ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“; შემდეგ საბავშვო ანსამბლის, „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე, უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცა მონაწილეობდა GDS-ის პროექტში „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ "ჯორჯიის" შემდეგ მესამე ქართველია, რომელმაც „ახალი ტალღა“ მოიგო.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“. ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა 2014 წლის" გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა In My Dreams შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ნუცას მშობლები ერთმანეთს ნუცას დაბადებიდან მალევე დაშორდნენ და ნუცა ძირითადად დედამ გაზარდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ნუცას დედა ნინო კანკავა ამბობს: „შვილი მამაჩემმა გამაზრდევინა დიდი სითბოთი, ყურადღებით და მზრუნველობით. ნუცა ყოველთვის განიცდიდა, რომ შეიძლებოდა ვინმე შემყვარებოდა. ერთხელ ისიც კი მითხრა, დედიკო, თუ შენ გათხოვდები, მე შენთან აღარ დავწვებიო“.
„დედაჩემის მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთი ადამიანია. ბავშვობიდან სულ მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა მისთვის... ყოველთვის ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ჩემით ძალიან ეამაყა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე ხდება... არასდროს ეგონა, რომ ქუჩაში გააჩერებდნენ, თქვენი შვილი გვიყვარსო. ყველგან, სადაც შედის, ეფერებიან და ამაზე ნამდვილად ოცნებობდა. მიხარია, რომ ეს შევძელი.
სულ სხვა მომენტია, როდესაც მამასთან ერთად არ იზრდები. დედაჩემის გვერდით მამაკაცი არასდროს არ მინახავს. მთელი თავისი ცხოვრება მე მომიძღვნა, შეყვარებულიც არ ჰყოლია, რომ მე არ მეგრძნო თავი ცუდად... ძალიან მიჯაჭვული ვიყავი დედაჩემთან, ეგოისტურად... ამ ადამიანმა ძალიან დიდ სიყვარულში გამზარდა და ახლა ვიყენებ ამ დიდ სიყვარულს, ყველა ადამიანთან შემიძლია და მინდა, რომ ეს სიყვარული გავცე”, - ამბობდა ნუცა.
"ევროვიზია! ოცნებები ხდება! ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გპირდებით, მთელ გულსა და სულს ჩავდებ ამ ყველაფერში, რომ მაისში ჩემი საყვარელი ქვეყანა და ხალხი ვასახელო" - დაწერა თავად ნუცა ბუზალაძემ.
ნუცამ სულ ცოტა ხნის წინ ამერიკაც აალაპარაკა, როცა პირველი უცხოელი გახდა, რომელმაც პროექტ „ამერიკის ვარსკვლავში“ დიდ წარმატებას მიაღწია. ნუცა ჟიურის წევრების ფავორიტიც გახდა, ბოლო ეტაპზე Top-12 მონაწილეს შორის ქართველი შემსრულებელი სწორედ მათ გადაიყვანეს, თუმცა ათეულში მოსახვედრად მას ხმები არ ეყო და პროექტს გამოეთიშა.
ნუცამ არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა ჰოლივუდში მოხვედრაზე და ეს ოცნება აისრულა.
ცოტა ხნის წინ, ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ მისი ძმა, დათო, ამერიკაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მან უამრავი სამძიმრის წერილი მიიღო და თანაგრძნობისთვის საჯარო მადლობაც გადაიხადა:
„დღეს ჩემი ყველაზე სიმპათიური ძმა დათო გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში, ამერიკაში. ამაზე დიდი უბედურება, ამაზე დიდი ტკივილი რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, არ ვიცი... თითქოს, ჩემი გულის ნაწილიც გაჰყვა მას, ასე ვგრძნობ. ჩემს თავს ვერ ვპატიობ იმ ფაქტს, რომ ახლო ურთიერთობა არ მქონდა მასთან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაგრამ ისე მიყვარდა ყოველთვის, ბავშვობიდან, როგორც გულის ნაწილი, ძალიან მწყდება გული და ძალიან განვიცდი იმას, რომ ფაქტობრივად, დაკარგული მქონდა მასთან ურთიერთობა, რატომ, მე თვითონაც ვერ ვხვდები...
ეს ტანჯვა გამყვება ცხოვრების ბოლომდე და ეს გულის ტკივილი, რასაც დღეს ვგრძნობ, არ გამინელდება არასდროს! დათო, შენ ძალიან კარგი ძმა იყავი, კარგი მეგობარი, კარგი შვილი, კარგი მეუღლე, კარგი მამა და შენი ქვეყნის დიდი პატრიოტი! მადლობა ამისთვის, მოგვენატრები ყველას და მაპატიე, გთხოვ, მაპატიე, რომ დობა საერთოდ ვერ გაგიწიე. მიყვარხარ და მეყვარები მუდამ,“ - წერდა ნუცა ბუზალაძე.
"იძებნება დათო ბუზალაძე, 40 წლის. ცხოვრობს ფილადელფიაში. დაკარგულია ასევე მისის მანქანა, შავი toyota Tundra, 11 მარტის მერე არავისთან უკონტაქტია.თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ მომწეროთ" - ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა ფეისბუქის ჯგუფში "ქართველები ფილადელფიაში.
როგორც ამავე პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ბუზალაძე მანქანის გასაყიდად იყო წავიდა და ამის შემდეგ აღარავის შეხმიანებია. ბოლოს ბენსალემში შენიშნეს და აქედან მისი კვალი გაქრა.