თათია ახალაია სააგენტო IC MODELS MANAGMENT- ის საერთაშორისო მოდის სამყაროში 2017 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან: MIU MIU, Dolce & Gabbana, Givenchy, Emilio Pucci, Zuhair Murad, Roberto Cavalli, Christian Siriano და სხვები.
თათია მოსკოვში დაიბადა, მაგრამ იქაურობა არ ახსოვს, რადგან სამი წლის ასაკში მშობლებთან ერთად საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. „ჩემი მშობლები აფხაზეთიდან არიან, იქ გაიცნეს ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, რაღაცები მახსოვს, მახსოვს ჩემი სახლი და ყოველთვის მენატრება", – ამბობდა მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
პირველი ქართველი მოდელი Vogue-ის გარეკანზე - რას წერს ჟურნალი მატილდა გვარლიანის შესახებ
მოდელობაზე არასდროს უოცნებია, რადგან ამ საქმეს საინტერესოდ არ მიიჩნევდა, თუმცა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. მის წარმატებაში კი ძალიან დიდი როლი ითამაშა ია კიწმარიშვილმა.
„არ მინდოდა მოდელობა, იამ (კიწმარიშვილმა) რამდენჯერმე მთხოვა მისვლა. ვეუბნებოდი, რომ არ მინდოდა. ბოლოს ვიფიქრე, მივიდოდი და ავუხსნიდი, რომ არ მაინტერესებდა ეს სფერო და წამოვიდოდი უკან. ჩემი ეს დამოკიდებულება, ალბათ, იმით აიხსნებოდა, რომ, როცა მე ვიწყებდი, მოდაში ერთი წარმატებული ფიგურა არ გვყავდა. ყველა ძველი მოდელი ან წამყვანი გახდა, ან ხომ ხვდებით. ეგ ჩემთვის საინტერესო არ იყო და ამიტომ არ მინდოდა."
ცნობადობა და ტიტულის მოპოვება არასდროს ყოფილა მისი მიზანი. ამით აიხსნება ფაქტი, რომ "მის საქართველოს" გვირგვინზეც უარი თქვა.
„მის საქართველოზე" უარი ვთქვი, არაფერში გამომადგებოდა. უბრალოდ ტიტულია, მაგრამ ვერაფერში გამოვიყენებდი. ბევრისთვის შეიძლება სულ არაფერს ჯობდეს, მაგრამ ჩემთვის სულ არაფერი ჯობია. სილამაზის კონკურსი და მოდელობა საერთოდ სხვადასხვაა. სილამაზის კონკურსი სამსახური არ არის, მოდელობა სამსახურია, რომელსაც ანაზღაურების გამო ვაკეთებ. ჩემთვის ეს არის, პირველ რიგში, სამსახური, საიდანაც შემოსავალი მაქვს. სხვაგან სტუდენტმა სად უნდა გამოიმუშაო ეს თანხა, თუ ძალიან განსაკუთრებული ნიჭის პატრონი არ ხარ? არ ვიცი. ლამაზი მოდელის თემა კი მოდაში ძალიან პოპულარული არ არის.“
ახალაია სელინის ექსკლუზივი უნდა ყოფილიყო, თუმცა ინდუსტრიის უსამართლო პოლიტიკამ იმსხვერპლა:
„სელინში მორგებაზე მისულ რამდენიმე გოგონას გვითხრეს, რომ დავრჩენილიყავით. მოდის კვირეულები იყო და სხვა ქასტინგებიც მქონდა, თუმცა სელინში დამტოვეს. მოგვიანებით ჩემი სააგენტოსგან მომივიდა მოლოცვა. დიდი სიხარულით მწერდნენ, რომ სელინმა ჩემი ექსკლუზიურად აყვანა გადაწყვიტა, ამიტომ არ დამჭირდება სხვა ქასთინგებზე მისვლა და საკმაოდ დიდ თანხასაც გადამიხდიდნენ. 5 დღის განმავლობაში ყველა ლუქი, როგორც ტანსაცმელი, ისე აქსესუარები, მაკიაჟი, ვარცხნილობა, ყველაფერი მე მომარგეს და ჩემზე დატესტეს. ჩვენების წინა დღეს ყველა მოდელის მაგივრად მე გამოვდიოდი პოდიუმზე, რომ მუსიკაც სწორად ჩამჯდარიყო. ფიბი ფაილოსთან პირადად მქონდა შეხება, ის ძალიან აქტიურად მუშაობდა სტილისტთან ერთად. გამესაუბრა, მკითხა, საიდან ვარ, სად ვსწავლობ, რამდენი წლის ვარ. მაშინ არ ვიცოდი, რომ ფიბი დიდი დიზაინერი იყო, ან სელინი ასეთი მნიშვნელოვანი ბრენდია, მაგრამ მიხაროდა, რადგან ჩემი აგენტი მეუბნებოდა, რომ სელინში მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენების დღეს ოთახში ასამდე გოგო შემოვიდა. ყველა გოგონა იქ იყო, ვინც მაშინ მოდის კვირეულის პერიოდში პარიზში იმყოფებოდა. ძალიან გამიკვირდა ამდენი გოგოს დანახვა, არ ველოდი. შემდეგ გავარკვიე, რომ ჩვენებიდან მომხსნეს. მიზეზად დაასახელეს „Late Walking,“ თუმცა მე 5 დღე ვმუშაობდი მათთან და ამის შესახებ მანამდე არ უთქვამთ. თავიდან ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა უკვე მივხვდი, რომ მოდაში ასეთი რაღაცები ჩვეულებრივი მოვლენაა.“
მიუხედავად არაერთი უსამართლობისა თუ დაბრკოლებისა, რაც ამ სფეროს მუდამ თას სდევს, თათიამ მაინც შეძლო მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიეღწია, მას დღეს არაერთი ცნობილი ბრენდის ჩვენებაზე ვხედავთ და მისი ფოტოები პრესტიჟული გამოცემების გარეკანებზეც შეგვიძლია ვიხილოთ. გასულ წელს თათია ახალაია Vera Wang-ის კამპანიაში გამოჩნდა, ვიხილეთ მისი კადრები Charlotte Tilbury-ს სარეკლამო რგოლში. ასევე, თათიამ ითანამშრომლა Louis Vuitton-თან, YSL-თან, Elie Saab-სა და სხვა ცნობილ ბრენდებთან.
თათია ხშირად აქვეყნებს ფოტოებს მეგობარ ბიჭთან ერთადაც. მისი შეყვარებული ლევან კობახიძეა, რომელიც, როგორც კადრებიდან ჩანს, თათიას დიდი გულშემატკივარიცაა და მის კარიერულ წინსვლას მხარს უჭერს.