ელი მხოლოდ მაშინ დაიძრა ადგილიდან, როდესაც ხმაური შეწყდა. ის ძალიან ფრთხილად მიდიოდა გზაჯვარედინისკენ.
ხმაური რამდენჯერმე განმეორდა. თავიდან რაღაც ცხოველის ღმუილს ჰგავდა, მაგრამ რაც უფრო წინ მიიწევდა ელი, ხმა მით უფრო იწმინდებოდა და უფრო გარკვევით ისმოდა.
ელიმ მამაკაცის ხმა გაარჩია…
- არის აქ ვინმე?..
გვირაბის ექო ხმას იმეორებდა და ამახინჯებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ელიმ მაინც იცნო კარგად ნაცნობი ხმის ტემბრი…
- მეთ... შენ ხარ?
რაც შეეძლო ხმამაღლა დაიყვირა ელიმ. ექომ მისი ხმაც გაიმეორა… როდესაც სიჩუმე ჩამოვარდა, პასუხად ისევ გაისმა:
- ელიიი…
ელი გაურკვეველმა ემოციამ მოიცვა. ეს გრძნობა, თითქოს ყველაფერი ერთად იყო: სიხარული, შიში, გადარჩენისთვის ბრძოლის სურვილი, უკანასკნელი იმედი, გვირაბის ბოლოს გამოჩენილი სინათლე… - ეს მეთიუ იყო…
- მეთ… სად ხარ?
ელის ეჩვენებოდა, რომ თითქოს ხმა ერთდროულად ოთხივე გვირაბიდან გამოდიოდა.
- მეცამეტე საკანში, ელი…
- აქ მხოლოდ თორმეტი საკანია… სად არის მეცამეტე, მეთ? საით წამოვიდე?
- მოკლე… ფრაზებით… ილაპარაკე…. ვერ ვარჩევ… სიტყვებს... შორის... პაუზები... გააკეთე...
მეთის ხმა წყვეტილად ისმოდა.
- სად არის… მეცამეტე… საკანი?
- არ ვიცი…
ელიმ დღიური ამოიღო, წაშლილი ფურცლები ამოხია და იმ გვირაბის შესასვლელებში დაყარა, სადაც უკვე იყო.
ელის მესამე და მეოთხე გვირაბი დარჩა სანახავი. მესამე გვირაბი ყველაზე კარგად იყო განათებული. ელის შიში დაავიწყდა და ძალიან სწრაფად მიდიოდა. თითქმის მირბოდა.
გვირაბი, საბედნიეროდ, ყველაზე მოკლე აღმოჩნდა. ის მხოლოდ ერთხელ უხვევდა მარცხნივ და იქვე მთავრდებოდა. მოსახვევიდან ყვითელი სინათლე გამოდიოდა.
ელიმ შეუხვია თუ არა, საკანი დაინახა, რომლის გისოსებიან კართან მეთიუ იდგა…
- ელი… შენ ხარ? ჩქარა მითხარი, კარგად ხარ?
მეთიუმ გისოსებიდან ხელი გამოყო, რომ ელის შეხებოდა. ელი გისოსებს მიუახლოვდა.
- ვიცოდი, რომ ცოცხალი იყავი…
მეთიუ ხელით სახეზე ნაზად შეეხო მას.
- ყველაფერი სხვანაირად უნდა ყოფილიყო… გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, ელი… შენ აქ არ უნდა იყო! არც მე უნდა ვიყო აქ...
- მთავარია, რომ გიპოვე… როგორმე უნდა გავიქცეთ! მითხარი, როგორ გავაღო ეს კარი…
- კარს მექანიზმი აღებს, მაგრამ არ ვიცი საიდან. რაცია თან გაქვს?
- არა! რაცია ოთახში დავტოვე...
- მისმინე, ელ! – გაიქეცი! სასწრაფოდ გაიქეცი… სახლში დაბრუნდი და პოლიცია გამოიძახე. ჯონის მოუყევი ყველაფერი…
- ჯონი აქ არის, მეთ… სასტუმროშია და სავარაუდოდ, უკვე მეძებს! ალბათ, პოლიციაშიც დარეკავს…
- ჯონი აქ არის? შეიძლება ჯონიმ ვერ იპოვოს გვირაბში შემოსასვლელი კარი. ამდენი დრო არ გვაქვს, ელ… გაიქეცი და ანას უთხარი, რომ ამ საკანში ვარ გამომწყვდეული…
- ჯერ ერთი, უშენოდ არსად წავალ! მეორეც ერთი, ანას არაფერს ვეტყვი! აქ სწორედ მან შემომიტყუა! ანა და ვამპირი რონი… ისინი… შენ არ იცი და ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდი, რომ ანა და რონი…
- შეყვარებულები არიან…
ელის ნაცვლად დაასრულა ფრაზა მეთიუმ.
