ქართველი კომპოზიტორი რომან რცხილაძე 1953 წელს გურიაში დაიბადა, შემდეგ კი ვერაზე, მოსკოვის ქუჩაზე იზრდებოდა. მოგვიანებით კი, მამის სამსახურის გამო, ოჯახი მოსკოვის პროსპექტზე დასახლდა. როგორც რომან რცხილაძე იხსენებდა, თავი რუსეთში ეგონა, რადგან ყველა მეზობელი რუსი იყო.
მეტსახელი “სპილო” მუსიკოსმა სოსო ებრალიძემ დაარქვა, ხოლო საკუთარი სახელი – რომანი, მშობლებმა. რომან რცხილაძე თავისი სახელის წარმომავლობას ასე ხსნიდა: "ეს არის ძველი ბერძნული სახელი – რომანოზ ტკბილად მოუბარი ანგელოზი იყო. მგონი, გაამართლა, არა?"
"პატარა ვიყავი, როცა კახეთში ჩამიყვანეს. ჩვენ პირდაპირ ცხოვრობდა პაპა ალექსი - მჭედელი. ზაფხული იყო, ეზოში ვთამაშობდი. უცებ საოცარი ხმა მომესმა, მივყევი და მის ეზოში აღმოვჩნდი. ახლაც თვალწინ მიდგას, რაც ვნახე. პაპა ალექსის ორი შეგირდი შიშველ ტანზე აფარებული ტყავის წინსაფრებით იდგა და გრდემლს ურტყამდა. პაპა ალექსის თოკი ეჭირა და საბერველს ამუშავებდა. ურმის ბორბლებს ამზადებდნენ. პაპა ალექსი ურმულს მღეროდა: "დაიგვიანეს, ჯერაც არ ჩანან, არალო"... პაუზაში დასწევდა თოკს და საბერველი ბანს აძლევდა. ამ დროს ერთი შეგირდი დაარტყამდა უროს, მერე მეორე...
პაპა ალექსი გაასწორებდა კაკუნით მათ ნამუშევარს... ეს არ იყო მუსიკა! ეს გაცილებით მაღალი რამ იყო. მაშინ მივხვდი, ეს ის სამყარო იყო - ხმების სამყარო, სადაც ძალიან მინდოდა ყოფნა. მას მერე ორი ზაფხული გავატარე ყვარელში ალექსი პაპას ეზოში. ჩემი ტოლი ბიჭები რომ მეძახდნენ, წამოდი, ბურთი ვითამაშოთო, უარს ვამბობდი, მჭედლების ყურება და მოსმენა მერჩივნა. თბილისში კი მთელ წელიწადს იმაზე ვფიქრობდი, როდის მოვიდოდა ზაფხული, რომ ისევ ჩავსულიყავი ყვარელში, ისევ ის ხმები მომესმინა. სამწუხაროდ, მესამე ზაფხულს მოხუცი მჭედელი ცოცხალი აღარ დამხვდა... პატარაობიდანვე მუსიკა ჩემი უმთავრესი საფიქრალი იყო. მე და მამა დილით ექვს საათზე ფეხზე ვიყავით. რადიოში რომ საქართველოს ჰიმნს უკრავდნენ, მახსოვს, უკვე ნავარჯიშები ვიყავი და ფორტეპიანოსთან ვჯდებოდი. არავინ მაძალებდა. თვითონ მომწონდა შავ-თეთრ კლავიშებთან მეგობრობა. დილის ექვსიდან ცხრა საათამდე გამებს ვუკრავდი" - იხსენებდა რომან რცხილაძე.
ტანით თავიდანვე მაღალი იყო, ამიტომ კალათბურთზე დადიოდა და სერიოზული მიღწევებიც ჰქონდა. როგორც აღნიშნავდა, ერთი რამ ჰქონდა საერთო კალათბურთსა და მუსიკას:
15 წლის ასაკში არჩევანის წინაშე დადგა - ან კალათბურთი, ან მუსიკა - რა თქმა უნდა, მუსიკა აირჩია.
