ნინო ვეკუას მეუღლე საზოგადოების ინტერესის სფეროში დიდი ხანია მოექცა - ის მოძღვარია და საკუთარი აზრისა და პოზიციის თამამად გამოხატვის გამო ზოგჯერ სკანდალურადაც მოიხსენიებენ. დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, იგივე პეტრე კოლხი, სოციალურ ქსელშიც აქტიურია, ჰყავს მრევლი, უამრავი გულშემატკივარი, მკითხველი...
მამა პეტრეს და ნინო ვეკუას 6 შვილი ჰყავთ. ნინო პროფესიით ფილოლოგია და შვილების აღზრდის პარალელურად, მოსწავლეებზეც ყოველდღიურად ზრუნავს.

"ორივენი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდით. ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ ერთმანეთს არავინ გვაცნობდა. ხშირად მხვდებოდა ჩემს აუდიტორიასთან, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. ერთხელაც შემთხვევით შევხვდით ქუჩაში: „მე თქვენ გიცნობთ - მითხრა. მეც შორიდან გიცნობთ-მეთქი. არა, მე ახლოდან გიცნობთ, სამყაროს დასაბამისას გაგიცანი და მას მერე გეძებო. - დარწმუნებული ხართ, რომ მე მეძებთ-მეთქი? - გამეცინა. დარწმუნებული ვარ, სწორედ შენ გეძებდი და გიპოვეო... მე კი სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ შენ გელოდებოდი-მეთქი, მისი პასუხი კი ასეთი იყო: "ჩვენ ღმერთმა ერთმანეთისთვის გაგვაჩინა და ამაში ჩემი სიყვარული დაგარწმუნებსო". რომ გავიცანი, ეკლესიურად ცხოვრობდა, მარხვას იცავდა, წირვა-ლოცვას არ აცდენდა. ყოველთვის ძალიან უყვარდა ხეტიალი - ეკლესია-მონასტრების მოლოცვა. როცა მღვდლობა გადაწყვიტა, მე ხელი არ შემიშლია, თუმცა, ვთხოვე, რომ არ ეჩქარა გადაწყვეტილების მიღება და ამხელა პასუხისმგებლობის აღება", - იხსენებდა ნინო ვეკუა მეუღლის შესახებ.
მამა პეტრეს ემოციური სიტყვები ცოლისადმი

პეტრე კოლხი ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. 13 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში სინოდალურ სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად მამა პეტრე კვარაცხელიას საქმე განიხილეს. კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ. ამჟამად სასულიერო პირი დიდ ბრიტანეთში იმყოფება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მისი სხვადასხვა თემაზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.
ამჯერად პეტრე კოლხი გადაცემას „პირველი სტუდია“ სტუმრობს, სადაც საკუთარი თავის, ოჯახისა და ცხოვრების წესის შესახებ ისაუბრა:
"მყავს ექვსი შვილი. ჩემი მეუღლე არის გმირი. მე ვერ ვუძლებ ამ ბავშვებს, თამამად შემიძლია ვთქვა. ცუდი მამა არ ვარ, მაგრამ ეს გნიასი, ყიჟინა და ზედმეტი ხმაური კიდევ უფრო მეტად მაგიჟებს. თან შვილიშვილიც ხომ შემოგვემატა, ამიტომ გავერიდე ოჯახს, შეიძლება ითქვას. ეს ჩემი სისუსტეა და ვაღიარებ. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ფსიქიკა ისედაც დაღლილი მაქვს და ეს ზედმეტი ხმაური კიდევ უფრო მაგიჟებს...
რა სისულელეა! როგორ შეიძლება გაშორდე ექვსი შვილის დედას! ხშირად ჩამოვდივარ და სულ ერთად ვართ. მაგრამ იმდენად მივეჩვიე მარტო ყოფნას.. იმდენად დაიღალა ჩემი მეუღლე, რომ მე და მარიამი ვიტყვით ხანდახან, რომ გავუშვათ დედა დასასვენებლად.
ვიღაცამ შეიძლება ამის გამო გამკიცხოს, მაგრამ ვაღიარებ და ყველგან ვამბობ, რომ ძალიან მიყვარს ყიდვა. შეიძლება ჯიბეში ორი კაპიკი მქონდეს, მაგრამ ისიც უნდა დავხარჯო და რაღაც ვიყიდო, შეიძლება არც ჩავიცვა, მაგრამ ამით ვიკლავ იმ მოთხოვნილებებს, სხვა მიმართულებით რომ არ წავიდეს ფიქრი და აზროვნება.
პატარ-პატარა წვრილმანები, რაც ბედნიერებას განიჭებს და რაც მართლმადიდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, რატომაც არა, იყოს, ვის უშლის. ამაზე ჭორაობა უფრო დიდი გოიმობა მგონია, ვიდრე ის, რომ წახვიდე და რაღაც შეიძინო", - თქვა მან.