შინ დაბრუნებულმა ფეხზე გავიხადე და სავარძელში ჩავესვენე. როგორი დაძაბული კვირა მქონდა. ასე მეგონა, ეს კოშმარი არასდროს დასრულდებოდა. რა საშინელება ყოფილა, როცა ორივე მშობელი - დედაც და მამაც - ერთ დღეს გამოგეცლება ხელიდან. მეგონა, მეც მოვკვდებოდი. როცა დამირეკეს, დედა რეანიმაციაში წევს და მამაშენი აღარ არის ცოცხალიო, ისეთი სპაზმები დამემართა, ლამის გავიგუდე. თავქუდმოგლეჯილი გამოვქანდი ქობულეთიდან, სადაც ვისვენებდი. სამი დღის ჩასული ვიყავი, მეტი კი არა. ის სამი დღეც გადაუღებლად წვიმდა, ცხვირი ვერ გავყავი გარეთ. დაძმარებულ ხასიათზე ვიყავი, თან გული გამუდმებით რაღაც ცუდს მიგრძნობდა. სიზმრებმა ხომ მთლად გადამრია. ცხონებული ბებიაჩემი ორჯერ დამესიზმრა, გაბრაზებული თითს მიქნევდა და ვერ ვიგებდი, რა უნდოდა. აი, თურმე რაზე მიმანიშნებდა. დედა და მამა რუსთავში იყვნენ გასვენებაში. უკანა გზაზე, საჭესთან, მამას ინფარქტი მოუვიდა, გაითიშა და ზედ ტრასაზე ხეს შეასკდა. დაჯახების მომენტში კი დედამ თავი იმდენად ძლიერად დაარტყა წინა მინას, რომ გონი დაკარგა და კომაში ჩავარდა. დღითი დღე უარესდებოდა მისი მდგომარეობა. არ ვიცოდი, რომელი ერთი მეტირა - გარდაცვლილი მამა თუ მომაკვდავი დედა. ჩემი ცრემლები, რომ იტყვიან, ზღვას ერთვოდა. მთელი საახლობლო ფეხზე დადგა, მაგრამ აღარაფერი ეშველა… ჩემზე უარეს დღეში მამიდაჩემი ჩავარდა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. მან ჩამოსვლა ვერ მოახერხა, რის გამოც შორიდან გამოიგლოვა ძმაც და რძალიც.
მამიდას დიდი ამაგი აქვს ჩემზე. ის მარტოხელაა, გაუთხოვარი და მისი ერთადერთი იმედი, როგორც ჩემი მშობლებისთვის, მე ვარ.
25 წელია, ინგლისში ცხოვრობს. იქაური მოქალაქეობაც მიიღო და ბინაც შეიძინა. სულ იმას ამბობს, ეს ყველაფერი შენთვის მინდაო. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, დედას რომ დაუჟინა, კატოს ინგლისური ასწავლე და მერე მე ვიციო. დედასაც დავყავდი ინგლისურის მასწავლებელთან, ზაფხულობით კი მამიდასთან მაგზავნიდა ლონდონში. ამან ის შედეგი გამოიღო, რომ სკოლის დამთავრების პერიოდში ისევე სხაპასხუპით ვლაპარაკობდი ინგლისურად, როგორც ქართულად.
მამიდამ პირობა შეასრულა. დავამთავრე თუ არა სკოლა, თავისთან წამიყვანა და ჯერ კოლეჯი დამამთავრებინა ლონდონში, მერე დედოფალ მარიას სახელობის უნივერსიტეტში ჩამაბარებინა და მთელი 4 წელი სანახევროდ მიხდიდა სწავლის ქირას. აბა, ჩემებს სად ჰქონდათ საშუალება! მამა სკოლის დირექტორი იყო, დედა - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მაგრამ მამაჩემი ისეთი თავმოყვარე კაცი იყო, არ უნდოდა, მის შვილს თავისი დის ხარჯზე ეცხოვრა, მარტოხელა ქალია, საკუთარი თავი გასჭირვებია, იმის მაგივრად, იქით მივეხმარო, აქეთ მახარჯავს მთელ თავის შემოსავალსო და დიდი სისულელე ჩაიდინა. ადგა და სახლი, თავისი ეზო-კარით, ბანკში ჩადო. აღებულ ფულს წლიდან წლამდე გამოზოგვით იყენებდა მამა, გადანაწილებული ჰქონდა და ყოველთვიურად გარკვეულ თანხას მიგზავნიდა ლონდონში. დღესაც არ ვიცი, როგორ ახერხებდა საცოდავი ბანკის ვალების დაფარვას. დიდი შემოსავალი ჩვენს ოჯახს არ ჰქონდა. ის გვშველოდა, რომ ორივეს - დედასაც და მამასაც - კერძო მოსწავლეები ჰყავდათ და ასე თუ ისე, რაღაცას ახერხებდნენ.