- საყვარლები… ასე ეძახიან, როდესაც გათხოვილი ქალი…
- ანა არ არის გათხოვილი…
- რა თქვი?
- ანა არ არის ჩემი ცოლი, ელი… ეს, უბრალოდ, სცენარი იყო…
- სცენარი?
სასოწარკვეთილი ხმით წამოიძახა ელიმ, რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და კედელს ზურგით მიეყრდნო.
- შენ ამ შეთქმულების მონაწილე ხარ, მეთ? სამივემ ერთად მოაწყვეთ ყველაფერი?
- არა, არა! – ყველაფერს აგიხსნი… გახსოვს ის ღამე, ჩემთან რომ მოხვედი?
ელის გული საშინლად უცემდა.
- ის ღამე ყველაზე განსაკუთრებული იყო ჩემს ცხოვრებაში. მახსოვს, როდესაც პირველად დაგინახე… ფანჯარასთან იდექი. მერე მდინარეზე მოდიოდი ხოლმე… როგორ მინდოდა, შენთვის რამე მეთქვა, მაგრამ თითქოს რაღაც ჯადო მქონდა გაკეთებული, ელ… სიტყვასაც კი ვერ ვძრავდი…
მერე შენ თვითონ მოხვედი ჩემთან... მაგრამ იმ ღამესვე ყველაფერი შეიცვალა! სულ გამირბოდი… მიმახვედრე, რომ არ გინდოდა ჩემთან ურთიერთობა! ჩემი ბრალია, ვიცი… შეგაშინე ჩემი უცნაურობებით…
- მაინც ვერ ვხვდები…
- შარშან, ზაფხულში რამდენიმე დღით რომ წავედი…
- ანა რომ გაიცანი ტყეში?
- ანა გავიცანი, მაგრამ ტყეში არა! მაშინ ძალიან განადგურებული ვიყავი და "მდუმარე სასტუმროში" ჩამოვედი. ანა აქ მუშაობდა! – რონიც. ალესტერიც გავიცანი. მაშინ გავიგე, რომ პერსონალურ სცენარებს წერდნენ დამსვენებლებისთვის…
- და ანამ შენი ცოლობა გაითამაშა? მიზანს კარგად ვერ ვხვდები, მეთ… შენ გინდა თქვა, რომ ესეც სცენარია და მე ტყუილად ვინერვიულე ამდენი?
- არა, ელ… მეც არ ვიცი, მერე რა მოხდა! სცენარის მიხედვით, ანა უნდა დაბრუნებულიყო
სასტუმროდან და შენთვის ეთქვა, რომ მე დავიკარგე…
- ჩემი რეაქცია გაინტერესებდა? წამოვიდოდი თუ არა შენს მოსაძებნად?
- იცი, ელ… ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მე და შენ ბევრი საერთო გვქონდა… ვფიქრობ, რომ შინაგანად ვგავართ ერთმანეთს…
ელი გაოგნებული უსმენდა მეთს და ადგილიდან ვეღარ იძვროდა.
- ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც ჩვენ თვითონ ვერ ვხვდებით, თუ რა გვინდა სინამდვილეში… პატარა ბიძგი საჭიროა იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ…
- მეთ! შენ ამას პატარა ბიძგს ეძახი?..
- აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე! გახსოვს, პირველად ჭასთან მაქცია რომ ნახე? მერე, შენი ოთახის ფანჯრებს რომ უყურებდა?.. – ის მე ვიყავი, ელ…
- ქოხშიც?
ძლივს ამოილუღლუღა ელიმ.
- არა! ქოხში არ ვიცი, ვინ იყო… სცენარის მიხედვით, მე უნდა ვყოფილიყავი მაქციის ფორმაში და მალევე უნდა მომეხსნა ნიღაბი, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. ჩემი ოთახის კარის ღრიჭოდან ვიღაცამ წერილი შემოაცურა, რომელშიც ეწერა, რომ შენ აქ იყავი. ვიღაცამ განგებ შემომიტყუა ამ საკანში. შემოვედი თუ არა, კარი დაიკეტა…
- ეს ვის უნდა გაეკეთებინა? და რატომ?
