სახიფათო სურვილები - თავი 2 - Marao

სახიფათო სურვილები - თავი 2

2024-04-02 11:18:45+04:00

წინა თავი

ნახევარი დღე ბანკში გავატარეთ. არ მეგონა, ამდენი დამღლელი პროცედურა თუ გველოდა. კიდევ კარგი, მამას სახლი ჩემს სახელზე ჰქონდა გადაფორმებული, თორემ უფრო დიდხანს გაჯანჯლდებოდა გაყიდვის პროცესი. მთლად კმაყოფილი ვერ დარჩა ბანკი. მართალია, თავისი თანხა ჯარიმებითურთ დაიბრუნა, მაგრამ უფრო დიდი ლუკმა დაკარგა. მას სამმაგ ფასში შეეძლო ჩვენი სახლ-კარის გაყიდვა, ეს სიამოვნება კი მოვუსპეთ.

როცა შენობიდან გამოვედით, ერთიანად ვიყავი გასავათებული. კიდევ კარგი, ნოტარიუსთან რიგში დგომამ არ მოგვიწია. როგორც ჩანს, ანდროს იქ ნაცნობი ჰყავდა, რადგან მივედით თუ არა, მაშინვე მოგვემსახურნენ, რიგის გარეშე.

სანამ ანდროს მანქანამდე მივიდოდით, მამაკაცმა კარგი მეგობარივით ხელი ჩამკიდა.

- შენთან რაღაც მაქვს სათქმელი, - ისეთი იდუმალი ხმით მითხრა, თვალები შუბლზე ამივიდა. თან «შენობით» რომ მომმართა, ეგ რაღა იყო? ასე უცებ რატომ გამიშინაურდა?

- ვიცი, რამხელა ტრაგედიაც გადაიტანე და თუ გინდა, დროებით გადავდოთ ჩვენი საუბარი, კარგი? - გამიღიმა და მანქანის კარი გამომიღო.

- არა, მირჩევნია, ახლავე მითხრათ, გადადებული საქმე არ მიყვარს! - ოფიციალური ტონით გამოვუცხადე.

ანდრომ მანქანა დაძრა და ნელი სვლით გაუყვა გზას. ერთხანს ხმას არ იღებდა. არც მე დამისვამს შეკითხვა, დავაცადე.

მან, როგორც სჩვეოდა, საუბრის დაწყების წინ ჩაახველა.

- მამაშენი და მამაჩემი შორეულ წარსულში ახლო მეგობრები იყვნენ, - შეფიქრიანებული ხმით შეუდგა მოყოლას, - როგორც მე ვიცი, ერთადაც კი იზრდებოდნენ. ამის შესახებ შენ არაფერი გსმენია?

- არა… პირველად ახლა გავიგე, - გაოცებულს ხმა შემეცვალა.

- ჯერ კიდევ მანამ, სანამ ცოლს შეირთავდნენ, ანუ მანამ, სანამ მე და შენ გავჩნდებოდით.

- საინტერესოა, - გამეღიმა.

- უფრო საინტერესო წინ გელის, - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა, - რადგან უცნაური ამბავი უნდა მოგიყვე. მამაჩემს ერთი გოგო უყვარდა. ისე ძალიან უყვარდა, რომ თავგზა ჰქონდა აბნეული. შემდეგ იგი მამაშენს გააცნო. ეს მოხდა მამაჩემის დაბადების დღეზე. როცა ქეიფი დამთავრდა, მამაჩემმა სთხოვა მამაშენს, სახლამდე მიეცილებინა მისი შეყვარებული, - ანდრომ თხრობა შეწყვიტა და გამომცდელი მზერა მესროლა, თითქოს მეუბნებოდა, თუ ხვდები, რაც უნდა გითხრაო. მე კი ვერაფერს ვხვდებოდი.

მცირეოდენი პაუზის შემდეგ კი გააგრძელა:

- იმ საღამოს შემდეგ მამაჩემის შეყვარებულმა მამაშენთან დაიწყო პაემანზე სიარული, რაც, საბოლოო ჯამში, მათი დაქორწინებით დამთავრდა…

იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის ეს ამბავი, ენა ჩამივარდა და გაოგნებული მივაჩერდი ანდროს.

- არც ეს იცოდი, არა?

- ტყუილია! - ხრიალით ამოვთქვი.

- არა, მართალია. დედაშენმა მამაჩემს ზურგი მხოლოდ იმიტომ აქცია, რომ მამაშენის სახით მდიდარი მთხოვნელი გამოუჩნდა.

- დედაზე ასე ნუ ლაპარაკობთ! არ გაქვთ უფლება! - უფრო და უფრო მებზარებოდა ხმა, - თქვენ მას არ იცნობდით. ის ასეთი ქალი არ იყო.

- ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა. ეს არც შენ იცი, მაგრამ ფაქტი ერთია - მამაჩემი მამაშენის გამო მიატოვეს. სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო?

- დედას უყვარდა მამა! ფული აქ არაფერ შუაშია. სიმართლე გითხრა, საერთოდ არ მჯერა ამ ნაბოდვრის! ჩემებს მსგავსი არასდროს არაფერი უხსენებიათ.

- სამაგიეროდ, მამა ხშირად მიყვებოდა თავისი პირველი სიყვარულის ამბავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბიდან მალევე დაქორწინდა და მეც მალე გავჩნდი, ის პირველი არ დავიწყებია, ქალი, რომელიც უსამართლოდ მოექცა.

- როგორ ბედავთ დედაჩემზე ასე ლაპარაკს! - ხმა ამიკანკალდა, - ამაზრზენი ადამიანი ხართ!

- რატომ? იმიტომ, რომ სიმართლეს ვამბობ?

- ეს ტყუილია! ასე არ იქნებოდა. თქვენი ნაამბობი განაწყენებული კაცის პოზიციას ჰგავს. როგორც ჩანს, მამათქვენმა ვერ მოინელა ძველი სიყვარული და ამიტომ ლაპარაკობს დედაჩემზე ასე. ამიტომაც გადაწყვიტეთ ჩემი სახლის ყიდვა, არა? გინდათ, მამა-შვილმა შური იძიოთ? ჩემი სახით განტევების ვაცი იპოვეთ, ხომ? - თავს ვეღარ ვიკავებდი. სახე ერთიანად წამომიჭარხლდა, ხმის იოგები დამეჭიმა ყვირილისგან.

- მამაჩემს თავისი გაჭირვება ეყოფა, კატო, ნუ მოიხსენიებ ასე. მან, რა თქმა უნდა, დღემდე ვერ მოინელა ის ტკივილი, რაც მამაშენმა მიაყენა, მაგრამ შურისძიებაზე არასდროს უფიქრია. ერთხელაც არ შეუხსენებია თავი თქვენებისთვის, მაშინვე წავიდა საქართველოდან და ძალიან დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა. მისი ერთადერთი მიზანი იყო, როგორმე აეწყო ცხოვრება და დაემტკიცებინა დედაშენისთვის, რომ სიღარიბე თანდაყოლილი «სენი» არ არის, რომ მისი დაძლევა შეიძლება.

- ჩემები მდიდრები არასდროს ყოფილან, ყოველთვის მოკრძალებულად ცხოვრობდნენ. საიდან მოიტანე, რომ სიმდიდრის გამო დაშორდა დედა მამათქვენს?

- როგორ გგონია, აბა, საიდან გქონდათ ასეთი სახლ-კარი? ბაბუა გყავდა მდიდარი, მამაშენი კი მდიდარი კაცის მემკვიდრე იყო. მერე თუ ვერ მოაბა თავი საქმეს, ეს მისი პრობლემა იყო და არა სხვისი. სამაგიეროდ, მამაჩემმა წაიწია წინ და დაამტკიცა, რომ მასაც შეეძლო ფულის შოვნა და ცოლისთვის კარგი ცხოვრების მოწყობა, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი არასდროს ჰყვარებია ისე, როგორც დედაშენი უყვარდა.

- თუ შენი მშობლები ერთად ბედნიერები არ იყვნენ, ეს მათი ბრალია და არა დედაჩემის! - აღშფოთებას ვერ ვფარავდი.

- მე არ მითქვამს, რომ ბედნიერები არ იყვნენ. ვერ გამიგე. მათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, უბრალოდ, პირველი სიყვარულით განცდილმა მარცხმა მამაჩემზე ძალიან იმოქმედა. ღალატი ვერ მოინელა.

- დედა მოღალატე არ ყოფილა! ის ყველაზე სათნო და გულკეთილი ქალი იყო, ვისაც გინდათ, ჰკითხეთ!

- სათნო და გულკეთილი ქალი სიყვარულს ფულზე არ გაცვლიდა, - თავისას იმეორებდა ანდრო.

ვეღარ მოვითმინე, გაბრაზებული მისკენ შევბრუნდი და მოულოდნელად ისეთი სილა გავაწანი, თავადვე შემეშინდა. არ ვიცი, რამ მომიარა, ინსტინქტურად გამომივიდა.

მას ხმა არ ამოუღია. გაწითლებულ ლოყაზე ხელი ჩამოისვა და ხმადაბლა შემეკითხა:

- ამით გულზე მოგეშვა? - და წარბშეკრულმა ღრმად ამოიხვნეშა, შემდეგ კი გააგრძელა, - ვხედავ, გარკვეული უთანხმოება წარმოიშვა ჩვენ შორის. თუმცა, არა მგონია, ამან ჩვენს საქმიან ურიერთობაზე გავლენა იქონიოს.

- ეგ უკვე აღარ მაინტერესებს! - მტკიცედ მივუგე, თავი ამაყად ავწიე და ჯიქურ გავუსწორე თვალი.

ჩაიცინა.

- საინტერესოა, რატომ ეძახიან ქალებს სუსტი სქესის წარმომადგენლებს? - თითქოს თავის თავს შეეკითხა და თავი გააქნია.

- ამიხსენით, რატომ გადაწყვიტეთ ჩემი სახლის ყიდვა? - ხელის გარტყმით გამოწვეულმა შეძრწუნებამ გამიარა და კვლავ შეუვალი გავხდი.

- უკვე აგიხსენი. მე და მამას სასტუმროების ბიზნესი გვაქვს. თბილისის სხვადასხვა უბანში ვყიდულობთ ძველ სახლებს და მათ ოჯახურ სასტუმროებად ვაქცევთ. შენი კარმიდამო არც პირველია და არც უკანასკნელი.

- უფრო კონკრეტულად, გინდათ ჩემებზე შური იძიოთ, - ზიზღით წარმოვთქვი.

მან თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა და ჩაილაპარაკა:

- როგორი ეჭვიანი ყოფილხარ, კატო.

- თქვენ კი შურისმაძიებელი!

- მართალი უთქვამს თემურს, კატო ყველაფრით დედამისს ჰგავსო. ხასიათით, გარეგნობით…

თემურისგან მეც ხშირად მომისმენია ასეთი ფრაზა და მას, როგორც კომპლიმენტს, ისე ვიღებდი. ანდრომ კი მხოლოდ იმიტომ გაიმეორა მამის მეგობრის სიტყვები, რომ გული მტკენოდა. რადგან დედა მის თვალში უსინდისო ქალი იყო, რა თქმა უნდა, მეც უსინდისოდ მიმიჩნევდა.

- ვამაყობ კიდევაც ამით! - ნიშნის მოგებით მივუგე.

- ალბათ, ისიც სუსტი ქალის შთაბეჭდილებას ახდენდა, სინამდვილეში კი… ძლიერი იყო.

სანამ «ძლიერს» იტყოდა, ანდრომ პაუზა გააკეთა, როგორც ჩანს, შეურაცხმყოფელ ეპითეტს ეძებდა დედაჩემის დასახასიათებლად, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა.

არ შევიმჩნიე, ვითომ ვერ მივუხვდი.

- მართალი ხართ, დედა ძლიერი ადამიანი იყო. ამასთან, რბილი და საყვარელი. მას ყველა პატივს სცემდა.

- დედაჩემიც უმაგრესი ქალი იყო, ის ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. - ყრუდ წარმოთქვა ანდრომ, - სიმსივნე ჰქონდა, მკერდის… ორივე ძუძუ მოაჭრეს… იწვალა. შეგუებული ვიყავით მის სიკვდილს.

- ვწუხვარ. ჩემთვის ახლა ძალიან ადვილი გასაგებია, რას გრძნობს მშობელდაკარგული ადამიანი, - ცრემლები მომადგა, - და მეტად ნუღარ ვილაპარაკებთ ამაზე. მე ვიცი მხოლოდ ერთი რამ - დედაჩემი ანგარებიანი არასდროს ყოფილა. ალბათ, რაღაც მომენტში მიხვდა, რომელი იყო ნამდვილი სიყვარული და არჩევანი მხოლოდ ამიტომ შეაჩერა მამაჩემზე.

- მომისმინე… სულაც არ მინდოდა შენთვის ტკივილის მოყენება. მინდოდა, სიმართლე გცოდნოდა, სულ ეს იყო.

- და რა გგონიათ, ამ სიმართლემ გამაბედნიერა? რა საჭირო იყო ამის მოყოლა, რა მიზანი ჰქონდა, მაინც ვერ ვხვდები, - მხრები ავიჩეჩე გაღიზიანებულმა.

- ნუთუ არ შეგიძლია, ბოლოს და ბოლოს, გაჩერდე? ხომ თქვი, ამაზე მეტად აღარ ვილაპარაკოთო? - მისაყვედურა და გაბრაზებულმა მანქანა დაძრა.

მისმა გაგულისებულმა ხმამ გაჩუმება მაიძულა. ჩემს მომუშტულ ხელებს დავაჩერდი და შევეცადე, დავმშვიდებულიყავი.

ანდროსნაირი მამაკაცები არასდროს მომწონდა. არ მხიბლავდა მისი შინაგანი ბუნება. ღვარძლიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ყოველთვის სამაგიეროს გადახდაზე რომ ფიქრობს. ამას ამწუთას მისი სახეც მოწმობდა. პირქუში სახით იჯდა, წარბებშეჭმუხნილი, დაძაბული და ძლიერად ჩაფრენოდა საჭეს, თითქოს ახლა სწავლობს მანქანის ტარებას და ეშინია, რამეს არ შეასკდესო.

«როგორი მოვლილი თითები აქვს,» - გამიელვა გონებაში. რატომღაც, მამაკაცში, პირველ რიგში, ყოველთვის თითებს ვაქცევ ყურადღებას, თვითონაც არ ვიცი, რატომ.

მას საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ცოლიანი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ახლანდელ კაცებს რას გაუგებ. ზოგი შეგნებულად არ იკეთებს ნიშნობის ბეჭედს ან იქნებ, საერთოდ არ უყვარს ბეჭდის ტარება?

- შურისძიება არავის უნდა, - მოულოდნელად ალაპარაკდა იგი, - მას, უბრალოდ, უყვარს ეს სახლი. მთელი ახალგაზრდობა იქ აქვს გატარებული, მამაშენის გვერდით. იმასაც გეტყვი, რომ, როცა ეს ამბავი გაიგო, გადაწყვიტა, როგორმე დაგხმარებოდა. პირველ რიგში, შენ შეეცოდე. ძალიან ინერვიულა. დიდხანს ფიქრობდა, ეთქვა თუ არა ჩემთვის, რასაც აპირებდა. ასეა თუ ისე, მე მისი მემკვიდრე ვარ და არ იცოდა, როგორ შევხვდებოდი ამ ამბავს. ამიტომ ისეთი ვარიანტი აარჩია, რომელიც ნაკლებად დამაზარალებდა. რომ არა მე, დარწმუნებული ვარ, იმ სახლს გამოისყიდდა და გაჩუქებდა. ძალიან გაუჭირდა, სანამ ამის შესახებ გამენდობოდა.

გულში გამეცინა. არ მჯეროდა, რომ მამამისი ჩემ გამო შეწუხდა და რომ მას ჩემი დახმარება სურდა. რაღა დახმარება გამოვიდა? სახლი გადაიფორმეს, ყველაფერი მათ დარჩათ, მე კი რაღაც პროცენტები მომიგდეს, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი საქმე კარგად წავიდოდა. გამოდის, მე უნდა მეყოჩაღა, რომ სასტუმრო მომგებიანად ამემუშავებინა. არადა, ვყოყმანობდი, სულაც არ მინდოდა, მათ ოჯახზე ვყოფილიყავი დამოკიდებული.

- ჩვენ პარტნიორებს ყველაზე მეტ ყურადღებას ვაქცევთ, - გააგრძელა ანდრომ, - ყველგან გვყავს საიმედო ხალხი. პირადად მე იშვიათად ვარ საქართველოში, ამიტომ საქმის გაძღოლა ძირითადად მარტოს მოგიწევს. თუ მამა შეძლებს, რა თქმა უნდა, დაგეხმარება, მაგრამ მისი დღეები დათვლილია, ვერ შეგპირდები, რომ დიდხანს დაგიდგება გვერდით.

- და რატომ გადაწყვიტეთ ასე? მე ხომ ამ საქმის არაფერი გამეგება? - ტონი შევარბილე.

- პირველ რიგში, შენი კეთილდღეობისთვის. მეორეც, სულაც არ არის ძნელი, მთავარია, ალღო აუღო. თემურმა იმდენი გაქო… ჭკვიანი გოგოა, გონიერიო, ინგლისში მიიღო სწავლა-განათლებაო. მამას ეს მოეწონა. როცა შენს საქმეს ვიღაცა საკუთარივით გაუძღვება და არ დაგაღალატებს, ყოველთვის მშვიდად ხარ ადამიანი. მამას ამის იმედი აქვს.

- თქვენ? - უნებურად გამექცა კითხვა.

- მე? მე რა უფლება მაქვს, არ გენდო? სხვა თუ არაფერი, ის შენი სახლი იყო. წარმომიდგენია, როგორ გწყდება გული, რომ დაკარგე. ჩემი აზრით, სანდო უნდა იყო ასეთ სიტუაციაში. ხომ გინდა, შემოსავალი გქონდეს?

- მაგრამ დედაჩემის შვილს როგორ მენდობით? იქნებ მეც ანგარებიანი ვარ? - ირონიულად შევნიშნე, - მით უმეტეს, როცა ძალიან ვგავარ მას.

- კატო, ხომ ვთქვით, მეტად არ ვილაპარაკოთ ამ თემაზეო?

კვლავ დავმუნჯდი. შემრცხვა, რადგან ის მართალი იყო.

ამასობაში სახლს მივუახლოვდით. ანდრომ მანქანა გააჩერა.

- თქვენი ყველა სასტუმრო ძველ უბნებშია განლაგებული? - შევეკითხე, სანამ კარს გავაღებდი და გადმოვიდოდი.

- ძირითადად კი, თან ასეთი ძველებური ყაიდის სახლებს ვყიდულობთ, უფრო მომგებიანია. მის გადაკეთებაზე ბევრად ნაკლები თანხა იხარჯება, ვიდრე ახლის ასაშენებლად. თანაც, ძველებურ იერსახეს ვუნარჩუნებთ. უცხოელებს მოჰბეზრდათ ეს თანამედროვე სტილის სასტუმროები, მრავალადგილიანი და ულტრათანამედროვე, მყუდრო, ოჯახურ ინტერიერს ამჯობინებენ. ამ საქმეში დიდი გამოცდილება მაქვს და ვიცი. თუმცა, თანამედროვე სტილისაც გვაქვს რამდენიმე, მათ შორის - თურქეთსა და რუსეთში.

- მე რომ არ დავთანხმებულიყავი თქვენს წინადადებას, რას იზამდით?

- მამამ მტკიცედ გადაწყვიტა მისი ყიდვა. უარი რომ გეთქვა, ბანკისგან შეისყიდდა. ასე რომ, ის ყველა ვარიანტში ჩვენი გახდებოდა, მოისურვებდი შენ ამას თუ არა.

- ესე იგი, ჩემი კეთილდღეობა არაფერ შუაში ყოფილა. ეს პრინციპის ამბავი უფრო გამოდის, ვიდრე ჩემი დახმარების სურვილი, - სიმწრის ღიმილმა გადამიარა სახეზე.

- არც მთლად ეგრეა. მაპატიე, მაგრამ მე არ მაქვს ყველაფრის თქმის უფლება. დანარჩენს დრო გამოაჩენს. ერთხელაც მიხვდები, რომ ისე არ არის საქმე, როგორც გგონია.

პასუხი არ გავეცი. მანქანიდან გადმოვედი და დავემშვიდობე.

- საღამოს გამოგივლით მე და თემური. არის კიდევ საბუთები, რომელზეც მოგვიწევს ხელის მოწერა და სხვა წვრილმანებზეც დავილაპარაკოთ.

- რა თქმა უნდა, შინ ვიქნები და დაგელოდებით, - თავი დავუქნიე და ჭიშკარს მივადექი…

მასთან საუბარმა სულაც არ დამამშვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ ფორმით ჩემს ყოფილ სახლში ვრჩებოდი საცხოვრებლად და სამუშაოდ, ეს არ მამშვიდებდა. ყველაზე მეტად ის მაფორიაქებდა, რომ მამამისთან მომიწევდა ურთიერთობა. მას არ ვიცნობდი. არ ვიცოდი, როგორ შემხვდებოდა, როგორ შევეწყობოდით ერთმანეთს. ამ გადასახედიდან მას უკვე ვეღარ ვიტანდი. ალბათ იმიტომ, რომ დედაჩემზე ასეთი ცუდი წარმოდგენა ჰქონდა. იქნებ არც ჰქონდა და ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდი იყო? იქნებ მხოლოდ ანდროს მიაჩნდა დედაჩემი მოღალატედ და არა მამამისს? მაშინ აქამდე რატომ უნდა ჰყვარებოდა? ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდებოდა ამ ისტორიაში, მაგრამ პასუხის გამცემი არავინ იყო…

ფიქრის თავი არ მქონდა. შინ შევედი თუ არა, საწოლზე მივეგდე და დავიძინე. საღამომდე მკვდარივით მეძინა.

როცა თემური და ანდრო მოვიდნენ, კარგა ხნის გაღვიძებული ვიყავი, დაბანაც მოვასწარი და თმის დავარცხნაც.

- იმედია, ყველაფერზე შეთანხმდით და საქმის არსის გამეორება არ დამჭირდება, - გამომცდელი მზერით მომაშტერდა მამის მეგობარი.

- დიახ, ყველაფერი მოგვარებულია, - თავი დავუქნიე ადვოკატს და ანდროსკენ გავიხედე.

ანდრომაც დააკანტურა თავი დასტურის ნიშნად.

- მაშინ ახლა ამ საბუთებსაც მოვაწეროთ ხელი, რომლის თანახმადაც, შენ მოგებიდან 40 პროცენტს მიიღებ, - დაბეჭდილი ქაღალდები ჩემკენ შემოატრიალა თემურმა და ახლოს მომიწია, თან კალამიც გამომიწოდა.

- 40 პროცენტს? მაგრამ ჩვენ ხომ… - დავიბენი, გუშინ 30-ზე იყო საუბარი, დღეს კი 40 რატომ გახდა?

- მამამ ასე გადაწყვიტა, მე კი მის აზრს პატივს ვცემ, - ხელები გაშალა ანდრომ და ფეხი ფეხზე კმაყოფილი იერით გადაიდო.

- მადლობა, - დარცხვენილმა ჩავილუღლუღე და სახეაწითლებულმა ცახცახით მოვაწერე ხელი იმ ადგილებს, რომლებზედაც თემურმა მიმითითა ისე, რომ არც წამიკითხავს, რაზე ვაცხადებდი თანხმობას.

როცა საქმის ოფიციალურ ნაწილს მოვრჩით, მამაკაცებმა შვებით ამოისუნთქეს და თითქოს შეთქმულების მონაწილეები ყოფილიყვნენ, ისე გადახედეს ერთმანეთს.

- ახლა, რაც შეეხება შემდგომ დღეებს, - დაიწყო ანდრომ, - დროებით მოგიწევს აქედან გადასვლა, სანამ აქაურობას გადააკეთებენ. ჩემი არქიტექტორი ორ დღეში შეუდგება საქმეს.

- და სად უნდა გადავიდე? - სუნთქვა შემეკრა ამის გაგონებაზე.

- ნაქირავებში, ეს საქმეც მოგვარებულია, შეწუხება არ მოგიწევს, მაგრამ ხვალვე უნდა გადაიტანო ის ნივთები, რომლებიც გჭირდება. მათ შორის, შეგიძლია ავეჯიც დაიტოვო, თუ გსურს, - ანდროს მაგივრად თემურმა მიპასუხა.

ამაზე არ მიფიქრია. რატომღაც, მეგონა, რომ სახლი ავეჯიანად შეისყიდეს ჩემმა კეთილის მსურველებმა, ახლა კი ახალი თავსატეხი გამიჩნდა. სად უნდა გადამეზიდა ამდენი რამე? ან მერე რა უნდა მექნა? იქნებ გამეყიდა? ცოტა ფული მაინც შემომივიდოდა.

ანდრო მიმიხვდა, რაც მაწუხებდა.

- როცა რემონტი ჩამთავრდება, უკანვე მოიტან და შენთვის განკუთვნილ ოთახებში დადგამ. ასე რომ, შეშფოთების მიზეზი არ გაქვს, როგორც მოგესურვება, ისე მოიქეცი.

- რემონტი რამდენ ხანს გაგრძელდება?

- გააჩნია. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. სხვათა შორის, შენც უნდა მიადევნო თვალი, შენი აზრი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ხომ შეგიძლია, ჩემს არქიტექტორს შეხვდე და მასთან ერთად გაიარო, როგორ აპირებს სახლის გადაკეთებას?

ცოტა შევყოყმანდი. ეს ჩემს პრეროგატივაში არ შედიოდა. რა ჩემი საქმე იყო, როგორ გადააკეთებდნენ აქაურობას?

- ამას აქვს მნიშვნელობა, - მიმიხვდა ანდრო, - შენ უნდა განაგო აქ ყველაფერი, ამიტომ შენზე ბევრია დამოკიდებული. თუ რამე არ მოგეწონება, მითხარი და ერთად ავწონ-დავწონოთ.

- არქიტექტორმა უკეთ არ იცის, რა როგორ გააკეთოს? მე ამის არაფერი მესმის.

- როგორ, არასდროს გიოცნებია საკუთარ სახლზე? ფანტაზიებში არასდროს წარმოგიდგენია, როგორ უნდა გამოიყურებოდეს შენი ოცნების სახლი? - გაიღიმა მამაკაცმა და დაჟინებული მზერა მესროლა.

გავწითლდი.

- ოცნების სახლი სხვაა და სასტუმრო სხვა. მგონი, არის განსხვავება.

- ეგ ჰო, ასეა, გეთანხმები, მაგრამ მე მაინც ვისურვებდი, შენც ყოფილიყავი საქმის კურსში. შენც ხომ აქ უნდა იცხოვრო, ბოლოს და ბოლოს? - გამამხნევებლად მიღიმოდა ანდრო.

დიდად არ მხიბლავდა მისი შემოთავაზება, მაგრამ მაინც დავთანხმდი.

როცა მამაკაცები გავისტუმრე, იმაზე დავიწყე ფიქრი, საიდან დამეწყო სახლის დაცლა და რამდენი ბარგი მომიგროვდებოდა წასაღებად…

ავეჯის და ბარგის გადასაზიდად თემურმა დილაადრიან მოაყენა მანქანა სახლს. მეზობლები შემოვიდნენ მოსახმარებლად. მარიანა ტიროდა და გულში მიხუტებდა. ვუთხარი, დროებით გადავდივარ და რამდენიმე კვირაში აუცილებლად დავბრუნდები-მეთქი. ახლა მხოლოდ ერთი რამ მრჩებოდა გადაუწყვეტელი - სად გადამეხადა მშობლების ორმოცი. დიდი სუფრის გაშლას არც ვაპირებდი, არ მქონდა სამაგისო თანხა, მაგრამ თუნდაც მცირე სად უნდა გამეკეთებინა? ჩემი გასაჭირი, რა თქმა უნდა, მამის მეგობარს გავანდე.

- მაგაზე ნუ დარდობ, - მხარზე ხელი მომითათუნა თემურმა, - მე ვიზრუნებ მაგ საკითხზე. გასაქირავებელი დარბაზების მეტი რა არის? აქ არ ვარ?

- მაგრამ მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ…

- სანამ მე ვარ, შენ არაფრის პრობლემა არ გექნება. ის კი არა, მინდოდა, ჩემთან წამეყვანე, სანამ აქ რემონტს გააკეთებდნენ, მაგრამ ანდრომ არ ქნა. ბინის საკითხი მოგვარებულიაო.

- და ქირა რამდენია გადასახდელი? - ეს ისე ვიკითხე, ყასიდად, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ქირას არავინ გადამახდევინებდა.

- მაგაზე არ იდარდო, ყველაფერი მოგვარებულია. ერთი თეთრის გადახდა არ მოგიწევს. კარგი ხალხის ხელში ხარ, დამიჯერე. არაფერს გაგიჭირვებენ, ყველანაირად შეგიწყობენ ხელს, შვილო.

ცრემლები მომერია. როგორ უეცრად გამომეცალა ყველა საყრდენი. სრულიად უცხო ადამიანების საპატრონო გავხდი. არადა, მთლად საგანგაშო მდგომარეობაში არ ვიმყოფებოდი. ღვთის წყალობით, მამიდა მყავდა, რომელიც მზად იყო, ჩემთვის დახმარების ხელი გამოეწოდა. იქ, ლონდონში ახალი ცხოვრება მელოდა, რომ არა ანდროს გამოჩენა. სხვა გზა არ მქონდა, ბედს უნდა დავმორჩილებულიყავი და მეცადა, თუ გამოვიდოდა რამე ამ საქმიდან. ამავდროულად, მეშინოდა. ვაითუ, ვერ გამერთმია თავი ამხელა პასუხისმგებლობისთვის. არც თავის შერცხვენა მინდოდა და არც ჩემი პარტნიორების დაღალატება. ერთადერთი, იმის იმედი მქონდა, რომ გვერდით დამიდგებოდნენ და მასწავლიდნენ, როგორ გავძღოლოდი საერთო საქმეს. ბოლოს და ბოლოს, რა გახდა ასეთი ერთი სასტუმროს ამუშავება? ბევრი ბიზნესმენი ქალი ვიცი, მამაკაცებს რომ არაფრით ჩამოუვარდებიან ფულის გონივრულად შოვნაში.

გაგრძელება იქნება