თბილისში წელს, საახალწლოდ ჩამოვედი და ამ დრომდე დავრჩი. კიდევ კარგა ხანს არ ვაპირებდი დაბრუნებას, მამიდას რომ არ დაეჟინა. ინგლისში ადვილი როდია თავის დამკვიდრება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სოციალურ სამსახურში მომაწყო დროებით, რათა გარკვეული პრაქტიკა გამევლო, სანამ კარგ სამუშაოს ვიშოვიდი, თუმცა ლონდონშიც ისევე ძნელია მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა, როგორც ჩვენთან.
ახლა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაიწელა ჩემი გამგზავრება. მშობლები დღეს დავკრძალე. ორმოცამდე ყველა ვარიანტში აქ მომიწევს ყოფნა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ გუშინწინ, სანამ პანაშვიდი დაიწყებოდა, ბანკის თანამშრომლები დაგვადგნენ თავს. ორნი იყვნენ. თანხის გადახდის საქმე როგორ იქნებაო. ან კი საიდან გაიგეს ასე უცებ, მშობლები რომ დამეღუპა? გავცოფდი, მაგრამ რა გავცოფდი. სულ თითი ვუქნიე ორივეს, ჯერ ეს უბედურება ვერ მომინელებია, რა ყელში წამიჭირეთ, იქნებ როგორმე მაცალოთ ამათი დასაფლავება, გავრბივარ სადმე თუ როგორაა საქმე-მეთქი. დამფრთხალნი წავიდნენ. არა, ამ საქმეს მე ვერ მოვაგვარებ. მამიდას იმდენი ფული არა აქვს, სახლის გამოსყიდვაში დამეხმაროს. ვატყობ, მამისეულ კერას დავკარგავ. ვინ იყიდის ბანკში ჩადებულ სახლს? ვინ მენდობა და მომცემს წინასწარ ფულს, რომ ვალი გავისტუმრო? არავინ. უცხო კი არა, ამ დროში შენიანიც არ გენდობა. რაც იქნება, იქნება. ბედს უნდა მივენდო. ბოლოს და ბოლოს, წავალ მამიდასთან და ინგლისში გავაგრძელებ ცხოვრებას. ოღონდ არ ვიცი, როგორ გავძლებ იქ. დიდად ვერ შევეჩვიე იქაურობას. მაინც უცხო გარემოა ჩემთვის. მამიდა რომ მყავდა გვერდით, ამან გამიადვილა იქ ყოფნა. მიკვირს იმ ადამიანების, უცხოეთში რომ მიემგზავრებიან სამუშაოდ და მერე სამუდამოდ რჩებიან. როგორ ძლებენ საქართველოს გარეშე? აქ სრულიად განსხვავებული ურთიერთობებია. თბილი და მოსიყვარულე ხალხი ვართ, სტუმარი გვიყვარს. იქ კიდევ ერთმანეთის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვთ. თუ წინასწარ არ გააფრთხილე ნაცნობი თუ ახლობელი, სტუმრად მოვდივარო, შეიძლება კარი არ გაგიღოს ან შუბლშეკრული დაგხვდეს, ვინ დაგპატიჟაო. ათ მეტრში კი მეზობლები ერთმანეთს არ იცნობენ. თან სოციალური სტატუსის მიხედვით ირჩევენ მეგობრებსაც და მეზობლებსაც. ჩვენნაირი უშუალოები არ არიან. თუ ღარიბი ხარ, ზემოდან დაგყურებენ და გამარჯობასაც არ გაღირსებენ…
როგორ დავიღალე! ეს შავი ტანსაცმელიც ნერვებს მიშლის. არ მიყვარს შავი ფერი, ახლა კი, იძულების წესით, კაცმა არ იცის, სანამდე უნდა ვატარო. ალბათ, წელიწადი მაინც. თუ ინგლისში წავალ, აუცილებლად გავიხდი. იქ დიდხანს არ იციან გლოვა. ყოველ შემთხვევაში, წლობით არ ატარებენ სამგლოვიარო სამოსს, მალევე იხდიან.