- წარმოდგენა არ მაქვს, ვის ან რაში დასჭირდა ეს ყველაფერი! ვფიქრობ, ჩემს მოკვლას არ აპირებენ, რადგან ამას აქამდე გააკეთებდნენ. თანაც, ეს საკანი კეთილმოწყობილია, იმ თორმეტი საკნისაგან განსხვავებით. შეხედე, საწოლიც დგას, ტუალეტის კაბინაც… პატარა ლიფტის შახტაა, საიდანაც საჭმელს უშვებენ ზემოდან…
- იმაზე არ გიფიქრია, რომ შენ საუკეთესო კანდიდატი ხარ? არავინ დაგიწყებს ძებნას, ამხელა სახლი გაქვს, რომელსაც სიამოვნებით დაეპატრონება შენი ფიქტიური ცოლი და მისი საყვარელი?
- ეგეც ვიფიქრე, მაგრამ ანა სცენარის მიხედვით მოქმედებს. ვფიქრობ, რომ არ იცის, რომ მაქციის ფორმაში მე არ ვარ!
- მე არ მგონია ეგრე! სცენარის მიხედვით რომ არ ემოქმედა, გამოძიება დაადგენდა, რომ ანა დამნაშავეა! ასე სწორედ იმიტომ იქცევა, რომ კვალი დაფაროს. დაფიქრდი, მეთ! ნაიადაში ყველამ იცის, რომ ანა შენი ცოლია! ისიც იცი, რომ უახლოესი პოლიციის განყოფილება ჩვენი სოფლიდან საკმაოდ შორსაა. რაც შეეხება მისტერ ალესტერს, ის ჩემთან მიმართებაში ყოველთვის კეთილად იყო განწყობილი. მგონი, სწორედ მას უნდა შევატყობინოთ, რა ხდება მის სასტუმროში!
- შეიძლება მართალიც ხარ! ალესტერი აქაურობას თითქმის თერთმეტი წელია მართავს. აქ რომ ვიყავი, სასტუმროს შესახებ ბევრი რამ გავიგე…
- მფლობელი? რა იცი სასტუმროს მფლობელის შესახებ?
- ის, რაც სხვებმა! ანუ არაფერი…
- მე მგონია, რომ თვითონ ალესტერია მფლობელი და რაღაც მიზეზების გამო არ ამხელს ამას! შეხედე, აკლდამაში რა ვიპოვე…
ელიმ დღიური ამოიღო და გისოსებს შორის გააცურა.
- ვინ არის სალივანი?
- მგონი, აქაურობის წინა მეპატრონის შვილია! ნახატზე ვნახე… დღიურში წერს, რომ სასახლის პირველი მფლობელის გვარი ერთმა კუდიანმა დაწყევლა. მსხვერპლად შეწირვის რიტუალზეც წერს… ჰგონია, რომ ერთ-ერთი მსახური გოგონა, ბრიჯიტი, აქ გამოამწყვდიეს, იმისთვის, რომ მსხვერპლად შეეწირათ.
- და შენ იფიქრე, რომ შენი მსხვერპლად შეწირვა სჭირდებოდა ვინმეს?
- ყველაფერი ამაზე მიუთითებდა! მაგ დღიურში ამ გვირაბიდან გასასვლელებზეცაა საუბარი. ერთი რაღაც ტბასთან ამოდის, მაგრამ მე სასტუმროს სიახლოვეს ტბა არ მინახავს…
- ჭაობი… ის ჭაობი ადრე ტბა იყო, ელი…
- ჭაობი მახსოვს. იმ თამაშში ჯონის შეხვდა ჭაობი და მისმა მეწყვილე გოგონამ მითხრა, – კიდევ კარგი, ჭაობი არ შეგხვდაო… მაგ გვირაბში უკვე ვიყავი, მეთ, მაგრამ დატბორილია. ახლა ქოხისაკენ მისასვლელი გვირაბი დამრჩა სანახავი…
- დროს ნუღარ კარგავ, ელი… სასწრაფოდ გაიქეცი აქედან და ჯონი მოძებნე! პოლიციაში დარეკე…
- კარგი… მაგრამ ჯერ ამ კარის გაღებას ვცდი!
ელიმ გვირაბის კედლების თვალიერება დაიწყო, მაგრამ ვერაფერი იპოვა.
- ალბათ, საკნების კარების მექანიზმები ერთი კონკრეტული ადგილიდან იმართება! შეიძლება დაცვის ოთახიდან, სადაც კამერებს აკონტროლებენ…
- შეიძლება...
- მეთ, ვინ არის სცენარისტი?
- მხოლოდ ის ვიცი, რომ სასტუმროში არ იმყოფება. ინტერნეტით უგზავნის ხოლმე სცენარებს ალესტერს.
- პიტერი? პიტერი ვინ არის? გამომძიებელი რომ არ არის, მაგას მეც მივხვდი. ისიც სადღაც გაუჩინარდა…
- გამომძიებელი არ არის, რადგან პოლიციაში არავის დაურეკავს! სცენარში იყო გამომძიებელი, ოღონდ ეგ პიტერი აქ მერე ჩამოვიდა. ალბათ, სპეციალურად მოიწვიეს ამ როლისთვის… სიმართლე გითხრა, უკვე აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. მხოლოდ ის ვიცი, რომ მას აქ არ უმუშავია.
