაზე რაც უნდა ითამაშო, მხოლოდ თეატრის მაყურებელი გიცნობს", - ამბობს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე, რომელმაც მარჯანიშვილის თეატრი წლების წინ საკუთარი პრინციპების გამო დატოვა და ამას არც ნანობს - ჩუმად ყოფნა და დამონება არ შემეძლო, ამიტომ არაფერს ვნანობ, სხვაგვარად ვერ ვიქნებოდიო.
- ქალბატონო ასმათ, გარდა იმისა, რომ მაყურებელი ძალიან კარგად გიცნობთ თქვენი როლებით, ასევე აქტიური ხართ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ თემებზე საუბრისას და ხშირად ჩანხართ ამა თუ იმ გადაცემაში, პრესაში. გვიამბეთ, რას საქმიანობთ ამჟამად?
- მე უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია, სულ რაღაცას ვაკეთებ, აქტიური ვარ. ორი ობიექტი მაქვს - კაფე-ბარი, რომელიც 26 წელია არსებობს, და ბარ-რესტორანი - 16 წლის, სადაც საინტერესო სალონურ საღამოებსაც ვმართავთ. ამაში ჩემი დიდი შრომა და ენერგიაა ჩადებული. ჩემი ქალიშვილი ახლა უკვე არქიტექტორია და თავის დროზე ორივემ საკუთარი დიზაინით მოვაწყვეთ აქაურობა. ყველაფერში ვმონაწილეობ, თანამშრომლებს ვეხმარები, ჩართული ვარ, რას როგორ აკეთებენ. არ შემიძლია დავჯდე და ვუყურო.
თუმცა მთელი ჩემი ცხოვრება მაინც ჩემს პროფესიას უკავშირდება. ოჯახი მყავს, შვილი, შვილიშვილი, მათაც ხელშეწყობა სჭირდებათ. ყველაზე დიდი სიხარულია სწორედ დედობა და მთლად გადასარევია ბებიობა! ფეთიანი დედა ვარ, თანაც მისი მოზარდობისას უფრო მეტი დრო მქონდა და ყველგან თან დავყვებოდი. როცა მეკითხებიან, რაში ჩადე ინვესტიციაო, ჩემი შვილის სწავლა-განათლებაში-მეთქი, ვპასუხობ და შედეგიც მივიღე. ოთხი უცხო ენა შევასწავლე, სკოლაშიც კარგად სწავლობდა და ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანია. შვილიშვილი კიდევ სხვა სითბო და სიხარულია, სხვა იდუმალება, თითქოს გცვლის, ხვდები, რომ შენ უკვე იქით მიდიხარ, ის კი აქეთ მოდის, ახლა იწყებს ცხოვრებას. ჩემი შვილი მეტყვის ხოლმე, შვილიშვილი უფრო გიყვარსო, მაგრამ არა, ის იმიტომ მიყვარს, რომ შენია და შენ მიყვარხარ-მეთქი. ყველას ვუსურვებ, ჰყავდეთ შვილიც და შვილიშვილიც, დიდი ბედნიერებაა.
- ბედნიერი ადამიანი ხართ იმითაც, რომ ძალიან კარგი სამეგობრო გყავდათ და გყავთ, მათ შორის, საზოგადოებისთვის საყვარელი მსახიობები, განსაკუთრებით კი, სოფიკო ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი... როგორ დაუახლოვდით მათ?
- სანამ პირადად გავიცნობდი, ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი შთაბეჭდილება ვერიკოზე. მე დუშეთში დავიბადე და გავიზარდე, იქ მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრების დასები ჩამოდიოდნენ და მათ სპექტაკლებს ვესწრებოდი ხოლმე. სწორედ იქ ვნახე პირველად ვერიკო ანჯაფარიძე. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ ის განსაკუთრებული და გამორჩეული მსახიობი იყო. შინ რომ დავბრუნდი, დედას ვუთხარი, მეც მინდა მისნაირი ვიყო-მეთქი. ისეთი არავინ გამხდარა, მაგრამ მსახიობობა კი მძაფრად მომინდა.
- მაშინ რას წარმოიდგენდით, რომ ამ უდიდესი მსახიობისა და მისი ქალიშვილის მეგობარი გახდებოდით, არა?
- არა, ამას რას წარმოვიდგენდი, მისი ხელით მომზადებულ კერძებს თუ მივირთმევდი და მის გაშლილ სუფრას მივუჯდებოდი. მერიდებოდა კიდეც, ამხელა მსახიობი ქალი ჩემ გამო რომ წუხდებოდა, უხერხულად ვგრძნობდი თავს და მიხმარება მინდოდა, მაგრამ ხუმრობით მეტყოდა ხოლმე, დაჯექი, ასმათ, დაიმახსოვრე, ვინ გემსახურებაო.
"იმ ადგილას, სადაც პირველად გაკოცებ, სახლს ავაშენებო, - უთქვამს ვერიკოსთვის და დანაპირებიც შეასრულა"
- პირველად როდის შეხვდით ქალბატონ ვერიკოს?
- თეატრში, სპექტაკლში როლებს ანაწილებდა - "ურიელ აკოსტა" აღადგინეს და მეც დამაკავა. სოფიკოც იქვე გავიცანი და ოჯახში დამპატიჟა. იმ დღიდან უდიდესი მეგობრები გავხდით. თეატრში ცოტა რთულია მეგობრობა, ყველას თავისი თავი ჰგონია სხვაზე უკეთესი და მსგავსი მომენტი მე არასდროს მქონია. სოფიკომ კარგად დაინახა, რომ შურიანი და ბოღმიანი არ ვიყავი და სწორედ ეს მოსწონდა ჩემში. ამიტომ იყო ის ჩემი უდიდესი მეგობარი. რაღაცნაირად ვგავდით კიდეც ხასიათით, ტანადაც - ფეხსაცმელიც ერთი ზომის გვეცვა, ტანსაცმელიც და როგორც მანეკენს, დამაყენებდა ხოლმე და ზომას ჩემზე იღებდა. სოფიკო კარგი დიასახლისი იყო, კარგად ქსოვდა, სხვათა შორის, ჩემი შეკერილი კაბა მას ერთ-ერთ ფოტოში აცვია.
სოფიკო სადმე რომ მიდიოდა, სულ თან დამატარებდა. ის უკვე ცნობილი მსახიობი იყო, საბჭოთა კავშირის დეპუტატი, გავლენა ჰქონდა და ბევრგან მიესვლებოდა. კრემლში ბანკეტზეც კი წამიყვანა, სადაც მთავრობა ქეიფობდა და მე იქ შესვლა არ მეკუთვნოდა, მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა, რომ წავეყვანე. მაშინდელი საბჭოთა კინოს ყველა უდიდესი მსახიობი იქ გავიცანი. ერთ ქალს მეც ცნობილი მსახიობი ვეგონე - უი, მე თქვენ ფილმში მინახავხართო. გამეცინა, რადგან ჯერ არსად ვიყავი გადაღებული, მაგრამ სოფიკომ მოატყუა, რაღაც სახელწოდება მოიგონა, კი, იმ ფილმში მონაწილეობსო.
ერთ კინოფესტივალზე სოფიკო ჟიურის წევრი იყო, დამირეკა, მოსაწვევი გაგიკეთე, მოჰკიდე ბავშვს ხელი და წამოდითო! გესმით, როგორი იყო? მე რომ კარგად ვარ, მინდა, შენც კარგად იყოო. ეს იშვიათია. ჩემზე ამბობდა, ძალიან ერთგული მეგობარია, განსაკუთრებული თვისებები აქვსო.
სოფიკო 2008 წლის 2 მარტს გარდაიცვალა. ეს ბარ-რესტორანი მერე გავხსენი და პირველად სწორედ სოფიკოს ხსოვნის საღამო გავმართე, მისი ყველა ახლობელი და მეგობარი დავპატიჟე: გიგა ლორთქიფანიძე, გურამ საღარაძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ნანი ბრეგვაძე და სხვები. კარგი საღამო გამოვიდა, გავიხსენეთ სოფიკო ისე, როგორც იმსახურებდა.
ვიცოდი, სოფიკოს ჯანმრთელობის რა პრობლემაც ჰქონდა და სულ ვუჩიჩინებდი, ოპერაცია გაიკეთე-მეთქი, მაგრამ უარზე იყო - რას ჩამაცივდი, ჩემი სიკვდილი გინდაო, მეხუმრებოდა. მერე კი ინანა, როგორ არ დაგიჯერეო... დროზე რომ მიეხედა, შეიძლება დღესაც ცოცხალი ყოფილიყო...
რაც შეეხება სესილიას, გარდა კოლეგიალობისა, მეზობლად, ერთ ეზოში ვცხოვრობდით და იქიდან დავმეგობრდით. იმდენად ვახლობლობდით, რომ ის ჩემს სახლში ისვენებდა ხოლმე დუშეთში და მე თავის ოჯახთან ერთად მიშვებდა გაგრაში, ლიკანში და ა.შ. მაშინ სამთავრობო აგარაკები იყო და იქ ხომ ყველას არ ჰქონდა დასვენების უფლება, სპეციალური საგზურები იყო... სესილია შვილიშვილს რამეზე რომ გაებუტებოდა ხოლმე, წავედი მეო, ეტყოდა და ჩემთან რჩებოდა. მეორე დღეს მეუბნებოდა, დაურეკე და უთხარი, ბოდიში მომიხადოსო, და მერე შევარიგებდი ხოლმე.