- კატო, ლიმონათი ხომ არ მოგიტანო? - ჩვენი მეზობელი მარიანა შემოვიდა, ჩემკენ გადმოხრილმა ხელები მუხლებზე დაიწყო და თანაგრძნობით შემომაჩერდა.
- არა, მარიანა, დიდი მადლობა, არაფერი მინდა, - დაღლილ სახეზე გამიჭირდა ღიმილის გამოსახვა.
მარიანა დედასთან ახლოს იყო, კარგი მეზობლობა გვქონდა და ეს ამ მძიმე წუთებში ყველაზე კარგად გამოჩნდა.
- თემური მობრუნდა, საყევარიშვილი და ვიღაც ბიჭი მოიყვანა თან, - საიდუმლოდ მიჩურჩულა ქალმა.
- ვინ ბიჭი? - სავარძლიდან ასადგომად წამოვიწიე, მაგრამ გამახსენდა, რომ ფეხზე არ მეცვა და ჩემი ესპადრილების ძებნას თვალებით შევუდექი.
მარიანა მიხვდა, რასაც ვეძებდი, დაფაცურდა და სავარძლის ქვემოთ შეცურებული ფეხსაცმელი წინ კოხტად დამილაგა.
- არ ვიცი, ვინაა, მაგრამ ისეთი სიმპათიურია, მეც კი თვალი ზედ დამრჩა.
მის ნათქვამს ჩემზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ამწუთას ვერც ერთი სიმპათიური მამაკაცი ვერ შეძლებდა ჩემი გულის შეტოკებას, მით უმეტეს, მამაჩემის საუკეთესო ძმაკაცის მოყვანილის.
გულმა რეჩხი მიყო. თემური ადვოკატია, ალბათ ბანკთან არის რაღაც დაკავშირებული-მეთქი, გამიელვა გონებაში.
ამაზე ვფიქრობდი, როცა ისინი ოთახში შემოვიდნენ.
- მობრძანდით, გენაცვალე, - მარიანამ მოსულებს სკამები დაუდგა.
უცნობი მართლაც სიმპათიური იყო, თავის დაკვრით მომესალმა.
- კატო, ეს ყმაწვილი მამაშენის მეგობრის შვილია, გაიცანი, ანდრო ჰქვია.
- მოხარული ვარ, - ხავერდოვანი ხმის სტუმარმა ხელი ჩამომართვა.
- სასიამოვნოა, - მეც გამოვიჩინე თავაზიანობა, უხერხული მოძრაობით კვლავ სავარძელში ჩავჯექი და დაბნეული მზერით მივაჩერდი ორივეს, რათა მათი მოსვლის მიზეზი მომესმინა.
- კატო, ვიცი, ახლა ძალიან ცუდ დღეში ხარ, მაგრამ ამ სახლს რაღაც უნდა მოვუხერხოთ.
ჩემი ვარაუდი გამართლდა. ისინი სწორედ სახლის თაობაზე სალაპარაკოდ მოსულიყვნენ.
- არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ბატონო თემურ, - თვალები ამიცრემლიანდა და საწყალობლად გავხედე მამის მეგობარს, - თვეში 800 დოლარი დიდი ფულია, ვერაფრით შევძლებ გადახდას.