- პიტერი არ ტოვებს ბოროტმოქმედის შთაბეჭდილებას!
- იმედია, ვერ მიხვდებიან, ჯონი შენ გამო რომ ჩამოვიდა.
- ეგ არავინ იცის! ჯონი ტროლის ვაკანსიისთვის გამოცხადდა და მიიღეს… ანასთვისაც არაფერი მითქვამს! ჯონი ტროლის კოსტიუმის გარეშე არსად ჩნდება.
- იცის თავისი საქმე! ყოფილ სამხედროს ეგ არ შეეშლება!
- ჯონიზე ამბობ?
- არ იცოდი? არასოდეს უხსენებია შენთან?
- არა…
- საზღვაო ქვეითი იყო! – ელ, ოდესმე მაპატიებ ამ ყველაფერს?
- ყველაფერი ისე უცნაურად გადაიხლართა ერთმანეთში, რომ გონებაში ჯერ ვერ დავალაგე მოვლენები, მეთ… ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის ამის გაგება…
- ვიცი! ვიცოდი, რომ ვრისკავდი, რადგან შეიძლებოდა სამუდამოდ დამეკარგე!
- რატომ გაინტერესებდა, წამოვიდოდი თუ არა აქ შენს მოსაძებნად?
- იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ, ელი.. მინდოდა, რომ შენ თვითონ მიმხვდარიყავი, გქონდა თუ არა ჩემ მიმართ რაიმე გრძნობა… მაინტერესებდა, შენთვის ვნიშნავდი თუ არა რამეს… ჯონის ბარში შეგატყვე, რომ არ გესიამოვნა ანას გამოჩენა… სამზარეულოში შეხვედი და აღარ გამოსულხარ. მანქანაშიც დაძაბული იყავი და ანამაც მითხრა, რომ როდესაც გესტუმრათ, უცნაურად იქცეოდი…
- მე ახლა გასასვლელს ვიპოვი, მეთ! მაგაზე ლაპარაკს მერეც მოვასწრებთ! აქედან გავაღწევ და მაშინვე პოლიციაში დავრეკავ! აუცილებლად დავბრუნდები…
- ფრთხილად იყავი…
ელი უკან გამობრუნდა. თავში ყველაფერი არეული ჰქონდა. ეგონა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და სადაცაა, გაეღვიძებოდა.
ამჯერად მეოთხე გვირაბს გაუყვა. ტბის გვირაბის მსგავსად, ესეც ძალიან გრძელი იყო. როგორც იქნა, ბოლოში გააღწია და ზევით ასასვლელი რკინის კიბე დაინახა. კიბეზე ფრთხილად ავიდა. მის თავზე ლუქი იყო, რომელზეც ისეთივე სიმბოლოები იყო ამოჭრილი, როგორიც აკლდამაში. ხვრელებიდან ქოხის ჭერი მოჩანდა.
ელი ჯერ მხრებით მიაწვა სახურავს, მაგრამ ვერ გააღო. შემდეგ მისი შემოტრიალება სცადა, რომ სიმბოლოები თანმიმდევრულად დაელაგებინა. ლუქი გაჭედილი იყო.
უცებ რაღაც ხმაური გაისმა.
- არის აქ ვინმე?
ხმა მამაკაცს ეკუთვნოდა.
- ლუქის ქვემოთ ვარ! მიშველეთ…
ნაბიჯების ხმა გაისმა. ვიღაც ქოხში დადიოდა.
- სად არის ლუქი? ილაპარაკეთ, რომ გიპოვოთ!
- არ ვიცი, სად არის… სადღაც ქოხშია. ჭერს ვხედავ…
ნაბიჯების ხმა მოახლოვდა და ბოლოს ვიღაცის ჩრდილი დაეცა ლუქს.
- ჩადით ქვევით და ლუქს მოშორდით! ვეცდები, გავაღო.
ელი ისევ კიბეზე დაეშვა და მოშორებით დადგა. გული საშინლად უცემდა. ის ვიღაც ლუქს დაეჯაჯგურა.
- სიმბოლოები თანმიმდევრობით უნდა იყოს განლაგებული! ნახევარი მთვარის გასწვრივ რქიანი ფიგურა უნდა მოთავსდეს!
ასძახა მას ელიმ. ცოტა ხანს კიდევ ისმოდა ხმაური. ბოლოს სახურავი ჭრიალით გაიღო.
გაგრძელება იქნება