„ყოველთვის სცენაზე გასვლისას საოცრება ხდება – უწონადი ვხდები, სადღაც მივექანები, თითქოს ზეცისკენ, ყველაფერი მავიწყდება, აღარაფერი მესმის, ვეღარც ვხედავ. ვკარგავ შეგრძნებას და ვხვდები განსაკუთრებულ სამყაროში – მე ვცეკვავ!“ – ასე აღწერდა ცეკვისადმი სიყვარულს ლატავრა ფოჩიანი.
"სუხიშვილებმა" საქართველოს არაერთი გამორჩეული მოცეკვავე აჩუქა, შეუძლებელია მათ შორის ლატავრა ფოჩიანის სახელი ვინმემ არ ახსენოს.
ლატავრა ფოჩიანი 1939 წლის 16 ივლისს, ლენტეხის რაიონში, სოფელ ლექსურაში ალექსანდრე ფოჩიანის ოჯახში დაიბადა. მშობლებმა გოგონას სახელი ფალიაშვილის ოპერა „ლატავრას“ პატივსაცემად უწოდეს. 7 წლის ასაკში მშობლებმა პიონერთა სასახლეში მიაბარეს. სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული ბუხუტი დარახველიძის თვითმოქმედი ანსამბლის სოლისტი რომ გახდა.
პირველი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. დედა ექიმი ჰყავდა და ამ პროფესიისადმი იმთავითვე ამჟღავნებდა ინტერესს. 1963 წელს ინსტიტუტი დაამთავრა და განაწილებით სოფელ მანავში წავიდა ამბულატორიის გამგედ.
ერთ-ერთ კონცერტზე ლატავრას შესრულებული ცეკვა "ქართული" ნინო სუხიშვილმა ნახა და ანსამბლში მიიწვია. სამჯერ წავიდა სუხიშვილებიდან. ერთხელ აგორებული ინტრიგის გამო, მეორედ – გათხოვების გამო, მესამედ – საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობის გამო და სამივეჯერ დააბრუნა ნინო რამიშვილმა.
„მოცეკვავემ იმ დროს უნდა დატოვოს სცენა, როცა ჯერ კიდევ აღტაცებაში მოჰყავს პროფესიული მაყურებელი“ - საბოლოოდ, სცენას 1982 წელს გამოემშვიდობა.
30 წლის იყო, როცა სიყვარული ეწვია. სუხიშვილებს კონცერტი ჰქონდათ კრემლში. კონცერტი ტელევიზიით გადაიცა და სწორედ ტელეეკრანზე იხილა პირველად ლატავრა მომავალმა მეუღლემ – უკვე აღიარებულმა მეცნიერმა, კიაზო ნადარეიშვილმა.
„… რომ დამარტყა თავში, ფეხის ფრჩხილებამდე დამიარა. კიაზოც გაშეშდა, ძალიან ლამაზი და ტანწერწეტა ვიყავი“ – იხსენებდა მოგვიანებით ლატავრა ფოჩიანი.
მალე ერთმანეთი შეუყვარდათ. ორიოდე წელიწადში დაოჯახდნენ კიდეც – იმ პირობით რომ ლატავრა ცეკვას სამუდამოდ დაანებებდა თავს.
ლატავრა ფოჩიანი მხარს უჭერდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას და ამის გამო ბევრი მტერი შეიძინა:
„აქტიურად ვმონაწილეობდი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ, სისხლიანი ხუნტის საწინააღმდეგო, მშვიდობიან, გრანდიოზულ საპროტესტო მანიფესტაციებში. ეს იყო და არს ჩემი, როგორც ქართველის, მოქალაქის, ამომრჩევლის შეგნებული ქმედება მიმართული ძალადობის, კანონის უხეში დარღვევის წინააღმდეგ. მანიფესტაციებში მონაწილეობას არ ვერიდებოდი მაშინაც კი, როდესაც უდანაშაულო მოქალაქეებს ტყვიებით უმასპინძლდებოდნენ. 1922 წლის 7 მარტის შემდეგ, ზუსტად თარიღს ვერ ვიხსენებ, ღამის საათებში საშინელი ხმაურით ავტომატიანმა პირებმა შემოამტვრიეს სახლის სადარბაზოს კარი და გვაუწყეს, რომ ქალაქის კომენდატურიდან იყვნენ. ვიცოდი რა, კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა დარბევა – დაპატიმრებები ღამის საათებში დიდი ხნის დაწყებული იყო, მოვახერხე დამალვა. ამ დღემდე და მის შემდეგაც, ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობდა სატელეფონო ტერორი, მუქარა, დაშინება… მპირდებოდნენ, რომ თუ კვლავ მივიღებდი მონაწილეობას კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგებში, გადამიწვავდნენ სახლს, ცოცხლად გამატყავებდნენ მოხუცი მამის თვალწინ და ა.შ.
საპროტესტო მიტინგებსა და მანიფესტაციებში კვლავ ვიღებდი მონაწილეობას… ჩემს 82 წლის მამას საგარეჯოში, საკუთარ სახლში მიუვარდნენ ავტომატიანი პირები, ხელბორკილები დაადეს ჩემს ბიძაშვილს რობინზონ ფოჩიანს, ნათესავს ნინა კვირიკაშვილს და მთელი სახლი, იარაღის ძებნის მოტივით უსანქციოდ გაჩხრიკეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ღამის 10 საათზე მეორედ მიადგნენ მამაჩემის სახლს,რომელიც მოსალოდნელი თავდასხმის მოლოდინში, შიგნიდან საგულდაგულოდ ჰქონდა ჩარაზული. ავტომატიანებმა კარები შეამტვრიეს, სახლში შეცვივდნენ და სროლა ატეხეს. ტყვია მამაჩემს ასცდა და მოხვდა იქვე მდგომ ნინა კვირიკაშვილს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ასეთი მეთოდებით მებრძოდა ძალადობით მოსული ხელისუფლება ჩემი მრწამსის გამო.“