- მხოლოდ ეგ რომ იყოს, კიდევ რაღაცას გაიჭირვებდა კაცი, - თითები ერთმანეთს გადააჭდო თემურმა, - მაგრამ აქ გაცილებით დიდი პრობლემაა, ჩემო შვილო. საქმე იმაშია, რომ მამაშენს თითქმის ნახევარი წელია, პროცენტი არ გადაუხდია და ჯარიმებიცაა დაგროვებული.
- რას ამბობთ! ამის შესახებ არაფერი ვიცოდი! - კანკალმა ამიტანა.
- ჰოდა, ბანკი დაჟინებით ითხოვს ან ამ ჯარიმების გადახდას, ან წაიღებს სახლს და ეგაა.
- და რაშია გამოსავალი? - შეშფოთებული ხან ერთს მივაჩერდებოდი, ხან მეორეს.
- აი, ეს პატიოსანი კაცი გვთავაზობს დახმარებას და მოვუსმინოთ. თუ ჭკუაში დაგიჯდება მისი შემოთავაზება, ხომ კარგი, თუ არადა… არ ვიცი, სხვა გზას მე ვერ ვხედავ.
უცნობმა ჩაახველა. მომეჩვენა, რომ სახეზე სიწითლემ გადაუარა.
- მე მაქვს საქმიანი წინადადება. უფრო სწორად, მამაჩემის სურვილია ეგ და მინდა გადმოგცეთ.
- კი ბატონო, ბრძანეთ, - მოსასმენად მოვემზადე და რადგან მისთვის თვალებში ყურება გამიჭირდა, სამიზნედ ცხვირი ავირჩიე. ამით იმას ვამტკიცებდი, რომ ის, როგორც მამაკაცი, საერთოდ არ მაინტერესებდა.
საოცრად ლამაზი ნაკვთები ჰქონდა. ისე აბრიალებდა შავ თვალებს, ვერც ერთი ქალი ვერ დარჩებოდა გულგრილი, თუმცა მე არ გამჭირვებია გულგრილობის ნიღბის აფარება, მით უმეტეს, ასეთ მძიმე წუთებში. სულ რამდენიმე საათის წინ მივაბარე მშობლები მიწას.
- ერთი სიტყვით, მამაჩემმა გადაწყვიტა, ეს სახლი ბანკისგან გამოისყიდოს, ყველა ვალს დაფარავს და… - ანდრომ აღარ გააგრძელა.
- და მერე? ჩემთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? - შუბლშეჭმუხნილმა მხრები ავიჩეჩე, - ჩემთვის ასეც დაკარგულია და ისეც.
- ნუ აწყვეტინებ ადამიანს, მოუსმინე ბოლომდე, - შენიშვნა მომცა თემურმა.
დავდუმდი და კვლავ ანდროს ცხვირს მივაჩერდი.
- როცა ეს პროცედურები მორჩება და მამა სახლს თავის მიწიანად გადმოიფორმებს, აქ სასტუმროს გახსნას აპირებს, - ისევ ჩაახველა მამაკაცმა, თითქოს ეუხერხულებოდა, რასაც მეუბნებოდა, - თქვენ კი, თუ სურვილი გექნებათ, გთხოვთ, ჩაებათ ამ ბიზნესში და აქაურობა გააკონტროლოთ, როგორც სასტუმროს დირექტორმა, ადმინისტრატორმა თუ რა ვიცი, რა თანამდებობაც იქნება. ორი ოთახი თქვენს განკარგულებაში იქნება, როგორც საკუთარი, დანარჩენ წვრილმანებზე კი თანხმობის შემთხვევაში მოვილაპარაკებთ.
- ერთი წუთით! - ხელის აწევით შევაჩერე, - რაღაც ვერ გავიგე! თქვენ ყიდულობთ აქაურობას, მე მთავაზობთ სამუშაოს და კიდევ რას? ორ ოთახს? და ეგ ორი ოთახი როგორი ფორმით გადმომეცემა? ქირა უნდა ვიხადო თუ იჯარის ფული? - დამცინავი გამიხდა კილო.
- თქვენ გაქვთ სხვა წინადადება? - კითხვაზე კითხვით მომმართა ანდრომ.
შემრცხვა. რა წინადადება უნდა მქონოდა?
- არა, არ მაქვს, - დაბნეულმა მივუგე, - მაგრამ უბრალოდ, მინდა გავერკვე, რა ხდება. ის ორი ოთახი როგორ იქნება ჩემს განკარგულებაში? მე გადმომიფორმებთ თუ დროებით, სანამ თქვენთვის ვიმუშავებ, იქამდე შემეძლება სარგებლობა?
- ჩვენთვის რატომ იმუშავებთ? - უკმაყოფილება გაისმა ანდროს ხმაში, - საკუთარ თავს დაეხმარებით. სამსახური გექნებათ, კარგი შემოსავალი.
- კარგ შემოსავალს რას ეძახით თქვენ? - არ დავიხიე უკან.
- მამა ოცდაათპროცენტიან წილს გთავაზობთ მოგებიდან. - სხაპასხუპით მომაყარა უცნობმა, თითქოს ამ შეკითხვას ელოდა და სასიამოვნო პასუხი ჰქონდა მომზადებული.
ამჯერად ვერაფერი ვთქვი. ცუდი შემოთავაზება ნამდვილად არ იყო. სულ არარაობას სჯობდა. თუ სასტუმრო კარგად იმუშავებდა, შევძლებდი ფულის დაგროვებას. იქნებ რამდენიმე წელიწადში საკუთარი ბინის ყიდვაც შემძლებოდა. მიუხედავად ამისა, თანხმობა მაშინვე არ ვუთხარი.
- ეს საშური საქმეა? მოსაფიქრებლად დრო არ მაქვს? - თემურს გადავხედე.
- ეს კი გაცლის, შვილო, მაგრამ ბანკი არ დაიცდის. ხვალ კვირაა და ორშაბათიდან აქ გაჩნდებიან. როგორ გგონია, ასეთ შანსს გაუშვებენ ხელიდან? აქაურობა ორასი ათას დოლარად მაინც გაიყიდება.
ჩემი სახლის ფასი ჩემზე კარგად ვინ იცოდა? რა თქმა უნდა, თავისუფლად გაიყიდებოდა ამ ფასად. ამიტომ საწინააღმდეგო მართლა არაფერი მქონდა.
- იცით? მაინც უნდა შევუთანხმო მამიდას, მის გარეშე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, - შევყოყმანდი.
- არ არის პრობლემა, მოიფიქრე, დაურეკე, დაელაპარაკე და ხვალ გვითხარი პასუხი. ორშაბათამდე გვაქვს დრო.
- კარგი, ეგრე იყოს, - შვებით ამოვისუნთქე, რომ ეგრევე არ მაიძულეს დათანხმება.
როცა ისინი გავისტუმრე, მაშინვე მამიდასთან დავრეკე.
- ჯული, როგორ ხარ, მამიდა? - მისუსტებული ხმით შევეხმიანე ჩემს სათაყვანებელ ადამიანს.
- როგორ ვიქნები, კატო, ვზივარ და ვტირი. თვალწინ სულ თამრიკოს და გოგის სახეები მიდგას. არ ვიცი, რა მეშველება, რა მოინელებს ამ ტკივილს!
შევეცადე, მენუგეშებინა, არადა, თვითონ ვიყავი სანუგეშო. მან ძმა და რძალი დაკარგა, მე კი - დედა და მამა. ახლა ჩვენ ორივენი მარტოსულები ვიყავით და ერთმანეთის გარდა, ქვეყანაზე არავინ გაგვაჩნდა.
მოვუყევი მამიდას, რაც ხდებოდა. ყურადღებით მისმენდა. ისე დავამთავრე მოყოლა, ხმა არ ამოუღია, მერე ერთხანს დაფიქრდა და მითხრა:
- კატო, ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს, ჩემო გოგო, შენ როგორ ფიქრობ? უკეთესი გამოსავალი მაინც არ არის. მე არ მაქვს იმის საშუალება, ეგ სახლი გამოვისყიდო, ხომ იცი?
- ვიცი, ჯული, მაგიტომ კი არ გითხარი. უბრალოდ, შენ რას მირჩევ, ღირს დათანხმება? სულ დაკარგვას არ ჯობია, ამათ იყიდონ? იქნებ მართლაც კარგი ვარიანტი იყოს.
- ღირს, როგორ არ ღირს. რა თქმა უნდა, ასე ჯობია, მაგრამ მე ერთი რამ მადარდებს. შენ თუ მანდ დარჩები, მე სულ დამკარგავ და უშენოდ რა გამაძლებინებს აქ? მინდოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყავი. ვიფიქრე, ორმოცის მერე წამოვა და სამსახურსაც მოვუძებნი-მეთქი.
- ეგ მეც ვიფიქრე. დაკარგვით როგორ დაგკარგავ, მაგრამ, როგორც ჩანს, ლონდონში ვეღარ ჩამოვალ. ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც, სანამ აქ მუშაობა არ აეწყობა.
- უი, უი! ეგ როდის იქნება, კატოოო, - ტირილნარევი ხმით მოთქვამდა ჯული, - მოვკვდები შენი ლოდინიიით!
ძლივს დავამშვიდე. იქნებ ვერც შევეგუო ამათ, რა იცი, რა ხდება, იქნებ იმაზე ადრე ჩამოვიდე, ვიდრე შენ წარმოგიდგენია-მეთქი.
ერთი სიტყვით, შევთანხმდით - მეორე დღეს ანდროსთვის თანხმობა უნდა მეთქვა.
მთელი ღამე ვბორგავდი, ვერ დავიძინე. მარიანა, რომელმაც მარტო არ დამტოვა და გვერდით მეწვა, შევაწუხე, არ დავაძინე წესიერად. ათასი პრობლემა ერთად დამიგროვდა. ჯერ მშობლები ვერ გამომეგლოვებინა, რომ სახლი გამომეჩხირა. ახლა კიდევ ეს ანდრო! ვინ იცის, იქნებ რამე ხრიკია? იქნებ სახლის დათრევა უნდათ და მერე ისე მომაპინტრიშონ აქედან, აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწრო? მაგრამ თემური ხომ არის შუამავალი? წლებია, მამასთან მეგობრობს, ერთმანეთის გარეშე პურს არ გატეხდნენ, ასე როგორ გამწირავს? ვიცი, რომ შვილივით ვუყვარვარ. ამ დღეებში გვერდიდან არ მომშორებია, ყველაფერი თვითონ ითავა, ყველაფერზე თვითონ დარბოდა… ქელეხის ხარჯებიც მან გაიღო, ერთი თეთრი არ დამახარჯვინა.
სწორედ ამიტომ მეიმედებოდა. გული მიგრძნობდა, არ გამიმეტებდა. გარდა ამისა, მაინც არაფერს ვკარგავდი. ასე იქნებოდა თუ ისე, ჩემი მშობლების სახლ-კარი მაინც დაკარგული იყო ჩემთვის…
- უკაცრავად, მამათქვენს რა ჰქვია და რა გვარია? - პირველი, რაც ვკითხე ანდროს, ეგ იყო, როცა მეორე დღეს, გვიან ღამით, თემურთან ერთად კვლავ მომადგა პასუხის მისაღებად.
- პაატა სიხარულიშვილი, - იყო პასუხი.
ეს სახელი და გვარი არაფერს მეუბნებოდა. მამას იგი არასდროს უხსენებია ჩემთან. არადა, მამის მეგობრებს უკლებლივ ყველას ვიცნობდი.
- არ მახსენდება, მამას ასეთი მეგობარი ჰყოლოდა, - თემურს მივუბრუნდი, - თქვენ იცნობთ მას, ბატონო თემურ?
- ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ ისე ვიცი, არაჩვეულებრივი ადამიანია.
- და როდიდან მეგობრობდა მამაჩემთან? - ეჭვები მღრღნიდა.
თემურმა ხელები გაასავსავა, ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.
- ჩემი თუ არ გჯერათ, კატო, შეგიძლიათ უარი თქვათ, ჩვენ არ გაძალებთ, - უკმეხად მომმართა ანდრომ. როგორც ჩანს, ჩემი ასეთი ჩაძიება არ მოეწონა.
- რა შუაშია მჯერა-არ მჯერა? უბრალოდ, ვიკითხე, არ მაქვს უფლება? მამათქვენს შეეძლო, თვითონ მოსულიყო, თუ ასე შესტკიოდა გული. გასვენებაში იყო? იქნებ გავიხსენო, თუ…
- მამაჩემი კვდება, - ცივად გამაწყვეტინა ანდრომ, - მე მის ბოლო სურვილს ვასრულებ მხოლოდ.
ამის გაგონებაზე ელდა მეცა. ისე შემრცხვა, თვალები დავხარე.
- ვწუხვარ… მაპატიეთ… - ჩავილუღლუღე ნირწამხდარმა და დავამატე, - რა თქმა უნდა, თანახმა ვარ.
- აგაშენა ღმერთმა! - წამოხტა თემური, - მოვკვდი კაცი ნერვიულობით. ასე მეგონა, რაღაც დანაშაულს მაბრალებდნენ და თავს ვერ ვიცავდი. ყველაფერი კარგად იქნება, კატო, ხომ იცი, არ დაგაღალატებ! - ხელები მოიფშვნიტა თემურმა, მომიახლოვდა და შუბლზე სათუთად მაკოცა.
- კარგია, რომ შევთანხმდით, - გამომცდელი მზერა მესროლა ანდრომ და წამოდგა, - ხვალ დილით გამოგივლით და ბანკში მივიდეთ. დავასწროთ, სანამ თვითონ მოვლენ. თანხას სრულად წამოვიღებ და გადავიხადოთ.
- იცით, რამდენია?
- ყველაფერი ვიცით, - მოკლედ მომიჭრა მამაკაცმა, დამშვიდობების ნიშნად თავი დამიკრა და კარისკენ გაემართა.
მეც უკან მივყევი, რათა გამეცილებინა, თან თვალს არ ვაშორებდი მის ფართო ზურგსა და ბეჭებს. გავიფიქრე, რა კარგი ფიგურა აქვს-მეთქი.
ანდრომ კარის სახელური ჩამოსწია და მომიბრუნდა:
- დილით ათის ნახევარზე თქვენთან ვარ, კატო, კარგად ბრძანდებოდეთ!
- გელოდებით და ნახვამდის, - ხელოვნურად გავუღიმე ჩემს მომავალ ბიზნესპარტნიორს და თემურსაც დავემშვიდობე.
ახლა რა ვქნა? გავიფიქრე სევდამოწოლილმა და ხელები კეფაზე შემოვიწყვე. ჩემი მშვიდი და გაწონასწორებული ცხოვრებიდან აღარაფერი დარჩა. კაცმა არ იცოდა, რა მელოდა მომავალში. არათუ ობლად დავრჩი, მშობლიური კერაც კი დავკარგე და სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი.
- უნდა დაიძინო! - ხმამაღლა შევუძახე ჩემს თავს, შუქი ყველგან გამოვრთე და საძინებლისკენ გავემართე.
ეს პირველი ღამე იყო, რომელიც მარტოს უნდა გამეტარებინა ჩემს სახლში. მარიანას სტუმრები ჩამოუვიდა სოფლიდან და ვეღარ შეძლო დარჩენა.
რაც არის, არის. ხვალ ყველაფერი დამთავრდება, სახლის პრობლემა მოგვარდება, მერე კი საღი გონებით ვიფიქრებ, რა ჯობია. იქნებ სულაც ავიღო ამ ყველაფერზე ხელი და ლონდონის გზას გავუდგე? რა თავში ვიხლი ამათ სასტუმროს? განა რა შემოსავალი უნდა მოიტანოს ამ უბანში მდებარე სასტუმრომ? ვნახოთ, ცოტა ხანს გადავხედავ და თუ არაფერი გამოვა, წინ რა დამიდგება? ეგრევე გადავფრინდები მამიდასთან. ცდა ბედის მონახევრეა, რას ვკარგავ?..
გაგრძელება იქნება