როგორც პიანისტი, მომღერალი და სამხატვრო ხელმძღვანელი, მოღვაწეობდა სხვადასხვა ანსამბლში: "ციცინათელა"; "დიელო"; "ნატვრის ხე"; მოღვაწეობდა მოსკოვში, შემდეგ ისევ თბილისში;
1999 წლიდან ტელე–რადიო დეპარტამენტის საესტრადო ორკესტრ "ბიგ–ბენდის" დირიჟორია. 2000 წელს გამოვიდა ალბომი – "სპილო" და "სუფთა ჰაერი".
იგი საესტრადო მუსიკის რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების არაერთგზის ლაურეატია, მათ შორის: საესტრადო მუსიკის რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი, თბილისის ჯაზ–ფესტივალის I ადგილი (1977), ფესტივალი "ბიჭვინთა - 81" გრან-პრის (ანსაბლ "ნატვრის ხესთან" ერთად, 1981).
"ჩემი და-ძმაც მუსიკითაა დაკავებული. უფროსი და მუსიკის პედაგოგია. თემური ჩემზე 6 წლით უმცროსია. საერთოდ, რცხილაძეებში პირველი ბიჭი ვიყავი და ერთი ამბავი იყო, ყველა ფიქრობდა, ვინ უნდა გამოვსულიყავი. საბედნიეროდ, მუსიკოსი გამოვედი.
ეკლესიაში ბავშვობიდან დავდიოდი. ამის გამო ხან სკოლიდან მრიცხავდნენ, ხან - მუსიკალური სასწავლებლიდან. ახლა ის ხალხი, ვინც მე მრიცხავდა, ეკლესიაში მხვდება... ხან თვალს ვერ მისწორებენ..." - იხსენებდა მუსიკოსი.
33 წლისა ტუბერკულოზით დავავადდი. სამ წელიწადს ვიარე აბასთუმანში, ათ წელიწადს არ დამილევია, არ მომიწევია სიგარეტი. იმაში კი დარწმუნებული ვიყავი, რომ გადავრჩებოდი.
აბასთუმანში ცუდად გავხდი ერთხელ. კომიდან რომ გამოვედი, ადგილობრივებმა გამაცნეს აფთიაქარი დეიდა ნუნუ. შინ ედგა პიანინო "პეტროფი". დავიწყე მასთან სიარული, მეცადინეობა. ყველაფერი თავიდან მქონდა გასავლელი. ოქტომბერი იყო. მესამე დღეს გავიგონე ფანჯრის იქიდან კაკუნი. გავიხედე - აუდიტორიაა - ციყვები მოსულან. მას მერე ასე იყო. მე ვუკრავდი, ისინი მოდიოდნენ და მისმენდნენ. ეს პერიოდი კარგად მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჭირი მქონდა.
პირველი მეუღლე 1989 წელს, ავად რომ გავხდი, მაშინ გადავიდა საბერძნეთში საცხოვრებლად. ახლა ჩემი შვილები საბერძნეთში ცხოვრობენ. ჩემს ვაჟს თავისი ბენდი აქვს.
ვცდილობ, ჩემი მიმწუხრი ბავშვობიდან შორს არ წავიდეს. ფანტასტიკურად კარგად ვგრძნობ თავს ბავშვებთან. ბავშვები ხომ მართალი და უნიღბო ადამიანები არიან. მყავს 5, 6, 10 წლის მეგობრები, 35 მარტო ნათლული მყავს და ვცდილობ, რაც შეიძლება ხშირად ვიყო მათთან. მინდა ყველა ნათლული დავპატიჟო... თეონა კონტრიძე, ნინო ქათამაძე ჩემი ნათლულები არიან..."
სიმღერა "ნატვრის ხეს" 35 წელი რომ შეუსრულდა, ევროპის დიასპორამ მიმიპატიჟა ამ თარიღის აღსანიშნავად. კარგი ტურნე მქონდა ევროპაში. აქ დიდად არ გაახსენდათ. ასეთია ცხოვრება...