რეჟისორ გიორგი შენგელაიას 1980 წლის მუსიკალური კომედია "სიყვარული ყველას უნდა" ყველა თაობის საყვარელი ფილმია. პერსონაჟები, სიუჟეტი, მუსიკა, გენიალური მსახიობები და პროფესიონალიზმი ამ ფილმს მართლაც დაუვიწყარს ხდის. დღეს კი მისი ერთ-ერთი გმირის, ხირხალას შესახებ უნდა მოგიყვეთ. ხირხალას როლს ამირან ქადეიშვილი ასრულებს.
სამკერვალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაყვალა კახეთის სოფელში ჩადის სამუშაოდ. სოფლის მძღოლს, ბურნუთას, მაყვალა შეუყვარდება, მაგრამ გრძნობის გამხელას ვერ უბედავს. რთველი კარზეა მომდგარი, მუშაობისთვის კი არავის სცალია, რადგან სოფელში ყველა შეყვარებულია: ვენახის დარაჯი ბიჭები ტყუპი დების ცოლად შერთვაზე ოცნებობენ, მარტოხელა ხირხალა შინაბერა ქეთოს ფარულ შეხვედრაზე ითანხმებს, ბურნუთას პატარა ძმას მეზობლის პატარა გოგო უყვარს, რამდენჯერმე გათხოვილ ნაზოს გათხოვების კიდევ ერთი შანსი ეძლევა. კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჩხუბობს, მაგრამ სიყვარული ყველას უნდა.
ამირან ქადეიშვილი 1936 წელს დაიბადა, 2021 წელს კი გარდაიცვალა. იყო ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, ხელოვნების ქურუმის ჯილდოს მფლობელი.
1953–1985 წლებში მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ „ძველი სახლის“ სცენაზე. 1970 წლიდან მუშაობდა კინოში, სხვადასხვა ჟანრის ფილმებში. მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია („სემირამიდას ბაღები“, ს. დოლიძე, 1970), კვეგვე ტარბა („მთვარის მოტაცება“, თ. მელიავა, 1973), კურა-მუჰამედი („ციმბირელი პაპა“, გ. კალატოზიშვილი, 1973), ჭოლა („პირველი მერცხალი“, ნ. მჭედლიძე, 1975), ნიკო („გაქცევა გათენებისას“, ს. დოლიძე, 1975), ხირხალა („სიყვარული ყველას უნდა“, გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმცროსი, 1980), კობიძე („სახლი ლესნაიაზე“, ნ. სანიშვილი, 1980), ერმილე მამალაძე („მევლუდი“, ნ. სანიშვილი, 1985), მმართველი („წინამორბედი“, ი. კვაჭაძე, 1988). მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: „კავკასიის ტყვე“ (გ. კალატოზიშვილი, 1978), „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“ (გ. მგელაძე, 1980), „თბილისი, პარიზი, თბილისი“ (ლ. აბაშიძე, 1980), „ჟამი მოქცევისა“ (ნ. ომიაძე, 1982), „სათნოებათა კიბე“ (ნ. წულაძე, 1986) და სხვ.
გარდაიცვალა 2021 წლის 6 ოქტომბერს, 85 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.
ამირან ქადეიშვილს კარიერის მანძილზე 120 როლი აქვს შესრულებული, თუმცა, როგორც თავად დანანებით აღნიშნავდა, ხალხს მაინც ყველაზე მეტად ხირხალა ახსოვს. თვლიდა, რომ უკეთესი როლებიც შეუსრულებია და ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუშიც ისაუბრა:
"ეს ჩემი საეტაპო პერსონაჟი გახდა. არადა, მაგაზე უკეთესი როლები მაქვს ნათამაშები (მაგ., 1976 წელს - „იტალიამდე არც ისე შორია“). გიორგი შენგელაიამ რამდენიმე სინჯი გააკეთა და უკონკურსოდ დამამტკიცა. ასევე სინჯის გარეშე დამამტკიცა როლზე ნიკოლოზ სარიშვილმა „მოსფილმში“ გადაღებულ ფილმში („სახლი ლესნაიაზე"). „სიყვარული ყველას უნდა“ ხშირად გადის ქართულ არხებზე და მისი პოპულარობის ერთი მიზეზი ესეცაა. ჩემი კინოროლებიდან ყველაზე უფრო მომწონს ლ. ტოლსტოის მიხედვით გადაღებული „კავკასიელი ტყვე“ (რეჟისორი გიორგი კალატოზიშვილი), რომელშიც მე და გივი ჩუგუაშვილი მთავარ როლებს ვთამაშობთ.“
ფილმის "სიყვარული ყველას უნდა" და მასში შესრულებული ყველასთვის საყვარელი სიმღერის შესახებ მსახიობი ამბობდა:
"სიმღერა “შენ ჩემი მზე ხარ” შესასრულებლად მე და ლაურამ ავირჩიეთ. გოგრის უკან წაღება ჩემი იმპროვიზაციაა. გიორგის მოეწონა და ეს დუბლი დატოვა ფილმში".
ამირან ქადეიშვილს 4 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა.